დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 23.02.2026
საქმის ნომერი
ა-753-შ-24-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
23.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-753-შ-24-2026

23 თებერვალი, 2026 წელი ქ . თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ტ.რ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა–ა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის, კიროვოგრადის ოლქის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადახედვისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის გამარტივებული სასარჩელო წარმოების წესებით განსახილველად გადაცემის შესახებ

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა.ა–ას სარჩელი ტ.რ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 1 თებერვალს დაბადებული, მ.რ–ის რჩენისათვის ყოველთვიური ალიმენტის გადახდა მოპასუხის მთლიანი შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, 2022 წლის 21 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, 2034 წლის 1 თებერვლამდე, ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს არასრულწლოვანი ბავშვისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 50 %-ზე ნაკლები.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბერს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით და უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინებით ა.ა–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა და აღსრულდა უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ა–ას სარჩელი ტ.რ–ის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; ტ.რ–ის ა.ა–ას სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 1 თებერვალს დაბადებული, მ.რ–ის რჩენისათვის ყოველთვიური ალიმენტის გადახდა ტ.რ–ის მთლიანი შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, 2022 წლის 21 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, 2034 წლის 1 თებერვლამდე, ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს არასრულწლოვანი ბავშვისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 50 %-ზე ნაკლები.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო საქმის წარმოება მიმდინარეობს თბილისის სააღსრულებო ბიუროში საქმე N A25116552, კრედიტორი ა.ა–ა, მოვალე ტ.რ–ი. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2026 წლის 16 თებერვლის წერილის თანახმად მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პროცესში მოვალისაგან ამოსაღები თანხა შეადგენს 19824.44 ლარს, საიდანაც კრედიტორის მისაღები თანხა არის 18527.51 ლარი, ხოლო აღსრულების საფასური 1296.93 ლარი.

2025 წლის 19 ივნისს მოპასუხის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვა.

სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა კიროვოგრადის ოლქის სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. გაუქმდა კიროვოგრადის ოლქის სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე N401/1668/22 ა.ა–ას სარჩელი, ტ.რ–ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ტ.რ–ისთვის უკრაინიდან (ჩეხეთის რესპუბლიკის გავლით) სასამართლო გზავნილის ჩაბარება განხორციელდა ,,საქართველოს ფოსტის'' მეშვეობით 2026 წლის 03 თებერვალს.

უკრაინის, კიროვოგრადის ოლქის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილებით დასტურდება, რომ ტ.რ–ის წარმომადგენელი ესწრებოდა სასამართლო სხდომას, რომელზეც აღნიშნული განჩინება იქნა მიღებული.

საცნობი დადგენილების თანახმად სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 08.08.2025 წელს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2026 წლის 18 თებერვალს შუამდგომლობით მომართა ტ.რ–ის წარმომადგენელმა და მოითხოვა უკრაინის, კიროვოგრადის ოლქის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადახედვისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის გამარტივებული სასარჩელო წარმოების წესებით განსახილველად გადაცემის შესახებ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა შუამდგომლობის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტი]. საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილი].

უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა თავისთავად ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას ნიშნავს და ამ შინაარსის შუამდგომლობა გარკვეულწილად გაიგივებულია აღიარებით სარჩელთან, რომელიც ფორმალურად კანონის ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, ხოლო სასამართლომ ამ აღიარების ნამდვილობის გამორკვევის შედეგად უნდა შეაფასოს მოთხოვნის მართებულობა.

სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

შესაბამისად, შუამდგომლობის განსახილველად მიღების ეტაპზე უნდა იკვეთებოდეს მხარის იურიდიული ინტერესის არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს განაცხადებს შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე [სსსკ-ის 178.1 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი: სარჩელში უნდა აღინიშნოს ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული იურიდიული ინტერესი, თუ აღძრულია აღიარებითი სარჩელი; 186.1 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი: მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით].

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია უკრაინის, კიროვოგრადის ოლქის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილების - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადახედვისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის გამარტივებული სასარჩელო წარმოების წესებით განსახილველად გადაცემის შესახებ, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.

დადგენილია, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2026 წლის 18 თებერვალს განცხადებით მომართა ტ.რ–ის წარმომადგენელმა და კიროვოგრადის ოლქის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილებაზე მითითებით მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 20 თებერვლის განჩინებით ტ.რ–ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მოთხოვნებთან შეუსაბამობის, კერძოდ, განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო.

ვინაიდან ზემოაღნიშნული განჩინებით შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩა განუხილველი, არ იკვეთება მხარის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი დადგენილების აღიარების მიმართ, რის გამოც სახეზეა შუამდგომლობის განუხილველად დატოვების კანონიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 374-ე, 399-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ტ.რ–ის შუამდგომლობა უკრაინის, კიროვოგრადის ოლქის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია