დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 26.03.2026
საქმის ნომერი
ას-1449-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1449-2025 26 მარტი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - თ.ხ–ი (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.გ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 13 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 21/11/2008 წლიდან შპს „მ.გ–ის“ საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე: ................., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დაზუსტებული ფართობი: 10327.00 კვ.მ., შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: N1 (საკადასტრო კოდი N...........).

2. 2021 წლის 27 მაისს, შპს „მ.გ–ის“ პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით: -(1) გაიცა თანხმობა საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ჩანაცვლებისთვის საჭირო მოქმედებებისთვის (თბილისის მერიისადმი მიწების გაცვლის მოთხოვნით მიმართვა). საზოგადოების დირექტორს, გ.მ–ძეს დაევალა ყველა იმ დოკუმენტაციის ხელმოწერა, თუ ქმედების განხორციელება საზოგადოების სახელით, რომელიც საჭიროა აღნიშნული ცვლილებისათვის. სამოქმედო დოკუმენტაციის მომზადება და წარმოადგენა დაევალა პარტნიორ თ. ხ–ს. წარმოდგენილი სამოქმედო დოკუმენტაციის საჭიროების შემოწმება დაევალა იურიდიულ კომპანია შპს „E.C“-ს, რომელსაც ეს დოკუმენტაცია უნდა დაედასტურებინა და გადაეცა დირექტორისთვის ხელმოსაწერად. (2) მიწის გაცვლაზე ქ. თბილისის მერიასა და შ.პ.ს. „მ.გ–ს“ შორის შეთანხმების შემთხვევაში, საზოგადოების წარმომადგენლებს აეკრძალათ 2021 წლის სექტემბრამდე საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით რაიმე სხვა გარიგებაზე, გარდა გადაწყვეტილებაში აღნიშნულისა და მასში გაცემული ნებართვით განსაზღვრულისა, მოლაპარაკებების წარმოება. (3) ნება დაერთო პარტნიორ თ. ხ–ს, გამოესყიდა დანარჩენი პარტნიორებისგან პარტნიორთა წილი არაუგვიენს 2021 წლის 10 სექტემბრისა და გამხდარიყო საზოგადოებაში პარტნიორთა წილის 100%-იანი მფლობელი. ამისათვის თ. ხ–სა და დანარჩენ ორ პარტნიორს შორის უნდა გაფორმებულიყო წილების ნასყიდობის ხელშეკრულება, ურთიერთშორის გაფორმებული წილების ნასყიდობის დაპირების ხელშეკრულების პირობების მიხედვით. 4) წილების სანაცვლო ანაზღაურების მიღების საფრთხის შემთხვევაში, პარტნიორებს გ. ა–სა და გ. მ–ძეს მიენიჭათ უფლება, უარი ეთქვათ წილების დათმობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, ან მერიისთვის მიწის გადაცვლაზე. (5) პარტნიორებს შორის ამ ოქმით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2021 წლის 15 სექტემბრამდე.

3. 2021 წლის 27 მაისს, შპს „მ.გ–ის“ პარტნიორებს: გ. ა–ს, გ.მ–ძესა და თ.ხ–ს შორის გაფორმდა „შპს „მ.გ–ის“ წილების დათმობის დაპირების შეთანხმება, რომლის თანახმადაც: (1) იმ შემთხვევაში თუ კომპანიის კუთვნილი მიწა (საკადასტრო კოდი ...........) 2021 წლის 10 სექტემბრამდე გადაიცვლებოდა ქ. თბილისის მერიის მიწის ნაკვეთში, თ. ხ–ს უფლება ექნებოდა 2021 წლის 11 სექტემბრამდე ნებისმიერ დღეს მოეთხოვა გ. ა–ისგან და გ. მ–ძისგან მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში საზოგადოებაში კუთვნილი წილის დათმობა, ხოლო, გ. ა–ი და გ. მ–ძე თ. ხ–ს წინამდებარე შეთანხმებაზე თანდართული წილის გასხვისების ხელშეკრულების ფორმის (დანართი 1) საფუძველზე, დაუთმობდნენ საზოგადოებაში კუთვნილ წილებს. (2) დაპირების შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესრულებისათვის საჭირო თანხების, მათ შორის მიწის მერიის მიწაში გაცვლის ხარჯების გადახდა დაეკისრა თ. ხ–ს. (3) წილის ღირებულების ანაზღაურებისას წილის არდათმობის შემთხვევაში გ. ა–ს და გ. მ–ძეს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო საკონტრაქტო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით.

4. შეთანხმების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი ხელმოწერიდან 2021 წლის 20 სექტემბრამდე. დანართი 1-ით, შპს „მ.გ–ის“ წილების ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმით გ. ა–ის კუთვნილი 33% წილის და გ.მ–ძის საკუთრებაში არსებული 34% წილის ღირებულება განისაზღვრა 250 000-250 000 აშშ დოლარით ან ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. გ. ა–სა და გ.მ–ძეს წილის ღირებულება უნდა მიეღოთ წილის დათმობის ხელშეკრულების ხელმოწერის წინ.

5. პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შესაძლოა დაკისრებოდა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საკონტრაქტო ღირებულების 0.02%.

6. 2021 წლის 30 აგვისტოს, შპს „მ.გ–ის“ პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით: (1) გაიცა თანხმობა საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ჩანაცვლებისთვის საჭირო მოქმედებებისთვის (თბილისის მერიისადმი მიწების გაცვლის მოთხოვნით მიმართვა). საზოგადოების დირექტორს, გ.მ–ძეს დაევალა ყველა იმ დოკუმენტაციის ხელმოწერა, თუ ქმედების განხორციელება საზოგადოების სახელით, რომელიც საჭირო იყო აღნიშნული ცვლილებისათვის. სამოქმედო დოკუმენტაციის მომზადება და წარმოადგენა დაევალა პარტნიორ თ. ხ–ს. წარმოდგენილი სამოქმედო დოკუმენტაციის საჭიროების შემოწმება დაევალა იურიდიულ კომპანია შპს „E.C“-ს, რომელსაც ეს დოკუმენტაცია უნდა დაედასტურებინა და გადაეცა დირექტორისთვის ხელმოსაწერად. (2) საზოგადოების წარმომადგენლებს აეკრძალათ 2022 წლის 10 აპრილამდე საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით რაიმე სხვა გარიგებაზე, გარდა გადაწყვეტილებაში აღნიშნულისა და მასში გაცემული ნებართვით განსაზღვრულისა, მოლაპარაკებების წარმოება. 3) ნება დაერთო პარტნიორ თ. ხ–ს, გამოესყიდა დანარჩენი პარტნიორებისგან პარტნიორთა წილი არაუგვიანეს 2022 წლის 10 აპრილისა და გამხდარიყო საზოგადოებაში პარტნიორთა წილის 100%-იანი მფლობელი. ამისათვის თ. ხ–სა და დანარჩენ ორ პარტნიორს შორის უნდა გაფორმებულიყო წილების ნასყიდობის ხელშეკრულება, ურთიერთშორის გაფორმებული წილების ნასყიდობის დაპირების ხელშეკრულების პირობების მიხედვით. (4) წილების სანაცვლო ანაზღაურების მიღების საფრთხის შემთხვევაში, პარტნიორებს გ. ა–სა და გ. მ–ძეს მიენიჭათ უფლება, უარი ეთქვათ წილების დათმობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. (5) პარტნიორებს შორის ამ ოქმით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2022 წლის 10 აპრილამდე.

7. 2021 წლის 30 აგვისტოს, შპს „მ.გ–ის“ პარტნიორებს: გ. ა–ს, გ.მ–ძესა და თ.ხ–ს შორის გაფორმდა „შპს „მ.გ–ის“ წილების დათმობის დაპირების შეთანხმება, რომლის თანახმადაც: (1) იმ შემთხვევაში თუ კომპანიის კუთვნილი მიწა (საკადასტრო კოდი .........) გადაიცვლებოდა ქ. თბილისის მერიის მიწის ნაკვეთში, თ. ხ–ს უფლება ექნებოდა 2022 წლის 1 აპრილამდე ნებისმიერ დღეს მოეთხოვა გ ა–ისგან და გ. მ–ძისგან მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში საზოგადოებაში კუთვნილი წილის დათმობა, ხოლო, გ. ა–ი დ გ. მ–ძე თ. ხ–ს წინამდებარე შეთანხმებაზე თანდართული წილის გასხვისების ხელშეკრულების ფორმის (დანართი 1) საფუძველზე, დაუთმობდნენ საზოგადოებაში კუთვნილ წილებს, იმ პირობით, რომ წილის გასხვისების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე გ. ა–ის და გ. მ–ძის მოთხოვნის შემთხვევაში თ. ხ–ს უნდა წარედგინა გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა თ. ხ–ის მიერ თანდართული წილების ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის (დანართი 1) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. (2) დაპირების შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესრულებისათვის საჭირო თანხების, მათ შორის მიწის მერიის მიწაში გაცვლის ხარჯების, ასევე გრგ-ს თუ სხვა საპროექტო დოკუმენტაციის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა დაეკისრა თ. ხ–ს. 3) წილის ღირებულების ანაზღაურებისას და დანართი 1-ის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ვალდებულების უზრუნველყოფისას წილის არდათმობის შემთხვევაში გ. ა–ს და გ. მ–ძეს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო საკონტრაქტო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით. 4) მიწის გაცვლის, გრგ-სა და საამშენებლო პროექტის მიღებისას, თუ თ.ხ–ი არ გამოისყიდდა წილს, მის მიერ მიწის გაცვლის, გრგ-ს, საამშენებლო პროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები (არაუმეტეს სამასიათასი აშშ დოლარის მოცულობის) სრული მოცულობით კომპანიის ვალდებულებად დაფიქსირდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაცვლილი მიწის სარეალიზაციო ღირებულება აღემატებოდა მილიონ ასსამოცდაათიათას დოლარს. თუ მიწა რეალიზდებოდა აღნიშნულ თანხაზე ნაკლებ თანხად, პირველ რიგში მოწილეები მიიღებდნენ 290-290 ათას აშშ დოლარს და დარჩენილი თანხით დაიფარებოდა ზემოთაღნიშნული ხარჯები. მიწის გაცვლის, გრგ-სა და საამშენებლო პროექტის მიღების ნახსენები ხარჯების ანაზღაურება მოხდებოდა მიწაზე აშენებული ფართის გადაცემით, 1 კვ.მ. ზე 500 აშშ დოლარის ანგარიშით.

8. დანართი 1-ით, შპს „მ.გ–ის“ წილების ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმით გ. ა–ის კუთვნილი 33% წილის და გ.მ–ძის საკუთრებაში არსებული 34% წილის ღირებულება განისაზღვრა 250 000-250 000 აშშ დოლარით ან ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. ასევე, გ. ა–სა და გ.მ–ძეს კუთვნილი წილების სანაცვლოდ უნდა მიეღოთ ჩანაცვლებულ მიწის ნაკვეთზე პირველივე აშენებულ კორპუსში 80 (ოთხმოცი) კვ.მ ფართის ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით (საჯარო რეესტრში რეგისტრაციით, ექსპლოატაციაში შესული შენობით, კომუნიკაციები შეყვანილი). გ. ა–სა და გ.მ–ძეს წილის ღირებულება უნდა მიეღოთ წილის დათმობის ხელშეკრულების ხელმოწერის წინ. მხარეთა შეთანხმებით, წილის სანაცვლო ანაზღაურება არ მოიცავდა გადასახადებს. ასეთი გადასახადების არსებობის შემთხვევაში, კი, მას დამატებით გადაიხდიდა თ. ხ–ი. პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შესაძლოა დაკისრებოდა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საკონტრაქტო ღირებულების 0.02%.

9. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 8 სექტემბრის N21.1219.1391 განკარგულებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შეთანხმებულად წარედგინა ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობაში; დიღმის სასწავლო- საცდელი მეურნეობის მიმდებარედ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 7000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: .........) გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხი, საპრივატიზებო საფასურის გარეშე, შპს „მ.გ–ის“ (ს/ნ ..........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების: ქ. თბილისში, ........... 10327 კვ.მ მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-ის (საკადასტრო კოდი: ...........) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

10. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 19 ოქტომბრის N476 განკარგულებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას მიეცა თანხმობა „ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის მიმდებარედ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 700 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N...........) გაცვლის ფორმით პრივატიზების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2021 წლის 8 სექტემბრის N21.1219.1391 განკარგულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების: ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა; ქ. თბილისში, ........ მიმდებარედ არსებული 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: N.........) გაცვლის ფორმით, საპრივატიზებო საფასურის გარეშე, პრივატიზებაზე შპს „მ.გ–ის“ (ს/ნ .........) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების: ქ. თბილისში, ........... არსებული 10327 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1-ის (საკადასტრო კოდი: ............) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ.

11. 2021 წლის 25 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „მ.გ–ს“ შორის გაფორმებული უძრავი ქონების გაცვლის ფორმით პრივატიზაციის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე შპს „მ.გ–ს“ საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონება, მდებარე - ქალაქ თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა; დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის მიმდებარედ არსებულ 7 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N...........). სანაცვლოდ შპს „მ.გ–მა“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ............ არსებული 10327 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 (საკადასტრო კოდი N...............).

12. 2021 წლის 28 ოქტომბერს, შპს „მ.გ–ის“ პარტნიორთა საერთო კრებაზე მოწონებულ იქნა 25.10.2021 წელს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სახელით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს და შპს „მ.გ–ს” შორის დადებული უძრავი ქონების გაცვლის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულება.

13. 2022 წლის 11 აპრილის წერილით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ შპს „მ.გ–ის“ წარმომადგენელს აცნობა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით ტერიტორიაზე, რომლის საკადასტრო კოდია: .........; ........... და .......... მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს კონკრეტული პროექტი დარეგისტრირებული იქნებოდა თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში.

14. 2022 წლის 20 აპრილს, შპს „მ.გ–ის“ პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით:- (1) გაიცა თანხმობა საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რვასართულიანი სახლების ასაშენებლად. საზოგადოებას დაუყოვნებლივ უნდა მიემართა თანხმობის მისაღებად აშშ-ის საელჩოსთვის და ასეთი თანხმობის მიღების შემთხვევაში, არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივლისისა, უნდა ატვირთულიყო შესაბამისი დოკუმენტაცია განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დასამტკიცებლად მერიის შესაბამისი სამსახურის ინტერნეტ პორტალზე. (2) საზოგადოების წარმომადგენლებს აეკრძალათ 2022 წლის 1 აგვისტომდე საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით რაიმე სხვა გარიგებაზე, გარდა გადაწყვეტილებაში აღნიშნულისა და მასში გაცემული ნებართვით განსაზღვრულისა, მოლაპარაკებების წარმოება. (3) ნება დაერთო პარტნიორ თ.ხ–ს, გამოესყიდა დანარჩენი პარტნიორებისგან პარტნიორთა წილი არაუგვიენს 2022 წლის 10 აგვისტოსი და გამხდარიყო საზოგადოებაში პარტნიორთა წილის 100%-იანი მფლობელი. ამისათვის თ. ხ–სა და დანარჩენ ორ პარტნიორს შორის უნდა გაფორმებულიყო წილების ნასყიდობის ხელშეკრულება, ურთიერთშორის გაფორმებული წილების ნასყიდობის დაპირების ხელშეკრულების პირობების მიხედვით 4) წილების სანაცვლო ანაზღაურების მიღების საფრთხის შემთხვევაში, პარტნიორებს გ. ა–სა და გ. მ–ძეს მიენიჭათ უფლება, უარი ეთქვათ წილების დათმობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. 5) პარტნიორებს შორის ამ ოქმით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2022 წლის 10 აგვისტომდე.

15. 2021 წლის 20 აპრილს, შპს „მ.გ–ის“ პარტნიორებს: გ. ა–ს, გ.მ–ძესა და თ.ხ–ს შორის გაფორმდა „შპს „მ.გ–ის“ წილების დათმობის დაპირების შეთანხმება, რომლის თანახმადაც: (1) იმ შემთხვევაში თუ კომპანიის კუთვნილ მიწაზე (საკადასტრო კოდი ...........) კომპანია მიიღებდა აშშ-ს საელჩოდან თანხმობას 8 სართულიანი სახლების აშენებაზე, რაც 2020 წლის 30 აპრილამდე, განაშენიანების რეგულაციის გეგმის დასამტკიცებლად, სხვა აუცილებელ საბუთებთან ერთად აიტვირთებოდა თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის ინტერნეტ პორტალზე, თ. ხ–ს უფლება ექნებოდა 2022 წლის 20 ივლისამდე ნებისმიერ დღეს მოეთხოვა გ. ა–ისგან და გ. მ–ძისგან მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში საზოგადოებაში კუთვნილი წილის დათმობა, ხოლო, გ. ა–ი და გ. მ–ძე თ. ხ–ს წინამდებარე შეთანხმებაზე თანდართული წილის გასხვისების ხელშეკრულების ფორმის (დანართი 1) საფუძველზე, დაუთმობდნენ საზოგადოებაში კუთვნილ წილებს, იმ პირობით, რომ წილის გასხვისების ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე გ. ა–ის და გ. მ–ძის მოთხოვნის შემთხვევაში თ. ხ–ს უნდა წარედგინა გარანტია, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა თ. ხ–ის მიერ თანდართული წილების ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის (დანართი 1) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. 2) დაპირების შეთანხმებით განსაზღვრული პირობების შესრულებისათვის საჭირო თანხების, მათ შორის მიწის მერიის მიწაში გაცვლის ხარჯების, ასევე გრგ-ს თუ სხვა საპროექტო დოკუმენტაციის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა დაეკისრა თ. ხ–ს. (3) წილის ღირებულების ანაზღაურებისას და დანართი 1-ის 1 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ვალდებულების უზრუნველყოფისას წილის არდათმობის შემთხვევაში გ. ა–ს და გ. მ–ძეს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო საკონტრაქტო ღირებულების ხუთმაგი ოდენობით. 4) მიწის გაცვლის, გრგ-სა და საამშენებლო პროექტის მიღებისას, თუ თ.ხ–ი არ გამოისყიდდა წილს, მის მიერ გრგ-ს, საამშენებლო პროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები (არაუმეტეს სამასიათასი აშშ დოლარის მოცულობის) სრული მოცულობით კომპანიის ვალდებულებად დაფიქსირდებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაცვლილი მიწის სარეალიზაციო ღირებულება აღემატებოდა მილიონ ასსამოცდაათიათას დოლარს. თუ მიწა რეალიზდებოდა აღნიშნულ თანხაზე ნაკლებ თანახმად, პირველ რიგში მოწილეები მიიღებდნენ 290-290 ათას აშშ დოლარს და დარჩენილი თანხით დაიფარებოდა ზემოთაღნიშნული ხარჯები.

16. შეთანხმების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი ხელმოწერიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ მიიღებდა აშშ-ს საელჩოდან შესაბამის თანხმობას და ვერ აიტვირთებოდა მოთხოვნა გრგ-ს დასამტკიცებლად 2022 წლის 30 აპრილამდე, ხელშეკრულების მოქმედება შეწყდებოდა 2022 წლის 1 მაისს.

17. დანართი 1-ით, შპს „მ.გ–ის“ წილების ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმით გ. ა–ის კუთვნილი 33% წილის და გ.მ–ძის საკუთრებაში არსებული 34% წილის ღირებულება განისაზღვრა 250 000-250 000 აშშ დოლარით ან ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში.

18. ასევე, გ. ა–სა და გ.მ–ძეს კუთვნილი წილების სანაცვლოდ უნდა მიეღოთ ჩანაცვლებულ მიწის ნაკვეთზე პირველივე აშენებულ კორპუსში 80 (ოთხმოცი) კვ.მ ფართის ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობით (საჯარო რეესტრში რეგისტრაციით, ექსპლოატაციაში შესული შენობით, კომუნიკაციები შეყვანილი). გ. ა–სა და გ.მ–ძეს წილის ღირებულება უნდა მიეღოთ წილის დათმობის ხელშეკრულების ხელმოწერის წინ. მხარეთა შეთანხმებით, წილის სანაცვლო ანაზღაურება არ მოიცავდა გადასახადებს. ასეთი გადასახადების არსებობის შემთხვევაში, კი, მას დამატებით გადაიხდიდა თ. ხ–ი.

19. პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ პარტნიორის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შესაძლოა დაკისრებოდა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საკონტრაქტო ღირებულების 0.02%. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2022 წლის 29 სექტემბრის N22.1514.1642 განკარგულებით მოწონებულ იქნა ქალაქ თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: N..........; N..........; N........) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 ოქტომბრის N545 განკარგულებით დამტკიცებულ იქნა ქალაქ თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: N..........; N.........., N..........) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი.

20. შეთანხმებების საფუძველზე შპს „მ.გ–ის“ კაპიტალში გ.მ–ძისა და გ. ა–ის კუთვნილ წილებზე თ.ხ–ის სასარგებლოდ დარეგისტრირდა საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულება.

21. 2022 წლის 21 ნოემბერს გ. ა–მა და გ. მ–ძემ განცხადებით მიმართეს სამეწარმეო რეესტრს ვადის გასვლის გამო, 2022 წლის 20 აპრილის შპს „მ.გ–ის“ წილის დათმობის დაპირების შეთანხმების გაუქმების თხოვნით.

22. 2021 წლის 10 დეკემბერს, ერთის მხრივ, შპს „მ.გ–ს“, როგორც „დამკვეთს“ და მეორეს მხრივ, შპს „კ–ი ..“-სს, როგორც „შემსრულებელს“ შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება, დამკვეთისათვის გასაწევი მომსახურების ფარგლებში, მხარეთა შორის შეთანხმებული მომსახურების ფასის მიღების სანაცვლოდ, უზრუნველყოფდა მიწის ნაკვეთზე ასაშენებელი საორიენტაციო 36 000 კვ.მ. ფართის განაშენიანების რეგულირების გეგმისა და სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და შეთანხმებას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ უწყებასთან.

23. 2023 წლის 3 მაისს ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ მომსახურების ხელშეკრულებაში. კერძოდ, მომსახურებად განისაზღვრა ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი N...........) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადებასა და შეთანხმებას უფლებამოსილ უწყებებთან. მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 15 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

24. აღნიშნული შეთანხმების მიხედვით, მომსახურების ღირებულებიდან 5 000 აშშ დოლარი ეკვივალენტი ლარში დამკვეთის მიერ უკვე გადახდილია, ხოლო, დარჩენილი 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადაიხდებოდა მას შემდეგ, რაც შემსრულებელი სრულად შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას, რაც მოიცავდა სამუშაოების პირველი ეტაპის - განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის მე-2 ეტაპის შეთანხმებას ყველა და ნებისმიერ უფლებამოსილ უწყებასთან, მომზადებასა და მათ შორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსთან“; მხარეები გააფორმებდნენ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მიღება-ჩაბარების აქტებს; საბოლოოდ დასრულდებოდა (საქართველოს საერთო სასამართლო(ები)ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ან განჩინება მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების შესახებ შევა კანონიერ ძალაში) დამკვეთი კომპანიის პარტნიორს - თ.ხ–სა (პ/ნ: ............) და დამკვეთს შორის მიმდინარე სამოქალაქო დავა, რომელიც მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (საქმის ნომერი 2/7608-23); დამკვეთი, საკუთარი ფინანსური ინტერესების შესაბამისად მოახდენდა N......... საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის რეალიზებას მესამე პირის სასარგებლოდ, იმ პირობით, რომ ამ დროისათვის შესრულებული იქნებოდა წინამდებარე ხელშეკრულების 3.3.1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა მომსახურების სრულად შესრულების თაობაზე.

25. 02/05/2023 წელს შპს „კ–ი .....“-სთან გაფორმებული საგარანტიო შეთანხმების საფუძველზე, თ.ხ–მა აიღო ვალდებულება პირადად შეესრულებინა 03/05/2023 წელს შპს „კ–ი ..“-სსა და შპს „მ.გ–ს“ შორის გასაფორმებელი შეთანხმების საფუძველზე აღებული ვალდებულება დარჩენილი საფასური 10 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდის თაობაზე. თანხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო მას შემდეგ, რაც შემსრულებელი მოამზადებდა და შესათანხმებლად წარადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო“-ში განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარების დავალებასა და მე-2 ეტაპის - განაშენიანების რეგულირების გეგმას.

26. თ.ხ–მა წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.18 პუნქტში აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება შეასრულა.

27. შპს „თ. ა. ე. ჯ. ა–ის“ 2023 წლის 16 იანვრის ანგარიშით, ქ. თბილისი, ............, No ........... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ფართი - 10327 კვ.მ) საბაზრო ღირებულება განისაზღვრა: 1,000,000.00 (ერთი მილიონი) აშშ დოლარით; ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით: 2,680,000.0 ლარით. ხოლო, ქ. თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, N.......... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ფართი - 7000 კვ.მ) საბაზრო ღირებულება განისაზღვრა: 6,765,000.00 ლარით; ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით: 2,525,000.0 აშშ დოლარით.

28. შპს „თ.ა.ე.ჯ. ა–ის“ 2023 წლის 03 აგვისტოს შეფასების ანგარიშით, ქ. თბილისი, .........., N.......... საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ფართი - 7000 კვ.მ) საბაზრო ღირებულება, დამტკიცებული მასშტაბური სამშენებლო პროექტის ქონის შემთხვევაში განისაზღვრა: 4,400,000.00 (ოთხი მილიონ ოთხასი ათასი) აშშ დოლარით; ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსის მიხედვით (1$ – 2.6185 ლარი) 11,521,400.0 (თერთმეტი მილიონ ხუთი ასოცდაერთი ათას ოთხასი) ლარით. თ.ხ–ი (33%), გ. ა–ი (33%) და გ.მ–ძე (34%) არიან შპს „მ.გ–ის“ წილების მესაკუთრეები.

29. 2021 წლის 27 მაისს პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაიცა თანხმობა საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ჩანაცვლებისთვის საჭირო მოქმედებებისთვის (თბილისის მერიისადმი მიწების გაცვლის მოთხოვნით მიმართვა). ამავე გადაწყვეტილებით ნება დაერთო თ.ხ–ს, გამოესყიდა დანარჩენი პარტნიორებისგან პარტნიორთა წილი არაუგვიანეს 2021 წლის 10 სექტემბრისა და გამხდარიყო საზოგადოებაში პარტნიორთა წილის 100%-იანი მფლობელი. ამავე თარიღში პარტნიორთა შეთანხმების საფუძველზე დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანიის კუთვნილი მიწა (საკადასტრო კოდი .......) 2021 წლის 10 სექტემბრამდე გადაიცვლებოდა ქ. თბილისის მერიის მიწის ნაკვეთში, თ.ხ–ს უფლება ექნებოდა 2021 წლის 11 სექტემბრამდე ნებისმიერ დღეს მოეთხოვა გ. ა–ისგან და გ.მ–ძისგან მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში საზოგადოებაში კუთვნილი წილის დათმობა.

30. ვინაიდან, შეთანხმებით დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა საზოგადოების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩანაცვლება და შესაბამისად, თ.ხ–ის მიერ დანარჩენი პარტნიორებისგან წილების გამოსყიდვა, 2021 წლის 30 აგვისტოს გაიმართა შპს „მ.გ–ის“ პარტნიორთა საერთო კრება იმავე დღის წესრიგით. ოღონდ, ამჯერად, თ.ხ–ს დანარჩენი პარტნიორებისგან წილების გამოსყიდვის უფლება მიენიჭა არაუგვიენს 2022 წლის 10 აპრილისა. ამავე თარიღში პარტნიორთა შეთანხმების საფუძველზე დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანიის კუთვნილი მიწა (საკადასტრო კოდი 01.12.01.004.037) გადაიცვლებოდა ქ. თბილისის მერიის მიწის ნაკვეთში, თ.ხ–ს უფლება ექნებოდა 2022 წლის 1 აპრილამდე ნებისმიერ დღეს მოეთხოვა გ. ა–ისგან და გ.მ–ძისგან მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში საზოგადოებაში კუთვნილი წილის დათმობა.

31. შპს „მ.გ–ის“ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ქ. თბილისში, .......... არსებული 10327 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 (საკადასტრო კოდი N..........)) გაცვლა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ქონებაში (ქალაქ თბილისში, ........; დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის მიმდებარედ არსებულ 7000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N..........)) განხორციელდა 2021 წლის 25 ოქტომბერს. 2021 წლის 28 ოქტომბერს კი შპს „მ.გ–ის“ პარტნიორების მიერ მოწონებულ იქნა აღნიშნული პრივატიზაციის ხელშეკრულება.

32. რამდენადაც 2021 წლის ოქტომბრამდე ვერ განხორციელდა მიწების გაცვლა და თ.ხ–ის მიერ დანარჩენი პარტნიორების კუთვნილი წილების გამოსყიდვა, 2022 წლის 20 აპრილს, შპს „მ.გ–ის“ პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაიცა თანხმობა საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რვასართულიანი სახლების ასაშენებლად. საზოგადოებას დაუყოვნებლივ უნდა მიემართა თანხმობის მისაღებად აშშ-ის საელჩოსთვის და ასეთი თანხმობის მიღების შემთხვევაში, არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივლისისა, უნდა ატვირთულიყო შესაბამისი დოკუმენტაცია განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დასამტკიცებლად მერიის შესაბამისი სამსახურის ინტერნეტ პორტალზე. ხოლო, თ.ხ–ს დანარჩენი პარტნიორებისგან წილების გამოსყიდვის უფლება მიენიჭა არაუგვიანეს 2022 წლის 10 აგვისტოსი. ამავე თარიღში პარტნიორთა შეთანხმების საფუძველზე დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანიის კუთვნილ მიწაზე (საკადასტრო კოდი .......) კომპანია მიიღებდა აშშ-ს საელჩოდან თანხმობას 8 სართულიანი სახლების აშენებაზე, რაც 2020 წლის 30 აპრილამდე, განაშენიანების რეგულაციის გეგმის დასამტკიცებლად, სხვა აუცილებელ საბუთებთან ერთად აიტვირთებოდა თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის ინტერნეტ პორტალზე, თ.ხ–ს უფლება ექნებოდა 2022 წლის 20 ივლისამდე ნებისმიერ დღეს მოეთხოვა გ. ა–ისგან და გ.მ–ძისგან მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში საზოგადოებაში კუთვნილი წილის დათმობა. შეთანხმების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი ხელმოწერიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ მიიღებდა აშშ-ს საელჩოდან შესაბამის თანხმობას და ვერ აიტვირთებოდა მოთხოვნა გრგ-ს დასამტკიცებლად 2022 წლის 30 აპრილამდე, ხელშეკრულების მოქმედება შეწყდებოდა 2022 წლის 1 მაისს.

33. აშშ-ის საელჩომ ამგვარი თანხმობა გასცა 2022 წლის 11 აპრილს. ხოლო, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 ოქტომბრის N545 განკარგულებით დამტკიცებულ იქნა ქალაქ თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: N..........; N.........., N.......... ) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი.

34. თ.ხ–ის მიერ პარტნიორთა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, ერთ შემთხვევაში, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებით დადგენილ ვადაში ატვირთვისა და შპს „მ.გ–ის“ დანარჩენი პარტნიორებისგან წილების გამოსყიდვის თაობაზე, არ შესრულებულა. თუმცა, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ვალდებულება არ შესრულებულა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.

35. სასარჩელო მოთხოვნა

35.1. თ.ხ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე შპს „მ.გ–ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 3 400 000 აშშ დოლარის დაკისრება.

35.2. მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 21 ნოემბრიდან შპს ,,მ.გ–ის’’ საკუთრებაში ირიცხებოდა უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი .........., ს/კ: .......... აღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება 2021 წლის სექტემბრისთვის შეადგენდა 1 000 000 აშშ დოლარს. უძრავი ქონება ს/კ: ........... წარმოადგენდა ფეხბურთის სტადიონს, იყო სარეკრეაციო ზონა, შესაბამისად მასზე რაიმე სახის ინვესტიციის ან მომგებიანი პროექტის წარმოება არ ხორციელდებოდა.

35.3. 2021 წლის 27 მაისს პარტნიორთა კრებაზე, თ.ხ–მა განაცხადა, რომ სურდა სამშენებლო ბიზნესში ჩართვა, რაც დანარჩენმა პარტნიორებმა სარისკოდ ჩათვალეს და უარი განაცხადეს მონაწილეობაზე. თუმცა, 2021 წლის 27 მაისს მოსარჩელესა და მოპასუხე კომპანიის სხვა პარტნიორებს შორის შედგა წილის ნასყიდობის წინარე შეთანხმება, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ თ.ხ–ი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ქ. თბილისის მერიასთან და ქ. თბილისის მერია დათანხმდებოდა მიწის ნაკვეთის შეცვლას, შპს ,,მ.გ–ის’’ პარტნიორები წილებს 500 000 (250-250 ათასი) აშშ დოლარის სანაცვლოდ დაუთმობდნენ თ.ხ–ს, ვინაიდან, მათთვის არ იყო მნიშვნელოვანი სამშენებლო ბიზნესში ჩართვა და მეტიც, სარისკოდ მიიჩნიეს აღნიშნული.

35.4. 2021 წლის 25 ოქტომბრის უძრავი ქონების გაცვლის ფორმით პრივატიზების ხელშეკრულების შესაბამისად, უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, გურამიშვილის გამზ. 72ა, ს/კ:01.12.01.004.037 - გაიცვალა უძრავ ნივთში, მდებარე - ქალაქი თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა; ქალაქი თბილისი, ..............., მიმდებარედ (ნაკვეთი 09/177), ს/კ: 01.72.14.009.659.

35.5. მიწის ნაკვეთზე თ.ხ–მა შპს ,,მ.გ–თან’’ შეთანხმების შესაბამისად, მოიპოვა თანხმობა აშშ-ს საელჩოდან, რომელიც მომიჯნავეა მოცემული უძრავი ნივთის, 8 სართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ საკუთარი ხარჯით (15 535 ლარი შეიტანა კომპანიის ანგარიშზე ამ მიზნით) დაიქირავა არქიტექტორები და მათთან აწარმოა მოლაპარაკებები მოცემულ უძრავ ნივთზე მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის. 2022 წლის 7 ოქტომბერს თ.ხ–ის განცხადების საფუძველზე დამტკიცდა უძრავ ნივთზე ს/კ: .......... კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი, მოსარჩელის მიერ გაცვლილი, მოპოვებული მშენებლობის ნებართვის საფუძველზე უძრავი ნივთის ღირებულება გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა სამეწარმეო საზოგადოების ღირებულება. უძრავი ნივთის, მდებარე - ქ. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ს/კ .......... ღირებულებამ შეადგინა - 2 525 000 აშშ დოლარი.

35.6. მას შემდეგ, რაც პარტნიორებმა ქონების ამჟამინდელი ღირებულება შეიტყვეს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თ.ხ–ის მიერ მიწების გაცვლის შედეგად იქნა გაუმჯობესებული, გააუქმეს თ.ხ–თან გაფორმებული შეთანხმებები წილების ნასყიდობის შესახებ და მიმართეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მოპასუხე კომპანიის წილებზე შეზღუდვების მოხსნის თხოვნით, გაუუქმეს მინდობილობა არქიტექტორს, რომელიც პროექტზე მუშაობდა, ცდილობდნენ მშენებლობის პროცესის შეფერხებას. შპს „მ.გ–ის“ პარტნიორებმა თენგიზ ხ–ისგან წილების ნასყიდობის საფასურის მიღებაზე უარი განაცხადეს და ცდილობენ მათი პარტნიორის საქმიანობით მიღებული სარგებლით უსაფუძვლო გამდიდრებას.

35.7. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, პირობების შესრულებისთვის ყველა საჭირო თანხას, მათ შორის მიწების გაცვლის ხარჯებს, ასევე გრგ-ს თუ სხვა საპროექტო დოკუმენტაციის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების გაღება დაეკისრა მოსარჩელე თ.ხ–ს, რომელმაც გაიღო კიდეც ზემოაღნიშნული ხარჯები. მოპასუხის ქონების ღირებულება თ.ხ–თან წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებიდან გამომდინარე, გაიზარდა 1 525 000 აშშ დოლარით. მოსარჩელემ 2021 წლის შეთანხმებითა და მასში განხორციელებული ყველა ცვლილებით ნაკისრი ვალდებულება სრულად შეასრულა, თუმცა შპს „მ.გ–მა“ წილების გაყიდვაზე უარი განაცხადა.

35.8. უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ..........., ს/კ: ............. ღირებულება გარიგების დადებამდე - 2021 წლის სექტემბრისთვის შეადგენდა 1 000 000 აშშ დოლარს, ხოლო ზემოაღნიშნული ქონების სანაცვლოდ შპს ,,მ.გ–ის’’ მიერ მიღებული უძრავი ნივთის - ქალაქი თბილისი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, მიმდებარედ (ნაკვეთი 09/177), ს/კ: 01.72.14.009.659 ღირებულება შეადგენს - 2 525 000 აშშ დოლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის ქონების ღირებულება მოსარჩელის მიერ 1 525 000 აშშ დოლარით (2 525 000-1 000 000) გაიზარდა.

35.9. შპს ,,მ.გ–ის’’ პარტნიორებს (მოსარჩელის გარდა) რაიმე სახის ხარჯის გაღება არ სურთ. მათ ამ ხნის განმავლობაში კომპანიის ინტერესებისთვის ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამთ. მეტიც, მათ სურთ, რომ თ.ხ–ის დაწყებული საქმე ყველა მომსახურე პირმა უფასოდ შეუსრულოს, ან გაურკვეველი ვადით გადაუვადონ.

35.10. 02.05.2023 წელს თ.ხ–მა, შპს ,,მ.გ–ის’’ პარტნიორების გარეშე, პირადად იკისრა პასუხისმგებლობა შპს ,,კ....’’-სთან და მათ შეუთანხმდა, რომ გაეგრძელებინათ შპს ,,მ.გ–თან’’ მომსახურების ხელშეკრულება იმ პირობით, რასაც ისინი სთავაზობდნენ, მაგრამ მათ არ მოუწევდათ არცერთი სასამართლო დავის დასრულების ლოდინი და ის პირადად კისრულობდა ვალდებულებას შპს ,,კ...’’- ისთვის გადაეხადა მომსახურების დარჩენილი საფასური, მას შემდეგ, რაც შემსრულებელი მოამზადებდა და შესათანხმებლად წარადგენდა ქ. თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებას და განაშენიანების რეგულირების გეგმას, რომ არ შეფერხებულიყო განაშენიანების გეგმის გეგმარებითი დავალების წარდგენა ქ. თბილისის მერიაში და არ ეზარალა კომპანიას. შპს ,,კ....’’- მა ამის შემდგომ გააფორმა ხელშეკრულება შპს ,,მ.გ–თან’’. შემსრულებელმა ზემოაღნიშნული დავალება უკვე შეასრულა და თ.ხ–მაც შეთანხმებისამებრ, 11.09.2023 წელს შპს ,,კ’’-ს გადაუხადა 10 000 აშშ დოლარი.

35.11. მითითებული დავალების შესრულების შემდეგ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების ღირებულება გაიზარდა, კერძოდ, შპს ,,ა–ის’’ დასკვნის თანახმად, უძრავი ქონების, საკ. კოდით: ........ ღირებულება განისაზღვრა 4 400 000 აშშ დოლარით.

36. მოპასუხის შესაგებელი

36.1. მოპასუხე შპს „მ.გ–მა’’ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და შედავება დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

36.2. მოპასუხის განმარტებით, როდესაც მოსარჩელე მონაწილეობას იღებდა კომპანიის საკუთრებაში არსებული თავდაპირველი მიწის ნაკვეთის ახლით ჩანაცვლების პროცესში, იგი ასრულებდა საზოგადოების პარტნიორის მოვალეობას, რომელიც თავადვე იკისრა 2021 წლის 27 მაისს, ამავე წლის 30 აგვისტოსა და 2022 წლის 20 აპრილს გამართულ პარტნიორთა საერთო კრებებზე. უფრო კონკრეტულად, 2021 წლის 27 მაისს გამართულ საზოგადოების პარტნიორთა საერთო კრებაზე კომპანიის პარტნიორებს შორის შეთანხმდა მოსარჩელის მიერ შეთავაზებული ოფცია, კერძოდ, გ.მ–ძე და გ. ა–ი დაუთმობდნენ მოსარჩელეს საკუთარ წილებს კომპანიის კაპიტალში, თუკი (ა) არაუგვიანეს 2021 წლის 10 სექტემბრამდე თავდაპირველი მიწის ნაკვეთი გადაიცვლებოდა მერიის სხვა მიწის ნაკვეთში; (ბ) არაუგვიანეს 2021 წლის 11 სექტემბრისა მოსარჩელე საზოგადოების დარჩენილ პარტნიორებს მოთხოვდა წილის დათმობას და თითოეულს წინასწარ გადაუხდიდა 250 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. აღნიშნული პირობები ზემოთ ხსენებულ ვადაში არ შესრულდა, თუმცა მათი შესრულებისათვის გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე, საზოგადოების პარტნიორები, 2021 წლის 30 აგვისტოს გამართულ პარტნიორთა კრებაზე დამატებით შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი თავდაპირველი მიწის ნაკვეთი გადაიცვლებოდა ახალში, მოსარჩელეს ექნებოდა უფლება, რომ არაუგვიანეს 2022 წლის 1 აპრილისა საზოგადოების დარჩენილი პარტნიორებისგან მოეთხოვა წილის დათმობა, თუკი: (ა) თითოეულს წინასწარ გადაუხდიდა 250 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში; და (ბ) თითოეულს გადასცემდა 80 კვ.მ ფართის ბინას თეთრი კარკასის მდგომარეობაში, ჩანაცვლებულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ პირველივე კორპუსში. საგულისხმოა ისიც, რომ ამ უკანასკნელი ვალდებულების (უძრავი ქონების გადაცემის) შესასრულებლად, გ.მ–ძის ან/და გ. ა–ის მოთხოვნის შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა ვალდებულების შესრულების უზრუნველმყოფი გარანტია.

36.3. ამ შემთხვევაშიც, მოსარჩელეს არ უსარგებლია საზოგადოების დარჩენილი პარტნიორების წილების გამოსყიდვის ოფციით, თუმცა, შემდგომშიც, დამატებით საზოგადოების 2022 წლის 20 აპრილის საერთო კრებაზე პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ გ.მ–ძე და გ. ა–ი მოსარჩელის სასარგებლოდ დათმობდნენ საკუთარ წილებს კომპანიის კაპიტალში თუკი: (ა) კომპანია მიიღებდა აშშ-ს საელჩოდან თანხმობას ახალ მიწის ნაკვეთზე 8 სართულიანი სახლების აშენებაზე, რაც, 2022 წლის 30 აპრილამდე, განაშენიანების რეგულაციის გეგმის დასამტკიცებლად საჭირო სხვა აუცილებელ საბუთებთან ერთად აიტვირთებოდა მერიის შესაბამისი სამსახურის ინტერნეტ პორტალზე, (ბ) არაუგვიანეს 2022 წლის 20 ივლისისა მოსარჩელე საზოგადოების დარჩენილ პარტნიორებს მოთხოვდა წილის დათმობას, (გ) მოსარჩელე საზოგადოების დარჩენილ პარტნიორებს წინასწარ გადაუხდიდა 250 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში და ასევე, იკისრებდა ვალდებულებას, რომ ახალ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელ პირველ კორპუსში თითოეულ მათგანს გადასცემდა 80 კვ.მ ფართის საცხოვრებელს თეთრი კარკასის მდგომარეობაში, და (დ) მოსარჩელე დარჩენილი პარტნიორების მოთხოვნის შემთხვევაში, უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულების უზრუნველსაყოფად წარმოადგენდა გ.მ–ძის და გ. ა–ის სასარგებლოდ გაცემულ გარანტიას.

36.4. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პირობები დათქმულ ვადაში შესრულდა, ხოლო სანაცვლოდ, გ.მ–ძემ ან/და გ. ა–მა არ შეასრულა საკუთარი ვალდებულება, რომ მოსარჩელისთვის წილი გადაეცა.

36.5. ფაქტია, რომ: (ა) 2022 წლის 30 აპრილამდე განაშენიანების რეგულაციის გეგმის დასამტკიცებლად საჭირო ყველა დოკუმენტი არ იქნა ატვირთული მერიის შესაბამისი სამსახურის ინტერნეტ პორტალზე; (ბ) 2022 წლის 20 ივლისამდე მოსარჩელეს საზოგადოების დარჩენილი პარტნიორებისთვის არ მოუთხოვია წილების დათმობა; (გ) მოსარჩელეს საზოგადოების დარჩენილი პარტნიორებისთვის წინასწარ არ გადაუხდია 250 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში და არ უკისრია წერილობითი ვალდებულება, რომ ახალი მიწის ნაკვეთზე ასაშენებელ პირველ კორპუსში გ.მ–ძეს და გ. ა–ს, თითოეულს, გადასცემდა 80 კვ.მ ფართის საცხოვრებელ ფართს თეთრი კარკასის მდგომარეობაში (შესაბამისად, დარჩენილ პარტნიორებს არც გარანტიის მოთხოვნის შესაძლებლობა ჰქონიათ). აქედან გამომდინარე, 2021 წლის 27 მაისის პარტნიორთა შეთანხმებამ, მასში შესული ყველა ცვლილების გათვალისწინებით, დაკარგა შესასრულებლად სავალდებულო ძალა იმ ნაწილში, რომელიც მოსარჩელეს აძლევდა გ. ა–ისა და გ.მ–ძის წილის გამოსყიდვის უფლებას. მიუხედავად ამისა, ეს არ ნიშნავს, რომ თავად 2021 წლის 27 მაისის პარტნიორთა შეთანხმება (ან შემდგომში დამატებით გაფორმებული შეთანხმებები) შეწყდა ab initio, რადგან ამ შეთანხმებათა პირობები არსად ახსენებენ, რომ მოსარჩელე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუწყობდა ხელს კომპანიას მიწის ნაკვეთის ჩანაცვლებაში, თუკი მას გარანტირებული ექნებოდა სხვა პარტნიორებისგან წილების გამოსყიდვა. მოსარჩელე თავადვე დათანხმდა გამოსყიდვის უფლების ვადაში შეზღუდვას, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ის, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი პარტნიორი და კომპანიის კაპიტალის 33%-იანი წილის მესაკუთრე, მაინც დარჩა იმ სარგებლის თანამეწილედ, რომელიც საზოგადოებამ მიიღო, უფრო სწორედ კი, შესაძლოა მიიღოს თავდაპირველი მიწის ნაკვეთის ახლით ჩანაცვლების შედეგად.

36.6. დღეის მდგომარეობით, სწორედ მოსარჩელე აბრკოლებს ხსენებული სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რადგან მის მიერ წინამდებარე საქმის წარმოების დაწყებითა და ახალ მიწის ნაკვეთზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გავრცელებით, მნიშვნელოვნად მცირდება შანსი, რომ პოტენციური ინვესტორი დაინტერესდეს მიწის ნაკვთზე პროექტის განხორციელებით, ან სულაც მისი შეძენით.

36.7. მოსარჩელე მოპასუხე კომპანიის სრულუფლებიანი პარტნიორია და ნებისმიერი მისი მოქმედება, რომელიც ეფუძნება პარტნიორთა შეთანხმებას და მოაქვს სარგებელი საზოგადოებისთვის, მისთვისაც საკუთარი წილის პროპორციული სარგებლის მომტანია.

36.8. მოსარჩელე საზოგადოების პარტნიორი გახდა 2009 წლის 23 იანვრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, როდესაც გ.მ–ძისგან კომპანიის კაპიტალში 33%- იანი წილი შეიძინა 544.5 ლარად.

36.9. მოპასუხის განმარტებით, 2021 წლის 27 მაისს პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღწეული შეთანხმება, არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მოსარჩელის ინიციატივით გადაიხედა კომპანიის აქტივების გამოყენების მიზნობრიობა. 2017 წლის 28 ივნისს საზოგადოების იურიდიულ მისამართზე გაიმართა პარტნიორთა საერთო კრება, სადაც სიტყვით გამოვიდა მოსარჩელე და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საკრედიტო ვალდებულებების გადაუხდელობის გამო, იმყოფებოდა რთულ ფინანსურ ვითარებაში და იდგა საცხოვრებლის დაკარგვის საშიშროების წინაშე. ამიტომ, ითხოვა, რომ კომპანიის პარტნიორებს განეხილათ საზოგადოების საკუთრებაში არსებული თავდაპირველი მიწის ნაკვეთის კომერციულად გამოყენების შესაძლებლობა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ვინაიდან თავდაპირველი მიწის ნაკვეთს რეკრეაციული ზონის ფუნქციური დანიშნულება ჰქონდა, იგი უზრუნველყოფდა ზონის შეცვლას იმგვარად, რომ ნაკვეთი სამშენებლო პროექტის განსახორციელებლად ვარგისი გამხდარიყო. ასეთ შემთხვევაში კი იარსებებდა ინვესტორების დაინტერესებაც.

36.10. მოსარჩელის წინადადების საფუძველზე, საზოგადოების პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ თუკი 2017 წლის 31 დეკემბრამდე, მოსარჩელისთვის შესაბამისი უფლებამოსილებების მიცემის გზით, მოხდებოდა თავდაპირველი მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის სტატუსის ცვლილება, მოსარჩელეს ექნებოდა უფლება, 2018 წლის 15 იანვრამდე დარჩენილი პარტნიორებისგან მოეთხოვა წილების გამოსყიდვა.

36.11. გ.მ–ძის შემთხვევაში, კომპანიის კაპიტალში მისი კუთვნილი 34%-იანი წილის გამოსყიდვის საფასურად განისაზღვრა 200 000 აშშ დოლარი და დამატებით, თეთრი კარკასის მდგომარეობაში 455 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი ფართი თავდაპირველი მიწის ნაკვეთზე ასაშენებელ შენობა-ნაგებობაში. ხოლო გ. ა–ის შემთხვევაში, კომპანიის კაპიტალში მისი კუთვნილი 33%-იანი წილის გამოსყიდვის საფასურად განისაზღვრა 241 000 აშშ დოლარი. ხსენებული წინაპირობების შესრულებისათვის დადგენილი ვადები უშედეგოდ გავიდა. ამასთან, ეს ვადები უშედეგოდ გახანგრძლივდა: (ა) 2018 წლის 09 იანვრის პარტნიორთა შეთანხმებით (2018 წლის 01 ივლისამდე) და (ბ) 2018 წლის 26 ივნისის პარტნიორთა შეთანხმებით (2018 წლის 20 ოქტომბრამდე). საბოლოოდ კი, ეს პროცესი დასრულდა 2021 წლის 27 მაისს, როდესაც მხარეებმა, დამატებითი შეთანხმებების საფუძველზე, გააუქმეს შესაბამისი ვალდებულებები, რათა, სანაცვლოდ შეთანხმებულიყვნენ ახალ პირობებზე, რომლებიც წინამდებარე სარჩელის დავის საგანი გახდა. ამდენად, გ.მ–ძემ და გ. ა–მა არაერთხელ დაუჭირეს მხარი მოსარჩელის ინიციატივებს და მზად იყვნენ, მასთან შეთანხმებული პირობებით, დაეთმოთ მისთვის საზოგადოების კაპიტალში არსებული წილები. პარტნიორთა ურთიერთობის არც ერთ ეტაპზე გ.მ–ძის ან/და გ. ა–ის მხრიდან არ ჰქონია ადგილი რაიმე ისეთ მოქმედებას, რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა მხარეთა შეთანხმებასთან ან კეთილსინდისიერების ზოგად პრინციპთან.

37. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.ხ–ის სარჩელი მოპასუხე შპს „მ.გ–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

38. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

39. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

40. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

40.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

40.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ თითქოს მხოლოდ მოსარჩელის მიერ განხორციელებულმა ქმედებამ განაპირობა შპს-ის ღირებულების გაზრდა. სხვა არც ერთ პარტნიორს ან დირექტორს განუხორციელებია ქმედება, რომელიც იგივე შედეგს დააყენებდა. თ.ხ–ის საბოლოო მიზანი წილების გამოსყიდვა იყო. ამ მიზნის გარეშე ის არ განახორციელებდა შესაბამის ქმედებებს.

40.3. მითითებულია, რომ 500 ლარად შეიძინა მოსარჩელემ კომპანიის წილი, თუმცა მოსარჩელის თანხებით შეისყიდა შპს-მ გაცვლამდე არსებული მიწის ნაკვეთი. ასევე დგინდება, რომ მოსარჩელემ 2022 წლის 8 აგვისტოს წილების გამოსყიდვა შესთავაზა პარტნიორებს, რაც ასევე დასტურდება როგორც მოწმეთა ჩვენებების, ისე დირექტორის მიერ. მოსარჩელეს 580 000 აშშ დოლარის დეპოზიტზე გაჩერების შემდგომ მას სასამართლო გადაწყვეტილება დასჭირდებოდა, რათა წილები მიეღო. მხოლოდ თანხის განთავსება არ იქნებოდა საკმარისი. შესაბამისად, დგინდება, რომ მოსარჩელე მზად იყო გამოესყიდა წილები, თუმცა პარტნიორებმა არ გადაუფორმეს წილები.

40.4. 2021 წილს აგვისტოში დაიდო ახალი შეთანხმება უძრავი ქონების გაცვლის შესახებ, რამაც შპს-ის ღირებულება გაზარდა. სწორედ ამ დროს დაეკარგათ პარტნიორებს ნდობა. უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებამდე კომპანია იყო 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონების მესაკუთრე, ხოლო ვალდებულებების შესრულების შემდგომ, ის გაიზარდა 4 400 000 აშშ დოლარამდე. ქონების გაზრდა მოსარჩელემ საკუთარი ქმედებებით შეძლო, მოპასუხეები კი ვერ შეძლებენ მიუთითონ თავიანთ ქმედებებზე, რომლებმაც ფასის ზრდა გამოიწვია.

40.5. მოპასუხეებს მოსარჩელის შეთავაზების მიღებით არანაირი ზიანი არ მიადგებოდათ. ის, რომ მოსარჩელეს პარტნიორების სანოტარო ბიუროში მისვლა და თანხის გადაცემისთანავე მათი ხელმოწერა ესაჭიროებოდა, შეუძლებელია გამართლდეს იმ გარემოებით, რომ პარტნიორებმა ჩათვალეს ტყუილად, ან იფიქრეს, რომ ვალდებულება შემდგომში მათ დაეკისრებოდათ, ამიტომ არ გამოცხადდნენ სანოტარო ბიუროში .

41. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

42. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:

43. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

45. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

46. საკასაციო პალატის განხილვის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის ის შედავება, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეებთან შეთანხმებული იყო კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დადება. ასევე, კასატორის მტკიცებით, მისი უშუალო საქმიანობით გაუმჯობესდა კომპანიის ქონებრივი მდგომარეობა, რამაც განაპირობა მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრება, რის გამოც მოითხოვა სასარჩელო 3 400 000 აშშ დოლარის დაკისრება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს სააპელაციო პალატის დასკვნები 2021 წლის 27 მაისისა და 30 აგვისტოს, 2022 წლის 20 აპრილის შპს ,,მ.გ–ის’’ პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებებთან და აღნიშნული კრების ოქმების საფუძველზე პარტნიორთა შორის დადებული შეთანხმებებით მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებებთან, ასევე უსაფუძვლო გამდიდრებასთან დაკავშირებით და იმსჯელოს მათი მართლზომიერების შესახებ.

47. მოწინააღმდეგე მხარის პოზიციით, რადგან თავად მოსარჩელე კომპანიის თანამეწილეა 33%-იანი შემადგენლობით, რომლის ინტერესიც კომპანიის 100%-იანი პარტნიორობა სურდა, კომპანიის სასარგებლო ქმედებები, რაც შესაძლოა მდგომარეობის გაუმჯობესებასაც გულისხმობს, უსაფუძვლო გამდიდრებად ვერ ჩაითვლება. ასევე, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების წინაპირობას წარმოადგენდა თ.ხ–ის მხრიდან შეთანხმებებით განსაზღვრულ ვადაში, შესაბამისი საპროექტო სამუშაოების განხორციელება და კომპანიის დანარჩენი პარტნიორებისათვის, შეთანხმებული წილის ღირებულების შეთავაზება, რაც მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებებით შეთანხმებულ ვადებში არ განხორციელებულა.

48. სსკ-ის 515-ე მუხლის თანახმად, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ, რომ მყიდველს ცალმხრივად აქვს უფლება, ესა თუ ის საგანი შეიძინოს განსაზღვრულ დრომდე ან განსაზღვრულ მოვლენამდე (შესყიდვის ოფცია), ანდა, იმავე პირობებში გამყიდველს უფლება აქვს, საგანი მყიდველს მიჰყიდოს (გაყიდვის ოფცია). ოფციის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ნასყიდობის ხელშეკრულების ნორმები, თუკი მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

49. ოფციის ხელშეკრულება დამოუკიდებელ სამართლებრივ ურთიერთობას წარმოადგენს, რომელსაც სპეციფიკური უფლება-მოვალეობები და რეგულირების საგანი გააჩნია. ოფციის ხელშეკრულება ორმხრივი გარიგებაა, რომლის საგანია მყიდველისათვის ან გამყიდველისათვის უფლების/ვალდებულების დადგენა, შეიძინოს ან გაასხვისოს კონკრეტული აქტივი, წინასწარ განსაზღვრულ დროს ან შეთანხმებული დროის მონაკვეთში, ანდა განსაზღვრული მოვლენის არსებობისას. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სსკ-ის 515-ე მუხლში ასახული ტერმინი ,,ცალმხრივად" არ გულისხმობს ხელშეკრულების ცალმხრივ ბუნებას, არამედ - ოფციონის მფლობელის შესაძლებლობას, ოფციის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების არსებობისას, ცალმხრივად განახორციელოს უფლებების რეალიზაცია. ოფციონის შემძენს ენიჭება უფლება, საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს, შეიძინოს თუ არა შეთანხმებული საგანი.

50. სსკ-ის 515-ე მუხლიც ოფციის ხელშეკრულების ორ სახეს განასხვავებს. კერძოდ, შესყიდვის ოფცია, რომელიც განსაზღვრავს მყიდველის უფლებას, და არა ვალდებულებას, შეიძინოს შეთანხმებული სიკეთე (call option). რაც შეეხება გამყიდველს, მისი სამართლებრივი მდგომარეობა ბოჭავს მას ვალდებულებით, ნების ცალმხრივი გამოვლინებისას, გააფორმოს მყიდველთან მისთვის სასურველი გარიგება. ოფციის ხელშეკრულების მეორე ფორმაა გაყიდვის ოფცია, რომელიც გულისხმობს მყიდველის ვალდებულებას, შეიძინოს აქტივები (put option). ოფციონის მფლობელი არ არის შებოჭილი არანაირი ვალდებულებით და ოფციის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების რეალიზაცია ცალმხრივად მის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში იმყოფება კონტრაქტის მეორე მხარე, რომელიც ვალდებულია, შეიძინოს ან გაასხვისოს აქტივი, თუ ოფციის მფლობელი გადაწყვეტს თავისი უფლების რეალიზაციას.

51. ოფციის ხელშეკრულებას, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი მხარისათვის სამომავლოდ ხელშეკრულების განსაზღვრული პირობებით დადების გარანტიას ქმნის, დამოუკიდებელი ეკონომიკური შინაარსიც გააჩნია: ოფცია, როგორც წესი, სასყიდლიანია, სადაც ოფციის შემძენი ვალდებულია, მინიჭებული უფლების სანაცვლოდ გადაუხადოს მეორე მხარეს შეთანხმებული პრემია. იმ შემთხვევაში, თუ ბენეფიციარი ოფციის ხელშეკრულების წინაპირობების დადგომისას არ გამოიყენებს ამ უფლებას, გადახდილი საზღაური დაბრუნებას არ ექვემდებარება.

52. ამდენად, მართალია ოფცია დამოუკიდებელი ხელშეკრულების სტატუსით არსებობს, თუმცა მის ობიექტს წარმოადგენს უფლება და არა კონკრეტული მატერიალიზირებული ქონებრივი სიკეთე ან მომსახურების სფერო. მიუხედავად იმისა, რომ სსკ-ის 515-ე მუხლი ოფციის ხელშეკრულების მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების რეგულაციების გამოყენების შესაძლებლობას განსაზღვრავს, მისი შინაარსი არ გულისხმობს ქონების უფლებრივ გადანაცვლებას, რაც მხარეთა საბოლოო მიზანს და გარიგების მატერიალურ ინტერესს წარმოადგენს, არამედ უფლების მინიჭებით უზრუნველყოფს შემდგომში ნასყიდობის ხელშეკრულების დადებას. (სუსგ. №ას-202-191-2017 27 სექტემბერი, 2017 წელი).

53. სსკ-ის 90-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ პირობითად ითვლება გარიგება, როდესაც იგი დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე იმით, რომ ან გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ან გარიგების შეწყვეტა – ამ მოვლენის დადგომისთანავე. გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა შეიძლება რამდენიმე პირობაზე იყოს დამოკიდებული. ეს პირობები შეიძლება იყოს როგორც კუმულატიური, ასევე ალტერნატიული. კუმულატიური პირობის დროს აუცილებელია ყველა იმ პირობის არსებობა, რომელიც მოთხოვნის უფლების წარმოშობის პირობად არის დასახელებული. ალტერნატიული პირობის შემთხვევაში გარიგების ნამდვილობისათვის საკმარისია ერთ-ერთი რომელიმე პირობის დადგომა. ამასთან, გარიგება პირობით დადებულად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, როცა მისი ნამდვილობა დამოკიდებულია სამომავლო და უცნობ მოვლენაზე, ე.ი. ისეთ მოვლენაზე, რომელიც მომავალში უნდა დადგეს, მაგრამ ჯერ კიდევ გაურკვეველია, დადგება თუ არა ეს მოვლენა სინამდვილეში. იურიდიულ ლიტერატურაში სამართლიანად არის აღნიშნული, რომ პირობის სამართლებრივი ინსტიტუტი კერძო ავტონომიის ღირსშესანიშნავი საშუალებაა. იგი გარიგების მხარეებს შესაძლებლობას აძლევს, ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადადონ იმით, რომ იგი დაუკავშირონ რაღაც მოვლენას, რომლის დადგომაში მეორე მხარეც იქნება დაინტერესებული (იხ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილი, თბ., 2011; შეად. სუსგ-ას N ას-N ას-1190-2021, 22.01.2022წ.).

54. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებით მხარეთა შორის განსაზღვრული ვადა და შეთანხმებული პირობა იმითაც ემსგავსება ერთმანეთს, რომ მათი მეშვეობით ხდება სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების დროში გაშლა. ამასთან, არც ვადა და არც პირობა არ განსაზღვრავს ხელშეკრულების კანონიერ ძალას (როდესაც პირობით გარიგებებზეა საუბარი, იგულისხმება სსკ-ის 90-98-ე მუხლებით გათვალისწინებული წესები და არა გარიგების ნამდვილობის პირობები). ეს ნიშნავს იმას, რომ ვალდებულება არსებობს მათგან დამოუკიდებლად: ვადა და პირობა განსაზღვრავს მხოლოდ ვალდებულების შესრულების მომენტს. გარიგების შედეგის დადგომის განმსაზღვრელი პირობა შეიძლება მხარეების მიერ ფორმულირებული იყოს როგორც პოზიტიურად (ე.ი. დადებითი შინაარსი), ისე ნეგატიურად (ე.ი. უარყოფითი შინაარსი). პირობის შინაარსი პოზიტიურია, თუკი გარიგების შედეგი დამოკიდებულია პირობის დადგომაზე. პირობის შინაარსი იქნება ნეგატიური, თუკი გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომა დამოკიდებულია იმაზე, რომ პირობა არ დადგეს. ( იხ. დამატებით: თ.ზარანდია, სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების ადგილი და ვადები, თბ., 2005, გვ. 37; იხ. სუსგ N ას-1190-2021, 22.01.2022წ.).

55. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შპს „მ.გ–ის“ 2021 წლის 27 მაისის პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეს მიენიჭა სხვა პარტნიორთა წილების გამოსყიდვის უფლება 2021 წლის 10 სექტემბრამდე. აღნიშნულის მისაღწევად, პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო მოსარჩელესთან, რომლის შესრულების ვადად 2021 წლის 15 სექტემბერი განისაზღვრა.

56. ასევე, დადგენილია, რომ 2021 წლის 27 მაისს თ.ხ–მა შპს „მ.გ–ის’’ დანარჩენ ორ პარტნიორთან გ. ა–თან და გ.მ–ძესთან დადო ორი დამოუკიდებელი (იდენტური შინაარსის) შეთანხმება - შპს ,,მ.გ–ის’’ წილების დათმობის დაპირების შესახებ, რომლის შესაბამისადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანიის კუთვნილი მიწა (ს/კ ............) 2021 წლის 10 სექტემბრამდე გადაიცვლებოდა ქ. თბილისის მერიის მიწის ნაკვეთში, თ. ხ–ს უფლება ექნებოდა 2021 წლის 11 სექტემბრამდე ნებისმიერ დღეს მოეთხოვა გ. ა–ისგან და გ. მ–ძისგან - 10 დღის ვადაში საზოგადოებაში კუთვნილი წილის დათმობა, ხოლო, გ. ა–ი და გ. მ–ძე თ. ხ–ს წინამდებარე შეთანხმებაზე თანდართული წილის გასხვისების ხელშეკრულების ფორმის (დანართი 1) საფუძველზე, დაუთმობდნენ საზოგადოებაში კუთვნილ წილებს. შეთანხმების მოქმედების ვადად განისაზღვრა - 2021 წლის 20 სექტემბრამდე პერიოდი.

57. 2021 წლის 30 აგვისტოს გაიმართა შპს „მ.გ–ის“ პარტნიორთა მორიგი საერთო კრება, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც გახანგრძლივდა თ.ხ–ისათვის მინიჭებული უფლება წილების გამოსყიდვასთან მიმართებით, კერძოდ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით საზოგადოების წარმომადგენლებს აეკრძალათ 2022 წლის 10 აპრილამდე საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით რაიმე სხვა გარიგებაზე, გარდა გადაწყვეტილებაში აღნიშნულისა და მასში გაცემული ნებართვით განსაზღვრულისა, მოლაპარაკებების წარმოება. ასევე, თ.ხ–ს მიენიჭა უფლება გამოესყიდა დანარჩენი პარტნიორებისგან პარტნიორთა წილი არაუგვიანეს 2022 წლის 10 აპრილისა და გამხდარიყო საზოგადოებაში პარტნიორთა წილის 100%-იანი მფლობელი. ამისათვის თ.ხ–სა და დანარჩენ ორ პარტნიორს შორის უნდა გაფორმებულიყო წილების ნასყიდობის ხელშეკრულება, ურთიერთშორის გაფორმებული წილების ნასყიდობის დაპირების ხელშეკრულების პირობების მიხედვით. პარტნიორებს შორის ოქმით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ვადად განისაზღვრა - 2022 წლის 10 აპრილამდე პერიოდი.

58. 2021 წლის 30 აგვისტოს თ.ხ–მა შპს ,,მ.გ–ის’’ დანარჩენ ორ პარტნიორთან გ. ა–თან და გ.მ–ძესთან დადო ორი დამოუკიდებელი (იდენტური შინაარსის) შეთანხმება - ,,შპს ,,მ.გ–ის’’ წილების დათმობის დაპირების 2021 წლის 27 მაისის შეთანხმების კორექტირების თაობაზე’’, რომლის შესაბამისადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანიის კუთვნილი მიწა (ს/კ: 01.12.01.004.037) გადაიცვლებოდა ქ. თბილისის მერიის მიწის ნაკვეთში, თ. ხ–ს უფლება ექნებოდა 2022 წლის 1 აპრილამდე ნებისმიერ დღეს მოეთხოვა გ. ა–ისგან და გ. მ–ძისგან - 10 დღის ვადაში საზოგადოებაში კუთვნილი წილის დათმობა. შეთანხმების მოქმედების ვადად განისაზღვრა - 2022 წლის 20 აპრილამდე პერიოდი.

59. ზემოაღნიშნული პარტნიორთა საერთო კრებებისა და მათ საფუძველზე დადებული შეთანხმებებით განსაზღვრული ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის საფუძვლით, 2022 წლის 20 აპრილს დამატებით გაიმართა შპს ,,მ.გ–ის’’ პარტნიორთა საერთო კრება, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებითაც დამატებით გახანგრძლივდა თ.ხ–ისათვის მინიჭებული უფლებამოსილება წილების გამოსყიდვასთან მიმართებით, კერძოდ საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით: საზოგადოების წარმომადგენლებს აეკრძალათ 2022 წლის 1 აგვისტომდე საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით რაიმე სხვა გარიგებაზე, გარდა გადაწყვეტილებაში აღნიშნულისა და მასში გაცემული ნებართვით განსაზღვრულისა, მოლაპარაკებების წარმოება. ნება დაერთო პარტნიორ თ.ხ–ს, გამოესყიდა დანარჩენი პარტნიორებისგან პარტნიორთა წილი არაუგვიანეს 2022 წლის 10 აგვისტოსი და გამხდარიყო საზოგადოებაში პარტნიორთა წილის 100%-იანი მფლობელი. ამისათვის თ. ხ–სა და დანარჩენ ორ პარტნიორს შორის უნდა გაფორმებულიყო წილების ნასყიდობის ხელშეკრულება, ურთიერთშორის გაფორმებული წილების ნასყიდობის დაპირების ხელშეკრულების პირობების მიხედვით. პარტნიორებს შორის ოქმით დადგენილი ვალდებულებების შესრულების ვადად განისაზღვრა - 2022 წლის 10 აგვისტომდე პერიოდი.

60. აღნიშნული კრების ოქმის საფუძველზე, 2022 წლის 20 აპრილს თ.ხ–მა შპს „მ.გ–ის’’ დანარჩენ ორ პარტნიორთან გ. ა–თან და გ.მ–ძესთან დადო ორი დამოუკიდებელი (იდენტური შინაარსის) შეთანხმება - შპს „მ.გ–ის’’ წილების დათმობის დაპირების 2021 წლის 27 მაისის და 30 აგვისტოს შეთანხმების კორექტირების თაობაზე’’, რომლის შესაბამისადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანიის კუთვნილ მიწაზე (საკადასტრო კოდი .........) კომპანია მიიღებდა აშშ-ს საელჩოდან თანხმობას 8 სართულიანი სახლების აშენებაზე, რაც 2022 წლის 30 აპრილამდე, განაშენიანების რეგულაციის გეგმის დასამტკიცებლად, სხვა აუცილებელ საბუთებთან ერთად აიტვირთებოდა თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის ინტერნეტ პორტალზე, თ. ხ–ს უფლება ექნებოდა 2022 წლის 20 ივლისამდე ნებისმიერ დღეს მოეთხოვა გ. ა–ისგან და გ. მ–ძისგან მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში საზოგადოებაში კუთვნილი წილის დათმობა. შეთანხმების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2022 წლის 1 აგვისტომდე პერიოდი. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ მიიღებდა აშშ-ს საელჩოდან შესაბამის თანხმობას და ვერ აიტვირთებოდა მოთხოვნა გრგ-ს დასამტკიცებლად 2022 წლის 30 აპრილამდე, ხელშეკრულების მოქმედება შეწყდებოდა 2022 წლის 1 მაისს.

61. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ხ–ს წილების გამოსყიდვის უფლება მინიჭებული ჰქონდა - 2022 წლის 10 აგვისტომდე ვადით და აპელირება კონკრეტული ვადის არ არსებობასთან მიმართებით, პალატის მოსაზრებით დაუსაბუთებელია, რადგანაც მხარეთა შორის არსებული ხანგრძლივი მოლაპარაკებების/შეთანხმებების შესაბამისად, ცალსახად დგინდება, რომ თ.ხ–ს განსაზღვრული ვადით და პირობებით ენიჭებოდა უფლება გამოესყიდა დანარჩენი პარტნიორების კუთვნილი წილი.

62. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სახელშეკრულებო პირობათა მოწესრიგების სპეციფიკის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ დასახელებულ შეთანხმებათა ( 2021 წლის 27 მაისის, 2021 წლის 30 აგვისტოს და 2022 წლის 20 აპრილის) დანართების მე-3 პუნქტი არ წარმოადგენს წინარე სახელშეკრულებო ურთიერთობის კონტექსტში მოქმედ ვადებს, არამედ ისაა ნასყიდობის დადების ეტაპისთვის წარმოშობილი ვალდებულებების ვადები. აქედან გამომდინარე, წილების დათმობასთან დაკავშირებული მხარეთა ნება შეზღუდული იყო კონკრეტული დროით, რომლის ვადაშიც ჰქონდა მოსარჩელეს წილების გადაცემის შესახებ მოთხოვნის წაყენების უფლება.

63. რაც შეეხება მოსარჩელის სასარგებლოდ სახელშეკრულებო მოთხოვნათა წარმოშობის სამართლებრივ მოწესრიგებას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

64. დადგენილია, რომ 2021 წლის 27 მაისს შპს ,,მ.გ–ის’’ პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაიცა თანხმობა საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთის ჩანაცვლებისთვის საჭირო მოქმედებებისთვის (თბილისის მერიისადმი მიწების გაცვლის მოთხოვნით მიმართვა). ამავე გადაწყვეტილებით თ.ხ–ს მიენიჭა უფლება გამოესყიდა დანარჩენი პარტნიორებისგან წილები არაუგვიანეს 2021 წლის 10 სექტემბრისა და გამხდარიყო საზოგადოებაში პარტნიორთა წილის 100%-იანი მფლობელი. ამავე თარიღში პარტნიორთა შეთანხმების საფუძველზე დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანიის კუთვნილი მიწა (საკადასტრო კოდი .........) 2021 წლის 10 სექტემბრამდე გადაიცვლებოდა ქ. თბილისის მერიის მიწის ნაკვეთში, თ.ხ–ს უფლება ექნებოდა 2021 წლის 11 სექტემბრამდე ნებისმიერ დღეს მოეთხოვა გ. ა–ისგან და გ.მ–ძისგან 10 დღის ვადაში საზოგადოებაში კუთვნილი წილის დათმობა.

65. შეთანხმებით დადგენილ ვადებში ვერ მოხერხდა საზოგადოების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჩანაცვლება და შესაბამისად, თ.ხ–ის მიერ დანარჩენი პარტნიორებისგან წილების გამოსყიდვა, 2021 წლის 30 აგვისტოს გაიმართა შპს „მ.გ–ის“ პარტნიორთა მორიგი საერთო კრება იმავე დღის წესრიგით. თ.ხ–ს დანარჩენი პარტნიორებისგან წილების გამოსყიდვის უფლება მიენიჭა არაუგვიანეს 2022 წლის 10 აპრილისა. ამავე თარიღში პარტნიორთა შეთანხმების საფუძველზე დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში თუ კომპანიის კუთვნილი მიწა (საკადასტრო კოდი ............) გადაიცვლებოდა ქ. თბილისის მერიის მიწის ნაკვეთში, თ.ხ–ს უფლება ექნებოდა 2022 წლის 1 აპრილამდე ნებისმიერ დღეს მოეთხოვა გ. ა–ისგან და გ.მ–ძისგან მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში საზოგადოებაში კუთვნილი წილის დათმობა.

66. დადგენილია, რომ შპს „მ.გ–ის“ საკუთრებაში არსებული N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (მდებარე: ქ. თბილისი, ............, 10327 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1) გაიცვალა N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ქონებაში (მდებარე: ქ. თბილისი, ............; დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის მიმდებარედ არსებული 7 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი) 2021 წლის 25 ოქტომბერს. შპს „მ.გ–ის“ პარტნიორების მიერ 2021 წლის 28 ოქტომბერს მოწონებულ იქნა აღნიშნული პრივატიზაციის ხელშეკრულება.

67. რამდენადაც 2021 წლის ოქტომბრამდე ვერ განხორციელდა მიწების გაცვლა და თ.ხ–ის მიერ დანარჩენი პარტნიორების კუთვნილი წილების გამოსყიდვა, 2022 წლის 20 აპრილს, შპს „მ.გ–ის“ პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით გაიცა თანხმობა საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რვასართულიანი სახლების ასაშენებლად. საზოგადოებას დაუყოვნებლივ უნდა მიემართა თანხმობის მისაღებად აშშ-ის საელჩოსთვის და ასეთი თანხმობის მიღების შემთხვევაში, არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივლისისა, უნდა ატვირთულიყო შესაბამისი დოკუმენტაცია განაშენიანების რეგულირების გეგმის (გრგ) დასამტკიცებლად მერიის შესაბამისი სამსახურის ინტერნეტ პორტალზე. ხოლო, თ.ხ–ს დანარჩენი პარტნიორებისგან წილების გამოსყიდვის უფლება მიენიჭა არაუგვიანეს 2022 წლის 10 აგვისტოსი.

68. დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის კუთვნილ მიწაზე (საკადასტრო კოდი .........) კომპანია მიიღებდა აშშ-ს საელჩოდან თანხმობას 8 სართულიანი სახლის აშენებაზე, რაც 2020 წლის 30 აპრილამდე, განაშენიანების რეგულაციის გეგმის დასამტკიცებლად, სხვა აუცილებელ საბუთებთან ერთად აიტვირთებოდა თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის ინტერნეტ პორტალზე, თ.ხ–ს უფლება ექნებოდა 2022 წლის 20 ივლისამდე ნებისმიერ დღეს მოეთხოვა გ. ა–ისგან და გ.მ–ძისგან 10 დღის ვადაში საზოგადოებაში კუთვნილი წილის დათმობა. შეთანხმების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი ხელმოწერიდან 2022 წლის 1 აგვისტომდე. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ვერ მიიღებდა აშშ-ს საელჩოდან შესაბამის თანხმობას და ვერ აიტვირთებოდა მოთხოვნა გრგ-ს დასამტკიცებლად 2022 წლის 30 აპრილამდე, ხელშეკრულების მოქმედება შეწყდებოდა 2022 წლის 1 მაისს.

69. დადგინდა, რომ აშშ-ის საელჩომ შესაბამისი თანხმობა გასცა 2022 წლის 11 აპრილს. ხოლო, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 7 ოქტომბრის N545 განკარგულებით დამტკიცებულ იქნა ქალაქ თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე (საკადასტრო კოდები: N..........; N..........., N..........) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტი.

70. ამავდროულად, სადავო არ არის ის გარემოება, რომ თ.ხ–ის მიერ პარტნიორთა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებით დადგენილ ვადაში ატვირთვისა და შპს „მ.გ–ის“ დანარჩენი პარტნიორებისგან წილების გამოსყიდვის თაობაზე, არ შესრულებულა. შესაბამისად, მოსარჩელემ შეთანხმებულ ვადებში ვერ უზრუნველყო წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება, რამაც თავის მხრივ გამორიცხა გ. ა–ისა და გ.მ–ძის შემხვედრი ვალდებულება კუთვნილი წილების დათმობასთან მიმართებით. ვალდებულების შეუსრულებლობა კი სსკ-ის მე-400 მუხლის თანახმად კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

71. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია აღინიშნოს მოსარჩელის მტკიცებაც, რომლის თანახმად თითქოს მისი ბრალეულობა გამოირიცხება. მისი მითითებით, გეგმარებითი დავალების პირველი ეტაპი ატვირთულ იქნა 2022 წლის აპრილის შეთანხმების შემდგომ. დავალების განხილვის ვადა არის 3 თვე. აღნიშნული ვადა არ იყო გასული იმ პერიოდისთვის, როდესაც მან შესთავაზა გ.მ–ძეს და გ. ა–ს წილების გამოსყიდვა. ამასთანავე, აპელანტის მითითებით, 3 თვეშიც ვერ მოხერხდა პირველი ეტაპის ატვირთვა, რამდენადაც აღნიშნული დამოკიდებული იყო მერიის თანხმობაზე. შესაბამისად, უნდა დადგინდეს სახეზეა თუ არა სსკ-ის 401-ე მუხლით განსაზღვრული ბრალეულობის გამორიცხვის საფუძველი, რომლის მიხედვითაც, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

72. იურიდიულ მეცნიერებაში აღიარებულია, რომ შეცვლილი გარემოებები ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში vis major) და შესრულების გართულების (Hardship) ორ ფუნდამენტურ, საბაზისო კონცეფციას აფუძნებს თანამდევი სამართლებრივი შედეგებით. კერძოდ, „შესრულების გართულება არსებობს მაშინ, როდესაც ხელშეკრულების დადების შემდგომ აღმოცენებული გარემოებების გავლენით ვალდებულების აღსრულება მოულოდნელად არაგონივრულად მძიმე ტვირთს აკისრებს მოვალეს. შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც მხარეთა ინტერესების უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა. ფორსმაჟორი (შესრულების არაბრალეული შეუძლებლობა) კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით წარმოიშობა, რომელიც თანამდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას მოიაზრებს“ (იხ. ჩიტაშვილი ნათია, სადისერტაციო ნაშრომი თემაზე „შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შესრულებასა და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე“, თბილისი, 2014, გვ.16-17)

73. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ არის დადასტურებული შესაბამისი სახის მტკიცებულებით ფაქტი დავალების მეორე ეტაპის ატვირთვის შესახებ. ასევე, კასატორის არგუმენტი, რომ მისი ვალდებულების შესრულება დამოკიდებული იყო ადმინისტრაციული ორგანოს ქმედებაზე, დაუსაბუთებელია და ვერ იქნება მიჩნეული შესრულების გართულების ან შეუძლებლობის საფუძვლად, რადგან 2021 წლის 27 მაისის შეთანხმებით, მხარეებმა მიწების გაცვლა და კორპუსის აშენება ადმინისტრციული ორგანოს გადაწყვეტილებას დაუკავშირეს. სახელშეკრულებო შესრულების ვადა ორჯერ გაგრძელდა. რაც შეეხება მოსარჩელის ვალდებულებას განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებისვის შესაბამისი დოკუმენტაციის მერიის პორტალზე ატვირთვის შესახებ, მან აღნიშნული ვალდებულება შეასრულა და შესაბამისად, საკუთარ თავზე აიღო ის რისკები, რაც ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობის მიღებას უკავშირდება. ასევე, მისი პასუხისმგებლობის საფუძველს ისიც წარმოადგენს, რომ მოსარჩელემ არ მიაწოდა ინფორმაცია მოპასუხეს შეთანხმებულ ვადებში დოკუმენტაციის ატვირთვის შესახებ, როგორც ვალდებულების დროული შესრულება. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ წილების გამოსყიდვის შესახებ შპს „მ.გ–ის“ პარტნიორების, მოპასუხეების ბრალეულობა გამოირიცხება.

74. ამავდროულად, დადგენილია, რომ რომ შპს „მ.გ–ის“ პარტნიორებმა საზოგადოების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე რვასართულიანი სახლების მშენებლობა დაუკავშირეს კონკრეტულ ვადაში მესამე პირების - აშშ-ს საელჩოდან თანხმობისა და ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას. ამასთან, შპს „მ.გ–ის“ პარტნიორებს გ.მ–ძესა და გ. ა–ს წილების თ.ხ–ზე გასხვისების ვალდებულება წარმოეშობოდათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე შეთანხმებით დადგენილ ვადებში მოიპოვებდა აშშ-ს საელჩოსგან თანხმობას და შესაბამის დოკუმენტაციას ატვირთავდა მერიის სამსახურის ინტერნეტ პორტალზე.

75. ასევე, უდავოა ისიც, რომ შეთანხმებით განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა და თ.ხ–მა ვერც შპს „მ.გ–ის“ წილების დათმობის დაპირების შეთანხმებით დადგენილი ვადაში - 2022 წლის 30 აპრილამდე და ვერც პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში - 2022 წლის 30 ივლისის ჩათვლით ვერ უზრუნველყო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის ინტერნეტ პორტალზე აშშ-ს საელჩოსგან მიღებული თანხმობის ატვირთვა განაშენიანების გეგმის დასამტკიცებლად აუცილებელ სხვა საბუთებთან ერთად, რაც გამორიცხავს გ.მ–ძისა და გ. ა–ის შემხვედრი ვალდებულების წარმოშობას - შპს „მ.გ–ში“ კუთვნილი წილების დათმობასთან მიმართებით.

76. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში არ შეასრულა სადავო მის მხარეს არსებული ვალდებულებები, რაც თავისთავად გამორიცხავს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის წარმატებულობას.

77. რაც შეეხება იმ შედავებას, რომელიც უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოითხოვს მოპასუხეებისთვის 3 400 000 აშშ დოლარის დაკისრებას, საკასაციო პალატა უთითებს შემდეგს:

78. 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში). პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო, მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით, დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნები) და სხვა) - (იხ. სუსგ-ები: Nას-774-723-2017, 11.10.2017 წ.; N ას-794-794-2018, 11.09.2018; N ას-1021-2019, 20.12.2019წ.; №ას-461-2023 21.07.2023წ.).

79. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით რეგულირებულია ე.წ. „შესრულების კონდიქცია“ და ამგვარი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელემ უნდა მიუთითოს სამართლებრივი სიკეთის გადაცემის ფაქტზე, ასევე მხარეთა შორის ვალდებულების არარსებობაზე (იხ. სუსგ №ას-653-621-2013, 27.04.2015 წ.). ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიურად, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის, გამოყენება ბოლოს უნდა განხორციელდეს ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან (იხ. სუსგ №ას-1249-1269-2011, 04.04.2012 წ). საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე”... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, რათა უზრუნველყოს არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღება და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემა. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია – ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (იხ. სუსგ N ას-390-390-2018, 15.05.2018 წ). „კონდიქციური ვალდებულების არსებობისას, არ გაითვალისწინება არც კონტრაჰენტის კეთილსინდისიერება და არც ბრალეულობა. ამ ვალდებულების მიზანი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადანაცვლებულ მატერიალურ/არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეთა ისე აღდგენაა, რომელიც იარსებებდა, რომ არ შექმნილიყო კონდიქციური ვალდებულების მახასიათებელი წინაპირობები. ქონებრივი წონასწორობის აღდგენის მიზნით, კანონი “განსაზღვრავს უსაფუძვლოდ გადაცემულის დაბრუნებას, რათა ხელი შეეწყოს სტაბილურ სამოქალაქო ბრუნვას და ბრუნვის მონაწილე რომელიმე მხარე იმგვარ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, რომელსაც სამართლებრივი წინაპირობები გამდიდრების ეტაპზე არ გააჩნია“ (ახალაძე მ., უსაფუძვლო გამდიდრება 2015-2018 წლის პირველი ნახევარი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამომცემლობა, თბილისი, 2019, 32 ).

80. უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების საფუძველზე ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა თუ არა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც, ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შემცირების ხარჯზე (სუსგ.: ას-920-870-2015, 09.06.2016 წ.). უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

81. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის შედავება გულისხმობს იმას, რომ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების მიზნით, მისი მხრიდან შპს „მ.გ–ის’’ სასარგებლოდ განხორციელებული ქმედებების შედეგად, კომპანიის აქტივი გაიზარდა 3 400 000 აშშ დოლარის ოდენობით. კერძოდ, კომპანიის სასარგებლოდ ქმედებები განხორციელდა მხოლოდ იმ მიზნით, რომ მის საკუთრებაში აღრიცხულიყო ამავე კომპანიის 100% წილი, რისი მიუღწევლობის გათვალისწინებითაც, კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს კომპანიის გამდიდრების ფაქტს და შესაბამისად მოითხოვს გაზრდილი აქტივის მოცულობის გათვალისწინებით, მოპასუხე კომპანიისათვის შესაბამისი თანხის დაკისრებას, გამდიდრების გათანაბრების საფუძვლით.

82. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ვერც წინამდებარე საკასაციო პრეტენზიას, რადგან როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხეები დასახელებულ შპს-ში არიან წილების თანამფლობელები. კერძოდ, თ.ხ–ისა და გ. ა–ის წილობრივი მონაწილეობა განსაზღვრულია 33-33%-ით, ხოლო გ.მ–ძის -34%-ით. აქედან გამომდინარე, თუ კი ის ქმედებები, რომელიც თითოეული პარტნიორის მიერ განხორციელდება და გაზრდის კომპანიის ღირებულებას, იგულისხმება, რომ თავისივე წილობრივი მაჩვენებლის საბაზრო ღირებულებასაც ზრდის, რადგან საწარმოს ღირებულების ზრდა პარტნიორის წილების ღირებულების ზრდის პროპორციულია. სწორედ ამიტომ, პარტნიორის მხრიდან საზოგადოების სასარგებლოდ საქმიანობა ავტომატურად თავად პარტნიორის სასარგებლო საქმიანობას გულისხმობს, რის გამოც უსაფუძვლო გამდიდრების არსებობა გამოირიცხება.

83. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

84. რაც შეეხება მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობას იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოს მიერ განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ.

85. მოცემულ საქმეში, შუამდგომლობის ავტორი საქმის განხილვის ყველა ეტაპზე - ყველა ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობდა, როგორც მოპასუხე და მოწინააღმდეგე მხარე. სარჩელი პირველივე ეტაპზე პირველი ინსტანციის სასამართლოშივე აღმოჩნდა წარუმატებელი, ისევე, როგორც სააპელაციო და საკასაციო საჩივრები.

86. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი ხარჯი ნაწილობრივ ექვემდებარება საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულ ხარჯს, რის გამოც, ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შპს „მ.გ–ის" შუამდგომლობა და თ.ხ–ს შპს „მ.გ–ის" სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 1000 ლარის გადახდა;

87. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო

კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „მ.გ–ის" შუამდგომლობა სასამართლოს გარეშე ხარჯების კასატორისთვის დაკისრების თაობაზე - თ.ხ–ს შპს „მ.გ–ის" სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით 1000 ლარის გადახდა;

3. თ.ხ–ს (პ.ნ. ...........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება N4953; გადახდის თარიღი: 26.11.2025) 6000 ლარის 70% - 4200 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი