დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-1290-2025 20 აპრილი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
პირველი კასატორი – მ.ო–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.კ–ძე (მოპასუხე)
მეორე კასატორი – თ.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ო–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, დემონტაჟი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ო–მა (შემდეგში: მოსარჩელე, პირველი კასატორი) სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში თ.კ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, მეორე კასატორი) მიმართ და მოითხოვა: აღკვეთილ იქნეს მოპასუხე თ.კ–ძის მიერ მცხეთაში, სოფელ .......... 680 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი: .......... ნაწილის 84.52 კვ.მ მიწის ნაკვეთის ხელყოფა და ამ მიზნით მოპასუხის ხარჯით დემონტაჟი გაუკეთდეს სასაზღვრო მიჯნად გამოყენებულ იმ ღობეს, რომლითაც მოსარჩელის კუთვნილი 84.52 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაერთიანებულია მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულ საკადასტრო კოდით: .......... ნაკვეთთან. ღობის დემონტაჟის შემდეგ დასახელებული 84.52 კვ.მ მიწის ნაკვეთი მ.ო–ს ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.
1.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
2.2. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ო–ის სარჩელი თ.კ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე თ.კ–ძის (საკადასტრო კოდი: ..........) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მ.ო–ის კუთვნილი 680 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ..........) ნაწილი - 84.52 კვ.მ და ამ მიზნით დადგინდა მოპასუხის ხარჯით დემონტაჟის განხორციელება სასაზღვრო მიჯნად გამოყენებულ იმ ღობეზე, რომლითაც მოსარჩელის კუთვნილი 84.52 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაერთიანებულია მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულ საკადასტრო კოდით: .......... ნაკვეთთან. ღობის დემონტაჟის შემდეგ, დადგინდა დასახელებული 84.52 კვ.მ მიწის ნაკვეთის მ.ო–ისათვის ჩაბარება თავისუფალ მდგომარეობაში; უკანონო ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მ.ო–მა, როგორც ე.ლ–ის პირველი რიგის მემკვიდრემ, სამკვიდროს სახით საკუთრებაში მიიღო მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ .......... მდებარე 680 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
3.2. თ.კ–ძე უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლის 20 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა მცხეთა, სოფელ .......... 765 კვ.მ მესაკუთრედ საკადასტრო კოდი ...........
3.3. თ.კ–ძე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული საკუთრების უფლების N678 მოწმობის საფუძველზე 2017 წლის 16 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში აღირიცხა მცხეთა, სოფელ .......... 578 კვ.მ მესაკუთრედ საკადასტრო კოდი ...........
3.4. მ.ო–ის ინიცირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული წარმოების ფარგლებში, ცვლილება შევიდა .......... (მესაკუთრე თ.კ–ძე) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთის ფართობში, დაკორექტირდა ზედდების ნაწილში, ფართით 488 კვ.მ და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. ამასთანავე, მ.ო–ის განცხადება დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მცხეთაში, სოფელ .......... 680 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით .......... რეგისტრაციის შესახებ.
3.5. არსებული მდგომარეობით, მ.ო–ის კუთვნილი 680 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი ..........) ნაწილს - 84.52 კვ.მ ფაქტობრივად ფლობს თ.კ–ძე (საკადასტრო კოდი: ..........) და იგი შემოღობილია კაპიტალური ღობით.
3.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმის განხილვის პროცესში არ გამოკვეთილა და მხარეთა შორის სადავო იყო მხოლოდ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასება.
4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ.კ–ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით თ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ.ო–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე თ.კ–ძის (საკადასტრო კოდი: ..........) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მ.ო–ის კუთვნილი 680 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ..........) ნაწილი - 84.52 კვ.მ. (ტ.1. ს.ფ. 45-ზე განთავსებული ზედდების სიტუაციური ნახაზის შესაბამისად); მ.ო–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის ხარჯით დემონტაჟის განხორციელების შესახებ სასაზღვრო მიჯნად გამოყენებულ იმ ღობეზე, რომლითაც მოსარჩელის კუთვნილი 84.52 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაერთიანებულია მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულ საკადასტრო კოდით: .......... ნაკვეთთან, არ დაკმაყოფილდა.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
6.2. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა უძრავი ნივთი, რომელზეც საკუთრების უფლება დგინდებოდა საჯარო რეესტრის ამონაწერით და მოპასუხის სიტყვიერი მითითებები ვერ გახდებოდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებისა და არსებული მდგომარეობის ამსახველი - ზედდების სიტუაციური ნახაზის გაქარწყლების საფუძველი.
6.3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის ამოცანა იყო სასამართლოსათვის წარმოედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მას მოსარჩელის კუთვნილი და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იმ ნაწილის ფლობის უფლება ქონდა, რომელსაც ფაქტობრივად მოპასუხე ფლობდა. თუმცა, ასეთი გარემოების დადასტურება მოპასუხემ ვერ შეძლო.
6.4. პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სასაზღვრო ღობის დემონტაჟის მოპასუხისთვის დავალების შესახებ მოთხოვნის ნაწილში და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. პალატამ განმარტა, რომ მოცემული მოთხოვნის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანი იყო იმ გარემოებებზე ყურადღების გამახვილება, თუ პირველად როდის მოხდა საჯარო რეესტრში მხარეთა საკუთრების უფლებათა აღრიცხვა იმ ნაკვეთებზე, რომლებზეც დგინდებოდა ზედდება და რის საფუძველზე, ასევე თუ როდის და რის საფუძველზე განხორციელდა სადავო ღობის მშენებლობა.
6.5. დადგენილი იყო და მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენდა ის, რომ 2017 წლის 29 სექტემბრიდან 2022 წლის 14 ივნისამდე თ.კ–ძე, როგორც რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე ფლობდა და სარგებლობდა, მათ შორის სადავო, მიწის ნაკვეთს; მან კანონმდებლობით დადგენილი წესით და ნებართვებით განათავსა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური ღობე და მოაწყო კომუნიკაციები. პალატის მოსაზრებით, მოცემული გულისმობს იმას, რომ ნაგებობა-ღობე, რომლის დემონტაჟის მოპასუხისათვის დავალებას ითხოვს მოსარჩელე, თ.კ–ძემ ააგო, როდესაც სადავო ფართი მისსავე სახელზე იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და არავინ ედავებოდა მიწაზე საკუთრების უფლებას.
6.6. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ აპელანტმა სადავო კაპიტალური ღობის მის მიერ აშენებამდე შეიტყო, რომ მის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებდა და, მიუხედავად აღნიშნულისა, მაინც განახორციელა ღობის მშენებლობა, აღნიშნული გარემოება უძრავი ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის არაკეთილსინდისიერად მიჩნევისათვის საკმარის საფუძველს მაინც არ წარმოადგენდა სწორედ რეესტრის ჩანაწერის მიმართ მოქმედი სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე. აღნიშნული ქმედება ვერც საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად შეფასდებოდა. ამასთან, თ.კ–ძეს გააჩნდა მისი საკუთრების რეგისტრირებული უფლების მიმართ კანონიერი ნდობა, რომ უფლება იყო ნამდვილი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილსი და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
8. მ.ო–ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ –სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ ღობის დემონტაჟის შესახებ მოთხოვნის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია იმ გარემოებებზე ყურადღების გამახვილება, თუ პირველად როდის მოხდა საჯარო რეესტრში მხარეთა საკუთრების უფლების აღრიცხვა იმ ნაკვეთებზე, რომლებზეც დგინდება ზედდება და რის საფუძველზე, ასევე თუ როდის და რის საფუძველზე განხორციელდა სადავო ღობის მშენებლობა. მას შემდეგ, რაც მოპასუხეს გადაეცა და იგი გაეცნო ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მ.ო–მა საჯარო რეესტრში საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის 1997 წლის 26 მარტს გაცემული მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მოითხოვა მამკვიდრებლისათვის საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით რეგისტრაცია, ხოლო სარეგისტრაციოდ წარდგენილ მიწის ნაკვეთსა და მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დაფიქსირდა ზედდება, რის გამოც 2014 წლის 14 აპრილს მოსარჩელის განცხადებით დაიწყო ადმინისტრაციული დავის განხილვა. მოპასუხემ კი ამავე წლის 20 აპრილს მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას პირველი კლასის ნაგებობის, 2.2 მ-მდე კაპიტალური ღობის მშენებლობაზე თანხმობის მოსაპოვებლად.
9. თ.კ–ძის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ –სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მოპასუხემ დაადასტურა, რომ მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის 84.52 კვ.მ. ფართობის მიწა არ წარმოადგენს მ.ო–ის საკუთრებას, მის მიერ წარდგენილი ნახაზი არ შეესაბამება მის უფლება დამდგენ დოკუმენტებს.
9.2. სასამართლოს უნდა ემსჯელა იმაზე, თუ რამდენად არის მ.ო–ი გამოსათხოვი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და თ.კ–ძე უკანონოდ ფლობს თუ არა მას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ოქტომბრისა და 2025 წლის 28 ოქტომბრის განჩინებებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში იმსჯელებს თ.კ–ძის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობაზე და ამ ნაწილში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე. ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვის საფუძვლის არსებობა.
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
16. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“ (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
18. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
19. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
20. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).
21. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადაო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხის მფლობელობაშია.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.
23. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
24. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
25. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. მოპასუხეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მისი მფლობელობა მართლზომიერია. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის საკუთრების რეგისტრაციის საფუძველს.
26. საკასაციო პალატა კასატორის აღნიშნულ პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მოცემული დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას და მოსარჩელის მესაკუთრედ ყოფნის საფუძვლის კვლევას განსახილველი დავის ფარგლებში, სასამართლო არ ახორციელებს. კასატორის შედავება მისი მფლობელობის მართზომიერებას ვერ ადასტურებს და ვერც სარჩელის უარყოფის საფუძველი გახდება.
27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, დადგენილი და გამოკვლეულია საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა.
28. რაც შეეხება მ.ო–ის საკასაციო საჩივრის პრეტენზიას, კასატორი სადავოდ ხდის ღობის დემონტაჟის თაობაზე წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას.
29. სსკ-ის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თამახად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. აღნიშნული დანაწესი განპირობებულია სამოქალაქო ბრუნვის ინტერესებით და ჩანაწერის სისწორის ვარაუდი გულისხმობს იმას, რომ რეგისტრირებული უფლება კონკრეტული სახით არსებობს და იგი ეკუთვნის რეგისტრირებულ პირს.
30. მესაკუთრის უფლებათა გენერალურ დათქმას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. საკუთრების შინაარსის რაიმე ფორმით დარღვევა ან მასში მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ ჩარევა დაცულია კანონით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. საკუთრების ხელშეშლა უნდა უყოს მართლსაწინააღმდეგო. ხოლო აღკვეთის შედეგი განისაზღვრება ცალკეული შემთხვევის კონკრეტული გარემოებების საფუძველზე.
31. მხარეთა შორის, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ 2017 წლის 29 სექტემბრიდან 2022 წლის 14 ივნისამდე თ.კ–ძე, როგორც რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრე ფლობდა და სარგებლობდა, მათ შორის სადავო, მიწის ნაკვეთით. მან კანონმდებლობით დადგენილი წესით და ნებართვებით განათავსა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე კაპიტალური ღობე და მოაწყო კომუნიკაციები.
31. მ.ო–მა სამკვიდრო მოწმობა მიიღო 2012 წლის 30 აპრილს. საჯარო რეესტრს, სადავო მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის მიმართა 2021 წლის 25 მარტს, ხოლო მიწის ნაკვეთი ს.კ. .......... ფართობი 680 კვ.მ. მასზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 2022 წლის 14 ივნისს. აღნიშნული რეგისტრაცია წარმოადგენს პირველად რეგისტრაციას მ.ო–ის სახელზე.
31. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, თ.კ–ძეს გააჩნდა მშენებლობის ნებართვა და ღობის მშენებლობა აწარმოა პროექტის დაცვით, იმ დროს როდესაც მიწის ნაკვეთის სადავო ნაწილი მის საკუთრებაში იმყოფებოდა. ამდენად, სადავო ღობის აშენების დროს, მოპასუხე მხარე მოქმედებდა მისი საკუთრების უფლების ფარგლებში და გააჩნდა საკუთრების რეგისტრირებული უფლების მიმართ კანონიერი ნდობა, რომ ეს უფლება იყო ნამდვილი.
32. საკასაციო პალატა მიუთითებს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაზე (ას-314-299-2013, 17.04.2015წ.), სადაც პალატამ განმარტა, რომ „საჯარო ნდობის საგანი ვერ იქნება მიწის ნაკვეთის ფართობი, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში საკადასტრო მონაცემებსა და ფაქტობრივ მონაცემებს შორის არსებობს შეუსაბამობა, შესაბამისად, მიწის ნაკვეთის შეძენის დროს შემძენი ვერ დაეყრდნობა მხოლოდ ნახაზს, შემძენის დაინტერესება უნდა გამოიწვიოს ასევე ფაქტობრივმა მონაცემებმა. ამიტომ მიწის ნაკვეთის შეძენის დროს, მოსალოდნელი უარყოფითი რისკების თავიდან ასაცილებლად, მხარეებმა გონივრული წინდახედულობის ფარგლებში უნდა შეამოწმონ სად გადის მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი საზღვრები და რამდენად მოდის ისინი შესაბამისობაში სარეგისტრაციო სამსახურში დაცულ მონაცემებთან“. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელეს სადავო მიწის ნაკვეთი არ ჰქონდა რეგისტრირებული და შესაბამისად, მოპასუხეს მოსალოდნელი უარყოფითი რისკების თავიდან ასაცილებლად, გონივრული წინდახედულობის ფარგლებში მოქმედება არ მოეთხოვებოდა.
33.მ პალატა ასევე მიიჩნევს, რომ დემონტაჟს ექვემდებარება უკანონო ნაგებობა და სასამართლო ვერ დაადგენს ისეთი ნაგებობის დემონტაჟს (მითუმეტეს განსახილველ საქმეში მოპასუხის ხარჯით), რომლის აშენების ნებართვაც გაცემულია სათანადო წესით, მშენებლობა ნაწარმოებია სათანადო საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით და ძალაშია მისი ექსპლოატაციაში მიღების აქტები.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცების ტვირთის მართებულად გადანაწილებით, სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის უზრუნველყოფილ იქნა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპზე დაყრდნობით საქმის გამოკვლევა და შესწავლა. სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიკვლია სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი წანამძღვრების არსებობა/არარსებობის საკითხი, სამართლებრივად, არსებითად სწორი შეფასება მისცა მათ და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების გამოყენებით, სწორად მიიჩნია, რომ სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საფუძვლიანი იყო, ღობის დემონტაჟის ნაწილში არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. კასატორებს კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
35. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
36. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
37. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრების განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
38. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
40. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ო–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. თ.კ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
3. მ.ო–ს (.........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის (საგადახდო დავალება N29868842149, გადახდის თარიღი 17.10.2025) 70% – 105 ლარი;
4. თ.კ–ძეს (.........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 300 ლარიდან (საგადახდო დავალება N1562, გადახდის თარიღი 19.09.2025) ხედმეტად გადახდილი 150 ლარი და დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი