დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 12.02.2026
საქმის ნომერი
ა-5435-შ-120-2025
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
12.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-5435-შ-120-2025

12 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – სს ზ.ა.ბ, ს.შ–ე

„A.S. O.B-AG“

მოწინააღმდეგე მხარე - ზ.ი–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ავსტრიის რესპუბლიკის ლინცის საოლქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის N 4Cg M1/17m გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

პალატამ გამოარკვია:

ავსტრიის რესპუბლიკის ლინცის საოლქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის N 4Cg M1/17m გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი საგადახდო თამასუქის საფუძველზე, მოპასუხეს დაევალა მოსარჩელეს გადაუხადოს 37,129.79 ევროს ოდენობის თანხა, პლუს 2.563% პროცენტი, რომელიც კაპიტალიზდება 2017 წლის 3 ოქტომბრიდან. ასევე აანაზღაუროს თამასუქის საფოსტო გადასახადი 46.41 ევროს ოდენობით და თამასუქის საკომისიო 123.75 ევროს ოდენობით. ასევე, ქვემოთ მითითებულ თამასუქზე ამ გადახდის ბრძანების ხარჯები, რომელიც განისაზღვრა 2.203,12 ევროს ოდენობით.

2025 წლის 26 სექტემბერს, სს ზ.ა.ბ–ს, ს.შ–ეს წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ავსტრიის რესპუბლიკის ლინცის საოლქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის N 4Cg M1/17m გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით სს ზემო ავსტრიის ბანკს, ს.შ–ეს დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და დაევალა, საქართველოს უზენაეს სასამართლოში განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა 1). ცნობა ავსტრიის რესპუბლიკის ლინცის საოლქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის N 4Cg M1/17m გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე; 2). წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ მოპასუხე ზ.ი–ი უწყების ჩაბარების გზით იქნა გაფრთხილებული სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე; 3). წარმოედგინა ცნობა, რომლითაც დადასტურდება, რომ ავსტრიის რესპუბლიკის ლინცის საოლქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის N 4Cg M1/17m გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ არის აღსრულებული. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, შუამდგომლობა განუხილველი დარჩებოდა.

აღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელს ლ.ზ–ს ჩაბარდა 2025 წლის 25 დეკემბერს. (იხ. ს.ფ. 34).

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ სს ზ.ა.ბ, ს.შ–ეს შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირები, სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები, ხოლო 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლო ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განიხილავს(იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინება №ა-3928-შ-98-2025 25.11.2025).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავენ სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ოქტომბრის განჩინება, შუამდგომლობაში მითითებულ მისამართზე - თბილისი, .........., მე-4 სართული, იურიდიული კომპანია „ბ. ე.ს“, ლ.ზ–ზე გადასაცემად ჩაბარდა ადმინისტრატორს - გ.ქ–ს 2025 წლის 25 დეკემბერს. (იხ. ჩაბარების დასტური ს.ფ.34), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, იმ გარემოებაზე მითითებით, რომელიც აუცილებლად უნდა დადგეს, ან დროის მონაკვეთით. უკანასკნელ შემთხვევაში მოქმედება შეიძლება შესრულდეს დროის მთელი მონაკვეთის განმავლობაში. წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, წლებით გამოსათვლელი ვადა დამთავრდება ვადის უკანასკნელი წლის შესაბამის თვესა და რიცხვში. თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. თუ თვეებით გამოსათვლელი ვადის უკანასკნელ თვეს სათანადო რიცხვი არა აქვს, მაშინ ვადა დამთავრებულად ჩაითვლება ამ თვის უკანასკნელ დღეს. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 30 დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 26 დეკემბერს და ამოიწურა 2026 წლის 26 იანვარს, უქმე დღეების გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, სს ზ.ა.ბ, ს.შ–ეს შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო სასამართლო დამატებით განუმარტავს მხარეს, რომ სსსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად (იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით), შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს ზ.ა.ბ, ს.შ–ეს „A.S. O.B-AG“ შუამდგომლობა, ავსტრიის რესპუბლიკის ლინცის საოლქო სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის N 4Cg M1/17m გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველი.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი