დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 27.02.2026
საქმის ნომერი
ა-5903-შ-132-2025
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
27.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-5903-შ-132-2025 27 თებერვალი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი,ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - მოსკოვის სახელმწიფო უნიტარული საწარმო ,,მ.''

მოწინააღმდეგე მხარე – ინდ.მეწარმე დ.შ–ვა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება NA40-217574/21-41-1652

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2025 წლის 27 ოქტომბერს №12055 წერილით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე მუხლისა და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 70-ე მუხლების შესაბამისად, შემდგომი რეაგირებისათვის გადმოაგზავნა რუსეთის ფედერაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულებისათვის. წარმოდგენილი შუამდგომლობაში მითითებულია, რომ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 1 ოქტომბრის NA40-217574/21-41-1652 გადაწყვეტილებით ინდ.მეწარმე დ.შ–ვას მოსკოვის სახელმწიფო უნიტარული საწარმო ,,მ–ის'' სასარგებლოდ დაეკისრა 56 100 რუბლის ოდენობის ჯარიმის, ასევე სახელმწიფო ბაჟის - 2 240 რუბლის ოდენობის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2021 წლის 03 ნოემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სერიის FS N037939138). სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის ვადა გასული არ არის. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინკასო არ განხორციელებულა.

დავა წარმოიშვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მომსახურების გაწევის შესახებ 2016 წლის 21 ივნისის NTS-50/0616 ხელშეკრულებიდან, რომლის თანახმად შესრულება უნდა მომხდარიყო ან მოხდა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, სადაც ხელშეკრულების 7.3 პუნქტის შესაბამისად, ასევე განისაზღვრა შესაბამისი დავის იურისდიქცია.

მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოსარჩელე და მოპასუხე. მხარეებს სათანადოდ ეცნობათ სხდომის ადგილისა და დროის შესახებ. მოპასუხემ არ წარადგინა პასუხი სარჩელზე. მოსარჩელემ იშუამდგომლა საქმის მოპასუხის დაუსწრებლად განხილვის შესახებ და შესაბამისად საქმე განხილულ იქნა მხარეთა წარმომადგენლების დაუსწრებლად და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე.

შუამდგომლობაზე დართული ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 01.10.2021 წლის გადაწყვეტილება NA40-217574/21-41-1652 არ გასაჩივრებულა, შევიდა კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას.

ქ. მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ 07.07.2025 წელს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილება NA40-217574/21-41-1652, რომელიც ეხება მოსკოვის სახელმწიფო უნიტარული საწარმო ,,მ–ის'' სარჩელს ინდ.მეწარმე დ.შ–ვას მიმართ 56 000 რუბლის დაკისრების შესახებ, რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის 1 ოქტომბრიდან არ აღსრულებულა.

შუამდგომლობის ავტორი ითხოვს რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილების NA40-217574/21-41-1652 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 04 ნოემბრის განჩინებით, მოსკოვის სახელმწიფო უნიტარული საწარმო ,,მ.'' დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული მოსკოვის სახელმწიფო უნიტარული საწარმო ,,მ–ის'' ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (დედნის სახით), რომლითაც დადასტურდება შუამდგომლობის წარმოდგენის დროისათვის კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა;

ბ) კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ან კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ ა.ს–ვას სახელზე გაცემული და სათანადო წესით დამოწმებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე, 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი, ვადაში მოქმედი მინდობილობა, გადანდობის უფლებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2025 წლის 04 დეკემბერსა და ამავე წლის 15 დეკემბერს განცხადებით მომართა მოსკოვის სახელმწიფო უნიტარული საწარმო ,,მ–ის'' წარმომადგენელმა კ.ბ.მ–მა და წარმოადგინა რუსეთის ფედერაციის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული მოსკოვის სახელმწიფო უნიტარული საწარმო ,,მ–ის'' ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (დედნის სახით), რომლითაც დადასტურდება შუამდგომლობის წარმოდგენის დროისათვის კომპანიის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა;

ბ) კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ხელმოწერილი შუამდგომლობა ან კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ ა.ს–ვას სახელზე გაცემული და სათანადო წესით დამოწმებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე, 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი, ვადაში მოქმედი მინდობილობა, გადანდობის უფლებით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინებით მოსკოვის სახელმწიფო უნიტარული საწარმო ,,მ–ის'' შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილების NA40-217574/21-41-1652 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად კი, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარე დ.შ–ვას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 დეკემბრის განჩინება და მოსკოვის სახელმწიფო უნიტარული საწარმო ,,მ–ის'' შუამდგომლობა თანდართული მასალით გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე ორჯერ: თბილისი, ........., თუმცა არც ერთხელ არ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ მისამართი არასრულია და კურიერმა ვერ მოიძია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლი კი ადგენს, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო საქმის განხილვის ამა თუ იმ ეტაპზე უფლებამოსილია იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის წესით საქმის განხილვის მარეგულირებელი ყველა იმ ნორმით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ზემდგომი წესით საქმის განხილვის მარეგულირებელ წესებს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ანალოგიურ დანაწესს შეიცავს ამავე კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

მოცემულ შემთხვევაში, ირკვევა, რომ საქმეში არსებული მოწინააღმდეგე მხარის მისამართი არასწორია, შესაბამისად პალატის მოსაზრებით აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოსკოვის სახელმწიფო უნიტარული საწარმო ,,მ–ის'' შუამდგომლობა თანხის დაკისრების თაობაზე რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილების NA40-217574/21-41-1652 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მოსკოვის სახელმწიფო უნიტარული საწარმო ,,მ–ის'' შუამდგომლობა თანხის დაკისრების თაობაზე რუსეთის ფედერაციის მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 01 ოქტომბრის გადაწყვეტილების NA40-217574/21-41-1652 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე

მოსამართლეები: გ. ჯეირანაშვილი

ლ. ქოჩიაშვილი