დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1408-2025
15 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ ჯინჯოლია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, ლევან ნემსაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ტ.კ–ი“ (სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – გ.ფ–ი, ნ.ფ–ი (არასრულწლოვანი) (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სს „თ.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ფ–ისა (შემდგომში - „მსესხებელი“, „პირველი მოპასუხე“) და ნ.ფ–ის (შემდგომში -„მეორე მოპასუხე“) (შემდგომში ერთად - „მოპასუხეები“) მიმართ თანხის დაკისრებისა და მოპასუხეთა შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 14 თებერვლის საოქმო განჩინებით სს „თ.ბ–ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ტ.კ–ი“ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „კასატორი“).
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მსესხებელს მოსარჩელის სასარგებლოდ N3291501-11732842 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 10 410,59 ლარის გადახდა, საიდანაც, კრედიტის ძირითადი თანხაა - 9 777,56 ლარი, პროცენტი - 510,00 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი, დაზღვევის თანხა - 23,03 ლარი; მსესხებელს ასევე N3291501-11732842 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალის სახით, 24.06.2024 წლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ძირითადი თანხის - 9 777,56 ლარის წლიური 15%-ის გადახდა დაეკისრა, მაგრამ არაუმეტეს 1 466,63 ლარისა; სარჩელი 2024 წლის 16 მაისის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე მსესხებლის მესაკუთრედ ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
5. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა იმ ნაწილში, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. 2021 წლის 7 დეკემბერს, სს „თ.ბ–სა“ და გ.ფ–ს შორის დაიდო N3291501-11732842 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდგომში - „ხელშეკრულება“, „სესხის ხელშეკრულება“). ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის თანხა განისაზღვრა 18 300 ლარით, კრედიტის ვადა - 1 469 დღე, წლიური 15%-ის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ერთჯერადად 20 ლარი, ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას. ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს დავალიანების 0,5%-ს (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%). ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას. ხელშეკრულების 2.22. ქვეპუნქტის თანახმად, სიცოცხლის დაზღვევის წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 0,72%-ს;
7.2. 2024 წლის 16 მაისს მოპასუხეებს შორის დაიდო უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, პირველმა მოპასუხემ მეორე მოპასუხეს გადასცა ქ. თბილისში, ..........., მე-4 სართულზე მდებარე 60,14 კვ.მ. N37 ბინა ს/კ:.......... საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დარეგისტრირდა მეორე მოპასუხის საკუთრების უფლება.
8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში.
9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე.
10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხეები წარმოადგენენ მამა-შვილს. შესაბამისად, ნათესავებს, თუმცა კონკრეტულ შემთხევაში სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მხოლოდ ნათესაური კავშირი არ არის საკმარისი ზემოხსენებული პრეზუმფციის გასავრცელებლად. სს „თ.ბ–სა“ და პირველ მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულება გაფორმდა 2021 წლის 07 დეკემბერს და სესხის დაფარვის გრაფიკის თანახმად, მოვალეს ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა განეხორციელებინა შენატანები. დადგენილია, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულება გაფორმებულია 2024 წლის 16 მაისს და ასევე უდავოდ დგინდება, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის მსესხებელს რაიმე დავალიანება ბანკის მიმართ არ გააჩნდა, გარდა გრაფიკით გათვალისწინებული 1-დღიანი ვადაგადაცილებისა. მსესხებელზე გაცემული იყო სამომხმარებლო ტიპის საბანკო კრედიტი, თუმცა ხელშეკრულებიდან არ ჩანს, რომ ბანკმა სესხის გაცემამდე რაიმე სახით შეისწავლა მსესხებლის ფინანსურ-ქონებრივი მდგომარეობა და ამის შემდეგ გადაწყვიტა მსესხებელზე სესხის გაცემა. ბანკს ჰქონდა შესაძლებლობა მსესხებლისთვის მოეთხოვა სახელშეკრულებო უზრუნველყოფა, რაც მან არ გამოიყენა და ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე გასცა სესხი მოპასუხეზე.
11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსკ-ის 867-ე მუხლზე, განმარტა სესხის ხელშეკრულების თავისებურება და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც პირველ მოპასუხეზე სესხის გაცემა არ იყო დამოკიდებული მის საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობაზე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის მოპასუხეს ბანკის მიმართ რაიმე დავალიანება არ ჰქონდა წარმოშობილი, სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა მისი შეხედულებისამებრ განეკარგა საკუთრებაში არსებული ქონება. მხოლოდ მოპასუხეთა ნათესაურ კავშირზე დაყრდნობით სასამართლო ვერ გამოიყენებს პრეზუმფციას, რომ მსესხებელმა ბოროტად გამოიყენა მისი უფლებამოსილებები, როგორც საკუთარი არასრულწლოვანი შვილის კანონიერმა წარმომადგენელმა და მას მოჩვენებითად გადაუფორმა უძრავი ქონება. ამგვარი პრეზუმფციის დაშვებისათვის აუცილებელია, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლიობა იძლეოდეს იმ ლოგიკური დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სადავო ხელშეკრულებათა გაფორმების მიზანს სწორედ პასუხისმგებლობისთვის თავის არიდება წარმოადგენდა, რასაც განსახილველ შემთხვევაში არ აქვს ადგილი. იმ შემთხვევაში, თუკი სახეზე იქნებოდა სასესხო ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევა, რაც ცალსახად საფრთხეს შეუქმნიდა მოვალის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებას, შესაძლოა სასამართლოს გაევრცელებინა მოპასუხეთა ქმედებების არაკეთილსინდისიერების პრეზუმფცია, თუმცა მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებამდე მოვალე პირნათლად ასრულებდა სასესხო ვალდებულებებს და რაიმე დავალიანება ბანკის მიმართ არ ერიცხებოდა.
12. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა სადავო ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებითობის, კერძოდ, მოპასუხეთა შორის შეთანხმების არსებობისა და ხელშეკრულებათა გაფორმების არაკეთილსინდისიერი მიზნის დადასტურება, რაც მან ვერ განახორციელა. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის საკუთრებაში არსებული სადავო ქონება წარმოადგენდა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი დავალიანების ამოღების ერთადერთ საშუალებას, აპელანტს ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის, ჰქონდა შესაძლებლობა დაეცვა საკუთარი პოზიციები და მოეთხოვა სესხთან ერთად იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაც, თუკი თვლიდა, რომ დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში სხვაგვარად მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნებოდა, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, პირველი მოპასუხის მიერ საკუთრების უფლების რეალიზაციის შედეგად დამდგარი ვითარების რისკის მატარებელიც თავად საკრედიტო დაწესებულებაა. მოსარჩელე მხარეს არ წარუდგენია რაიმე ისეთი პოზიცია, ან მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც მოპასუხეთა კერძო სამართლის სუბიექტთა კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, არ უნდა ეჩუქებინა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკუთარი შვილისთვის.
13. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მსგავს დავებზე სასამართლო პრაქტიკაში არსებული პრეცედენტების შემთხვევაში, სადავო მოჩვენებითი გარიგებების გაფორმება ხდება უკვე წარმოშობილი დავალიანებისა და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით, მოცემულ შემთხვევაში კი, დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის მოვალეს დავალიანება არ გააჩნდა, შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან რელევანტური მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე შეუძლებელია მითითებული პრეზუმფციის დაშვება და მოპასუხეთა არაკეთილსინდისიერი განზრახვების დადგენილად მიჩნევა.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
15. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:
15.1. სასამართლომ მართალია გამოიყენა სსკ-ის 56-ე მუხლი, თუმცა არასწორად განმარტა იგი, ასევე, გადაწყვეტილებაში გამოიყენა უზენაესი სასამართლოს ანალოგიურ საქმეებთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი პრაქტიკა და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეს;
15.2. სასამართლო დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში საკმაოდ მოკლედ შემოიფარგლა და მოთხოვნა არ დააკმაყოფილა უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით (საქმე Nას-117-2024, 14 ნოემბერი 2024 წელი), კერძოდ, სააპელაციო პალატის მითითებით, ვინაიდან არაუზრუნველყოფილი იყო სესხი, მოპასუხეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა მისი შეხედულებისამებრ განეკარგა მის საკუთრებაში არსებული ქონება, ამის გამო, სასამართლომ არც კი გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და ასევე გვერდი აუარა სხვა მნიშვნელოვან გარემოებებს;
15.3. სს „თ.ბ–სა“ და პირველ მოპასუხეს შორის 2021 წლის 7 დეკემბერს დაიდო ხელშეკრულება. მსესხებელი 2024 წლის მარტამდე ყოველთვიურად ახორციელებდა სესხზე სისტემატიურ გადახდებს. პირველმა მოპასუხემ 2024 წლის მარტში დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და ზუსტად ვალდებულების დარღვევის შემდეგ, 2024 წლის 16 მაისს, მეორე მოპასუხესთან გააფორმა ჩუქების ხელშეკრულება. უმნიშვნელოვანესი გარემოება არის ის, რომ მოპასუხემ ქონება გადააფორმა ზუსტად ვალდებულების დარღვევის შემდეგ (რა თქმა უნდა, ვალდებულების დარღვევის პირველივე თვეში სარჩელს ვერ წარადგენდა კომპანია, რამდენადაც სსკ-ის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ ხელშეკრულების გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას) სასამართლო 4.4.3 პუნქტში წერს, რომ მსესხებელს რაიმე დავალიანება ბანკის მიმართ არ გააჩნდა, გარდა გრაფიკით გათვალისწინებული 1-დღიანი ვადაგადაცილებისა, ეს მსჯელობა არ შეესაბმება სინამდვილეს. პირველ მოპასუხეს 2024 წლის მარტში არ შეუტანია გრაფიკით გადასახდელი თანხა, არც 2024 წლის აპრილში და არც 2024 წლის მაისში, ამასთან, თუნდაც 1-დღიან ვადაგადაცილება ჰქონდეს მსესხებელს, ესეც ვალდებულების დარღვევაა და მეორე დღეს, რომ ქონების გასხვისება ხდება ზუსტად იმას ადასტურებს, რომ სურს ვალდებულებისგან თავის არიდება. უმნიშვნელოვანესია ის, რომ მოპასუხეები არიან მამა–შვილი, ეს არის დადასტურებული ფაქტი, სასამართლოც უსვამს ამას ხაზს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში და არც მხარეს გაუხდია სადავოდ. მეორე მოპასუხის მიმართ გაგზავნილი სარჩელი და თანდართული მასალები ჩაიბარა გ.ფ–მა, როგორც მამამ და ეს მტკიცებულებაც დევს საქმეში, ასევე, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებისას თავად პირველი მოპასუხე წარმოადგენდა მეორე მოპასუხეს. ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ მეორე მოპასუხე არის არასრულწლოვანი, რომლის კანონიერი წარმომადგენელიც არის მსესხებელი, შესაბამისად, მჩუქებლისა და დასაჩუქრებულის სახელით მოქმედებდა ერთი და იგივე პიროვნება - პირველი მოპასუხე. ქონება რომელიც გასხვისდა წარმოადგენს მსესხებლის საცხოვრებელ სახლს, რომელსაც იგი დღემდე განკარგავს, მოჩვენებითი გარიგების სამართლებრივი შინაარსი კი სწორედ ისაა, რომ ქონება სხვისდება ფორმალურად, მაგრამ მას რეალური იურიდიული შედეგი არ მოყვება;
15.4. სესხის აღებისას მსესხებელი დასაქმებული იყო და მისი ანაზღაურება შეადგენდა - 1, 372.00 ლარს, შესაბამისად, გაუგებარია რატომ უნდა მოეთხოვა ბანკს სახელშეკრულებო უზრუნველყოფა, როცა მსესხებელს კარგი შემოსავლები და საკრედიტო ისტორია ჰქონდა. ზოგადად, კრედიტორს ყოველთვის აქვს ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მოლოდინი და შეუძლებელია წინასწარ გათვლა მსესხებელი შემოსავალს დაკარგავს თუ არა. ასეთი მიდგომით, ბანკმა მსესხებელზე სესხი არ უნდა გასცეს თუ მას უძრავ/მოძრავი ქონება არ აქვს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გათვალისწინებული ბერკეტები ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუკი მოვალეს გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება, ხელფასი და სხვა. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხის, მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული, შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში დარჩება აღუსრულებელი, ბანკი ვეღარ დაიბრუნებს გაცემულ თანხას და ასეთი წახალისება სასამართლოს მხრიდან მნიშვნელოვნად დააზიანებს საფინანსო სისტემის სტაბილურობას.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
22. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ: სუსგ საქმე №ას-1298-2018; 22 მარტი 2019 წელი; №ას-1329-2018, 22 თებერვალი წელი; №ას-1610-2019, 7 თებერვალი 2020 წელი).
23. წინამდებარე დავის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, მოპასუხეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება არის თუ არა მოჩვენებითი გარიგება.
24. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. 55-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
25. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). „დასახელებული ნორმის აღწერილობითი ნაწილი იძლევა მოჩვენებითი გარიგების იურიდიულ დეფინიციას და ნორმით გათვალისწინებული შედეგის მიმართ გადამწყვეტია მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა ნამდვილი ნება, ანუ მათ არ უნდა სურდეთ იმ სამართლებრივი შედეგის მიღწევა, რასაც გარიგება ითვალისწინებს, არამედ ამ გარიგების დადება ემსახურება სხვა, მათ შორის, მესამე პირის მიმართ ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდებას. თავის მხრივ, მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, ყოველთვის შეესაბამება ამ ტიპის გარიგების დადებისათვის კანონით დადგენილ წესსა და პირობებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახეზე გვექნებოდა ამავე კოდექსის ზოგადი თუ კერძო ნაწილით განსაზღვრული გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლები“ (იხ. სუსგ №ას-296-283-2015, 2015 წლის 4 ივნისი).
26. მოჩვენებითია გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი გარეგნულად კი გამოხატავენ ნებას, იქცევიან ისე, თითქოს ნამდვილად სურდეთ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეში კი არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე (ლ. ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2011, გვ. 361).
27. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მოჩვენებით გარიგებას ორი ძირითადი ნიშანი ახასიათებს: პირველი, ის დადებულია მოსაჩვენებლად და, მეორე, მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა. სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს (სუსგ №ას-976-908-2017, 22 იანვარი 2018 წელი; №ას-366-2019, 17 მაისი 2019 წელი; №ას-603-562-2017, 10 ივლისი 2019 წელი; №ას-1483-2020, 19 მარტი 2021 წელი).
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთი მოჩვენებითი გარიგებების შემთხვევაში აწევს იმ პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას. თუნდაც, მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება (იხ. სუსგ №ას-1439-1357-2012, 1 ივლისი 2013 წელი; №ას-862-812-2015, 11 ნოემბერი 2015 წელი).
29. განსახილველ შემთხვევაში, ასეთი სახის მტკიცების ტვირთი სწორედ მოსარჩელეზე იყო, რომელმაც გარიგების ბათილობის საფუძვლად მხარეთა არაკეთილსინდისიერებასა და მოჩვენებითი გარიგების არსებობაზე მიუთითა იმ მიზეზით, რომ გარიგების მხარეები წარმოადგენდნენ ოჯახის წევრებს, მამა-შვილს და ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების მიზანი სასესხო ვალდებულებისათვის თავის არიდება იყო.
30. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი უთითებს ოჯახის წევრებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თავისებურებაზე და მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკით (სუსგ-ები №ას-1347-1272-2012, 2013 წლის 1 ივლისი, №ას-1439-1357-2012, 2013 წლის 1 თებერვალი), იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ოჯახის წევრებს (მაგალითად, მამა-შვილს, დედა-შვილს შორის) ან სხვა ნათესავებს შორის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოჯახის წევრებისათვის/ ნათესავებისთვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე, და, ასევე, მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული პრაქტიკა არ არის რელევანტური, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2021 წლის 7 დეკემბერს, სს „თ.ბ–სა“ და პირველ მოპასუხე შორის დაიდო N3291501-11732842 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ხოლო ჩუქების ხელშეკრულება მოპასუხეებს შორის გაფორმდა 2024 წლის 16 მაისს, სესხის გაფორმებიდან 2 წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ მსესხებელი ნაკისრ ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა და სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის მსესხებელს რაიმე დავალიანება ბანკის მიმართ არ გააჩნდა, გარდა გრაფიკით გათვალისწინებული 1-დღიანი ვადაგადაცილებისა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. ამრიგად, მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენს იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც მოჩვენებითი გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. თუმცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიცავს გარიგების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისათვის კანონით გათვალისწინებულ წინაპირობებს, ანუ ნორმის შემადგენელ ელემენტებს. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ არ დადგინდა რომ სადავო გარიგებების მხარეები უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის დროისათვის მოქმედებდნენ შეთანხმებულად და მათ მიზანს არ წარმოადგენდა გარიგებების დადება. მართალია, დადგენილია, რომ მოპასუხეები ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები არიან, თუმცა მხოლოდ ნათესაური კავშირი არ არის საკმარისი ზემოხსენებული პრეზუმფციის გასავრცელებლად.
31. პირველი და მეორე მოპასუხეების ნათესაური კავშირი ერთ-ერთი ელემენტია სადავო გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის, თუმცა - არასაკმარისი (შეადრ. სუსგ Nას-366-2023, 25 მაისი 2023 წელი). კასატორის პრეტენზია, რომ გამჩუქებელი ისევ იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც მეორე მოპასუხეს აჩუქა, გაზიარებული ვერ იქნება, რადგან გამჩუქებელი და დასაჩუქრებული მამა-შვილი არიან და, ბუნებრივია, ისინი ერთად ცხოვრობენ.
32. გასაზიარებელია ასევე სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სადავო საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან არ ჩანს, რომ ბანკმა სესხის გაცემამდე რაიმე სახით შეისწავლა მსესხებლის ფინანსურ-ქონებრივი მდგომარეობა და ამის შემდეგ გადაწყვიტა მასზე სესხის გაცემა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, მოსარჩელეს ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის, ჰქონდა შესაძლებლობა დაეცვა საკუთარი პოზიციები და მოეთხოვა სესხთან ერთად იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაც, თუკი თვლიდა, რომ დავალიანების წარმოშობის შემთხვევაში სხვაგვარად მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნებოდა, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, მოპასუხეების მიერ საკუთრების უფლების რეალიზაციის შედეგად დამდგარი ვითარების რისკის მატარებელიც თავად საკრედიტო დაწესებულებაა. ამავდროულად, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ისეთი პოზიცია, ან მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ არსებობდა რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც მოპასუხეს - კერძო სამართლის სუბიექტთა კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, არ შეეძლოთ გაესხვისებინა უძრავი ქონება შვილზე თუ სხვა ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავებზე (იხ. სუსგ საქმე Nას-1454-2024, 5 მარტი 2025 წელი). ამდენად, კასატორი ვერ სთავაზობს სასამართლოს მოვლენათა განვითარების იმგვარ ჯაჭვს, რაც სადავო გარიგების ნამდვილობას საეჭვოს გახდიდა.
33. ერთ-ერთ საქმეზე, სადაც გამოვლინდა პირთა ნათესაური კავშირი, საკასაციო სასამართლომ სწორედ სსკ-ის 56.1-ე მუხლის საფუძველზე პრეზუმირებულად მიიჩნია მხარეთა (პაპისა და შვილიშვილის) საერთო მიზნით მოქმედება, რადგან ასეთ დროს ივარაუდება, რომ ერთი ოჯახის წევრებს ერთმანეთის განზრახვის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა, ამ შემთხვევაში ნათესაური კავშირი მხოლოდ ერთ-ერთი ელემენტია, რადგან ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული წინაპირობაა გადამწყვეტი, რომ ფიქტიურად გაფორმებული ხელშეკრულებას არ მოჰყოლია ის სამართლებრივი შედეგი, რაც უნდა დამდგარიყო (იხ. სუსგ-ები: Nას-366-2023, 25.05.2023წ; N ას-1257-2022, 23.06.2023წ; N ას-136-2021, 05.04.2022წ; N ას-1314-2020, 22.02.2022წ).
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გარიგების ბათილად ცნობის საფუძვლებში სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია დასაბუთების სტანდარტი, რის გამოც არ არსებობს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.
35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
36. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ტ.კ–ის“ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ტ.კ–ს“ (ს/ნ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2025 წლის 19 ნოემბერს №1763550790 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მიხეილ ჯინჯოლია
მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი
ლევან ნემსაძე