შუამდგომლობა

სამოქალაქო 05.03.2026
საქმის ნომერი
ა-5446-შ-121-2025
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
05.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

05 მარტი 2026 წელი

საქმე №ა-5446-შ-121-2025 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი - ლ.ს–ია

მოწინააღმდეგე მხარე - პ.ს–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე - რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის N2-14367/2024 გადაწყვეტილება

დავის საგანი - მშობლის უფლების შეზღუდვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის N2-14367/2024 გადაწყვეტილებით, ს–ია ლ.ა. ასულის სასარჩელო მოთხოვნები (SNILS: 196-41-799 34) ს–ი პ.მ. ძის (SNILS: 011-873-624 35) წინააღმდეგ მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ - დაკმაყოფილდა. ს.პ. მ. ძეს, დაბადებული 14.07.1970 წ., შეეზღუდა მშობლის უფლებები არასრულწლოვან შვილებთან მიმართებით ს–ია ვ. პ.-ასულთან, დაბადებული 16.11.2016წ., ს–ია ვ.პ. ასულთან, დაბადებული 21.05.2019წ. განემარტა პ. მ. ძე ს–ის, რომ თუ ის არ შეცვლის არასრულწლოვანთა მიმართ დამოკიდებულებას, შეიძლება შეტანილი იქნას სარჩელი მშობლის უფლებების ჩამორთმევის შესახებ რუსეთის ფედერაციის საოჯახო კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-2 სტროფის გათვალისწინებული წესითა და ვადებში.

2. 2025 წლის 26 სექტემბერს ლ.ს–იამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის N2-14367/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.

3. შუამდგომლობაზე დართული მასალების თანახმად, გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2025 წლის 28 ივლისიდან.

4. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის N2-14367/2024 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოწინააღმდეგე მხარე ინფორმირებული იყო სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ და სასამართლო პროცესში წარმომადგენლების მეშვეობით იღებდა მონაწილეობას.

5. საცნობი გადაწყვეტილებიდან და საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ:

5.1. მოწინააღმდეგე მხარე არასრულწლოვნებთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

5.2. პ.ს–იმ 2023 წლის 07 აპრილს სარჩელი აღძრა საქართველოში ლ.ს–იას მიმართ მშობლის უფლებების შეზღუდვისა და არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით (მსგავსი მოთხოვნები დააყენეს არასრულწლოვნებმაც). წინამდებარე საქმეზე სასამართლო განხილვა მიმდინარეა და არ დასრულებულა.

5.3. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით, პ.ს–ის სარჩელის მოთხოვნები ლ.ს–იას წინააღმდეგ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ, ბავშვების გადაცემის ვალდებულების შესახებ - არ დაკმაყოფილდა. პ.ს–ის წინააღმდეგ ლ.ს–იას საპასუხო სარჩელის მოთხოვნები ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ბავშვების გადაცემის ვალდებულების შესახებ - დაკმაყოფილდა. არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა დედასთან.

5.4. რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ცნო საქართველოს ტერიტორიაზე.

5.5. მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებისა პ.ს–იმ ბავშვები ბელორუსის რესპუბლიკის გავლით თურქეთში, შემდეგ ისრაელსა და საქართველოში გადაიყვანა.

5.6. 2022 წლის 18 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის აღმასრულებლის დადგენილებით, მოპასუხე პ.ს–ის წინააღმდეგ დაიწყო სააღსრულებო წარმოება, რომლის საგანია ბავშვების გადაცემა. აღსრულების წარმოების ფარგლებში, პ.ს–ი სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის არაერთხელ დაისაჯა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში. 2022 წლის 23 სექტემბერს ბავშვებზე აღმასრულებელმა ძებნა გამოაცხადა.

5.7. ს–ი პ.მ.-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 330-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, მოსარჩელე (წინამდებარე საქმეში შუამდგომლობის ავტორი) და მხარეთა არასრულწლოვანი შვილები დაზარალებულად ცნეს.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის N2-14367/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-ელი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეებს განიხილავს სწორედ ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წესების შესაბამისად.

8. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით, რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის N2-14367/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ ლ.ს–იას შუამდგომლობა მიღებული იქნა განსახილველად.

9. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წინამდებარე შუამდგომლობის საგანთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა უკვე წარმოადგენს საქართველოს სასამართლოში მიმდინარე დავის საგანს. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ პ.ს–იმ 2023 წლის 07 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით ლ.ს–იას წინააღმდეგ მშობლის უფლებების შეზღუდვისა და არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით, რომლის განხილვა ამ დრომდე არ არის დასრულებული. აღნიშნული გარემოება დასტურდება როგორც წარმოდგენილი საცნობი გადაწყვეტილების შინაარსით, რომელშიც მითითებულია საქართველოში შესაბამისი დავის მიმდინარეობის შესახებ, ასევე თავად შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, რომლის მიხედვითაც, პ.ს–ის მიერ ინიცირებული დავა საქართველოში კვლავ განხილვის პროცესშია და საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ამდენად, საკასაციო სასამართლოსთვის უდავოა, რომ ერთსა და იმავე მხარეებს შორის, იმავე სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით, საქართველოს სასამართლოში მიმდინარეობს საქმის განხილვა, რომლის შედეგსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს წინამდებარე შუამდგომლობის გადაწყვეტაზე. ამ ვითარებაში, საქართველოში მიმდინარე საქმის დასრულებამდე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხის გადაწყვეტა ეწინააღმდეგება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ წესრიგს.

10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის მეორე წინადადებაზე, რომლის თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

11. საკასაციო სასამართლო მოიხმობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, თუ სამართალწარმოება მიმდინარეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შესაძლებელია საქართველოში ამ საქმის დამთავრების შემდეგ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები წარმოადგენს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებებს (ს.უ.ს.გ. №ა-3197-შ-65-2015, 20 ოქტომბერი, 2015 წელი; №ა-3809-შ-80-2015, 23 დეკემბერი, 2015 წელი).

12. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იკვეთება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა, რაც წარმოადგენს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელ გარემოებას.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის მიზანია, გამოირიცხოს ერთი და იმავე სამართლებრივი ურთიერთობის პარალელურად გადაწყვეტა სხვადასხვა იურისდიქციაში იმ პირობებში, როდესაც ეროვნულ სასამართლოში შესაბამის საკითხზე სამართალწარმოება ჯერ კიდევ დასრულებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესაძლებლობას უკავშირებს საქართველოში მიმდინარე საქმის დასრულებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ურთიერთგამომრიცხავი სამართლებრივი შედეგები და დაცული იყოს ეროვნული მართლმსაჯულების პროცესუალური პრიორიტეტი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ვიდრე საქართველოში იმავე მხარეებს შორის იმავე საკითხზე აღძრული დავა დასრულებული არ არის, არ არსებობს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის განხილვის პროცესუალური წინაპირობა, რაც განაპირობებს წინამდებარე შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას.

13. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობას საქმისწარმოების შეჩერების თაობაზე, რომელიც ეფუძნება იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს დავა იმავე მხარეებს შორის. პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული საქმის განხილვა ობიექტურად შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე. მოცემულ შემთხვევაში კი, წინამდებარე შუამდგომლობის განხილვა არ არის დამოკიდებული თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე საქმის დასრულებაზე იმგვარად, რომ მისი დასრულების გარეშე შეუძლებელი იყოს ამ შუამდგომლობის განხილვა. ამასთან, იკვეთება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოება, რომელიც შუამდგომლობის არსებითად განხილვის დამაბრკოლებელი გარემოებაა და განაპირობებს მის განუხილველად დატოვებას. შესაბამისად, საქმისწარმოების შეჩერების საფუძველი არ ვლინდება.

14. საკასაციო სასამართლო დამატებით განუმარტავს მხარეს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, შუამდგომლობის განუხილველად დატოვება მხარეს არ ართმევს უფლებას, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომელიც საფუძვლად დაედო განუხილველად დატოვებას, კვლავ მიმართოს სასამართლოს იმავე შუამდგომლობით.

15. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის განუხილველად დატოვების შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. ამდენად, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187.2, 1991 და 275-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ს–იას შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 25 დეკემბრის N2-14367/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც აეკრძალა პ.ს–ის არასრულწლოვანი ბავშვების: ვ. პ. ასული ს–აიასა (დაბ. 16.11.2016 წ.) და ვ.პ. ასული ს–აიას (დაბ. 21.05.2019 წ.) საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი