დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-810-შ-28-2026
27 თებერვალი, 2026 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.ფ.
მოწინააღმდეგე მხარე - თ.უ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება (საქმე N538 FH13/18 VU) და ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 14.05.2018 წლის გადაწყვეტილებით 538 FH13/18 VU მ.ბ–ძეს, ე.ფ–ის (დაბადებული 03.10.2006 წელს) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ადგენს ალიმენტის გადახდის ვალდებულებას. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმულის საფუძველზე და ექვემდებარება გამოთვლას აღსრულების ეტაპზე. ფიქსირებული თანხის არარსებობა არ ახდენს გავლენას გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ვინაიდან ვალდებულების მოცულობა განისაზღვრება უშუალოდ სასამართლო აქტის შინაარსით.
გადაწყვეტილება მოპასუხეს ჩაბარდა 17.05.2018 წელს და კანონიერ ძალაში შევიდა 21.06.2018 წელს.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 22.06.2018 წლის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 14.05.2018 წლის გადაწყვეტილებაში და მოსარჩელედ ე.ფ–ის ნაცვლად მიეთითა შუამდგომლობის ავტორი - ე.ფ–ი.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დამოწმებული სასამართლო აქტის შესწავლით ირკვევა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება არ მომხდარა.
შუამდგომლობაზე დართული სამკვიდრო მოწმობიდან ირკვევა, რომ მ.ბ–ძის გარდაიცვალებით, 2023 წლის 27 ივლისს გაიხსნა სამკვიდრო. მემკვიდრეობა გაიხსნა მთელ სამკვიდრო ქონებაზე სრულად. მ.ბ–ძის პირველი რიგის მემკვიდრის - დედის თ.უ–ძის სახელზე 12.02.2024 წელს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, სამკვიდრო ქონების 1/2 წილზე, ხოლო აწ გარდაცვლილი მ.ბ–ძის პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა ე.ფ–მა საკუთრებაში მიიღო სრულად სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივების (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები და/ან აქციები სამეწარმეო საზოგადოებაში, საკუთრების მიღების უფლება, მოთხოვნის უფლება მიუღებელ სახელმწიფო გასაცემელზე, ხელფასზე, სადაზღვეო თანხაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანგარიშებზე და/ან ანაბარზე და სხვა უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივების (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში) 1/2 წილი.
შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების (2018 წლის 14 მაისის და 2018 წლის 22 ივნისის) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს.
შუამდგომლობიდან და მასზე თანდართული მასალიდან ირკვევა, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 22.06.2018 წლის გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა 14.05.2018 წლის გადაწყვეტილებაში და მოსარჩელედ ე.ფ–ის ნაცვლად მიეთითა შუამდგომლობის ავტორი. მიუხედავად ამისა შუამდგომლობას არ ერთვის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა რომ 22.06.2018 წლის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, მაშინ როდესაც 14.05.2018 წლის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ის ძალაში შევიდა 2018 წლის 22 ივნისიდან.
შუამდგომლობის ავტორმა ასევე უნდა დააზუსტოს მოთხოვნა, კერძოდ შუამდგომლობის ავტორი ითხოვს მხოლოდ 14.05.2018 წლის და 22.06.2018 წლის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებას. შუამდგომლობას ერთვის ვისბადენის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 11 ივლისის უფლებამონაცვლეობის შესახებ დოკუმენტი, რომელიც ძალაშია და რომლის შესაბამისად ზემოაღნიშნული სანოტარო ეგზემპლარი გაიცა კრედიტორზე ე.ფ–ზე, გარდაცვლილი მოვალის, მემკვიდრეების ე.ფ–ისა და თ.უ–ძის მიმართ იძულებითი აღსრულების მიზნით. აღნიშნული დოკუმენტის ცნობა-აღსრულებას მხარე არ ითხოვს. შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილშიც საჭიროებს დაზუსტებას.
მხარემ ასევე უნდა წარმოადგინოს ზეამოაღნიშნული დოკუმენტის აპოსტილით დადასტურებული ასლი, ნოტარიულად დამოწმებულ ქართულად თარგმანთან ერთად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით სარჩელში უნდა აღინიშნოს მოპასუხის სახელი, გვარი, ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი).
მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობაში არ არის დასახელებული მოპასუხე. დაინტერესებულ პირად მითითებულია თ.უ–ძე. შესაბამისად შუამდგომლობაში უნდა დაზუსტდეს მოპასუხეთა წრე.
სსსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს/შუამდგომლობის ავტორს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
საკასაციო სასამართლო განუმარტავს შუამდგომლობის ავტორს, რომ იმ გარემოების აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს იგივე შუამდგომლობით საერთო წესის დაცვით (შდრ. სუსგ №ა-1190-შ-31-2024, 11.03.2024წ.; №ა-5643-შ-173-2023, 17.11.2023წ.).
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სსსკ-ის 63-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.ფ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ვისბადენის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. განემარტოს შუამდგომლობის ავტორს, რომ არ კარგავს უფლებას ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს საკასაციო სასამართლოს.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მიხეილ ჯინჯოლია