არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-246-2026 27 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქოსაქმეთაპალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ა.გ–ძე (განმცხადებელი)
მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ჟ–ნი, ე.კ–ნი, ე.ბ–ძე, მ.კ–ის უფლებამონაცვლეები - ქ.ჭ–ძე და ნ.ჭ–ძე
გასაჩივრებული განჩინებები - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 ივლისის განჩინება; 2025 წლის 17 ივნისის საოქმო განჩინება საქმისთვის ფოტო/ვიდეო მასალის დართვაზე უარისთქმის შესახებ; საქმის წარმოების შეჩერებაზე უარისთქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი - საზიარო უფლების გაუქმება
საკითხი რომელზეც მიღებულია განჩინება - საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარი, საქმის წარმოების შეჩერებაზე უარი, საქმისათვის ფოტო და ვიდეო მასალის დართვაზე უარი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.07.2025წ. განჩინებით ა.გ–ძის (შემდეგში - განმცხადებელი ან კერძო საჩივრის ავტორი) განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.06.2019წ. №2/ბ-162-2019 განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ამავე სასამართლოს 17.06.2025წ. საოქმო განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა საქმეზე ფოტო და ვიდეო მასალის დართვაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის წარმოების შეჩერების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებასაც ეთქვა უარი (ტ.2. ს.ფ. 356).
2. სააპელაციო სასამართლომ ზემომითითებული განჩინებები დასაბუთებულია შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.2019წ. №2/ბ-162-2019 განჩინებით მ.ჟ–ნს, მ.კ–ს, ე.კ–ნს (წარმომადგენლები - ა.ნ–ძე, ხ.უ–ძე) და ე.ბ–ძეს (წარმომადგენელი - მ.ბ–ძე) შორის მორიგება დამტკიცდა შემდეგი პირობით:
3.1. „მხარეები თანახმა არიან საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქ. ქუთაისი, .........., ს.კ:......... გამოეყოს რეალურად ე.ბ–ძეს თავისი კუთვნილი წილი 25,52 კვ.მ. (რომელიც დადგენილი იქნა 2018 წლის 06 სექტემბრის №007348018 ექსპერტიზის დასკვნით), ეს იქნება ფართი №2 - 25,52 კვ.მ. (საცხოვრებელი ფართი 21,52 საზაფხულო ფართი 4 კვ.მ.) ამ მორიგების აქტზე თანდართული სიტუაციური ნახაზის მიხედვით;
3.2. მხარეები თანახმა არიან უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ. ქუთაისი, ..........., ს.კ:.......... ე.ბ–ძის წილი აღირიცხოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კვ.მ.-ში - 25,52 კვ.მ. ფართი, ხოლო 4,62 კვ.მ. და 6,71 კვ.მ. შესასვლელი აღირიცხოს საერთო სარგებლობის ფართად, სხვა წილობრივი მონაცემები საცხოვრებელ სახლზე, მდებარე, ქ.ქუთაისი, .......... (ს.კ:...........) დარჩეს უცვლელი;
3.3. მხარეები თანახმა არიან საჯარო რეესტრში ე.ბ–ძის წილის 25,52 კვ.მ. ფართის რეგისტრაციისა და რეესტრის ამონაწერის ამოსვლის შემდეგ ორ კვირაში ე.ბ–ძეს გადაეცეს თავისუფალ (დაცლილ) მდგომარეობაში ფართი №2-25,52 კვ.მ. (საცხოვრებელი ფართი 21,52, საზაფხულო ფართი 4 კვ.მ. და ბინა №1-ის შესასვლელი კარების გასაღების ერთი ეგზემპლარი უძრავ ქონებაზე, მდებარე, ქ.ქუთაისი, ............, ს.კ ..........“;
4. მორიგების დამტკიცებამდე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (06.06.2019წ.), რომლის თანახმად უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ.ქუთაისი, ............, ს.კ.......... , რეგისტრირებულია ე.ბ–ძის, მ.კ–ის, ე.კ–ნის და მ.ჟ–ნის თანასაკუთრების უფლება, კერძოდ: ე.ბ–ძეს, მ.კ–ს და ე.კ–ნს ეკუთვნით 7/12 ნაწილი, მ.ჟ–ნს - 5/12 ნაწილი. წარმოდგენილი იქნა სიტუაციური ნახაზიც, სადაც არ არის ასახული საერთო სარგებლობის აივანზე განმცხადებლის საცხოვრებელი ბინიდან გამომავალი კარის ღიობი (ტ.1.ს.ფ. 285).
5. საქმის წარმოების განახლების შესახებ წარმოდგენილ განცხადებაში განმცხადებელმა განმარტა, 10.05.2018წ. უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თალიკო მ–ძისაგან შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქუთაისში, ........... (ს.კ:.........). განმცხადებელმა ბინის შეძენის დროს საცხოვრებელი ბინა დაათვალიერა და დარწმუნდა რომ ბინას აივანი ჰქონდა, რომელიც იყო №1 ბინის (ს.კ:........) და №12 (ს/კ .........) ბინის საერთო საკუთრება და აივანზე ორივე ბინიდან გამოდიოდა კარის ღიობი.
6. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განმცხადებლის წარმომადგენელმა განმარტა, ,,კარის ღიობი საარქივო მონაცემების თანახმად დაფიქსირებულია მხოლოდ 2009 წლამდე მონაცემებში, თუმცა 2009 წლიდან ეს აივანი მხოლოდ ერთი ბინის საკუთრებაშია რეგისტრირებული. 2009 წლამდე აივანს ეწერა ,,საერთო სარგებლობის საზაფხულო ფართი“. 2018წ. ამ მოცემულობაში განმცხადებელმა შეიძინა ფართი. მან არ იცოდა რომ მხოლოდ ერთ ადამიანზე იყო რეგისტრირებული აივანი, განმცხადებელს რა თქმა უნდა არ შეუმოწმებია მეზობლის უძრავი ქონება, იცოდა რომ ფართს ყიდულობდა საერთო სარგებლობის აივნით, მ–ძემ ვისგანაც შეიძინა მანაც იცოდა, რომ იყო საერთო სარგებლობის აივანი, საერთო სარგებლობაზე განმცახდებელს პრეტენზია არ აქვს, კი ბატონო იყო საერთო, არც 2018 წელს როცა განმცხადებელი ყიდულობდა ბინას ჟ–ს არ უთქვამს რომ აივანი საერთო არ იყო. 2009 წლამდე ეს ბინა იყო მხოლოდ ერთი ადამიანზე რეგისტრირებული (მამკვიდრებელზე), 2009 წელს როცა მემკვიდრეობა გააკეთეს სანოტარო აქტში ნოტარიუსმა ზუსტად იგივე სიტყვები გადმოიტანა, სამკვიდრო არის 94,51 საერთო ფართი, 14,37 არის საერთო სარგებლობის საზაფხულო ფართი. მემკვიდრე აღმოჩნდა ოთხი ადამიანი, საჯარო რეესტრს რატომღაც ეგონა რომ საზაფხულო ფართი არის ამ მემკვიდრეების საერთო ფართი, შესაბამისად რეესტრმა დაუშვა შეცდომა და ასე დაარეგისტრირა“.
7. მოსამართლის შეკითხვაზე განმცხადებლის წარმომადგენელმა განმარტა: ,,როცა მ–ძისგან განმცხადებელმა იყიდა ეს ფართი, რეესტრის ამანაწერში ეს ფართი ვერ იქნებოდა მითითებული, არც მათთან უნდა ყოფილიყო მითითებული, ვინაიდან საერთო ქონებაა და არც ერთის ამანაწერში არ უნდა ჩანდეს“.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, საქმეში წარმოდგენილია აზომვითი ნახაზები, სადაც კარის ღიობი, რომელსაც განმცხადებელი აღნიშნავს აღნიშნული არ არის.
9. დადგენილია, რომ მ.კ–ის, ე.კ–ნის და მ.ჟ–ნის საკუთრებაში იყო რეგისტრირებული საერთო სარგებლობის აივანი და სწორედ ამ აივანზე შედგა მხარეთა მორიგება.
10. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სადავო საზაფხულო ფართთან დაკავშირებით მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განხორციელებული ჩანაწერი სადავოდაა გამხდარი, თუმცა, რა ეტაპზეა ეს დავა, სააპელაციო სასამართლოსთვის უცნობია და ამასთან, ჩანაწერის (რეგისტრაციის) უსწორობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
11. ზემომითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს 19.06.2019წ. მორიგების განჩინების გამოტანისას განმცხადებლის რაიმე უფლება ამ სადავო ფართთან დაკავშირებით არ იკვეთებოდა; მას არც რაიმე სახის მოვალეობა არ დაკისრებია მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით. შესაბამისად აღნიშნული გარემოება კი თავის მხრივ წარმოადგენს გადაწყვეტილების/განჩინების ბათილად ცნობის შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.07.2025წ. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა განმცხადებელმა, რომელშიც აღნიშნა, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.06.2019წ. მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინების მონაწილე მხარეებმა ისე გაინაწილეს სადავო აივნის საერთო სარგებლობის ფართი, რომ განმცხადებელს ამის შესახებ არ აცნობეს. მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით აივანი მიჩნეულია მხარეთა ინდივიდულაურ საკუთრებად და ორ ნაწილადაა გაყოფილი. საზაფხულო ფრთიდან ნაწილი მიეკუთვნა ნ.ბ–ძეს, ხოლო ნაწილი - მ.ჟ–ს, მ.კ–ს და ე.კ–ს. საქმეში მონაწილე მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს ყალბი ნახაზი, რომელშიც არ არის აღნიშნული განცხადებლის საცხოვრებელი ბინიდან გამომავალი კარის ღიობი საერთო სარგებლობის აივანზე. მხარეებმა არასწორი ნახაზით სასამართლო შეცდომაში შეიყვანეს თითქოს საქმის შედეგით დაინტერესებული სხვა პირი არ არსებობდეს და დაინტერესებულ პირს - განმცხადებელს სასამართლო დავის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდეს.
13. განმცხადებელი ასაჩივრებს საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინებას და აღნიშნავს, მიმდინარეობს ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა, რომლის გადაწყვეტამდე იშუამდგომლა საქმის წარმოების შეჩერება. მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში თუ დაკმაყოფილდება ადმინისტრაციული სარჩელი, გაუქმდება საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს ინდივიდუალურ საკუთრებაში დაურეგისტრირდა აივანი, ასევე, დაევალება რეესტრს აივანი აღრიცხოს ორი ბინის თანასაკუთრებად.
14. განმცხადებელი ასაჩივრებს საქმისათვის ფოტო და ვიდეო მასალის დრთვაზე უარის თქმის შესახებ 17.06.2025წ. საოქმო განჩინებასაც. ამასთან, შუამდგომლობს, საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს ფოტოები და ვიდეო მასალა რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც ჰქონდა წარდგენილი, თუმცა საქმეს არ დართო და განმცხადებელს უკან დაუბრუნდა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია. შესაბამისად, კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება და საოქმო განჩინება კი, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
18. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების/საოქმო განჩინების მართლზომიერებაზე, რომლითაც განმცხადებლის მოთხოვნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.06.2019წ. №2/ბ-162-2019 განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ასევე, 17.06.2025წ. საოქმო განჩინებაზე, რომლითაც განმცხადებლის შუამდგომლობას საქმისათვის ფოტო / ვიდეო მასალის დართვასა და საქმის წარმოების შეჩერების შესახებ ეთქვა უარი.
19. რამდენადაც განმცხადებლის მოთხოვნა მიმართება კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობას და მხარეთა მორიგებით დასრულებულ საქმეზე წარმოების განახლებას, საკასაციო პალატა ყურადღებას მიქცევს სასამართლო განჩინების იურიდიულ ძალასა და მის მნიშვნელობაზე.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, სასამართლო გადაწყვეტილება/განჩინება, ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება.
21. სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების/განჩინების როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა.
22. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მართლმსაჯულების აქტი საბოლოო, სავალდებულო და შეუქცევად ხასიათს იძენს. გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლა უკავშირდება ორ პრინციპს: პირველი - „დავა გადაწყვეტილია“ (Res Juticata) და მეორე - ფაქტების პრეიუდიციას.
23. სსსკ-ის 265-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. ამავე კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმისწარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ კანონით - სსსკ-ის 422-ე და 423-ე მუხლებით ზუსტად განსაზღვრულ წანამძღვრებს. ამ დათქმაში კანონმდებელი გულისხმობს, რომ საქმისწარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას.
24. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
25. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებს სსსკ-ის 422.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე (პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე).
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე განცხადების შესამოწმებლად უნდა განიმარტოს ვინ არის ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების/განჩინების ბათილად ცნობის უფლების მქონე სუბიექტი, ანუ, ვინ არის მხარე ან/და ვის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს „ეხება უშუალოდ“ გასაჩივრებული განჩინება და შესაბამისად, ვისი მოწვევა იყო აუცილებელი საქმის განხილვაზე.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სამოქალაქო დავაში მხარეებს წარმოადგენენ მოსარჩელე, რომელიც მიმართავს სასამართლოს თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესის დასაცავად და მოპასუხე, რომლის მიმართაც არის აღძრული სარჩელი. რაც შეეხება სსსკ-ის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების/განჩინების ბათილად ცნობის მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტს, ის შეიძლება იყოს მხოლოდ ის პირი, რომლიც სასამართლო დავაში არ მონაწილეობდა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებამ მხარედ აქცია, რადგან გადაწყვეტილება უშუალოდ მის რეალურ, ფაქტობრივად არსებულ და კანონით დაცულ ინტერესს შეეხო. ასეთი პირები არიან პოტენციური მოსარჩელე, მოპასუხე ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირი (მრავალთა შორისაა სუსგ №ას-687-687-2018, 20.07.2018წ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დადგინდეს უნდა მიეღო თუ არა კერძო საჩივრის ავტორს მოცემულ დავაში მონაწილეობა.
28. როგორც ამ განჩინების პ.3-შია დადგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.2019წ. №2/ბ-162-2019 განჩინებით მ.ჟ–ნს, მ.კ–ს, ე.კ–ნს (წარმომადგენლები - ა.ნ–ძე, ხ.უ–ძე) და ე.ბ–ძეს (წარმომადგენელი - მ.ბ–ძე) შორის მორიგება დამტკიცდა. კერძო საჩივრის ავტორი კი მიიჩნევს, რომ მორიგების დამტკიცების შესახებ განჩინებით აივნის საზაფხულო ფრთიდან ნაწილი მიეკუთვნა ნ.ბ–ძეს, ხოლო ნაწილი - მ.ჟ–ს, მ.კ–ს და ე.კ–ს - მხარეებმა ისე დაინაწილეს აივნის საერთო სარგებლობის ფართი, რომ განმცხადებელს ამის შესახებ არ აცნობეს, რასაც საკასაციო პალატა განმცხადებლის, როგორც საქმის შედეგით დაინტერესებული უშუალო პირის მოწვევის აუცილებელ წინაპირობად, ვერ განიხილავს.
29. საკასაციო პალატა ყურდღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ უძრავი ქონებაზე, მდებარე ქ.ქუთაისი, ..........., ს.კ:.........., რეგისტრირებულია ე.ბ–ძის, მ.კ–ის, ე.კ–ნის და მ.ჟ–ნის თანასაკუთრების უფლება; ასევე, სასამართლოში წარმოდგენილი იქნა სიტუაციური ნახაზი, სადაც არ არის ასახული საერთო სარგებლობის აივანზე კერძო საჩივრის ავტორის საცხოვრებელი ბინიდან გამომავალი კარის ღიობი. შესაბამისად, დადგენილია, რომ მ.კ–ის, ე.კ–ნის და მ.ჟ–ნის საკუთრებაში იყო რეგისტრირებული საერთო სარგებლობის აივანი და სწორედ ამ აივანზე შედგა მხარეთა მორიგება.
30. კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს ყალბი ნახაზი, რომელშიც არ არის აღნიშნული განცხადებლის საცხოვრებელი ბინიდან გამომავალი კარის ღიობი საერთო სარგებლობის აივანზე, რითაც სასამართლო შეცდომაში შევიდა თითქოს საქმის შედეგით დაინტერესებული სხვა პირი არ არსებობდეს (დეტალურად იხ., კერძო საჩივარი - ტ.2), საკასაციო პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგან შესაბამისი მტკიცებულება საბუთის (ნახაზის) სიყალბის შესახებ განმცხადებელს არ წარუდგენია, მხოლოდ მისი ზეპირი ახსნა-განმარტება კი, სადავო გარემოების დადგენის საკმარისი საფუძველი არ არის.
31. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19.06.2019წ. მორიგების განჩინების გამოტანისას განმცხადებლის რაიმე უფლება სადავო ფართთან დაკავშირებით არ იკვეთებოდა. ამ უკანასკნელს არც კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დაკისრებია რაიმე მოვალეობა. შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განჩინების ბათილად ცნობაზე უარისთქმის შესახებ განჩინების გაუქმების საფუძვლის არსებობა კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაასაბუთა.
32. საკასაციო პალატა მოიხმობს ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებას: „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, ისე რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნეს დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, §58).
33. კერძო საჩივრის ავტორის მიერ დასმულია სააპელაციო სასამართლოს საოქმო განჩინების კანონშესაბამისობის საკითხი, რომლითაც განმცხადებლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ., ტ.2. კერძო საჩივრის მოთხოვნა), თუმცა ამ ნაწილში გაურკვეველია კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს რომელი საოქმო განჩინების გაუქმებას მოითხოვს.
34. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის დანაწესზე მიაპყრობს, რომელიც საქმის წარმოების შეჩერების საპროცესო საფუძვლებს აწერიგებს და განმარტავს, რომ მითითებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას. სხვაგვარად თუ ვიტყვით, საქმისწარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ პირობით, თუ სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას შეიძლება, მიეცეს პრეიუდიციული მნიშვნელობა სასამართლოს განხილვაში არსებული საქმის გადაწყვეტისას. აქედან გამომდინარე, საქმისწარმოების შეჩერებამდე, სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს, თუ რა კავშირი არსებობს მის მიერ განსახილველ საქმესა და იმ საქმეს შორის, რომელიც სხვა სასამართლოს მიერ განიხილება (შდრ.: სუსგ №ას-551-519-2012, 11.06.2012წ.).
35. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთი აწევს შუამდგომლობის ავტორს - მას ეკისრება დაამტკიცოს მის საპროცესო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების არსებობა და მოთხოვნის საფუძვლიანობა. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს, რომ სააპელაციო სასამართლოს წარმოებაში არსებული განცხადების განხილვა შეუძლებელი იყო სხვა ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტამდე.
36. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს საქმისათვის ფოტო/ვიდეო მასალის დართვაზე უარის თქმის შესახებ საოქმო განჩინების გაუქმების ნაწილში წამოყენებულ მოთხოვნასასაც.
37. ასევე დაუსაბუთებელია შუამდგომლობა კერძო საჩივარზე დართული ფოტო და ვიდეო მასალის საქმისათვის დართვის შესახებ. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, კერძო საჩივარზე დართული ოთხო ფოტოსურათი და დისკი უნდა დაუბრუნდეს მის წარმომდგენს.
38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის განჩინება სწორია და არ არსებობს მისი გაუქმების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 08 ივლისის განჩინება და ამავე სასამართლოს საოქმო განჩინებები საქმისთვის ფოტო-ვიდეო მასალის დართვასა და საქმის წარმოების შეჩერებაზე უარისთქმის შესახებ;
3. შუამდგომლობა საქმისათვის ფოტო/ვიდეო მასალის დართვაზე არ დაკმაყოფილდეს და კერძო საჩივარზე დართული ფოტოსურათები და დისკი კერძო საჩივრის ავტორს დაუბრუნდეს უკან;
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე