დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-99-2026 04 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია
კასატორი – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ–ა ....“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში შპს „გ–ა ....-ის“ (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ, 20 311.67 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „გ–ა ....-ს“ შორის 2022 წლის 31 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №46 ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა 9 ლოკაციაზე სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლებთან ფერდსამაგრი ნაგებობის მშენებლობას. სატენდერო ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 406233.51 ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით. სამუშაოების შესრულება განისაზღვრა ოთხ ეტაპად, 40-40 დღით, პირველი ორი ეტაპისათვის უნდა შესრულებულიყო სამუშაოთა 20-20%, ბოლო ორი ეტაპი 30-30%. ხელშეკრულების დასრულების ვადად განისაზღრა 2022 წლის 10 ოქტომბერი, თუმცა მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულებაში რამდენიმეჯერ შევიდა ცვლილებები და საბოლოო თარიღად განისაზღვრა 2022 წლის 29 დეკემბერი.
6.2. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შპს „გ–ა ....-ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ყველა ეტაპზე ჩატარებულია ინსპექტირების ანგარიშები (ექსპერტიზა), რომლიც შესრულებულია შპს „ზ. და კ–იის“ აჭარის ფილიალის ინსპექტირების ორგანოს მიერ, ობიექტზე შესრულებული სამუშაოების, მათ შორის ფორმა N2-ის მიხედვით. ბოლო ანგარიში შედგენილია 2022 წლის 21 დეკემბერს, რომლის მიხედვითაც ინსპექტირების საგანია სამშენებლო ობიექტზე სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახების საცხოვრებელი სახლების მიმართ ფერდსამაგრი ნაგებობის მშენებლობა. ანგარიშების მიხედვით, შესრულებული სამუშაოები, მანქანა მექანიზმებისა და სამშენებლო მასალების ერთეული ფასები შესაბამისობაშია შპს „გ–ა ....-სა“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცისათან.
6.3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის 12 იანვრის №ბ.128.1282301216 ბრძანებით შეწყდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „გ–ა ....-ს“ შორის 2022 წლის 31 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №46 ხელშეკრულება. ბრძანების მიხედვით, ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის შპს „გ–ა ....-ს“ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ჩამოერთვა 24 000 ლარის ოდენობით.
6.4. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროსის 2023 წლის 25 იანვრის წერილით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერს ეცნობა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „გ–ა ....-ს“ შორის 2022 წლის 31 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №46 ხელშეკრულება შეწყვეტასთან დაკავშირებით, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, მის მიერ განხორცილდა პირგასამტეხლოს დაანგარიშება, რომელიც შეადგენს 20311.67 ლარს. ხელვაჩაურის მერიის 02/02/2023 წლის წერილით შპს „გ–ა ....-ს“ ეცნობა, რომ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო დაეკისრა და გადასახდელი აქვს პირგასამტეხლო 20311.67 ლარი.
6.5. დადგენილია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის საფუძველზე, 2023 წლის 16 თებერვალს სს „ს.ბ–ის“ მიერ ხელვაჩაურის მერიას შპს „გ–ა ....-ის“ საბანკო გარანტიიდან ჩაერიცხა საგარანტიო თანხა 20 400 ლარის ოდენობით.
6.6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხით შეასრულა, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებები იმის შესახებ, რომ პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალისთვის ცნობილია, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. განსახილველ შემთხვევაში კი მხარეები ხელშეკრულები 8.1. პუნქტით შეთანხმდნენ, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იქნებოდა ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის ან არასრულად შესრულების შედეგად მიყენებული ზარალი.
6.8. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების გამო საბანკო გარანტიის მიღებასთან ერთად, პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერების შესახებ. ვინაიდან, მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა არღვევს სამოქალაქო ბრუნვის კეთილსინდისიერების ფუნდამენტურ პრინციპს.
6.9. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებში პირგასამტეხლოს საკანონმდებლო რეგულაციის მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 2022 წლის 31 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №46 ხელშეკრულებით ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე. ვალდებულების ჯეროვნად შესრულება მოპასუხის მიერ უზრუნველყოფილი იქნა საბანკო გარანტიით.
6.10. პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, თუმცა, ისეთ ვითარებაში, როდესაც - მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების დარღვევის მოცულობა მცირეა (სამუშაო შესრულებულია, თუცა ვადადარღვევით), დარღვევის სიმძიმე უმნიშვნელოა და ვადაგადაცილებას კრედიტორისათვის რაიმე საფრთხის ან ზიანის გამომწვევი არ ყოფილა, როდესაც მოსარჩელე აღიარებს ვადაგადაცილების ფაქტს, ხოლო სახელშეკრულებო ვალდებულება შესრულებულია სრულად, რაზეც შემსყიდველს პრეტენზია არ განუცხადებია, იმის გათვალისწინებით, რომდამკვეთის მიერ მიღებული იყო საბანკო გარანტიის თანხა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამატებით პირგასამტეხლოს დაკისრება არამართლზომიერი იქნებოდა.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 09 ოქტომბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლო ჩაერია სამოქალაქო სამართალში არსებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპში. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველსა და წესზე.
8.2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც მოქმედებს მუნიციპალიტეტისა და მისი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. სამუშაოების ვადაგადაცილებითა და შეუსრულებლობით ზიანდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჯარო ინტერესი.
8.3. საგარანტიო თანხის მიღება მიზნად ისახავდა არასრულად შესრულებული სამუშაოების საგნის, ხელშეკრულების ძირითადი ობიექტის მიუღებლობის ანაზღაურებას და კავშირში არ იყო ვადაგადაცილების საფუძველზე პირგასამტეხლოდ დაკისრებასთან.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 02 თებერვლის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მიერ მიღწეული იქნა შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
17. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესრულების ვალდებულება პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას, წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
18. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო (იხ. სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25.05.2010 წ.).
19. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელეს საბანკო გარანტია გამოთხოვილი აქვს და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, პირგასამტეხლოს სახით დარიცხული თანხის ანაზღაურებას ითხოვს, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ საბანკო გარანტია და პირგასამტეხლო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებებია და მხარეებს, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის, ხელშეკრულებით შეუძლიათ გაითვალისწინონ ორივე ინსტრუმენტი.
20. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირგასამტეხლო და საბანკო გარანტია ორი დამოუკიდებელი სამართლებრივი ინსტრუმენტია და როდესაც ვალდებულების დარღვევა უზრუნველყოფილია ორი დამოუკიდებელი საშუალებით, პირგასამტეხლოთი (სსკ-ის 417-420-ე მუხლებით) და საბანკო გარანტიით (სსკ-ის 879-890-ე მუხლებით) და არც ერთი მათგანის ნამდვილობა სადავო არაა, გარანტისათვის ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილება პირგასამტეხლოს დაკისრებას არ გამორიცხავს (შდრ: სუსგ №ას-1681-2018, 01 მარტი, 2019 წელი). მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ არ არსებობს საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც მათ გამოყენებას ერთი და იგივე სამართლებრივი გადაცდომისთვის კრძალავს, საკასაციო პალატის მოსაზრებით, საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (შდრ: სუსგ №ას-107-2022, 06 მაისი, 2022 წ. პ.8.3.3).
21. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
21.1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „გ–ა ....-ს“ შორის 2022 წლის 31 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №46 ხელშეკრულების მე-8 პუნქტის (მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის) თანახმად, 8.1. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას აუნაზღაურონ მეორე მხარეს მათ მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის ან არასრულად შესრულების შედეგად მიყენებული ზარალი, მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვული წესით. 8.3. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები: გ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. 8.4. პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებლის მიერ არ იქნება წარმოდგენილი პირგასამტეხლოს გადახდის ქვითარი, შემსყიდველი უფლებას იტოვებს მოახდინოს პირგასამტეხლოს გამოქვითვა მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან.
21.2. ხელშეკრულების მე-12 პუნქტის თანახმად: 2.1. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია გაცემული ს.ბ–ის მიერ 20400 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა), აღნიშნულ გარანტიას შემსყიდველი გამოიყენებს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულბელობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებზე უარის თქმის და ხელშეკრულების დროზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში.
21.3. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ განმარტა, რომ ხელშეკრულების დადებისას დამკვეთის მიერ დატოვებულ იქნა ხელშეკრულების 6.4. მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების ხარისხის გარანტია - ხელშეკრულებით გათვაალისწინებული სამუშაოების ღირებულების 2.5%, რომლის დაბრუნება უნდა მომხდარიყო სამუშაოების დასრულების შემდეგ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამ პუნქტის ფარგლებში დამკვეთის მიერ დატოვებულია თანხა 15000 ლარის ოდენობით, რომელსაც მოპასუხე არ ითხოვს. გარდა ამისა, დამკვეთის მიერ არ არის ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოების ღირებულება 80500 ლარის ოდენობით.
22. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას სადავო საკითხზე და თავადაც მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას და ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა ხელშეკრულების 8.1. პუნქტით გაითვალისწინეს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი იქნებოდა ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის ან არასრულად შესრულების შედეგად მიყენებული ზარალი. მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების მოცულობასა და ხარისხთან მიმართებით პრეტენზია არ გამოუთქვამს, და არც ვადადარღვევით გამოწვეული ზარალი დაუდასტურებია. აღნიშნული კი, მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, სწორედ მოსარჩელეს ეკისრებოდა.
23. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილების გამო საბანკო გარანტიის მიღებასთან ერთად, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს. ვინაიდან, აღნიშნული დაარღვევს სამოქალაქო ბრუნვის კეთილსინდისიერების ფუნდამენტურ პრინციპს, უფლების მართზომიერად განხორციელების შესახებ.
24. კასატორმა სასამართლოს წინაშე დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომელიც პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ, გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ გაუმართაობას დაადასტურებდა, ვერ წარმოადგინა.
25. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: ლევან ნემსაძე
მიხეილ ჯინჯოლია