დაკმაყოფილდა ნაწილობრივ

სამოქალაქო 26.02.2026
საქმის ნომერი
ა-6549-შ-150-2025
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
26.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-6549-შ-150-2025

26 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ჭ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ე.მ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის N271 F76/22 გადაწყვეტილება

დავის საგანი – მშობლის უფლების შეზღუდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის N271 F76/22 გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მამის მხრიდან მშობლის მზრუნველობა ბავშვებზე: ლ.ე.მ–ის, დაბ. 11.09.2016 წელს და შ.ე.ე.მ–თან, დაბ. 15.01.2019 მიმართებაში, შეჩერებულია, რადგან მამას უკვე დიდი ხანია არ შეუძლია განახორციელოს ფაქტობრივი მშობლის მზრუნველობა ბავშვებზე; ამიტომაც მეორე მშობელი ითავსებს მშობლის მზრუნველობას მარტოდმარტო.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2025 წლის 1 დეკემბერს შუამდგომლობით მომართა ე.ჭ–ძემ და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ბავშვებზე მზრუნველობის მხოლოდ დედისათვის გადაცემის ნაწილში.

3. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, 2016 წლის 18 აგვისტოს იქორწინა კამერუნის მოქალაქეზე - რ.ე.მ–ზე. ქორწინების შემდეგ, კერძოდ 2018 წელს საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში, ქ. ჰამბურგში. ოჯახური კონფლიქტის შედეგად, დაშორდა მეუღლეს. 2022 წლის 29 ივნისის ჰამბურგის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეწყდა რეგისტრირებული ქორწინება ე.ჭ–ძესა და რ.ე.მ–ს შორის. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ რ.ე.მ–ის ადგილსამყოფელი უცნობია, რაც ხელს უშლის ბავშვებისათვის საჭირო დოკუმენტების აღებას. ბავშვებს არ აქვთ საქართველოს პასპორტი, რის გამოც საქართველოს ტერიტორიაზე მათი შემოყვანა ვერ ხერხდება. მამის ადგილსამყოფლის დაუდგენლობა არ შეიძლება გახდეს ბავშვთა ინტერესების ხელოვნურად შეზღუდვის მიზეზი. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ბავშვები არიან საქართველოს მოქალაქეები და მხოლოდ იმის გამო, რომ არ გააჩნია ბავშვების მამის თანხმობა, ვერ ახერხებს ბავშვების საქართველოში დაბრუნებას.

4. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, იგი ძალაშია 2023 წლის 6 იანვრიდან.

5. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი და არასრულწლოვანი ბავშვები საქართველოს მოქალაქეები არიან.

6. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებიდან ასევე ირკვევა, რომ მოპასუხის ბინადრობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, ამასთან, მას სამ წელზე მეტია ურთიერთობა აღარ აქვს ბავშვებთან. შუამდგომლობის ავტორისათვის უცნობია ბავშვების მამის მისამართი, არც ეგულება ვინმე პირი/მეგობარი, ვისაც მასთან კონტაქტი ისევ ექნებოდა. მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარე წარმოშობით არის კამერუნიდან. გერმანიაში მას არ ჰყავს ოჯახი, კამერუნში მოპასუხის ოჯახს განმცხადებელი არ იცნობს. მოპასუხის/მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება ყოფილი დამსაქმებლის, ასევე, სოც. მედიისა და ინტერნეტის დახმარებით ვერ მოხდა.

7. საცნობი გადაწყვეტილებიდან ასევე ირკვევა, რომ საქმის განხილვაში ჩართული იყო ახალგაზრდობის საკითხების სამსახური, ჰამბურგის ბავშვთა და ახალგაზრდობის დახმარების გაერთიანება.

8. შუამდგომლობაზე თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის 19 ნოემბრის N01/274380 წერილით, შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა რ.ე.მ–ის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, რამდენადაც მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 11 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

10. ე.ჭ–ძის შუამდგომლობის განხილვა დაინიშნა 2026 წლის 26 თებერვალს ზეპირი მოსმენის გარეშე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შემდეგი მოსამართლეების შემადგენლობით: მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მოსამართლეები: ლევან ნემსაძე, არჩილ კოჭლამაზაშვილი.

11. წინამდებარე განჩინების 9 და 10 პუნქტებში მითითებული ინფორმაცია მოწინააღმდეგეს ეცნობა 2026 წლის 26 იანვრის განჩინებით, საჯარო შეტყობინების გზით. ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ მოცემული განჩინება ჩაბარებულად ჩაითვლებოდა მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-7 დღეს.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 იანვრის განჩინება გასაჯაროვდა 2026 წლის 27 იანვარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე.ჭ–ძის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის N271 F 76/22 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

14. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს ის საკითხი, სახეზე ხომ არ გვაქვს მოთხოვნის გამომრიცხავი კანონით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი).

16. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვა კანონის ფორმალურ დანაწესებთან ამ გადაწყვეტილების შემოწმების გზით ხორციელდება, იმგვარად, რომ საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, ჩაერიოს, რაიმე ფორმით განმარტოს ან შესწორება შეიტანოს თავად გადაწყვეტილებაში ან მისი სარეზოლუციო ნაწილის რომელიმე პუნქტში.

17. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო უწყების ჩაბარების საკითხი რეგულირდება იმ ქვეყნის საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც განიხილავს მხარეთა შორის წარმოშობილ დავას.მოცემულ შემთხვევაში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგის საოლქო სასამართლომ მიუხედავად მოპასუხე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის არარსებობისა განიხილა საქმე და მიიღო გადაწყვეტილება.

19. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად, გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

20. „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას, ამავე კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას იღებენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის, მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან, არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა.

21. ზემოაღნიშნული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ. სუსგ საქმე №ა-1285-შ-29-2016, 29 ივლისი 2016 წელი).

22. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, par. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, №28945/95, 10.05.2001, პარ.72) შდრ. ასევე,სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016 წ.)

23. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას; სამართლის ნორმის განმარტებისას გამოყენებული უნდა იქნეს ის განმარტება, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ყველაზე მეტად შეესაბამება, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად (მუხლი 5.4); სახელმწიფო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებმა, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა ბავშვის საუკეთესო ინტერესები განსაზღვრონ და მათი სავალდებულო შეფასება განახორციელონ შემდეგი ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით: ა) ბავშვის აზრის მოსმენა და სათანადოდ გათვალისწინება (მუხლი 5.5).

24. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია, ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzar and Giunta v. Italy [GC], no. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. the United Kingdom. no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI). სასამართლოსათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვა და ინდივიდუალური შეფასება, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში იქ, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს ეხება სადავო საკითხი, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს (იხ. სუსგ საქმე Nა-38-3818-შ-98-2024, 12 სექტემბერი 2024 წელი; საქმე Nა-5189-შ-139-2017 27 ივლისი, 2018 წელი).

25. საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, მოპასუხის ბინადრობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, ამასთან, მას სამ წელზე მეტია ურთიერთობა აღარ აქვს ბავშვებთან. შუამდგომლობის ავტორისათვის უცნობია ბავშვების მამის მისამართი, არც ეგულება ვინმე პირი/მეგობარი, ვისაც მასთან კონტაქტი ისევ ექნებოდა. მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარე წარმოშობით არის კამერუნიდან. გერმანიაში მას არ ჰყავს ოჯახი, კამერუნში მოპასუხის ოჯახს განმცხადებელი არ იცნობს. მოპასუხის/მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიება ყოფილი დამსაქმებლის, ასევე, სოც. მედიისა და ინტერნეტის დახმარებით ვერ მოხდა. ამასთან, შუამდგომლობაზე თანდართული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2025 წლის 19 ნოემბრის N01/274380 წერილით, შუამდგომლობის ავტორს უარი ეთქვა რ.ე.მ–ის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, რამდენადაც მოთხოვნილი ინფორმაცია შეიცავს პერსონალურ მონაცემებს.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე შუამდგომლობის განსახილველად მიღების, ასევე, განხილვის თარიღისა და საქმის განმხილველი მოსამართლეთა შემადგენლობის შესახებ მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით. ამასთანავე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა გათვალისწინებით, არსებობს შუამდგომლობის განხილვის წინაპირობები.

27. ზემოაღნიშნული განმარტებების, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისა და საქმის შინაარსის სპეციფიკის გათვალისწინებით (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6, მე-7 პუნქტები) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც არ არსებობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.

28. ყოველივე ზემოაღნშნულის გათვალისწინებით საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის N271 F76/22 გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დადგენილია, რომ მამის მხრიდან მშობლის მზრუნველობა ბავშვებზე: ლ.ე.მ–ის, დაბ. 11.09.2016 წელს და შ.ე.ე.მ–თან, დაბ. 15.01.2019 მიმართებაში, შეჩერებულია, რადგან მამას უკვე დიდი ხანია არ შეუძლია განახორციელოს ფაქტობრივი მშობლის მზრუნველობა ბავშვებზე; ამიტომაც მეორე მშობელი ითავსებს მშობლის მზრუნველობას მარტოდმარტო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ე.ჭ–ძის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის N271 F76/22 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ არასრულწლოვან ბავშვებზე მშობლის უფლების განხორციელების ნაწილში დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰამბურგის საოლქო სასამართლოს 2022 წლის 28 სექტემბრის N271 F76/22 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია, რომ მამის მხრიდან მშობლის მზრუნველობა ბავშვებზე: ლ.ე.მ–ის, დაბ. 11.09.2016 წელს და შ.ე.ე.მ–თან, დაბ. 15.01.2019 მიმართებაში, შეჩერებულია, რადგან მამას უკვე დიდი ხანია არ შეუძლია განახორციელოს ფაქტობრივი მშობლის მზრუნველობა ბავშვებზე; ამიტომაც მეორე მშობელი ითავსებს მშობლის მზრუნველობას მარტოდმარტო.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

არჩილ კოჭლამაზაშვილი