დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ა-1910-შ-67-2026 15 მაისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.რ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.რ–ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ლატვიის რესპუბლიკის, რეზენკეს სასამართლოს, 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება (სამოქალაქო საქმე №C26152121)
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ლატვიის რესპუბლიკის, რეზენკეს სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ.რ–სა (ქორწინებამდე გვარი - ჯ–ა) და ტ.რ–ას შორის, 2017 წლის 23 სექტემბერს ქალაქ თბილისის რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
2. მ.რ–იმ საქართველოს უზენაესი სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 მაისის განჩინებით, მ.რ–ის შუამდგომლობა ლატვიის რესპუბლიკის, რეზენკეს სასამართლოს, 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ლატვიის რესპუბლიკის, რეზენკეს სასამართლოს, 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ.რ–სა (ქორწინებამდე გვარი - ჯ–ა) და ტ.რ–ას შორის, 2017 წლის 23 სექტემბერს ქალაქ თბილისის რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
6. საქმის მასალებით დგინდება, რომ რეზენკეს სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და არ გასაჩივრებულა. განქორწინების მოთხოვნა სასამართლოში წარადგინა ტ.რ–ამ, ხოლო მეორე მხარე სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა მას სასამართლოს შესახებ შეტყობინება ოფიციალურად „ლატვიის გაზეთში“ გამოქვეყნების გზით ჩაბარდა, რადგან მის ბოლო მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა.
7. შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა და მისი განმარტებით, გადაწყვეტილება უკვე აღსრულებულია ლატვიის რესპუბლიკაში.
8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
10. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო ადგენს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით გათვალისწინებული უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.
11. საცნობი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, არ არის გასაჩივრებული და მიღებულია საპროცესო წესების დაცვით. ამასთან, არ იკვეთება საქართველოს საჯარო წესრიგთან ან ძირითად სამართლებრივ პრინციპებთან შეუსაბამობა, აგრეთვე არ არსებობს პარალელური სასამართლო დავა ან წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილება.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და რეზენკეს სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება მ.რ–სა და ტ.რ–ას შორის ქორწინების შეწყვეტის შესახებ ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.რ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ლატვიის რესპუბლიკის, რეზენკეს სასამართლოს 2022 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მ.რ–სა (ქორწინებამდე გვარი - ჯ–ა) და ტ.რ–ას შორის, 2017 წლის 23 სექტემბერს ქალაქ თბილისის რეესტრის სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
ბადრი შონია