დაკმაყოფილდა ნაწილობრივ
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე Nა-564-შ-18-2026
24 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი - შპს „A. C.“
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ე.ტ.ი.“
განმცხადებლის მოთხოვნა - აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2024 წლის 04 ნოემბრის Nე-2-2(113)-3625/2024 გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2024 წლის 04 ნოემბრის Nე-2-2(113)-3625/2024 დადგენილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე შპს „ე.ტ.ი–ს“ შპს „A. C.“-ს სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულების თანახმად 55 000 აშშ დოლარისა და გადახდის დაგვიანების გამო დარიცხული 2 750 აშშ დოლარის, სულ 57 750 აშშ დოლარის (აზერბაიჯანულ მანათში, გადახდის დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის ოფიციალური კურსის მიხედვით), ასევე, გადახდილი სახელმწიფო მოსაკრებლის ნაწილის - 384 მანათისა და 52 კაპიკის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დადგენილება შესულია კანონიერ ძალაში. შპს „A. C.“-ს წარმომადგენელმა 2026 წლის 10 თებერვალს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ზემოაღნიშნული დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობის ავტორმა ასევე იშუამდგომლა დასახელებული დადგენილების/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე. კერძოდ, მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედოს შპს „ე.ტ.ი–ის“ საბანკო ანგარიშებს საქართველოში რეგისტრირებულ ყველა კომერციულ ბანკში. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ამ დრომდე თავს არიდებს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას; მოძიებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, მის სახელზე არ ირიცხება არცერთი უძრავი ქონება; კომპანიის სხვა აქტივების შესახებ კი, ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი; შუამდგომლობის ავტორს აქვს ობიექტური მოლოდინი, რომ შპს „ე.ტ.ი–ი“ არც მომავალში აღასრულებს გადაწყვეტილებას ნებაყოფლობით და, პირიქით, შეეცდება აღსრულებისათვის თავის არიდებას. შუამდგომლობას ერთვის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.02.2026წ. N23754 ცნობა, რომლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „ე.ტ.ი–ის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთ(ებ)ზე რეგისტრირებული არ არის. ამასთან, შუამდგომლობის ავტორმა იშუამდგომლა შსს მომსახურების სააგენტოდან შპს „ე.ტ.ი–ის“ საკუთრებაში/სარგებლობაში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინებით შპს „A. C.“-ს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია შპს „ე.ტ.ი–ის“ სახელზე რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი სამართლებრივი მდგომარეობის თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2026 წლის 23 თებერვალს შსს მომსახურების სააგენტოს 16.02.2026წ. N MIA 0 26 00538272 წერილით ეცნობა, რომ შსს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შპს „ე.ტ.ი–ის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 11 თებერვლის განჩინებით შპს „A. C.“-ს შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2024 წლის 04 ნოემბრის Nე-2-2(113)-3625/2024 დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2024 წლის 04 ნოემბრის Nე-2-2(113)-3625/2024 გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფისას საქართველოს სასამართლო კომპეტენტურია, თუ უზრუნველყოფის ღონისძიებები საქართველოშია აღსასრულებელი ან საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილი იქნება, თუკი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლი იმგვარად განიმარტება, რომ მისი რეგულირების ქვეშ სარჩელის უზრუნველყოფასთან ერთად უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფასაც ვიგულისხმებთ (იხ. სუსგ საქმე Nა-3226-შ-82-2017,14 ნოემბერი, 2017 წელი). საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი პროცესუალური შედეგის საქართველოს სახელმწიფოს მიერ მარტოოდენ ცნობამ, შესაძლოა, ზოგიერთ შემთხვევაში აზრი დაკარგოს, თუკი მხარე, რომლის სასარგებლოდაც ეს გადაწყვეტილება გამოვიდა, საპროცესო უზრუნველყოფის ბერკეტის გარეშე აღმოჩნდება. შედეგად, ასეთი მხარის კანონიერი უფლებები და ინტერესები მნიშვნელოვნად დაზიანდება, რაც კანონმდებლის ინტერესს ეწინააღმდეგება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს. იმავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომ ინსტანციებში დადგენილი საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად ამ კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფისას XXIII თავით მოწესრიგებული სარჩელის უზრუნველყოფის ნორმების გამოყენებას. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო წარმოება საქართველოს ტერიტორიაზე იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ გადაწყვეტილებას ცნობს და აღსასრულებლად მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამისათვის კი კანონით დადგენილი პროცედურების დაცვაა საჭირო, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს. შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის წარმოებაში მიღებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე, შესაძლებელია, საჭირო გახდეს მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა, რაც სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლისა და ამავე კოდექსის XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად უნდა შესრულდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესოსამართლებრივ გარანტიას. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს საკუთარი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს ამგვარი ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლო დარწმუნდეს კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის აუცილებლობაში. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (იხ. სუსგ საქმე Nას-939-2019, 15 ივლისი, 2019 წელი). იგივე სტანდარტი მოქმედებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაშიც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და აღნიშნავს, რომ სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. სასამართლოს განმარტებით, ეს უფლება არარეალური იქნებოდა, თუ წევრი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივი სისტემა შესაძლებელს გახდიდა ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. მისი თქმით, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს, კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ). სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს; შესაძლოა, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. გადაწყვეტილება აღსრულებადი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებითაც კი ვერ დაკმაყოფილდება მისი სამართლებრივი ინტერესი. თუმცა, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესებიდან. ამგვარი შეფასებისას დაცული უნდა იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. აქედან გამომდინარე, სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს ყოველთვის უნდა შეაფასოს - სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (იხ. სუსგ საქმე Nას-449-431-2016, 07 ივლისი, 2016 წელი). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. სუსგ საქმე Nას-1290-1228-2014, 23 იანვარი, 2015 წელი). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად; იმავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან. მოცემულ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2024 წლის 04 ნოემბრის Nე-2-2(113)-3625/2024 გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ითხოვს საქართველოს ყველა კომერციულ ბანკში მოწინააღმდეგე მხარის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას; აღნიშნული დადგენილებით მოპასუხე შპს „ე.ტ.ი–ს“ შპს „A. C.“-ს სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი სახსრების 55 000 აშშ დოლარის და გადახდის დაგვიანების გამო დარიცხული 2 750 აშშ დოლარის, სულ 57 750 აშშ დოლარისა (აზერბაიჯანულ მანათში, გადახდის დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის ოფიციალური კურსის მიხედვით) და გადახდილი სახელმწიფო მოსაკრებლის ნაწილის - 384 მანათისა და 52 კაპიკის გადახდა. შუამდგომლობის ავტორი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად იმ გარემოებებზე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარე თავს არიდებს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულება, ამასთან, მის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება და არსებობს იმის ობიექტური მოლოდინი, რომ იგი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის თავის არიდებას შეეცდება. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორმა მიუთითა იმ კონკრეტული გარემოებების არსებობის თაობაზე, რომლებიც ადასტურებს ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოში აღსრულებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარდგენილ დოკუმენტებს, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 05.02.2026წ. N23754 ცნობას, რომლის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებზე დაყრდნობით, შპს „ე.ტ.ი–ის“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთ(ებ)ზე რეგისტრირებული არ არის; ასევე, შსს მომსახურების სააგენტოს 16.02.2026წ. N MIA 0 26 00538272 წერილს, რომლის მიხედვით, შსს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შპს „ე.ტ.ი–ის“ სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული. ამრიგად, დასახელებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოპასუხეს რეგისტრირებული უძრავ-მოძრავი ქონება არ გააჩნია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა დამოკიდებულია არა მხოლოდ გადაწყვეტილების ძალაში შესვლაზე, არამედ - მოპასუხის ნებაზეც. მან უნდა განახორციელოს გარკვეული მოქმედება - გადაიხადოს თანხა. ასეთი ნების არარსებობის პირობებში გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა დამოკიდებული ხდება ისეთ მექანიზმზე, როგორიცაა იძულებითი აღსრულება. ასეთ შემთხვევაში, უნდა არსებობდეს საშუალება, საიდანაც (იძულებითი რეალიზაციით) გადაწყვეტილების აღსრულება და კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. სწორედ ამ საშუალების არსებობისა და შენარჩუნებისათვის გარანტიებს ქმნის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელსაც სასამართლო მიმართავს მოსარჩელის განცხადების საფუძველზე. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარებით იზღუდება მოპასუხის ნება, გაასხვისოს ანდა სხვაგვარად დატვირთოს საკუთრება, განკარგოს მის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხა. თუკი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტისათვის არ იარსებებს აქტივი, რომელზედაც შესაძლოა მიექცეს იძულებითი აღსრულება, გადაწყვეტილება იქცევა აღუსრულებელ გადაწყვეტილებად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს წინამდებარე საქმეში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას, თუმცა მხოლოდ აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში. შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორის განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2024 წლის 04 ნოემბრის Nე-2-2(113)-3625/2024 გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ყადაღა დაედოს შპს „ე.ტ.ი–ის“ სახელზე საქართველოში გახსნილ ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებს - 57 750 აშშ დოლარისა და 384,52 მანათის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემლებისა. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 193-ე, 194-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს „A. C.“-ს განცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ ბაქოს კომერციული სასამართლოს 2024 წლის 04 ნოემბრის Nე-2-2(113)-3625/2024 გადაწყვეტილების (დადგენილების) აღსრულების უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ყადაღა დაედოს შპს „ე.ტ.ი–ის“ (ს.ნ. ......) სახელზე საქართველოში გახსნილ ყველა საბანკო ანგარიშზე არსებულ ფულად სახსრებს 57 750 აშშ დოლარისა და 384,52 მანათის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო (საგადასახადო) და სახელფასო გასაცემლებისა; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თავმჯდომარე ლევან ნემსაძე
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
მიხეილ ჯინჯოლია