დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-906-2024
29 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ნ.ს–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა.კ–ძე (მოპასუხე)
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ნ.ს–ძემ (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოსარჩელე", „აპელანტი“, “კასატორი“), სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, ა.კ–ძის (შემდეგში ტექსტში ხსენებული, როგორც „მოპასუხეები", „მოწინააღმდეგე მხარეები“), მიმართ, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით, ნ.ს–ძის სარჩელი - აღკვეთილ იქნას ა.კ–ძის მხრიდან ნ.ს–ძისათვის საერთო საკუთრების ფართებით თავისუფალ სარგებლობაში ხელშეშლა და დავალდებულდეს ა.კ–ძე ხელი არ შეუშალოს ნ.ს–ძეს თანასაკუთრებაში არსებული ფართების ფლობასა და სარგებლობაში, არ დაკმაყოფილდა.
3.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ რომელმაც, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოითხოვა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
4.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინებით, ნ.ს–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება.
4.2 სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:
4.2.1 ქალაქ ბათუმში, ........ მდებარეობს მრავალბინიანი სახლი, სადაც არსებობს ამხანაგობა ,,ა–ია’’. ამხანაგობას ჰყავს 65 წევრი.
4.2.2 2012 წლის 25 ივლისს, ჩატარდა წევრთა საერთო კრება №18, რომელზეც იმსჯელესსახლზე მანსარდის დაშენებაზე და სახლის კუთხეებში არსებული სივრცის ამოყვანაზე და ამის ხარჯზე ახალი ფართების შექმნაზე.
4.2.3 2013 წლის 28 ნოემბერს, ჩატარდა ბმა ,,ა–ის’’ კრება, კრებაზე იმსჯელეს სხვადასხვა საკითხებზე;
4.2.4 კრების გადაწყვეტილებით, ამხანაგობის რამდენიმე წევრს, რომელთაც ჰქონდათ ხედი როგორც ..........., ასევე .........../......... ქუჩაზე, მათ შორის, მოპასუხე ა.კ–ძეს მიეცა უფლება საცხოვრებელ სახლზე ფასადის მხრიდან ცარიელ კუთხეებში, შემინული ღია აივნის მოწყობაზე;
4.2.5 იმ მესაკუთრეებს შორის ვისაც მიეცა უფლება მოეწყო შემინული აივანი არ იყო ნ.ს–ძის მეუღლე თ.ვ–ძე.
4.2.6 თ.ვ–ძე გარდაიცვალა 2018 წლის 16 იანვარს. მისი მეუღლე ნ.ს–ძე წარმოადგენს თ.ვ–ძის მემკვიდრეს და უძრავი ქონების მესაკუთრეს.
4.2.7 ა.კ–ძის მიერ მოხდა ამხანაგობის კრების ოქმის და შესაბამისი ნებართვის მიხედვით ღია სივრცის ამოშენება/შემინვა. მშენებლობის პროცესი ცნობილი იყო მოსარჩელისთვის. მოსარჩელეს მშენებლობაზე არ გაუწევია ხარჯი, მონაწილეობა არ მიუღია მშენებლობის არცერთ ეტაპზე. ნ.ს–ძის საკუთრებაში არსებული ბინა ყრუ კედლით ესაზღვრება ა.კ–ძის საკუთრებაში არსებულ ბინას, მათ შორის ამოშენებულ სივრცეს.
4.2.8 მოპასუხის ბინას გვერდიდან ესაზღვრება მოსარჩელის ნ.ს–ძის ბინა. ბინებს ყოფს ერთი გამყოფი კედელი.
4.2.9 17.10.2023 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე, მხარეთა ახსნა- განმარტებებით დგინდება, რომ ა.კ–ძის მიერ ამოშენებული სივრცის ერთი კედელი არის ნ.ს–ძის საკუთრებაში არსებული ბინის ყრუ კედელი, სადაც ღია სივრცე გამოჭრილი არ არის. ა.კ–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას კი აქვს ღია ღიობი, რომელიც გადის სადავო ფართში.
4.3 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამეზობლო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების თანახმად, კანონი მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. სარგებლობის შესაძლო შეზღუდვას, სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, მხოლოდ მაშინ შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, თუ სახეზეა ორი წინაპირობა: ნაკვეთით სარგებლობის უფლების დაუშვებელი ხელყოფა და ეს იმთავითვე აშკარაა. დასახელებული კუმულატიური პირობები ქმნიან, უკვე აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციის აკრძალვის მოთხოვნის წინაპირობას, რომელიც საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის მკაცრი ფორმაა.
4.4 სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რომ ამხანაგობის კრების ოქმის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოხდა საცხოვრებელ კორპუსზე სადავო კუთხეებში არსებული სივრცის ამოყვანა და ამგვარად ახალი ფართების შექმნა. დადგენილია, რომ ამჟამინდელი მდგომარეობით, სადავო მინაშენში ა.კ–ძის ბინის გავლის გარეშე მოხვედრა შეუძლებელია. ამდენად, ნ.ს–ძის მიერ მოთხოვნილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, იგი მე-3 სართულზე არსებული ღიობის მიშენებაში რომ მოხვდეს, ამას დასჭირდება მისი ბინის ყრუ კედლის გამოტეხა, რომელსაც დიდი ალბათობით დასჭირდება სპეციალური მშენებლობის ნებართვა, სულ მცირე კი - ამხანაგობის ნებართვა.
4.5 სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მოთხოვნა დარჩება აღუსრულებელი, მანამ სანამ არ მოხდება ნ.ს–ძის ბინის ყრუ კედლის მოდიფიცირება, მასზე გამავალი სივრცის მოწყობის მიზნით, რომელსაც უნდა სპეციალური ნებართვა და ამხანაგობის წევრების თანხმობა, ხოლო თუ ის ვერ მოიპოვებს ასეთ ნებართვას ან/და თანხმობას, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დარჩება აღუსრულებელი. ამასთან, საქმის მასალებით არც ის ირკვევა აღნიშნული კედელი, არის თუ არა საყრდენი კედელი.
4.6 მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
5.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.ს–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
5.2 კასატორის განმარტებით, ქ. ბათუმში, ........... ქ. №21-ში მდებარეობს მრავალბინიანი სახლი, სადაც არსებობს ამხანაგობა ა–ია. ამხანაგობას დღეის მდგომარეობით ჰყავს 65 წევრი. როგორც მისთვის ცნობილი გახდა, 2012 წლის 25 ივლისს, ჩატარდა წევრთა სართო კრება №18, რომელზეც იმსჯელეს სახლზე მანსარდის დაშენებაზე და სახლის კუთხეებში არსებული სივრცის ამოყვანაზე და ამის ხარჯზე ახალი ფართების შექმნაზე. 2013 წლის 28 ნოემბერს, ასევე თითქოსდა შედგა კრება №6, სადაც იმსჯელეს იგივე საკითხებზე;
5.3 კასატორის მითითებით, აღსანიშნავია, რომ მოხდა სრულიად ახალი ფართების ამოშენება, კერძოდ: საცხოვრებელი სახლი შედგება 3 კორპუსისაგან და აქვს რუსული ასო ,,პ“-ს ფორმა. სწორედ კორპუსების თანხვედრის ადგილას არსებულ სივრცეში იქნა ამოშენებული ფართები, რომლის ერთი მხარე ემიჯნება მ.კ–ძის საკუთრებაში რიცხულ ბინას, ხოლო მეორე მხარე ა.კ–ძის საკუთრებაში რიცხულ ბინას. ა.კ–ძის განცხადება, რომ ამოშენებული ფართი მხოლოდ მას ესაზღვრება არასწორია. ამოშენებული ფართებით შევსებული იქნა ქუჩის მხარეს არსებული ფასადი, სადაც რაიმე ღიობი არ იყო და ვერც იქნებოდა სამშენებლო კანონმდებლობიდან გამომდინარე. იმისათვის, რომ კახიძე მოხვდეს ამ აშენებულ ფართში, მან უნდა გაჭრას ღიობის ფასადის მხარე არსებულ კედელში. იმავეს გაკეთება მოუწევს კარალიძესაც, რომ მოხვდეს აშენებულ ფართში. აშკარაა, რომ მ.კ–ძე წარმოადგენს ამ ახალი შექმნილი ფართის თანამესაკუთრეს და ა.კ–ძის ქმედება, რომლითაც იგი ხელს უშლის მას, არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნას წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
9. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალის მქონეა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
10.1 ქალაქ ბათუმში, ........... ქ. №21-ში მდებარეობს მრავალბინიანი სახლი, სადაც არსებობს ამხანაგობა ,,ა–ია’’. ამხანაგობას ჰყავს 65 წევრი;
10.2 2012 წლის 25 ივლისს, ჩატარდა წევრთა საერთო კრება №18, რომელზეც იმსჯელეს სახლზე მანსარდის დაშენებაზე და სახლის კუთხეებში არსებული სივრცის ამოყვანაზე და ამის ხარჯზე ახალი ფართების შექმნაზე;
10.3 2013 წლის 28 ნოემბერს, ჩატარდა ბმა ,,ა–იის’’ კრება, კრებაზე იმსჯელეს სხვადასხვა საკითხებზე;
10.4 კრების გადაწყვეტილებით, ამხანაგობის რამდენიმე წევრს, რომელთაც ჰქონდათ ხედი როგორც ..........., ასევე .........../......... ქუჩაზე, მათ შორის, მოპასუხე ა.კ–ძეს მიეცა უფლება საცხოვრებელ სახლზე ფასადის მხრიდან ცარიელ კუთხეებში, შემინული ღია აივნის მოწყობაზე;
10.5 იმ მესაკუთრეებს შორის ვისაც მიეცა უფლება მოეწყო შემინული აივანი არ იყო ნ.ს–ძის მეუღლე თ.ვ–ძე;
10.6 თ.ვ–ძე გარდაიცვალა 2018 წლის 16 იანვარს. მისი მეუღლე ნ.ს–ძე წარმოადგენს თ.ვ–ძის მემკვიდრეს და უძრავი ქონების მესაკუთრეს, მდებარე: ქ. ბათუმი, ........... ქუჩა N21, ბინა N38;
10.7 ა.კ–ძის მიერ მოხდა ამხანაგობის კრების ოქმის და შესაბამისი ნებართვის მიხედვით ღია სივრცის ამოშენება/შემინვა. მშენებლობის პროცესი ცნობილი იყო მოსარჩელისთვის. მოსარჩელეს მშენებლობაზე არ გაუწევია ხარჯი, მონაწილეობა არ მიუღია მშენებლობის არცერთ ეტაპზე. ნ.ს–ძის საკუთრებაში არსებული ბინა ყრუ კედლით ესაზღვრება ა.კ–ძის საკუთრებაში არსებულ ბინას, მათ შორის ამოშენებულ სივრცეს;
10.8 პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ 11.04.2023წ. ადგილზე დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხის ბინას გვერდიდან ესაზღვრება მოსარჩელის ნ.ს–ძის ბინა. ბინებს ჰყოფს ერთი გამყოფი კედელი;
10.9 17.10.2023 წელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე, მხარეთა ახსნა- განმარტებებით დგინდება, რომ ა.კ–ძის მიერ ამოშენებული სივრცის ერთი კედელი არის ნ.ს–ძის საკუთრებაში არსებული ბინის ყრუ კედელი, სადაც ღია სივრცე გამოჭრილი არ არის. ა.კ–ძის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას კი აქვს ღია ღიობი, რომელიც გადის სადავო ფართში;
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ აღძრულია ნეგატორული სარჩელი. მოსარჩელე ითხოვს აღკვეთილ იქნას ა.კ–ძის მხრიდან ნ.ს–ძისათვის საერთო საკუთრების ფართებით თავისუფალ სარგებლობაში ხელშეშლა და დავალდებულდეს ა.კ–ძე ხელი არ შეუშალოს ნ.ს–ძეს თანასაკუთრებაში არსებული ფართების ფლობასა და სარგებლობაში.
12. მოცემულ შემთხვევაში, ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170.1 (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172-ე (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) მუხლებს ეფუძნება.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება არსებობს – ვინდიკაციური სარჩელი და ნეგატორული სარჩელი. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას (იხ. სუსგ. №ას-25-2021, 27.04.2021წ.).
14. ნეგატორულ სარჩელის განხილვისას სასამართლო ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ: სუსგ. №ას-370-2023, 19.05.2023წ.; №ას-189-2023, 05.04.2023წ.).
15. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ნივთებით, არ დაუშვას მესამე პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. მესაკუთრეს შეუძლია განახორციელოს პოზიტიური უფლებამოსილებანი, ან ნეგატიური - გამორიცხოს ნებისმიერი მესამე პირის მიერ ქონებით სარგებლობა.
16. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ)მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (მრავალთა შორის იხ. სუსგ. №ას-1250-2018, 21.12.2018წ.; №ას-826-2021, 17.11.2021წ.).
17. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას... (იხ.:სუსგ.№ას-843-809-2016, 26.10.2016წ.; №ას-778-2019, 5.07.2019წ; №ას-686-2024, 26.07.2024წ.).
18. საკასაციო პალატის განსჯით, ნეგატორული სარჩელის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, მოსარჩელის მხრიდან ხელყოფად მიჩნეული ქმედების მოპასუხისათვის აღკვეთით რამდენად მიიღწევა საკუთრებით დაუბრკოლებლად სარგებლობის მიზანი, ვინაიდან ფუჭი, სამართლებრივი შედეგის მოტანის უნარს მოკლებული სამართალწარმოების თავიდან არიდება სასამართლოს ვალია. კონკრეტულ დავაზე მიღწეული სამართლებრივი შედეგი, მისი რეალურად აღსრულების გარეშე, ვერ ქმნის მხარის სამართლიანი დაკმაყოფილების საფუძველს, აღნიშნული კი გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს ზრუნვის საგანია და სამართლებრივი უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილი, რათა თითოეულმა მხარემ მიიღოს მართლმსაჯულების განხორციელების შედეგი არა ფორმალურად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სახით, არამედ - მისი აღსრულების გზით. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა, შესაბამისად, სასურველი გადაწყვეტილების მიღება, თუკი ამ გადაწყვეტილების აღსრულება არ უზრუნველყოფს იმ მიზნის დაკმაყოფილებას, რომლის გამოც მხარემ გამოიჩინა სასარჩელო წარმოების ინიციატივა, ვერ ჩაითვლება სამართლიანი სასამართლოს უფლების ეფექტიანად სარგებლობით. ევროსასამართლოს განმარტებით, სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ.სუსგ.№ას-964-899-2017, 23.02.2018წ.; Nას-720-2022, 26.12.2023წ).
19. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს არ წარმოუდგენია ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი მტკიცებულებები. მოსარჩელე, ვერ ადასტურებს ვერც საკუთრების და შესაბამისად, ვერც დარღვეული მფლობელობის ფაქტს. სასარჩელო მოთხოვნაში მხოლოდ იმის მითითება, რომ ხელშეშლა აღიკვეთოს, ვერ გახდება ნეგატორულ სარჩელად მიჩნევის საფუძველი, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები არ არსებობდა.
20. კასატორის მტკიცებით, კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარებული ამხანაგობის კრების ოქმის გადაწყვეტილების საფუძველზე (რომელშიც მის მეუღლეს მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ამხანაგობას იგი კრებაზე არ მიუწვევიათ) მოხდა სახლის კუთხეებში არსებული სივრცის ამოყვანა და ახალი ფართების შექმნა. საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე ნ.ს–ძის საკუთრებაში არსებული უძრავ ქონების კუთხეში არსებული მინაშენი ხელს უშლის მას საერთო საკუთრების ფართით სარგებლობაში,21.საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
22. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბინათმესაკუთრეთააამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს, ერთი მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებასა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ სამეურნეო სათავსებს (სარდაფები, სხვენები და ა.შ) და, მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას.
24. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის“ მე-4 მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) ამავე კანონის მე-5 მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას).
26. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ამხანაგობის კრების ოქმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, მოხდა საცხოვრებელ კორპუსზე სადავო კუთხეებში არსებული სივრცის ამოყვანა და ამგვარად ახალი ფართების შექმნა. ა.კ–ძის მიერ მოხდა ღია სივრცის ამოშენება/შემინვა, რომელიც მოექცა მისი ინდივიდუალური საკუთრების ქვეშ. შესაბამისად, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სადავო შემინული აივანი წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. ასევე არ დასტურდება სადავო ფართის ნ.ს–ძისა და ა.კ–ძის თანასაკუთრებაში არსებობა.
27. საკასაციო პალატა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
28. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
29. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთანოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის. 31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ს–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ჯ.ქ–ის მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“, 2024 წლის 26 სექტემბერს, N4465 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% - 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
არჩილ კოჭლამაზაშვილი