დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 03.02.2026
საქმის ნომერი
ა-5806-შ-150-2024
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
03.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

03 თებერვალი 2026 წელი

საქმე №ა-5806-შ-150-2024 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

შუამდგომლობის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – საწარმოო რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „გ“

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ი–ი

სააღსრულებო წარწერა, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ბელარუსის რესპუბლიკის გროდნენსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ლ.მ–ის მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს გაცემული №3-396 სააღსრულებო წარწერა და ნოტარიუს გ.ზ–ას მიერ 2022 წლის 4 მაისს გაცემული №6-608 სააღსრულებო წარწერა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბელარუსის რესპუბლიკის გროდნენსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ლ.მ–ის მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს გაცემული №3-396 სააღსრულებო წარწერის მიხედვით, 1984 წლის 13 თებერვალს დაბადებულ ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ვ. ძე ი–ს (დარეგისტრირებული ბელარუსის რესპუბლიკის, ქ.გროდნოში, .........., პასპორტი №K......., საიდენტიფიკაციო №.......) საწარმოო რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „გ"-ის (იურიდიული პირის ადგილმდებარეობა: ქ.გროდნო, ........, სარეგისტრაციო ნომერი №80....... სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 19.06.1991წ., უნპ №500...) სასარგებლოდ, დაეკისრა კომუნალური გადასახადების დავალიანების – 1448 რუბლისა და 55 კაპიკის ოდენობით და ჯარიმის - 1200 რუბლისა და 67 კაპიკის, ასევე სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების – 137 რუბლისა და 56 კაპიკის, სულ 2786 რუბლისა და 78 კაპიკის გადახდა.

2. ბელარუსის რესპუბლიკის გროდნენსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს გ.ზ–ას მიერ 2022 წლის 4 მაისს გაცემული №6-608 სააღსრულებო წარწერის მიხედვით, 1984 წლის 13 თებერვალს დაბადებულ ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ვ. ძე ი–ს (დარეგისტრირებული ბელარუსის რესპუბლიკის, ქ.გროდნოში, ........., პასპორტი №........., საიდენტიფიკაციო №31...........) საწარმოო რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „გ"-ის (იურიდიული პირის ადგილმდებარეობა: ქ.გროდნო, ......., უნპ №50......) სასარგებლოდ, 2019 წლის 26 ივნისიდან 2022 წლის 31 მარტამდე დაეკისრა ჯარიმის - 4762 რუბლისა და 86 კაპიკის, ასევე სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების – 6 რუბლისა და 40 კაპიკის, სულ 4769 რუბლისა და 26 კაპიკის გადახდა.

3. საწარმოო რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „გ–მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის გროდნენსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ლ.მ–ის მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს გაცემული №3-396 სააღსრულებო წარწერისა და ნოტარიუს გ.ზ–ას მიერ 2022 წლის 4 მაისს გაცემული №6-608 სააღსრულებო წარწერის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და იძულებითი აღსრულება.

4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული სააღსრულებო წარწერები ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ი.ი–ი ამჟამად ცხოვრობს ქ.ბათუმში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის გროდნენსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ლ.მ–ის მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს გაცემული №3-396 სააღსრულებო წარწერისა და ნოტარიუს გ.ზ–ას მიერ 2022 წლის 4 მაისს გაცემული №6-608 სააღსრულებო წარწერის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.

6. შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინების ასლთან ერთად გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარე ი.ი–ს ელექტრონულ ფოსტაზე: b...@gmail.com და განემარტა, რომ გააჩნდა შუამდგომლობაზე აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება ამავე გზავნილის ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში. გზავნილისა და მასზე თანდართული დოკუმენტების მიღება ი.ი–მა დაადასტურა 2026 წლის 28 იანვარს. მაშასადამე, შუამდგომლობაზე აზრის გამოთქმის ვადის დინება დაიწყო 2026 წლის 29 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 02 თებერვალს. დადგენილია, რომ დროის ამ პერიოდში ი.ი–ის წერილობითი მოსაზრება, განცხადება ან საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნა სასამართლოში არ წარდგენილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის გროდნენსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ლ.მ–ის მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს გაცემული №3-396 სააღსრულებო წარწერისა და ნოტარიუს გ.ზ–ას მიერ 2022 წლის 4 მაისს გაცემული №6-608 სააღსრულებო წარწერის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს, თუ რომელი სამართლებრივი წესრიგი გამოიყენება უცხო ქვეყნის სამართალთან დაკავშირებული საქმის ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, აგრეთვე საპროცესო სამართლის იმ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება ასეთი საქმის წარმოებისას.

8. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით წარმოდგენილი სააღსრულებო წარწერის მოვალე მხარე უცხო ქვეყნის - ბელარუსის მოქალაქეა, ამავდროულად, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ვალდებულება _ კომუნალური მომსახურების მიწოდება შესრულებულია ბელარუსის ტერიტორიაზე. ამრიგად, სადავო სამართალურთიერთობის ფაქტობრივი გარემოებები მჭიდროდ დაკავშირებულია უცხო ქვეყნის სამართალთან, რაც საქართველოს სასამართლოებს ასეთი საქმის წარმოებისას გამოსაყენებელი საპროცესო ნორმების განსაზღვრისას წარმოუშობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით ხელმძღვანელობის ვალდებულებას.

9. ამავე კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

10. დადგენილია, რომ როგორც საქართველო, ისე ბელარუსი, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები არიან. შესაბამისად, ხსენებულ მრავალმხრივ ხელშეკრულებას გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებით.

11. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მინსკის კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოების შუამდგომლობათა განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს დაცულია თუ არა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობები. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

12. მინსკის კონვენციის 51-ე მუხლის „ა“ პუნქტის შესაბამისად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს შემდგომ გადაწყვეტილებებს, გამოტანილთ სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიალურ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით (შემდგომ - გადაწყვეტილებებს).

13. ამავე კონვენციის 53-ე მუხლის თანახმად, 1. შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე წარედგინება ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ სასამართლოს, სადაც გადაწყვეტილება აღსრულებას ექვემდებარება. 2. შუამდგომლობას თან ერთვის: ა) გადაწყვეტილება ან მისი დამოწმებული ასლი, ასევე ოფიციალური დოკუმენტი იმის შესახებ, რომ გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას ან იმის შესახებ, რომ იგი ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ ეს არ გამომდინარეობს თავად გადაწყვეტილებიდან; ბ) დოკუმენტი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება, და რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, სათანადო წესრიგში იმყოფებოდა და დროულად იქნა გამოძახებული სასამართლოში, ხოლო მისი პროცესუალური არაქმედუნარიანობის შემთხვევაში სათანადოდ იქნა წარმოდგენილი; გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს გადაწყვეტილების ნაწილობრივ აღსრულებას მისი გადაგზავნის მომენტისთვის; დ) დოკუმენტი, რომელიც ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის საქმეებზე. 3. შუამდგომლობა გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების ნებართვის თაობაზე და მისი თანდართული დოკუმენტები აღიჭურვება დამოწმებული თარგმანით თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ენაზე ანდა რუსულ ენაზე.

14. კონვენციის 55-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ა) ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; ბ) მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; გ) საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; დ) წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; ე) არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ვ) ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს.

15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

16. ამავე კანონის 70-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას. აღსრულებაზე გადაწყვეტილება მიიღება დაინტერესებული მხარის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის აღძვრის შემდეგ. შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.

17. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს სასამართლოებს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ მხოლოდ იმ სარჩელებზე, რომლებიც ეხება: ა) უძრავ ქონებას, თუ ეს ქონება საქართველოშია; ბ) იურიდიული პირის ან მისი ორგანოს გადაწყვეტილებათა ნამდვილობას ან შეწყვეტას, როცა ამ იურიდიული პირის ან მისი ორგანოს რეზიდენცია საქართველოშია; გ) საქართველოს სასამართლოების ან სხვა ორგანოების მიერ იურიდიული პირების რეგისტრაციას; დ) პატენტის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა უფლების რეგისტრაციას (გარდა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ფინანსური ხელშეკრულებიდან წარმოშობილი რეგისტრირებული უფლებისა), როდესაც ამ უფლების რეგისტრაცია ან მისი რეგისტრაციის მოთხოვნა საქართველოში განხორციელდა; ე) იძულებითი აღსრულების ღონისძიებებს, როცა მათი მოთხოვნა ან განხორციელება საქართველოში მოხდა.

18. ლენინსკის რაიონის ქალაქ გროდნოს იძულებითი აღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 18.06.2024 წლის დადგენილებებით და ამავე თარიღში გაცემული ცნობებით დგინდება, ბელარუსის რესპუბლიკის გროდნენსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ლ.მ–ის მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს გაცემული №3-396 სააღსრულებო წარწერა, აგრეთვე ბელარუსის რესპუბლიკის გროდნენსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს გ.ზ–ას მიერ 2022 წლის 4 მაისს გაცემული №6-608 სააღსრულებო წარწერა, კრედიტორ საწარმოო რესპუბლიკურ უნიტარული საწარმო „გ“-ს უკან დაუბრუნდა აღუსრულებლად.

19. დგინდება, რომ ბელარუსის რესპუბლიკის კანონმდებლობით, კომუნალური დავალიანებისა და ჯარიმების მომხმარებელზე დაკისრების უფლებამოსილება გააჩნია ნოტარიუსს, შესაბამისად, მის მიერ გამოცემული სააღსრულებო წარწერა აღსრულების ქვემდებარე აქტია მინსკის კონვენციის 51-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. დადასტურებულია ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადრე არ გამოტანილა გადაწყვეტილება იმავე დავის საფუძველზე და იმავე მხარეებს შორის, არც აღძრული ყოფილა წარმოება ამ საქმეზე და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქმე არ განეკუთვნება საქართველოს სასამართლოთა განსაკუთრებულ კომპეტენციას.

20. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამო, საკასაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ საქმეზე არ იკვეთება ბელარუსის რესპუბლიკის გროდნენსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ლ.მ–ის მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს გაცემული №3-396 სააღსრულებო წარწერისა და ნოტარიუს გ.ზ–ას მიერ 2022 წლის 4 მაისს გაცემული №6-608 სააღსრულებო წარწერის ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის წინაპირობები, შესაბამისად, სააღსრულებო წარწერათა საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობა ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

21. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-10, 68-ე, 69-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საწარმოო რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „გ“-ის შუამდგომლობა, ბელარუსის რესპუბლიკის გროდნენსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ლ.მ–ის მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს გაცემული №3-396 სააღსრულებო წარწერისა და ნოტარიუს გ.ზ–ას მიერ 2022 წლის 4 მაისს გაცემული №6-608 სააღსრულებო წარწერის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელარუსის რესპუბლიკის გროდნენსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ლ.მ–ის მიერ 2019 წლის 23 აგვისტოს გაცემული №3-396 სააღსრულებო წარწერა, რომლითაც 1984 წლის 13 თებერვალს დაბადებულ ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ვ. ძე ი–ს (დარეგისტრირებული ბელარუსის რესპუბლიკის, ქ.გროდნოში, ..........., პასპორტი №........., საიდენტიფიკაციო №3130..........) საწარმოო რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „გ"-ის (იურიდიული პირის ადგილმდებარეობა: ქ.გროდნო, ......., სარეგისტრაციო ნომერი №807000... სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი: 19.06.1991წ., უნპ №5...) სასარგებლოდ, დაეკისრა კომუნალური გადასახადების დავალიანების – 1448 რუბლისა და 55 კაპიკის ოდენობით და ჯარიმის - 1200 რუბლისა და 67 კაპიკის, ასევე სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების – 137 რუბლისა და 56 კაპიკის, სულ 2786 რუბლისა და 78 კაპიკის გადახდა.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და დაექვემდებაროს აღსრულებას ბელარუსის რესპუბლიკის გროდნენსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს გ.ზ–ას მიერ 2022 წლის 4 მაისს გაცემული №6-608 სააღსრულებო წარწერა, რომლის მიხედვით, 1984 წლის 13 თებერვალს დაბადებულ ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქე ი.ვ. ძე ი–ს (დარეგისტრირებული ბელარუსის რესპუბლიკის, ქ.გროდნოში, .........., პასპორტი №K.........., საიდენტიფიკაციო №3130..........) საწარმოო რესპუბლიკური უნიტარული საწარმო „გ"-ის (იურიდიული პირის ადგილმდებარეობა: ქ.გროდნო, ........., უნპ №500.........) სასარგებლოდ, 2019 წლის 26 ივნისიდან 2022 წლის 31 მარტამდე დაეკისრა ჯარიმის - 4762 რუბლისა და 86 კაპიკის, ასევე სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების – 6 რუბლისა და 40 კაპიკის, სულ 4769 რუბლისა და 26 კაპიკის გადახდა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი