დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-6992-შ-163-2025 24 თებერვალი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ბ.
მოწინააღმდეგე მხარე – ი.დ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით 1970 წლის 27 თებერვალს დაბადებულ ი.ა. ძე დ–ს ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვან შვილის - 2008 წლის 25 მარტს დაბადებული ე.ი. ასულ დ–ის მიმართ.
ი.ბ–ის წარმომადგენელმა გ.ჭ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალების შესწავლით ირკვევა, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 3 თებერვალს. ასევე წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2025 წლის გადაწყვეტილება, ელიზავეტა დიბალინას საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ განცხადების განხილვა/გადაწყვეტილებისათვის აუცილებელი დამატებითის დოკუმენტის/ ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ).
საქართველო უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ი.ბ–ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
იმის გათვალისწინებით, რომ მოწინააღმდეგე მხარის საცხოვრებელი ადგილი უცნობი იყო, აღნიშნული განჩინებისა და ი.ბ–ის შუამდომლობის (თანდართული მასალებით) მოწინააღმდეგე მხარისათვის გაგზავნა და ჩაბარება იკისრა ი.დ–ს წარმომადგენელმა გ.ჭ–ამ შუამდგომლობის ავტორისათვის ცნობილ მისამართზე. შპს „ს.ფ–ის“ მიერ გაცემული ბარათიდან ირკვევა, რომ იგორ დიბალინს გზავნილი ვერ ჩაბარდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ი.დ. იმ მისამართზე, სადაც არის რეგისტრირებული არ ცხოვრობს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი.ბ–ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).
ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სარჩელი განუხილველად დატოვოს, თუ მოსარჩელემ სარჩელში არასწორად მიუთითა თავისი ან მოპასუხის მისამართი.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ი.ბ–მა ვერ წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარე ი.დ–ს სწორი მისამართი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.ბ–ის შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში, არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს საკასაციო სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე