დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 19.03.2026
საქმის ნომერი
ას-1296-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1296-2025

19 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან ნემსაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),არჩილ კოჭლამაზაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ვ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.კ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ.ვ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ.კ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „აპელანტი“) მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2019 წლის 18 აპრილს დადებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, …….., ფართი 65,52 კვ.მ, ს.კ. ……… (შემდგომში - „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ქონება“), ნასყიდობის ხელშეკრულება და დადგინდა აღნიშნული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში მოსარჩელის სახელზე დარეგისტრირება. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 6.1. სს „ს.ბ–სა“ და მოსარჩელეს შორის 2018 წლის 06 ნოემბერს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეზე სესხის სახით გაიცა 39 400 ლარი, 120 თვის ვადით, წლიური 30%-ით, რომლის გადახდაც უნდა განხორციელებულიყო გრაფიკით დადგენილი წესით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა სადავო უძრავი ქონება;

6.2. მოსარჩელესა (გამყიდველი) და მოპასუხეს (მყიდველი) შორის 2019 წლის 18 აპრილს გაფორმდა სადავო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის ხელშეკრულებით ბინის ნასყიდობის საფასური განისაზღვრა 25 000 აშშ დოლარით, რაც მყიდველს გადახდილი აქვს გამყიდველისთვის;

6.3. 2019 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით, მოსარჩელის დავალიანება სს „ს.ბ–ის” მიმართ შეადგენდა 41 218,72 ლარს;

6.4. ლალი გოგინაშვილმა (მოპასუხის შვილმა) 2019 წლის 21 ნოემბერს უნაღდო ანგარიშსწორების გზით მოსარჩელეს გადაურიცხა 41 300 ლარი, რითაც ამ უკანასკნელმა იმავე დღეს დაფარა სს „ს.ბ–ის“ წინაშე არსებული დავალიანება;

6.5. სს „ს.ბ–მა” 2020 წლის 26 თებერვალს მოსარჩელის სესხიდან გამომდინარე გამოხატა თანხმობა სადავო უძრავ ქონებაზე იპოთეკის გაუქმების შესახებ;

6.6. სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 131 194 ლარს;

6.7. მოსარჩელე ოჯახთან ერთად ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში;

6.8. მოპასუხემ სარჩელებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ერთ შემთხვევაში მოითხოვა - მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან მოპასუხის კუთვნილი სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა; ხოლო, მეორე სარჩელით მოითხოვა - მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად 500 ლარის გადახდის დაკისრება, 2019 წლის 19 აპრილიდან მოპასუხისათვის სადავო უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემამდე;

6.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.10.2022წ. გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული სადავო უძრავი ქონება და დადგინდა აღნიშნული ქონების მოპასუხისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა. გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 15.03.2023წ. განჩინებით;

6.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.09.2023წ. გადაწყვეტილებით მოპასუხის სარჩელი მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა, 2019 წლის 19 აპრილიდან მოპასუხისათვის სადავო უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემამდე.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაცია სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ემყარება რამდენიმე არგუმენტს, კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ აშკარა შეუსაბამობაა უძრავი ქონების ღირებულებასა და ნასყიდობის საფასურს შორის და, ამასთან, მოსარჩელე მისი ოჯახით დღემდე ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ირგვლივ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არასრულყოფილად გამოიკვლია მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები.

8. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასა და ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ნასყიდობის საფასურს შორის შეუსაბამობასთან მიმართებით სააპელაციო პალატამ მიუთითა საკასაციო სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, მხოლოდ ხსენებული არგუმენტი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას გარიგების ბათილობის საფუძვლად. ამასთან, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული მოცემულობა სახეზე არც არის. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მყიდველმა 18.04.2019 წელს შეიძინა უფლებრივად ნაკლიანი ქონება, კერძოდ, უძრავი ქონება იპოთეკით იყო დატვირთული სს „ს.ბ–ის“ სასარგებლოდ, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტორულ შეფასებაში არ არის გათვალისწინებული. აუდიტორული დასკვნა გაცემულია 2022 წლის 05 აგვისტოს, მაშინ, როდესაც სადავო უძრავ ქონებას იპოთეკა უკვე მოხსნილი ჰქონდა და ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან გასული იყო სამ წელზე მეტი ვადა. სააპელაციო პალატის განმარტებით, უფლებრივი ნაკლი ქონების საბაზრო ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს, ხოლო წარდგენილი აუდიტორული დასკვნით არ მომხდარა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის არსებული მდგომარეობით. ასეც რომ არ იყოს, აუდიტორული დასკვნით ქონება შეფასებულია 131 194 ლარად, რაც დასკვნის გაცემის დღეს არსებული ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსის შესაბამისად შეადგენს 48 155 აშშ დოლარს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეს სადავო უძრავი ქონების სანაცვლოდ გადახდილი აქვს 25 000 აშშ დოლარი, ხოლო მის შვილს ქონების იპოთეკისგან გასათავისუფლებლად 41 300 ლარი, რაც გადახდის დღეს არსებული ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით, დაახლოებით 14 000 აშშ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, დგინდება, რომ მოპასუხეს ჯამში უძრავ ქონებაში მოსარჩელისათვის გადახდილი აქვს 39 000 აშშ დოლარი. ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნა აფასებს ქონების ღირებულებას არა სადავო ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის, არამედ სამ წელზე მეტი ვადის გასვლის შემდგომ არსებული მდგომარეობით და, ამასთან, მხედველობაში არ იღებს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისთვის არსებულ უძრავი ქონების უფლებრივ ნაკლს, ნასყიდობის საფასურად თუნდაც 25 000 აშშ დოლარის პირობებში, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება შესრულებასა და საპასუხო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობის თაობაზე, რასაც შესაძლოა სასამართლოსთვის გარიგების თვალთმაქცურობის თაობაზე შინაგანი რწმენა შეექმნა.

9. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ 18.04.2019წ. „სესხის“ ხელშეკრულების გაფორმების მიზანს წარმოადგენდა სს „ს.ბ–ის“ წინაშე არსებული დავალიანების დაფარვა, ვინაიდან, საქმის მასალებიდან ცალსახად დგინდება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2019 წლის აპრილში და ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მყიდველს თანხის გადახდის ვალდებულება შესრულებული აქვს, ხოლო სს „ს.ბ–ის“ წინაშე დავალიანება დაიფარა 2019 წლის 21 ნოემბერს, მოპასუხის შვილისგან დამატებით 41 300 ლარის მიღების შემდეგ. შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებასა და ბანკის დავალიანების დაფარვას შორის იმდენად დიდი პერიოდია (07 თვე), რომ არ არის გასაზიარებელი მათ შორის რაიმე კავშირის არსებობა და მოსარჩელის მტკიცება, რომ ნასყიდობის თვალთმაქცური გარიგების გაფორმების მიზანს ბანკის დავალიანების დაფარვა წარმოადგენდა.

10. რაც შეეხება მოსარჩელისა და მისი ოჯახის სადავო ბინაში ცხოვრების ფაქტს, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თვალთმაქცური გარიგებების შეფასებისას ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, ის მოცემულობა, რომ გამყიდველი უსასყიდლოდ კვლავ აგრძელებს ნასყიდობის ობიექტით სარგებლობას და აღნიშნულს არ ეწინააღმდეგება მყიდველი, ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს იმ ფაქტის ინდიკატორს, რომ სახეზეა თვალთმაქცური გარიგება, ვინაიდან გამყიდველს არ შეუსრულებია ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ძირითადი ვალდებულება - ნივთის გადაცემა, ხოლო მყიდველი ამ ფაქტის მიმართ ინდიფერენტულია, მიუხედავად იმისა, რომ გადახდილი აქვს შეთანხმებული საზღაური, რაც ალოგიკურია. მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს არ შეუფასებია ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ მოპასუხე მყიდველი სასამართლოში სარჩელების წარდგენის გზით ცდილობს დარღვეული უფლების აღდგენას, კერძოდ, ნასყიდობის ობიექტის მფლობელობაში მიღებას და მისი საკუთრებით უკანონოდ სარგებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. შესაბამისად, დგინდება, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის სადავო ბინაში ცხოვრების ფაქტი ადასტურებს არა ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურობას, არამედ მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას და კონტრაჰენტის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. მოპასუხემ სარჩელების წარგდენის გზით დაადასტურა, რომ ითხოვს 18.04.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამყიდველის ვალდებულების შესრულებას და უძრავი ქონების მფლობელობაში გადაცემას, რაც გამორიცხავს აბზაცის დასაწყისში მოცემული მსჯელობის მისადაგებას წინამდებარე დავისთვის. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაზიარებული მოსარჩელის არგუმენტი, რომ იგი დღემდე ფლობს სადავო უძრავ ქონებას, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ვერ გამოდგება.

11. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56.2 მუხლით და ზემოაღნიშულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ შეძლო დაედასტურებინა 18.04.2019წ. ნასყიდობის ხელშეკრულებაში გამოვლენილი ნების ნაკლი და აღნიშნული გარიგების თვალთმაქცურობა. შესაბამისად, სახეზეა ნამდვილი ნასყიდობის ხელშეკრულება და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია. წინამდებარე საქმეში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მხარეთა შორის 18.04.2019წ. დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების მართლზომიერება. კერძოდ, ის გარემოება წარმოადგენს თუ არა აღნიშნული ხელშეკრულება თვალთმაქცურ გარიგებას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების ფაქტობრივ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება). დასახელებული სამართლებრივი ნორმის მიხედვით, გარიგების მოჩვენებით ხასიათს განაპირობებს მხარეთა განზრახვა, გარიგების დადებით მიაღწიონ მიზანს, რომელიც არ შეესაბამება ამ გარიგების შინაარსიდან გამომდინარე იურიდიულ შედეგს. მოჩვენებითი გარიგების დროს ორივე მხარე მოქმედებს საერთო მიზნით და ურთიერთშეთანხმებით, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა. მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. რაც შეეხება თვალთმაქცურ გარიგებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება - ერთი თვალთმაქცური და მეორე, რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები/მხარე ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ (იხ. სუსგ საქმე Nას-1142-1088-2014, 23 იანვარი, 2015 წელი). თვალთმაქცური გარიგების დროს უნდა დადასტურდეს გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ სხვა გარიგების დადების სურვილზე და ამ დაფარული გარიგებისთვის აუცილებელი ყველა წინაპირობის არსებობაზე. ამ შემთხვევაში გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (იხ. სუსგ საქმე Nას-1043-2019, 17 ოქტომბერი, 2019 წელი). ამიტომ დაფარული გარიგების ნამდვილობისათვის არ კმარა მხოლოდ მოჩვენებითი გარიგების ბათილობა. დაფარული გარიგება უნდა იყოს მართლზომიერი და ამ საფუძვლით ნამდვილი (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებები, თბილისი, 2017, 56-ე მუხლის კომენტარი, გვ. 331). საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით. სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი). სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი „affirmanti, non negati, incumbit probatio“ - „მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს“. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სწორედ მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენდა იმ ფაქტობრივი შემადგენლობის დადასტურება, რაც თვალთმაქცური გარიგების ყველა წინაპირობას მოიცავს. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის საფუძველზე გარიგების მოჩვენებითად (მოცემულ შემთხვევაში თვალთმაქცურად) მიჩნევისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმგვარ ფაქტებს, რომელთა ერთობლივი ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს გარიგების ნამდვილობას. აღნიშნული განპირობებულია, ჯერ ერთი, იმით, რომ გარიგების მოჩვენებითობისას (თვალთამაქცურობისას) კონტრაჰენტთა გარეგნულად გამოვლენილი ნება ყოველთვის არსებობს (თუმცა ის კანონის მოთხოვნებს მხოლოდ ფორმალურად შეესაბამება, ნების ნამდვილობა კი ვლინდება არა მხოლოდ მისი გარეგანი, არამედ შინაგანი გამოხატვისასაც), მეორეც, იმით, რომ მსგავს შინაგან პროცესებთან (განზრახვასთან, მოტივთან) დაკავშირებით ვერ იქნება წარდგენილი პირდაპირი მტკიცებულებები მესამე პირის (კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის) მხრიდან. სასამართლოს შეუძლია, გარეგანი პირობებისა და განსაზღვრული ქცევების საფუძველზე დაასკვნას, განზრახვისა თუ გარკვეული ქმედების მოტივის შესახებ. შესაბამისად, შინაგან ფაქტორებთან დაკავშირებით, საკმარისია ის არაპირდაპირი ფაქტები, საიდანაც უნდა გამომდინარეობდეს სხვა პირის შინაგანი სურვილი ან ნების ფორმირება (იხ. სუსგ საქმე Nას-1021-982-2016, 17 მაისი, 2018 წელი). წინამდებარე საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და იმ გარემოების დადასტურება, რომ მხარეთა შორის 18.04.2019 წელს დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას. კერძოდ, მან ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, რომ აღნიშნული გარიგება დაიდო მხოლოდ მოსაჩვენებლად და მხარეთა ნამდვილ ნებას სხვა გარიგების დაფარვა წარმოადგენდა. ამ მსჯელობას იზიარებს საკასაციო სასამართლოც (დეტ. იხ. წინამდებარე განჩინების მე-8-10 პუნქტები), ხოლო კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია. მისი საკასაციო საჩივარი არის ზოგადი და დაუსაბუთებელი და არ შეიცავს კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 06 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის 30% - 1 800 ლარის გადახდა. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ვ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. თ.ვ–ს (პ.ნ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოს 2025 წლის 06 ნოემბრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 6 000 ლარის 30%-ის - 1 800 ლარის გადახდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლევან ნემსაძე

მოსამართლეები: არჩილ კოჭლამაზაშვილი

მიხეილ ჯინჯოლია