გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.01.2026
საქმის ნომერი
ას-1368-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.01.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1368-2025

14 იანვრი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბადრი შონია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „ს.კ.უ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა:

1.1. სს „ს.კ.უ–ს“, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სასარგებლოდ, დაეკისროს დაზიანებული, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების: RENAULT LOGAN-ის, სახელმწიფო ნომრით: ........, შეკეთება/აღდგენის ხარჯების 1 075 ლარის ანაზღაურება;

1.2. სს „ს.კ.უ–ს“, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სასარგებლოდ, დაეკისროს დაზიანებული, დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების: RENAULT SYMBOL-ის, სახელმწიფო ნომრით: .........., სრული დაზიანების გამო 7 600 ლარის ანაზღაურება;

1.3. სს „ს.კ.უ–ს“, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს - სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, RENAULT LOGAN-ის, სახელმწიფო ნომრით: ......., ზიანის ანაზღაურების შეუსრულებელი ვალდებულების - 784,75 ლარის გადახდა;

1.4. სს „ს.კ.უ–ს“, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს - სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების, RENAULT SYMBOL-ის, სახელმწიფო ნომრით: ....., ზიანის ანაზღაურების შეუსრულებელი ვალდებულების - 5 548 ლარის გადახდა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2021 წლის 30 დეკემბერს, სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს და სს „ს.კ.უ–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება N25ბ.

2.2. დასახელებული ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის 30 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაზღვევის პერიოდში, სხვა რისკებთან ერთად, დაზღვეულ იქნა სააგენტოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის: RENAULT SYMBOL, სახელმწიფო ნომრით: .......; RENAULT LOGAN, სახელმწიფო ნომრით: ........

2.3. 2022 წლის 10 მარტს, კახეთში, თელავის რაიონში, ერეკლე მეორის გამზირზე, სააგენტოს თანამშრომელს - გ.შ–ს, დაზღვეული ავტომანქანა RENAULT LOGAN, სახელმწიფო ნომრით: ......., დატოვებული ჰყავდა გაჩერებულ მდგომარეობაში. მანქანასთან დაბრუნებისას, მძღოლმა აღმოაჩინა, რომ სატრანსპორტო საშუალება დაზიანებული იყო. სააგენტოს თანამშრომელმა მომხდარის თაობაზე შეატყობინა 112-ს. დაზიანებული ავტომანქანის ორი ექსპერტიზის შესაბამისად, შპს „ა–ისა“ და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადდა ექსპერტიზის დასკვნები.

2.4. შპს „ა–ის“ ექსპერტის ვარაუდით, 2022 წლის 10 მარტს დაფიქსირებული შემთხვევა ავტომანქანის სტატიკურ მდგომარეობაში ყოფნის დროს არ მომხდარა, არამედ, სავარაუდოდ, ავტომანქანა შეეჯახა 70 სმ-იან სიმაღლის ბოძს. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიამ ანაზღაურებაზე უარის თქმის მიზეზად ის გარემოება მიუთითა, რომ სატრანსპორტო საშუალებას მიყენებული დაზიანება დამზღვევის წარმომადგენლის მიერ მითითებულ გარემოებებში და ადგილას არ მიუღია.

2.5. მოსარჩელის მითითებით, შპს „ა–ის“ ექსპერტიზის დასკვნა არ შეესაბამება არსებულ დაზიანებათა სრულ და ყოვლისმომცველ შეფასებას, რამდენადაც, სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსაგან განსხვავებით, სხვა დაზიანებებთან ერთად ექსპერტს არ შეუნიშნავს უკანა მარცხენა მაშუქი ფარის დაზიანება. ამასთან, ექსპერტი დამზიანებელი მანქანის კვალის არარსებობაზე მიუთითებს, თუმცა, თავად დაზიანებული ავტომანქანის კვალის არსებობა მას არ გამოუკვლევია. ბიურომ ექსპერტიზა როგორც საქმეში არსებული ფოტო და დოკუმენტური მასალის გამოკვლევით, ასევე, მიყენებული დაზიანებების უშუალო ვიზუალური დათვალიერების გზით ჩაატარა. ბიუროს მიერ შედგენილი დასკვნის თანახმად, იმაზე მეტი დაზიანება აღმოჩნდა, ვიდრე ეს შპს „ა–ის“ მიერ იქნა დაფიქსირებული. ამ უკანასკნელის მიერ ექსპერტიზის დასკვნა, დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ფოტოსურათების გამოყენების გზით ჩატარდა.

2.6. შესაბამისად, მოსარჩელის მითითებით, შპს „ა–ის“ მიერ სრულად არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც თავის მხრივ, საკმარისი არ არის ავტომობილის სტატიკურ მდგომარეობაში დაზიანების მტკიცებისათვის.

2.7. 2022 წლის 1 აპრილს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ავტომანქანა RENAULT SYMBOL, სახელმწიფო ნომრით: ........ შემთხვევა გორის რაიონში, სოფელი გორიჯვარის საავტომობილო გზაზე მოხდა, რა დროსაც, გზაზე მიმავალ მძღოლს წინ გადაურბინა ძაღლმა, რის გამოც, მძღოლმა საჭე მარცხნივ დაატრიალა, შედეგად - ვერ დაიმორჩილა ავტომობილი, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და შეეჯახა ბორდიურს.

2.8. სატენდერო დოკუმენტაციის პირობების მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო პირობების არსებობის მოტივით, აღნიშნული სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე მზღვეველმა უარი განაცხადა. ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმას სადაზღვევო კომპანიამ საფუძვლად დაუდო შპს „ა–ის“ ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ, მასში მითითებული ფორმალური საფუძვლები: მძღოლის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირად ცნობა, აგრეთვე, ძაღლის ფაქტორის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობა. სს „ს.კ.უ–ის“ მხრიდან მძღოლის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასდა.

2.9. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, RENAULT SYMBOL-ის მძღოლი ფხიზელი იყო, დაშვებული სიჩქარით მოძრაობდა, ხოლო, მანევრი არაპროგნოზირებადი გარემოებით - ავტომობილის სავალ ნაწილზე ძაღლის მოულოდნელად გადარბენამ განაპირობა. მძღოლს არ შეეძლო ძაღლთან შეჯახების თავიდან არიდება, შესაბამისად, მისი მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობას ადგილი არ ჰქონია.

2.10. შპს „ა–ის“ მიერ RENAULT LOGAN-ის, სახელმწიფო ნომრით: ......., დაზიანების ფაქტზე გამოკვლევა შემთხვევის ფოტოსურათებისა და გასაუბრების ოქმის გამოყენების მეშვეობით მოხდა, ხოლო, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დასკვნა შედგენილია აღნიშნულ მასალებზე და დამატებით, დაზიანებული ავტომობილის ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე. ბიუროს ექსპერტის ვარაუდით, ავტომანქანას დაზიანება მიყენებული აქვს სტატიკურ მდგომარეობაში, სხვა ავტომანქანის ურთიერთკონტაქტის შედეგად, ხოლო, დამზიანებელი შესაძლოა სპეციალიზირებული ავტომანქანა იყოს.

2.11. შპს „ა–ის“ მიერ RENAULT SYMBOL-ის მარკის ავტომანქანის, სახელმწიფო ნომრით: ......., დაზიანების ფაქტზე გამოკვლევა ჩატარდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ფოტოსურათების, საჯარიმო ქვითრის, ალკოტესტის შედეგის ამონაბეჭდის, გასაუბრების ოქმის გამოყენებით, ხოლო ბიუროს ექსპერტის მიერ დამატებით იქნა გამოკვლეული შემთხვევის ადგილის აზომვითი ნახაზები.

2.12. სააგენტოსა და სს „ს.კ.უ–ს“ შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების 10.1. ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლო - შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით.

2.13. ვინაიდან, სადაზღვევო კომპანიამ არ შეასრულა დაზიანებული ავტომანქანის აღდგენა/შეკეთება/ანაზღაურების ვალდებულება, რაც დღემდე გრძელდება, პირგასამტეხლოს დარიცხვის ვადის ათვლა ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან უნდა დაიწყოს. მოცემულ შემთხვევაში, მზღვეველს ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა შემდეგი წესით: 2022 წლის 8 აპრილისა და 9 აპრილის დოკუმენტაციის ჩაბარებიდან 10 სამუშაო დღის შემდეგ, შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების RENAULT LOGAN-ის, სახელმწიფო ნომრით: ......., დაზიანების გამო - 11.04.2022 წელს, ხოლო, RENAULT SYMBOL-ის, სახელმწიფო ნომრით: ....... - 15.04.2022 წელს.

2.14. ავტომანქანა - RENAULT SYMBOL-ის, სახელმწიფო ნომრით: ......., საბალანსო ღირებულება შეადგენს 7 600 ლარს, ხოლო, დაზიანებული (შესაცვლელი სათადარიგო) ნაწილების ღირებულება - 5 000 ლარამდეა, საერთო ჯამში მიყენებული დაზიანების აღდგენის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება. შესაბამისად, ამავე სატრანსპორტო საშუალების დაზიანება აღემატება საბალანსო ღირებულების 80%-ს, რის გამოც, სახეზეა დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული განადგურება. ავტომანქანა - RENAULT LOGAN-ის, სახელმწიფო ნომრით - ......., საბალანსო ღირებულება შეადგენს 39100 ლარს, ხოლო, დაზიანების აღდგენის საფასურია - 1 075 ლარი.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სს „ს.კ.უ–ს“ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა: ზიანის ანაზღაურება 1 075 ლარის ოდენობით; პირგასამტეხლოს სახით - 784,75 ლარის გადახდა; მოსარჩელის მიერ გაწეული ექსპერტიზის ხარჯის - 140 ლარის ანაზღაურება. იმავე გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მოთხოვნა ზიანის სახით 7 600 ლარისა და პირგასამტეხლოს - 5 548 ლარის სს „ს.კ.უ–ისათვის“ დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სს „ს.კ.უ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 55,79 ლარის გადახდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინებით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება.

5.2. ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული ჰქონდა მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, პალატამ იმსჯელა მხოლოდ 2022 წლის 01 აპრილის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის - სახელმწიფო ნომრით ......, მზღვეველის ვალდებულებაზე, აანაზღაუროს ზიანი.

5.3. პალატის განმარტებით, მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების საკითხი, კერძოდ მზღვეველი უარს აცხადებს სადაზღვევო თანხის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ადგილი ჰქონდა დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან უხეშ გაუფრთხილებლობას. ხოლო, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანი იყო, არსებობდა თუ არა სსკ-ის 829-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის მიხედვითაც მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

5.4. პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, მარტივი და უხეში გაუფრთხილებლობის შეფასების კუთხით, ასევე განმარტა, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს (მიზეზობრივი კავშირის) არსებობა, მზღვეველმა კი უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა.

5.5. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ შეძლო დაედასტურებინა ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის მიერ მიცემული ახსნა-განმარტების სისწორე და ვერ გამორიცხა შემთხვევის უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციის საფუძვლები.

5.6. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით უდავოდ დადგენილია, რომ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი ორმხრივი მოძრაობის გზაზე გადაადგილებისას გადავიდა საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარეს და შეეჯახა ცენტრალურ გზაზე გამომავალი მეორეხარისხოვანი გზის კუთხეში მდებარე ბეტონის ჯებირს. ასევე უდავოდ დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზღვეული ავტომობილი იმდენად დაზიანდა, რომ მისი აღდგენა არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად, კერძოდ შპს „თ.ა–ის“ მიერ 2022 წლის 24 დეკემბერს შედგენილი დასკვნის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების აღდგენა-განახლება დაკავშირებულია მის საბაზრო ღირებულებასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალ ხარჯებთან. ფაქტიურად, დამტვრეული და შესაცვლელი/აღსადგენია ძარის ღერძი, ძარის შუა ძელი, სახურავი, ძრავის მაკომპლექტებელი ნაწილები, გადაცემათა კოლოფი, წინა სავალი ნაწილი, წინა საქარე მინა და მარჯვენა ფარი, ამორტიზატორები, ერთი დისკი და საბურავი, წინა ფრთა და კარი, ტრავერსი, გახსნილია აირბაგები და სხვა. ზემოაღნიშნული ნაწილების შეცვლა/რემონტის და სამღებრო სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება განისაზღვრა 5 000 ლარით.

5.7. რაც შეეხება დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მიერ ჩადენილი გადაცდომის უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საკითხს, სააპელაციო პალატამ მიუთითა, საკასაციო პალატის განმარტებებზე, სადაც აღნიშნულია, რომ აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევაა მაგალითად „...უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა...“ (შდრ: სუსგ Nას-1306-1226-2015, 01 ივლისი, 2016 წელი).

5.8. პალატამ მიუთითა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესზე, რომ თუ საგზაო მოძრაობის ორგანიზებით სხვა რამ არ არის დადგენილი, ორი ან სამი სავალი ნაწილის მქონე გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ეკრძალება საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარის სავალ ნაწილზე გასვლა და აღნიშნა, რომ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლის გამამართლებელი ობიექტური გარემოების მტკიცების ტვირთი დამზღვევს ეკისრებოდა. მოსარჩელე უთითებდა, რომ დაზღვეული ავტომობილის საპირისპირო ზოლში გადასვლა მოხდა გზაზე ძაღლის გადარბენის გამო, კერძოდ, დაზღვეული ავტომობილი მიდიოდა მის სამოძრაო ზოლში, არ ჰქონდა წინ რაიმე სახის წინაღობა და გზაზე ძაღლის გადარბენის გამო, მოუწია საპირისპირო ზოლში გადასვლა, სადაც შეეჯახა ცენტრალურ გზაზე გამომავალი მეორეხარისხოვანი გზის კუთხეში მდებარე ბეტონის ჯებირს. მოსარჩელე საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად ემყარება საქმეში წარმოდგენილ შსს საპატრულო პოლიციის პატაკს, სადაც მითითებულია გზაზე ძაღლის გადარბენის გარემოება. პალატამ განმარტა, რომ პატაკში სადავო ფაქტი მითითებულია დაზღვეული ავტომობილის მძღოლის განმარტებად და არ არის დადასტურებული რაიმე სხვა წყაროთი. იმავე წყაროს ემყარება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა და შესაბამისად, ამ ნაწილში ვერც პატაკი და ვერც ექსპერტის დასკვნა ვერ იქნება მიჩნეული იმ ობიექტურ მტკიცებულებად, რასაც შეიძლება დაეყრდნოს სასამართლო. რეალურად, გზაზე ძაღლის გადარბენის ფაქტის მტკიცებულებად საქმეში მხოლოდ ბრალეული მძღოლის ზეპირი ახსნა-განმარტებაა წარმოდგენილი. ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს არ შეუძლია გზაზე ძაღლის გადარბენის დასადასტურებლად პირდაპირი და ობიექტური მტკიცებულების წარმოდგენა, არ ნიშნავს, რომ ფაქტის სადავოობისას სასამართლომ უნდა უგულებელყოს მოპასუხის, როგორც მზღვეველის კანონიერი უფლებები და ინტერესები და მტკიცებულების გარეშე გაიზიაროს მოსარჩელის პოზიცია, რაც საბოლოოდ, მოპასუხისთვის საკმაოდ სოლიდური თანხის დაკისრების საფუძველი გახდება.

5.9. საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მოსარჩელე უთითებდა, რომ იმ პირობებში, როდესაც დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილ მძღოლს რაიმე სხვა წინაღობა, ან სხვა საჭიროება საპირისპირო ზოლში გადასვლის არ ჰქონია, ლოგიკურია, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნიოს ძაღლის გზაზე გადარბენის ფაქტი. აღნიშნულ პოზიციასთან მიმართებით, პალატამ განმარტა, რომ პირველ რიგში, საქმის მასალებით არ არის დადგენილი, რომ დაზღვეულ ავტომობილს გზაზე წინაღობა არ ჰქონია და საპირისპირო ზოლში გადასვლა გასწრების მიზანს არ ემსახურებოდა. თუმცა იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ ავტომობილი მოძრაობდა ცარიელ გზაზე, აღნიშნული აპრიორი არ გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მძღოლს ძაღლმა გადაურბინა და მაინცდამაინც მაგ მიზეზით გადავიდა საპირისპირო ზოლში. აღნიშნული დაშვების გასაკეთებლად, მოსარჩელეს უნდა გამოერიცხა სხვა ნებისმიერი გარემოების არსებობა, რასაც მძღოლის ხსენებული მანევრის გამოწვევა შეეძლო. ამასთან, ასეთი გარემოება შესაძლოა იყოს განუსაზღვრელი რაოდენობით, მაგალითად მძღოლის მიერ გზისთვის თვალის არიდება, უკან გახედვა, დაზიანებული გზის საფარისთვის გვერდის ავლა, ჩაძინება და ა.შ. ასეთი მოცემულობის პირობებში, იმ დაშვების დადასტურებულად მიჩნევა, რომ რადგან მძღოლი ცარიელ გზაზე მოძრაობდა, მისი საპირისპირო ზოლში გადასვლა აუცილებლად გამოიწვია ძაღლის გადარბენამ, რაც სხვას არავის დაუნახავს, შეუძლებელია. მოსარჩელის მიერ მოწოდებული მოვლენათა განვითარების ვერსია, გარდა იმისა, რომ სხვა ობიექტური მტკიცებულებებით არ დასტურდება, არ შეიცავს ისეთ დეტალიზაციას, რასაც შეეძლო სასამართლოსთვის შეექმნა შინაგანი რწმენა ზეპირი განმარტებების ნამდვილობის თაობაზე.

5.10. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც უდავოდ დგინდება დაზღვეული ავტომობილის მიერ მოძრაობის წესების უხეში დარღვევა, კერძოდ, საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, აპრიორი იგულისხმება, რომ სახეზეა უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევა, თუკი დაზღვეული არ დაადასტურებს, რომ სახეზე იყო დარღვევის გამომწვევი ობიექტური გარემოება და გადაცდომა, მხოლოდ მძღოლის მაღალი ხარისხის დაუდევრობით არ იყო გამოწვეული. მოსარჩელე მხარემ ვერ მოახდინა ხსენებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც მისი პოზიციის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

5.11.შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან მიმართებით იკვეთება სსკ-ის 829-ე მუხლის შემადგენლობა, რაც ათავისუფლებს მზღვეველს სადაზღვევო თანხის გაცემის ვალდებულებისგან.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ.

7. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

7.1. სააგენტო უთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე (სსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტი).

7.2. კასატორის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, სადავოა მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციის საკითხი და ის, თუ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება საკმარის მტკიცებულებად სადაზღვევო შემთხვევის ფაქტის დადგომის დასადასტურებლად. შემთხვევა 2022 წლის 1 აპრილს გორის რაიონში საავტომობილო გზაზე მოხდა, რა დროსაც, გზაზე მიმავალ მძღოლს წინ გადაურბინა ძაღლმა, რის გამოც მძღოლმა საჭე მარცხნივ დაატრიალა, ვერ დაიმორჩილა ავტომობილი, გადავიდა გზის საპირისპირო მხარეს და შეეჯახა ბორდიურს. მოპასუხემ შედავებაში სადავო გახადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საკითხი, იმ საფუძვლით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა დადგა მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობით. საქმეში წარმოდგენილია ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომელშიც განმარტებულია, რომ ტექნიკური თვალსაზრისით მძღოლს ძაღლზე დაჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მისი შემდგომი მოქმედება არ ეწინააღმდეგება საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის მოთხოვნებს. ამასთან, დასკვნაში მითითებულია, რომ მართვადაკარგული ავტომობილი არის გაუმართავი და შემდგომი გადაადგილების მიმართულება მძღოლზე არ არის დამოკიდებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლოს მიერ განიხილება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. ძაღლის გზაზე გადარბენის ფაქტი არ წარმოადგენს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც კანონის თანახმად, აუცილებლად გარკვეული/კონკრეტული სახის მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს და მისი დადასტურება არ შეიძლება სხვა სახის მტკიცებულებით. მხარეს არ შეიძლება დაეკისროს იმაზე მეტი მტკიცების ტვირთი, რასაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლებს. მხარეს არ უნდა მოეთხოვოს იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლის მოპოვების შესაძლებლობა ობიექტურად შეუძლებელია. ამასთან, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში არ და ვერ უთითებს კონკრეტულად რა სახის მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა მოსარჩელე მხარეს გზაზე ძაღლის გადარბენის ფაქტი, გარდა ახსნა-განმარტებისა. მითუმეტეს იმ პირობებში, როცა ინციდენტს არც მოწმე შესწრებია და არც კამერები იყო დამონტაჟებული შემთხვევის ადგილზე. აღნიშნული საგზაო შემთხვევა გორის რიონში, გორიჯვარის საავტომობილო გზაზე მოხდა. ფაქტობრივად, არ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ მხარემ რაიმე სახის სხვა მტკიცებულება მოიპოვოს მომხდარი ფაქტის დასადასტურებლად. ასევე, სატრანსპორტო საშუალების დაზღვევის მომსახურების 2022 წლის კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის მე-7 ნაწილი შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად აღიარებისათვის საჭირო დოკუმენტებს განსაზღვრავს კერძოდ - საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, მძღოლების ახსნა-განმარტება. სხვა დოკუმენტაცია სადაზღვევო შემთხვევის დასადასტურებლად არ მოითხოვება, არ მოითხოვება ჩამოთვლილი დოკუმენტაციის ერთობლივად არსებობა და სადაზღვევო შემთხვევის ფაქტის დადგენისათვის მძღოლის ახსნა-განმარტება საკმარის მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული. შეუძლებელია მძღოლს წინასწარ განესაზღვრა საავტომობილო გზაზე გადასული ცხოველის უნებლიე მოქმედება, შექმნილი ვითარება არ ექცეოდა მძღოლის ნების ქვეშ. ამასთან, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს, რომ მისი მოქმედებით ის არ არღვევდა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს. შექმნილ ვითარებაში მძღოლის ქმედება არ შეიძლება შეფასდეს როგორც უხეში გაუფრთხილებლობა.

7.3. კასატორი აღნიშნავს, რომ მძღოლის ბრალეულობა გამოიხატა სწორედ მარტივ გაუფრთხილებლობაში და არა განზრახვასა და უხეშ გაუფრთხილობლობაში. ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტები: დაზღვეულ ავტომობილს მართავდა უფლებამოსილი მძღოლი; ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში; მძღოლი მოძრაობდა დასაშვები სიჩქარით საკუთარ ზოლში; ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ყოფილა მწყობრიდან გამოსული; მძღოლის მიერ შეჯახება გამოიწვია უნებლიე მოვლენამ - სავალ ნაწილზე მოულოდნელად ცხოველის გამოჩენამ, ფაქტზე მისი რეაგირება იყო მყისიერი. ამ ფაქტების ერთობლიობა, საქმის მასალების გათვალისწინებით, იძლევა დამზღვევის მოქმედების მარტივ და არა უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასების საშუალებას.

7.4. სასამართლო არ იყო შეზღუდული მხარისთვის შეეთავაზებინა მძღოლის სხდომაზე დაკითხვა, თუკი სარწმუნოდ და საკმარისად არ მიაჩნდა გასაუბრების დროს მძღოლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. რაც სასამართლოს არ განუხორციელებია. გარდა ამისა, კასატორისთვის გაუგებარია დამატებით რა ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა მძღოლს სასამართლოსთვის, რომ მისი განმარტება მეტად დამაჯერებელი ყოფილიყო. ამდენად, სააპელაციო პალატას სრულიად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად შეაქვს ეჭვი მძღოლის განმარტებაში, ყოველგვარი საწინააღმდეგო მტკიცებულების არსებობის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, მოვლენათა თანმიმდევრობა, მოძრაობის წესების დარღვევის სხვა ხელშემწყობი გარემოების არარსებობა, მიუთითებს მძღოლის განმარტების სისწორეზე და იმ ფაქტზე, რომ საპირისპირო მხარეს გადასვლა უმიზეზოდ არ მომხდარა. შესაბამისად, პალატის შეფასება საკითხის მიმართ, არგუმენტს არის მოკლებული.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და ნაწილობრივ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს.

12. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).

13. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო.

14. მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).

15. სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.

16. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

17. აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია ვინაიდან გამოირიცხოს მზღვეველის მიმართ სათანადო საფუძვლის გარეშე თანხის დაკისრება, შესაბამისად მაქსიმალურად შეიზღუდოს დამზღვევის არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.

18. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულია დაზღვევის ხელშეკრულება, კერძოდ, 2021 წლის 30 დეკემბერს, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსა და სს „ს.კ.უ–ს“ შორის გაფორმდა N25/ბ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება (კონსოლიდირებული ტენდერი NCON210000469), რომლის თანახმადაც, სს „ს.კ.უ–მა“ იკისრა ვალდებულება შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის სადაზღვევო მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების პირობების თანახმად, მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან - 2022 წლის 31 დეკემბრამდე.

19. წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, ამავე ხელშეკრულების 10.1. ქვეპუნქტის თანახმად, მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლო - შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით. პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს მხარის მიერ მეორე მხარისადმი გაგზავნილ შესაბამის შეტყობინებაში მითითებული ვადიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) დღის განმავლობაში (10.2. ქვეპუნქტი).

20. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 2.1. ქვეპუნქტის თანახმად, დაზღვევის ობიექტია ამავე ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სახელზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის: RENAULT SYMBOL, VIN კოდი: VF1LBVAOA43566723, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრით: ....... (საბალანსო ღირებულება: 7 600 ლარი) და RENAULT LOGAN, VIN კოდი: VF14SRCL465319860, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომრით: ....... (საბალანსო ღირებულება: 39 100 ლარი).

21. სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დაზიანდა დაზღვეული ავტომანქანა. კერძოდ, 2022 წლის 1 აპრილს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე სამართალდამრღვევ პირად მიჩნეული იქნა - ტ.მ–ძე, რომლის მიმართაც გამოიწერა საჯარიმო ქვითარი. შემთხვევასთან დაკავშირებით შედგენილი აქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება „რენაულტი“, სახელმწიფო ნომრით: ........ ავტომანქანას დაუზიანდა წინა მარჯვენა ფრთა, წინა მარჯვენა კარი, წინა ბამპერი, ძრავი, სავალი ნაწილები, წინა მარჯვენა ფარი, მარჯვენა სანისლე ფარი, წინა საქარე მინა. სატრანსპორტო საშუალების მძღოლთან გასაუბრების ოქმის თანახმად, შეჯახება გამოიწვია გზაზე ძაღლის გადმორბენამ. სს „ს.კ.უ–ის“ 2022 წლის 25 მაისის წერილით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალებისათვის: RENAULT SYMBOL-ის, სახელმწიფო ნომრით: ......., მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სადაზღვევო კომპანიამ მიუთითა, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით, მზღვეველის მიერ დანიშნული იქნა ავტოტექნიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნითაც დადგინდა, რომ მძღოლს შეეძლო შემთხვევის თავიდან არიდება. მოცემულ შემთხვევაში, მძღოლმა უხეშად დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების, დაზღვევის ხელშეკრულებისა და კონსოლიდირებული ტენდერის პირობების მე-2 მუხლის საერთო გამონაკლისების „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა წარმოიშვა უხეში გაუფრთხილებლობით. სადაზღვევო კომპანიის განმარტებით, ვინაიდან, სახეზეა საგამონაკლისო პირობა - უხეში გაუფრთხილებლობა, სს „ს.კ.უ–მა“ ზარალის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.

22. საკასაციო პალატის შეფასების საგანს სწორედ მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების „უხეშ გაუფრთხილებლობად“ კვალიფიკაციის საფუძვლის არსებობა წარმოადგენს.

23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება საკუთარი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ამდენად, განსახილველ დავაში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, მართებულად შეფასდეს მძღოლის ბრალეულობა, კერძოდ, მისი მხრიდან ვლინდებოდა უხეში გაუფრთხილებლობა თუ მარტივი გაუფრთხილებლობისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ჰქონდა ადგილი. აღნიშნული განაპირობებს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას ან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ამასთან, დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა დამზღვევმა უნდა ამტკიცოს, მზღვეველმა კი უნდა დაასაბუთოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისია და მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (იხ.: №ას-1091-2022, 23.02.2023წ.).

24. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა, ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (სუსგ №ას-1147-1067-2017, 29 .12.2017წ). ამდენად, დაზღვევის საგამონაკლისო შემთხვევები ვიწროდ უნდა განიმარტოს, იმგვარად, რომ მზღვეველთა პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება არ წახალისდეს და ამით საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის სამართლებრივ დანიშნულებასა და მიზანს.

25. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის გაფორმებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება/პირობები. ხელშეკრულება მოიცავს შემთხვევათა გამოკალისებს, რომლის არსებობის პირობებშიც სადაზღევო კომპანია არ გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას.

26. მოცემულ შემთხვევში, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეთანხმება საგამონაკლისო დათქმების გათვალისწინებით (სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების დანართის (დაზღვევის პირობების) მე-2 მუხლით განისაზღვრა გამონაკლისები, როცა სადაზღვევო კომპანია არ აუნაზღაურებდა ზარალს მოსარჩელეს, (ს.ფ. 27-32). ამდენად, მხარეებმა სახელშეკრულებო პირობით გამორიცხეს მზღვეველის ვალდებულება ისეთი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა დადგა უხეში გაუფრთხილებლობით (საგამონაკლისო პირობების მე-2 მუხლის „ო“ პუნქტი).

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბრალი შეფასებითი კატეგორიაა და თოთოეულ კონკრეტულ საქმეზე უნდა დადგინდეს მისი არსებობა ან ხარისხი. სასამართლოს მიერ უნდა შეფასდეს დარღვევა ობიექტურად მომხდარი გარემოებების, ქმედების სუბიექტის (მისი ნების) და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის გათვალისწინებით. ამასთან, ამგვარი შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს უნდა ემყარებოდეს. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მზღვეველი არ თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან, თუ დამზღვევმა შემთხვევა გამოიწვია მარტივი გაუფრთხილებლობით. გაუფრთხილებლობა უხეშია თუ მარტივი, დგინდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად. უხეში გაუფრთხილებლობა ვლინდება, როდესაც განსაკუთრებით მძიმეა აუცილებელი წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმის დარღვევა. წინდახედულება განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი არ ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს (იხ. სუსგ, საქმე №ას-618-618-2018). მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა, უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით (იხ. სუსგ საქმე №ას-745-713-2014; ამგვარი განმარტებაა ასევე მოცემული საქმეში №ას-943-901-2013).

28. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა: დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე პირისათვის და ა.შ. (იხ. სუსგ №ას-1306-1226-2015).

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს მიერ დადგენილია მთელი რიგი რეგულაციები ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მიმართ და მათ ევალებათ, იცოდნენ თავიანთი ვალდებულებები, დაიცვან ისინი ზედმიწევნით და ავტოსატრანსპორტო საშუალება მართონ გონივრული და სათანადო წინდახედულობის ფარგლებში. შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ ავტოსატრანსპორტო საშულების მფლობელის მიერ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევას და იგი ავტომანქანას მართავდა სათანადო წინდახედულობის ფარგლებში, მისი ქმედება არ შეიძლება შეფასდეს განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებლობად (იხ. სუსგ №1319-1257-2014).

30. აღსანიშნავია, რომ უხეში გაუფრთხილებლობის მზა დეფინიციას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი განსაზღვრავს მხოლოდ განზრახ ან გაუფრთხილებელ მოქმედებას. ამავე კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გაუფრთხილებლობით ჩადენილად ითვლება, თუ მისი ჩამდენი ითვალისწინებდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მავნე შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ ქარაფშუტულად ვარაუდობდა მათ თავიდან აცილებას ან არ ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა ისინი. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს მძღოლის ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად დაკვალიფიცირება განეკუთვნება შეფასებით კატეგორიას. აღნიშნულის დადგენა უნდა მოხდეს საგზაო მოძრაობის უშუალო მონაწილის კონკრეტული მოქმედების დადგენით და ამგვარი მოქმედებით დამდგარი შედეგის მიმართ მისი სუბიექტური დამოკიდებულებით. საკასაციო სასამართლომ განმარტა: ხელშეკრულებაში საგამონაკლისო ნორმების იმპლემენტაციის დანიშნულებაა ამომწურავად განისაზღვროს იმ გარემოებათა/ქმედებათა წრე, რაც მზღვეველის პასუხისმგებლობას გამორიცხავს, ყველა სხვა შემთხვევა კი, დამზღვევის ინტერესების სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საგამონაკლისო შემთხვევების გაფართოების დაშვება, ეწინააღმდეგება ხელშეკრულებაში ამგვარი დათქმების ჩართვის მიზანს. მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დებენ ხელშეკრულებას, თავადვე განსაზღვრავენ სახელშეკრულებო ურთიერთობების იმპერატიულ და დისპოზიციურ წესებს, რომელსაც ორივე მხარე განუხრელად უნდა დაემორჩილოს და იცავდეს. საგამონაკლისო დათქმები სადაზღვევო ხელშეკრულების სწორედ იმპერატიულ დანაწესთა იმ წყებას მიეკუთვნება, რომელიც სადაზღვევო თანხის ანაზღაურებისათვის დაუშვებლად მიჩნეულ ქმედებათა სრულ სპექტრს განსაზღვრავს. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების შინაარსის კომპლექსურად გაანალიზების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო დაზღვევის ხელშეკრულებით ანაზღაურებას ექვემდებარება მძღოლის ბრალით (ავარიისას) გამოწვეული ნებისმიერი ის ზიანი, რომელიც მხარეთა შეთანხმებით საგამონაკლისო შემთხვევების ნუსხის განსაზღვრისას დაუშვებლად არ არის მიჩნეული (იხ. სუსგ №ას--1147-1067-2017, 29 დეკემბერი, 2017 წელი; №ას-662-2025 14 ნოემბერი, 2025 წელი).

31. პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე წამოჭრილი დავის დროს მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის შემდეგნაირად ნაწილდება: დამზღვევმა უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევასა და მიღებულ ზიანს შორის causa proxima-ს არსებობა, მზღვეველმა კი უნდა ამტკიცოს, რომ ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს კანონის ან ხელშეკრულების გამონაკლისს, რის გამოც, მასზე ვერ გავრცელდება სადაზღვევო დაფარვა (შდრ., იხ. სუსგ. №ას-1479-2019, 21 იანვარი, 2020 წელი). ამდენად, სწორედ მზღვეველია ვალდებული ამტკიცოს, რომ სადაზღვევო შემთხვევა დადგა დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით.

32. განსახილველ შემთხვევაში, დაზღვეული ავტომანქანის მძღოლის ბრალის ხარისხის შესაფასებლად, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: სადავო არ არის ის გარემოება, რომ მძღოლი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას, არ იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში; სადავო არ არის, რომ მძღოლი ავტომანქანას დასაშვები სიჩქარით მართავდა; როგორც შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის IV განყოფილების 2022 წლის 1 აპრილის ოქმიდან (მძღოლთან გასაუბრების) ირკვევა, 2022 წლის 1 აპრილს სადაზღვევო შემთხვევა დადგა გორის რაიონის სოფელ გორიჯვარის საავტომობილო გზაზე. შეჯახების ფაქტი გამოიწვია გზაზე ძაღლის გადარბენამ. მძღოლმა საჭე მარცხნივ დაატრიალა, რა დროსაც ვერ დაიმორჩილა ავტომანქანა, გადავიდა მარცხენა მხარეს და შეეჯახა ბორდიურს, რასაც მოჰყვა ავტომანქანის დაზიანება. საჯარიმო ქვითარი გამოიწერა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილით (ამ მუხლის მე-6, 62 და მე-7- მე-8 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით), რაც გულისხმობს მანევრირების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა შეჯახება და აღნიშნული მუხლი არ ითვალისწინებს შეჯახებას სიჩქარის გადაჭარბებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 2 აგვისტოს N005225422 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ექსპერტის წინაშე დასმული იქნა შეკითხვა: გთხოვთ დაადგინოთ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, შეეძლო თუ არა მძღოლს ძაღლზე დაჯახების თავიდან აცილება და დაარღვია თუ არა მან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები? დასკვნის თანახმად, „მოცემულ საგზაო სიტუაციაში, შემთხვევაში მონაწილე ავტომობილ „RENAULT SYMBOL”-ის სახ. ნომრით ......... მძღოლს - ტ.მ–ძეს, ტექნიკური თვალსაზრისით, ძაღლზე დაჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მისი მოქმედება, რომ დაჯახების თავიდან აცილების მიზნით საჭე მიმართა მარცხნივ, რასაც მოჰყვა ავტომობილის მართვადობის დაკარგვა, გადასვლა გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს და შეჯახება ბეტონის ბორდიურთან, არ ეწინააღმდეგება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ამასთან, საექსპერტო პრაქტიკიდან ცნობილია, რომ მართვადაკარგული ავტომობილი არის უმართავი და შემდგომი გადაადგილების მიმართულება მძღოლზე აღარ არის დამოკიდებული.“ შპს „ა–ის“ მიერ 2022 წლის 23 მაისს, სს „ს.კ.უ–ის“ 05.05.2022 წლის მიმართვის საფუძველზე, სატრანსპორტო საშუალების (RENAULT SYMBOL, სახელმწიფო ნომრით: .......) დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, შედგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის წინაშე დასმული იქნა შეკითხვები: 1. გთხოვთ დაგვიდგინეთ შემთხვევის დროს მძღოლის მხრიდან კონკრეტულად რა დარღვევას ჰქონდა ადგილი; 2. შეეძლო თუ არა მძღოლს შეჯახების თავიდან არიდება? ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: 1. შემთხვევის ადგილის, ფოტოების, საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი დოკუმენტების და ავტომობილის განლაგების შესწავლის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ შემთხვევაში დამნაშავე ავტომობილის მძღოლს არ ჰქონდა მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოება, გზა იყო სწორი მნიშვნელოვან მანძილზე, ხილვადობა იყო საკმარისი უსაფრთხო გადაადგილებისათვის, მაგრამ ავტომობილის მართვისას მან გამოიჩინა გაუფრთხილებლობა, მეტისმეტი დაუდევრობა, არ დაიცვა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მოთხოვნები, გადავიდა საპირისპირო მიმართულების მოძრაობის მხარეს და შეეჯახა ცენტრალურ გზაზე გამომავალი მეორეხარისხოვანი გზის კუთხეში მდებარე ბეტონის ჯებირს, რითიც საფრხე შეუქმნა როგორც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის ზოლში მოძრავ, ასევე მეორეხარისხოვანი გზიდან ცენტრალურ გზაზე გამომსვლელ ავტომობილებს. მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 20-ის „საგზაო მოძრაობის მონაწილის ზოგიერთი უფლება-მოვალეობა“, მუხლი 21-ის „მძღოლის/სასრიალო ტრასით მოსარგებლის ზოგადი მოვალეობები“, მუხლი 31-ის „სატრანსპორტო საშუალების გზაზე განლაგება“, მუხლი 32-ის „მოძრაობის დაწყება და მანევრებთან დაკავშირებული ზოგადი მოთხოვნები“, მუხლი 33-ის „სიჩქარე და დისტანცია“ სხვადასხვა პუნქტების და ქვეპუნქტების მოთხოვნები; 2. მძღოლს უნდა შეესრულებინა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, სწორად უნდა შეერჩია მოძრაობის სიჩქარე, უნდა ემოძრავა კანონით განსაზღვრულ სამოძრაო ზოლში და მისი ქმედებები არ გამოიწვევდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას. დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი მიუთითებს, რომ კვლევა ჩაატარა წარდგენილი ფოტოსურათების, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის, ალკოტესტის შედეგის ამონაბეჭდის, გასაუბრების შესახებ ოქმის და განაცხადის საფუძველზე, რის შემდეგაც დაადგინა, რომ შეჯახება მომხდარია გზის სავალი ნაწილის, ავტომობილების სანაპირო მოძრაობის მხარის, მარცხნივ, მეორეხარისხოვან გზასთან კვეთის კუთხეში მდებარე ბეტონის ჯებირზე; მძღოლის მიერ განცხადებულის, გზის სავალი ნაწილის ზედაპირზე დაყრილი მიწანარევი წვრილი კენჭები იყო ავტომობილის მოძრაობის მიმართულების მარცხნივ, საპირისპირო მოძრაობის ზოლის გადაკვეთის მერე, გზის გვერდულაზე და მეორეხარისხოვანი გზის კვეთასთან, შესაბამისად, არ გამხდარა მანევრის დაწყებისას ავტომობილის მართვის კონტროლის დაკარგვის მიზეზი. ამასთან, ექსპერტი მიუთითებს, რომ შესაძლებელია ითქვას, რომ მძღოლმა არ დაიცვა საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რასაც მოჰყვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. ასევე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დროს, მანევრის დაწყებისას, მძღოლს არ შეეძლო სრულად შეეფასებინა, უქმნიდა თუ არა საფრთხეს ან/და დაბრკოლებას საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებსა და ადამიანებს. მძღოლს ისე უნდა შეერჩია მოძრაობის სიჩქარე, რომ ნებისმიერი საფრთხის ან დაბრკოლების შემთხვევაში მიეღო ყველა ზომა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შეემცირებინა სიჩქარე და აუცილებლობის შემთხვევაში გაეჩერებინა ავტომობილი.

33. ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებათა შეფასებით, უნდა დადგინდეს მოქმედებდა თუ არა მძღოლი უხეში გაუფრთხილებლობით. როგორც ზემოთ ითქვა, სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას. უხეში გაუფრთხილებლობაა პირის ქმედება, რომელიც საზოგადოებაში დამკვიდრებულ ყურადღებიანობის სტანდარტს მაღალი ხარისხით არღვევს და უგულებელყოფს იმას, რაც მოცემულ გარემოებებში ყველასთვის ნათელი იქნებოდა. ამ განმარტების შესაბამისად, ქმედების უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასებისათვის მნიშვნელოვანია თავად ქმედების ობიექტური და სუბიექტური კომპონენტების გათვალისწინება, კერძოდ, ობიექტური თვალსაზრისით უხეში გაუფრთხილებელი ქმედების არსებობა არ არის საკმარისი ამ ქმედების კვალიფიკაციისათვის. მასთან ერთად, მნიშვნელოვანია სუბიექტური კომპონენტის არსებობაც, რაც გულისხმობს პირის მხრიდან ვალდებულების უპატიებელი დარღვევის თაობაზე პასუხისმგებლობის დადგენას. კერძოდ, უნდა დადგინდეს სუბიექტური თვალსაზრისით დაუშვა თუ არა პირმა უპატიებელი შეცდომა, ხომ არ არსებობდა მის პიროვნებასთან დაკავშირებული რაიმე შემამსუბუქებელი გარემოება ან ხომ არ შეიძლება, მისი ქმედება შეფასდეს - როგორც გარკვეულ გარემოებათა თვალთახედვიდან გამორჩენა, მოკლე დროით უყურადღებობა. თვალთახედვიდან გამორჩენაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევაში კონცენტრირებულად მოქმედ პირს, დროის მცირე მონაკვეთში უნებურად მხედველობიდან რჩება ბრუნვაში დამკვიდრებული ყურადღებიანობა. ასეთი ქმედება არ ითვლება უპატიებელ შეცდომად (იხ. ნ. მოწონელიძე, სამართლის დოქტორი, დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობის შესახებ საკანონმდებლო დანაწესის და პრინციპის „ან ყველაფერი ან არაფერი“ რეფორმის საჭიროება, ჟურნალი „ჩემი ადვოკატი“, 2020, IV. https://www.gba.ge).

34. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

36. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლის თანახმად, რომლის მიხედვითაც - მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით განიხილოს და შეამოწმოს სადავო მტკიცებულებები. წერილობითი მტკიცებულების განხილვა და შემოწმება არ გულისხმობს მისი შინაარსის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებასა და წაკითხვას. მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების პროცესში სასამართლო მიმართავს მხარეებს, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები სადავო მტკიცებულების ან მასში მითითებული ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის. სასამართლო, ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს და საქმეში წარმოდგენილ იმ დოკუმენტებს, რომლებსაც საქმისათვის არა აქვს მნიშვნელობა. მტკიცებულებები, რომელთა განხილვა და შემოწმება მხარეებმა არ მოითხოვეს და მოსამართლემ თავისი ინიციატივით არ განახორციელა, გამოკვლეულად ითვლება.

37. „სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. რაიმე გამონაკლისი ამა თუ იმ მტკიცებულების, მათ შორის, ექსპერტის დასკვნის მიმართ, დადგენილი არ არის.

38. სსსკ-ის 105-ე მუხლით გათვალისწინებულია სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასების წესი. აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასება სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს და უნდა ეფუძნებოდეს შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. რაც შეეხება ისეთ მტკიცებულებას, როგორიც ექსპერტის დასკვნაა, იგი მთლიანად სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას განეკუთვნება და მისი სარწმუნოობის შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს მნიშვნელოვან გარემოებებზე, მათ შორის, გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალაზე, კვლევით მეთოდოლოგიაზე და ა.შ. მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს არამარტო მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, არამედ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ-ები №ას-406-383-2014; №ას-945-895-2015; №ას-824-790-2016;№ას-388-361-2017);

39. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას, იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება, ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).

40. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე რელევანტური ექსპერტიზის დასკვნა წარმოდგენილია მოსარჩელე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ, სადაც თანმიმდევრულად არის აღწერილი მოვლენების განვითარება უშუალოდ შემთხვევის ადილზე, ექსპერტის მიერ მოხდა მძღოლის ჩვენების ადგილზე შემოწმება. რა დროსაც, მძღოლის მიერ მითითებული იქნა ძაღლის, გზის სავალ ნაწილზე, შემოსვლის მომენტში ავტომობილის მდებარეობის ადგილი, რის შემდგომაც მოხდა ხსენებული მანძილის აზომვა. საქმის მასალებით, მათ შორის პოლიციის შესაბამისი მოხელეების მიერ არ დადგენილა ფაქტი, დადგენილზე მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესახებ. შესაბამისად, დაზღვეული ავტომობილის მოძრაობისას სიჩქარე იყო საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისი. ძაღლზე დაჯახების თავიდან აცილების მიზნით, მძღოლმა საჭე მიმართა მარცხნივ, რასაც მოჰყვა ავტომობილის მართვადობის დაკარგვა, გადასვლა გზის სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს და შეჯახება ბეტონის ბორდიურთან.

41. შესაგებელზე დართული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგენელმა აღნიშნული დასკვნა დააფუძნა წარდგენილ ფოტოსურათებს, საჯარიმო ქვითარს, ალკოტესტის შედეგებს, გასაუბრების ოქმს და ექსპერტს არ მოუხდენია შემთხვევის ადგილის უშუალოდ ვიზუალური დათვალიერება, მითითებული მანძილის აზომვა. ექსპერტი არ მიუთითებს, რომ სიჩქარის დასაშვებზე მაღალი იყო, თუმცა მაინც მიიჩნევს, რომ მძღოლმა არ დაიცვა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რასაც მოჰყვა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. ექსპერტიზის დასკვნაში კანონის ციტირებას უფრო მეტი ადგილი აქვს დათმობილი, ვიდრე - სპეციალურ კვლევას.

42. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მიმართ დამდგარი შედეგების და ფაქტობრივი მოცემულობის მხედველობაში მიღებით, მძღოლის ქმედება ვერ შეფასდება უხეშ გაუფრთხილებლობად, მძღოლის ქმედების მარტივ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ყველა ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე. კერძოდ, საქმის მასალებით არ დასტურდება ფაქტობრივი გარემოებები, რომ მძღოლი მოძრაობდა არაფხიზელ მდგომარეობაში, მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია განზრახ ანდა აუცილებელი ყურადღებიანობის მოთხოვნები დაარღვევია უჩვეულოდ მაღალი ხარისხით და ა.შ. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა მძღოლის მხრიდან ე.წ. „მარტივ გაუფრთხილებლობას“, რაც არ შეიძლებოდა გამხდარიყო ზარალის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. რამდენადაც, უხეში გაუფრთხილებლობა ვლინდება, როდესაც მძიმეა აუცილებელი წინდახედულებისა და გულისხმიერების ნორმის დარღვევა. წინდახედულება განისაზღვრება ობიექტური მასშტაბით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამრღვევი არ ითვალისწინებს ისეთ გარემოებებს, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევაში ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. ამდენად, მოსარჩელის მიერ დადასტურებულია იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რაც მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევად დააკვალიფიცირებდა და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებაზე მზღვეველის ვალდებულებას წარმოშობდა.

43. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოსარჩელის მიერ მოწოდებული მოვლენათა განვითარების ვერსია, ობიექტური მტკიცებულებებით არ დასტურდება, არ შეიცავს ისეთ დეტალებს, რასაც შეეძლო სასამართლოსთვის შეექმნა შინაგანი რწმენა, ზეპირი განმარტებების ნამდვილობის თაობაზე. საკასაციო სასამართლის აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც შემთხვევის ადგილას არ იყო დამონტაჟებული ვიდეო სამეთვალყურეო კამერა და ამასთან ავტოსაგზაო შემთხვევას არ შესწრებია სხვა პირი, ბუნდოვანია სხვა რა დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება ჰქონდა მოსარჩელე მხარეს საკუთარი მოთხოვნის გასამყარებლად. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განსაზღვრა მტკიცების ტვირთი და მოსარჩელეს დააკისრა იმაზე მეტის მტკიცების ვალდებულება, ვიდრე ეს ობიექტურად იყო შესაძლებელი. პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის დროს, მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური გადანაწილების ამოსავალი პრინციპია ის, რომ მხარეს იმაზე მეტის მტკიცების ვალდებულება არ უნდა დაეკისროს, ვიდრე აღნიშნული ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთის გადანაწილების დროს, ყოველთვის უნდა იქნეს გათვალისწინებული მხარეების მიერ მტკიცების პროცესის განხორციელების ობიექტური შესაძლებლობა.

44. ზემოაღნიშნული ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიისა და საქმეზე არსებული გარემოებების/მტკიცებულებების (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნის) ანალიზის საფუძველზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, თავისი მიზეზ-შედეგობრივი კავშირის, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შინაარსის/მასშტაბის გათვალისწინებით უნდა შეფასდეს მარტივ გაუფრთხილებლობად, რის გამოც სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნა მართლზომიერია. რამდენადაც, არ დადგინდა მხარეთა მიერ შეთანხმებით განსაზღვრული საგამონაკლისო შემთხვევა - უხეში გაუფრთხილებლობა, დაზღვეული უფლებამოსილია მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურება.

45. რაც შეეხება სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ოდენობას, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია შპს „თ.ა–ის“ მიერ 2022 წლის 24 დეკემბერს შედგენილი დასკვნა. დასკვნის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების RENAULT SYMBOL-ის (სახელმწიფო ნომრით: .......) დაზიანების ხარისხი არსებითია და მრავალმხრივი. ამასთან, აღნიშნული მარკის სატრანსპორტო საშუალება ნაკლებად პოპულარულია საქართველოს ბაზარზე და შესაბამისად მისი ნაწილებიც დეფიციტური და ძნელად შესაძენი. იგივე წლოვანების და ექსპლუატაციის ხარისხის სატრანსპორტო საშუალების საშუალო საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 700 აშშ დოლარს. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების აღდგენა-განახლება დაკავშირებულია მის საბაზრო ღირებულებასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალ ხარჯებთან. ფაქტიურად დამტვრეული და შესაცვლელი/აღსადგენია ძარის ღერძი, ძარის შუა ძელი, სახურავი, ძრავის მაკომპლექტებელი ნაწილები, გადაცემათა კოლოფი, წინა სავალი ნაწილი, წინა საქარე მინა და მარჯვენა ფარი, ამორტიზატორები, ერთი დისკი და საბურავი, წინა ფრთა და კარი, ტრავერსი, გახსნილია აირბაგები და სხვა. ზემოაღნიშნული ნაწილების შეცვლა/რემონტის და სამღებრო სამუშაოების სავარაუდო ჯამური ღირებულება განისაზღვრა 5 000 ლარით. როგორც წარმოდგენილი დასკვნით დგინდება, შემფასებლის მიერ დათვალიერებული და ინსპექტირებული იქნა სატრანსპორტო საშუალება RENAULT SYMBOL-ის (სახ. ნომერი ......., VIN კოდი: VF1LBVA0A43566723, გამოშვების წელი: 2010; ფერი: შავი, გადაცემათა კოლოფი - მექანიკა, გარბენი 300 ათასი კმ), რომელიც იმყოფება თბილისში, სსიპ ,,სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს’’ ცენტრალური ოფისის ეზოში. რაც შეეხება მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილი შპს ,,პ.მ.ჯ–იის’’ დეფექტურ აქტს, (რომლის მიხედვით მიზანშეწონილად არ არის მიჩნეული დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენა, ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩასაბარებელი (სალიკვიდაციო) ღირებულება შეადგენს 1500 ლარს, ხოლო საბაზრო ღირებულება დაუზიანებელ მდგომაროებაში შეადგენს 6700 ლარს) პალატა, ზიანის განსაზღვრის მიზნით, აღნიშნულ აქტს ვერ დაეყრდნობა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებით არ ირკვევა შემფასებელმა მოახდინა თუ არა შეფასების ობიექტის დათვალიერება და ინსპექტირება. როგორც აქტიდან დგინდება შეფასების დაკვნა ეყრდნობა მხოლოდ შემფასებლის პროფესიულ აზრს ღირებულებასთან მიმართებაში.

46. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი სადაზღვევო თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს შპს ,,პ.მ.ჯ–იას’’ დეფექტური აქტის შესაბამისად და მოპასუხისათვის დასაკისრებელი ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 7600 ლარით.

47. რაც შეეხება პირგასამტეხლოს დაკისრებას, საკასაციო პალატის არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული პირგასამტეხლოს ფუნქცია და დანიშნულება. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ.სუსგ. №ას-1451-1371-2017,13.11.2018).

48. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული, კერძოდ ვალდებულების დარღვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).

49. მხარეთა შორის 2021 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული N25/ბ ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, მხარეებს ეკისრებათ პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გაანგარიშებით.

50. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელემ არ შეასრულა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, იკვეთება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

51. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოზე შეთანხმება მხარეთა უფლებაა და ამ კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებას დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე.

52. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას შეუსრულებელი ვალდებულების 7600 ლარის 0,2%-ით. კერძოდ - 5548 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, შეუსაბამოდ მაღალია და ის უნდა შემცირდეს გონივრული ოდენობით - 0.2%-ის ნაცვლად მოპასუხეს უნდა დაეკისროს შეუსრულებელი ვალდებულების 0.1 %-ის გადახდა, რაც 365 დღეზე შეადგენს - 2774 ლარს.

53. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.

54. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

55. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1244,88 (311,22+414,96+518,7) ლარის გადახდა. მოსარჩელე, სარჩელით ასევე ითხოვდა მის მიერ ექსპერტიზის დასკვნაზე გაღებული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებას. გაღებული ხარჯის დასადასტურებლად სასამართლოში წარდგენილია ქვითარი. შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლოს გარეშე ხარჯის, ექსპერტიზის ხარჯის - 480 ლარის გადახდა.

56. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 411-ე მუხლით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით, 53-ე, 55-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 ივლისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სასარგებლოდ ზიანის 7600 ლარის და პირგასამტეხლოს 5548 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „ს.კ.უ–ს“ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 7600 ლარის ოდენობით;

4. სს „ს.კ.უ–ს“ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს 2774 ლარის გადახდა;

5. სს „ს.კ.უ–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1244,88 ლარის გადახდა.

6. სს „ს.კ.უ–ს“ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ექსპერტიზის ხარჯი - 480 ლარის ანაზღაურება.

7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ბადრი შონია

ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე