დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 20.03.2026
საქმის ნომერი
ას-11-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-11-2026 20 მარტი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - ვ.გ–ძე, ს.ნ–ძე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.ლ–ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 16 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი.ლ–ას (შემდგომში – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა ვ.გ–ძის (შემდგომში – პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი) და ს.ნ–ძის (შემდგომში – მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის მოთხოვნით; მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა საცხოვრებელი ბინა და სხვენი, რომელიც გათავისუფლებული გადაეცა მოსარჩელეს.

2. ზემოაღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხეებმა საჩივრით გაასაჩივრეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 6 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეთა საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით, აპელანტთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 16 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2026 წლის 6 თებერვლის განჩინება.

5. კასატორთა განმარტებით, შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. კერძოდ, პირველი მოპასუხის დედის (მეორე მოპასუხის დედამთილის) გარდაცვალების გამო, ორივე მოპასუხეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოუწია ქალაქ სამტრედიაში გამგზავრება დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოსაგვარებლად.

6. კასატორები ასევე აღნიშნავენ, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მათ პირადად არ ჩაჰბარებიათ. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, სამართალწარმოების პროცესში სრულყოფილად გამოხატონ საკუთარი პოზიცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

10. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც სააპელაციო სასამართლომ დაუშვა საქმის განხილვის პროცესში და რომლებმაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება ან დადგენა, აგრეთვე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორი გამოყენება ან/და განმარტება.

10.1 საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

10.2 მოსარჩელე აღრიცხულია სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, ხოლო მოპასუხეები აღნიშნულ ქონებას ფლობენ მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ.

10.3 2024 წლის 16 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა სადავო უძრავი ქონება და გათავისუფლებული გადაეცა მესაკუთრეს (მოსარჩელეს).

11. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სსსკ-ის 232¹ მუხლის საფუძველზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმება. კერძოდ, საკასაციო პალატა ამოწმებს, რამდენად სწორად და სრულად შეაფასა თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობა. ამასთან, საკასაციო პალატის შეფასება მოიცავს იმის დადგენასაც, არსებობდა თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისათვის. აღნიშნული გულისხმობს, ერთის მხრივ, იმის გადამოწმებას, დაცული იყო თუ არა მოპასუხეთათვის სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების სათანადო წესით ჩაბარების მოთხოვნები, მიეცათ თუ არა მათ რეალური შესაძლებლობა, წარედგინათ შესაგებელი და მონაწილეობა მიეღოთ პროცესში, ხოლო მეორე მხრივ, იყო თუ არა შესაგებლის წარუდგენლობა განპირობებული საპატიო მიზეზით, რაც კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო პალატა ამ ეტაპზე არ აფასებს დავის არსებით მხარეს (მატერიალურსამართლებრივ მოთხოვნას), არამედ ამოწმებს მხოლოდ იმ პროცედურულ-სამართლებრივ პირობებს, რომელთა არსებობაც აუცილებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერად მისაღებად და ძალაში დასატოვებლად.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 232¹ მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის აუცილებელია კანონით დადგენილი ყველა წინაპირობის არსებობა. აღნიშნული ნორმის თანახმად, შესაგებლის წარუდგენლობის საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: მოპასუხე სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით სათანადოდ არის ინფორმირებული საქმის განხილვის შესახებ; მას დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს სარჩელი და თანდართული დოკუმენტები; ამასთან, მას ამომწურავად განემარტა სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საპროცესო ვადის დარღვევის ნეგატიური შედეგები; და მოპასუხემ ბრალეულად დაარღვია შესაგებლის წარდგენისათვის დადგენილი ვადა. აღნიშნული ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევას. ამ წინაპირობათა კუმულაციური არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ საფუძველს.

13. ამასთან, სასამართლო არ არის შეზღუდული მხოლოდ ფორმალური წინაპირობების დადგენით. იმისათვის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გზით, მოსამართლე ვალდებულია შეამოწმოს მოთხოვნის იურიდიული საფუძვლიანობა. კერძოდ, მან უნდა დაადგინოს, ამართლებს თუ არა კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნას სამართლებრივი თვალსაზრისით. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის შეფასება გულისხმობს შესაბამისი მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრას და იმის დადგენას, ქმნის თუ არა სარჩელში მითითებული და დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამ ნორმით გათვალისწინებულ სამართლებრივ შემადგენლობას. მხოლოდ ამგვარი კომპლექსური შემოწმების შედეგად არის შესაძლებელი დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერად გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება.

14. საკასაციო პალატის განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, დავის საგნის გათვალისწინებით, მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები სსსკ-ის 170-ე და 172-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ყველა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობა, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

15. კასატორები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ იმ საფუძვლით, რომ სასამართლო გზავნილი მათ პირადად არ ჩაჰბარებიათ, ხოლო პირველი მოპასუხის დედის გარდაცვალების გამო ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდნენ ქ. სამტრედიაში დაკრძალვისა და მასთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციული საკითხების მოსაგვარებლად, რაც მათი პოზიციით წარმოადგენს შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზს.

16. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომელთა მიხედვითაც დასტურდება, რომ მოპასუხეებისათვის გაგზავნილი გზავნილი 2024 წლის 19 ივნისს ჩაჰბარდა ო.ლ–ს, რომელიც წარმოადგენს პირველი მოპასუხის სიდედრს და მეორე მოპასუხის დედას.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 70-ე და 74-ე მუხლები უზრუნველყოფენ სასამართლო გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებას მხარის ან მისი წარმომადგენლისათვის, განსაზღვრავენ მის მიმღებს, მიღების და გადაცემის წესს და ადგენენ პირობებს, რომლის დაცვითაც უწყება ჩაითვლება ადრესატისთვის ჩაბარებულად. კერძოდ, სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 27 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-85-2026). იმავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

18. ამდენად, სსსკ-ის 74-ე მუხლი განსაზღვრავს წესს, რომელიც გარანტირებს გზავნილის მიღებას, დოკუმენტურ ვალდებულებებს და სამართლებრივ შედეგებს ადრესატის არყოფნის შემთხვევაშიც. ეს ნორმა უზრუნველყოფს იმას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლოს გზავნილი ჩაიბაროს მასთან მცხოვრებმა ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა, რაც თვით მხარისთვის ჩაბარებას უთანაბრდება (მიიჩნევა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებულად) და სასამართლოს საშუალებას აძლევს განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 27 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-85-2026).

19. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებას, რომ გზავნილი პირადად არ ჩაჰბარებიათ, პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ დადასტურებულ შემთხვევაშიც ეს გარემოება არ ახდენს გავლენას უწყების ადრესატისთვის ჩაბარებულად მიჩნევის სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილი პირისათვის გზავნილის ჩაბარება უთანაბრდება უწყების ადრესატისთვის ჩაბარებას. სასამართლო განსაზღვრავს მხოლოდ იმას, მოხდა თუ არა ჩაბარება ადრესატთან მცხოვრები ოჯახის ქმედუნარიანი წევრისათვის. ამგვარი ჩაბარების არსებობის შემთხვევაში, უწყება მიიჩნევა ადრესატისთვის ჩაბარებულად და სასამართლოს აქვს უფლება განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-29-27-2013, 04.04.2013წ; №ას-660-2021, 30.09.2021წ.; №ას-1102-2025, 05.09.2025წ.). მართალია, ნორმა ითვალისწინებს იმ ვალდებულებას, რომ მხარის ოჯახის წევრმა მიღებული დოკუმენტები გადასცეს ადრესატს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად წარმოშობილი რისკი მთლიანად მხარეს ეკისრება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-234-2025, 04.04.2025წ.; №ას-1503-2024, 30.04.2025წ.).

20. პალატის შეფასებით, ვინაიდან პირველი მოპასუხის დედამ და მეორე მოპასუხის დედამთილმა, როგორც ადრესატების ოჯახის წევრმა, ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, მიიჩნევა, რომ გზავნილი მოპასუხეებს ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით, რაც მათ პრეტენზიას გზავნილის პირადად ჩაბარებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელს ხდის.

20. რაც შეეხება შესაგებლის საპატიო მიზეზით წარუდგენლობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სსსკ-ის 241-ე მუხლი, რომლის თანახმადაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება ექვემდებარება გაუქმებას და საქმის განხილვა განახლდება, თუ სახეზეა ამავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ დადასტურდება, რომ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის არსებობის შესახებაც მას ობიექტურად არ გააჩნდა სასამართლოსთვის დროული შეტყობინების შესაძლებლობა.

21. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წინაპირობებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით, შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. კანონის მითითებული დანაწესის თანახმად, საპატიოდ მიიჩნევა ისეთი გარემოების სარწმუნოდ დადასტურება, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულებას, მოცემულ შემთხვევაში კი - სარჩელზე შესაგებლის წარდგენას. ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის გათვალისწინებით, მხარე, რომელიც საპატიო მიზეზზე მიუთითებს, ვალდებულია შესაბამისი მტკიცებულებებით დაადასტუროს აღნიშნული გარემოების არსებობა და მისი გავლენა საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობაზე.

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი მოპასუხის დედის გარდაცვალება არ ქმნის შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზს. მიუხედავად იმისა, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი ფორმალურად ითვალისწინებს ახლო ნათესავის გარდაცვალებას, როგორც საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიო საფუძველს, აღნიშნული გარემოება ავტომატურად და უპირობოდ არ წარმოშობს საპატიოობის აღიარებას. აუცილებელია დადგინდეს უშუალო და ობიექტურად დასაბუთებადი მიზეზობრივი კავშირი კონკრეტულ გარემოებასა და საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას შორის.

23. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პირველი მოპასუხის დედა გარდაიცვალა 2024 წლის 23 თებერვალს, მაშინ როდესაც სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეებს ჩაჰბარდათ 2024 წლის 19 ივნისს. შესაბამისად, შესაგებლის წარდგენისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 20 ივნისს და დასრულდა 2024 წლის 1 ივლისს. ამრიგად, გარდაცვალების ფაქტსა და საპროცესო ვალდებულების წარმოშობას შორის არსებობს დაახლოებით ოთხი თვის პერიოდი, რაც გამორიცხავს იმგვარი ინტენსივობისა და უწყვეტობის მქონე ობიექტური მდგომარეობის არსებობას, რომელიც მხარეს რეალურად შეუზღუდავდა პროცესუალურ უფლებამოსილებას შესაგებლის წარდგენაზე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მითითებული ფაქტი თავის შინაარსით შესაძლოა მიეკუთვნებოდეს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებათა კატეგორიას, განსახილველ საქმეში არ იკვეთება მისი სამართლებრივი რელევანტურობა და მიზეზობრივი კავშირი კონკრეტულ საპროცესო ვალდებულების დარღვევასთან. ამიტომ, კასატორებმა ვერ დაადასტურეს ისეთი საპატიო გარემოება, რომელიც ობიექტურად გამორიცხავდა შესაგებლის წარდგენის შესაძლებლობას.

24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრებას. იგი ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და სასამართლო პროცესის ეფექტიან, მოწესრიგებულ წარმართვას. ამასთან, აღნიშნული ინსტიტუტი წარმოადგენს სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციის ერთ-ერთ სამართლებრივ მექანიზმს. შესაბამისად, როდესაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას დაცულია კანონით დადგენილი ყველა წინაპირობა, მისი გაუქმება სათანადო სამართლებრივი და ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

25. საკასაციო პალატის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს მონაწილე სახელმწიფოებს, მოაწყონ მათი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეეწყოს სწრაფ და ეფექტურ სამართალწარმოებას, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის კუთხით (იხილეთ: Aždajić v. Slovenia, no. 71872/12, 08/10/2015, § 49; Gankin and Oters v Russia, no. 12938/12. 31/05/2016, § 26.).

26. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (Gakharia v Georgia N30459/13, 06/12/2016), მიიჩნია, რომ სასამართლოს უნდა შეესწავლა ორი ძირითადი საკითხი: პირველი - გამოიჩინა თუ არა საქართველოს სახელმწიფომ საკმარისი გულმოდგინება ყველა საჭირო ზომის მიღებით, რათა ეცნობებინა მომჩივნისთვის (განმცხადებლისათვის) საქმისწარმოების დაწყების თაობაზე, რომელიც შეეხებოდა მისთვის მშობლის უფლებების შესაძლო შეზღუდვას და, ამასთან დაკავშირებით, მომჩივანმა (განმცხადებელმა) განაცხადა თუ არა უარი საკუთარ უფლებაზე, წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და დაეცვა თავი; და მეორე - უზრუნველყო თუ არა ეროვნულმა კანონმდებლობამ მომჩივანი (განმცხადებელი) შესაბამისი სამართლებრივი საშუალებებით, რათა დაცული ყოფილიყო შეჯიბრებითობის პრინციპი ახალ სასამართლო სხდომაზე, როდესაც მან შეიტყო მის წინააღმდეგ დაუსწრებლად გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ (§38). საქმეზე დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (Gakharia v Georgia N30459/13, 06.12.2016, § 49-51). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა (იხ: „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ (Bartaia v Georgia/საჩივარი N10978/06, ECHR). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით საქმეზე „ავოტინში ლატვიის წინააღმდეგ“, რომელშიც განმცხადებლის ერთ-ერთი პრეტენზია იყო, მის წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე მითითების არარსებობა, არ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა და განმარტა, რომ განმცხადებელი უნდა გასცნობოდა კვიპროსის სასამართლოებში შესაძლო განხილვის წესს. არ მოიპოვა რა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია, მან, თავისი უმოქმედობითა და ნების არარსებობით, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ ვითარების შექმნას, რაზედაც ჩიოდა ევროპულ სასამართლოში და რომელიც შეეძლო, აეცილებინა ზიანის გარეშე (CASE AVOTIŅŠ v. LATVIA, Application no. 17502/07, [დიდი პალატა], JUDGMENT, 2016 წლის 23 მაისი, §123-124) - (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, გია ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი, ზურაბ ძლიერიშვილი - სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი II, გვ.255-257; თბილისი, 2023წ.).

27. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა და განმარტა სსსკ-ის 70-ე-78-ე, 201-ე და 232¹ მუხლები, აგრეთვე კანონით დადგენილი წესით განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით აუცილებელი იყო საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად დასადგენად და მტკიცების ტვირთის სწორად განაწილების პირობებში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის. აღნიშნული გარემოებები მიუთითებს, რომ საქმე არ განხილულა რაიმე არსებითი საპროცესო დარღვევით. კასატორიც ვერ მიუთითებს ისეთ დარღვევაზე, რომელიც გავლენას მოახდენდა საქმის განხილვის შედეგზე ან შეცვლიდა სასამართლოს მიერ დადგენილ სამართლებრივ შეფასებას.

28. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

30. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-967-2025, 12.02.2026წ.; №ას-1193-2025, 14.11.2025წ.; №ას-959-2025, 30.09.2025წ.).

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ.გ–ძისა და ს.ნ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. ვ.გ–ძეს (პ/ნ .........) და ს.ნ–ძეს (პ/ნ ..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ე.ი–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახადო დავალება 9630 / გადახდის თარიღი 26.01.2026), 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია