დატოვებულია განუხილველად

სამოქალაქო 19.03.2026
საქმის ნომერი
ა-1145-შ-37-2026
კატეგორია
დავის ტიპი
შუამდგომლობა
თარიღი
19.03.2026

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ა-1145-შ-37-2026

19 მარტი, 2026 წელი ქ . თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ტ.რ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა–ნა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის, კიროვოგრადის ოლქის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილება (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადახედვისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის გამარტივებული სასარჩელო წარმოების წესებით განსახილველად გადაცემის შესახებ)

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ა.ა–ნას სარჩელი ტ.რ–ნის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 1 თებერვალს დაბადებული, მ.რ–ის რჩენისათვის ყოველთვიური ალიმენტის გადახდა მოპასუხის მთლიანი შემოსავლის 1/4 ნაწილის ოდენობით, 2022 წლის 21 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე, 2034 წლის 1 თებერვლამდე, ალიმენტის ოდენობა არ უნდა იყოს არასრულწლოვანი ბავშვისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის 50 %-ზე ნაკლები.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2024 წლის 21 ნოემბერს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით და მოითხოვა უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 03 აპრილის განჩინებით ა.ა–ნას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე სააღსრულებო საქმის წარმოება მიმდინარეობს თბილისის სააღსრულებო ბიუროში საქმე N A25116552, კრედიტორი ა.ა–ნა, მოვალე ტ.რ–ნი. აღსრულების ეროვნული ბიუროს 2026 წლის 16 თებერვლის წერილის თანახმად მიმდინარე სააღსრულებო წარმოების პროცესში მოვალისაგან ამოსაღები თანხა შეადგენს 19824.44 ლარს, საიდანაც კრედიტორის მისაღები თანხა არის 18527.51 ლარი, ხოლო აღსრულების საფასური 1296.93 ლარი.

2025 წლის 19 ივნისს მოპასუხის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, კიროვოგრადის ოლქში, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვა.

სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილებით დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა კიროვოგრადის ოლქის სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის შესახებ ალიმენტის დაკისრების თაობაზე. გაუქმდა კიროვოგრადის ოლქის სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს, 2023 წლის 10 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება სამოქალაქო საქმეზე N401/1668/22 ა.ა–ნას სარჩელი, ტ.რ–ნის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე.

შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, ტ.რ–ნისთვის უკრაინიდან (ჩეხეთის რესპუბლიკის გავლით) სასამართლო გზავნილის ჩაბარება განხორციელდა ,,საქართველოს ფოსტის'' მეშვეობით 2026 წლის 03 თებერვალს.

საცნობი დადგენილების თანახმად სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილება კანონიერ ძალაში შევიდა 08.08.2025 წელს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2026 წლის 10 მარტს შუამდგომლობით მომართა ტ.რ–ნის წარმომადგენელმა და მოითხოვა უკრაინის, კიროვოგრადის ოლქის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადახედვისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის გამარტივებული სასარჩელო წარმოების წესებით განსახილველად გადაცემის შესახებ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატა შუამდგომლობის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.

უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტი]. საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით [საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) პირველი მუხლის პირველი ნაწილი].

უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა თავისთავად ამ გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას ნიშნავს და ამ შინაარსის შუამდგომლობა გარკვეულწილად გაიგივებულია აღიარებით სარჩელთან, რომელიც ფორმალურად კანონის ყველა მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს, ხოლო სასამართლომ ამ აღიარების ნამდვილობის გამორკვევის შედეგად უნდა შეაფასოს მოთხოვნის მართებულობა.

განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია უკრაინის, კიროვოგრადის ოლქის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადახედვისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის გამარტივებული სასარჩელო წარმოების წესებით განსახილველად გადაცემის შესახებ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა 2026 წლის 18 თებერვალს იდენტური შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის, კიროვოგრადის ოლქის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილების (დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადახედვისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის გამარტივებული სასარჩელო წარმოების წესებით განსახილველად გადაცემის შესახებ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 23 თებერვლის განჩინებით ტ.რ–ნის შუამდგომლობა უკრაინის, კიროვოგრადის ოლქის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩა განუხილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერ ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მისი გამოცხადებისთანავე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლიდან გამომდინარე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო სასამართლომ 2026 წლის 23 თებერვლის განჩინებით ერთხელ უკვე იმსჯელა შუამდგომლობაზე - უკრაინის, კიროვოგრადის ოლქის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს წარმოდგენილი შუამდგომლობა, რის გამოც იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 374-ე, 399-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ტ.რ–ნის შუამდგომლობა უკრაინის, კიროვოგრადის ოლქის, სვეტლოვოდსკის საქალაქო-რაიონული სასამართლოს 2025 წლის 04 აგვისტოს დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დარჩეს განუხილველად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლია