დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 24.04.2026
საქმის ნომერი
ას-72-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-72-2026 24 აპრილი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. ჯ.ბ–მა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბ.ბ–ის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. ქ. თბილისში, ......... მდებარე 344 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ ........) და მასზე აღმართული საცხოვრებელი სახლი, რომელიც აშენებულია 2006 წელს, საკუთრების უფლებით ირიცხება ჯ.ბ–ის სახელზე. სახლი ყრუ კედლით გადის ბ.ბ–ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის (ს/კ.......) მხარეს.

2.2. 2005-2006 წლებში მოსარჩელე აშენებდა სახლს, ხოლო, შემდგომ ეტაპზე ი.ბ–მა (რომელიც არის ბ.ბ–ის მამა და რომლის სახელზეც ირიცხებოდა ადრე ბ.ბ–ის სახლი) დაიწყო სახლის რეკონსტრუქცია და გაფართოება. კარგი ურთიერთობის გამო და მშენებლობის შეუფერხებლად წარმოების მიზნით, მეზობლებს შორის საზღვარი არ იყო გამიჯნული ღობით. ი.ბ–ის მიერ სახლის რეკონსტრუქცია-გაფართოების დამთავრების შემდეგ, მოსარჩელის კუთვნილი 11.6 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი მოექცა ახლა უკვე ბ.ბ–ის სახელზე რიცხული სახლის მხარეს, რაც დადასტურებულია „ჯპს“ სისტემით ახალი საკადასტრო აზომვით.

2.3. მოსარჩელის განმარტებით, მისი კუთვნილი 11.6 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 6.6 კვ.მ. მისი სახლის ყრუ კედლის პერიმეტრს მიუყვება და მის სახლსა და საზღვრამდე მანძილი 0.48 მ-ია. ასეთი ვიწრო გასასვლელი ერთგვარი შესასვლელია სახლის ირგვლივ და მისაწვდომია სახლის ამ მხარეზე ხანძარსაწინააღმდეგო, რაიმე დაზიანების აღმოფხვრის ან სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში. 11,6 კვ.მ ფართიდან 5 კვ.მ კი ეზოს ბოლოშია, სადაც ბოლო წერტილში საზღვრებს შორის მანძილი 1.17 მ-ს შეადგენს. ამდენად, სარჩელში აღინიშნა, რომ მოპასუხე ფლობს რა მოსარჩელის კუთვნილ 11.6 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, ჯ.ბ–ს არ ეძლევა საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის შესაძლებლობა.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, მოპასუხის მხრიდან ადგილი არ აქვს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაუფლებისა და საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტს. ჯ.ბ–მა თავად მიმართა სსიპ არქიტექტურის სამსახურს და ითხოვა საკუთარი სახლის მშენებლობის იმგვარად დაპროექტება, რომ საცხოვრებელ სახლსა და მისსავე საკადასტრო მიწის ნაკვეთის წითელ ხაზებს შორის ყოფილიყო დაშორება. შესაბამისად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ჯ.ბ–ის სარჩელი ბ.ბ–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, ჯ.ბ–მა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით, ჯ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ჯ.ბ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბ.ბ–ის უკანონო მფლობელობიდან, გამოთხოვილ იქნა ჯ.ბ–ის კუთვნილი 11.6 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე - ქ. თბილისში, .......... (საკადასტრო კოდი N.......) და მისი ჯ.ბ–ისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის ვალდებულება დადგინდა. ამავე გადაწყვეტილებით, ხელშეშლის აღკვეთის მიზნით, ბ.ბ–ს დაევალა, არ შეეშალა ხელი ჯ.ბ–ისთვის ს.ფ. 20-ზე განთავსებული ნახაზის შესაბამისად, ღობის მოწყობაში. 5.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსისა და სარჩელის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მოსარჩელის მიზანს წარმოადგენდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფაქტობრივი მდგომარეობის მის საკადასტრო წითელ ხაზებთან შესაბამისობაში მოყვანა. სასამართლოს მითითებით, სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებიდან და სარჩელზე დართული მტკიცებულებებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მცირე ნაწილი ფაქტობრივად მოქცეულია მეზობელი ნაკვეთის ფაქტობრივ ფარგლებში. ამასთან, მოპასუხეს აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სათანადო შედავება არ განუხორციელებია, რის გამოც პალატამ მოხმობილი ფაქტი დადასტურებულად მიიჩნია.

5.3. სააპელაციო პალატის აზრით, შესაგებლის შინაარსით დადასტურდა, რომ მოსარჩელის წითელ ხაზებს ზუსტად არ ემთხვეოდა მოსარჩელის შენობა-ნაგებობა, არამედ არსებობდა შენობასა და საკადასტრო საზღვარს შორის სივრცე. შესაბამისად, დგინდებოდა, რომ მოსარჩელის შენობის ყრუ კედლით არ სრულდებოდა მეზობელ ნაკვეთებს შორის იურიდიული საზღვრების მიჯნა. საქმის მასალებით ასევე დგინდებოდა, რომ საქმის 58-ე გვერდზე არსებულ მარჯვენა ფოტოზე ასახული შენობა იყო ჯ.ბ–ის საკუთრება, ხოლო, მის გასწვრივ არსებული ჭიშკარი ეკუთვნის ბ.ბ–ს. ამდენად, პალატის აზრით, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კედლის გასწვრივ მოწყობილი იყო მოპასუხის ჭიშკარი, რაც ადასტურებდა, რომ სადავო ფართი განთავსდა მოპასუხის დახურულ სივრცეში. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი შენობის ყრუ კედლის გასწვრივ უკანა მხარეს მოეწყო ღობე, რომელიც მოსარჩელის აშენებულია, თუმცა მიუხედავად ფაქტობრივი ღობის მოწყობისა, პალატის აზრით, აღნიშნული არ ნიშნავდა რომ მოსარჩელემ მის საკუთრებაზე უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობით პირდაპირი თვალსაზრისით შესაძლოა არ სარგებლობდა მოპასუხე, თუმცა მის ფაქტობრივ გამგებლობაში ამ მიწის ნაკვეთის მოქცევის რაიმე სამართლებრივი საფუძველი მას არ მიუთითებია, თუ რატომ უნდა დარჩენილიყო იგი მოპასუხის ფაქტობრივ გამგებლობაში.

5.4. სააპელაციო პალატის აზრით, მართალია მოპასუხე/მოწინააღმდეგე მხარე აპელირებდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის წითელი ხაზების დადგენის შემთხვევაში (თუკი ის დადგინდებოდა), მოსარჩელეს ექნებოდა მიწის სათანადო ნაწილზე უფლება, თუმცა, მიიჩნევდა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა მოსარჩელის მიერ მითითებულ საზღვრებში საკადასტრო/წითელი ხაზების არსებობა. პალატამ აღნიშნული მსჯელობა არ გაიზიარა და მიიჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 344.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 11.6 კვ.მ. ფართი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოქცეული იყო მოპასუხის ფაქტობრივ საზღვრებში, როგორც ეს დგინდებოდა ს.ფ. 20-ზე განთავსებულ ნახაზზე, რაც ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

5.5. შესაბამისად, პალატამ დაასკვნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით, მოსარჩელე მესაკუთრეს უფლება ჰქონდა სრულად ესარგებლა საკუთრებით ისე, როგორც იურიდიულ საზღვრებში ჰქონდა დადგენილი. სარგებლობის უფლებაში მოიაზრება, როგორც ღობის აღმართვა (ცხადია, სამშენებლო ნორმების დაცვით), ისე არსებულის მოშლა, რაშიც მოპასუხეს ხელი არ უნდა შეეშალა.

5.6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ბ.ბ–მა.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევით, რამაც საბოლოოდ საქმეზე არასწორი შედეგი გამოიწვია. კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად შეაფასა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებები.

6.2. კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო პალატამ ისე მიიღო საქმეზე გადაწყვეტილება, რომ არ გამოუკვლევია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, მოსარჩელეს ფორმალურადაც არ მიუთითებია ის გარემოება, რომ მოპასუხე ფლობდა მის კუთვნილ ნივთს. თუმცა, ასეთის მითითების შემთხვევაშიც კი, მას უნდა წარედგინა სათანადო და სარწმუნო მტკიცებულება. მოსარჩელე უთითებდა მხოლოდ იმ ფაქტზე, რომ მისი კუთვნილი 11.6 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო მოპასუხის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის მიწის ნაკვეთის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ მოპასუხის საცხოვრებელი სახლი განთავსებულია მიწის ნაკვეთზე, რომელსაც აქვს დადგენილი წითელი ხაზები, შესაბამისად ყოვლად გაუგებარია რას ნიშნავს მიწის ნაკვეთის ფარგლებში სხვისი მიწის ნაკვეთის მოქცევა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იყო იმ ტიპის შესაგებელი, რაც საკმარისად გამორიცხავდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს.

6.3. კასატორი არ ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს განხორციელებულ სამართლებრივ შედავებას და განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მტკიცებულებათა არასწორ შეფასებას ეფუძნება, რადგან დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებში სასამართლო ახსენებს „მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს“, რომლებიც გულისხმობს ისეთ მიწის ნაკვეთებს, რომელთაც გააჩნიათ ერთი საზღვარი. მოპასუხის მხრიდან არც პირველი ინსტანციით საქმის განხილვისას და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას არ იქნა მითითებული, რომ მოპასუხისა და მოსარჩელის მიწის ნაკვეთები ემიჯნება ერთმანეთს. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ დაადგინა მიწის ნაკვეთების „მომიჯნავედ“ არსებობა და არა „მიმდებარედ“ არსებობა, რაც ბუნებრივია არ შეესაბამება არსებულ რეალობას, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიწის ნაკვეთების „მომიჯნავეობის“ ფაქტი არ დგინდება.

6.4. კასატორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ არც იმ დასკვნას, რომ მოპასუხემ მიიტაცა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაწილი. ამ გარემოებაზე არ უთითებდა მოსარჩელე და იმ შემთხვევაშიც კი თუ მას დადასტურებულად მივიჩნევთ, კასატორისთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა ჩაითვალოს, რომ მიტაცებული უძრავი ქონების ნაწილი შეადგენს 11.6 კვადრატულ მეტრს. ერთადერთი მტკიცებულება, რაც მოსარჩელემ წარადგინა და რასაც დაეყრდნო სააპელაციო სასამართლო არის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ე. წ. „ჯიპიეს“ სისტემის ანაზომი, რომელიც არათუ შეუსაბამობაშია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 25-ე მუხლთან, არამედ საერთოდ გაურკვეველია წარმოდგენილი დოკუმენტი რას ასახავს. კასატორი დასძენს, რომ ამ ლოგიკით, თუ მოსარჩელე მითითებულ ყოვლად გაუგებარ დოკუმენტზე 11.6 კვადრატული მეტრის ნაცვლად დაიტანდა 150.00 კვადრატულ მეტრს, სასამართლო ჩათვლიდა, რომ მიტაცებული მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენს ამ უკანასკნელს, რაც დაუსაბუთებელია.

6.5. კასატორი ასევე არ იზიარებს სასამართლოს იმ შეფასებას, რომლის თანახმადაც ხელშეშლის ფაქტი დადგინდა და აცხადებს, რომ თუ მოსარჩელემ ღობე განათავსა იმგვარად, რომ მისი მიწის ნაკვეთის ნაწილი მოხვდა ღობის „იქითა მხარეს“ (ანუ მეზობელი მიწის ნაკვეთის მხარეს), ფაქტობრივად მოსარჩელემ გამოყო მისი მიწის ნაკვეთიდან ნაწილი, აღნიშნული აპრიორი იმას ნიშნავს, რომ ღობის „იქითა“ მხარეს არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილით სარგებლობს მოპასუხე. აღნიშნულ გარემოებას კასატორი არ იზიარებს, თუმცა მისი აზრით, ასეც რომ არ იყოს მოსარჩელემ პირველ რიგში უნდა მიუთითოს და დაადასტუროს, რომ აღნიშნულ ფაქტს ადგილი აქვს (რომ მიწის ნაკვეთის შესაბამისი ნაწილი მოქცეულია ღობის "იქით"), ხოლო ასეთის დადასტურების შემთხვევაში, მოსარჩელემ უნდა დაედასტურებინა, რომ ამ ნაწილით სარგებლობს „მოპასუხე“. ბუნებრივია მოპასუხეს არც კი მიუთითებია, რომ იგი სარგებლობს რაიმე სახის მსგავსი მიწის ნაკვეთის ნაწილით და რა თქმა უნდა, სასარჩელო წარმოების ფარგლებში, ვერ დადგინდა, რომ ამგვარი მიწის ნაკვეთის ნაწილი საერთოდ არსებობს.

6.6. კასატორი აცხადებს, რომ მან საქმეზე წარმოადგინა ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 17 აგვისტოს N898093 ბრძანება, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოსარჩელემ იმგვარად დააპროექტა საკუთარი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლსა და წითელ ხაზებს შორის ყოფილიყო დაშორება. თუმცა, კასატორის მტკიცებით, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ საცხოვრებელ სახლსა და წითელ ხაზებს შორის აუცილებლად რეალურად არსებობს დაშორება, ვინაიდან შესაძლოა სამშენებლო სამუშაოები არ იქნა შესრულებული პროექტის მიხედვით. კასატორი ამტკიცებს, რომ მოხმობილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ თუ ნამდვილად არსებობს დაშორება მოსარჩელის სახლსა და წითელ ხაზებს შორის, მაშინ გამოდის, რომ მოსარჩელემ თავად შექმნა ისეთი ვითარება, რომ ვერ ისარგებლებდა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილით.

6.7. საკასაციო საჩივარში ასევე, მითითებულია, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების მე-20 გვერდზე (8.2. პუნქტი) უთითებს - „სარგებლობის უფლებაში მოიაზრება, როგორც ღობის აღმართვა (ცხადია, სამშენებლო ნორმების დაცვით), ისე არსებულის მოშლა, რაშიც მოპასუხემ ხელი არ უნდა შეუშალოს“. თუმცა, კასატორის აზრით, არც სარჩელში, არც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში და არც მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსად არ არის საუბარი, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ხელი შეუშალა ღობის აღმართვაში. უფრო მეტიც, მოსარჩელეს არც კი აქვს სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებში ნახსენები, რომ მას სურს ღობის აღმართვა, შესაბამისად, გაურკვეველია რა საფუძვლით დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ მე-2 სასარჩელო მოთხოვნა.

6.8. კასატორის მტკიცებით, ასევე, გაურკვეველია როგორ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულება. კერძოდ აღმასრულებელმა უნდა მოითხოვოს მოპასუხეს კონკრეტული ქმედებისაგან (უძრავი ქონების დაუფლებისგან) თავის შეკავება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ არც კი არის ნახსენები თუ რა ქმედებას ახორციელებს მოპასუხე, რაც თეორიულად მაინც შესაძლოა ჩაითვალოს მიწის ნაკვეთის ფლობად. იგივე ლოგიკით მოსარჩელეს შეუძლია უჩივლოს ნებისმიერ პირს (მაგალითად პიროვნებას, რომელიც საერთოდ არ ცხოვრობს საქართველოში და არის უცხო ქვეყნის მოქალაქე) და მოსთხოვოს სარგებლობის შეწყვეტა. ასევე გაურკვეველია თუ როგორც უნდა იხელმძღვანელოს აღმასრულებელმა დანართი N1-ით (ს. ფ. N20), თუ სააღსრულებო წარმოება დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.2. პუნქტზე.

6.9. კასატორი შუამდგომლობს ადვოკატის ხარჯის, მოწინააღმდეგე მხარისთვის დაკისრების თაობაზე.

6.10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 2 თებერვლის განჩინებით, ბ.ბ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

7. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

11. საკასაციო პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, კასატორს არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რის გამოც დადგენილად მიიჩნევა შემდეგი:

- 344.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 (საერთო ფართით 442.63 კვ.მ.) მდებარე, ქ. თბილისში, ......... (საკადასტრო კოდი N........), საკუთრების უფლებით ირიცხება ჯ.ბ–ის სახელზე;

- 412.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 საერთო ფართით 355 კვ.მ. მათ შორის: საცხოვრებელი ფართი 190 კვ.მ., დამხმარე ფართი 122 კვ.მ. და საზაფხულო ფართი 43 კვ.მ., მდებარე- ქ. თბილისში, .......... (ნაკვ.64/23), საკუთრების უფლებით ირიცხება ბ.ბ–ის სახელზე ს.კ. ..........;

- მხარეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები მომიჯნავე, მეზობელ მიწის ნაკვეთებს წარმოადგენს;

- საქმის 58-ე გვერდზე არსებულ მარჯვენა ფოტოზე ასახული შენობა არის ჯ.ბ–ის საკუთრება, ხოლო, მის გასწვრივ არსებული ჭიშკარი ეკუთვნის ბ.ბ–ს. ამდენად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კედლის გასწვრივ მოწყობილია მოპასუხის ჭიშკარი.

12. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მართლზომიერება.

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავარია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

16. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

17. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

18. სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).

19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ.

20. ნეგატორული სარჩელი დაკმაყოფილდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (№ას-674-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).

21. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: Nას-1250-2018, 21.12.2018 წ; N -826-2021, 17.11.2021).

22. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით შედავებულია, როგორც სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტი, ასევე უკანონო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ფართობი. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ ისე დაადგინა უძრავი ქონებების მომიჯნავედ მდებარეობა, რომ ამის თაობაზე მხარე არ უთითებდა. მისივე მტკიცებით, სარჩელში არსადაა მითითება, რომ მოპასუხე სარჩელში სადავო უძრავი ქონების ნაწილს ფლობს, რაც ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების უმთავრესი ელემენტია. მოხმობილ მსჯელობას საკასაციო პალატა არ იზიარებს და უპირველესად ყურადღებას მიაპყრობს საქმის მასალებში წარმოდგენილ დოკუმენტაციას (იხ.ს.ფ. 58-59), რომელზეც თვალნათლივ ჩანს (და არასდროს გამხდარა სადავო), რომ მოდავე მხარეთა უძრავი ქონებები განლაგებულია მომიჯნავედ, ამასთან მიუხედავად იმისა, მოსარჩელე ზუსტად ამ ტერმინით მოიხსენიებდა თუ არა მოპასუხის უძრავ ქონებას, ცხადია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით შედავებულია მეზობლის მიერ წითელი ხაზებით დადგენილი საზღვრების გადაფარვის ფაქტი, რაც თავისთავად უძრავი ქონებების მომიჯნავედ მდებარეობას ადასტურებს. საკასაციო პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს მფლობელობის განუხორციელებლობის შესახებ მითითებასაც, ვინაიდან თავად მოპასუხე მიუთითებდა შესაგებელში და სხდომაზე გაცხადებული ახსნა-განმარტებით, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლსა და წითელ ხაზებს შორის არის დაშორება, თუმცა „მოსარჩელე მანიპულირებდა მიწის ნაკვეთის იმ ნაწილით, რომელიც მისივე მოქმედებით მისთვისვე გახდა გამოუსადეგარი.“ გარდა მისი ახსნა-განმარტებისა, ის ფაქტი, რომ მოსარჩელესა და მოპასუხის უძრავ ქონებებს გავლებულ წითელ ხაზებს შორის ნამდვილად არსებობს დაშორება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით (იხ. ს.ფ. 20-25), იდენტური მტკიცებულებებით ასევე დასტურდება ისიც, რომ წითელ ხაზებს შორის არსებული დაშორების სივრცეში მოხვედრა შეუძლებელია, ვინაიდან მოპასუხის „ჭიშკარი“ განთავსებულია ამ დაშორების მიჯნაზე (იხ. ს.ფ. 58-59).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

24. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

25. მოხმობილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების სტანდარტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო მხოლოდ იმაზე მითითებით კი არ შემოფარგლულიყო, რომ სადავო დაშორების ადგილი თავად მოსარჩელის ქმედებით გახდა გამოუსადეგარი, არამედ ვალდებული იყო ქმედითად გაექარწყლებინა ის კითხვის ნიშნები, რომლებიც წითელ ხაზებს შორის არსებულ ღიობს შორის არსებული „ჭიშკარი“ წარმოშობდა. აღნიშნულ კი, მოპასუხეს არ განუხორციელებია.

26. საკასაციო პალატა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულფასოვანი გამოკვლევის შედეგად სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოსარჩელის წითელ ხაზებს ზუსტად არ ემთხვევა მოსარჩელის შენობა-ნაგებობა, არამედ არსებობს შენობასა და საკადასტრო საზღვარს შორის სივრცე. შესაბამისად, დგინდება ფაქტი, რომ მოსარჩელის შენობის ყრუ კედლით არ სრულდება მეზობელ ნაკვეთებს შორის იურიდიული საზღვრების მიჯნა. ასევე დგინდება, რომ საქმის მასალების 58-ე გვერდზე არსებულ მარჯვენა ფოტოზე ასახული შენობა არის ჯ.ბ–ის საკუთრება, ხოლო, მის გასწვრივ არსებული ჭიშკარი ეკუთვნის ბ.ბ–ს. ამდენად, მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის კედლის გასწვრივ მოწყობილია მოპასუხის ჭიშკარი, რაც ადასტურებს, რომ სადავო ფართი განთავსებულია მოაპასუხის დახურულ სივრცეში. გარდა ამისა, საკასაციო პალატის აზრით, გასაზიარებელია ის მსჯელობაც, რომ მოპასუხეს (კასატორს) ფაქტობრივ გამგებლობაში ამ მიწის ნაკვეთის მოქცევის რაიმე სამართლებრივი საფუძველი არ მიუთითებია, კერძოდ, მტკიცებულებებზე მითითებით, არ განუმარტავს, თუ რატომ უნდა დარჩეს მოპასუხის ფაქტობრივ გამგებლობაში მოსარჩელის მიწის ნაკვეთის სადავო ნაწილი. აღნიშნული მით უფრო რელევანტურია მაშინ, თუ როგორც ის აცხადებს - იგი არ სარგებლობს ამ ფართით. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდაა დადასტურებული „მოპასუხის ჭიშკრისა“ და წითელ ხაზებს შორის არსებული ღიობის კვეთა, ამ მტკიცებულებების გაუქარწყლებლობის შემთხვევაში კი, რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა მართებულია. გარდა ამისა, პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის კუთვნილი ნაკვეთის წითელი ხაზების დადგენის შემთხვევაში (თუკი ის დადგინდებოდა), მოსარჩელეს ექნებოდა მიწის სათანადო ნაწილზე უფლება, თუმცა, მიიჩნევდა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა მოსარჩელის მიერ მითითებულ საზღვრებში საკადასტრო/წითელი ხაზების არსებობა. პალატა აღნიშნულ მსჯელობასაც ვერ გაიზიარებს და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული 344.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 11.6 კვ.მ. ფართი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დღეისათვის მოქცეულია მოპასუხის ფაქტობრივ საზღვრებში, როგორც ეს ნაჩვენებია ს.ფ. 20-ზე განთავსებულ ნახაზზე, რაც ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

27. საკასაციო პალატა, წინამდებარე განჩინების 23-ე და 24-ე პუნქტებში ასახული მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტის მითითებით, არ იზიარებს კასატორის არც იმ არგუმენტებს, რომ მფლობელობის დადასტურების შემთხვევაშიც ზუსტად არ დგინდებოდა მიწის ფართობი, რადგან მის სამტკიცებლად წარმოდგენილი მტკიცებულება არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს. საკასაციო პალატა კვლავ განუმარტავს მოპასუხეს, რომ მოსარჩელემ მიუთითა გარემოებები და წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც მათი აზრით, ქმნიდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას, მოპასუხეს კი მათი გაქარწყლება ევალებოდა, რაც, რა თქმა უნდა, მხოლოდ დაინტერესებული მხარის ზეპირი ახსნა-განმარტებით ვერ განხორციელდება.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ვინაიდან ბ.ბ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარისთვის (მოსარჩელე) საადვოკატო მომსახურების ხარჯის დაკისრების შესახებ.

29. საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ბ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; ბ.ბ–ის შუამდგომლობა საადვოკატო მომსახურების სახით მოწინააღმდეგე მხარისთვის 2000 ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს; ბ.ბ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს თ.თ–ძის მიერ 18/12/2025წ. №1580 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი