დატოვებულია განუხილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-1082-შ-27-2024
05 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ლ–ა
მოწინააღმდეგე მხარე - დ.მ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ქ. მოსკოვის რამენკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის N2-193/23 გადაწყვეტილება
დავის საგანი – ალიმენტის გადახდევინება
პალატამ გამოარკვია:
ქალაქ მოსკოვის რამენკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის N2-193/23 გადაწყვეტილებით, დ.მ–ძეს დაბადებულს 21.04.1975 წელს მცხოვრებს ქ. ქუთაისი, .........., დაეკისრა ა.ლ–ას დაბადებული 12.10.1990 წელს, სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილისთვის - გ.ლ–ა, დაბადებული 2010 წლის 06 აგვისტოს, მიღებული შემოსავლის ¼ წილის ოდენობით ყოველთვიურად, 2023 წლის 13 თებერვლიდან, მის სრულწლოვანებამდე - 2028 წლის 06 აგვისტომდე.
2024 წლის 29 თებერვალს, ა.ლ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქ. მოსკოვის რამენკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის N2-193/23 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 მარტის განჩინებით ა.ლ–ას დაუდგინდა ხარვეზი შუამდგომლობაზე და დაევალა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში წარმოედგინა, 1.1. ცნობა ქ. მოსკოვის რამენკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის N2-193/23 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე; 1.2. ცნობა, რომლიდანაც დადასტურდება, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ა.ლ–ას შუამდგომლობის შემოსვლის დროისათვის (29.02.2024) ქ. მოსკოვის რამენკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის N2-193/23 გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აღსრულებული არ არის; 1.3. ასევე წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ მოპასუხე დ.მ–ძე უწყების ჩაბარების გზით იქნა გაფრთხილებული სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე. ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, შუამდგომლობა განუხილველი დარჩებოდა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, მისი რუსულენოვანი თარგმანით მხარეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი საფოსტო გზავნილით დგინდება ჩაბარდა, 2025 წლის 13 ნოემბერს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ლ–ას შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 57-ე მუხლის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეები და იურიდიული პირები, აგრეთვე, მოქალაქეობის არმქონე პირები, სამოქალაქო პროცესში საქართველოს ტერიტორიაზე სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი გარანტიებით, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები და იურიდიული პირები, ხოლო 63-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობას საქართველოს უზენაესი სასამართლო ეროვნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით განიხილავს (იხ. სუსგ საქმეზე №ა-3928-შ-98-2025 25.11.2025).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი (მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობა) არ უპასუხებს კანონით დადგენილ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი (შუამდგომლობა) არ დაიშვება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 მარტის განჩინებით, ა.ლ–ას შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 30 (ოცდაათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ცნობა ქ. მოსკოვის რამენკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის N2-193/23 გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე; ცნობა, რომლიდანაც დადასტურდებოდა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ა.ლ–ას შუამდგომლობის შემოსვლის დროისათვის (29.02.2024) ქ. მოსკოვის რამენკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის N2-193/23 გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აღსრულებული არ არის; ასევე წარმოედგინა ცნობა იმის შესახებ, რომ მოპასუხე დ.მ–ძე უწყების ჩაბარების გზით იქნა გაფრთხილებული სასამართლოში საქმის განხილვის თაობაზე.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, მისი რუსულენოვანი თარგმანით მხარეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და როგორც იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი საფოსტო უკუგზავნილით დგინდება ჩაბარდა, 2025 წლის 13 ნოემბერს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ოცდაათ დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2025 წლის 13 ნოემბერს, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2025 წლის 15 დეკემბერს, უქმე დღეების გათვალისწინებით. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარეს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის, რაც მისი შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, ა.ლ–ას შუამდგომლობა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების თაობაზე განუხილველად უნდა დარჩეს.
საკასაციო სასამართლო დამატებით განუმარტავს მხარეს, რომ სსსკ-ის 278-ე მუხლის თანახმად (იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით), შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ ხარვეზის აღმოფხვრის შემთხვევაში კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ლ–ას შუამდგომლობა, ქ. მოსკოვის რამენკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 13 თებერვლის N2-193/23 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველი.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე თეა ძიმისტარაშვილი