დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 23.01.2026
საქმის ნომერი
ას-38-2025
კატეგორია
დავის ტიპი
უზრუნველყოფა
თარიღი
23.01.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-38-2025

23 იანვარი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მიხეილ ჯინჯოლია, არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორები – ნ.ბ–ძე, ა.ბ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.რ–ვა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრისა და იმავე სასამართლოს 2025 წლის 14 იანვრის განჩინებები

საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ზ.რ–ვამ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა.ბ–ძის (შემდგომში - „პირველი მოპასუხე“) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ ასევე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:

- ქალაქი თბილისი, ........., ს.კ. ............;

- ქალაქი ქუთაისი, .......... , ს.კ. ........;

- რაიონი ყაზბეგი, ........., დაზუსტებული ფართობი 810.00 კვ.მ, ს.კ. ..........;

- რაიონი ბორჯომი, ..........“, დაზუსტებული ფართობი 1036.00 კვ.მ, ს.კ. ...........

3. ზემოაღნიშნული განჩინება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა პირველი მოპასუხის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, .........., ს.კ. .........., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, შეიცვალა და მის ნაცვლად პირველ მოპასუხე აეკრძალა მისი კუთვნილი შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:

- ქ. გურჯაანში მდებარე 150 000 კვ.მ. (15 ჰექტარი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. .........;

- ქ. გურჯაანში მდებარე 150 000 კვ.მ. (15 ჰექტარი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ..........;

- მცხეთა, სოფ. .......... მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) ფართით 1393.00 კ.მ. და მასზე არსებული სააგარაკე სახლი, ს.კ. ..........;

- მცხეთა, სოფ. ნ......... მდებარე მიწის ნაკვეთი ფართით 2000.00 კ.მ, ს.კ. ............

5. ზემოაღნიშნული განჩინება უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 221 712,49 ევროს გადახდა, ანგარიშსწორების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის შესაბამისად; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის გადახდა - 221 712,49 ევროს წლიური 1,5%-ის ოდენობით, 2017 წლის 08 თებერვლიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

7. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე პირველმა მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

8. მოსარჩელემ აგრეთვე სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ბ–ძის (შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელემ ამ შემთხვევაშიც მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 მარტის განჩინების საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მეორე მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ს.კ. ........., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 281 753,97 ევროს ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა.

11. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მეორე მოპასუხემ წარადგინა სააპელაციო საჩივარი.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის განჩინებით ზემოაღნიშნული ორი სამოქალაქო საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა და ერთი სარეგისტრაციო ნომერი მიენიჭა.

13. მოპასუხეებმა 2022 წლის 06 ოქტომბერს განცხადებით მიმართეს სააპელაციო სასამართლოს და მოცემულ საქმეზე მოპასუხეთა მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ცვლილება მოითხოვეს.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეთა განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინება (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., , 522,34 კვ.მ, ს.კ. N.........., რეგისტრირებული შეზღუდვის (გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა) ნაწილში და ამ ქონების გამიჯვნის შემდეგ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მეორე მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ............., ფართი 286,39 კვ.მ, ს.კ. ..........., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ამასთან, გაუქმდა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის რეგისტრაცია მეორე მოპასუხის კუთვნილ უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ფართი 235,95 კვ.მ, ს.კ. ..........; დანარჩენ ნაწილში მოპასუხეთა განცხადება არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ 06.10.2022წ. განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში და მეორე მოპასუხის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

16. მოპასუხეთა წარმომადგენელმა 2023 წლის 17 მაისს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც კვლავ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ცვლილება. კერძოდ, მოითხოვა ნაწილობრივ შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.10.2017წ. განჩინებით მეორე მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული აკრძალვა შემდეგი სახით:

- გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა ძალაში დარჩეს უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........, მე-12 სართული, ბინა N14-32, ფართი 286,39 კვ.მ, ს.კ. ....;

- გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა გაუქმდეს უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ფართი 235,95 კვ.მ, ს.კ. .......... და აღნიშნულის ნაცვლად იგივე შინაარსის აკრძალვა დარეგისტრირდეს შემდეგ უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, .........., 1500 კვ.მ, ს.კ. .........; გურჯაანის რაიონი, სოფ. ........, ......., 3902 კვ.მ, ს.კ. ..........; გურჯაანის რაიონი, სოფ. ..........“, 4282 კვ.მ, ს.კ. ...........; გურჯაანის რაიონი, სოფ. .........., 3908 კვ.მ, .........

17. განცხადების თანახმად, მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, რომელზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.10.2017წ. განჩინებით რეგისტრირებულია აკრძალვა, 24.08.2022წ. რეგისტრაციით ორ დამოუკიდებელ ფართად (ბინად) გაიმიჯნა და, შესაბამისად, განხორციელდა ორი ბინის რეგისტრაცია, კერძოდ: სართული 12, ფართი 286,39 კვ.მ, ს.კ. .........., ბინა N14-32 და სართული 13, ფართი 235,95 კვ.მ, ს.კ. .........., ბინა N14-32ა. ორივე ბინაზე ამჟამად რეგისტრირებულია (გადაჰყვა) ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული აკრძალვა; მოპასუხეებმა აღნიშნული ქონების საექსპერტო შეფასებისათვის მიმართეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომლის დასკვნების თანახმად: ბინა N14-32-ის საბაზრო ღირებულება შეადგენს 311 432 ევროს, ხოლო ბინა N1432ა-ს ღირებულება 234 874 ევროს. ამგვარად, ჯამში ორივე ბინის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 546 306 ევროს, მაშინ, როდესაც მეორე მოპასუხის მიმართ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 281 753,97 ევროა, ანუ სხვაობა არის 264 552,03 ევრო, რაც თითქმის ორჯერ აღემატება სარჩელის ფასს და აშკარად არაპროპორციულია. აღნიშნული არ შეესაბამება სსსკ-ის 1961.1 მუხლის მოთხოვნებს და წარმოადგენს მეორე მოპასუხის სახელზე რიცხული ქონების აკრძალვისგან ნაწილობრივ გათავისუფლების საფუძველს.

18. განმცხადებლებმა ასევე სასამართლოს წარუდგინეს დამატებით ოთხი ერთეული ალტერნატიული უძრავი ქონება: ს.კ. ..........., ღირებულებით 37 260 ევრო; ს.კ. ..........., ღირებულებით - 8 436,12 ევრო; ს.კ. ..........., ღირებულებით - 9 257,68 ევრო და ს.კ. ..........., ღირებულებით - 8 458,29 ევრო და მოითხოვეს ბინა N14-32ა-ზე აკრძალვის მოხსნის სანაცვლოდ აკრძალვის აღნიშნულ ქონებებზე რეგისტრაცია. განცხადების თანახმად, დამატებით წარდგენილი 4 უძრავი ქონების ჯამური ღირებულება შეადგენს 63 412,09 ევროს, რასაც ემატება ბინა N14-32-ის (რომელზეც რჩება აკრძალვა რეგისტრირებული) ღირებულება 311 432 ევრო, რაც ჯამში 374 844,09 ევროს შეადგენს და თითქმის მესამედით (93 090,12) აღემატება მოსარჩელის მოთხოვნას. შესაბამისად, წარდგენილი უზრუნველყოფა არის სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული, თანაზომიერი და უზრუნველყოფს სარჩელს.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით მეორე მოპასუხის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინება უძრავ ქონებაზე: ს.კ. N...........რეგისტრირებული შეზღუდვის ნაწილში და ამ ქონების გამიჯვნის შემდეგ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მეორე მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ........., სართული 12, ბინა N14-32, ფართი 286,39 კვ.მ, ს.კ. ..........., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ამასთან, გაუქმდა გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის რეგისტრაცია მეორე მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........., სართული 13, ბინა N14-32ა, ფართი 235,95 კვ.მ, ს.კ. ...........ა და აღნიშნულის ნაცვლად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მეორე მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, მდებარე:

- თბილისი, ტაბახმელა, სოფ. წავკისი, 1500 კვ.მ, ს.კ. ...........;

- გურჯაანის რაიონი, სოფ. ........., 3902 კვ.მ, ს.კ. ...........;

- გურჯაანის რაიონი, სოფ. .........., 4282,00 კვ.მ, ს.კ. ...........;

- გურჯაანის რაიონი, სოფ. .........., 3908 კვ.მ, ს.კ. ............

20. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი.

21. პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა 2023 წლის 04 ივლისს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ცვლილება. კერძოდ, მოითხოვა ნაწილობრივ შეიცვალოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 18.10.2017წ. და 24.07.2018წ. განჩინებების საფუძველზე პირველი მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული აკრძალვა შემდეგი სახით:

- გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა ძალაში დარჩეს უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქალაქი ქუთაისი, .........., ფართი 94,42 კვ.მ, ს.კ. ...........; მცხეთა, სოფ. .........., 2 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს.კ. ............;

- დამატებით გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა დარეგისტრირდეს უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., სადარბაზო N14, ბლოკი 9, სართული 13, ბინა N14-32ა, ფართი 235,95 კვ.მ, ს.კ. ...........ა და აღნიშნულის ნაცვლად გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა გაუქმდეს საქალაქო სასამართლოს 18.10.2017წ. და 24.07.2018წ. განჩინებებით აკრძალვარეგისტრირებულ დანარჩენ ქონებებზე.

22. განმცხადებლის განმარტებით, მეორე მოპასუხემ 21.06.2023 წელს უძრავი ქონება: ს.კ. ........... აჩუქა თავის შვილს, პირველ მოპასუხეს. საქმეში წარდგენილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება შეფასებულია 234 874 ევროდ, ხოლო იმ ქონების ღირებულება, რომლის აკრძალვისაგან გათავისუფლებასაც ითხოვს განმცხადებელი, საქმეში წარდგენილი აუდიტორული დასკვნების მიხედვით, შეადგენს 221 104 ევროს. ამდენად, ჩანაცვლებისთვის წარდგენილი ალტერნატიული ქონება გაცილებით მაღალი ღირებულებისაა. ამგვარად, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ცვლილების შემთხვევაში, სარჩელი უზრუნველყოფილი იქნება სამი ქონებით, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 361 801 ევროს, მაშინ, როდესაც პირველი მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა 221 712 ევროსა და მასზე წლიურად დასარიცხ 1,5%-ს შეადგენს.

23. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით პირველი მოპასუხის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის ის ნაწილი, რომლითაც გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა გავრცელდა შემდეგ უძრავ ქონებაზე: რაიონი ბორჯომი, .........., „კ. გ.“, ს.კ. ...........; ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ივლისის განჩინება (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა”, „ბ”, „გ” ქვეპუნქტები), რომლითაც გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა გავრცელდა შემდეგ უძრავ ქონებაზე: ა) ქ. გურჯაანში მდებარე 150 000 კვ.მ. (15 ჰექტარი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. ...........; ბ) ქ. გურჯაანში მდებარე 150 000 კვ.მ. (15 ჰექტარი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ. .........; გ) მცხეთა, სოფ. ....... მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) ფართით 1393.00 კვ.მ და მასზე არსებული სააგარაკე სახლი, ს.კ. ........... და აღნიშნულის ნაცვლად სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით პირველ მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის, მდებარე: ქ. თბილისი, ......., ს.კ. N..........., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; პირველი მოპასუხის მოთხოვნა უძრავი ქონების, მდებარე: ყაზბეგი, ......., მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი 810.00 კვ.მ, ს.კ. .........., გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვისაგან გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

24. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი.

25. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ივნისის და იმავე წლის 07 აგვისტოს განჩინებებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისისა და იმავე წლის 14 ივლისის განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ და საქმე, მეორე მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლის შესახებ 17.05.2023წ. განცხადებისა და პირველი მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 ოქტომბრისა და 2018 წლის 24 ივლისის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლის შესახებ 04.07.2023წ. განცხადების ხელახლა განხილვის მიზნით, დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

27. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 მაისის განჩინების საფუძველზე აკრძალვის რეგისტრაციისაგან გამოთავისუფლებული მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების (ს.კ. ...........ა) მესაკუთრედ, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა პირველი მოპასუხე, რის შემდგომაც, სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით განხორციელდა პირველი მოპასუხის მიმართ აღძრულ სარჩელთან მიმართებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლა და ხსენებულმა ქონებამ ჩაანაცვლა ამ უკანასკნელის კუთვნილი, უზრუნველყოფის ღონისძიების საგნად გამოყენებული სხვა უძრავი ქონებები, თუმცა, მოგვიანებით, პირველი მოპასუხის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლის შესახებ განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის განხილვისა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდგომ, ვიდრე საქმე წარდგენილი საჩივრების განხილვის მიზნით საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნებოდა, პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე გაუქმდა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შედეგად (11.08.2023წ.) და უძრავი ქონების მესაკუთრედ კვლავ მეორე მოპასუხე დარეგისტრირდა. ამრიგად, საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებით, პირველი მოპასუხის მოთხოვნას, რომელიც განხილულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის განჩინებით, სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა. შესაბამისად, მოსარჩელის საჩივრების განხილვის შემდგომ, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო გასაჩივრებული განჩინებების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში გადაგზავნის საფუძველი. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლაზე განცხადებების ხელახლა განხილვისას, უნდა შეეფასებინა საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი მასალები და არსებული ფაქტობრივი ვითარებიდან გამომდინარე, უნდა ემსჯელა, რამდენად არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საგნების შეცვლის განმაპირობებელი გარემოებები.

28. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ მოპასუხეთა 17.05.2023წ. და 04.07.2023წ. განცხადებები არ დაკმაყოფილდა.

29. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა მოპასუხეთა წარმომადგენლის 17.05.2023წ. განცხადება და გაუმართლებლად მიიჩნია საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის საგნის ცვლილება, რადგანაც, მისი განმარტებით, საკითხი სამივე ინსტანციის სასამართლოს მხრიდან შეფასებულია არაერთხელ და მიჩნეულია, რომ მეორე მოპასუხის მიმართ არსებული მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა უნდა გავრცელებულიყო უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, .............., IX ბლოკი, სართული 12-13, ბინა N14, 522,34 კვ.მ, ს.კ. ........... მართალია, აღნიშნული ქონება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემდგომ გაიმიჯნა და დარეგისტრირდა ორ დამოუკიდებელ ფართად (ს.კ. ..........., 286,39 კვ.მ და ს.კ. ..........., 235,95 კვ.მ), თუმცა არსებული მოცემულობა არ ცვლის საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის საფუძველს. სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული ღონისძიების გავრცელება მთლიან - 522,34 კვ.მ. ქონებაზე, რაც იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და რისკების გათვალისწინებით, გამართლებულად შეფასდა. უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 18 იანვრის განჩინებით გაუმართლებლად იქნა მიჩნეული უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნება მხოლოდ უძრავი ქონების ნაწილზე - 286,39 კვ.მ-ზე (ს.კ. ...........), რადგანაც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული ვერ უზრუნველყოფდა საქმეზე სამომავლოდ მისაღების გადაწყვეტილების ჯეროვან აღსრულებას.

30. სააპელაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ, მართალია, განსახილველი განცხადებით მოპასუხეთა მიერ წარდგენილი იყო დამატებით 4 უძრავი ქონება, რომლითაც ჩანაცვლდებოდა მოთხოვნილი, გამოთავისუფლებული 235,95 კვ.მ. ფართი (ს.კ. ...........), თუმცა შეთავაზებული ქონების ჯამური ღირებულება - 63 412,09 ევრო, გამოთავისუფლებული ქონების ღირებულებასთან (ს.კ. N..........., ღირებულება 234 874) მიმართებით იმდენად მცირეა, რომ ვერ უზრუნველყოფს მეორე მოპასუხის მიმართ არსებულ მოსარჩელის მოთხოვნას, რომელიც 281 753,97 ევროს შეადგენს. ამასთან, მართალია, განმცხადებელთა მხრიდან შეთავაზებული 5 ქონების ჯამური ღირებულება განისაზღვრება 374 844,09 ევროს ოდენობით (311 432 ევროს + 63 412,09 ევრო), თუმცა სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 18 იანვრისა და 2024 წლის 05 ნოემბრის განჩინებების მითითებით, ასევე, იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული რისკებით, შეთავაზებული ქონების გათვალისწინებით, გაუმართლებლად მიიჩნია საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა.

31. სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.01.2011წ. N21 ბრძანების დანართი N1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე, იმავე მუხლის მე-2 პუნქტზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტზე, გარკვეულწილად გაიზიარა მოსარჩელის მიერ საჩივრის ფარგლებში მითითებული რისკები და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ საკასაციო სასამართლოს მითითებების შესაბამისად, სააპელაციო პალატის მხრიდან კონკრეტული საკითხის გადაწყვეტისას უნდა შეფასებულიყო სამომავლოდ მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების საშიშროების რისკები, მოცემულ ეტაპზე გაუმართლებლად მიიჩნია უზრუნველყოფის საგნის ცვლილებასთან მიმართებით მეორე მოპასუხის 17.05.2023წ. განცხადების დაკმაყოფილება.

32. რაც შეეხება პირველი მოპასუხის 04.07.2023წ. განცხადებას, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ არსებობდა განცხადების დაკმაყოფილების ფორმალური წინაპირობები, რადგანაც განმცხადებლის მიერ შეთავაზებული უძრავი ქონება აღარ წარმოადგენდა პირველი მოპასუხის საკუთრებას, რაც საფუძველს აცლიდა მის მოთხოვნას ფორმალურ ნაწილში და გამორიცხავდა განცხადების შინაარსობრივი/მატერიალური ნაწილის შეფასების წინაპირობებს. კერძოდ, საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 22.05.2023წ. განჩინების საფუძველზე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა შეწყვიტა აკრძალვა N...........ა საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, რის შემდგომაც აღნიშნული ქონება მეორე მოპასუხემ 21.06.2023 წელს აჩუქა თავის შვილს - პირველ მოპასუხეს და საჯარო რეესტრში იმავე დღეს აღირიცხა ამ უკანასკნელის საკუთრებად; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 11.08.2023წ. N173277 გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მეორე მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი N...........ა საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბინაზე/ერთეულზე რეგისტრირებული აკრძალვის რეგისტრაციის შეწყვეტისათვის, რის გამოცა ბათილად იქნა ცნობილი რეგისტრაციის შესახებ N102023268950/6 (16.06.2023წ.) და N882023641050 (21.06.2023წ.) გადაწყვეტილებები და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტს დაევალა რეგისტრაციებამდე არსებული მდგომარეობების აღდგენა. განახლებული მონაცემების თანახმად (ამონაწერის მომზადების თარიღი: 18.08.2023წ.), N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე საკუთრების უფლება კვლავ მეორე მოპასუხის სახელზე ირიცხება.

33. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებით, ამ უკანასკნელის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის იმგვარ ცვლილებასთან მიმართებით, რომ აკრძალვის ქვეშ მოექცეს პირველი მოპასუხის სახელზე რიცხული ბინა - ს.კ. N..........., ხოლო სანაცვლოდ აკრძალვისაგან გათავისუფლდეს პროპორციული ღირებულების 4 ქონება (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების 21-ე პუნქტი), საფუძველს მოკლებული იყო. უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლისათვის შეთავაზებული უძრავი ნივთი (ს.კ. N...........) აღარ წარმოადგენდა პირველი მოპასუხის საკუთრებას და, ამდენად, წარდგენილ მოთხოვნას არ გააჩნდა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

34. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1, 1961.1 მუხლებით და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ არ არსებოდა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე მოპასუხეთა განცხადებების დაკმაყოფილების საფუძველი.

35. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს საჩივარი, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს (საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს შემდეგი: გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს 28.11.2024წ. განჩინება, სასამართლომ პირველ რიგში იმსჯელოს მხოლოდ მეორე მოპასუხის 17.05.2023წ. განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ცვლილებასთან დაკავშირებით და დააკმაყოფილოს იგი, ხოლო პირველი მოპასუხის განცხადებაზე იმსჯელოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მეორე მოპასუხის განცხადების დაკმაყოფილების საკითხი იქნება გადაწყვეტილი და შესული კანონიერ ძალაში):

35.1. უზენაესმა სასამართლომ 05.11.2024წ. განჩინებაში ყურადღება გაამახვილა გარკვეულ ფორმალურ საკითხებზე, რაც უკავშირდებოდა პირველი მოპასუხის სახელზე განხორციელებული ჩუქების გაუქმების რეგისტრაციას და რაც ცვლიდა მოცემულობას ამ უკანასკნელის უზრუნველყოფის საგნის ცვლილებასთან დაკავშირებით. ასევე, სასამართლომ გაამახვილა ყურადღება უზრუნველყოფის საგნის ცვლილების წინაპირობების შემოწმების საჭიროებაზე და დაავალა სააპელაციო სასამართლოს, ამ თვალსაზრისით, ხელახლა ემსჯელა ორივე განცხადებაზე და შეეფასებინა არსებობდა თუ არა უზრუნველყოფის საგნის შეცვლის წინაპირობები. თუმცა, გასაჩივრებულ განჩინებაში ეს საკითხები რეალურად გამოკვლეული არ არის და განჩინება ეფუძნება მხოლოდ იმის დეკლარირებას, რომ თითქოს ამ საკითხებზე უკვე ნამსჯელია სამივე ინსტანციის სასამართლოში და არ არის გამართლებული უზრუნველყოფის საგნის შეცვლა, რაც არამართებულია;

35.2. გარდა ამისა, არასწორია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ რადგან უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება სასარჩელო მოთხოვნის ადეკვატურია, დაუშვებელია მისი ცვლილება. ამის საპირისპიროდ, სსსკ-ის 196-ე მუხლი სწორედ რომ ადეკვატური უზრუნველყოფის სხვა ადეკვატური ქონებით ჩანაცვლებას შეეხება, ხოლო 1961 მუხლი კი, პირდაპირ ითვალისწინებს ყადაღადადებული ქონების გამიჯვნას;

35.3. სწორედ ამგვარი სიტუაციაა მოცემულ შემთხვევაში. ამჟამად, მეორე მოპასუხის მიმართ ძალაშია თბილისის საქალაქო სასამართლოს 24.10.2017წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა ვრცელდება ამ უკანასკნელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე: ს.კ. ............ 24.08.2023 წელს მეორე მოპასუხემ განახორციელა დასახლებული ქონების გამიჯვნა ორ დამოუკიდებელ ფართად (ბინად) და, შესაბამისად, საჯარო რეესტრში განხორციელდა ორი ბინის რეგისტრაცია: ს.კ. N..........., ბინა N14–32 და ს.კ. N..........., ბინა N14-32ა. საქმეში წარდგენილია ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები, რომლითაც უდავოდ დასტურდება, რომ ორივე ბინის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 546 306 ევროს, მაშინ, როცა მეორე მოპასუხის მიმართ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არის 281 753,97 ევრო. ამგვარად, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ღირებულება თითქმის 2-ჯერ აღმატება სარჩელის ფასს, რაც გაუმართლებელია;

35.4. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა დამატებით 4 ალტერნატიული ქონება, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 63 412,09 ევროს. ამდენად, წარდგენილი ქონების ღირებულება თითქმის მესამედით (93 090,12 ევრო) აღემატება სასარჩელო მოთხოვნას და მისი თანაზომიერი, პროპორციულია. შესაბამისად, ალტერნატიული უზრუნველყოფის ღონისძიება არის საკმარისი;

35.5. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული აკრძალვა ქონებაზე უკვე თითქმის 7 წელია არსებობს და, ცხადია, მოპასუხის ოჯახს აქვს გარკვეული ინტერესი, მისი კუთვნილი უძრავი ქონება საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენოს.

36. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 იანვრის განჩინებით საჩივარი იმავე დასაბუთებით არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

37. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191.1, 1961.1 მუხლებით და დაუსაბუთებლად მიიჩნია საჩივარში ასახული პრეტენზიები. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გასაჩივრებული განჩინების ფარგლებში არსებითად შეფასდა უზრუნველყოფის საგნის ცვლილებისათვის შემოთავაზებული ქონების ჯამური ღირებულება, მხედველობაში იქნა მიღებული სასარჩელო მოთხოვნა და გაუმართლებლად იქნა მიჩნეული მოთხოვნილი სახით უზრუნველყოფის საგნის ცვლილება. სააპელაციო პალატის შეფასებით, შეთავაზებული უძრავი ქონება, მათი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ვერ განიხილებოდა მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლისათვის ადეკვატურ ჩამნაცვლებელ ობიექტებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

38. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

40. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

41. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია წინამდებარე საქმეში გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლაზე უარის თქმის მართლზომიერება.

42. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს; შესაძლოა, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი.

45. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).

46. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება დაკავშირებულია საკუთრების უფლების შეზღუდვასთან, ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. სუსგ საქმე Nას-1165-1095-2015, 25 ნოემბერი, 2015 წელი; Nას-991-954-2016, 04 ნოემბერი, 2016 წელი; Nას-1586-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი; Nას-835-2020, 23 სექტემბერი, 2020 წელი; Nას-301-2024, 04 ივნისი, 2024 წელი).

47. მხარეთა თანასწორობის პრინციპის უზრუნველსაყოფად და მოდავე მხარეთა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის პარალელურად, უშვებს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე სარჩელის უზრუნველყოფის შეცვლის შესაძლებლობას, ბუნებრივია, იმ პირობით, რომ მოსარჩელეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის აღსრულების პრობლემა არ შეექმნება. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს.

48. ამდენად, მოცემული ნორმა დასაშვებად მიიჩნევს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლას და ნორმის სისტემური ანალიზი მოთხოვნის წინაპირობად ამ საგანთა უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან ტოლფასოვნებას განიხილავს (იხ. სუსგ საქმე Nას-1596-2019, 18 თებერვალი, 2020 წელი). სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელმა მხარემ სასამართლოს წინაშე უნდა დაასაბუთოს, რომ მის მიერ შემოთავაზებული სხვა ქონება, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სრულად უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების ეფექტიან და დაუბრკოლებელ აღსრულებას.

49. სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ცვლილების პროცედურის ფარგლებში სასამართლოს შეზღუდვას დაქვემდებარებული ნივთის სანაცვლოდ შეეთავაზება სხვა, იმგვარი ობიექტი, რომელიც შეზღუდვის საგანი განცხადების განხილვის ეტაპზე არ ყოფილა, შესაბამისად, სასამართლო შინაარსობრივად აფასებს ახლად შეთავაზებული ქონების უნარს, სრულად უზრუნველყოს მოსარჩელის შესაძლო მოთხოვნის დაკმაყოფილება და მხოლოდ იმ შემთხვევაში გასცემს თანხმობას უზრუნველყოფის საგნის ჩანაცვლებაზე, თუკი გაქარწყლდება ყველა გონივრული ეჭვი ამ ქონებისა და უზრუნველსაყოფი მოთხოვნის ღირებულების შეუსაბამობაზე (იხ. სუსგ საქმე Nას-415-2025, 20 მაისი, 2025 წელი).

50. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ცვლილების მოთხოვნის შესაძლებლობა არ ემსახურება უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის სახის, ზომისა და ფარგლების პროპორციულობის ხელახალ გადასინჯვას. იმ პირობებში, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის საჭიროება და ფარგლები შეფასებულია ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ და აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინება, სასამართლო ხელმძღვანელობს ვარაუდით, რომ წარსულში გამოყენებული უზრუნველყოფის ზომები იყო აუცილებელი, თანაზომიერი და პროპორციული. შესაბამისად, უზრუნველყოფის საკითხის გადახედვის ინიციირებისას განმცხადებელს მართებს, დაასაბუთოს მოთხოვნილი ცვლილებისადმი საკუთარი კანონიერი, პატივსადები ინტერესის არსებობა. უზრუნველყოფის საშუალების შეცვლა მხარეთა პროცესუალური შესაძლებლობაა, რაც სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს (იხ. სუსგ საქმე Nას-138-2022, 04 მარტი, 2022 წელი; Nას-415-2025, 20 მაისი, 2025 წელი).

51. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოპასუხეთა მიმართ წარდგენილი სარჩელ(ებ)ის დავის საგანია თანხის დაკისრება. ასეთი სარჩელი წარმოადგენს მიკუთვნებით, ანუ აღსრულებით სარჩელს, რაც ნიშნავს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე, არამედ, ასევე, მოპასუხის ნებაზე - განახორციელოს გარკვეული მოქმედება, გადაიხადოს დაკისრებული თანხა. თანხის გადახდის თაობაზე ნების არარსებობის შემთხვევაში კი, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის დადგომა დამოკიდებული ხდება ისეთ საშუალებაზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება.

52. წინამდებარე საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მეორე მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ს.კ. ..........., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. აღნიშნული განჩინება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.

53. მოპასუხეთა წარმომადგენელმა 2023 წლის 17 მაისს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოცემულ საქმეზე მეორე მოპასუხის მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ცვლილება. განცხადების თანახმად, სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული მეორე მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., ს.კ. ..........., გაიმიჯნა ორ დამოუკიდებელ ფართად (ბინად) და, შესაბამისად, განხორციელდა ორი ბინის რეგისტრაცია: ს.კ. ..........., ბინა N14-32 და ს.კ. ...........ა, ბინა N14-32ა. ჯამში ორივე ბინის ღირებულება შეადგენს 546 306 ევროს, მაშინ, როდესაც მეორე მოპასუხის მიმართ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 281 753,97 ევროა, ანუ სხვაობა წარმოადგენს 264 552,03 ევროს, რაც თითქმის ორჯერ აღემატება სარჩელის ფასს და არ შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961-მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნას.

54. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებლებმა მოითხოვეს სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლა შემდეგი სახით: სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში დარჩეს მეორე მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., სადარბაზო 14, ბლოკი 9, სართული 12, ბინა 14-32, ფართი 286,39 კვ.მ, ს.კ. ...........; ხოლო, მეორე მოპასუხის კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., სადარბაზო 14, ბლოკი 9, სართული 13, ბინა 14-32ა, ფართი 235,95 კვ.მ, ს.კ. ...........ა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სანაცვლოდ, გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა განხორციელდეს მეორე მოპასუხის კუთვნილ სხვა უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, .........., 1500 კვ.მ, ს.კ. ...........; გურჯაანის რაიონი, სოფ. ........, „ფ–ნი“, 3902 კვ.მ, ს.კ. ...........; გურჯაანის რაიონი, სოფ. ........, „ფ–ი“, 4282 კვ.მ, ს.კ. ...........; გურჯაანის რაიონი, სოფ. ......., „ფ–ი“, 3908 კვ.მ, ს.კ. ............

55. საკასაციო სასამართლო განსახილველ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების, განმცხადებლის მიერ უზრუნველყოფის საგნის ცვლილების მიზნებისათვის შეთავაზებული უძრავი ქონების ღირებულებისა და მათი უზრუნველყოფილ მოთხოვნასთან ტოლფასოვნების შეფასების საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მეორე მოპასუხის მიერ შეთავაზებული უძრავი ქონება ვერ უზრუნველყოფს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების (მისი ძალაში შესვლის შემთხვევაში) ეფექტიან და დაუბრკოლებელ აღსრულებას, რითაც ზიანი მიადგება მოსარჩელეს.

56. კერძოდ, წინამდებარე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი მეორე მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 281 753,97 ევროს გადახდა; გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ მოპასუხის მიერ. ამდენად, აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისა და მოპასუხის მიერ დავალიანების ნებაყოფლობით გადაუხდელობის შემთხვევაში, გამოყენებულმა/ჩანაცვლებულმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებამ უნდა უზრუნველყოს დასახელებული გადაწყვეტილების სრულად და დაუბრკოლებლად აღსრულება. შესაბამისად, უნდა შეფასდეს უზრუნველყოფის საგნის ჩასანაცვლებლად განმცხადებლის მიერ შეთავაზებული ქონების ღირებულებისა და გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ეკვივალენტურობა.

57. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ მოპასუხის 17.05.2023წ. განცხადებაზე დართული დოკუმენტებით - სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 05.04.2023წ. და 28.04.2023წ. დასკვნებით დასტურდება, რომ დასკვნების შედგენის დროისათვის, მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის სანაცვლოდ შეთავაზებული ოთხი უძრავი ქონების ღირებულება ჯამში შეადგენს - 37 260 ევროსა და 28 416,2 აშშ დოლარს (რაც, 17.05.2023წ. განცხადების თანახმად, დაახლოებით 26 152,09 ევროს შეადგენს), კერძოდ, უძრავი ქონების, მდებარე: თბილისი, .........., 1500 კვ.მ, ს.კ. ..........., ღირებულებაა 37 260 ევრო; გურჯაანის რაიონი, სოფ. ........, „ფ–ი“, 3902 კვ.მ, ს.კ. ..........., ღირებულებაა 9 169,70 აშშ დოლარი; გურჯაანის რაიონი, სოფ. ....., „ფ–ნი“, 4282 კვ.მ, ს.კ. ..........., ღირებულებაა 10 062,70 აშშ დოლარი; გურჯაანის რაიონი, სოფ. ......., „ფ–ი“, 3908 კვ.მ, ს.კ. ..........., ღირებულებაა 9 183,80 აშშ დოლარი (იხ. გაერთიანებული საქმის ტ. 11, ს.ფ. 38-59); ხოლო, უძრავი ქონების ღირებულება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., სადარბაზო 14, ბლოკი 9, სართული 12, ბინა 14-32, 286,39 კვ.მ, ს.კ. ..........., რომელზეც განცხადების თანახმად, უნდა დარჩეს რეგისტრირებული გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შეადგენს 311 432 ევროს (იხ. გაერთიანებული საქმის ტ. 11, ს.ფ. 14-25).

58. ამრიგად, ზემოთ დასახელებული ექსპერტიზის დასკვნების შესაბამისად, მოცემულ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის საგნის სანაცვლოდ შეთავაზებული უძრავი ქონების ღირებულება შეადგენს ჯამში 374 844,09 ევროს (311 432 ევროს დამატებული 63 412,09 ევრო (37 260+26 152,09)), რაც 93 090,12 ევროთი აღემატება პირველი ინსტანციის სასამართლოს 11.03.2020წ. გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხისათვის დაკისრებულ თანხას (281 753,97). თუმცა, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული თანხა არ არის საკმარისი მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების (მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში) აღსრულების ეფექტურად უზრუნველსაყოფად, ვინაიდან უზრუნველყოფის საგნის ცვლილების მიზანშეწონილობაზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს არა მარტო სასარჩელო მოთხოვნის ოდენობას ან/და საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობას, არამედ იძულებით აღსრულების პროცესში უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის თავისებურებებსა და გასაწევი ხარჯის ოდენობას, რომელიც სწორედ აღნიშნული ქონების რეალიზაციიდან მიღებული თანხით უნდა დაიფაროს.

59. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იძულებითი აღსრულება ხასიათდება რიგი სპეციფიკური თვისებებით - „იძულებითი აუქციონის ჩატარების ფორმების, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 31.01.2011წ. N21 ბრძანების დანართი N1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირველ აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 75%-ს. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თუ პირველ აუქციონზე არ მოხდა ქონების რეალიზაცია, აღსრულების ეროვნული ბიურო პირველი აუქციონის დასრულებისთანავე (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) აცხადებს პირველ განმეორებით აუქციონს. პირველ განმეორებით აუქციონზე ქონების საწყისი ფასი შეადგენს ქონების შეფასების აქტში მითითებული საბაზრო ღირებულების 50%-ს.

60. გარდა ამისა, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 და მე-9 პუნქტების თანახმად, აღსრულების საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად; მოთხოვნის არასრულად ან ეტაპობრივად დაკმაყოფილების შემთხვევაში პირველ რიგში იფარება აღსრულების ხარჯი, ხოლო შემდეგ − საფასური და აღსასრულებელი მოთხოვნა ამოღებული თანხის პროპორციულად.

61. ამდენად, იძულებითი აღსრულების პირობებში, როდესაც აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა მიახლოებულია აუქციონზე სარეალიზაციო ქონების საბაზრო ღირებულებასთან, მოსალოდნელია, რომ მარტოოდენ აუქციონიდან ამონაგებმა თანხამ ვერ დაფაროს კრედიტორის მოთხოვნა. ასეთ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ცვლილება, მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, აფუძნებს აღსრულებასთან დაკავშირებულ რისკებს, რაც უზრუნველყოფის საგნის ცვლილების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

62. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ, იძულებით აღსრულებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში მეორე მოპასუხის მიმართ გაუმართლებელი იქნება უზრუნველყოფის საგნის შეცვლა მის მიერ შეთავაზებული სახით.

63. პირველი მოპასუხის წარმომადგენელმა 2023 წლის 04 ივლისს სააპელაციო სასამართლოში ასევე წარადგინა განცხადება პირველი მოპასუხის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის და იმავე სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საგნის ცვლილების მოთხოვნით, თუმცა სადავო არ არის, რომ განმცხადებლის მიერ უზრუნველყოფის საგნის ცვლილების მიზნით შეთავაზებული უძრავი ქონება ამჟამად აღარ წარმოადგენს პირველი მოპასუხის საკუთრებას - აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში გაუქმდა პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის პირველი მოპასუხის განცხადებაზე მსჯელობის ფორმალური წინაპირობები, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს განცხადების მიზანშეწონილობაზე მსჯელობას - საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებით ამ უკანასკნელის მოთხოვნას ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების 32-33 პუნქტები).

64. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაასაბუთა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის წინაპირობების არსებობა, შესაბამისად, არ იკვეთება საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინებების გაუქმების საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ბ–ძისა და ა.ბ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრისა და იმავე სასამართლოს 2025 წლის 14 იანვრის განჩინებები დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: მიხეილ ჯინჯოლია

არჩილ კოჭლამაზაშვილი