დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-1232-2025 26 ნოემბერი, 2025 წელი,თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი (საარბიტრაჟო მოპასუხეები) - ც.მ–ი, ნ.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (საარბიტრაჟო მოსარჩელე) - სს „თ.ბ–ი“
გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტისა და 12 აგვისტოს განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
საჩივრის დავის საგანი - საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ც.მ–ისა (შემდეგში - პირველი საარბიტრაჟო მოპასუხე ან პირველი საჩივრის ავტორი) და ნ.ჩ–ის (შემდეგში - მეორე საარბიტრაჟო მოპასუხე ან მეორე საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ სს „თ.ბ–მა“ (შემდეგში - საარბიტრაჟო მოსარჩელე ან ბანკი) თბილისის სააპელაციო სასამართლოში განცხადება შეიტანა, რომლითაც საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შემდეგი ღონისძიების გამოყენება მოითხოვა:
- საარბიტრაჟო მოსარჩელის გარდა ყადაღა დადებოდა საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში საარბიტრაჟო მოპასუხეთა კუთვნილი სახსრების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 14 094.88 ლარისა. ამასთან, თუკი ანგარიშზე არსებული თანხის 50% ვერ უზრუნველყოფდა დაყადაღებული თანხის სრულად შევსებას, ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით საარბიტრაჟო მოპასუხეებს აკრძალვოდათ კუთვნილ ანგარიშებზე ყადაღის დადების შემდეგ ყოველთვიურად ჩარიცხული თანხიდან 210 ლარის განკარგვა, მაგრამ არა უმეტეს ჩარიცხული თანხის 50%-ისა, ჯამურად 14 094.88 ლარის შევსებამდე.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებით:
1.1. ხსენებული განცხადება დაკმაყოფილდა;
1.2. საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებაში, გარდა განმცხადებელი ბანკისა, ყადაღა დაედო საარბიტრაჟო მოპასუხეთა კუთვნილი სახსრების 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 14 094.88 ლარისა;
1.3. დადგინდა, რომ აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, თუკი ანგარიშზე არსებული თანხის 50% ვერ უზრუნველყოფდა დაყადაღებული თანხის სრულად შევსებას, მოპასუხეთა კუთვნილ ანგარიშებზე ყადაღის დადების შემდეგ ყოველთვიურად ჩარიცხული თანხიდან 210 ლარის განკარგვა ამ უკანასკნელებს აეკრძალებოდათ, თუმცა, არა უმეტეს - ჩარიცხული თანხის 50%-ისა, ჯამურად 14 094.88 ლარის შევსებამდე.
2. დასახელებულ განჩინებაზე მოპასუხეებმა საჩივარი წარადგინეს, რომლითაც ამ განჩინების გაუქმება მოითხოვეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 აგვისტოს განჩინებით: საარბიტრაჟო მოპასუხეთა საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
დადგინდა, რომ მოპასუხეთა მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გავრცელდეს მათ კუთვნილ ანგარიშებზე ჩარიცხულ სოციალური დახმარებისა და სახელმწიფო პენსიის (სოციალური პაკეტის) თანხაზე; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადმოეგზავნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. პირველ რიგში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებაზე:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 აგვისტოს განჩინება, რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეების საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დადგინდა, რომ მოპასუხეთა მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გავრცელდეს მათ კუთვნილ ანგარიშებზე ჩარიცხულ სოციალური დახმარებისა და სახელმწიფო პენსიის (სოციალური პაკეტის) თანხაზე - საარბიტრაჟო მოსარჩელეს (ბანკი) სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფაზე წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის კანონიერების კვლევა საკასაციო პალატის განხილვის საგანს არ წარმოადგენს.
რაც შეეხება საჩივრის დაუკმაყოფილებელ ნაწილს, ე.ი. იმ ნაწილს, რომლითაც საარბიტრაჟო მოპასუხეთა მიმართ სააპელაციო სასამართლომ საპროცესო უზრუნველყოფის ღონისძიება ნაწილობრივ გამოიყენა, სსსკ-ის 197.2 მუხლის დათქმიდან (თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში) გამომდინარე, დაუსაბუთებლობის გამო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადმოიგზავნა. აქედან გამომდინარე, პალატის განხილვის საგანი განჩინების სწორედ ეს ნაწილია.
5. საარბიტრაჟო სარჩელის აღძვრისას მისი უზრუნველყოფის წესს განსაზღვრავს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლი, რომელიც ადგენს მსგავს შემთხვევებში სსსკ-ის XXIII თავის გამოყენების შესაძლებლობას.
6. სსსკ-ის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სწრაფი და ეფექტური საპროცესოსამართლებრივი გარანტიაა.
სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, მისი მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა.
8. სამოქალაქო საქმეზე მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს წარმოადგენს, ამავე დროს, მართლმსაჯულების ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მექანიზმები, რომლებიც ემსახურება სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას, ასევე, ემსახურება უმნიშვნელოვანეს ლეგიტიმურ მიზანს - მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველყოფას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ და „შპს ტელეკომპანია საქართველო“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ).
9. კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015.).
მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ინტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მოპასუხის ინტერესებიც. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“ (სუსგ 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-114-107-2015.).
10. სსსკ-ის 198.1 მუხლის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე კოდექსის 198.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება შეიძლება იყოს ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა და ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან.
11. მოცემულ შემთხვევაში, საარბიტრაჟო სარჩელი, რომლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაც გასაჩივრებული განჩინებით დადგინდა, შემდეგი მოთხოვნებითაა აღძრული:
1). საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ საარბიტრაჟო მოპასუხეთათვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 11 912.72 ლარის (მათ შორის: კრედიტის თანხა - 8 082.09 ლარი, დარიცხული პროცენტი - 2 952.50 ლარი, კრედიტზე დარიცხული პირგასამტეხლო - 808.21 ლარი, დაზღვევის თანხა - 69.92 ლარი) დაკისრება.
2). 2025 წლის 26 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე საარბიტრაჟო მოპასუხეებისთვის მოსარჩელე ბანკის სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავლის - სესხის ძირითადი თანხის, 8 082.09 ლარის წლიური 27 პროცენტის დაკისრება, მაგრამ არა უმეტეს 2 182.16 ლარისა.
ამავდროულად, საარბიტრაჟო მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მის სასარგებლოდ საარბიტრაჟო მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ ჯამურად 332.64 ლარის ოდენობით საარბიტრაჟო მოსაკრებლის, 50 ლარის ოდენობით სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟისა და 160 ლარის ოდენობით აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის ანაზღაურება.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო პრეტენზიის დაკმაყოფილებისას გადაწყვეტილების აღსრულება, მოპასუხეთა მხრიდან თანხის ნებაყოფლობით გადახდაზე უარის შემთხვევაში, იძულებით აღსრულებაზე იქნება დამოკიდებული. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საარბიტრაჟო მოსარჩელის ზემოხსენებული ინტერესის დაცვას ადექვატურად უზრუნველყოფს სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც სწორედ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების გარანტიებს წარმოქმნის და ამ ნიშნით სამართლებრივად მართებულ, კანონიერ და პროპორციულ აკრძალვას წარმოადგენს.
13. საჩივრის ავტორთა უმთავრესი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ 2013 წლის 19 მარტიდან დღემდე ისინი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან დარეგისტრირებული და შესაბამის შემწეობას იღებენ, რის გამოც მათი ქონება ყადაღას არ უნდა დაექვემდებაროს. სწორედ იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის მხოლოდ 50%-ის განკარგვის შეზღუდვა, საარბიტრაჟო მოპასუხეებს, მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით ვერ უზრუნველყოფდა, 2025 წლის 22 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო სასამართლომ მათი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა; კერძოდ, დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გავრცელდეს მათ კუთვნილ ანგარიშებზე ჩარიცხულ სოციალური დახმარებისა და სახელმწიფო პენსიის (სოციალური პაკეტის) თანხაზე.
ხსენებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ მკაფიოდ განმარტა, რომ მოპასუხეებს უნდა შეეძლოთ განკარგონ სახელმწიფოს მიერ გაცემული მიზნობრივი დახმარების თანხები ან სახელმწიფო პენსია, რათა ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელი სახსრების გარეშე არ აღმოჩდნენ. აქედან გამომდინარე, საჩივრის ავტორების ზემომითითებული პრეტენზია გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულია და საჩივრის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობებს არ წარმოქმნის.
14. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 22 აგვისტოს განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც.მ–ისა და ნ.ჩ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 28 მარტისა და 2025 წლის 12 აგვისტოს განჩინებები;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
ბადრი შონია