დაუშვებლად იქნა ცნობილი
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1208-2025 09 მარტი, 2026 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – სს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სადაზღვევო ანაზღაურების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მარტის განჩინებით სს „ნ.ვ.დ–ვის“ (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ (შემდეგში - მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 41 556.20 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანია შემსყიდველი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისათვის თანდართული დაზღვევის პირობების შესაბამისად მომსახურების გაწევა სსიპ სახელმწიფო შეყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დაკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებებითა და ტარიფებით.
3. 2022 წლის 29 აგვისტოს - დაზღვევის პერიოდში მომხდარი საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად Renault-ის მარკის Dokker მოდელის ოპერატიული დანიშნულების დაზღვეული ავტომანქანა დაზიანდა, გამოშვების წელი 2020, სარეგისტრაციო ნომერი MM8...
4. შემთხვევის შედეგად თ.კ–ის კუთვნილი SCION-ის მარკის ავტომანქანაც დაზიანდა, სარეგისტრაციო ნომრით LL....
5. სადაზღვევო შემთხვევის დროს მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანას უფლებამოსილი მძღოლი დ.ჩ–ძე მართავდა.
6. მოპასუხემ უარი განაცხადა დაზღვეული ავტომანქანისა და მესამე პირებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
7. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოაწესრიგა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 799.1 და 820-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დაზღვევის სამართალურთიერთობა წარმოიშვა, რომელ ურთიერთობაში მხარეთა ორმხრივი უფლებები და მოვალეობები განისაზღვრა ხელშეკრულებებით, რომელთა შორისაა ზიანის ანაზღურების თაობაზე შეთანხმება საგამონაკლისო დათქმების გათვალისწინებით.
8. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 829-ე მუხლზეც და განმარტა, სადავო ხელშეკრულების მიხედვით მხარეთა მიერ შეთანხმებული იქნა ის სტანადრტული საგამონაკლისო შემთხვევები, რომელთა არსებობის შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურების შესაძლებლობა გამორიცხებოდა. მათ შორის, ხელშეკრულების პირველი ნაწილის მე-2 მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა ზიანი, რაც გამოწვეული იქნებოდა უფლებამოსილი მძღოლის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.
9. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა მოპასუხემ უარყო, რამდენადაც თვლიდა, რომ სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა უხეში გაუფრთხილებლობით, რაც მას პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
10. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობები და მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაში იკვეთებოდა მძღოლის მარტივი და არა უხეში გაუფრთხილებლობა, კერძოდ, დადგენილი იქნა, რომ მძღოლი მოძრაობდა ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილზე - არასაცხოვრებელ ზონაში. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დასახელებულ პუნქტში ნებადართულია სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა არაუმეტეს 20კმ/სთ სიჩქარით, ხოლო საცხოვრებელ ზონაში - არაუმეტეს 20კმ.სთ სიჩქარით. თუ დასახელებულ პუქტში საგზაო პირობები იძლევა მაღალი სიჩქარით მოძრაობის შესაძლებლობას, შესაბამისი საგზაო ნიშნის დადგმით მოძრაობის სიჩქარე შეიძლება გაიზაროდს გზის ცალკეულ მონაკვეთებზე. ქალაქის გზატკეცილზე მოძრაობის სხვა შეზღუდვის დამდგენ ნორმას „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ქ.თბილისის კახეთის გზატკეცილზე მძღოლს უფლება ჰქონდა განევითარებინა 60 კმ/სთ სიჩქარე. საქმის მასალების საფუძველზე კი, არ დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის ავტომანქანის უფლებამოსილი მძღოლი გადაადგილდებოდა 60კმ.სთ-ზე მეტი სიჩქარით. პალატამ მიიჩნია, მართალია, მძღოლის ბრალეულობა საქმეზე სადავო არ არის (დადგენილია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა), თუმცა სადავოა მძღოლის ბრალეულობის ხარისხი. ასეთ შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რომ არსებობდა სსკ-ის 829-ე მუხლის ამოქმედების წინაპიროები ანუ, დამზღვევმა შემთხვევა უხეში გაუფრთხილებლობით გამოიწვია. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება ასეთი დასკვნის საფუძველს არ იძლეოდა.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით მოპასუხემ გაასაჩივრა. კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
16. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს.
18. იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრაქტიკა, 2017, გვ.119). დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო. მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).
19. სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი (სუსგ №ას-88-2025, 17 აპრილი, 2025 წელი).
20. განსახილველი საქმის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა დავის ძირითადი კვლევის საგანი, კერძოდ, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციის საფუძველი. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ შეკითხვას სწორად გასცა პასუხი, რისი დამადასტურებელი არგუმენტებიც გასაჩივრებულ განჩინებაში საკმარისად წარმოადგინა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო ინტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მძღოლის ქმედებაში არ იკვეთებოდა უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის აუცილებელი ელემენტები და სასარჩელო მოთხოვნაც კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა.
21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და არც კასატორი მიუთითებს რაიმე საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ნ.ვ.დ–ვის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. სს „ნ.ვ.დ–ვას“ (ს/კ: ..........) დაუბრუნდეს 2025 წლის 13 მაისს №1747122625 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1615.81 ლარის და 2025 წლის 8 მაისს N1746623194 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 462 ლარის 70% – 1,454.46 ლარი შემდეგი ანგარიშიდან:ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე