დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 24.02.2026
საქმის ნომერი
ა-82-შ-4-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
24.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-82-შ-4-2026

24 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ნ–ვა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ქ. ჟოდინოს სასამართლოს 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ქ. ჟოდინოს სასამართლოს 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებით შეწყდა ქორწინება ე.ი. ოღლი ო–სა (დაბადებული 1990 წლის 18 ივლისს) და ე.მ. ქიზს ნ–ას (დაბადებული 1992 წლის 20 მარტს) შორის, რომლებსაც ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოს საელჩოში ბელარუსის რესპუბლიკაში 2010 წლის 12 ნოემბერს, სააქტო ჩანაწერი N90320103001.

2. ე.ნ–ვამ 2026 წლის 12 იანვარს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ქ. ჟოდინოს სასამართლოს 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებულები იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე. გადაწყვეტილების თანახმად, სასამართლომ საქმე განიხილა მოსარჩელისა და მოპასუხის მონაწილეობით. ამასთან, გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი.

4. გადაწყვეტილებაზე დატანილ შტამპზე მითითებულია, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

5. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 22 იანვრის განჩინებით ე.ნ–ვას შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ქ. ჟოდინოს სასამართლოს 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ნ–ვას შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ქ. ჟოდინოს სასამართლოს 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ საქმე Nა-2761-შ-69-2016, 07 ივლისი, 2017 წელი).

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

11. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდგომში - „მინსკის კონვენცია“) პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

12. მოცემულ შემთხვევაში, ბელარუსის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს დაცულია თუ არა მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობები. მინსკის კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

13. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შუამდგომლობა განიხილა მინსკის კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს აღნიშნული კონვენციის 51-52-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ იკვეთება კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლების არსებობს.

14. შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ქ. ჟოდინოს სასამართლოს 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც მხარეები განქორწინდნენ, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ნ–ვას შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ქ. ჟოდინოს სასამართლოს 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის ქ. ჟოდინოს სასამართლოს 2024 წლის 02 ივლისის გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ქორწინება ე.ი. ოღლი ო–სა (დაბადებული 1990 წლის 18 ივლისს) და ე.მ. ქიზს ნ–ას (დაბადებული 1992 წლის 20 მარტს) შორის, რომლებსაც ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი. ქორწინება რეგისტრირებულია საქართველოს საელჩოში ბელარუსის რესპუბლიკაში 2010 წლის 12 ნოემბერს, სააქტო ჩანაწერი N90320103001;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია