დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე Nა-5388-შ-117-2025 6 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ბ.ს–ვა
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ს–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2025 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება (99ГИП25749)
დავის საგანი – ბავშვის აღსაზრდელად გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ბ.ს–ვას წარმომადგენელმა 2025 წლის 23 სექტემბერს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2025 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილების (99ГИП25749) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა (მოთხოვნა დაზუსტდა 2025 წლის 25 სექტემბერს)
2. ბ.ს–ვა საქართველოს მოქალაქეა.
3. შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2025 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბ.ს–ვას აღსაზრდელად გადაეცა მისი შვილი ი.ს–ვა. ამ ეტაპზე ბავშვი საქართველოში ცხოვრობს. მამას სურს ბავშვს მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა, რისთვისაც სამოქალაქო რეესტრმა მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა აღიარა განმცხადებლის მოთხოვნა და მხარი დაუჭირა მას.
4. ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2025 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2025 წლის 18 ივნისს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. ბ.ს–ვას წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
8. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი სათანადოდ დამოწმებული ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2025 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილების (99ГИП25749) შესწავლით ირკვევა, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ შეაფასა ბავშვის დედის მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე საკითხი. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ განმცხადებელი არის ბავშვის ერთადერთი კანონიერი წარმომადგენელი, მისი საცხოვრებელი პირობები საშუალებას აძლევს მას, არჩინოს და აღზარდოს შვილი, იმის გათვალისწინებით, რომ მშობელ-შვილის ურთიერთობა არ დაკარგულა, ბავშვის აზრის გათვალისწინებით, მამამ ითხოვა ბავშვი მას გადასცემოდა აღსაზრდელად. ამავე გადაწყვეტილებაშია მითითებული, რომ სასამართლო პროცესში მონაწილე ბავშვის დედა, დაეთანხმა დასახელებულ მოთხოვნებს და სრულად დაუჭირა მათ მხარი. შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2025 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბ.ს–ვას აღსაზრდელად გადაეცა მისი შვილი ი.ს–ვა.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
10. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის (შემდეგში - კონვენცია) პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც მიეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
11. ბელორუსის რესპუბლიკის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უნდა დაადგინოს, დაცულია თუ არა კონვენციით გათვალისწინებული პირობები. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარების, იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
12. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2025 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე, ბ.ს–ვას აღსაზრდელად გადაეცა მისი შვილი ი.ს–ვა. სასამართლო პროცესზე ბავშვის დედა დაეთანხმა და მხარი დაუჭირა ბავშვის მამის მოთხოვნებს. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს კონვენციის 51-ე-52-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს. შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2025 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება ზემომითითებულ ნაწილში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით, ასევე „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ.ს–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ბელარუსის რესპუბლიკის, ქ. მინსკის, პერვომაისკის რაიონის სასამართლოს 2025 წლის 02 ივნისის გადაწყვეტილება (99ГИП25749), ბ.ს–ვასთვის აღსაზრდელად მისი შვილის - ი.ს–ვას გადაცემის თაობაზე.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი