დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1370-2025
15 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.ე.ჯ–ია“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დამზღვევი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მზღვეველი“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაჰკისრებოდა ზიანის - 27 779,35 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხისათვის 27 236,35 ლარის დაკისრების ნაწილში.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 24 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2019 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის №981 ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“), რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა, ამავე ხელშეკრულების №2 დანართით გათვალისწინებული, სამინისტროს ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებებისათვის სადაზღვევო მომსახურების გაწევის ვალდებულება. მომსახურების გაწევის ვადად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2020 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი, ხოლო მომსახურების გაწევის ადგილად - საქართველოს მთელი ტერიტორია;
6.2. 2020 წლის 28 ოქტომბერს ვანის რაიონის სოფელ .......... გამავალ საავტომობილო გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგადაც დაზიანდა სამინისტროს ბალანსზე არსებული დაზღვეული ავტომობილი „TOYOTA COROLLA“, სახელმწიფო ნომრით ......, გამოშვების წელი - 2019, VIN კოდი: ........ (შემდგომში - „დაზღვეული ავტომობილი“);
6.3. მზღვეველმა უარი განაცხადა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურებაზე;
6.4. დაზიანებული დაზღვეული ავტომობილი შეკეთდა დამზღვევის მიერ, საკუთარი ხარჯით, შესაბამისი მარკის ავტორიზებულ სერვის-ცენტრში - შპს „ტ.ც.თ–აში“.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის მთავარი სადავო საკითხია მოსარჩელის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის მიწოდება მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ათავისუფლებს თუ არა მზღვეველს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
8. სააპელაციო პალატის აღნიშვნით, მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლის მიერ მზღვეველისათვის მიწოდებული ინფორმაცია ავტოავარიის გამომწვევი მიზეზის შესახებ (რქოსან ცხოველთან (ძროხასთან) შეჯახება), არ შეესაბამება სინამდვილეს და გარდა იმისა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად გამორიცხავს მოვლენათა მსგავს განვითარებას და ადგენს, რომ ზიანი გამოწვეული უნდა ყოფილიყო ბლაგვ-მკვრივ საგანთან ურთიერთ-კონტაქტით, საქმეში არსებული დაზღვეული ავტომობილის ფოტო-სურათებზე აღბეჭდილი დაზიანებებიც ლოგიკურად გამორიცხავს ძროხასთან შეჯახებით ასეთი ზიანის დადგომას. გარდა იმისა, რომ ავტომობილს დაზიანებული აქვს წინა მხარე, დაზიანებულია ასევე უკანა, გვერდითა და სავალი ნაწილები, რაც ნაკლებად შესაძლებელია, რომ პირუტყვთან დაჯახებით მომხდარიყო. საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მოსარჩელეს ამ კუთხით კვალიფიციური შედავება არ განუხორციელებია და უფლებამოსილი მძღოლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სისწორის მტკიცება არ მოუხდენია. შესაბამისად, მზღვეველს მიეწოდა არასწორი ინფორმაცია დაზღვეული ავტომობილის შეჯახების ობიექტთან მიმართებით.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების 6.2.1. პუნქტზე, რომლის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია არ განახორციელოს დაზღვევის მომსახურების გაწევა დამზღვევის მიერ ხელშეკრულებით და „დაზღვევის პირობებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას, მათ შორის, სადაზღვევო პრემიის გადაუხდელობისას; ხელშეკრულების 6.3.8. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია შეატყობინოს მიმწოდებელს (მზღვეველს) უტყუარი ინფორმაცია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სადაზღვევო რისკის სახისა და ხარისხის განსაზღვრისათვის. დაზღვევის ხელშეკრულების №1 დანართის (დაზღვევის პირობები) პირველი მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო რისკების ჩამონათვალს, რომელთა ანალიზითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით უდავოდ დგინდება, რომ მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება წარმოეშობოდა როგორც მარტივი, ისე უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევებში, შესაბამისად, სსკ-ის 829-ე მუხლის (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) დანაწესი მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს მხოლოდ განზრახ დამდგარი ზიანის მიმართ.
10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. აქედან გამომდინარე, როგორც კანონით, ისე მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობებით, დადგენილია, რომ დაზღვეულის მიერ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით სწორი ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევას მაშინ აქვს მნიშვნელობა და გავლენა მზღვეველის ვალდებულებებზე, როცა აღნიშნული ინფორმაციის სისწორე გადამწყვეტ როლს თამაშობს სადაზღვევო რისკის განხორციელებულად შეფასებისა და ზიანის ოდენობის დადგენის პროცესში.
11. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დამზღვევის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაცია არ წარმოადგენს იმ ხარისხის დარღვევას, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა ავტოავარიის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციაზე. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სადაზღვევო გამონაკლისს წარმოადგენდა მხოლოდ განზრახ გამოწვეული ზიანი, შესაბამისად, მოპასუხე მზღვეველს, მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაედასტურებინა, რომ სახეზე იყო დაზღვეული ავტომობილის უფლებამოსილი მძღოლის განზრახვა ზიანის დადგომის მიმართ. აღნიშნული დასკვნის გასაკეთებლად არ არის საკმარისი მხოლოდ შეჯახების ობიექტთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის მიწოდება, რამდენადაც იგი ვერ ცვლის შედეგის მიმართ მძღოლის სუბიექტური დამოკიდებულების კვალიფიკაციას. მოპასუხის შედავება, მათ შორის, მის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, კონცენტრირებული იყო შეჯახების ობიექტის დადგენაზე და არ მომხდარა იმ გარემოებათა კვლევა, რაც მძღოლის განზრახვის არსებობის საფუძვლიან ეჭვს გააჩენდა. სააპელაციო ინსტანციაში გამართულ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებიდან და სასამართლოს მხრიდან დასმული შეკითხვებიდან დგინდება, რომ მოპასუხეს არ გამოუკვლევია და შესაბამისად არც მტკიცებულება წარუდგენია, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის თაობაზე, კერძოდ, გამორიცხული იყო თუ არა, რომ დაზღვეულ ავტომობილს იმ ტერიტორიაზე მსგავსი დაზიანებები მიეღო. ასეთი მტკიცების პირობებში, სრულებით გამართული იქნებოდა მზღვეველის პოზიცია, რომ ავტომობილი დაზიანდა სხვა ვითარებაში, მოხდა შემდგომ მისი ტრანსპორტირება და ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამალვა, რაც სადაზღვევო რისკის განხორციელების შეფასებაზე მოახდენდა გავლენას და გააჩენდა საფუძვლიან ეჭვს განზრახვის თაობაზე. მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა, რომ დაზღვეული ავტომობილი იმ კონკრეტულ შემთხვევის ადგილას და ვითარებაში მსგავს დაზიანებებს ვერ მიიღებდა.
12. ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილია შპს „ტ.ც.თ–ას“ ინვოისები და ასევე, შპს „ტ.ც.თ–სა“ და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფლებამოსილ წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი 08/07/2022 წლის მიღება-ჩაბარების №1 აქტი, რომელთა თანახმად, გაწეული მომსახურების საფასურმა შეადგინა 27 236.35 ლარი, საიდანაც 19 802.35 ლარი არის სათადარიგო ნაწილების საფასური, ხოლო 7434 ლარი - ჩასატარებელი სამუშაოებისა.
13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
14. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა მხარეთა შორის შეთანხმებული პირობები. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების N1 დანართის პირველი ნაწილის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა წარმოადგენს ერთ-ერთ დაზღვეულ რისკს. საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 65-ე პუნქტის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არის გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი ნაგებობა ან სხვა ქონება, ხოლო ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.2.1 ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია არ განახორციელოს დაზღვევის მომსახურების გაწევა დამზღვევის მიერ ხელშეკრულებით და „დაზღვევის პირობებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებობისას. ამავე მუხლის 6.3.8 ქვეპუნქტის მიხედვით, შემსყიდველი ვალდებულია შეატყობინოს მიმწოდებელს (მზღვეველს) უტყუარი ინფორმაცია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სადაზღვევო რისკისა და ხარისხის განსაზღვრისთვის, ამასთან აღნიშნულ დათქმას განამტკიცებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 814-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მზღვეველს უფლება აქვს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის დასადგენად. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის გამომწვევ მიზეზად მითითებულ იქნა მძღოლის მიერ დასახელებული გარემოება, კერძოდ, რქოსან პირუტყვთან შეჯახება, ოქმის თანახმად, ავტომობილით მოძრაობისას მძღოლს მოულოდნელად გზა გადმოუჭრა ცხოველმა რა დროსაც შეეჯახა მას, თუმცა პირუტყვს არაფერი დაშავებია და გაიქცა. ამასთან, სადაზღვევო კომპანიის მიერ წარდგენილ იქნა მოცემული შემთხვევის ფარგლებში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ცალსახად გამორიცხავს მოვლენათა მსგავს განვითარებას და ადგენს, რომ ზიანი გამოიწვია ბლაგვ-მკრივ საგანთან ურთიერთკონტაქტმა და არა იმ გარემოებამ, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტრო აპელირებდა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
20. მოცემულ შემთხვევაში, მზღვეველი საკუთარი პასუხისმგებლობის გამომრიცხავ გარემოებად დამზღვევის მიერ არასწორი ინფორმაციის მიწოდებას ასახელებს. კერძოდ, მოპასუხის მითითებით, დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეჯახების ობიექტთან (პირუტყვთან) დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება, რამდენადაც მსგავსი შეჯახების ობიექტი გამოირიცხა საქმის ფარგლებში წარდგენილი მტკიცებულებებით.
21. სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებით (799-858) კანონმდებელი დამზღვევსა და მზღვეველს შორის წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავს მიზნად. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 820-ე-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (იხ. სუსგ საქმე №ას-663-624-2011, 17 თებერვალი 2012 წელი).
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, მზღვეველმა სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დროს დამზღვევის მიმართ საკუთარი ვალდებულებების განსაზღვრისას უნდა იხელმძღვანელოს სადაზღვევო ხელშეკრულების დებულებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1319-1257-2014, 30 ოქტომბერი 2015 წელი).
23. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე (იხ. სუსგ-ები: №ას-535-2020, 5 ოქტომბერი, 2021, პ. 11; №ას-1306-1226-2015, 01.07.2016 წელი).
24. დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო; მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (იხ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ. 85).
25. სსკ-ის 814-ე მუხლით კი მოწესრიგებულია დამზღვევის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შეტყობინების ვალდებულება [სსკ-ის 814-ე მუხლი: 1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე დამზღვევი მოვალეა აცნობოს ამის შესახებ მზღვეველს. 2. მზღვეველს შეუძლია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსთხოვოს დამზღვევს ყოველგვარი ცნობა, რომელიც კი აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის ან მოვალეობის მოცულობის დასადგენად. 3. მზღვეველს არ შეუძლია დაეყრდნოს შეთანხმებას, რომლითაც იგი თავისუფლდება თავისი მოვალეობისაგან, თუ დამზღვევი არ შეასრულებს შეტყობინების მოვალეობას, მაგრამ ამით მზღვეველის ინტერესები არსებითად არ დაირღვევა. 4. მზღვეველმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და საზღაურის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ]. საკასაციო პალატის განმარტებით, აღნიშნული მუხლი ავალდებულებს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გაგებისთანავე შეატყობინოს ამის შესახებ მზღვეველს. თუმცა, დამზღვევის მხრიდან შეტყობინების მოვალეობის შეუსრულებლობა ზიანის ანაზღაურების მოვალეობისაგან მაინც არ ათავისუფლებს მზღვეველს (თუნდაც ეს პირობა მხარეთა შორის ხელშეკრულებით შეთანხმებული იყოს), გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუტყობინებლობით მზღვეველის ინტერესები არსებითად ირღვევა (იხ. სუსგ საქმე №ას-409-382-2017, 19 ივლისი, 2018 წელი).
26. მაშასადამე, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, დამზღვევის მიერ მზღვეველისთვის სადაზღვევო შემთხვევის ობიექტის შესახებ არასწორი ინფორმაციის მიწოდებით არსებითად დაირღვა თუ არა მზღვეველის ინტერესი.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც, როგორც ზიანის ანაზღაურებაზე უარი, ისე - მოპასუხის შესაგებელი, ძირითადად სწორედ დამზღვევის მხრიდან შეჯახების ობიექტთან დაკავშირებით სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებას ემყარება, სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, მზღვეველს ევალება, ამტკიცოს ამ დარღვევის ნეგატიური შედეგები (მზღვეველის ინტერესების არსებითი დარღვევა) და საკუთარი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი ფაქტები(იხ.: სუსგ საქმე №ას-254-2023, 7 ივნისი 2023 წელი).
28. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ დაზღვევის ხელშეკრულების №1 დანართის (დაზღვევის პირობები) პირველი მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო რისკების ჩამონათვალს, რომელთა ანალიზითა და მხარეთა ახსნა-განმარტებით უდავოდ დგინდება, რომ მზღვეველს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულება წარმოეშობოდა როგორც მარტივი, ისე უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევებში, შესაბამისად, სსკ-ის 829-ე მუხლის (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) დანაწესი მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს მხოლოდ განზრახ დამდგარი ზიანის მიმართ. წინამდებარე საქმის ფარგლებში, მზღვეველი ამგვარ საფუძველზე არ მიუთითებდა, არამედ აპელირებდა შეჯახების ობიექტთან დაკავშირებით მიწოდებულ არასწორ ინფორმაციაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა (ხელშეკრულების 6.3.8. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია შეატყობინოს მიმწოდებელს (მზღვეველს) უტყუარი ინფორმაცია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს სადაზღვევო რისკის სახისა და ხარისხის განსაზღვრისათვის) და სსკ-ის 814-ე მუხლის ანალიზის საფუძველზე, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, დამზღვევის მხრიდან (დაზღვეული ავტომობილის მძღოლის მხრიდან) მარტოოდენ შეჯახების ობიექტთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის მიწოდებით არ დასტურდება, რომ მზღვეველის ინტერესები არსებითად დაირღვა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ მხრივ, დასაბუთებული შედავება კასატორს არ წარმოუდგენია, მან ვერ დაასაბუთა, რომ შეჯახების ობიექტთან დაკავშირებით სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაციის მიწოდებით მისი ინტერესები არსებითად დაირღვა. ამასთან, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საქმის მასალებით არ დგინდება სადაზღვევო შემთხვევაში მესამე პირის (სხვა ავტომობილის) მონაწილეობა/ ბრალეულობა, რომელიც სადაზღვევო კომპანიას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას წარმოუშობდა სუბროგაციის პრინციპით ან სხვა ისეთი გარემოება, როგორიცაა სადაზღვევო შემთხვევის გვიან შეტყობინება, სადაზღვევო შემთხვევის ადგილის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდება და სხვა შემთხვევა, რომელიც ზარალის ოდენობის გაანგარიშებაზე იქონიებდა გავლენას.
29. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც წინამდებარე საქმეზე არ დგინდება, რომ დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის სადაზღვევო შემთხვევის ობიექტთან დაკავშირებული არასათანადო ინფორმაციის მიწოდებით არსებითად დაირღვა მზღვეველის ინტერესი, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად უთხრა უარი აპელანტს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, წინამდებარე დავის ფარგლებში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები.
30. რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო საჩივარი არ შეიცავდა შედავებას, თუმცა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ასანაზღაურებელი თანხის ოდენობაც მართლზომიერად განისაზღვრა.
31. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
33. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „ს.კ.ე.ჯ–იას“ (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 5 ნოემბერს №7265888 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 361,8 ლარის 70% – 953,26 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე