დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-735-2024
27 ნოემბერი 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ზ.კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ბ–ძე (მოსარჩელე)
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 თ.ბ–ძემ, სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე - ზ.კ–ძის მიმართ, ქორწინების პერიოდში საჩუქრად მიღებული ნივთების ღირებულების მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნით.
1.2 ზ.კ–ძემ, შეგებებული სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში, თ.ბ–ძის მიმართ და მოითხოვა: ზ.კ–ძესა და თ.ბ–ძეს შორის 2016 წლის 23 სექტემბერს სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა (აქტის ჩანაწერი) N86161000184.
2. მოპასუხის პოზიცია თავდაპირველ სარჩელზე
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
მოპასუხე თ.ბ–ძე ეთანხმება სარჩელის მოთხოვნას განქორწინების თაობაზე, არ ეთანხმება მოთხოვნას სასამართლო ხარჯების მოპასუხეზე დაკისრებასთან დაკავშირებით.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1 ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით, თ.ბ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ზ.კ–ძეს - თ.ბ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2560 აშშ დოლარისა და 2225 ლარის გადახდა; ზ.კ–ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; თ.ბ–ძესა და ზ.კ–ძეს შორის 2016 წლის 23 სექტემბერს სსგს ქ. ბათუმის ქორწინების სახლი (აქტის ჩანაწერი N86163000181) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
4.2 ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებაზე, სააპელაციო საჩივარი წარადგინა ზ.კ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით, ზ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილება.
5.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
5.2.1 მხარეები - თ.ბ–ძე და ზ.კ–ძე დაქორწინდნენ 2016 წლის 23 სექტემბერს.
5.2.2 ქორწინების რეგისტრაციამდე - ნიშნობაზე, ასევე, ქორწილის დღეს, თ.ბ–ძეს თავისმა და მომავალი მეუღლის, ზ.კ–ძის, ნათესავებმა აჩუქეს შემდეგი დასახელებისა და ღირებულების სამკაულები: ოქროს სამაჯური, 33 გრ. ღირებულებით - 1050 აშშ დოლარი; გრეხილი ჯაჭვი, 30 გრ. ღირებულებით - 960 აშშ დოლარი; ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, ღირებულებით - 300 აშშ დოლარი; ოქროს ბეჭედი ,,ტიტა’’, ბრილიანტის თვლით, ღირებულებით - 400 აშშ დოლარი; ოქროს ბეჭედი, ხუთი ბრილიანტის თვლით (სამეულის ბეჭედი), ღირებულებით - 500 აშშ დოლარი; ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით (ფრაგმენტებით), ღირებულებით - 250 ლარი; ორი ოქროს ჯვარი ქრისტეს გამოსახულებით, ღირებულებით - 200 ლარი; ოქროს ძეწკვი 4 გრ. ღირებულებით - 300 ლარი; ოქროს გულსაკიდი წმინდა ნინოს გამოსახულებით 4 გრ. ღირებულებით - 300 ლარი; ოქროს ბეჭედი ერთი ფირუზის და პატარა ბრილიანტის თვლებით ღირებულებით - 300 ლარი; ოქროს (ძველი რუსული) ბეჭედი, ღირებულებით - 1000 აშშ დოლარი; გარდა ამისა, თ.ბ–ძემ და ზ.კ–ძემ საქორწინო დარბაზის მფლობელებისაგან საჩუქრად მიიღეს ოქროს ბეჭედი შვიდი ბრილიანტის თვლით, ფასი 250 ლარი;
5.2.3 მხარეთა შორის სადავო არ არის დასახელებული ნივთების ჩუქების ფაქტი. მხარეთა შორის სადავოა, ნაჩუქარი ნივთების ღირებულება.
5.2.4 მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოებაც, რომ სადავო სამკაულები ინახებოდა მოპასუხე ზ.კ–ძის ოჯახში, სადაც ქორწინების პერიოდში, ასევე, ცხოვრობდა თ.ბ–ძეც.
5.2.5 2017 წლის 29 ნოემბრიდან მხარეები ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს. მხარეთა დაშორების შემდეგ თ.ბ–ძე საცხოვრებლად გადავიდა თავისი მშობლების ოჯახში, რა დროსაც თან წაიღო ოქროს (ძველი რუსული) ბეჭედი, ღირებულებით - 1000 აშშ დოლარი და ოქროს სამაჯური, ღირებულებით - 1050 აშშ დოლარი.
5.2.6 მოცემული დავის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა მათი დაშორების შემდეგ თ.ბ–ძემ თან წაიღო თუ არა ზ.კ–ძის ოჯახიდან დანარჩენი სამკაულები და ბეწვის ქურქი, რომელიც მას აჩუქა მეუღლის ოჯახმა.
5.2.7 აპელანტის მტკიცებით, არცერთი სადავო ნივთი მოპასუხესთან/მოპასუხის ოჯახში არ ინახება, ვინაიდან ისინი თან წაიღო თ.ბ–ძემ, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
5.3 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება ეფუძნება შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას და არა - სასამართლოს სუბიექტურ მოსაზრებებს. სასამართლო ობიექტურ საწყისებზე მტკიცებულებათა ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის შედეგად ადგენს მათ იურიდიულ ძალას, კერძოდ, განსაზღვრავს თუ რა გარემოების დადგენა ან პირიქით, უარყოფაა შესაძლებელი. აქ, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება მტკიცებულებათა შეფასება მათი უტყუარობის თვალსაზრისით, რისთვისაც საჭიროა ამ მტკიცებულებათა ყოველმხრივი შემოწმება, მათი დაპირისპირება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. მტკიცებულებათა შეფასებას კი, პროცედურულად მოჰყვება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
5.4 სააპელაციო პალატამ მიუთითა საქმეში წერილობითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილ მასალებზე, მათ შორის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ, ზ.კ–ძის დედასთან, ბ.კ–თან, გასაუბრების შედეგად, 01.03.2018 წელს შედგენილ გასაუბრების ოქმზე, სადაც ბ.კ–ძე არ უარყოფს, პირიქით, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თ.ბ–ძეს ოქროს სამკაულების უმეტესი ნაწილი არ წაუღია: „თ. ოჯახიდან რომ წავიდა, მართლაც დატოვა თავისი ოქროულობა სახლში“; ... „ოქროულობა თავისი ოთახიდან მე არ ამიღია, აიღო ჩემმა შვილმა ზ–მ და ... შესანახად გადმომცა“; ... „ჩვენ, ოჯახის წევრებმა გადავწყვიტეთ, მხოლოდ ვაპირებთ თ–ს დავუბრუნოთ მისი ნათესავების, დარბაზის, ჩვენი ახლობლების და თანამშრომლების მიერ ნაჩუქარი ოქროულობა, ხოლო რაც შეეხება ჩემს მიერ ნაჩუქარ ოქროულობას, არ ვაპირებთ მასზე დაბრუნებას, რადგან არანაირი ჩვენი მიზეზი არ არსებობდა ჩვენი ოჯახიდან ასე ტყუილ-უბრალოდ წასულიყო“;... “მე მოვითხოვ თ–სგან ჩემი ნაჩუქარი ოქროულობა, ყურსაკიდი, სამი ბეჭედი და ოქროს სამაჯური დამიბრუნოს, იმ შემთხვევაში, მე მის ოქროულობას უკლებლივ უპრობლემოდ გადავცემ.“...
5.5 პალატამ, ასევე, ყურადღება გაამახვილა თ.ბ–ძესა და ზ.კ–ძეს შორის სატელეფონო (სმს) მიმოწერაზე, (რომლის ავთენტურობაც ზ.კ–ძეს სადავო არ გაუხდია), სადაც ზ.კ–ძე თ.ბ–ძეს სთხოვს შერიგებას და ეთანხმება თ.ბ–ძის მოთხოვნას, შეხვედრამდე/შერიგებამდე დაუბრუნოს კუთვნილი ოქროს ნივთები.
5.6 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ სადავო ნივთების დაუფლების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რასაც მან, ზემოთ ხსენებული წერილობითი მტკიცებულებების წარმოდგენით, წარმატებით გაართვა თავი. ამდენად, პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მეუღლეთა დაშორების შემდეგ, ზ.კ–ძის ოჯახში დარჩა და შესაბამისად, თ.ბ–ძეს თან არ წაუღია მისთვის ქორწინებამდე ნაჩუქარი სამკაულები - გრეხილი ჯაჭვი, ღირებულებით - 960 აშშ დოლარი, ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, ღირებულებით - 300 აშშ დოლარი, ოქროს ბეჭედი ,,ტიტა’’, ბრილიანტის თვლით, ღირებულებით - 400 აშშ დოლარი, ოქროს ბეჭედი, ხუთი ბრილიანტის თვლით (სამეულის ბეჭედი), ღირებულებით - 500 აშშ დოლარი, ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით (ფრაგმენტებით), ღირებულებით - 250 ლარი, ორი ოქროს ჯვარი ქრისტეს გამოსახულებით, ღირებულებით - 200 ლარი, ოქროს ძეწკვი 4გრ. ღირებულებით - 300 ლარი, ოქროს გულსაკიდი წმინდა ნინოს გამოსახულებით 4 გრ. ღირებულებით - 300 ლარი, ოქროს ბეჭედი ერთი ფირუზის და პატარა ბრილიანტის თვლებით ღირებულებით - 300 ლარი, გარდა ამისა, ზ.კ–ძის ოჯახში დარჩა, ასევე, საქორწინო დარბაზის მიერ მეუღლეთათვის ნაჩუქარი ოქროს ბეჭედი შვიდი ბრილიანტის თვლით, ღირებულებით, 250 ლარი;
5.7 სააპელაციო პალატამ, ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მხარეთა დაშორების შემდეგ, სამკაულებთან ერთად ზ.კ–ძის ოჯახში დარჩა თ.ბ–ძისათვის ნაჩუქარი ბეწვის ქურქი და ტელევიზორი, რომელიც შეძენილი იქნა ქორწინების განმავლობაში ზ.კ–ძის მიერ. დადასტურებულად მიჩნევის საფუძველი გახდა, ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს, გონიოს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ, 17.06.2018 წელს შედგენილი, ზ.კ–ძესთან გასაუბრების ოქმი, (სადაც ზ.კ–ძე მიუთითებს, რომ არ აპირებს თ.ს გადასცეს დედამისის მიერ ნაყიდი ბეწვის ქურქი და მის მიერ შეძენილი ტელევიზორი, რადგან მან (თ.მ) არ ისურვა მასთან ერთად ცხოვრების გაგრძელება).
5.8 სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზ.კ–ძეს ზემოაღნიშნული, დადგენილად მიჩნეული გარემოებების საწინააღმდეგოდ, საპირწონე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
5.9 სააპელაციო პალატამ, ასევე ყურადღება გაამახვილა შეფასების ანგარიშის შინაარსზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემფასებელს შესაფასებელი ნივთები, მათი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, არ წარდგენია და იგი ღირებულების განსაზღვრისას დაეყრდნო დამკვეთის (ზ.კ–ძის) მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. უდავოა, რომ ზ.კ–ძეს შემფასებლისთვის შესაფასებელი საიუველირო ნაწარმი არ წარუდგენია, ასევე, არ მიუწოდებია საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები, სადაც სადავო ნივთები ასახულია ნათლად და მკაფიოდ.
5.10 სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მხრიდან არაკვალიფიციურად შედავებული გარემოება, სამართლებრივად ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ სადავო ნივთების მოსარჩელის მიერ მითითებული ღირებულება სწორია. აღნიშნული პრეზუმირებული გარემოებების დამაჯერებლად და სარწმუნოდ გაქარწყლება მოპასუხის ვალდებულება იყო, რაც მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაძლეულიყო. მოპასუხემ კი, ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება.
5.11 სააპელაციო პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ბ–ძეს ჩუქების გზით წარმოეშვა ინდივიდუალური საკუთრების უფლება ჯამში - 2160 აშშ დოლარისა და 1350 ლარის ღირებულების სამკაულებზე და 400 აშშ დოლარის ღირებულების ბეწვის ქურქზე. ასევე, დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ბ–ძემ ჩუქების გზით ზ.კ–ძესთან ერთად თანასაკუთრების უფლება შეიძინა 250 ლარის ღირებულების ოქროს ბეჭედზე. ზ.კ–ძისა და თ.ბ–ძის თანასაკუთრებაშია, ასევე, 1500 ლარად ღირებული ტელევიზორი, როგორც მხარეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილი. უდავოა, რომ მეუღლეთა წილი ამ მოძრავ ნივთებზე თანაბარია. ნივთები გაყოფადი არ არის და აქედან გამომდინარე, თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა მისი ღირებულების ნახევრის ანაზღაურების სახით, რაც ჯამში შეადგენს 875ლარს, (1500:2+250:2) მართლზომიერია.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1 ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ.კ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6.2 კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ სადავო ოქროს ნივთების ღირებულება შეადგენს 2160 აშშ დოლარს და 1350 ლარს. აუდიტის დასკვნის მიხედვით, თ.ბ–ძის მიერ სარჩელში მითითებული ოქროს ნივთების ფასები, ტელევიზორის ფასი და ბეწვის ქურქის ფასი განსხვავდება დღეის მდგომარეობით არსებული ფასისგან და იგი ნაცვლად 4610 ამერიკული დოლარისა და 3600 ლარისა საერთო ჯამში შეადგენს 5600 ლარს. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ არ გაითვალისწინა სპეციალური ცოდნის მქონე პირის დასკვნა და დაეყრდნო მხოლოდ თ.ბ–ძის მიერ ზეპირ განმარტებას. ზ.კ–ძე, შესაგებლით და მოწმეთა ჩვენებით ამტკიცებდა, რომ სადავო ოქროს ნივთების ჩუქება მოხდა 2017 წლის 16 ივნისს, ნიშნობის დღეს, თ.ბ–ძის საცხოვრებელ სახლში, მას შემდეგ ნაჩუქარი ნივთები ინახებოდა მხოლოდ მოსარჩელე მხარესთან. მიუხედავად იმისა, რომ ამავე გადაწყვეტილების 4.7.5 პუნქტში სასამართლო - ნაწილობრივ იზიარებს აპელანტის პოზიციას ოქროს ბეჭდის და ოქროს სამაჯურის ნაწილში, დანარჩენი ოქროს ნივთების ნაწილში ამტკიცებს, რომ ზ.კ–ძესთან ინახება სადავო ოქროს ნივთები.
6.3 სასამართლომ დაეყრდნო ერთი ირიბი მოწმის - ც.ბ–ძის ჩვენებას და იგნორირება გაუკეთა მოპასუხე მხარის პირდაპირი მოწმეთა - ა.კ–ძის, თ. ი–ძის, გ.ქ–ძის, ბ.კ–ძის და მ.კ–ძის ჩვენებებს. უფრო მეტიც სასამართლომ საერთოდ არ ახსენა პირდაპირი მოწმეთა მიერ სასამართლოს სხდომის დარბაზში გაკეთებული განმარტებები.
6.4 კასატორის განმარტებით, თუ სააპელაციო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილი მასალები შეაფასა, როგორც წერილობითი მტკიცებულებები, ამ შემთხვევაშიც, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაეთვალისწინებინა ის, რომ ეს ჩვენებები წარმოადგენენ იმ პირთა ახსნა–განმარტებებს, რომლებიც კონკრეტულ სამოქალაქო საქმეში არ წარმოადგენენ პროცესის მონაწილეებს და ამავე ახსნა–განმარტებებს არ აკეთებენ სამოქალაქო პროცესში. აღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია, სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული მოწმეთა ჩვენებები სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულების რომელ პროცესუალურ საშუალებად მიიჩნია.
6.5 კასატორის განმარტებით, მოწმე თ.ფ–ძე, აცხადებს, რომ თ.ბ–ძე ყოველთვის თან ატარებდა ოქროულობას, შესაბამისად მას წაღებული აქვს ყველა ოქროს ნივთი, რაც აჩუქეს, ასევე წაიღო ავეჯი, ჭურჭლეულობა და ტელევიზორი. სასამართლოს ამ მოწმეთა მიერ გაკეთებული განმარტებები არ შეუფასებია.
6.6 კასატორის განმარტებით, სამოქალაქო საქმეში არსებული არცერთი გარემოებით არ დადასტურდა ოქროს ნივთების არსებობა მოპასუხის მფლობელობაში. აღნიშნული კი არის საფუძველი იმისა, რომ თ.ბ–ძეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
7.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
7.2 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 26 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კი - დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანია კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართლზომიერება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე თ.ბ–ძის მოთხოვნა ქორწინებამდე (ნიშნობისას) და ქორწინების პერიოდში ნაჩუქარი/შეძენილი ნივთების ღირებულების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.
12. საკასაციო საჩივრის ფარგლებში, კასატორის მიერ შედავებულია, მხარეთა შორის ნიშნობისა და ქორწინების პერიოდში ნაჩუქარი და შეძენილი ნივთების ნაწილზე მოსარჩელის ინდივიდუალური საკუთრების უფლების არსებობა და ამ ნივთების მოპასუხის მფლობელობაში არსებობის ფაქტი, ასევე მათი ღირებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის მიხედვით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის შესაბამისად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის ბ პუნქტის, თანახმად თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლი ადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების მათ საერთო ქონებად, თანასაკუთრებად არსებობის პრეზუმფციას. ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ და ემსახურება ოჯახის ინტერესების დაცვის მიზანს, კერძოდ, ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის, საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამდენად, დავის შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად მიჩნევისათვის. სადავო ქონების თანასაკუთრებად პრეზუმირების ფარგლებში, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელიც სადავოდ ხდის ამ გარემოებას. სსკ-ის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ (იხ.სუსგ. №ას-1426-1346-2017, 02.03.2018წ.).
14. საოჯახო ურთიერთობების მომწესრიგებელი კანონმდებლობით, მეუღლის ქონებრივი უფლების რეალიზაცია - სადავო მატერიალური სიკეთის, რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენის ფაქტზეა დამოკიდებული. ამასთან, ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგისთვის ერთ-ერთი მეუღლე უნდა ითხოვდეს საერთო ქონების გაყოფას, რაც ნიშნავს საერთო ქონების რეალურ/იდეალურ წილად ტრანსფორმირებას (იხ. სუსგ. საქმე №ას-1239-2024, 26.06.2025).
15. მეუღლეთა საკუთრება იყოფა ორ ნაწილად: ინდივიდუალურ (სსკ-ის 1161-ე-1162-ე მუხლები) და საერთო თანაზიარ საკუთრებად (სსკ-ის 1158-ე მუხლი). ინდივიდუალურია ისეთი ქონება, რომელიც ერთ-ერთ მეუღლეს ეკუთვნის და თვითონვე განკარგავს. თანაზიარ ქონებად (მეუღლეთა საერთო ქონებად) ჩაითვლება მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ, როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით (შდრ. სუსგ. №ას-7-7-2016, 16.03.2016წ; №ას-708-708-2018, 26.07.2019წ.).
16. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონეა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
16.1 მხარეები - თ.ბ–ძე და ზ.კ–ძე დაქორწინდნენ 2016 წლის 23 სექტემბერს.
16.2 ქორწინების რეგისტრაციამდე - ნიშნობაზე, ასევე, ქორწილის დღეს, თ.ბ–ძეს თავისმა და მომავალი მეუღლის, ზ.კ–ძის, ნათესავებმა აჩუქეს შემდეგი დასახელებისა და ღირებულების სამკაულები: ოქროს სამაჯური, 33 გრ. ღირებულებით - 1050 აშშ დოლარი; გრეხილი ჯაჭვი, 30 გრ. ღირებულებით - 960 აშშ დოლარი; ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, ღირებულებით - 300 აშშ დოლარი; ოქროს ბეჭედი ,,ტიტა’’, ბრილიანტის თვლით, ღირებულებით - 400 აშშ დოლარი; ოქროს ბეჭედი, ხუთი ბრილიანტის თვლით (სამეულის ბეჭედი), ღირებულებით - 500 აშშ დოლარი; ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით (ფრაგმენტებით), ღირებულებით - 250 ლარი; ორი ოქროს ჯვარი ქრისტეს გამოსახულებით, ღირებულებით - 200 ლარი; ოქროს ძეწკვი 4 გრ. ღირებულებით - 300 ლარი; ოქროს გულსაკიდი წმინდა ნინოს გამოსახულებით 4 გრ. ღირებულებით - 300 ლარი; ოქროს ბეჭედი ერთი ფირუზის და პატარა ბრილიანტის თვლებით ღირებულებით - 300 ლარი; ოქროს (ძველი რუსული) ბეჭედი, ღირებულებით - 1000 აშშ დოლარი; გარდა ამისა, თ.ბ–ძემ და ზ.კ–ძემ საქორწინო დარბაზის მფლობელებისაგან საჩუქრად მიიღეს ოქროს ბეჭედი შვიდი ბრილიანტის თვლით, ფასი 250 ლარი;
16.3. 2017 წლის 29 ნოემბრიდან მხარეები ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს. მხარეთა დაშორების შემდეგ თ.ბ–ძე საცხოვრებლად გადავიდა თავისი მშობლების ოჯახში, რა დროსაც თან წაიღო ოქროს (ძველი რუსული) ბეჭედი, ღირებულებით - 1000 აშშ დოლარი და ოქროს სამაჯური, ღირებულებით - 1050 აშშ დოლარი.
17. საკასაციო პალატა, ეყრდნობა რა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლს, რომლითაც განსაზღვრულია მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრების ნივთები, ხოლო იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომ სადავო ოქროს ნივთები მოსარჩელემ ნიშნობისა და დაქორწინებისას საჩუქრად მიიღო, ამასთან, უდავოა, რომ მხარეებმა ნიშნობის შემდეგ ქორწინება დაარეგისტრირეს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დასახელებული ოქროს ნივთები, სწორედ მოსარჩელის ინდივიდუალური საკუთრების ობიექტს წარმოადგენს,18. კასატორი სადავოდ ხდის მოსარჩელის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ნივთების მის მფლობელობაში არსებობის ფაქტს, ასევე მათ ღირებულებას. კასატორის შედავების საპასუხოდ, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წერილობითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილ მასალებზე, მათ შორის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ, ზ.კ–ძის დედასთან, ბ.კ–თან, 2018 წლის 01 მარტს შედგენილ გასაუბრების ოქმზე, სადაც ბ.კ–ძე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ თ.ბ–ძეს ოქროს სამკაულების უმეტესი ნაწილი არ წაუღია, ამასთან, თ.ბ–ძისაგან ითხოვს მის მიერ ნაჩუქარი ნივთების, ყურსაკიდის, სამი ბეჭდის და ოქროს სამაჯურის დაბრუნებას, სანაცვლოდ კი კ–ძის ოჯახი თ.ბ–ძეს დაუბრუნებს მისი ნათესავების, ახლობლებისა და თანამშრომლების მიერ ნაჩუქარ ოქროულობას (იხ. ტ. I, ს.ფ 141-142).
19. საკასაციო პალატა მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გაქარწყლებაც კასატორმა ვერ შეძლო. კერძოდ, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მეუღლეთა დაშორების შემდეგ, ზ.კ–ძის ოჯახში დარჩა და შესაბამისად, თ.ბ–ძეს თან არ წაუღია მისთვის ქორწინებამდე ნაჩუქარი სამკაულები - გრეხილი ჯაჭვი, ღირებულებით - 960 აშშ დოლარი, ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, ღირებულებით - 300 აშშ დოლარი, ოქროს ბეჭედი ,,ტიტა’’, ბრილიანტის თვლით, ღირებულებით - 400 აშშ დოლარი, ოქროს ბეჭედი, ხუთი ბრილიანტის თვლით (სამეულის ბეჭედი), ღირებულებით - 500 აშშ დოლარი, ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით (ფრაგმენტებით), ღირებულებით - 250 ლარი, ორი ოქროს ჯვარი ქრისტეს გამოსახულებით, ღირებულებით - 200 ლარი, ოქროს ძეწკვი 4 გრ. ღირებულებით - 300 ლარი, ოქროს გულსაკიდი წმინდა ნინოს გამოსახულებით 4 გრ. ღირებულებით - 300 ლარი, ოქროს ბეჭედი ერთი ფირუზის და პატარა ბრილიანტის თვლებით ღირებულებით - 300 ლარი, გარდა ამისა, ზ.კ–ძის ოჯახში დარჩა, ასევე, საქორწინო დარბაზის მიერ მეუღლეთათვის ნაჩუქარი ოქროს ბეჭედი შვიდი ბრილიანტის თვალით, ღირებულებით, 250 ლარი.
20. საკასაციო პალატა არ იზიარებს ზ.კ–ძის პრეტენზიას, სადაც იგი უარყოფს ტელევიზორის ფლობას და ყურადღებას მიაქცევს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს გონიოს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ, 2018 წლის 17 ივნისს ზ.კ–ძესთან შედგენილი გასაუბრების ოქმის ჩანაწერზე, სადაც ზ.კ–ძე მიუთითებს, რომ არ აპირებს თ.ბ–ძეს გადასცეს დედამისის მიერ ნაყიდი ბეწვის ქურქი და მის მიერ შეძენილი ტელევიზორი, რადგან თ.ბ–ძემ არ ისურვა მასთან ერთად ცხოვრების გაგრძელება.
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა არ გაიზიარეს ზ.კ–ძის ნათესავების ა.კ–ძისა და თ.ფ–ძის ჩვენებები. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მტკიცებულებათა შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე - ერთობლივად შეფასებას. სასამართლო, ვალდებულია, მოწმეთა ჩვენებებიც და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს, მხარეთა დამოკიდებულებას, ფიზიკურ მდგომარეობას და სხვა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოებმა მართებულად არ გაიზიარა ზემოთ აღნიშნული მოწმეების ჩვენებები და დამაჯერებლად მიიჩნიეს თავად მოპასუხისა და მისი დედის ბ.კ–ძის პოლიციაში მიცემული განმარტებები, რის საფუძველზეც დადგენილად მიიჩნიეს, რომ თ.ბ–ძემ ზ.კ–ძის სახლიდან წასვლისას, სარჩელში მოთხოვნილი ნივთებიდან თან აქვს წაღებული ოქროს ბრტყელი ფორმის მაჯის სამაჯური და ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლებით, ხოლო სარჩელში აღნიშნული დანარჩენი ნივთები დარჩა ზ.კ–ძის ოჯახში.
22. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას სისხლის სამართლის საქმეზე მიცემული მოწმის ჩვენებისა და ახსნა-განმარტებების/გასაუბრების სამოქალაქო დავაზე მტკიცებულების სახით წარდგენის დაუშვებლობაზე და განმარტავს, რომ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე (სსსკ-ის 105-ე მუხლი) იმის მიხედვით თუ რა გარემოების დადასტურებაა შესაძლებელი ამა თუ იმ მტკიცებულებით, რა დროსაც, ხელმძღვანელობს მტკიცებულებათა დასაშვებობის, განკუთვნადობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმით.
23. საკასაციო პალატა კვლავ მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლო პრაქტიკას, რომლის მიხედვით, „..პროცესუალურ-სამართლებრივ წესებთან ერთად სასამართლომ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მტკიცებულების მატერიალურ სამართლებრივი მხარე, რაც საბოლოოდ, გავლენას ახდენს მტკიცებულებათა კვლევა-შეფასების ეტაპზე. სასამართლომ უპირველეს ყოვლისა სამართლებრივად უნდა შეაფასოს მოსარჩელეების მიერ მითითებული მოთხოვნის საფუძვლები (კერძოდ, თუ რომელი მატერიალურსამართლებრივი ნორმიდან გამომდინარეობს მოსარჩელეების მოთხოვნა მათ მიერ მითითებული საფუძვლების გათვალისწინებით). შესაბამისად, სასამართლოს მიერ შესაფასებელი მტკიცებულება უნდა შეიცავდეს იმ მატერიალურ-სამართლებრივი ხასიათის ინფორმაციას, რომელიც სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ფაქტობრივი სიტუაციის ნორმატიული აღწერილობით არის მოცემული“ (შდრ: სუსგ Nას-788-748-2013).
24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა, მხარეთა შორის ნიშნობისა და ქორწინების პერიოდში ნაჩუქარი ნივთების მოსარჩელის მფლობელობაში არ არსებობის ფაქტი დაადგინა საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებით, მათ შორის სისხლის სამართლის საქმიდან ამოღებული მოწმისა ჩვენებით, რომელიც დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით წერილობითი მტკიცებულების სახედაა შეფასებული, სახელდობრ Nას-788-748-2013, 20 ოქტომბერი, 2014 წლის გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ „სისხლის სამართლის საქმიდან გამოთხოვილი მასალები უნდა შეფასდეს, როგორც წერილობითი მტკიცებულებები....“
25. კასატორის პრეტენზია მიმართულია ასევე სასამართლო გადაწყვეტილებას იმ ნაწილზე, რომლითაც გაზიარებული იქნა სადავო ნივთებზე მოსარჩელე მხარის მიერ მითითებული ღირებულება. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე სადავო ოქროს ნივთების ფიზიკურ მახასიათებლებზე. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიიჩნია, რომ სადავო ნივთები ხარისხისა და ღირებულების გათვალისწინებით შეესაბამებოდა სარჩელში არსებულ ჩამონათვალს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული და მოპასუხის მიერ არაკვალიფიციურად შედავებული გარემოება, სამართლებრივად ქმნის იმის პრეზუმფციას, რომ სადავო ნივთების ღირებულება სწორია, აღნიშნული პრეზუმირებული გარემოებების დამაჯერებლად და სარწმუნოდ გაქარწყლება კი, სწორედ მოპასუხის ვალდებულებაა და მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში უნდა დაიძლიოს. მოპასუხემ/კასატორმა ვერ შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება. კერძოდ,საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ზ.კ–ძის მიერ წარმოდგენილ შპს „ა–ის“ 2019 წლის 12 მარტის შეფასების ანგარიშზე, რომლითაც ირკვევა, რომ შემფასებელმა პირმა, სადავო საიუველირო ნაწარმის (ოქროს ნივთების) საბაზრო ღირებულება მთლიანობაში განსაზღვრა - 5600 ლარად. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება ქუთაისის სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებებს წარმოდგენილი შეფასების ანგარიშის შესახებ. კერძოდ, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა, რომ შემფასებელს შესაფასებელი ნივთები, მათი საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, არ წარდგენია და ის ღირებულების განსაზღვრისას დაეყრდნო დამკვეთის (ზ.კ–ძის) მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. უდავოა, რომ ზ.კ–ძეს შემფასებლისთვის შესაფასებელი საიუველირო ნაწარმი არ წარუდგენია, ასევე, არ მიუწოდებია საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები, სადაც სადავო ნივთები ასახულია ნათლად და მკაფიოდ. გარდა ამისა, შეფასების დასკვნა, მიუხეადავად იმ გარემოებისა, რომ შეიცავს ზოგად მითითებას, თუ რას ეყრდნობა ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა და რომ შეფასება შესრულებულია ქონების შეფასების საერთაშორისო კომიტეტის "შეფასების საერთაშორისო სტანდარტების" შესაბამისად, საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების დაცვით, ის არ შეიცავს მითითებას კონკრეტულ გარემოებებზე, რაც დასკვნაში ასახულ შეფასებას სასამართლოსათვის სარწმუნოს გახდიდა. მაგ. შეფასების ანგარიში არ შეიცავს მითითებას ბაზრის კვლევაზე, კონკრეტულ პერიოდში ფიქსირებული, კონკრეტული სინჯის ძვირფასი ლითონის ღირებულების შესახებ. შესაბამისად, გაუგებარია რა ობიექტურ მონაცემებს ეყრდნობა შემფასებელი სადავო ნივთების ღირებულების განსაზღვრისას. შეფასების ანგარიშის მიხედვით, 1გრ. 583 სინჯის ძვირფასი ლითონის (ოქროს) ღირებულება განსაზღვრულია 60 ლარით, თუმცა გაუგებარია რა მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრავს შემფასებელი ამ ღირებულებას. გარდა ამისა, შეფასების ანგარიშის მიხედვით ცალსახად დასტურდება, რომ ცხრილში მოცემული ქონების შეფასება განხორციელებულია "აღწერილი ქონების (სათანადო სინჯის ოქროს) ჯართის ერთეულის ფასის გამრავლებით მის საერთო წონაზე", შესაბამისად უდავოა, რომ სადავო საიუველირო ნაწარმის ღირებულება განსაზღვრულია ჯართის ფასით, არა უშუალოდ ნაკეთობის ფასით, რაც გარკვეულწილად განსხვავებული და მაღალია ძვირფასი ლითონის ჯართის ღირებულებაზე.
26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის თანახმად, ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას ნივთები მას არ აღმოაჩნდება. დასახელებული ნორმა ემსახურება სამართლიანი სასამართლო პრინციპის განმტკიცებას და ორიენტირებულია მხარეთა შორის არსებული დავის გადაწყვეტის საბოლოო ხასიათზე. მართლმსაჯულების ამოცანას წარმოადგენს არა მხოლოდ დარღვეული სადავოდ ქცეული უფლების დაცვა, არამედ ამ დაცვისათვის ქმედითი, ეფექტური წინაპირობების შექმნა, რათა მხარისათვის შესაძლებელი იყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი მართლწესრიგის დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალწარმოება უმოქმედოა (შდრ. სუსგ. #ას-168-168-2018, 11.05.2018წ). ადამიანის უფლებათა ევროსასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მხარისათვის გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს განუყოფელი ნაწილია, ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (იხ. მაგ: Apostol v. Georgia; §37; Hornsby v.Greece, §40; IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; Burdov v. Russia, §34).
27. საკასაციო პალატის მითითებით, სამართლიანი სამართალწარმოების განხორციელებისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების აღმატებული ინტერესიდან გამომდინარე, მოსარჩელის საბოლოო მიზნის მისაღწევად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე უარყოფს სადავო ნივთების მფლობელობის ფაქტს, პალატა მიიჩნევს, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ საერთო ჯამში ოქროს ნივთების ღირებულების- 2560 აშშ დოლარისა და 2225 ლარის დაკისრებით, სააპელაციო სასამართლომ კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელისა და მოპასუხის სტადიებზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლივად შესწავლისა და გაანალიზების გზით, მიიღო განჩინება, რომელსაც საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. მოპასუხემ საკასაციო წესით გასაჩივრებისას, ვერ დაძლია მასში ასახული მსჯელობა/დასკვნები და ვერ გააქარწყლა ისინი დასაბუთებული საკასაციო შედავებით.
29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
30. პროცესის ხარჯები:
30.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
30.2 ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების წინაპირობები. შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი (470 ლარის ოდენობით) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „გ“ პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ.კ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად; 3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი