არ დაკმაყოფილდა

სამოქალაქო 08.05.2026
საქმის ნომერი
ას-22-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-22-2026 8 მაისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,გოჩა ჯეირანაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ე–ო“, შპს „ფ–ი“, შპს „ქ.ე.ს–ი“, ნ.ღ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოპასუხეები - ი.ღ–ი, ც.ჭ–ი, გ.გ–ი, თ.თ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა, აღსრულების წესის განსაზღვრა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ს.ბ–მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე–ოს“, შპს „ფ–ის“, შპს „ქ.ე.ს–ის“, ნ.ღ–ისა და ი.ღ–ის მიმართ, თანხის დაკისრების, იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევისა და აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე.

2. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივრით, გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, განუხილველად დარჩა შპს „ე–ოს“, შპს „ფ–ის“, შპს „ქ.ე.ს–ისა“ და ნ.ღ–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინებაში აღინიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 22 სექტემბრის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრათ 10 დღე. 2025 წლის 10 ოქტომბერს, აპელანტების წარმომადგენელმა სასამართლოს განჩინებით დადგენილი ვადის დაცვით მიმართა განცხადებით და ითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და ხარვეზის შესავსებად მხარეს დამატებით განესაზღვრა 10 დღიანი ვადა. ზემოაღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი 2025 წლის 13 ოქტომბერს განხორციელებული სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა აპელანტი მხარის წარმომადგენელს. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 დღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, 2025 წლის 14 ოქტომბრიდან და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლით დადგენილი წესით განჩინებით განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2025 წლის 23 ოქტომბერს. აპელანტს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, რის გამოც გასაჩივრებული განჩინებით აპელანტების სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.

7. 2025 წლის 22 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს კერძო საჩივარი, სადაც მიუთითეს, რომ სასამართლომ მართალია რამდენჯერმე გაუგრძელა მათ ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული საპროცესო ვადა, თუმცა მორიგი განცხადების დაკმაყოფილებაზე უკანონოდ ეთქვათ უარი, რადგან მათ უკვე შეეძლოთ განსაზღვრული ხარვეზის შევსება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 31 მარტის განჩინებით, შპს „ე–ოს“, შპს „ფ–ის“, შპს „ქ.ე.ს–ისა“ და ნ.ღ–ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

10. წარმოდგენილი კერძო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლებს. მისი პრეტენზია მიემართება მხოლოდ იმას, რომ სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მხოლოდ რამდენჯერმე მოხდა, ხოლო მაშინ, როდესაც მხარეს ხარვეზის აღმოფხვრის შესაძლებლობა რეალურად გააჩნდა, სასამართლომ ხარვეზის გაგრძელების თაობაზე განცხადება აღარ განიხილა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით, რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის მოტივით.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არის უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი, რამდენადაც იგი პირდაპირაა რეგულირებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ემსახურება კიდეც სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების მიზანს.

14. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ.სუსგ. №ას-1188-2024 22.11.2024წ). შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. ამავე კოდექსით დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი. საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს განსაზღვრული ვადის დაცვით, მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები (იხ. სუსგ-ები: №ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; №ას-851-817-2016, 04.11.2011წ.).

15. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის საფუძველზე (თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

16. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო საჩივრის შეტანიდან 2025 წლის 17 სექტემბრიდან, გასულია რამდენიმე თვე (გასაჩივრებული განჩინება მიღებულია 2025 წლის 3 დეკემბერს), მიუხედავად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის ორჯერ გადავადებისა, აპელანტების მიერ ხარვეზი არ გამოსწორებულა, შესაბამისად, საკასაციო პალატის განსჯით, აპელანტის შუამდგომლობები იწვევდა საქმის განხილვის გაუმართლებელ გაჭიანურებას, რაც უპირობოდ ლახავდა მოწინააღმდეგე მხარის კანონით დაცულ ინტერესებს, მიეღო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება.

17. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა და შეაფასა აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე და მართებულად არ დააკმაყოფილა იგი. სახელდობრ, პალატა აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების ან გადასახდელი თანხის ოდენობის შემცირების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.

19. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.

20. საკასაციო პალატა განსაკუთრებით ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ, უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018). საგულისხმოა, რომ 2025 წლის 10 ოქტომბრის განცხადება, რომელიც წარმოდგენილია აპელანტების წარმომადგენლის მიერ და შეეხებოდა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გაგრძელებას, არ შეიცავდა მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის თაობაზე რაიმე მტკიცებულებას ან დასაბუთებულ მითითებას.

21. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტებს გონივრული ვადა მიეცათ ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში იგი არ გამოუსწორებიათ, ამგვარად, საკასაციო პალატა, მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომა - ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, კანონიერია და კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია გარემოებები რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

შპს „ე–ოს“, შპს „ფ–ის“, შპს „ქ.ე.ს–ისა“ და ნ.ღ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 3 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი