დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-837-2025 20 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ვ.მ–ი, გ.ბ–ი (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.გ–ვა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ე.გ–ვას (შემდგომში - „მოპასუხე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ვ.მ–ისა (შემდგომში - „პირველი მოსარჩელე“) და გ.ბ–ის (შემდგომში - „მეორე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად - „მოსარჩელეები“ ან „კასატორები“) სარჩელი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვისა და მოსარჩელეთათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2001 წლის 27 მარტს პირველი მოსარჩელის სახელზე გაცემულია ბინის ორდერი N131 ბინაზე, რომლის მისამართია - რუსთავი, ........, ბინა 416-417;
2.2. 2002 წლის 31 იანვარს სანოტარო წესით დამოწმებულია პრივატიზაციის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, რუსთავი, .......... ბინა არის ოროთახიანი, ლიტ „ა“. შედგება 39,53 კვ.მ. ფართისაგან. ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება დადებულია პირველ მოსარჩელესა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მარცხენა სანაპიროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს შორის;
2.3. პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე პირველი მოსარჩელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2005 წლის 22 ივნისიდან;
2.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 1 დეკემბრის წერილის შესაბამისად, 2005 წლის N022005002933 სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში რეგისტრირებულია პირველი მოსარჩელის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე, საკადასტრო ........., ბინა 41, ფართი 39,53 კვ,მ., საფუძველი 2002 წლის 31 იანვრის პრივატიზაციის ხელშეკრულება, აქტიური საკადასტრო კოდია .......;
2.5. 2023 წლის 30 იანვარს პირველ და მეორე მოსარჩელეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე 2023 წლის 2 თებერვლიდან ქონებაზე, რუსთავი, ........., ბინა 41 (კოდი .........) რეგისტრირებულია მოსარჩელეთა საკუთრების უფლება (მტკიცებულებები - ბინის ორდერი (ს.ფ. 92. ტომი 1) - პრივატიზაციის ხელშეკრულება (ს.ფ. 92. ტომი 2), საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 18-19. ტომი 1), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 01.12.2021წ წერილი (ს.ფ. 73. ტომი 1);
2.6. 2012 წლის 28 სექტემბერს ვ.გ–სა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ, რომლითაც ვ.გ–ს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება - რუსთავი, ........, ბინა N41 (კოდი ........);
2.7. ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში 2012 წლის 28 სექტემბრიდან რეგისტრირებულია ვ.გ–ს საკუთრების უფლება, უძრავ ქონებაზე, რუსთავი, ......... (კოდი ..........). ბინის ფართობია 39,89 კვ.მ.;
2.8. 2013 წლის 21 თებერვალს ვ.გ–მ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს და მოითხოვა უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების რეგისტრაცია. კერძოდ, წარადგინა ბინის შიდა აზომვითი ნახაზი. ბინის შიდა აზომვითი ნახაზი შედგენილია 2012 წელს და მასში მითითებულია, რომ აზომვითი ნახაზი შედგენილია ბინაზე, რომლის მისამართია - რუსთავი, ........., მე-4 სართული, საერთო ფართი 39,89 კვ.მ.;
2.9. ვ.გ– გარდაიცვალა 2015 წლის 11 იანვარს, მისი შვილი ნ.გ–ვა გარდაიცვალა 2016 წლის 1 ივლისს;
2.10. 2016 წლის 21 დეკემბერს მათ სამკვიდროზე სამკვიდრო მოწმობა მიიღო მოპასუხემ. მოპასუხე არის ვ.გ–ს შვილიშვილი;
2.11. მოპასუხემ 2016 წლის 28 დეკემბერს საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ.რუსთავი, ......... მოპასუხის განცხადების საფუძველზე 2017 წლის 4 იანვრის N 882016906643-03 გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა ბინაზე ამონაწერის გაცემისათვის სახელმწიფოსაგან შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნის გამო, პირველი მოსარჩელისა და ვ.გ–ს სახელზე დარეგისტრირებული ბინების სხვადასხვაობის საკითხის გარკვევის მიზნით. 2024 წლის 12 აპრილს მოპასუხემ საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე - ქალაქი რუსთავი, ........;
2.12. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2023 წლის 20 იანვრის წერილის შესაბამისად, ......... კოდით რეგისტრირებულია ბინა, მდებარე რუსთავი, ........... საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 25 სექტემბრის N25/09/05 განკარგულების საფუძველზე, ამ ბინაზე გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ბინა საკუთრებაში გადაეცა ვ.გ–ს. ბინის ზუსტი მდებარეობისა და გავრცელების საზღვრების შესახებ ინფორმაცია (შიდა აზომვითი ნახაზი, სართულის გეგმის მონიშვნა, ტექნიკური პასპორტი და ა.შ) სააგენტოში დაცული არ არის. ამის გამო, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ......... და ........ კოდით რეგისტრირებული ქონების იდენტურობის დადგენის საკითხზე (მტკიცებულება - სარეგისტრაციო წარმოების მასალების ასლები (ს.ფ. 66-72. ტომი 1) - სარეგისტრაციო წარმოების მასალების ასლები (ს.ფ. 102-103. ტომი 1).
3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის ფაქტი საქმის მასალებით დადასტურებული არ არის. სასამართლოს მითითებით, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. რუსთავი, ........., ფართი 39,53 კვ.მ. (კოდი ........), რეგისტრირებულია მოსარჩელეების საკუთრების უფლება (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ.18); უძრავ ქონებაზე, რუსთავი, ........, სართული 4, ბინა N41, ფართი 39.89 კვ.მ. (ს/კოდი ........), რეგისტრირებულია ვ.გ–ას საკუთრების უფლება (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ 41); მოპასუხე არის ვ.გ–ს შვილიშვილი, რომელსაც მიღებული აქვს სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით. მოპასუხის განმარტებით, სადავო ქონება მას მიღებული აქვს მემკვიდრეობით, ბებიის - ვ.გ–საგან, რომელსაც უძრავი ქონება, რუსთავი, ........., საკუთრებაში გადაეცა 2012 წელს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან დადებული ქონების პირდაპირი მიყიდვის შესახებ ნასყიდობის ხელშეკრულების სამართლებრივ საფუძველზე (ს/კოდი ..........). ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ქ. რუსთავი, ........., ბინა N41-ზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც მოსარჩელეთა საკუთრების უფლება, ასევე, მოპასუხის მამკვიდრებლის, ვ.გ–ს საკუთრების უფლება. სარჩელის მოთხოვნის, სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების და მხარეთა განმარტებების შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ დავის მხარეები, როგორც მოსარჩელე, ისე მოპასუხე, ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე (მოპასუხის მფლობელობაში არსებული ბინა) საკუთრების უფლებაზე მიუთითებენ. აღნიშნული, პალატის მოსაზრებით, იძლევა მხოლოდ იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ, როგორც მოსარჩელე მხარე, ისე მოპასუხე, თავს მიიჩნევს მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრედ (მესაკუთრის მემკვიდრედ). ამასთან, დადგენილია, რომ სასამართლოში ან ადმინისტრაციულ ორგანოში არ არის გასაჩივრებული არცერთი სარეგისტრაციო ჩანაწერი და არცერთი მხარის უფლების წარმომშობი ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ სადავო ბინის ფლობის საფუძვლად მამკვიდრებლის (ბებიის), ვ.გ–ას საკუთრების უფლებასა და სამკვიდრო მოწმობაზე მითითება და სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, საკმარისი წინაპირობა იყო სადავო ქონების ფლობის არამართლზომიერების გამოსარიცხად, და შესაბამისად, ვინდიკაციური მოთხოვნის უარსაყოფად.
4. რაც შეეხებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სსკ-ის 485-ე მუხლის სამართლებრივ საფუძველზე უფლებათა კონკურენციის საკითხის გადაჭრის, თავდაპირველი შემძენის უფლების უპირატესობის შეფასების მიზნით, პალატამ განმარტა, რომ, აღნიშნული სცილდებოდა განსახილველი დავის (ვინდიკაციური სარჩელის) ფარგლებს, ამ დავის გადასაწყვეტად დასადგენ და შესაფასებელ გარემოებათა წრეს და, მოსარჩელე და მოპასუხე მხარის (მამკვიდრებლის) საკუთრებაში არსებული ქონებების ერთიდაიგივეობის დადგენის შემთხვევაში, წარმოადგენდა საკუთრების უფლების აღიარების (დადგენის) თაობაზე დავის ფარგლებში დასადგენ და შესაფასებელ გარემოებებს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ უფლებათა კონკურენციის საკითხის კვლევა სცილდებოდა აღძრული ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებს, რამდენადაც აღნიშნული დავის ფარგლებში მოპასუხის სამტკიცებელი სადავო ნივთის მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობა იყო. აქედან გამომდინარე, სსკ-ის 485-ე მუხლის გამოყენება სადავო შემთხვევის მიმართ, სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია მართებულად.
5. სააპელაციო პალატამ დამატებით განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს როგორც მოსარჩელის საკუთრების თაობაზე რეესტრის ჩანაწერების, ისე მოპასუხის მიერ სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული საკუთრების უფლების თაობაზე რეესტრის მონაცემების მიმართ, მანამდე, ვიდრე უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 ივნისის განჩინებით მოსარჩელეების საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ვინდიკაციური სარჩელის უარყოფის კანონიერება.
12. მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა - მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოთხოვა, ეფუძნება სსკ-ის 172.1 მუხლს, რომლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამდენად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
13. ვინდიკაციური სარჩელის სამი წინაპირობიდან პირველი ორის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს, ხოლო მესამე წინაპირობის (ფლობის არამართლზომიერება) მიმართ მას მარტოოდენ მითითების ვალდებულება გააჩნია (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-690-661-2016, 1 სექტემბერი, 2016 წელი). მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული სტანდარტით მტკიცებისა და მითითების ტვირთის დაძლევა განაპირობებს ფლობის მართლზომიერების დამტკიცების ტვირთის მოპასუხეზე გადასვლას.
14. საგულისხმოა, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების ამგვარი განაწილება გამომდინარეობს მტკიცებითი სამართლის იმ უზოგადესი წესიდან, რომლის თანახმადაც, მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს (“affirmanti, non negati, incumbit probatio”) - სწორედ ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს. უარყოფის მტკიცება არ შეიძლება დაეკისროს მხარეს, რომელიც ფაქტის ან მოვლენის არარსებობაზე აპელირებს, არამედ ამ ფაქტისა თუ მოვლენის არსებობის მტკიცების ტვირთი აწევს მას, ვის სასარგებლოდაც მეტყველებს შედავებული ფაქტობრივი გარემოება (იხ. სუსგ საქმე №ას-509-509-2018, 05 აპრილი, 2019 წელი). მესაკუთრე ვინდიკაციური სარჩელით უარყოფს მფლობელობის საფუძვლიანობას, შესაბამისად, მას უარყოფის მტკიცება ვერ დაეკისრება, ფლობის სამართლებრივი საფუძვლის დადასტურება შედის რა მოპასუხის ინტერესის სფეროში, ამავე გარემოების მტკიცების ტვირთიც სწორედ მის მხარეს არის (იხ. სუსგ საქმე №ას-26-2022, 29 სექტემბერი, 2022 წელი).
15. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქ. რუსთავი, ........., ბინა N41-ზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც მოსარჩელეთა საკუთრების უფლება, ასევე, მოპასუხის მამკვიდრებლის, ვ.გ–ს საკუთრების უფლება. კერძოდ, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. რუსთავი, ........, ბინა 41, ფართი 39,53 კვ.მ. (კოდი ........), რეგისტრირებულია მოსარჩელეების საკუთრების უფლება (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ.18); უძრავ ქონებაზე, რუსთავი, ........, სართული 4, ბინა N41, ფართი 39.89 კვ.მ. (ს/კოდი ......), რეგისტრირებულია ვ.გ–ს საკუთრების უფლება (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ 41); მოპასუხე არის ვ.გ–ს შვილიშვილი, რომელსაც მიღებული აქვს სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით; მხარეები ერთსა და იმავე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებაზე უთითებენ.
16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მოპასუხის მიერ სადავო ბინის ფლობის საფუძვლად მამკვიდრებლის (ბებიის), ვ.გ–ს საკუთრების უფლებასა და სამკვიდრო მოწმობაზე მითითება და სათანადო მტკიცებულებების წარდგენა, საკმარის წინაპირობას წარმოადგენს სადავო ქონების ფლობის არამართლზომიერების გამოსარიცხად. შესაბამისად, სახეზე არ არის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი მესამე კუმულაციური წინაპირობა - სამართლებრივი საფუძვლის გარეშე სადავო უძრავი ნივთის ფლობის ფაქტი.
17. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა პრეტენზიას, რომ, ვინაიდან სადავო უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობა დროში უსწრებდა ამავე ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების წარმოქმნას, მოპასუხე არამართლზომიერი მფლობელია. სსკ-ის 312.1 მუხლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა. უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება მანამდე ითვლება კანონიერად, უფლებამოსილ პირს მანამდე შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. მანამდე კი ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ საქმე №ას-877-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი; სუსგ საქმე №ას-1719-2019, 22 იანვარი, 2020 წელი). განსახილველ შემთხვევაში კი, საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია ვრცელდება როგორც მოსარჩელის საკუთრების თაობაზე რეესტრის ჩანაწერების, ისე მოპასუხის მიერ სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივ საფუძვლად მითითებული საკუთრების უფლების თაობაზე რეესტრის მონაცემების მიმართ. ამასთან, მოცემული დავის ფარგლებში მოწმდება არა სადავო ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, არამედ მოპასუხის მიერ სადავო ნივთის მართლზომიერად ფლობის ფაქტი, შესაბამისად, უფლებათა კონკურენციის საკითხის კვლევა ვინდიკაციური სარჩელის ფარგლებს სცდება (იხ.შდრ.სუსგ. საქმე Nას-234-2022, 30 მაისი 2022 წელი).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ.მ–ისა და გ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე