დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-631-2025
5
26 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ბ.ჩ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მოპასუხე)
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბ.ჩ–იამ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ და მოითხოვა:
1.1.1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 12 დეკემბრის N SSA 0 23 00001128 ბრძანების ბათილად ცნობა;
1.1.2. სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სერვის ცენტრში სოციალური აგენტის პოზიციაზე აღდგენა;
1.1.3. 2023 წლის 16 ნოემბრიდან 2023 წლის 12 დეკემბრანდე 1 555 ლარის ოდენობით მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება;
1.1.4. 2023 წლის 12 დეკემბრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე თვეში 1555 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის და მიუღებელი ხელფასის 1 555 ლარის დაყოვნებისათვის ყოველდღიური 0,07%-ის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 31 ივლისის გადწყვეტილებით დასაქმებულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
4.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინებით დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
4.2. სააპელაციო სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
4.2.1. ბ.ჩ–ია უვადო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სერვის ცენტრში სოციალური აგენტის პოზიციაზე (ს.ფ. 24-28).
4.2.2. ბ.ჩ–იას ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ფორმირებისათვის, მიღებული დავალების საფუძველზე, მაძიებელი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დროული შესწავლა-გადამოწმება; ფულადი სოციალური დახმარების საარსებო შემწეობის დანიშვნა, შეჩერება/შეწყვეტის პროცედურების განხორციელება; ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვება; ე.წ. ,,ბაზის გაწმენდის“ სიაში მოხვედრილი, მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების მონაცემების დროული დამუშავება/რეაგირება; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს შინაგანაწესით და მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელება; მარტივი დავალებების შესრულება, რაც გულისხმობდა სპეციალური ფორმის დოკუმენტის ,,ოჯახის დეკლარაციის’’, ,,ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის’’, საარსებო შემწეობის დანიშვნის ფორმის ან წერილობითი აქტის შევსებას (იხ. ს.ფ. 24-30).
4.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის 12 დეკემბრის N SSA 0 23 00001128 ბრძანებით – შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან (სოციალური აგენტი) ბ.ჩ–იასთან საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო შეწყდა შრომითი ხელშეკრულება (40-41).
4.2.4. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტობრივი საფუძველი გახდა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის N217 დასკვნა, რომლის თანახმად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები: 1) პროგრამით გათვალისწინებული მე-6 საკითხი (ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის (ბრძანება) საფუძველზე, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში" რეგისტრირებული ოჯახების მონაცემების კორექტირებების მართლზომიერების შერჩევითი შესწავლა). შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ 2 შემთხვევაში - ბ.ჩ–იას მიერ „ოჯახის დეკლარაციებში“ მონაცემების კორექტირება განხორციელებულია არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ: „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანების მე-9 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლის თანახმადაც: 1. დეკლარაციის „D“ ბლოკის ,,ოჯახის მიწა და სხვა ქონება“, „D1“ პუნქტის – „ფლობთ თუ არა სასოფლო- სამეურნეო დანიშნულებით მიწას (იჯარით აღებულის ჩათვლით)“ შევსებისას იგულისხმება ოჯახის მიერ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული (იჯარით აღებულის ჩათვლით) სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (შესაბამისი წილი), გარდა საოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარე მიწის ნაკვეთისა. სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დეკლარაციაში უნდა დააფიქსიროს სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ მითითებული ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაბამისი წილის (მათ შორის, იჯარით აღებულის ჩათვლით) შესახებ ჰექტრების (ჰა) მითითებით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი/იჯარა არ არის დარეგისტრირებული სსიპ – „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ ჩაიწერება ოჯახის უფლებამოსილი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია ჰექტრების (ჰა) მითითებით. 2. დეკლარაციის „D2“ პუნქტის ,,ჩაწერეთ ოჯახის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (იჯარით აღებულის ჩათვლით) მთლიანი ფართობი”–შევსებისას, მონაცემები უნდა დაფიქსირდეს ჰექტრებში (ჰა) (შემთხვევები დეტალურად ასახულია საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №SSA 0 23 01128028 მოხსენებით ბარათში).
2) პროგრამით გათვალისწინებული მე-8 საკითხი (,,ოჯახის დეკლარაციის შევსებისას წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა NIV-100/ა), ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 22 მაისის N01-14/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ დაავადებათა ჩამონათვალთან“ შესაბამისობის შერჩევითი გადამოწმება) შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ბ.ჩ–იას მიერ 1 შემთხვევაში „ოჯახის დეკლარაციის“ B3- ბლოკში ოჯახის ყველა წევრზე ფიქსირდება მე-5 გრაფა („სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ ამბულატორიულ მკურნალობას“), უნდა ფიქსირდებოდეს მე-6 გრაფა („არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება“).
3) პროგრამით გათვალისწინებული მე-11 საკითხი („სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების „ოჯახის დეკლარაციებში“ დაფიქსირებული არალოგიკური (არასწორი) მონაცემების გამო „ბაზის გაწმენდაში“ მოხვედრილი ინფორმაციის განხორციელებული რეაგირების (სააგენტოს პასუხისმგებელი პირების მიერ) ვადებისა და მართლზომიერების საკითხი): სულ შესწავლილი იქნა „ბაზის გაწმენდის სიაში“ განთავსებული 76 ოჯახის მონაცემი, საიდანაც 46 შემთხვევაში დარღვეული იქნა სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 28 დეკემბრის №02/150 ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზის ფორმირების საქმისწარმოების წესის“ მე-8 მუხლის, მე-3 პუნქტის 3.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები (ყოველკვირეულად, განახლებადი სიის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, სააგენტოს პასუხისმგებელი პირი ახორციელებს „ბაზის გაწმენდის სიაში“ მოცემული ინფორმაციის გადამოწმებას), მათ შორის 2 ოჯახის შემთხვევაში, ვადების დარღვევით შესრულებულმა სამუშაომ გამოიწვია ოჯახებისათვის ფინანსური ზიანის მიყენება (შემთხვევები დეტალურად ასახულია საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №SSA 0 23 01128028 მოხსენებით ბარათში).
4)პროგრამით გათვალისწინებული მე-12 საკითხი (,,დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შერჩევითი გადამოწმება) შემოწმების შედეგად დარღვევა-ნაკლოვანებები გამოვლინდა 1 შემთხვევაში, კერძოდ: ბენეფიციარი ნ.ა–ძე (პ/ნ ..........) (მისამართი: ქალაქი ზუგდიდი, სოფ. ..........), კანონიერი წარმომადგენელი ს.ხ–ია პ/ნ ........ (დედა), „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მონაცემთა ერთიან ბაზაში დაფიქსირებული ინფორმაციის თანახმად ბენეფიციარი ნ.ა–ძის ფაქტობრივ მისამართზე ცხოვრების ფაქტი 2023 წლის ივნისის თვის ჩათვლით დადასტურებული აქვს სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სერვის ცენტრის უფროს სოციალურ აგენტს ბ.ჩ–იას. 2023 წლის 25 ივლის დიზაინის, მონიტორინგისა და შეფასების სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მივლინების ფარგლებში განხორციელებული ვიზიტის დროს, მოხდა შეხვედრა და გასაუბრება კანონიერი წარმომადგენელის მამამთილთან ა.ა–ძესთან, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით (დოკ. N SSA 884369 22.08.2023 წელი) ირკვევა, რომ 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, სოციალურ აგენტს მათ ოჯახში ვიზიტი არ განუხორციელებია. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სერვის ცენტრის უფლებამოსილი პირის - ბ.ჩ–იას (1 შემთხვევა) მხრიდან ადგილი ჰქონდა ზემოთაღნიშნული ოჯახის რეგისტრირებულ მისამართზე ვიზიტის გარეშე ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების ფაქტს (სულ ზედმეტად გაცემული იქნა 1050ლ).
5)პროგრამით გათვალისწინებული მე-13 საკითხი (სააგენტოს უფლებამოსილი პირების, (უფროსი სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სერვის ცენტრში დასაქმებული უფლებამოსილი პირების (უფროსი სოციალური და სოციალური აგენტების) მიერ, სოციალური დახმარების დანიშვნა- გაცემის ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით გადამოწმებულ იქნა, მათ მიერ შესწავლილი (01.12.2020წ.- 01.06.2023წ.) საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 3 შემთხვევაში სოციალური აგენტის ბ.ჩ–იას მხრიდან ადგილი ჰქონდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტებს. (შემთხვევები დეტალურად ასახულია საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №SSA 0 23 01128028 მოხსენებით ბარათში)(ზედმეტად გასული 1020ლ).
6)პროგრამით გათვალისწინებული მე-14 საკითხი (სერვის ცენტრებში შესასრულებელ დავალებებზე (არარეაგირებული მისამართები) მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ვადების დარღვევის მართლზომიერების შესწავლა), შესწავლას დაექვემდებარა 245 ოჯახი, საიდანაც წარმოდგენილი მასალებისა და მონაცემთა ერთიან ბაზასთან დადარების შედეგად დადგინდა, რომ 42 შემთხვევაში - სოციალური აგენტის ბ.ჩ–იას მხრიდან შესასრულებელ დავალებაზე ადგილი აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 28 დეკემბრის N02/150 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას (შემთხვევები დეტალურად ასახულია საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის № SSA 0 23 01128028 მოხსენებით ბარათში).
4.2.5. სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დიზაინის, მონიტორინგის და შეფასების სამმართველოს მიერ შესწავლილი იქნა სოციალური აგენტის ბ.ჩ–იას მიერ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ან/და საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურების განხორციელებისას ზოგიერთ შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტები, რაც იწვევდა არასათანადო გარემოებების საფუძველზე შემდგომში სოციალური შემწეობის მიღებაზე უფლების წარმოშობას და აყალიბებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არასწორად/ზედმეტად გაცემის ფაქტებს. კერძოდ, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სასკოლო ასაკის არასრულწლნოვანი წევრები არ ფიქსირდებიან არც ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სკოლებში) (სულ 11 შემთხვევა). აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციები ასახულია საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დიზაინის, მონიტორინგის და შეფასების სამმართველოს მიერ მომზადებულ მოხსენებით ბარათში: დოკ.NSSA 3 23 01106665-18.10.2023.
დასკვნის თანახმად:
1. ბ.ჩ–ია - ნამდვილად იკავებს სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სერვის ცენტრში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის (სოციალური აგენტი) პოზიციას და ნამდვილად იღებდა ვალდებულებას შეესრულებინა შრომითი ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ფუნქცია - მოვალეობა.
2.ბ.ჩ–იას პირდაპირ სამსახურებრივ მოვალეობებში შედიოდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული, ასევე რეგისტრაციის მაძიებელი ოჯახის მიმართ გასატრებელი „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით, „სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 2 ივნისის №04-155/ო ბრძანებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებით დამტკიცებული “მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნების შესრულება და დაცვა, რის შესახებაც მისთვის კარგად იყო ცნობილი.
3.„სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 2 ივნისის №04-155/ო ბრძანებით დამტკიცებული წესის“ მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სრულყოფილად შესწავლის პროცესი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სააგენტოს უფლებამოსილი პირის უნარ-ჩვევებზე, ინტელექტზე, ზოგად განათლებაზე, ქცევის ნორმებზე, ეთიკაზე და პროფესიულ კვალიფიკაციაზე, თუმცა საკითხის შესწავლის შედეგად გამოვლენილი გარემოებების ერთობლიობის ანალიზით და შეფასებით დგინდება, რომ ბ.ჩ–იას მიერ შესრულებული სამუშაოები, ერთობლიობაში მიუთითებს მისი კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ- ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობაზე, რაც ასევე დასტურდება ბ.ჩ–იას მიერ დაშვებული შეცდომების/გადაცდომების მასიური ხასიათით. სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სერვის ცენტრის სოციალურ აგენტის ბ.ჩ–იას მიერ სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებამ რიგ შემთხვევებში გამოიწვია ბენეფიციარ ოჯახებზე ზედმეტად /არასწორად ფულადი სოციალური დახმარების ჩარიცხვა, რამაც შესწავლილი ოჯახების შემთხვევებში შეადგინა 54 150.00ლარი, ხოლო ბენეფიციარებზე ფინანსურმა ზიანმა - 600 ლარი (ს.ფ. 31-39).
4.2.6. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და განმარტა, რომ მიწის ნაკვეთის ოდენობას ბენეფიციარის მითითების შესაბამისად აღნიშნავდა და თუ მეტობითაა მითითებული მისი ბრალი არ არის. რაც შეეხება ფორმა N100-ს ამ შემთხვევაში მიუხდავად იმისა, რომ მექანიკურად, შეცდომით საშეღავათო პუნქტი შემოხაზა, თანხის გაცემაზე არ უმოქმედია და რაც იყო იგივე თანხები დარჩა. აპელანტმა ასევე განმარტა, რომ მას კონკრეტულად დედისა და ბაშვის ნახვა ევალებოდა, ა.ა–ძე კი ნამდვილად არ უნახავს და არც ევალებიდა მისი ნახვა. რაც შეეხება გენერაციის ვადების დარღვევას, 1 თვის ვადაში 42 ოჯახთან დაკავშირებით შემოწმება ვერ მოახერხა და არ გაუქმებია მათი რეგისრტაცია. დეკლარაციაში ბოლოს იწერება ოჯახის კომუნალური გადასახადები, ბოლო ქულების დათვლის სისტემაში ისე მოხდა, რომ დიდი მნიშვნელობა მიენიჭა კომუნალურ გადასახდებს. რაც უფრო დაბალია გადასახადი, ქულა უფრო დაბალია, ამიტომ ხალხმა მასიურად დაიწყო ქირით გადასვლა გადასახდების თავის არიდების გამო. მას ედავებიან რომ ბავშვები ზუგდიდის სკოლებში არ ფიქსირდებიან, რაც იმას ნიშნავს რომ ისინი რეალურად არ ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში, ამიტომ კომუნალური გადასახადის შესახებ ინფორმაცია არასწორია. აპელანტმა განმარტა, რომ მას არ აქვს უფლება თუ არ ცხოვრობს ოჯახის წევრი მისამართზე დეკლარაციაში დააფიქსიროს, მაგრამ მან მის ხელთ არსებული ინფორმაციით დააფიქსირა. ის, რომ გადაემოწმებინა იმ ტერიტორიის შესაბამისად ბავშვები სკოლაში დადიოდნენ თუ არა, ამ ინფორმაციის გადამოწმების საშულება მას არ ჰონდა და არც ახლა აქვთ. როცა მონაცემები არ ემთხვევა დეკლარაციის მონაცემებს ხდება მისი გასწორება და ხდება ბაზის წმენდა. 600 ლარის რასაც ედავებიან ბენეფიციარებს არ დაუკარგავთ, ოღონდ მიიღეს მოგვიანებით, შესაბამისად ოსინი არ დაზარალებულან. რაც შეეხება 54 150 ლარს ამ თანხის დაბრუნება მოხდა თუ არა მან არ იცის (იხ. სააპელაციო სასართლოს 2025 წლი 16 იანვრის სხდომის ოქმი, აპელანტის განმარტება).
4.2.6. მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო პალატის მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით აღებული ვალდებულებების შესრულებას, სააგენტო და სააგენტოში დასაქმებული თითოეული პირი ვალდებულია განსაკუთრებული პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს, რათა ზიანი არ მიადგეს როგორც საზოგადოების ინტერესებს, სააგენტოს ინტერესებსა და სახელმწიფოს (ბიუჯეტს), ამისთვის კი საჭიროა ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება, რაც გამოიხატება თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და ნორმატიული აქტების დანაწესების ჯეროვნად შესრულებაში. მოცემულ შემთხვევაში კი ბ.ჩ–იას მიერ სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებამ, ასევე სოციალური აგენტისათვის დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნათა უგულებელყოფამ გამოიწვია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა. (იხ. სააპელაციო სასართლოს 2025 წლი 16 იანვრის სხდომის ოქმი, მოწინააღმდეგე მხარის განმარტება).
5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 54-ე, 394.1, 409-ე, ასევე საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ი) 48.8-9 და 54-ე მუხლებიდან. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, შესაბამისად, შესაფასებელი იყო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება.
5.1. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან შრომითი ხელშეკრულებით/შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა დამსაქმებელს.
5.2. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის N217 დასკვნის, ასევე დასაქმებულის ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ დამსაქმებელმა დაადსატურა გამოვლენილი დარღვევები, კერძოდ დასაქმებულის მიერ სამუშაოს არაჯეროვანი შესრულებამ, სოციალური აგენტისთვის დადგენილ საკანონმდებლო მოთხოვნათა უგულებელყოფამ, “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” სისტემატიურად არასწორად, შეცდომით მონაცემების შეტანამ, ზოგიერთ შეთხვევაში გამოიწვია ბენეფიციარ ოჯახებზე ზედმეტად/ არასწორად ფულადი სოციალური დახმარების ჩარიცხვა, რითაც დაზარალდა სახელმწიფო ბიუჯეტი და თავად ბენეფიციარები.
5.3. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაადასტურა ყველა დარღვევა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მიუთითა მათ ტექნიკურ ხასიათზე, ხოლო რიგ შემთხვევებში განმარტა, რომ გარემოებათა გადამოწმების საშუალება არ ჰქონდა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში მისი შეცდომის შედეგად არავინ დაზარალებულა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დასაქმებულმა აღიარა დარღვევები, თუმცა გამორიცხა მისი პასუხისმგებლობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სოციალური აგენტის უფლება-მოვალეობებზე, კერძოდ: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ფორმირებისათვის, მიღებული დავალების საფუძველზე, მაძიებელი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დროული შესწავლა-გადამოწმება; ფულადი სოციალური დახმარების საარსებო შემწეობის დანიშვნა, შეჩერება/შეწყვეტის პროცედურების განხორციელება; ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვება; ე.წ. ,,ბაზის გაწმენდის“ სიაში მოხვედრილი, მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების მონაცემების დროული დამუშავება/რეაგირება; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს შინაგანაწესით და მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელება; მარტივი დავალებების შესრულება, რაც გულისხმობდა სპეციალური ფორმის დოკუმენტის ,,ოჯახის დეკლარაციის’’, ,,ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის’’, საარსებო შემწეობის დანიშვნის ფორმის ან წერილობითი აქტის შევსება.
5.4. ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, თანახმად, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი მალავს სიმართლეს და ,,მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას", სააგენტოს უფლებამოსილ პირს აქვს უფლება ,,ოჯახის დეკლარაციის" ,,F2" გრაფაში (ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმმაციის სანდოობის შეფასება) დააფიქსიროს შესაბამისი აღნიშვნა. ამავე ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოიძიოს ოჯახის შესახებ მისთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან (მაგ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ამ ოჯახის შემადგენლობის, უძრავი ქონების - მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ) და ინტერვიუირების პროცესში შეადაროს იგი ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შეუსაბამობის შემთხვევაში მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს ინფორმაციის უზუსტობის შესახებ.
5.5.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ მოსარჩელის, როგორც სოციალური აგენტის ვალდებულება და ფუნქცია იყო მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი დასტურდება დასაქმებულის სამსახურებრივი უმოქმედობა, დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რამაც გამოიწვია ის დარღვევები რაც შემოწმების შედეგად გამოვლინდა.
5.6.სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევების შედეგობრივი თვალსაზრისით შეფასებისას, მატერიალური ზიანის გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია, დამსაქმებლის მხრიდან ნდობის დაკარგვის ფაქტორი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომები, მათი ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით, სააგენტოს მხრიდან ნდობის დაკარგვის ობიექტურ საფუძველს ქმნიდა, შესაბამისად სასამართლოს შეფასებით, ზემოხსენებული გარემოებები იძლეოდა სშკ-ოს 47-ე მუხლის პირველი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტის შემადგენლობას, რაც მოსარჩელის გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს წარმოადგენდა.
5.7.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გათავისუფლების საფუძვლად დაფიქსირებული ფაქტები ერთობლიობაში მიიჩნია დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევად და მისი სამსახურიდან გათავისუფლება დარღვევის ადეკვატური ღონისძიება იყო, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6. დასაქმებულის საკასაციო საჩივარი
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა დასაქმებულმა, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
6.2. დასაქმებული არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ადგილი არ ჰქონია უხეშ დარღვევას. მისი განმარტებით, არ შეიძლება უხეში დარღვევა იყოს არა ერთი არამედ მასობრივად და წლების მანძილზე ჩადენილი სხვადასხვა დარღვევა, ვინაიდან უხეში დარღვევა იმიტომ მიიჩნევა უხეშად, რომ ჩადენისთანავე ცხადია მისი უხეში ხასიათი.
6.3. დასაქმებულმა მიუთითა საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 88-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, დისციპლინური წარმოება იწყება დისციპლინური გადაცდომის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში, თუ დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან 3 წელი არ არის გასული. განსახილველ შემთხვევაში კი გადაცდომები გამოვლენილია ბევრად ადრე ვიდრე დაიწყო დისციპლინური წარმოება.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით, დასაქმებულის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისთვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
12. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით,14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში (ას-475-2019 15.04. 2021წ.).
15. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რომელიც გამომდინარეობს სშკ-ის 47-ე და 48.8-9 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. დასაქმებულს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენის ან მის ნაცვლად დაკისრებული კომპენსაციის გადახდის გარდა, მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის მიცემული კომპენსაცია) მუხლებიდან, ასევე სსკ-ის 54-ე მუხლი(ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს) .
16. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა შრომითსამართლებრივი ხასიათისაა, რომელიც ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას. სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი პრინციპისაგან განსხვავებით,შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ-ები: N ას-98-94-2016, 26.07.2016წ; N ას-368-2019, 31.07.2019წ; N ას-1350-2019, 27.11.2019 წ; N ას-1061-2021, 18.02.2022წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ; №ას-1441-2023, 12.07.2024წ. ). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.
17. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობა განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. ამ კატეგორიის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შეად. სუსგ-ებს: N ას-922-884-2014, 16.04.2015 წ; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ; N ას-182-171-2017, 27.12.2019წ; N ას-1429-2020, 18.03.2022წ; N ას-456-2021, 22.03.2022წ; N ას-57-2022, 13.04.2022წ.; Nას-1438-2022, 2.02.2023წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ.).
18. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
19. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ-ები:№ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-539-539-2018, 21.12.2018წ.; ას-1276-2022, 6.07.2023წ.; №ას-157-2024 28.05.2024წ.; №ას-175-2022 28.06.2024წ.; №ას-1431-2023, 3.06.2024წ.). მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ-ები: №ას-151-147-2016,19.04.2016წ.; №ას-1304-2020, 11.06.2021წ.; №ას-157-2024 22.07.2024წ.). საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ზემოაღნიშნული საფუძვლით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერების შეფასებისას, არის პროპორციულობისა და გონივრული საფუძვლის პრინციპი. პროპორციულობის, იგივე თანაზომიერების პრინციპი ნიშნავს, რომ კანონის მიზნის მისაღწევად გამოყენებული ღონისძიება უნდა იყოს დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა დამსაქმებლის მიერ დასაშვები უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაუმართლებელია ამ უკანასკნელის უფლების დაცვის სხვა საფუძვლების გამოყენება (იხ. სუსგ Nას-106-101-2014, 02.10.2014 წ.; Nას-1183-1125-2014, 13.02.2015 წ.).
20. საქართველოს სასამართლოების მიერ შრომით დავებთან დაკავშირებულ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ სამსახურიდან პირის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio-ს (გონივრულის საფუძვლის) პრინციპის დაცვას, რომელიც გულისხმობს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებული უნდა იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ დარღვევის ჩადენისას დამსაქმებლის მიერ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს (იხ. სუსგ-ები: Nას-1183-1125-2014, 13.02.2015 წ.; Nას-1276-1216-2014, 18.03.2015 წ.; N ას-127-123-2016, 13.06.2016 წ.; N ას-1121-1080-2016, 10.03.2017წ.; N ას-112501045-2017, 5.12.2017წ.; N ას-1502-1422-2017.20.02.2018წ.; N ას-1223-2018, 2.04.2020წ.; N ას-778-2021, 28.12.2021წ.; N ას468-2021, 23.09.2022წ.; N ას-881-2022, 22.11.2022წ.; N ას521-2023, 20.10.2023წ.; N ას-1078-2022, 26.10.2023წ.; N ას-291-2023, 8.02.2024წ.; N ას-652-2023, 20.03.2024წ.).
21. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტს და მისი გათავისუფლება კანონიერად მოხდა.
22. საქმეში წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 28 ნოემბრის N217 დასკვნა, ასევე კასატორის ახსნა-განმარტებები, რომელთა შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დამსაქმებელმა დაადასტურა დასაქმებულის მხრიდან სამუშაოს არაჯეროვანი შესრულება, სოციალური აგენტისათვის დადგენილი საკანონმდებლო მოთხოვნების უგულებელყოფა, “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” სისტემატიურად არასწორად მონაცემების შეტანით, ბენეფიციარებისთვის ზედმეტად/არასწორად ფულადი სოციალური დარიცხვა, რითაც აზარალებდა როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს ,ისე ბენეფიციარებს.
23. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მიუხედავად დარღვევებისა, ისინი არ ყოფილა უხეში ხასიათის, რაც შეიძლება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი ყოფილიყო.
24. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სოციალური აგენტის უფლება-მოვალეობებზე, კერძოდ - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ ფორმირებისათვის, მიღებული დავალების საფუძველზე, მაძიებელი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დროული შესწავლა-გადამოწმება; ფულადი სოციალური დახმარების საარსებო შემწეობის დანიშვნა, შეჩერება/შეწყვეტის პროცედურების განხორციელება; ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დასადგენად ობიექტური და სუბიექტური ინფორმაციის მოპოვება; ე.წ. ,,ბაზის გაწმენდის“ სიაში მოხვედრილი, მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების მონაცემების დროული დამუშავება/რეაგირება; საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს დებულებით, სააგენტოს შინაგანაწესით და მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების განხორციელება; მარტივი დავალებების შესრულება, რაც გულისხმობდა სპეციალური ფორმის დოკუმენტის ,,ოჯახის დეკლარაციის’’, ,,ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების შეწყვეტის შესახებ ოქმის’’, საარსებო შემწეობის დანიშვნის ფორმის ან წერილობითი აქტის შევსება. ასევე, ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის, თანახმად, თუ ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი მალავს სიმართლეს და ,,მოწოდებული ინფორმაცია საჭიროებს დამატებით გადამოწმებას", სააგენტოს უფლებამოსილ პირს აქვს უფლება ,,ოჯახის დეკლარაციის" ,,F2" გრაფაში (ოჯახის მიერ მოწოდებული ინფორმმაციის სანდოობის შეფასება) დააფიქსიროს შესაბამისი აღნიშვნა. ამავე ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ოჯახის დეკლარაციის შევსებამდე, სააგენტოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს მოიძიოს ოჯახის შესახებ მისთვის საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი წყაროდან (მაგ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ამ ოჯახის შემადგენლობის, უძრავი ქონების - მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შესახებ) და ინტერვიუირების პროცესში შეადაროს იგი ოჯახის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. შეუსაბამობის შემთხვევაში მიუთითოს ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ინფორმაციის უზუსტობის შესახებ.ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის როგორც სოციალური აგენტის ვალდებულებას წარმოადგენდა მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ დასაქმებული მასზე დაკისრებულ მოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებდა, რამაც გამოიწვია შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები. საქმეში წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, დასაქმებულმა 2 შემთხვევაში “ოჯახის დეკლარაციებში” მონაცემების კორექტირება განახორციელა არსებული კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, 1 შემთხვევაში “ოჯახის დეკლარაციის” B3 ბლოკში ოჯახის ყველა წევრზე დაფიქსირდა მე-5 გრაფა (“სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ /ამბულატორიულ მკურნალობას”), უნდა ფიქსირდებოდეს მე-6 გრაფა (არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიას არ მიეკუთვნება). ასევე, 76 ოჯახიდან, 46 შემთხვევაში დარღვეულია სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 28 დეკემბრის №02/150 ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზის ფორმირების საქმისწარმოების წესის“ მე-8 მუხლის, მე-3 პუნქტის 3.2 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები (ყოველკვირეულად, განახლებადი სიის მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, სააგენტოს პასუხისმგებელი პირი ახორციელებს „ბაზის გაწმენდის სიაში“ მოცემული ინფორმაციის გადამოწმებას), მათ შორის 2 ოჯახის შემთხვევაში, ვადების დარღვევით შესრულებულმა სამუშაომ გამოიწვია ოჯახებისათვის ფინანსური ზიანის მიყენება (შემთხვევები დეტალურად ასახულია საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №SSA 0 23 01128028 მოხსენებით ბარათში). შემოწმების შედეგად დარღვევა-ნაკლოვანებები გამოვლინდა 1 შემთხვევაში, კერძოდ: „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“ მონაცემთა ერთიან ბაზაში დაფიქსირებული ინფორმაციის თანახმად, ბენეფიციარი ნ.ა–ძე ფაქტობრივ მისამართზე ცხოვრების ფაქტი 2023 წლის ივნისის თვის ჩათვლით დადასტურებული აქვს სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სერვის ცენტრის უფროს სოციალურ აგენტს ბ.ჩ–იას. 2023 წლის 25 ივლისს დიზაინის, მონიტორინგისა და შეფასების სამმართველოს თანამშრომლების მიერ, მივლინების ფარგლებში განხორციელებული ვიზიტის დროს, მოხდა შეხვედრა და გასაუბრება კანონიერი წარმომადგენელის მამამთილთან ა.ა–ძესთან, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით (დოკ. N SSA 884369 22.08.2023 წელი) ირკვევა, რომ 2022 წლის ნოემბრის შემდეგ, სოციალურ აგენტს მათ ოჯახში ვიზიტი არ განუხორციელებია. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა სააგენტოს სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონალურ სერვის ცენტრის უფლებამოსილი პირის - ბ.ჩ–იას მხრიდან, ადგილი ჰქონდა ზემოთაღნიშნული ოჯახის რეგისტრირებულ მისამართზე, ვიზიტის გარეშე, ფაქტობრივი ცხოვრების დადასტურების ფაქტს (სულ ზედმეტად გაცემული იქნა 1050ლ). სააგენტოს უფლებამოსილი პირების, მიერ, სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემის ინსტრუქციით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების სისწორის დადგენის მიზნით გადამოწმებულ იქნა. (01.12.2020წ.-01.06.2023წ.) საკითხის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ 3 შემთხვევაში სოციალური აგენტის ბ.ჩ–იას მხრიდან ადგილი ჰქონდა „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტებს. (შემთხვევები დეტალურად ასახულია საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის №SSA 0 23 01128028 მოხსენებით ბარათში)(ზედმეტად გასული 1020ლ). შესწავლილი 245 ოჯახიდან, წარმოდგენილი მასალებისა და მონაცემთა ერთიან ბაზასთან დადარების შედეგად დადგინდა, რომ 42 შემთხვევაში - სოციალური აგენტის ბ.ჩ–იას მხრიდან შესასრულებელ დავალებაზე ადგილი აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2007 წლის 28 დეკემბრის N02/150 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევას (შემთხვევები დეტალურად ასახულია საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის 2023 წლის 24 ოქტომბრის № SSA 0 23 01128028 მოხსენებით ბარათში). გარდა ზემოაღნიშნულისა, სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დიზაინის, მონიტორინგის და შეფასების სამმართველოს მიერ შესწავლილი იქნა სოციალური აგენტის ბ.ჩ–იას მიერ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ან/და საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცედურების განხორციელებისას ზოგიერთ შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ფაქტები, რაც იწვევდა არასათანადო გარემოებების საფუძველზე შემდგომში სოციალური შემწეოების მიღებაზე უფლების წარმოშობას და აყალიბებდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების არასწორად/ზედმეტად გაცემის ფაქტებს. კერძოდ, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ოჯახები, რომელთა სასკოლო ასაკის არასრულწლნოვანი წევრები არ ფიქსირდებიან არც ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში (სკოლებში) (სულ 11 შემთხვევა). აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციები ასახულია საერთაშორისო ურთიერთობების და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დიზაინის, მონიტორინგის და შეფასების სამმართველოს მიერ მომზადებულ მოხსენებით ბარათში: დოკ.NSSA 3 23 01106665-18.10.2023.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით ადგილი ჰქონდა დასაქმებულის მხრიდან ისეთი ხასიათის უხეშ გადაცდომას, რაც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება ყოფილიყო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკით შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევა რამდენად არის „უხეში“, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საგანია, რა დროსაც მხედველობაში მიიღება საქმის ფაქტობრივი გარემოებები. როგორც წესი, უხეშ დარღვევად ფასდება ისეთი მძიმე გადაცდომა, რაც მიწანშეუწონელს ხდის დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელებას და არ არსებობს დასაქმებულისგან გასამართლებელი პასუხის იაუცილებლობა (იხ. სუსგ-ები: №ას-816-782-2016, 6.12.2016 წ.; Nას-128-2018, 15.02.2019წ.; Nას-146-2023, 11.04.2023წ.; Nას-503-2023, 13.06.2023წ.; Nას-1392-2023, 25.01.2024წ.;) საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევის შედეგობრივი თვალსაზრისით შეფასებისას, მატერიალური ზიანის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მხრიდან ნდობის დაკარგვის ფაქტორი. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ერთმნიშვნელოვნად იწვევს მხარეთა შორის ნდობის დაკარგვას, დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერ საფუძველს წარმოუშობს, რაც დასაქმებულის აღდგენას თავისთავად გამორიცხავს (იხ. სუსგ-ები: N ას-557-2021, 24.03.2022წ.; Nას-132-2021, 31.10.2022 წ.). საკასაციო სასამართლო, მისსავე განმარტებას მოიხმობს, რომ შრომითი ვალდებულების დარღვევის ჩადენის სიმძიმის გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი შეფასება შედეგობრივი თვალსაზრისით, რათა დადგინდეს, თანაზომიერი იყო თუ არა დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის მხრიდან დარღვევის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტა. თუმცა, დარღვევა, რომლის შედეგი ნდობის დაკარგვაა, არანაკლები მნიშვნელობისაა, ვიდრე მატერიალური ზიანი. დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევის ხარისხის შეფასებისას, მნიშვნელოვანია ის მაღალი პოტენციური საფრთხე, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს პროფესიულ ვალდებულებათა მიმართ გულგრილ დამოკიდებულებასა და პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობას (იხ. სუსგ- N ას-557-2021, 24.03.2022წ.).
26. ამასთან, დამსაქმებელთა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ვალდებულებები მოქალაქეების მიმართ, საკმარისი საფუძველია, რათა მოსარჩელის/დასაქმებულის მიერ ჩადენილი დარღვევები შეფასდეს, როგორც არსებითი, მნიშვნელოვანი და დამსაქმებლისთვის საზიანო. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ქმედებების, დარღვევის ხასიათის, სიმძიმისა და შედეგის გათვალისწინებით, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დასაშვები, აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებაა. დასაქმებულის ამგვარი საქციელი დამსაქმებელს ნდობას უკარგავს მუშაკის მიმართ. საქმეზე შესატყვისი მტკიცებულებებით დადგენილი დასაქმებულის ქმედებები არ წარმოადგენს ისეთ დარღვევას, რომელიც დამსაქმებლის მხრიდან გამაფრთხილებელი ზომის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოსწორდეს იმგვარად, რომ დამსაქმებელმა არ დაკარგოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ინტერესი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დამსაქმებლის მხრიდან ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენება გამორიცხული იყო და, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დასაბუთებლად მოხდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და სამსახურიდან გათავისუფლება (შეად. ანალოგიურ საქმეებზე კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე არსებული განმარტებებს, სუსგ-ებს: N ას-199-2019, 12.04.2019წ.; N ას-1067-2018, 8.04.2020წ.; N ას-693-2020, 30.11.2020წ.; N ას-640-2020, 21.12.20202წ.; N ას-48-2021, 23.-4.2021წ.; N ას-557-2021, 24.03.2022წ.; N ას-404-2022, 13.10.2022წ.; N ას-1156-2022, 24.11.2022წ.; N ას-961-2022 28.04.2023წ.; N ას-1392-2023, 25.01.2024წ.).
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერია, არ არსებობს მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის და პირგასამტეხლოს დაკისრების, როგორც არამართლზომიერი გადაწყვეტილების გაუქმების თანმდევი შედეგის, საფუძველი.
29. უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ჩ–იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ბ.ჩ–იას (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს კ.კ–ას (პ/ნ ...........) მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“, 2025 წლის 2 ივნისს, საგადასახადო დავალებით N8033 გადახდილი 300 ლარის 70 % - 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი