დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 26.02.2026
საქმის ნომერი
ას-1086-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1086-2025 26 თებერვალი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე),არჩილ კოჭლამაზაშვილი (მომხსენებელი),მირანდა ერემაძე

კასატორი – ნ.გ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისია, ნ.დ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების უარყოფა. პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 2018 წლის 1 ოქტომბერს, ნ.გ–ძემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და ნ.დ–ძის მიმართ, მოითხოვა ნ.დ–ძეს (შ–ს) დაევალოს წერილობით უარყოს ადვოკატთა ასოციაციაში, მის მიერ წერილობით დაფიქსირებული ფაქტი: თითქოსდა მისი და მისი შვილების მოკვლის საშიშროება არსებობდა ნ.გ–ძის მხრიდან; მოპასუხე ნ.დ–ძეს (შ–ს) და ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მოსარჩელე ნ.გ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით.

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის პოზიციით, მოსარჩელის მოთხოვნა არ ექვემდებარება საქალაქო სასამართლოს კომპეტენციას. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შეფასებით, ვინაიდან ადვოკატ ნ.გ–ძის სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება ეთიკის კომისიის წევრების მიერ საჩივრის გამოკვლევის პროცესში განხორციელებულ ქმედებებს, მოცემული დავის განხილვისთვის კომპეტენტური ორგანოა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა.

2.2. მოპასუხე ნ.დ–ძემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ეთიკის კომისიაში წარდგენილი საჩივარი არ ყოფილა არც შურისძიება და არც სადამსჯელო ღონისძიების გამოყენების მოთხოვნა, ეს იყო იმ პროცესების გამოძახილი, რამაც აიძულა ეთიკის კომისიისთვის მიემართა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.გ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელის სააპელციო საჩივარი

4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მსჯელობა

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

5.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ადვოკატი ნ.გ–ძე ნ.დ–ძის (შ–ის) ყოფილი მეუღლის ი. შ–ის ინტერესებს წარმოადგენდა განქორწინებისა და ქონების გაყოფის სამოქალაქო საქმეზე.

5.3. მხარეები ადასტურებენ და არ არის სადავო, რომ ადვოკატ ნ.გ–ძეს და ნ.დ–ძეს შორის არსებობდა წერილობითი, სატელეფონო და პირადი კომუნიკაცია.

5.4. ნ. შ–მა (ამჟამად დ–ძემ) 2018 წლის 23 ივლისს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა განცხადებით, სადაც მითითებულია: „ვარ განქორწინებული ჩემს ყოფილ მეუღლესთან ი. შ–თან 2016 წლის 25 აგვისტოდან. სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენს შორის საქმე დამთავრა მორიგებით. დღემდე არ ასრულებს ი. შ–ი გადაწყვეტილებას და არ მიხდის ალიმენტს. ი. შ–ს ჰყავს ადვოკატი ნ.გ–ძე, რომელიც მთელი ამ დროის მანძილზე მაყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფებს. მაბრალებს, თითქოს მე ვაქირავებ იმ ბინას, რომელიც მორიგების თანახმად, ჩემს განკარგულებაშია, ვიდრე ი. შ–ი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. ნ.გ–ძემ არაერთი სარჩელი შეიტანა სასამართლოში ი. შ–ის სახელით, რომლებიც დღემდე განხილვის სტადიაშია. მიუხედავად ამისა, იგი არ იშლის ჩემს შეურაცხყოფას და მუქარას, რომელიც მისი მხრიდან უკვე სისტემატური გახდა. ერთ- ერთ ასეთ მუქარას მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა 2018 წლის 21 ივლისს ღამის საათებში, რაც განახორციელა წერილობითი შეტყობინებით. მიმაჩნია, რომ ი. შ–ის ადვოკატს ნ.გ–ძეს არ აქვს უფლება მომაყენოს შეურაცხყოფა და მემუქრებოდეს იმ ბინაში მოსვლით პოლიციის თანხმლებით, რომელშიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ვცხოვრობ შვილებთან ერთად. წარმოგიდგენთ ნ.გ–ძის მიერ მუქარებს ჩემს ტელეფონში განხორციელებულ წერილობით შეტყობინებებს. მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და მეშინია ადამიანი, რომელიც მემუქრება ჩემს საცხოვრებელ ბინაში მოსვლით და სიცოცხლის მოსპობით არაფერი ავნოს ჩემს შვილებს. მიმაჩნია, რომ ეს ქალი არის ფსიქიკურად შერყეული. გთხოვთ მიიღოთ ნ.გ–ძის მიმართ კანონით დადგენილი ზომები. ასევე შემიძლია წარმოვადგინო ჩემს ტელეფონში მისი ზარების ამონაწერი, ხშირად მირეკავდა და მემუქრებოდა.“

5.5. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2018 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ადვოკატ ნ.გ–ძის მიმართ აღიძრა დისციპლინარული დევნა, რასაც საფუძვლად დაედო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: „საჩივრის ავტორის ნ. შ–ის (ამჟამად დ–ძე) განცხადებით, ნ.გ–ძე იყო საჩივრის ავტორის ყოფილი მეუღლის ი. შ–ის ადვოკატი განქორწინებისა და ქონების გაყოფის საქმეზე. სამოქალაქო საქმეების პარალელურად ი. შ–ზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე ოჯახში ძალადობის ფაქტზე. სადაც ნ. შ–ს ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი. ადვოკატმა ნ.გ–ძემ ნ. შ–ს მიწერა, რომ ყოფილი მეუღლე იმ შემთხვევაში გადაუხდიდა ალიმენტს შვილებს, თუ თვითონ და თავისი მოწმეები სასამართლოს მისცემდნენ ჩვენებას ი. შ–ის სასარგებლოდ, რაზეც მომჩივანმა უარი განაცხადა. მომჩივანსა და ადვოკატ ნ.გ–ძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც ადვოკატმა შესთავაზა ახალ მორიგების პირობებზე დათანხმება. ადვოკატი ნ.გ–ძე დაუკავშირდა ნ. შ–ს და დააბრალა, რომ ბინას, რომელშიც მხოლოდ ცხოვრების უფლება ჰქონდა, აქირავებდა უკანონოდ და დაემუქრა პოლიციის ეკიპაჟის გამოძახებით, ასევე უთხრა, რომ „მივიდოდა მასთან აღმასრულებელთან ერთად და მის სტუმრებს დააგორებდა კიბეზე“. საჩივრის ავტორის - ნ. შ–ის აზრით, ადვოკატი ნ.გ–ძე არის „ფსიქიკურად შერყეული“. სისტემატურად ემუქრება მას სახლში მისვლით და სიცოცხლის მოსპობით. ამდენად, რადგან საჩივრის ავტორი აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მას გააჩნია საფუძვლიანი შიში იმისა, რომ შესაძლოა, მის შვილებს რაიმე ზიანი მიადგეთ ადვოკატის ქმედებების შედეგად“.

5.6. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ადვოკატი ნ.გ–ძე ცნობილია ბრალეულად „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ შესაბამისი ნორმების დარღვევაში, რისთვისაც მას „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 34.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი გაფრთხილება. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულიია ნ.გ–ძის მიერ.

5.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე Nსსდ-18-19), ადვოკატ ნ.გ–ძის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 30 იანვრის N097/18 გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ეთიკის კომისიას, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ ეთიკის კომისია გადაწყვეტილების მიღებისას, შემოიფარგლა მხოლოდ მომჩივნის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე მითითებით ისე, რომ არ გამოუკვლევია ამ მტკიცებულებათა ნამდვილობა და არ უმსჯელია, თუ რა უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობითაა მიღებული გადაწყვეტილება. სადისციპლინო პალატის განმარტებით, ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

5.8. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2022 წლის 23 თებერვლის N297/18 გადაწყვეტილებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, კომისიამ იხელმძღვანელა ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის 34.1“ა“ მუხლით, ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულების 33-ე, 35-ე მუხლებით და დისციპლინურ საქმეზე N097/18 ადვოკატ ნ.გ–ძის მიმართ დადგინდა დისციპლინური გადაცდომა, დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმად განისაზღვრა გაფრთხილება. აღნიშნული გადაწყვეტილება კვლავ გაასაჩივრა მოსარჩელემ.

5.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2022 წლის 14 აპრილის Nსსდ-01-22 გადაწყვეტილებით, ადვოკატ ნ.გ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2022 წლის 23 თებერვლის N297/18 გადაწყვეტილება. იმავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ: - ადვოკატ ნ.გ–ძესა და ნ. შ–ს შორის არსებობდა წერილობითი, სატელეფონო და პირადი კომუნიკაცია. - ადვოკატი ნ.გ–ძე ნ. შ–ს უკავშირდებოდა მისი ადვოკატის - თ.ი–ძის გვერდის ავლით; - წარმოდგენილი ოქმით (F21001580) ფაქტების კონსტატაციის შესახებ, ასევე დადგენილია, რომ ნ. შ–თან კომუნიკაციისას ადვოკატმა ნ.გ–ძემ „Facebook Messenger“-ით კომუნიკაციისას გამოიყენა ფრაზები: „უცოდინარობა და უტვინობაა“, „სულელური ქცევით უფრო მეტს დაკარგავ ვიდრე მოიგებ“, იმაზე სულელი ყოფილხარ, ვიდრე მეგონე“.

5.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ნ.გ–ძის მიერ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-9 მუხლის მეოთხე ნაწილისა და მე-10 მუხლის მეოთხე ნაწილის დარღვევის ფაქტი, არ დაეთანხმა საჩივრის ავტორის მოსაზრებას და გადაწყვეტილების გაუქმების მითითებულ საფუძვლებს.

5.11. ადვოკატმა ნ.გ–ძემ 2018 წლის 1 ოქტომბერს მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ეთიკის კომისიას, ეთიკის კომისიის წევრების მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების მოთხოვნით. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ეთიკის კომისიის 2018 წლის 6 ნოემბრის N138/18 გადაწყვეტილებით, დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ, დისციპლინურ საქმეზე N138/18 ეთიკის კომისიის მეოთხე დისციპლინური კოლეგიის წევრების მიმართ შეწყდა დისციპლინური წარმოება.

5.12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო იყო აპელანტის მითითება, რომ იგი „დადანაშაულებულ“ იქნა „სიცოცხლის მოსპობის მუქარაში“. სააპელაციო საასმართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ საქმე თავიდან განსახილველად იმ საფუძვლით დააბრუნა ეთიკის კომისიაში, რომ არ გაიზიარა ეთიკის კომისიის მიერ მტკიცების ტვირთის განაწილების წესი. ეთიკის კომისიაში წარმოება გაგრძელდა და 2022 წლიის 23 თებერვალს, ადვოკატ ნ.გ–ძეს დაეკისრა დისციპლინური სახდელი. ნ.გ–ძემ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მეორედ გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, იმ არგუმენტებზე მითითებით, რაც სააპელაციო საჩივრითაა წარმოდგენილი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ 14.04.2022 წლის გადაწყვეტილებით, არ დააკმაყოფილა ნ.გ–ძის საჩივარი და ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ნ. შ–ის საქმეზე დატოვა უცვლელი. ნ.გ–ძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მიუთითა, რომ არ ხდის სადავოდ გაფრთხილების შესახებ დისციპლინურ სახდელს, მისი პრეტენზია შეეხება სადისციპლინო კომისიის მიერ საკითხის განხილვის ფორმატს, რომელიც მისთვის შეურაცხმყოფელი იყო.

5.13. აპელანტი მიუთითებს ნ.დ–ძის მიერ ეთიკის კომისიაში წარდგენილ საჩივარში მითითებულ ფრაზებზე („მყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და მეშინია ადამიანი, რომელიც მემუქრება ჩემს საცხოვრებელ ბინაში მოსვლით და სიცოცხლის მოსპობით, არაფერი ავნოს ჩემს შვილებს. მიმაჩნია, რომ ეს ქალი არის ფსიქიკურად შერყეული“) და მოითხოვს, რომ მოპასუხე ნ. შ–მა უარყოს მის მიერ მითითებული აღნიშნული ინფორმაცია. ამ კონტექსტში სააპელაციო პალატის შესაფასებელია საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული ინფორმაცია არის თუ არა მოსარჩელის სსკ-ის მე-18 მუხლითა და „სიტყვისა და გამოხატვისა თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაცულ სფეროში იმგვარი ჩარევა, რასაც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მოჰყვება.

5.14. სააპელაციო სასამართლომ განმარტა საჩივარში მოპასუხის მიერ გამოთქმული სადავო ფრაზები (ყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და მეშინია ადამიანი, რომელიც მემუქრება ჩემს საცხოვრებელ ბინაში მოსვლით და სიცოცხლის მოსპობით არაფერი ავნოს ჩემს შვილებს), წარმოადგენს შეხედულების გამოხატვას, რომელიც ასახავს ადვოკატ ნ.გ–ძის მიერ ნ.დ–ძისთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებებით გამოწვეული ინდივიდუალურ შეგრძნებას (მოსალოდნელ ალბათობას) და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს. თავად წერილობით შეტყობინებებში გამოხატული ნ.გ–ძის დამოკიდებულება კი (რომელიც უტყუარად დადასტურდა საქმეში წარმოდგენილი მიმოწერის ამსახველი დოკუმენტით) ადვოკატის ეთიკის დარღვევის დადგენისა და დისციპლინური პასუხისმგებობის საფუძველი გახდა, რაც ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებით და წინამდებარე სარჩელის ფარგლებში, მათ შორის სააპელაციო სასამართლო განხილვის დროს, სადავო არ ყოფილა ნ.გ–ძის მხრიდან.

5.15. აპელანტის მხრიდან ასევე სადავოა ჰქონდა თუ არა ადგილი ეთიკის კომისიის მხრიდან საჩივრის განხილვის დროს ისეთ ქმედებებს, რამაც მოსარჩელის პატივისა და ღირსების შელახვა გამოიწვია. მომჩივანი მიუთითებს, რომ მის მიმართ დასმულ შეკითხვებს გააჩნდათ შეურაცხმყოფელი ფორმულირება, რითაც შეილახა მისი პატიცი და ღირსება. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო იზიარებს ეთიკის კომისიის წარმომადგენლის პოზიციას და მიაჩნია, რომ დისციპლინური წარმოების ფარგლებში, ეთიკის კომისიის მიერ ადვოკატისთვის დასმული შეკითხვები მიზნად ისახავდა ნ. შ–ის საჩივარში მითითებული და დისციპლინური წარმოების პროცესში გამოვლენილი პრეტენზიების გამოკვლევას. ეთიკის კომისიის წევრების მიერ ფაქტების გამოკვლევის პროცესში, ადვოკატისთვის დასმული შეკითხვების შინაარსი უშუალოდ ეხებოდა საჩივარში დაფიქსირებული ფაქტების კვლევას და არ შეიცავდა ისეთ ფორმულირებებს, რითაც შესაძლოა შელახულიყო ადვოკატის პატივი და ღირსება. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სხვაგვარი მიდგომა (შეკითხვების დასმის შეუძლებლობა იმ პირისთვის, ვის მიმართაც საჩივრის პრეტენზიაა წარდგენილი) შეუძლებელს გახდიდა, ნებისმიერი საჩივრის წარდგენისა თუ განხილვის პროცესს. ეთიკის კომისიისთვის საჩივრით მიმართვის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერს პირს აქვს უფლება ადვოკატის მიმართ ჰქონდეს საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო პრეტენზია, რაც არ უნდა შეფასდეს ადვოკატის პატივისა და ღირსების შელახვად, ცილისწამებად ან/და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად. ეთიკის კომისია პროფესიული გაერთიანებისა და საზოგადოების წინაშე დაკისრებული პროფესიული და ზნეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, „ამოწმებს ადვოკატის შესახებ შემოსულ ინფორმაციას, სწავლობს მის საფუძვლიანობას და წყვეტს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს („ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-10 პუნქტი). საჩივარი თავისი არსით ნიშნავს, რომ მასში მითითებული ფაქტები არის სადავო და ამ ფაქტების გამოკვლევის პროცესი, ადვოკატისთვის შეკითხვების დასმა არ უნდა შეფასდეს მისი პატივისა და ღირსების შელახვად ან/და უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად. მეტიც, ადვოკატი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს ახსნა-განმარტება მის წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარში მითითებული პრეტენზიების პასუხად („ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ“ დებულების მე-14 მუხლის მე-2 ნაწილი).

5.16. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ გაიზიარა ეთიკის კომისიის დასაბუთება და არ დააკმაყოფილა ნ.გ–ძის საჩივარი. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ეთიკის კომისიის მხრიდან ადვოკატ ნ.გ–ძის უფლების დარღვევის ფაქტი არ დადგინდა. აპელანტის უფლებების დარღვევისა და მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი არც გასაჩივრებული გადაწყვეტილებითაა დადგენილი. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ არ დასტურდება მოპასუხეების მხრიდან მოსარჩელის უფლებების შელახვისა და მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, რომ არ შელახულა ადვოკატ ნ.გ–ძის ღირსება, პატივი და საქმიანი რეპუტაცია, რასაც სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოც.

5.17. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, მოპასუხეებისთვის მორალური ზიანის სახით 3 000 ლარის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე და სსკ-ის 394-412-413-ე მუხლებზე მითითებით, განმარტავს, რომ მხარემ მხოლოდ მაშინ შეიძლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ მოვალის მიერ დარღვეულია რაიმე ვალდებულება, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამასთან არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. აღნიშნული დანაწესებით დაცული არამატერიალური სიკეთე სულიერი შეგრძნებების გავლით მიყენებულ ზიანს გულისხმობს, რომელიც ნეგატიურ ცვლილებებს იწვევს ადამიანის ორგანიზმში და ასეთი ზიანის არსებობის დამტკიცება, წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. მორალური ზიანისთვის პასუხისმგებლობის საფუძველს თვით ზიანის ფაქტი წარმოადგენს, რომელიც გამოწვეულია ზიანის მიმყენებლის ბრალეული არამართლზომიერი მოქმედებით ან უმოქმედობით; ამასთან აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი არამართლზომიერ ქმედებასა და მორალურ ზიანს შორის.

5.18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მოპასუხეების მხრიდან მოსარჩელის მიმართ ბრალეული ქმედება და ამ ქმედებით მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი არ დასტურდება, აპელანტმა საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ მიუთითა, თუ რა მატერიალური და მორალური ზიანი მიადგა მას (აპელანტი მიუთითებს, რომ ზიანი თავიდან არიდებულ იქნა სადისციპლინო პალატაში მის მიერ საჩივრის წარდგენის გამო ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებით გამოუქვეყნებლობით). მოსარჩელის ზოგადი მითითებები იმის შესახებ, რომ: ეთიკის კომისიის მიერ საქმის კვლევისას, მას უკიდურესად შეურაცხმყოფელი შეკითხვების მოსმენა უხდებოდა და მოპასუხე ნ.დ–ძემ სიცოცხლის მოსპობის მუქარაში დაადანაშაულა, არ შეიძლება გახდეს მორალური ზიანის დაკისრების საფუძველი, მით უფრო, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ არის დადასტურებული და ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოდ ძალაში დარჩა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნა მოპასუხეებზე მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

5.19. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ წარდგენილი მტკიცებულებებით, სათანადოდ ვერ დაადასტურა მოპასუხეთა მხრიდან პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელებისა და მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, სააპელაციო საჩივარში მოყვანილი მსჯელობა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძველს არ ქმნის და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.2. კასატორის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს და არ იმსჯელეს მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე.

6.3. კასატორს, მოპასუხე ადანაშაულებდა სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, რაც არ გამოუკვლევია ეთიკის კომისიას ისე მიიღო სადავო გადაწყვეტილება.

6.4. კასატორის განმარტებით, მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივარი ეთიკის კომისიაში, და მეორე მოპასუხის - ეთიკის კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, წარმოადგენს განგრძობითი ხასიათის მორალური ზიანის მიმყენებლ ფაქტს, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაევალოთ მის მიმართ დამდგარი მორალური ზიანის ანაზღაურება.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 1 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, ხოლო 2026 წლის 23 თებერვლის განჩინებით დასაშვებადაა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შემოწმების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მოსარჩელის საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით კასატორს ასეთი დასაბუთებული საკასაციო შედავება არ აქვს წარმოდგენილი.

10. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც საკასაციო პრეტენზიის არსებითად განხილვის ეტაპზე, საკასაციო საჩივრის უარყოფისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორედ ამ ფარგლებში არსებითად განიხილავს და ამოწმებს საკასაციო პრეტენზიის დასაბუთებულობას (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ამასთან, მიაჩნია, რომ არ ვლინდება სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).

12. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და, აქედან გამომდინარე, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი სავსებით მართებულად არის განსაზღვრული, რაც სსკ-ის მე-18 მუხლით და სპეციალური კანონის მოწესრიგების საფუძველზე სწორად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ, რასაც საკასაციო სასამართლო ეთანხმება. სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირი აზრის გამოხატვისა და გავრცელების დროს დაცულია სპეციალური კანონით; საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლი ამავე გარანტიას ადგენს; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის კონვენციის მე-10 მუხლით ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 153-ე მუხლი განსაზღვრავს სიტყვის თავისუფლების ხელყოფის სამართლებრივ შედეგებს.

14. სსკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით: „პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან“, მესამე ნაწილით “თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს ამავე საშუალებებით. თუ ამგვარ მონაცემებს შეიცავს ორგანიზაციის მიერ გაცემული საბუთი, მაშინ ეს საბუთი უნდა შეიცვალოს და ამის შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ პირებს“. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გათვალისწინებით შესაფასებელია შეიცავდა თუ არა მოპასუხის განცხადებები მოსარჩელის შესახებ არსებითად მხდარ ფაქტს და მიადგა თუ არა აღნიშნულით მოსარჩელეს ზიანი.

16. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისთვის სახელის გამტეხი განცხადება. ამდენად, იმისათვის, რომ სასამართლოს გზით განხორციელდეს პირის საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების დაცვა, აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: - არსებითად მცდარი ფაქტის (ფაქტების) გავრცელება, რომელიც მტკიცებას ექვემდებარება; - გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შეუსაბამობა ანუ შესაძლებელია ფაქტების საწინააღმდეგოს დამტკიცება; - განცხადების გავრცელების შედეგად პირს ადგება ზიანი ან/და იგი იწვევს მის პატივისა და ღირსების შელახვას.

17. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს, გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შეეფასებინა, ხოლო, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია რამდენად სწორად გამოარკვია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის გამონათქვამები - წარმოადგენდა აზრს, თუ არსებითად მცდარ ფაქტებს. მათ შორის განსხვავების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ „აზრის თავისუფლება“ მიჩნეულია კერძო საკითხად, რომელიც გონების სფეროს მიეკუთვნება და ამდენად, იგი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და სხვა უფლებებისაგან განსხვავებით, არ შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ ფორმალობებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვისათვის. აზრის საწინააღმდეგოდ კი, „ფაქტში“ იგულისხმება ნამდვილი, რეალური ან არსებული გარემოებები და საგნები, რომლებიც ექვემდებარება მტკიცებულებებით დადასტურებას და იგი მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა კატეგორიას.

18. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე. ფაქტი კი, ჩვეულებრივ, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ფაქტი შევამოწმოთ და ვნახოთ, ის რეალურად არსებობდა თუ არა. სწორედ ამიტომ, ფაქტების გადამოწმება და ნამდვილობასთან მისი შესაბამისობის დადგენა შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში, აზრები და ფაქტები ერთმანეთს მჭიდროდ უკავშირდებიან და მათი გამიჯვნა რთულია. ეს განპირობებულია იმით, რომ გამოთქმის ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება სუფთა სახით. უმთავრესად სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის როგორც შეფასებითი, ასევე ფაქტობრივი ელემენტები. აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ. ამიტომ ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან როგორც ფაქტის გადმოცემის, კვალიფიცირების დროს შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი. თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნას შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (იხ. სუსგ საქმე №ას-1278-1298-2011, 20 თებერვალი, 2012 წელი). აზრისა და ფაქტის ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის გამო მათი გამიჯვნა საკმაოდ რთულია, ამიტომ სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ საქმე №ას-1477-1489-2011, 3 აპრილი, 2012 წელი). ცილისწამების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია განმცხადებლის მიერ იმ ფაქტების მითითება, რომლებიც რეალობასთან არც ისე შორსაა, უფრო კონკრეტულია და არა ზოგადი ხასიათის, უფრო მეტად ობიექტური შინაარსისაა, ვიდრე სუბიექტური და, რაც მთავარია, მათი დადასტურება (დამტკიცება) შესაძლებელია (იხ. სუსგ საქმე №ას-179-172-2012, 1 ოქტომბერი, 2014 წელი).

19. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ 2018 წლის 23 ივლისს მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას განცხადებით. ასევე დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2018 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიმართ აღიძრა დისციპლინარული დევნა, რასაც საფუძვლად დაედო, ნ. შ–ის (ამჟამად დ–ძე) საჩივარი.

20. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ნ. შ–ის განცხადებით, ნ.გ–ძე იყო საჩივრის ავტორის ყოფილი მეუღლის ი. შ–ის ადვოკატი განქორწინებისა და ქონების გაყოფის საქმეზე. სამოქალაქო საქმეების პარალელურად ი. შ–ზე აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე ოჯახში ძალადობის ფაქტზე, სადაც ნ. შ–ს ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი. ადვოკატმა ნ.გ–ძემ ნ. შ–ს მიწერა, რომ ყოფილი მეუღლე იმ შემთხვევაში გადაუხდიდა ალიმენტს შვილებს, თუ თვითონ და თავისი მოწმეები სასამართლოს მისცემდნენ ჩვენებას ი. შ–ის სასარგებლოდ, რაზეც მომჩივანმა უარი განაცხადა. მომჩივანსა და ადვოკატ ნ.გ–ძეს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც ადვოკატმა შესთავაზა ახალ მორიგების პირობებზე დათანხმება. მოსარჩელე დაუკავშირდა მოპასუხეს და დააბრალა, რომ ბინას, რომელშიც მხოლოდ ცხოვრების უფლება ჰქონდა, აქირავებდა უკანონოდ და დაემუქრა პოლიციის ეკიპაჟის გამოძახებით, ასევე უთხრა, რომ „მივიდოდა მასთან აღმასრულებელთან ერთად და მის სტუმრებს დააგორებდა კიბეზე“.

21. მოპასუხის აზრით, მოსარჩელე არის „ფსიქიკურად შერყეული“. სისტემატურად ემუქრება მას სახლში მისვლით და სიცოცხლის მოსპობით. ამდენად, რადგან საჩივრის ავტორი აღნიშნულ ბინაში ცხოვრობს ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად, მას გააჩნია საფუძვლიანი შიში იმისა, რომ შესაძლოა, მის შვილებს რაიმე ზიანი მიადგეთ ადვოკატის ქმედებების შედეგად. 2018 წლის 21 აგვისტოს ეთიკის კომისიის საპროცესო კოლეგიის სხდომაზე მომჩივანმა ნ. შ–მა განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატ ნ.გ–ძეს სთხოვდა შეეწყვიტა მასთან პირადი კომუნიკაცია და დაკავშირებოდა თავის ადვოკატს, იგი არ ითვალისწინებდა მის სურვილს და უკავშირდებოდა ხშირად, ღამის 2-3 საათზეც კი.

22. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ადვოკატი ნ.გ–ძე ცნობილ იქნა ბრალეულად „ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის“ შესაბამისი ნორმების დარღვევაში, რისთვისაც მას „ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის 34.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი გაფრთხილება. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით (საქმე Nსსდ-18-19), ადვოკატ ნ.გ–ძის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გაუქმდა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2019 წლის 30 იანვრის N097/18 გადაწყვეტილება, საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ეთიკის კომისიას. დადგენილია, რომ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2022 წლის 23 თებრვლის N297/18 გადაწყვეტილებით დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე, კომისიამ იხელმძღვანელა ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის 34.1 „ა“ მუხლით, ადვოკატთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური წარმოების შესახებ დებულების 33-ე, 35-ე მუხლებით და დისციპლინურ საქმეზეN097/18 ადვოკატ ნ.გ–ძის მიმართ დადგინდა დისციპლინური გადაცდომა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმად განისაზღვრა გაფრთხილება. აღნიშნული გადაწყვეტილება კვლავ გაასაჩივრა მოსარჩელემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2022 წლის 14 აპრილის Nსსდ-01-22 გადაწყვეტილებით, ადვოკატ ნ.გ–ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2022 წლის 23 თებრვლის N297/18 გადაწყვეტილება.

24. დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 1 ოქტომბერს მიმართა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ეთიკის კომისიას, ეთიკის კომისიის წევრების მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ეთიკის კომისიის 2018 წლის 6 ნოემბრის N138/18 გადაწყვეტილებით, დისციპლინური დევნის შეწყვეტის შესახებ, დისციპლინურ საქმეზე N138/18 ეთიკის კომისიის მეოთხე დისციპლინური კოლეგიის წევრების მიმართ შეწყდა დისციპლინური წარმოება.

25. მოსარჩელე, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმცია, შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რის გამოც მოითხოვს მოპასუხეებზე სოლიდარულად მორალური ზიანის სახით 3 000 ლარის დაკისრებას.

26. საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილ გარემოებებს მიაქცევს ყურადღებას, ამასთან მოიხმობს კანონიერ ძალაში შესული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახულ გარემოებებს და მიუთითებს მათზე. კერძოდ, დასახელებული გადაწყვეტილებით დადგენილია რომ მოსარჩელე მოპასუხეს წერილობითი და სატელეფონო საშუალებებით უკავშირდებოდა. უდავოა, რომ მოპასუხის მოწოდების მიუხედავად, მოსარჩელე ადვოკატი, მოპასუხეს მისი ადვოკატის გვერდის ავლით უკავშირდებოდა. საქმეში არსებული ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმით დასტურდება, რომ მოსარჩელემ მოპასუხესთან კომუნიკაციისას გამოიყენა ფრაზები - „უცოდინარობა და უტვინობაა“, „სულელური ქცევით უფრო მეტს დაკარგავ ვიდრე მოიგებ“, იმაზე სულელი ყოფილხარ ვიდრე მეგონე“. 2022 წლის 16 თებერვლის განხილვის კოლეგიის სხდომაზე ადვოკატმა მომჩივანი მოიხსენია ტერმინით - „ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელი ადამიანი“ და განმარტა, რომ „ეს წარმოადგენდა ფაქტის კონსტანტაციას - არაკულტურულად ასეთ ადამიანს უწოდებენ „გიჟს“. ამდენად, ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ადვოკატმა დაარღვია პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-9 მუხლის მეოთხე ნაწილისა და მე-10 მუხლის მეოთხე ნაწილი.

27. საკასაციო სასამართლო კასატორის მიერ წარდგენილი არგუმენტების საპირისპიროდ და მეტი სიცხადისთვის, დამატებით განმარტავს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებულ სადისციპლინო საქმეზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისას სასამართლომ მიუთითა, რომ ეთიკის კომისია გადაწყვეტილების მიღებისას, შემოიფარგლა მხოლოდ მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით, ისე, რომ არ გამოუკვლევია ამ მტკიცებულებათა ნამდვილობა და არ უმსჯელია თუ რა უტყუარ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იყო მიღებული გადაწყვეტილება. ამავე გადაწყვეტილებაში დამატებით მტკიცების ტვირთსა და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგების მხარეზე დაკისრებაზეა განმარტებები. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების მიღებისას, დარღვევის დამადასტურებელ მტკიცებულებად, წარდგენილი ელექტრონული მასალა დადასტურებული იყო ფაქტების კონსტატაციის შესახებ, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ოქმით (F21001580). სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების ციტირებულ ნაწილში აღნიშნულია, რომ „მოცემულ შემთხვევაში დაძლეულია მტკიცების სტანდარტი, მითითებული ოქმი სრულად შეიცავს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9117-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო რეკვიზიტებს, აღნიშნულიდან გამომდინარე, სადისციპლინო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია მითითებული ოქმის მტკიცებულების სახით გამოყენება. ასევე აღსანიშნავია, რომ ადვოკატის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა ფაქტების კონსტატაციის შესახებ (F21001580) ოქმით დადგენილი ფაქტების უტყუარობას“.

28. ამდენად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასკვნებს კასატორის სასარჩელოს მოთხოვნების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით მოპასუხეებისთვის სოლიდარულად, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 3 000 ლარის დაკისრების შესახებ. კასატორმა, ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა თუ რა მატერიალური და მორალური ზიანი მიადგა მას. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, რომელიც მოსარჩელემ სათანადოდ ვერ გააქარწყლა, დასტურდება რომ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კასატორის წინააღმდეგ არსებული შედეგით ძალაშია შესული, რაც გამორიცხავს კასატორის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

29. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

30. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორმა ვერ წარადგინა დასაბუთებული პრეტენზია, რაც მისი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების გზით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებას განაპირობებდა. შესაბამისად, უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის უარყოფის შესახებ.

31. სსსკ-ის 55.2-ე მუხლის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში, რადგან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 399-ე, 372-ე, 410-ე, 264.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.გ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 მაისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. მარსაგიშვილი

მოსამართლეები: ა. კოჭლამაზაშვილი

მ. ერემაძე