არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 08.05.2026
საქმის ნომერი
ას-1563-2023
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1563-2023 8 მაისი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.ხ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.მ–ძე (მოსარჩელე გ.მ–ძის უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. გ.მ–ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე.ხ–ძის წინააღმდეგ და მოპასუხისათვის თანხის დაკისრება მოითხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. ე.ხ–ძესა და სს „თ.ბ–ს“ შორის 2011 წლის 5 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ბანკმა გასცა 171 000 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი - 12%.

2.2. 2014 წლის 31 ოქტომბერს, გ.მ–ძესა და სს „თ.ბ–ს“ შორის აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. 2014 წლის 31 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე 2014 წლიდან დღემდე მოსარჩელეს გადახდილი აქვს 103 504.53 აშშ დოლარი და 7 693.29 ლარი.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი და მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით, სარჩელი არ ცნო.

3.2. შესაგებლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულება გ.მ–ძემ გააფორმა მხარეთა (გ.მ–ძესა და ე.ხ–ძეს) შორის შეთანხმების საფუძველზე. მოსარჩელეს გააჩნდა მოპასუხის მიმართ ფულადი ვალდებულება და სწორედ აღნიშნული მიზნით იხდიდა სს „თ.ბ–ში“ თანხებს. მოპასუხემ ასევე, მიუთითა სასარჩელო ხანდაზმულობაზე.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილებით, გ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე.ხ–ძეს დაეკისრა მოსარჩელე გ.მ–ძის სასარგებლოდ 103 504.53 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და 7 693.29 ლარის ანაზღაურება.

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 იანვრის გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 იანვრის გადაწყვეტილება.

5.2. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, მე-400, 867-ე, 891-ე, 895-ე 905-ე მუხლები, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება და მიუთითა, რომ წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, შეფასებიდან გამომდინარე, დასტურდებოდა ის გარემოება, რომ 2014 წლის 31 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გ.მ–ძემ სს „თ.ბ–ში“ შეიტანა 103 504.53 აშშ დოლარი და 7 693.29 ლარი.

5.3. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მხარეებს/ფიზიკურ პირებს შორის 2014 წლის 31 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულების გარდა სხვა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა არ დასტურდებოდა, გ.მ–ძის მხრიდან განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები უნდა ჩათვლილიყო 2014 წლის 31 ოქტომბერს, გ.მ–ძესა და სს „თ.ბ–ს“ შორის, საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დადებული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში გადასახდელ თანხად.

5.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინება მოპასუხემ საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, რომლითაც ითხოვს მის გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

6.1. კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ სააპელაციო პალატაში საჩივრის განხილვა განხორციელდა მიკერძოებულად, უკანონოდ, სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით. საქმეში არ მოიპოვება არცერთი წერილობითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ გ.მ–ძემ ე.ხ–ძის მიერ მიღებული კრედიტის დაფარვის უზრუნველსაყოფად გადაიხადა, როგორც თავდებმა, 103 504.53 დოლარი და 7 693,29 ლარი.

6.2. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ.მ–ძის მიერ ე.ხ–ძის საბანკო ანგარიშზე გადარიცხული იყო 14 000 აშშ დოლარი. კასატორის მტკიცებით, აღნიშნული თანხები გადაირიცხა ე.ხ–ძის პირად ანგარიშზე, სადაც არ იყო მითითებული გადახდის დანიშნულება და მიზნობრიობა. მითითებული თანხებიც ჩათვალა თითქოს თავდების მიერ, ე.ხ–ძის კრედიტის გადახდის ანგარიშში, რაც დაუსაბუთებელია. კასატორის აზრით, სასამართლომ მითითებული გარემოებით დაამკვიდრა ახალი სასამართლო პრაქტიკა, რომლითაც ფიზიკური პირის მიერ მეორე ფიზიკური პირის ანგარიშებზე თანხის შეტანა ყოველგვარი დანიშნულებისა და მიზნობრიობის მითითების გარეშე, უნდა ჩაითვალოს იმ ტრანზაქციად, რასაც უთითებს მოსარჩელე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე.

6.3. კასატორი აცხადებს, რომ ე.ხ–ძემ კრედიტი მიიღო 2011 წელს, ხოლო თავდებობის ხელშეკრულება გ.მ–ძესა და ბანკს შორის დაიდო 2014 წელს, კითხვაზე თუ რამ განაპირობა თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება, იმ პირობებში როდესაც ამის საჭიროება არ არსებობდა, მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებმა ვერ გასცეს პასუხი. კასატორი მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედებები და გ.მ–ძის მიერ მიცემული აღიარებითი ჩვენება ლოგიკურ ჯაჭვს ქმნის იმ გარემოებასთან, რაზეც კასატორი აპელირებს, კერძოდ მასზედ, რომ ყოველგვარი გადახდილი თანხები გ.მ–ძის მხრიდან ემსახურებოდა მხოლოდ ე.ხ–ძის მიმართ არსებულ ფულად ვალდებულებას/დავალიანებას, რომელიც წარმოიშვა შპს „ჯ.გ–ის“ დირექტორსა და ე.ხ–ძეს შორის.

6.4. კასატორი არ იზიარებს არც სააპელაციო პალატის მიერ განხორციელებულ იმ შედავებას, რომ საქმეზე არ ყოფილა წარდგენილი რაიმე სახის მტკიცებულებები, ვინაიდან მოპასუხის შესაგებელი გამყარებული იყო სამართალდამცავი ორგანოებიდან მიღებული უტყუარი მტკიცებულებებით, ასევე წარმოდგენილია სესხის ხელშეკრულება შპს „ჯ.გ–სა“ და ე.ხ–ძეს შორის.

6.5. კასატორი შუამდგომლობს, დასაშვებად იქნეს ცნობილი საკასაციო საჩივარი და საქმეზე დაინიშნოს ზეპირი მოსმენა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:.

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 იანვრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

7.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 31 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული და მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის არსებითი შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10. სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, სავალდებულოა საკასაციო პალატისთვის, რადგან კასატორს დასაშვები და დასაბუთებული შედავება არ განუხორციელებია.

11. საკასაციო პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ანუ სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებები:

- ე.ხ–ძესა და სს „თ.ბ–ს“ შორის 2011 წლის 5 სექტემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ბანკმა გასცა 171 000 აშშ დოლარი, წლიური საპროცენტო სარგებელი - 12%. მსესხებლის მიერ აითვისა საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული თანხები.

- 2011 წლის 5 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 31 ოქტომბერს, გ.მ–ძესა და სს „თ.ბ–ს“ შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 171 000 აშშ დოლარით ან მისი ეკვივალენტი ნებისმიერი ვალუტით.

- 2014 წლის 31 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გ.მ–ძემ სს „თ.ბ–ში“ შეიტანა 103 504.53 აშშ დოლარი და 7 693.29 ლარი.

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 867-ე (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა, მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით), 891.1 (თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად) და 898.1 (თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე) 905-ე (თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება) მუხლები.

13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს შემდეგ გარემოებებს: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს როგორც სესხად გაცემული თანხის ძირს, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს (შდრ. ას-914-864-2015, 04.12.2015წ.). საბანკო კრედიტს უკავშირდება დაბრუნების, ფასიანობის, უზრუნველყოფისა და ვადიანობის საწყისებზე ფულადი თანხების გაცემასთან დაკავშირებული ვალდებულებები.

14. თავდებობა, როგორც კრედიტის უზრუნველყოფის პიროვნული (პირადი) საშუალება, რომლის სუბიექტები (კონტრაჰენტები) თავდები პირი და კრედიტორი არიან, დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა. თავდებობის ხელშეკრულება შესაძლოა ვალდებულების წარმოშობამდეც გაფორმდეს და, როგორც დამოუკიდებელი ხელშეკრულება, სამართლებრივ საფუძველს (კაუზას) თავის თავშივე ატარებს, ამასთან, ცალმხრივად მავალდებულებელია (იხ. სუსგ №ას-1172-2018, 08 თებერვალი, 2019წ.). მოვალის მონაწილეობა თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებაში არ არის აუცილებელი, თუმცა შესაძლებელია, სამმხრივი ხელშეკრულება დაიდოს ერთდროულად მოვალის, კრედიტორისა და თავდების მონაწილეობით. თავდების როლში შესაძლოა როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირები გამოვიდნენ. კანონი ამ კუთხით რაიმე შეზღუდვას არ ითვალისწინებს (იხ. სუსგ-ები:№ას-132-2019, 30 ივნისი, 2021წ.; №ას-1114-2020, 24 დეკემბერი, 2020 წ).

15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზოგადად სამართალში და ყოველ კონკრეტულ კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის კვლევის დროს მნიშვნელოვანია პრეზუმფციებზე მსჯელობა გონივრული შეფასების სტანდარტით, მით უფრო, როდესაც საუბარია თავდები პირის მიერ ე.წ. გაუმართლებელი და გაუცნობიერებელი ეკონომიკური/ფინანსური ტვირთის კისრებაზე, რაც შესაძლოა უთანასწორობაში ამყოფებდეს პირს კრედიტორთან შედარებით, რომელიც ამ შემთხვევაში, საბანკო დაწესებულებაა. საქართველოს უზენაესი სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ „...მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, ევალება მოსარჩელეს“ (იხ. სუსგ-ები: №ას-571-879-09, 30 აპრილი, 2010წ; №ას-1029-2019, 30 ოქტომბერი, 2019 წ; №ას-647-647-2018, 21 ოქტომბერი, 2019. პ.26.6).

16. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ სამართლებრივ შეფასებას, რომლის თანახმად, სს „თ.ბ–ს“, ე.ხ–ძესა და მოსარჩელე გ.მ–ძეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, ძირითადი მსესხებლის - ე.ხ–ძის მიერ, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თავდებს - გ.მ–ძეს წარმოეშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება, რაც თავდების მიერ შესრულდა ბანკის სასარგებლოდ 103 504.53 აშშ დოლარისა და 7 693.29 ლარის გადახდით.

17. კასატორის მთავარი არგუმენტი ისაა, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განსაზღვრეს მოთხოვნის საფუძვლიანობა, კერძოდ, ე.ხ–ძის პირად ანგარიშზე გადარიცხული თანხებში, არ იყო მითითებული გადახდის დანიშნულება და მიზნობრიობა, რაც გამორიცხავდა სადავო თანხის ცალსახად, თავდებობით ნაკისრი ვალდებულების ფარგლებში გადახდილ თანხად მიჩნევის შესაძლებლობას. ამასთან, კასატორი ასევე ამტკიცებს, რომ სააპელაციო პალატამ მითითებული გარემოებით დაამკვიდრა ახალი სასამართლო პრაქტიკა, ფიზიკური პირის მიერ მეორე ფიზიკური პირის ანგარიშებზე თანხის შეტანა ყოველგვარი დანიშნულების და მიზნობრიობის მითითების გარეშე, უნდა ჩაითვალოს იმ ტრანზაქციად, რასაც უთითებს მოსარჩელე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე. მოხმობილ მსჯელობას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მისი დაუსაბუთებლობის გამო და განმარტავს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, არცერთი წონადი მტკიცებულება, რომელიც გააქარწყლებდა მოსარჩელის მიერ შექმნილ ლოგიკურ ჯაჭვს მასზედ, რომ სადავო თანხები მოპასუხემ სწორედ 2014 წლის 31 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეიტანა სს „თ.ბ–ში“. საგულისხმოა, რომ მოსარჩელემ თავის სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა შპს „ჯ.გ–სა“ შესრულებული სამუშაოს ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშში დაანგარიშებულია გ.მ–ძის მიერ სესხზე N1107135-1394441 გადახდილი თანხები წარდგენილი საბანკო ამონაწერებისა და გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრების მიხედვით. აღნიშნული შესრულებული სამუშაოს მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ „დამკვეთი“ პასუხისმგებელია მიწოდებული დოკუმენტებისა და ინფორმაციის სისწორესა და სისრულეზე. წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სესხის ხელშეკრულება N1107135-1394..-ის ფარგლებში გადარიცხვები ფიქსირდება გ.მ–ძის სახელზე არსებული სს „თ.ბ–ის“ ანგარიშებიდან. სესხის ძირითადი, პროცენტისა და ჯარიმის თანხები გადარიცხულია დოლარის საბარათე ანგარიშიდან, რომელმაც ჯამში შეადგინა 89 504.03 აშშ დოლარი, ხოლო დაზღვევის თანხები გადარიცხულია ლარის საბარათე ანგარიშიდან, რომელმაც შეადგინა 7 693.29 ლარი. ასევე, წარმოდგენილია სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლის მიხედვითაც გ.მ–ძის მიერ ფიზიკურ პირ ე.ხ–ძის საბანკო ანგარიშზე გადარიცხულია 14 000 აშშ დოლარი, რომელიც გადარიცხვის დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად შეადგენდა 31 653 ლარს. საკასაციო პალატის განსჯით, მოხმობილი შეფასების, როგორც წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, შეფასებიდან გამომდინარე დასტურდება ის გარემოება, რომ 2014 წლის 31 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გ.მ–ძემ სს „თ.ბ–ში“ შეიტანა 103 504.53 აშშ დოლარი და 7 693.29 ლარი, ეს შეუცილებადი მტკიცებულება კი, მოპასუხის მიერ წარდგენილი იმავე სამართლებრივი ძალის მტკიცებულებით გაქარწყლებული არ არის, რაც შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით და სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის საფუძველზე, ნიშნავს, რომ მოსარჩელემ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით ურთიერთობაში (შესრულებულ ნაწილში) დაიკავა კრედიტორის ადგილი. აღნიშნულის გამო, ის უფლებამოსილი იყო მოვალისაგან მოეთხოვა კრედიტორისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება.

18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ვერც იმ ზეპირსიტყვიერ შედავებას, რომლის თანახმად, მოსარჩელე სს „თ.ბ–ის“ წინაშე საკრედიტო ვალდებულების შესრულებით, ასრულებდა ფულად ვალდებულებას ე.ხ–ძის სასარგებლოდ, მათ შორის არსებული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში. უპირველესად, პალატა მიუთითებს, რომ მტკიცებულება, რომელზეც კასატორი უთითებს და ცდილობს მხარეთა შორის სხვა ვალდებულების არსებობის დადასტურებას, მას არ წარუდგენია სასამართლოში, არამედ მათი საქმეში განთავსება მოხდა სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 03 დეკემბრის საოქმო განჩინებით, როდესაც ფინანსთა სამინისტროს ქვემო ქართლის საგამოძიებო სამსახურიდან გამოთხოვილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, ე.ხ–ძის (პ/ნ .........) 2017 წლის 15 მარტის განცხადებაზე წარმოებული საქმის მასალები. თუმცა მათი შინაარსობრივი კვლევის შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ ის ვერ გამოდგება საკასაციო საჩივარში მითითებული ალტერნატიული ვალდებულების არსებობის დამადასტურებლად, რადგანაც ისინი რეალურად ასახავს 2017 წლის ურთიერთობებს და ვერ ადასტურებს, რომ ამგვარი ალტერნატიული ურთიერთობები არსებობდა სწორედ სადავო თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების დროს, ანუ 2014 წელს. საკასაციო პალატის განსჯით, იმ ვითარებაში, როდესაც მხარეებს/ფიზიკურ პირებს შორის 2014 წლის 31 ოქტომბრის თავდებობის ხელშეკრულების გარდა სხვა ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა არ დასტურდება, გ.მ–ძის მხრიდან განხორციელებული ფულადი ტრანზაქციები უნდა მივაკუთვნოთ 2014 წლის 31 ოქტომბერს გ.მ–ძესა და სს „თ.ბ–ს“ შორის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დადებული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებას.

19. საკასაციო სასამართლო ასევე, ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, მტკიცებულებათა არასწორი გამოკვლევის თაობაზე, ასვე მასზედ, თითქოს სააპელაციო პალატამ ახლებური პრაქტიკა დაადგინა, ვინაიდან ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება (იხ. სუსგ. საქმეზე №ას-754 -2025, 2025 წლის 15 დეკემბერი). შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც 2011 წელს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად საჭირო გახდა 2014 წელს დადებულიყო თავდებობის ხელშეკრულება, ამასთან, ვინაიდან სადავო თანხის უდიდესი ნაწილი გადარიცხული იყო საბანკო დაწესებულებაში (თავდების მიერ და არა ძირითადი მოვალის მიერ) და მხოლოდ მცირე ნაწილი პირად ანგარიშზე, სწორედ კასატორს (ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის მიზნებისთვის იგი მოვალეა) უნდა დაედასტურებინა, როგორც რამდენიმე ვალდებულების არსებობა, ასევე ამ ვალდებულებების შესრულების ფაქტი და გადარიცხული თანხების მიზნობრიობა თითოეულ მათგანთან მიმართებით, რაც კასატორს დავის განხილვის არცერთ ეტაპზე არ განუხორციელებია. ამასთან, ვინაიდან ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას (მუხლი 361. ვალდებულების არსებობის პრეზუმფცია), და 2014 წლისთვის მოდავე მხარეთა შორის, მხოლოდ თავდებობის ხელშეკრულების არსებობა დასტურდება, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა და არ იკვეთება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

20. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას საქმის ზეპირი მოსმენით განხილვასთან დაკავშირებითაც და მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად (საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს), საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ - მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (ს.უ.ს.გ-ები:№ას-807-2020, 12.11.2020წ.; №ას-1150-2020, 29.11.2021წ.; Nას-1558-2022 1.03.2023წ.; Nას-654-2022, 2.03.2023წ. Nას-481-2023წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 2006 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა „დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე; მხედველობაში უნდა იყოს მიღებული ეროვნული მართლმსაჯულების მთლიანი სისტემა და მასში სააპელაციო სასამართლოს როლის მნიშვნელობა.“ როდესაც შესაბამისი სააპელაციო განხილვა მხოლოდ კანონის საკითხებს ეხება, ზეპირი მოსმენა, ზოგადად, არ მოითხოვება (ECTHE, აქსენი გერმანიის წინააღმდეგ, №8273/78, 1983 წლის 8 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 32). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვას საჭიროდ არ მიიჩნევს, რის გამოც, შუამდგომლობას უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

21. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

23. საკასაციო საჩივრის უარყოფის გამო, საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ხ–ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინება;

3. ე.ხ–ძის შუამდგომლობა, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი