დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე Nას-176-2026
24 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს.ბ.ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.ჯ.გ-კ–ი“ (მოსარჩელე)
დავის საგანი – ზარალის ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება –კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ე.ჯ.გ-კ–იმ“ სარჩელი აღძრა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე - შპს „ს.ბ.ს–ის“ მიმართ, ზიანის სახით - 2811,83 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ე.ჯ.გ-კ–ის“ (ს/ნ ...........) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: დაეკისრა შპს „ს.ბ.ს–ს“ (ს/ნ .......), შპს „ე.ჯ.გ-კ–ის“ სასარგებლოდ 1685.41 ლარის გადახდა, ზიანის ასანაზღაურებლად.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.ბ.ს–მა“ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 08 იანვრის განჩინებით, შპს „ს.ბ.ს–ის“ სააპელაციო საჩივარი, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
6. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის, სასამართლო დავის საგნის ღირებულების განსაზღვრისას, სასამართლო არ ითვალისწინებს მხარის მიერ გაწეულ ხარჯს, განსახილველ შემთხვევაში 600 ლარს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული თანხის გათვალისწინების გარეშე, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს.
7. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით მოითხოვდა მოპასუხისთვის 600 ლარის ხარჯის ანაზღაურებასაც, შესაბამისად 2285,41 ლარის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას, ამიტომ სააპელაციო საჩივრის ღირებულებაც ამ თანხიდან უნდა დაანგარიშებულიყო.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 13 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მისი სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამდენად, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, დავის საგნის ღირებულების საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2.2 მუხლით, საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით).
13. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა).
14. შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო უარყოფს განაცხადს „მცირე მნიშვნელობის“ (“de minimis non curat praetor”) საფუძვლითაც. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ხასიათისა და მატერიალური ზიანის ოდენობა ფასდება ყოველი კონკრეტული საქმის ინდივიდუალური გარემოებების საფუძველზე (მომჩივნის სპეციფიკური პირობები და ქვეყნის ან რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა, რომელშიც მომჩივანი ცხოვრობს და სხვა) და მხოლოდ აბსტრაქტული, ტერმინოლოგიური გაგებით როდი შემოიფარგლება, თუმცა ერთმნიშვნელოვანია, რომ სასამართლო აფასებს მატერიალური დანაკარგის ზეგავლენას მომჩივანზე (შდრ: Practical guide of admissibility criteria, 2014, გვ: 88, 89, პპ: 405, 415, 416. www.echr.coe.int) და თუკი მიიჩნევს, დარღვევას პრინციპული მნიშვნელობა არ გააჩნია, ანდა მომჩივნის პრეტენზია მცირე ღირებულების საქმიდან გამომდინარეობს, განაცხადს დაუშვებლად ცნობს (შდრ: საქმე, რომელიც შეეხებოდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ჯარიმის სახით 50 ევროს დაკისრებას Boelens and Others. v. Belgium (dec.); საქმეში Havelka v. the Czech Republic (dec.) 1,515 ევროს დაკისრება მომჩივნის თანამდებობის გათვალისწინებით მცირე ღირებულებად შეფასდა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით დადგენილი სააპელაციო საჩივრის ფასი მხარისათვის მინიჭებული გასაჩივრების უფლების ერთ-ერთი კანონიერი წინაპირობაა, რომელიც სამართალწარმოების დროულ და ეფექტურ ორგანიზებასა და განხორციელებას ემსახურება, რაც არ შეიძლება ისეთ დანაწესად შეფასდეს, რომელიც არასამართლიანად ართმევს მომჩივანს სასამართლოსადმი წვდომის უფლებას (სუსგ-ები: №ას-692-646-2017, 14.07.2017წ; №ას-533-533-2018, 22.06.2018წ.; №ას-230-218-2017, 28.04.2017წ; №ას-1305-2019, 21.11.2019წ; №ას-1582-2019, 28.02.2020წ. Nას-430-2022, 10.06.2022 წ), ასევე (Mirigall Escolano and Others v. Spain, 38366/97, §33, 2000, ECHR).
16. განსახილველ შემთხვევაში, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის - 1684.41 ლარის გადახდა.
17. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 8 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
18. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს დავის საგნის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებასთან - 1684,41 ლართან ერთად უნდა გაეთვალისწინებინა ფაქტის კონსტატაციისთვის გაწეული ხარჯის 600 ლარის დაკისრების მოთხოვნაც, შესაბამისად საჩივრის ღირებულებაც ამ თანხების ჯამით 2285.41 ლარით უნდა განსაზღვრულიყო.
19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ზემოთ მითითებულ არგუმენტაციას და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრის კონკეტულ წესს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე (სააპელაციო საჩივარზე) დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით. სსსკ-ის 365-ე მუხლის მიზნებისთვის, დავის საგნის ღირებულებაში მოიაზრება სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილი და მასში არ მოიაზრება პროცესის ხარჯები (მათ შორის: სახელმწიფო ბაჟი, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები). ასეთი დასკვნა გამომდინარეობს თავად ამ მუხლის შინაარსიდან, კერძოდ, როდესაც კანონმდებელი საუბრობს დავის საგნის ღირებულების ზღვრული ოდენობის დადგენაზე, იქვე განმარტავს, რომ შეზღუდვა შეეხება ქონებრივ-სამართლებრივი სახის სააპელაციო საჩივრებს. ამდენად, კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნის სწორედ მატერიალურ ნაწილზე. გარდა ამისა, სსსკ-ის 37.3 მუხლის მიხედვით, ფაქტის კონსტატაციისთვის გაწეული ხარჯები წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯებს და, ბუნებრივია, დავის საგნის ღირებულებაში ვერ შევა. იგი, ხსენებული ნორმით გათვალისწინებული, პროცესის ხარჯების ერთ-ერთი სახეა. პროცესის ხარჯები გამოანგარიშდება დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, ხოლო ეს უკანასკნელი მოსარჩელის მოთხოვნის მიხედვით გამოითვლება, სსსკ-ის 41-ე მუხლით დადგენილი წესით. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ პროცესის ხარჯი დავის საგნის ღირებულებაში არ შედის და სააპელაციო საჩივრის ღირებულების გამოანგარიშებისას დავის საგნის ღირებულებას არ ემატება. (შდრ. სუსგ-ები: №ას-1331-2019, 28 თებერვალი, 2020 წელი, №ას-34-2023, 28 აპრილი, 2023 წელი; №ას-702-2025 11.09.2025წ.; №ას-673-2022, 21.10.2022წ.; Nას-19-2022, 11.02.2022წ,; №ას-63-2019, 19.06.2019წ. №ას-230-218-2017, 28.04.2017წ)
20. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი მოცემულ შემთხვევაში 1685,41 ლარია, ხოლო სააპელაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის წინაპირობას, რის გამოც იგი სწორად იქნა დაუშვებლად მიჩნეული.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ს.ბ.ს–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 8 იანვრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი