დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 10.12.2025
საქმის ნომერი
ას-1330-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
10.12.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

10 დეკემბერი 2025 წელი №ას-1330-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „ქ.ვ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შ.პ.ს. „ქ.ვ“-ის მიმართ 21746.5 ლარის ანაზღაურების და, 2019 წლის 1-ელი თებერვლიდან, მიუღებელი სარგებლის სახით, 21746.5 ლარის წლიური 10.7%-ის (გადაწყვეტილების აღსრულებამდე) დაკისრების შესახებ.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით:

5.1. 2018 წლის 05 აპრილს მოსარჩელესა (შემსყიდველი) და მოპასუხეს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის №1/199 ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების (სედანი, ჯიპი, მიკროავტობუსი) რეცხვის მომსახურება, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მიმწოდებლის მიერ დამზადებული შესაბამისი მომსახურების დამადასტურებელი საბუთის (ტალონი) მეშვეობით. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 49 300 ლარს, მოქმედების ვადად 14.1 პუნქტით განისაზღვრა მისი ხელმოწერის თარიღიდან 2019 წლის 31 იანვრამდე პერიოდი. ხელშეკრულების 7.1.1 და 7.2.1. პუნქტების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიეწოდებინა შემსყიდველისათვის სრულყოფილი და დროული მომსახურება; შემსყიდველი ვალდებული იყო, უზრუნველეყო მიმწოდებლის დროული და სრული დაფინანსება.

5.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილია მიწოდებული 4982 ტალონის საფასური - 46 374 ლარი (კერძოდ, მოსარჩელემ შეიძინა შემდეგი რაოდენობისა და სახეობის ტალონები: 2018 წლის 18 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიწოდებული ტალონების შესაბამისი მომსახურების საერთო ღირებულება ჯამურად შეადგენს - 5692.5 ლარს; 2018 წლის 4 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიწოდებული ტალონების შესაბამისი მომსახურების საერთო ღირებულება ჯამურად შეადგენს - 5365 ლარს; 2018 წლის 2 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიწოდებული ტალონების შესაბამისი მომსახურების საერთო ღირებულება ჯამურად შეადგენს - 5365 ლარს; 2018 წლის 31 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიწოდებული ტალონების შესაბამისი მომსახურების საერთო ღირებულება ჯამურად შეადგენს -5365 ლარს; 2018 წლის 31 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიწოდებული ტალონების შესაბამისი მომსახურების საერთო ღირებულება ჯამურად შეადგენს -5365 ლარს; 2018 წლის 01 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიწოდებული ტალონების შესაბამისი მომსახურების საერთო ღირებულება ჯამურად შეადგენს - 7367.5 ლარს; 2018 წლის 01 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიწოდებული ტალონების შესაბამისი მომსახურების საერთო ღირებულება ჯამურად შეადგენს - 7367.5 ლარს; 2018 წლის 04 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მიწოდებული ტალონების შესაბამისი მომსახურების საერთო ღირებულება ჯამურად შეადგენს - 4486.5 ლარს).

5.3. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში გაწეულია გადაცემული 2388 ტალონის შესაბამისი - 24 627.5 ლარის ღირებულების მომსახურება. 2018 წლის 18 აპრილის, 2018 წლის 04 ივნისის, 2018 წლის 02 ივლისის, 2018 წლის 31 ივლისის, 2018 წლის 31 აგვისტოს, 2018 წლის 01 ოქტომბრის, 2018 წლის 01 ნოემბრისა და 2018 წლის 04 დეკემბრის ინსპექტირების ჯგუფის დასკვნებისა და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ გაწეული მომსახურება შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

5.4. სატრანსპორტო საშუალებათა უზრუნველყოფის განყოფილების მოვალეობის შემსრულებლის 2019 წლის 14 მარტის მოხსენებითი ბარათის თანახმად, მოსარჩელეს გამოუყენებელი დარჩა ჯამურად 2594 ტალონი, საერთო ღირებულებით - 21 746.5 ლარი. მოსარჩელემ 2019 წლის 22 მარტს, 28 მარტსა და 08 აპრილს, წერილით მიმართა მოპასუხეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში გამოუყენებელი 2594 ტალონის შესაბამისი ღირებულების - 21746.5 ლარის დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა. მოპასუხემ უარი განაცხადა მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში გამოუყენებელი 2594 ტალონის შესაბამისი ღირებულების - 21746.5 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნებაზე.

5.5. სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და ამავე კოდექსის 327.1 (ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ) მუხლები.

5.6. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 05 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვის №1/199 ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტია მოსარჩელის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების (სედანი, ჯიპი, მიკროავტობუსი) რეცხვით მომსახურება, (ხელშეკრულების დანართი №1-ში მოცემული რაოდენობის, ღირებულებისა და ვადების შესაბამისად, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს), რომელიც უნდა განხორციელდეს შემდეგი პირობების დაცვით: რეცხვის მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ დამზადებული შესაბამისი მომსახურების დამადასტურებელი საბუთის (ტალონი) მეშვეობით. ამავე პუნქტის თანახმად: ტალონი - ეს არის მიმწოდებლის მიერ დაბეჭდილი ბარათი, რომელიც განკუთვნილია შემსყიდველთათვის და ადასტურებს მის უფლებას შესაბამის ავტოსამრეცხაოში მიიღოს ავტომანქანის რეცხვის მომსახურება.

5.7. ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ტალონების მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო რეცხვის მომსახურების გაწევა - ტალონების წარდგენისთანავე, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების N 1 დანართის მიხედვით, მომსახურების გაწევის ვადად ასევე განისაზღვრა აღნიშნული პერიოდი. ამდენად, ტალონი წარმოადგენდა შესაბამის ავტოსამრეცხაოში რეცხვის მომსახურების მიღების უფლების დამადასტურებელ ტექნიკურ ბარათს. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ იგი არ შეიძლება განხილულიყო ტალონის წარმდგენი პირის მიერ დამოუკიდებელი გარიგების დადების მიზნით გამოვლენილ ნებად, სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მნიშვნელობით.

5.8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მომსახურების გაწევის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2019 წლის 31 იანვრამდე. ამდენად, მხარეთა შორის 2018 წლის 05 აპრილს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედებისა და მომსახურების გაწევის ვადები ამოწურულია, რაც ასევე უსაფუძვლოს ხდიდა წარმოდგენილ სარჩელს.

5.9. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ რეცხვითი მომსახურების გაწევის ვადა თითოეული ტალონის წარდგენიდან დამოუკიდებლად განისაზღვრებოდა.

5.10. გარდა აღნიშნულისა, პალატამ დამატებით მიუთითა, რომ ინსპექტირების ჯგუფის დასკვნების თანახმად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ გაწეული მომსახურება და შესრულების ვადები შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო აპელანტის მტკიცება, რომ ნაშთად დარჩენილი 2594 ტალონის შესაბამისი ანაზღაურების - 21 746.5 ლარის მიღებით, მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

5.11. ვინაიდან არ დაკმაყოფილდა აღნიშნული მოთხოვნა, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი სარგებლის სახით, 21746.5 ლარის წლიური 10.7 %-ის (გადაწყვეტილების აღსრულებამდე) მოპასუხისათვის დაკისრებაც უსაფუძვლო იყო და მართებულად იქნა უარყოფილი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება. საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზიები დაეფუძნა შემდეგს:

6.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს უნდა ეხელმძღვანელათ უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმებით, ვინაიდან დავის ფაქტობრივი გარემოებები სწორედ ამ სამართლებრივ საფუძველზე მიუთითებდა.

6.2. კასატორი მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, თავისი ბუნებით, წარმოადგენდა გენერალურ ხელშეკრულებას, ე.წ „განზრახულობათა ოქმს“ და, მის საფუძველზე მომსახურების მიღების მიზნით თითოეული ტალონის გამოყენება, ცალკე სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოშობდა.

6.3. კასატორის განმარტებით, ტალონი არ იყო მხოლოდ ტექნიკური ბარათი, არამედ წარმოადგენდა იმ საშუალებას, რომლის მეშვეობითაც, შემსყიდველი კონკრეტულ სატრანსპორტო საშუალებაზე იღებდა რეცხვის მომსახურებას.

6.4. კასატორის პოზიციით, ვინაიდან ნაშთად დარჩენილი ტალონები არ გამოყენებულა და მათ შესაბამის მომსახურებას შემოსავლების სამსახური ვერ იღებდა ხელშეკრულების ვადის ამოწურვის გამო, მოპასუხემ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეინარჩუნა ამ ტალონების ღირებულება - 21 746.5 ლარი.

6.5. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების დასადგენად გადამწყვეტი არ არის, თუ ვისმა მოქმედებამ გამოიწვია ასეთი შედეგი, არ აქვს მნიშვნელობა მხარეთა ბრალს, კეთილსინდისიერებას ან მოქმედების მართლზომიერებასაც.

6.6. კასატორის მტკიცებით, რადგან წინასწარ გადახდილი თანხის შესაბამისი მომსახურება არ შესრულებულა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს როგორც ძირითადი თანხის დაბრუნება, ისე ამ თანხით მიღებული სარგებლის ანაზღაურება. კასატორი მიუთითებს, რომ ფულადი სახსრები თავისი ბუნებით იძლევა ეკონომიკური სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რის გამოც, მოპასუხეს უნდა დაეკისროს თანხის გამოყენებისათვის შესაბამისი პროცენტი, რომელიც 2019 წლის თებერვლის მდგომარეობით არსებული საბაზრო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად, წლიურ 10.7%-ს შეადგენდა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატის შეფასებით, კასატორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგოდ ვერ წარადგინა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა, გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2018 წლის 05 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის ობიექტს წარმოადგენდა მოსარჩელის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის მომსახურება, რომელიც უნდა განხორციელებულიყო მიმწოდებლის მიერ დამზადებული შესაბამისი მომსახურების დამადასტურებელი საბუთის (ტალონის) მეშვეობით. შემსყიდველმა მიმწოდებელს გადაუხადა 4982 ტალონის საფასური - 46 374 ლარი. ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურება ნაწილობრივ იქნა გაწეული და მიღებული, ხოლო ნაშთად დარჩა ჯამურად 2594 გამოუყენებელი ტალონი, საერთო ღირებულებით 21 746.5 ლარი, რომელთა შესაბამისი მომსახურება ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით არ იქნა მიღებული. მიმწოდებელმა უარი განაცხადა შემსყიდველისათვის გამოუყენებელი ტალონების ღირებულების დაბრუნებაზე. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია, წარმოშობს თუ არა გამოუყენებელი ტალონების არსებობა მოპასუხისათვის მათი ღირებულების დაბრუნების ვალდებულებას უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლით.

11. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა თავისი სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით მოწესრიგებულ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობას. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ძირითადი თავისებურებაა ის, რომ შემკვეთი საკუთრების უფლებას იძენს შესრულებული სამუშაოს პროდუქტზე, რისთვისაც იხდის კონკრეტულ საზღაურს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-866-808-2017, 17.10.2017წ.). ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე ურთიერთმოვალეები (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-856-800-2017, 20.10.2017წ.).

შესაბამისად, სინალაგმატური ხელშეკრულება გულისხმობს მხარეთა ურთიერთდამოკიდებულ ვალდებულებებს, სადაც თითოეული მხარის შესრულება წარმოადგენს მეორე მხარის ვალდებულების სამართლებრივ საფუძველს. ნარდობის სინალაგმატური ბუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინამდებარე დავაში, ვინაიდან სწორედ ამ ბუნებიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის რისკის განაწილების საკითხი, რაც არსებითია კასატორის ძირითადი პრეტენზიის შეფასებისთვის.

12. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება წარმოადგენდა მხოლოდ განზრახულობათა ოქმს. განზრახულობათა ოქმი, სამართლებრივი დოქტრინის მიხედვით, გამოიყენება მაშინ, როდესაც მხარეები ჯერ კიდევ მოლაპარაკების სტადიაზე იმყოფებიან და მათ შორის ხელშეკრულების არსებით პირობებზე საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.

მოცემულ შემთხვევაში კი, სახეზეა საპირისპირო ვითარება, მხარეებმა სრულად მიაღწიეს შეთანხმებას ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე, სახელდობრ: განისაზღვრა მომსახურების საგანი - სატრანსპორტო საშუალებების რეცხვა, მოცულობა - კონკრეტული ტიპისა და რაოდენობის ტალონები, ღირებულება - 49 300 ლარი და მომსახურების გაწევის ვადა - 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. აღნიშნული წინაპირობები მოცემულ შემთხვევაში, სრულად არის დაკმაყოფილებული, რაც გამორიცხავს ხელშეკრულების განზრახულობათა ოქმად კვალიფიკაციას.

13. საკასაციო სასამართლოს განსჯით, ხელშეკრულების მბოჭავი ბუნების განსაზღვრასთან მჭიდრო კავშირშია ტალონის სამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხი. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის განმარტებას, რომ კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულება ყოველი ტალონის წარდგენის მომენტში წარმოიშობოდა. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ტალონი არის მიმწოდებლის მიერ დაბეჭდილი ბარათი, რომელიც განკუთვნილია შემსყიდველთათვის და ადასტურებს მის უფლებას შესაბამის ავტოსამრეცხაოში მიიღოს ავტომანქანის რეცხვის მომსახურება. ამდენად, ტალონი ადასტურებდა უკვე არსებული სახელშეკრულებო უფლების რეალიზაციის შესაძლებლობას და არ ქმნიდა ახალ, დამოუკიდებელ სახელშეკრულებო ურთიერთობას. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა მომსახურების მიღების ტექნიკურ საშუალებას და არა ახალი გარიგების დადების საფუძველს.

14. სწორედ აღნიშნული სამართლებრივი მოცემულობიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს კასატორის ძირითადი პრეტენზია, კერძოდ კი, ქმნის თუ არა გამოუყენებელი ტალონების არსებობა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველს და წარმოუშობს თუ არა მას 21 746.5 ლარის დაბრუნების ვალდებულებას.

პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს სამი კუმულაციური წინაპირობა: ერთი პირის გამდიდრება; გამდიდრება მეორე პირის ხარჯზე; და ამგვარი გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-360-342-2015, 03.06.2015წ.; №ას-251-2021, 11.06.2021წ.).

15. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი აპელირებს, რომ გამოუყენებელი ტალონების შესაბამისი ღირებულების - 21 746.5 ლარის მოპასუხის მიერ შენარჩუნება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან ამ ოდენობის შესაბამისი მომსახურება ფაქტობრივად არ გაწეულა. საკასაციო პალატა ამ მსჯელობას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენებისთვის აუცილებელია, რომ სამართლებრივი საფუძველი ან საერთოდ არ არსებობდეს, ან თავდაპირველად არსებული საფუძველი შემდგომ მოიშალოს. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარეთა შორის არსებობდა მოქმედი, მბოჭავი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა თანხის გადახდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვა თავისთავად ვერ შეფასდება სამართლებრივი საფუძვლის მოშლად კონდიქციის მნიშვნელობით. იგი წარმოადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების პერიოდის დასრულებას, რომლის შემდეგაც მხარეთა ურთიერთობა წყდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამდენად, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის გადამწყვეტი წინაპირობა - სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა, მოცემულ შემთხვევაში, არ დასტურდება.

16. ამ დასკვნას ამყარებს საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები და ინსპექტირების ჯგუფის დასკვნები, რომლებითაც დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურება შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ეს გარემოება ადასტურებს, რომ თანხის გადახდას ჰქონდა მოქმედი სახელშეკრულებო საფუძველი, ხოლო მოპასუხე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ჯეროვნად ასრულებდა. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ შემსყიდველმა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით ყველა ტალონი არ გამოიყენა, ვერ გარდაქმნის მოქმედი ხელშეკრულების საფუძველზე მიღებულ თანხას უსაფუძვლო გამდიდრებად.

17. ტალონების ნაწილის (2594 ერთეული, საერთო ღირებულებით 21 746.5 ლარი) გამოუყენებლობა, თავისთავად არ ნიშნავს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებას. სინალაგმატურ სახელშეკრულებო ურთიერთობაში, სადაც შემსყიდველი წინასწარ იხდის, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით უზრუნველყოს მომსახურების მიღების შესაძლებლობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვისი ქმედებით ან უმოქმედობით ვერ იქნა მომსახურება განსაზღვრულ ვადაში მიღებული.

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მომსახურების მიუღებლობა გამოწვეული იყო მიმწოდებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით. ამასთან, დადგენილია, რომ შემსყიდველმა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დაცვით ტალონები სრულად ვერ გამოიყენა. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც მიმწოდებელი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს სათანადოდ ასრულებდა, ამ უკანასკნელს ვერ დაეკისრება მომსახურების მიუღებლობით განპირობებული შედეგები.

18. აღნიშნულის გათვალისწინებით, რამდენადაც გამოუყენებელი ტალონების არსებობა განპირობებული იყო არა მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევით, არამედ შემსყიდველის მიერ მომსახურების ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში გამოუყენებლობით, ფინანსური შედეგი, კერძოდ კი, გამოუყენებელი ტალონების ღირებულება შემსყიდველის რისკის სფეროს განეკუთვნება და, შესაბამისად, მიმწოდებელს კონდიქციური ვალდებულება ვერ წარმოეშობა.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ხელშეკრულების 3.1 პუნქტს, რომლის თანახმად, უკვე გადაცემული ტალონები დაბრუნებას ან სხვა სახის მომსახურებით ჩანაცვლებას არ ექვემდებარებოდა. ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით კი, რეცხვის მომსახურების გაწევა მიმწოდებლის სარგებლობაში არსებულ სამრეცხაოებში უნდა განხორციელებულიყო შემსყიდველის თანამშრომლების მიერ ტალონების წარდგენისთანავე, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული დათქმები დამატებით ადასტურებს, რომ მხარეებმა წინასწარ განსაზღვრეს როგორც მომსახურების მიღების საბოლოო ვადა, ისე - გამოუყენებელი ტალონების სამართლებრივი ბედი, ხოლო მათი ღირებულების დაბრუნების შესაძლებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა.

ნიშანდობლივია, რომ ხელშეკრულებით გაიმიჯნა აგრეთვე მომსახურების გაწევის ვადა 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 31 იანვრამდე. კასატორის მითითება ხელშეკრულების მოქმედების ვადაზე ვერ დაადასტურებს მომსახურების მიღების უფლების არსებობას 2018 წლის 31 დეკემბრის შემდეგ, ვინაიდან ხელშეკრულების მოქმედების გახანგრძლივებული ვადა, როგორც წესი, ემსახურება ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საბოლოო ადმინისტრაციული მოქმედებების განხორციელებას და არა მომსახურების მიღების ვადის გაგრძელებას, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, პირდაპირ და ცალსახად იყო 2018 წლის 31 დეკემბრით განსაზღვრული.

19. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ კასატორის პოზიცია ეფუძნება მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შინაარსის არასწორ განმარტებას როგორც ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების, ისე - ტალონის სტატუსისა და კონდიქციური ვალდებულების წარმოშობის წინაპირობების თვალსაზრისით.

20. ვინაიდან არ ვლინდება უსაფუძვლო გამდიდრების შემადგენლობა და, შესაბამისად, გამოუყენებელი ტალონების ღირებულების - 21 746.5 ლარის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველიც არ იკვეთება, უსაფუძვლოა კასატორის მოთხოვნა სარგებლის/პროცენტის დაკისრების თაობაზეც, რადგან აქცესორული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად იქნა უარყოფილი.

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლებელია დასაბუთებული იყოს აგრეთვე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების ნორმებისა და მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

22. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,გადაწყვიტა :

1. ს.ს.ი.პ. შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

გოჩა ჯეირანაშვილი