გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 25.02.2026
საქმის ნომერი
ას-1167-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.02.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

25 თებერვალი, 2026 წელი,საქმე №ას-1167-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

I კასატორი - ხ.კ–ძე (მოსარჩელე)

II კასატორი - სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება

I კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

II კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი ან ცენტრი) ხ.კ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული) წლების მანძილზე მუშაობდა სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო კოორდინაციის სამმართველოს ქარელის რაიონული სამსახურის ექთნის პოზიციაზე.

2. 2022 წლის 5 აგვისტოს, არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღებიდან გამომდინარე მოსარჩელემ ვერ შეძლო ექთნის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

3. გამოცდაზე უარყოფითი შედეგის მიღების მიუხედავად, 2022 წლის 16 დეკემბრამდე დასაქმებული მოპასუხე ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო კოორდინაციის სამმართველოს ქარელის რაიონული სამსახურის ექთნის პოზიციაზე განაგრძობდა მუშაობას, ხოლო 2022 წლის 16 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, დასაქმებულს შტატგარეშე მოსამსახურის/ექთნის რეზერვის პოზიცია ეკავა.

4. 2022 წლის 16 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არსებული პერიოდი განისაზღვრა.

5. შრომითი ხელშეკრულების 3.22. პუნქტის თანახმად, პრეჰოსპიტალური გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისათვის საჭირო უნარებისა და თეორიული ცოდნის სრულყოფის მიზნით, დასაქმებულს ევალებოდა, მონაწილეობა მიეღო ცენტრის მიერ დაგეგმილ სასწავლო კურსებში (არასავალდებულო) და ჩაებარებინა შესაბამის გამოცდა (სავალდებულო), რომლის მიზანი იყო თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა.

ხელშეკრულების 17.6.5 პუნქტით, საკვალიფიკაციო/პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამისობის დადგენის მიზნით ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული/განსაზღვრული გამოცდის ჩაუბარებლობა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველად განისაზღვრა.

6. 2023 წლის 19 ივნისის წერილით, იმავე წლის 1 ივლისიდან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებელმა დასაქმებულს შეატყობინა.

7. 2023 წლის 30 ივნისის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება) მოსარჩელე სამსახურიდან 2023 წლის 1 ივლისიდან გათავისუფლდა, რის საფუძვლადაც საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 47.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე (დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა) მიეთითა.

8. სადავო ბრძანებისა და შრომითი ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ დასაქმებულმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

9. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაქმებულმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით:

მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა და, ახალი გადაწყვეტილებით, სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი; სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან - 2023 წლის 1 ივლისიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს ყოველთვიურად 1 513.60 ლარის (დარიცხული) ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა; სხვა ნაწილშისასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.

11.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნა ჩამოაყალიბა:

11.1.1. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება 2022 წლის აგვისტოში არ შეწყვეტილა, როდესაც კვალიფიკაციის ნაკლებობაზე მითითებით დამსაქმებელს საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ) 47.1 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტზე დაყრდნობით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შეეძლო.

მიუხედავად ამისა, დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა 2022 წლის 16 დეკემბრამდე გაგრძელდა და ამ დროის მანძილზე მოსარჩელეს იგივე პოზიცია ეკავა, ხოლო 2022 წლის 16 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულებით ექთანი-რეზერვის პოზიციაზე 2023 წლის 31 დეკემბრამდე დაინიშნა, ამასთან გამოცდის შედეგებზე მითითებით სწორედ აღნიშნული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში განხორციელდა დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა.

2022 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოცდის შედეგების მიუხედავად, შრომითსამართლებრივი ურთიერთობა მოსარჩელესთან განსაზღვრული ვადით გაგრძელდა, ახალი ხელშეკრულება დაიდო და აღნიშნულის შემდეგ ძველი შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში გამოცდის ჩაუბარებლობაზე მითითებით დამსაქმებელმა მასთან შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა, რაც გაუმართლებელი იყო და სშკ-ის 47.1 მუხლის ,,ვ’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს არ შეესაბამებოდა.

დამსაქმებელმა ვერ მიუთითა დამატებით სხვა გარემოებაზე, რომელსაც შეეძლო გამოცდის ჩაუბარებლობიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა გაემართლებინა, ხოლო იმ პირობებში, როდესაც განსაზღვრული ვადით ახალი შრომითი ხელშეკრულება მოქმედებდა, წინა შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებული გამოცდის შედეგებზე დაყრდნობით შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა კანონშეუსაბამო იყო.

11.1.2. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის მდგომარეობით ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა გასული იყო, სამსახურში აღდგენის შესახებ დასაქმებულის მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ წარუმატებლად მიიჩნია (სშკ-ის 48.8 მუხლი).

11.1.3. ვინაიდან ექთანი-რეზერვის პოზიციაზე მოსარჩელის დასაქმებასთან მიმართებით მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებდა, რომელიც დამსაქმებლის უკანონო გადაწყვეტილების საფუძველზე 2023 წლის 30 ივნისს (დაახლოებით 6 თვით ადრე) შეწყდა, შესაბამისად, ვადიანი შრომითი ხელშეკრულების არსებობის პირობებში სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის საკითხი ერთობლივად გადაწყვეტილიყო და უკანონოდ გათავისუფლებული მუშაკის უფლებრივი რესტიტუცია იმგვარად შესრულებულიყო, რომ შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელფასო ანაზღაურება მას სრულად მიკუთვნებოდა.

11.1.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც დადგინდა მოპასუხის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების გაუმართლებელი შეწყვეტა, საფუძვლიანად უნდა მიჩნეულიყო მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რის გამოც დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს უნდა დაკისრებოდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამსახურიდან განთავისუფლების დღიდან - 2023 წლის 1 ივლისიდან - 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველთვიურად 1 513.60 ლარის (დარიცხული) ოდენობით.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.

12.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს დასაქმებული, რომელიც შემდეგზე მიუთითებს:

- სადავო ბრძანების კანონიერების საკითხი სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა, თუმცა შრომითი ხელშეკრულების შინაარსი არასწორად განმარტა. ახალ ხელშეკრულებაში ერთწლიანი ვადის შესახებ ჩანაწერის მიუხედავად, მოსარჩელე უვადოდ დასაქმებულად უნდა ჩაითვალოს.

- იმავე ან სხვა პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენის შეუძლებლობის შესახებ სათანადო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, რაც მისი მტკიცების ტვირთში შედიოდა.

12.2. დამსაქმებლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნაა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რაც შემდეგნაირადაა დასაბუთებული:

- საგულისხმოა, რომ მოსარჩელე სრულად დასაქმებულთა რიცხვში კი არ შედიოდა, არამედ, იგი რეზერვის ექთნის მოვალეობას ასრულებდა.

- შრომითი ხელშეკრულების 17.6.5 პუნქტის თანახმად, საკვალიფიკაციო/პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამისობის დადგენის მიზნით ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული/განსაზღვრული გამოცდის ჩაუბარებლობისას, დასაქმებული თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელისთვის წინასწარ ცნობილი იყო, თუ რა მოჰყვებოდა გამოცდის ჩაუბარებლობას, მაგრამ გამოცდის შედეგები მას არ გაუსაჩივრებია.

13. საკასაციო პალატის 2026 წლის 13 თებერვლის განჩინებით ხ.კ–ძისა და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საკასაციო საჩივრები 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

14. საკასაციო პალატის შეფასების საგანია, თუ რამდენად კანონიერია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით დასაქმებულის მიერ დამსაქმებლის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი.

15. განსახილველი საქმის მასალებით შემდეგი გარემოებებია გამოვლენილი:

1). მოსარჩელე წლების მანძილზე მუშაობდა მოპასუხის სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო კოორდინაციის სამმართველოს ქარელის რაიონული სამსახურის ექთნის პოზიციაზე.

2). 2022 წლის 5 აგვისტოს, არადამაკმაყოფილებელი შეფასების გამო მოსარჩელემ ვერ შეძლო ექთანის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება.

3). გამოცდის ჩაუბარებლობის მიუხედავად, 2022 წლის 16 დეკემბრამდე დასაქმებული აგრძელებდა საქმიანობას მოპასუხე ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო კოორდინაციის სამმართველოს ქარელის რაიონული სამსახურის ექთნის პოზიციაზე, ხოლო 2022 წლის 16 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულს შტატგარეშე მოსამსახურის/ექთნის რეზერვის პოზიცია ეკავა.

4). 2022 წლის 16 დეკემბრის შრომითი ხელშეკრულების მე-16 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადაა 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით არსებული პერიოდი.

5). შრომითი ხელშეკრულების 3.22. პუნქტის თანახმად, პრეჰოსპიტალური გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისათვის საჭირო უნარებისა და თეორიული ცოდნის სრულყოფის მიზნით, დასაქმებულს ევალებოდა, მონაწილეობა მიეღო ცენტრის მიერ დაგეგმილ სასწავლო კურსებში (არასავალდებულო) და ჩაებარებინა შესაბამის გამოცდა (სავალდებულო), რომლის მიზანი იყო თანამედროვე მედიცინის მიღწევებთან და ტექნოლოგიებთან თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესაბამისობის უზრუნველყოფა. ხელშეკრულების 17.6.5 პუნქტით, საკვალიფიკაციო/პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამისობის დადგენის მიზნით ცენტრის დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული/განსაზღვრული გამოცდის ჩაუბარებლობა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველად განისაზღვრა.

6). 2023 წლის 19 ივნისის წერილით, იმავე წლის 1 ივლისიდან მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებელმა დასაქმებულს შეატყობინა.

7). 2023 წლის 30 ივნისის სადავო ბრძანებით სამუშაოდან მოსარჩელე 2023 წლის 1 ივლისიდან გათავისუფლდა, რის საფუძვლადაც სშკ-ის 47.1 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე (დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა) მიეთითა. ხსენებული ბრძანება დასაქმებულის მიერ მოპასუხე ორგანიზაციაში 2022 წლის ზაფხულში ჩატარებულ გამოცდაზე მიღებულ არადამაკმაყოფილებელ შედეგს ეფუძნებოდა.

16. სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილებულია, რა ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სრულადაა გასაზიარებელია.

რაც შეეხება დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენას, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა, რაც იმით დაასაბუთა, რომ შრომითი ხელშეკრულება მხარეთა შორის 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებდა, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნების განხილვის პერიოდისთვის ეს ვადა გასულია, სამსახურში აღდგენის მოთხოვნა ვერ იქნება რეალიზებული.

17. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, შემდეგი მოტივაციის გათვალისწინებით:

17.1. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი სშკ-ის 12.1 მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულება იდება ზეპირი ან წერილობითი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადა არის 1 წელი ან 1 წელზე მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ შემდეგი საფუძვლის არსებობისას: ა). შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ). შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ). სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ). ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე). შრომითი ხელშეკრულება ითვალისწინებს „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შრომის ანაზღაურების სუბსიდირებას; ვ). არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას.

კანონის დასახელებული ნორმა, განაპირობებს ერთ წელზე ნაკლები ვადით ხელშეკრულებების დადებას მხოლოდ შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, რაც შრომითი ურთიერთობების სტაბილურობასა და დასაქმებულთა სოციალურ დაცულობას უწყობს ხელს. კანონმდებლობით დადგენილი დასაქმებულთა უფლებების დაცვის აღნიშნული სტანდარტი სწორედ ხელშეკრულების ვადის განსაზღვრას უკავშირდება. დამსაქმებელი შეზღუდულია შესაძლებლობაში, დასაქმებულთან მოკლევადიანი ხელშეკრულება გააფორმოს, როდესაც კანონით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევა და საფუძველი არ არსებობს. სათანადო გარემოების დადასტურება დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა (იხ. სუსგ, საქმე №ას-118-118-2018, 27.02.2018).

განსახილველი საკითხის გაანალიზებისას, საგულისხმოა სშკ-ის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები, რომელთა თანახმადაც:

თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა 30 თვეზე მეტია, ან თუ შრომითი ურთიერთობა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების მიმდევრობით ორჯერ ან მეტჯერ დადების შედეგად გრძელდება და მისი ხანგრძლივობა 30 თვეს აღემატება, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.

ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულება მისი ვადის გასვლისთანავე გაგრძელდა ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება პირველი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის ვადაში დაიდო.

თუ განსაზღვრული ვადით შრომითი ხელშეკრულება დადებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის გარეშე, მიიჩნევა, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება.

17.2. საქმეზე დადგენილი გარემოებების (რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 407.2 მუხლიდან გამომდინარე საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა) გათვალისწინებით თვალნათელია, რომ მხარეთა შორის შრომითსამართლებრივი ურთიერთობა წლების განმავლობაში არსებობდა; შესაბამისად, ექთნის პოზიციაზე დასაქმებულ მოსარჩელესთან ბოლოს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2023 წლის 31 დეკემბრის პერიოდით შემოსაზღვრას მხოლოდ ფორმალური ხასიათი გააჩნია და მოსარჩელის შრომითსამართლებრივ უფლებებზე არსებით გავლენას ვერ იქონიებს.

18. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში სააპელაციო სასამართლოს მართებს შემდეგი გარემოების სრულყოფი დადგენა/გამოკვლევა:

მოსარჩელის მოპასუხე ორგანიზაციაში საქმიანობის ვადის გათვალისწინებით გამოკვეთილია თუ არა მხარეთა შორის არსებული შრომითსამართლებრივი ურთიერთობის უვადო ხასიათი. დასმულ შეკითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე ხელახლა უნდა იმსჯელოს და არგუმენტირებული დასკვნა მხოლოდ მითითებული გარემოების სრულყოფილად, სხვა ფაქტორებთან ერთობლივად გაანალიზების შემდეგ ჩამოაყალიბოს.

19. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება დავაზე ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნების სრულყოფილად განხილვის მიზნით გამოკვეთილია მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების დეტალურად განხილვის აუცილებლობა. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებაში მოცემული მსჯელობის გათვალისწინებით ხელახლა უნდა განიხილოს სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა.

20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი (სსსკ-ის 412-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ.კ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია