დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 01.05.2026
საქმის ნომერი
ას-1554-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
01.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № ას-1554-2025 01 მაისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ს–ვი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ე.ს–ვმა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. 2023 წლის 11 დეკემბერს, ე.ს–მა, საქართველოში, ე.კ–აგან, 9000 აშშ დოლარად შეიძინა ავტოსატრანსპორტო საშუალება: მარკა- HYUNDAI, მოდელი TUCSON საიდენტიფიკაციო ნომერი ........, სახელმწიფო ნომერი DS500SS, გამოშვების წელი - 2015.

2.2. 2024 წლის 27 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკის საზღვრის კვეთისას, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურის სასაზღვრო საემიგრაციო განყოფილების გამშვებ პუნქტზე (სარფი), საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასვლისას წარმოებული შემოწმებისას გააჩერეს და განუცხადეს, რომ მისი ავტომანქანა ძებნაშია თურქეთის რესპუბლიკაში.

2.3. სატრანსპორტო საშუალება ამოღებული იქნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ, კ.ნ–ძის მიერ და გადაყვანილი იქნა სპეციალურ სადგომზე (მდებარე ბათუმი, ..........).

2.4. ვინაიდან, 2023 წლის 11 დეკემბერს, ე.ს–მა, სადავო სატრანსპორტო საშუალება შეიძინა განბაჟებული, ადასტურებს, რომ იგი კეთილსინდისიერი შემძენია და მას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩამოერთვა მფლობელობა მის საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებაზე, რითაც დაირღვა მისი საკუთრების უფლება.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ სარჩელზე შესაგებელი არ წარადგინა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წელის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, ე.ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოდან გამოთხოვილი იქნა ე.ს–ის (პ/ნ ........) საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთი - სატრანსპორტო საშუალება: მარკა- HYUNDAI, მოდელი TUCSON საიდენტიფიკაციო ნომერი .........., სახელმწიფო ნომერი ........., გამოშვების წელი - 2015 და აღნიშნული ქონების მესაკუთრისთვის გადაცემის ვალდებულება დადგინდა.

4.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წელის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველომ.

4.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 07 აპრილის განჩინებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა, ამავე სასამართლოს 2025 წლის 15 დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 სექტემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ამავე სასამართლოს 2025 წლის 07 აპრილის განჩინება. ე.ს–ვის სარჩელი, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს მიმართ, მოძრავი ნივთის - ავტომანქანის, გამოთხოვის თაობაზე საქმის მომზადების საპროცესო ეტაპიდან დაუბრუნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს.

5.2. სააპელაციო პალატის მითითებით, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნული დასკვნა დაეფუძნა შემდეგ გარემოებებს: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-81-ე მუხლით გათვალისწინებულია ნივთიერ მტკიცებულებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის წესი, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ასეთი დავის შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ შეიცავდა მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, არსებობდა თუ არა N075270624001 სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (რომლითაც შესაძლოა გადაწყდა კიდევაც ნივთმტკიცების საკითხი), რომელზედაც გამოძიების ფარგლებში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის - კ.ნ–ძის მიერ, 2024 წლის 27 ივნისს ამოღებული იქნა სადავო ნივთი სატრანსპორტო საშუალება, პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენდა საკმარისს, სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობის დასადასტურებლად, რაც გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.

5.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 29 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები ვინაიდან მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია სასამართლოს მიერ დადგენილ 10 დღიან ვადაში.

6.2. მისივე მტკიცებით, არასწორია სასამართლოს დასკვნა მოთხოვნის იურიდიული არამართებულობის შესახებ, ვინაიდან სარჩელში აღინიშნა, რომ მოძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელე, რაც სრულიად საკმარისი იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის.

6.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 25 თებერვლის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მოპასუხის მიერ სარჩელის წინააღმდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერება.

11. საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს სამოქალაქო საპროცესო სამართალში გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის სამართლებრივი არსი და მისი მნიშვნელობა, რაც მისი სწორად გამოყენების აუცილებლობითაა ნაკარნახევი: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესით, სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

12. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პრინციპი მოიცავს მხარეთა საქმიანობას საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სფეროში. მოთხოვნების თუ შესაგებლის ფაქტობრივი დასაბუთება ეკისრებათ თავად მხარეებს. მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტები დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს და რა კონკრეტულ გარემოებებს დაემყარება მათი შესაგებელი. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დებულება, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებითობის პრინციპის კონკრეტული გამოვლენაა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლიც, რომლის შესაბამისად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, სარჩელი წარმატებულია, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლისგან განსხვავებით, ზემოაღნიშნული მუხლი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთ წინაპირობად მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობას არ ითვალისწინებს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, არამედ კანონით დადგენილი იმპერატიული პირობის თანახმად, სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1454-2018, 30 ივლისი, 2021 წელი).

14. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა არ წარმოადგენს საქმის განმხილველი სასამართლოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, რომლის დროსაც სასამართლო თვითონ წყვეტს საკითხს ამგვარი გადაწყვეტილების გამოტანაზე მიზანშეწონილობის საფუძველზე, არამედ კანონით იმგვარი იმპერატიული პირობაა დადგენილი, რომ სასამართლო ვალდებულია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას მოსარჩელის შუამდგომლობაც არ სჭირდება. ამ თვალსაზრისით, შესაგებლის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულება, განსხვავდება სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე - სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისაგან, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს მოსარჩელის მითითებებით და მოპასუხის გამოუცხადებლობის პირველ შემთხვევაში, მხოლოდ მოსარჩელის შუამდგომლობის არსებობისას გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს, საქმის განმხილველი მოსამართლე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას (შდრ. სუს-ოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი, პ.32; სუსგ №ას-101-2020, 08 ივლისი, 2020 წ; სუსგ №ას-948-884-2017, 12 სექტემბერი, 2017 წ.).

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავი, კერძოდ კი, მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე უნდა იყოს (სსსკ-ის 2321 მუხლი) შემდეგი წინაპირობები: ა) მოპასუხე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა.

17. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას იმგვარად, რომ სასამართლო არათუ ვალდებული, უფლებამოსილიც არაა შეამოწმოს და შეფასება მისცეს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს სარჩელში წარმოდგენილ ნებისმიერ, მათ შორის, საპროცესო ხარჯების საკითხზე.

18. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა, იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები (სარჩელში მითითებული ფაქტები) ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (სუსგ 5.06.2020წ. საქმე №ას-975-2019).

19. მოცემულ შემთხვევაში, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე გამხდარა სადავო, რომ სარჩელი მოპასუხეს ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია და არც შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. თუმცა, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ერთ-ერთი საფუძველი, ვინაიდან სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

20. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევა ნიშნავს მოსარჩელის მიერ სარჩელში აღნიშნული ფაქტების კანონის ძალით დადგენილად ცნობას. ამ თვალსაზრისით მართალია მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 170-ე-172-ე მუხლების შემადგენელი ყველა ელემენტი. სახელდობრ დაადასტურა, რომ 2023 წლის 11 დეკემბერს, ე.ს–მა ე.კ–აგან, 9000 აშშ დოლარად შეიძინა მოძრავი ნივთი სატრანსპორტო საშუალება: მარკა- HYUNDAI, მოდელი- TUCSON საიდენტიფიკაციო ნომერი ..........., სახელმწიფო ნომერი ........., გამოშვების წელი- 2015. 2024 წლის 27 ივნისს, მოსარჩელეს უნდა გადაეყვანა მამა თურქეთის რესპუბლიკაში სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად, რა დროსაც შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთით საქართველოს სამსახურის სასაზღვრო საემიგრაციო განყოფილების გამშვებ პუნქტზე (სარფი) საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის გასვლისას წარმოებული შემოწმებისას გააჩერეს და განუცხადეს, რომ ზემოთ მითითებული ავტომანქანა არის ძებნაში თურქეთის რესპუბლიკაში. მითითებული სატრანსპორტო საშუალება ამოღებული იქნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელ კ.ნ–ძის მიერ და გადაყვანილი იქნა სპეც. სადგომზე, რომლის დაბრუნებასაც მოსარჩელე მოითხოვდა სარჩელით.

21. მიუხედავად სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ელემენტების დადასტურებისა, საკასაციო პალატა იზიარებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-81-ე მუხლით გათვალისწინებულია ნივთიერ მტკიცებულებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის წესი, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავა ნივთიერი მტკიცებულების გამო წყდება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ასეთი დავის შემთხვევაში ნივთიერი მტკიცებულება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ინახება სისხლის სამართლის საქმესთან ერთად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ შეიცავდა მითითებას იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, არსებობდა თუ არა N075270624001 სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (რომლითაც შესაძლოა გადაწყდა კიდევაც ნივთმტკიცების საკითხი), რომელზედაც გამოძიების ფარგლებში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის მიერ, 2024 წლის 27 ივნისს ამოღებულ იქნა სადავო ნივთი სატრანსპორტო საშუალება, პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ წარმოადგენდა საკმარისს სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობის დასადასტურებლად, გამორიცხავდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი.

23. საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას შეეხებოდა, ევროსასამართლომ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით პირველ რიგში უნდა დადგენილიყო, სახელმწიფომ გამოიჩინა თუ არა საკმარისი გულისხმიერება ყველა შესაბამისი ნაბიჯის გადასადგმელად, რათა ეცნობებინა მომჩივნისათვის სამართალწარმოების დაწყების შესახებ და ამ კუთხით, უარი თქვა თუ არა განმცხადებელმა მის უფლებაზე – წარდგენილიყო პროცესზე და დაეცვა საკუთარი თავი; საჭიროა იმ გარემოების გამოკვლევა ეროვნული კანონმდებლობა უზრუნველყოფდა თუ არა განმცხადებელს სათანადო საშუალებებით შეჯიბრებითი სამართალწარმოების განსახორციელებლად, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა დაუსწრებელი გადაწყვეტილებების შესახებ (საქმე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (Gakharia v. Georgia), განაცხადი N30459/13, 17.01.2017წ).

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

25. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის საპროცესო სამართლებრივი შედეგების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ საქმე №1569-2018, 13 მაისი, 2019 წელი; №ას-341-319-2017, 23 ივნისი, 2017 წელი; №ას-1250-1172-2015, 5 თებერვალი, 2016 წელი; №ას-317-302-2015, 17 ივნისი, 2015 წელი; №ას-1082-1032-2014, 30 ივლისი, 2015 წელი). კასატორს აგრეთვე არ წარმოუდგენია დასაბუთებული პოზიცია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დაადგინა:

1. ე.ს–ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ე.ს–ვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 12/02/2026წ. №31911616081 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი