დაკმაყოფილდა ნაწილობრივ
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-7066-შ-165-2025
05 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.ქ–ია
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – ესპანეთის სამეფოს ბადალონას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა N1 სასამართლოს 2022 წლის 02 მაისის N34/2022 განჩინება
დავის საგანი – მშობლის უფლების შეზღუდვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ესპანეთის სამეფოს ბადალონას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა N1 სასამართლოს 2022 წლის 02 მაისის N34/2022 განჩინებით ნებართვა ეძლევა თ.ქ–იას, რომელსაც აქვს საერთო არასრულწლოვანი შვილის გ–ს მეურვეობა და მზრუნველობა, რომ დამოუკიდებლად განახორციელოს არასრულწლოვანი შვილის გ–ს პასპორტის მიღება/აღება და ესპანეთში არასრულწლოვნის ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურები, არამეურვე მშობლის, ბ.ი–იას ხელმოწერისა და თანხმობის გარეშე. გადაწყვეტილებით ასევე დადგენილია, რომ ამ მიზნით გაიცეს წინამდებარე განჩინების მოწმობა თ.ქ–იაზე, რომელიც იქნება ოფიციალური დოკუმენტი აღნიშნული პროცედურების განსახორციელებლად.
2. თ.ქ–იამ 2025 წლის 30 დეკემბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ესპანეთის სამეფოს ბადალონას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა N1 სასამართლოს 2022 წლის 02 მაისის N34/2022 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ვინაიდან არასრულწლოვანი გ.ი–ათვის საჭიროა პასპორტის აღება, მიმართეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრს, სადაც მოსთხოვეს წარედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება ზემოაღნიშნული განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე.
4. ესპანეთის სამეფოს ბადალონას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა N1 სასამართლოს 2022 წლის 02 მაისის N34/2022 განჩინებიდან ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებულები იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განჩინებაში აღნიშნულია, რომ სხდომა ჩატარდა მომჩივნის, საქმით დაინტერესებული მამის და სახელმწიფო პროკურატურის დასწრებით), ამასთან, განჩინების თანახმად, „ბატონმა ი–ამ განაცხადა, რომ არ ეწინააღმდეგება მომჩივნისათვის მისთვის საჭირო პროცედურების განხორციელების ნებართვის მიცემას“.
5. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტით დასტურდება, რომ ესპანეთის სამეფოს ბადალონას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა N1 სასამართლოს 2022 წლის 02 მაისის N34/2022 განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინებით თ.ქ–იას შუამდგომლობა ესპანეთის სამეფოს ბადალონას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა N1 სასამართლოს 2022 წლის 02 მაისის N34/2022 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ქ–იას შუამდგომლობა ესპანეთის სამეფოს ბადალონას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა N1 სასამართლოს 2022 წლის 02 მაისის N34/2022 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ საქმე Nა-2761-შ-69-2016, 07 ივლისი, 2017 წელი).
10. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობის ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები ჩამოთვლილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში. აღნიშნული კანონის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შუამდგომლობის განხილვის პროცესში უნდა დადგინდეს, დაცულია თუ არა ამ კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული პირობები.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლი პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს და, შესაბამისად, ესპანეთის სამეფოს ბადალონას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა N1 სასამართლოს 2022 წლის 02 მაისის N34/2022 განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ნებართვა ეძლევა თ.ქ–იას, რომ დამოუკიდებლად განახორციელოს არასრულწლოვანი შვილის გიას პასპორტის მიღება/აღება და ესპანეთში არასრულწლოვნის ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურები, არამეურვე მშობლის, ბ.ი–იას ხელმოწერისა და თანხმობის გარეშე, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
13. რაც შეეხება ესპანეთის სამეფოს ბადალონას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა N1 სასამართლოს 2022 წლის 02 მაისის N34/2022 განჩინების ცნობას იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ გაიცეს წინამდებარე განჩინების მოწმობა თ.ქ–იაზე, რომელიც იქნება ოფიციალური დოკუმენტი აღნიშნული პროცედურების განსახორციელებლად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განჩინების ამ ნაწილის ცნობის მიმართ არ იკვეთება შუამდგომლობის ავტორის ნამდვილი იურიდიული ინტერესი. აღნიშნულზე არც თავად შუამდგომლობის ავტორს მიუთითებია.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა თავისთავად ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას ნიშნავს და ამ შინაარსის შუამდგომლობა გარკვეულწილად გაიგივებულია აღიარებით სარჩელთან, რომელიც ფორმალურად კანონის ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, ხოლო სასამართლომ ამ აღიარების ნამდვილობის გამორკვევის შედეგად უნდა შეაფასოს მოთხოვნის მართებულობა.
15. სასამართლოში მოთხოვნის წარდგენისას იურიდიული ინტერესის არსებობის აუცილებლობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი, რომელიც ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის; აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. ამდენად, აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში, იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით (იხ. სუსგ საქმე Nა-5646-შ-168-2019, 27 დეკემბერი, 2019 წელი).
16. განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი ესპანეთის სამეფოს ბადალონას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა N1 სასამართლოს 2022 წლის 02 მაისის N34/2022 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის იურიდიულ ინტერესად არასრულწლოვანი ბავშვისათვის პასპორტის აღების საჭიროებაზე მიუთითებს, აღნიშნული იურიდიული შედეგი კი მიიღწევა დასახელებული განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობით იმ ნაწილში, რომლითაც თ.ქ–იას ნებართვა მიეცა დამოუკიდებლად აიღოს არასრულწლოვანი შვილის პასპორტი.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ.ქ–იას შუამდგომლობას ესპანეთის სამეფოს ბადალონას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა N1 სასამართლოს 2022 წლის 02 მაისის N34/2022 განჩინების ცნობის თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ გაიცეს წინამდებარე განჩინების მოწმობა თ.ქ–იაზე, რომელიც იქნება ოფიციალური დოკუმენტი აღნიშნული პროცედურების განსახორციელებლად, არ გააჩნია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რის გამოც შუამდგომლობა ამ ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ.ქ–იას შუამდგომლობა ესპანეთის სამეფოს ბადალონას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა N1 სასამართლოს 2022 წლის 02 მაისის N34/2022 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ესპანეთის სამეფოს ბადალონას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა N1 სასამართლოს 2022 წლის 02 მაისის N34/2022 განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ნებართვა ეძლევა თ.ქ–იას, რომელსაც აქვს საერთო არასრულწლოვანი შვილის გიას მეურვეობა და მზრუნველობა, რომ დამოუკიდებლად განახორციელოს არასრულწლოვანი შვილის გ–ს პასპორტის მიღება/აღება და ესპანეთში არასრულწლოვნის ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურები, არამეურვე მშობლის, ბ.ი–იას ხელმოწერისა და თანხმობის გარეშე;
3. თ.ქ–იას შუამდგომლობა ესპანეთის სამეფოს ბადალონას ქალთა მიმართ ძალადობის საქმეთა N1 სასამართლოს 2022 წლის 02 მაისის N34/2022 განჩინების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა, რომ გაიცეს წინამდებარე განჩინების მოწმობა თ.ქ–იაზე, რომელიც იქნება ოფიციალური დოკუმენტი აღნიშნული პროცედურების განსახორციელებლად, დარჩეს განუხილველად;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია