დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 30.04.2026
საქმის ნომერი
ას-1541-2024
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-1541-2024 30 აპრილი, 2026 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ვ.ქ–ვა (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარეები - ნ.ქ–ვა (დ.ქ–ვას უფლებამონაცვლე), რ.ქ–ვა, შპს „კ–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საინვესტიციო კონკურსი ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელში განთავსებული შენობა-ნაგებობის მარცხენა ნაწილის 700 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზების შესახებ. ხსენებულ კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვალა ჯ. ც–ი, რომელთანაც ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ 1998 წლის 21 აგვისტოს გაფორმებულ იქნა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და იმავე დღეს გაცემულ იქნა №23/716-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

2. 1999 წლის 17 მარტს ერთი მხრივ ჯ.ც–ს და მეორე მხრივ დ.ქ–ვას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ჯ.ც–ის კუთვნილ 700 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე, მდებარე ქ. თბილისი, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი. ნასყიდობის თანხად განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარი.

3. ჯ.ც–მა, მასთან გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების (მე-10 მუხლი) მიხედვით, იკისრა ვალდებულება ეწარმოებინა გამაგრებითი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს სამი თვისა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები უნდა დაესრულებინა მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი წლის განმავლობაში.

4. იმ არგუმენტზე მითითებით, რომ ხსენებული ვალდებულება ჯ.ც–მა არ შეასრულა, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსმა განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების მოთხოვნით. საქმეში მესამე პირად დ.ქ–ვა იყო ჩართული.

5. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის 25 ივნისს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ქ. თბილისის მერიის შპს „თ–ის“ 17.03.2004წ. დასკვნაზე დაყრდნობით პრივატიზაციის ხელშეკრულების მე-10 მუხლით დადგენილი პირობა შესრულებულად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა სარჩელი.

6. საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელში არსებულ 1920.00 კვ.მ დაზუსტებული ფართობიდან 700.00 კვ.მ. ფართზე, ს/კ №…, საკუთრების უფლება აღირიცხა დ.ქ–ვას სახელზე.

7. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენდა: 1999 წლის 17 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის 2003 წლის 7 აპრილის აქტი ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

8. ჯ.ც–მა 2005 წლის 01 დეკემბერს დ.ქ–ვას წინააღმდეგ აღძრა სამოქალაქო სარჩელი და მოითხოვა მასსა და დ.ქ–ვას შორის გაფორმებული 1999 წლის 17 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, დადებული ქ. თბილისში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე არასაცხოვრებელ 700 კვ.მ ფართზე და აღნიშნული უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №2/11781-06) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2ბ/891-08) და ჯ.ც–ის მოთხოვნები სრულად იქნა დაკმაყოფილებული, რაც ძალაში დარჩა საკასაციო სასამართლოს მიერაც (საქმე №ას-1032-1225-08).

10. 2009 წლის 06 აპრილს დ.ქ–ვას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო ხელწერილები, რომლითაც, მისი განმარტებით, დასტურდებოდა ჯ.ც–ისთვის და მისი კრედიტორებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი თანხის გადახდის ფაქტი.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით დ.ქ–ვას განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2008 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და განახლდა ჯ.ც–ის სააპელაციო საჩივარზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით) საქმის წარმოება.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინებით (საქმე №2ბ/3512-11) არ დაკმაყოფილდა ჯ.ც–ის უფლებამონაცვლის სარჩელი და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება. სასამართლომ ამ საქმეში დაადგინა, რომ დ.ქ–ვას მიერ სრულად იქნა გადახდილი 1999 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. განჩინებაზე ჯ.ც–ის უფლებამონაცვლის მიერ წარდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია დ.ქ–ვას მხრიდან ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის ფაქტი.

13. აღნიშნული სასარჩელო წარმოების დასრულების შემდგომ სადავო უძრავი ქონება დ.ქ–ვას საკუთრებაში შემდეგი მონაცემებით დარეგისტრირდა: უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ვაგზლის მოედნის 100 მ. მიწისქვეშა გასასვლელში, 151.9 კვ.მ ფართი, ს/კ №……. და უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელში არსებულ 1920.00 კვ. დაზუსტებული ფართობიდან 548.10 კვ.მ. ფართი, ს/კ№……... საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს ორივე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმოადგენს: 1999 წლის 17 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

14. შპს „მ–ი“ დაფუძნდა 2003 წლის 10 იანვარს, პარტნიორთა: დ.ქ–ას (33.3%), ვ.ქ–ვას (33.3%), თ.ქ–ას (16.7%) და თ.ქ–ას (16.7%) მიერ. კომპანიის დირექტორებად დაინიშნენ გ.მ–ი და დ.ქ–ვა.

15. შპს „მ–ის“ საქმიანობის საგანი იყო სხვადასხვა სახის, მათ შორის: სავაჭრო-შემსყიდველი, საავტომობილო-სამგზავრო გადაზიდვები, სოფლის მეურნეობა, სარეკლამო-საინფორმაციო სამუშაოები, საკონდიტრო ნაწარმის წარმოება და სხვა მრავალი.

16. სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შპს „მ–ის“ მიერ საგადასახადო ორგანოში 2004-2006 წლებში საგადასახადო ანგარიშფაქტურების წარდგენა არ ფიქსირდება.

17. დ.ქ–ვას საკუთრებაში არსებულ სადავო უძრავ ქონებაში ფუნქციონირებს ბაზრობა, რომელიც იმართება შპს „კ–ის“ (რ.ქ–ვას 100% წილობრივი მონაწილეობით 08/11/2006წ. დაფუძნებული კომპანია) და შპს „რ....“-ის (ვ.ქ–ვას 100% წილობრივი მონაწილეობით 24/12/2008წ. დაფუძნებული კომპანია) მიერ, მათთან გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე.

18. თბილისში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელში არსებული კუთვნილი ფართიდან, დ.ქ–ვას შპს „რ....“-სთან საიჯარო ხელშეკრულება გაფორმებული აქვს მთლიანი არასაცხოვრებელი ფართიდან 131.1 კვ.მ.-ზე (ეს ფართი თავდაპირველად იყო 129.6 კვ.მ). ამავდროულად, 2019 წლიდან შპს „რ....“-ს მიენიჭა უფლება 299.2 კვ.მ-ზე გამოიყენოს მიწისქვეშა გადასასვლელის ფართობი სავაჭრო რიგების მოსაწყობად იმგვარად, რომ გადასასვლელით შეუფერხებლად ისარგებლონ ფეხით მოსიარულეებმა.

19. საიჯარო ქირა მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა თვეში 1700 ლარით. სასამართლომ მხარეთა განმარტებებზე და ხელწერილებზე დაყრდნობით გამოარკვია, რომ მეიჯარე საიჯარო ქირას უბრუნებდა მოიჯარეს, თუმცა, გადასახადების გამოკლებით.

20. დ.ქ–ვას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, კერძოდ, ქ. თბილისში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელში არსებული ფართებიდან (მათ შორის: 1920 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული 548.10 კვ.მ., ს/კ №………. და 100 მ მიწისქვეშა გასასვლელში არსებული 151.9 კვ.მ., ს/კ №…..) ვ.ქ–ვა ვერ ადასტურებს 1/3 ნაწილზე საკუთრების უფლების მოპოვების ფაქტს.

21. ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საინვესტიციო კონკურსი ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელში განთავსებული შენობა-ნაგებობის მარცხენა ნაწილის 700 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზების შესახებ. ხსენებულ კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვალა ჯ. ც–ი, რომელთანაც ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ 1998 წლის 21 აგვისტოს გაფორმებულ იქნა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და იმავე დღეს გაცემულ იქნა №23/716-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

22. 1999 წლის 17 მარტს ერთი მხრივ ჯ.ც–ს და მეორე მხრივ დ.ქ–ვას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ჯ.ც–ის კუთვნილ 700 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე, მდებარე ქ. თბილისი, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი. ნასყიდობის თანხად განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარი.

23. ჯ.ც–მა, მასთან გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების (მე-10 მუხლი) მიხედვით, იკისრა ვალდებულება, ეწარმოებინა გამაგრებითი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს სამი თვისა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები უნდა დაესრულებინა მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი წლის განმავლობაში.

24. იმ არგუმენტზე მითითებით, რომ ხსენებული ვალდებულება ჯ.ც–მა არ შეასრულა, ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის სამმართველოს უფროსმა განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაუქმების მოთხოვნით. საქმეში მესამე პირად დ.ქ–ვა იყო ჩართული.

25. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის 25 ივნისს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ქ. თბილისის მერიის შპს „თ–ის“ 17.03.2004წ. დასკვნაზე დაყრდნობით პრივატიზაციის ხელშეკრულების მე-10 მუხლით დადგენილი პირობა შესრულებულად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა სარჩელი.

26. საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელში არსებულ 1920.00 კვ.მ დაზუსტებული ფართობიდან 700.00 კვ.მ. ფართზე, ს/კ №........, საკუთრების უფლება აღირიცხა დ.ქ–ვას სახელზე.საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენდა: 1999 წლის 17 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის 2003 წლის 7 აპრილის აქტი ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

27. ჯ.ც–მა 2005 წლის 01 დეკემბერს დ.ქ–ვას წინააღმდეგ აღძრა სამოქალაქო სარჩელი და მოითხოვა მასსა და დ.ქ–ვას შორის გაფორმებული 1999 წლის 17 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, დადებული ქ. თბილისში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მდებარე არასაცხოვრებელ 700 კვ.მ ფართზე და აღნიშნული უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

28. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №2/11781-06) სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2ბ/891-08) და ჯ.ც–ის მოთხოვნები სრულად იქნა დაკმაყოფილებული, რაც ძალაში დარჩა საკასაციო სასამართლოს მიერაც (საქმე №ას-1032-1225-08).

29. 2009 წლის 06 აპრილს დ.ქ–ვას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 09 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო ხელწერილები, რომლითაც, მისი განმარტებით, დასტურდებოდა ჯ.ც–ისთვის და მისი კრედიტორებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე მეტი თანხის გადახდის ფაქტი.

30. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 ივნისის განჩინებით დ.ქ–ვას განცხადება დაკმაყოფილდა, გაუქმდა 2008 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება და განახლდა ჯ.ც–ის სააპელაციო საჩივარზე (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით) საქმის წარმოება.

31. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინებით (საქმე №2ბ/3512-11) არ დაკმაყოფილდა ჯ.ც–ის უფლებამონაცვლის სარჩელი და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება. სასამართლომ ამ საქმეში დაადგინა, რომ დ.ქ–ვას მიერ სრულად იქნა გადახდილი 1999 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. განჩინებაზე ჯ.ც–ის უფლებამონაცვლის მიერ წარდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია დ.ქ–ვას მხრიდან ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის ფაქტი.

32. სასარჩელო წარმოების დასრულების შემდგომ სადავო უძრავი ქონება დ.ქ–ვას საკუთრებაში შემდეგი მონაცემებით დარეგისტრირდა: უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ვაგზლის მოედნის 100 მ. მიწისქვეშა გასასვლელში, 151.9 კვ.მ ფართი, ს/კ №...... და უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელში არსებულ 1920.00 კვ.მ დაზუსტებული ფართობიდან 548.10 კვ.მ. ფართი, ს/კ №.........

33. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს ორივე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით წარმოადგენს: 1999 წლის 17 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება.

34. სასარჩელო მოთხოვნა

34.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სარჩელით მიმართა ვ.ქ–ვამ მოპასუხეების დ.ქ–ვას, რ.ქ–ვას, შპს „კ–ის“ მიმართ უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის, თანხის დაკისრების მოთხოვნით. კერძოდ, მოთხოვნილია: ვ.ქ–ვა ცნობილ იქნეს უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელი, 1920 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული 548.10 კვ.მ-ის (ს/კ №.........) 1/3 ნაწილის მესაკუთრედ; ვ.ქ–ვა ცნობილ იქნეს უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელი, 100 მ მიწისქვეშა გასასვლელში არსებული 151.9 კვ.მ-ის (ს/კ №.......) 1/3 ნაწილის მესაკუთრედ; დ.ქ–ვას, რ.ქ–ვას და შპს „კ–ს“ მოსარჩელე ვ.ქ–ვას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1 208 530.41 აშშ დოლარის ანაზღაურება; დ.ქ–ვას, რ.ქ–ვას და შპს „კ–ს“ მოსარჩელე ვ.ქ–ვას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 25 000 ლარის გადახდა ყოველთვიურად, სარჩელის აღძვრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

34.2. მოსარჩელე ვ.ქ–ვას მიერ, ძმებთან, დ.ქ–ასთან და რ.ქ–თან ერთად, 1999 წელს შეძენილ იქნა 700 კვ.მ. ფართობის უძრავი ნივთი ქ. თბილისში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელის ტერიტორიაზე. მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო დ.ქ–ვასთან, რის შემდეგაც უძრავი ქონება უნდა გაყოფილიყო და ტოლფასოვან წილებად აღრიცხულიყო სამივე ძმის სახელზე. ნასყიდობის მიუხედავად, ახალი შემძენის რეგისტრაცია შესაძლებელი გახდა მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის

34.3. 22 მაისის გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო 2004 წლიდან დაიწყო არაერთი სასამართლო დავა, საიდან გამომდინარეც ქონებაზე არაერთი ყადაღა/აკრძალვა გავრცელდა, რამაც შეაფერხა უძრავი ქონების გაყოფა და საჯარო რეესტრში სამივე ძმის სახელზე თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია.

34.4. დღეის მდგომარეობით, ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2 უძრავ ნივთად: 1) ქ. თბილისი, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელი, 1920 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებული ფართი 548.10 კვ.მ. (ს/კ ........) და 2) ქ. თბილისი, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელი, 100 მ მიწისქვეშა გასასვლელში არსებული ფართი 151.9 კვ.მ. (ს/კ ........).

34.5. ვ.ქ–ვას განმარტებით, უძრავი ნივთის ნასყიდობის ფასი შეადგენდა 40 000 აშშ დოლარს, საიდანაც 17 000 აშშ დოლარი მან გადაიხადა. შეძენილი ქონების მართვის, მოვლა-პატრონობისა და სხვა ხარჯების გაწევა ხდებოდა ერთობლივად და მიღებული შემოსავალიც ნაწილდებოდა თანაბარწილად, სამივე ძმაზე. აღნიშნული, დასტურდება მათთან პირდაპირ შემხებლობაში მყოფი პირების ახსნა-განმარტებებით, სადაც დეტალურად საუბრობენ, რომ 33.3%-ის მფლობელი არის ვ.ქ–ვა და უფრო მეტიც, პროპორციულად, მან საკუთარ ძმებზე მეტი თანხა გაიღო უძრავი ნივთის შეძენის დროს.

34.6. მოსარჩელე დამატებით იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ რეალურად ნასყიდობის თანხა მან და დ.ქ–ვამ გაიღეს, რის მიუხედავადაც მესამე ძმა - რ.ქ–ვა მეწილედ ჰყავდათ ძმებს 33.3 პროცენტში. აღნიშნული გარდა ოჯახური ურთიერთობებისა, განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ვ. და დ.ქ–ვები იმყოფებოდნენ რუსეთში და სათანადოდ არ შეეძლოთ ობიექტის მართვა, რის გამოც ამ საქმიანობას დ.ქ–ვას მინდობილობის საფუძველზე რ.ქ–ვა ახორციელებდა. 1999 წელს სწორედ რ.ქ–ვასთან მოხდა ნასყიდობის თანხის - 40 000 ათასი აშშ დოლარის გამოგზავნა რუსეთიდან ვ. და დ.ქ–ვების მიერ ქონების გამსხვისებელ ჯ.ც–ზე გადასაცემად, თუმცა, რეალურად მან ამ თანხიდან მხოლოდ 9 700 აშშ დოლარი გადასცა ადრესატს, რაც მას ეპატია ოჯახური ურთიერთობებიდან გამომდინარე.

34.7. აღსანიშნავია ისიც, რომ უძრავი ნივთის შეძენის დროს მყიდველებს ნაკისრი ჰქონდათ მისი გამაგრების ვალდებულება. ამ მიზნით ვ.ქ–ვას, დ.ქ–ვას და რ.ქ–ვას მიერ (რ.ქ–ვას წილი გაფორმდა მის შვილებზე - თ.ქ–ა და თ.ქ–ა), 2003 წლის 06 იანვარს დაფუძნდა შპს „მ–ი“ (.....) შემდეგი წილობრივი მონაწილეობით: 1) ვ.ქ–ვა - 33.3%; 2) დ.ქ–ვა - 33.3%; 3) თ.ქ–ა - 16.7% და 4) თ.ქ–ა - 16.7%. კომპანიის დირექტორებად დაინიშნენ გ.მ–ი და დ.ქ–ვა.

34.8. სარჩელის მიხედვით, შპს „მ–ის" მიერ 2004-2006 წლებში შესრულდა ქ. თბილისში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელის ტერიტორიაზე უძრავი ნივთის გამაგრების სამუშაოები, რაზეც დაიხარჯა საკმაოდ სოლიდური თანხა. სამუშაოების შესასრულებლად ფულადი შენატანები კი დამფუძნებლებმა პროპორციულად განახორციელეს.

34.9. ვ.ქ–ვა მის მონაწილეობას სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ადასტურებს ასევე მის მიერ სასამართლო დავების წარმოებისთვის ადვოკატებისთვის თანხის გადახდით.

34.10. მოსარჩელის მითითებით, ქ. თბილისში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი 2005, 2006 და 2007 წლებში ნაწილდებოდა ვ.ქ–ვას, დ.ქ–ვას და რ.ქ–ვას შორის შემდეგი პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით: 1) დ.ქ–ა - 33.3%; 2) რ.ქ–ვა - 33.3% და 3) ვ.ქ–ვა - 33.4%. 2008 წლიდან დ.ქ–ვამ და რ.ქ–ვამ თვითნებურად შეცვალეს შემოსავლის განაწილების წესი ისე, რომ ეს არ შეუთანხმებიათ ვ.ქ–ვასთან და ამ პერიოდიდან ვ.ქ–ვა იღებდა შემოსავლების 20%-ს, ნაცვლად 33.4%-ისა, ხოლო დ.ტ და რ.ქ–ვები 40-40 პროცენტს. შესაბამისად, ამ პერიოდიდან მოყოლებული, ვ.ქ–ვას არ აქვს მიღებული მისი კუთვნილი წილიდან დამატებით 13.4% შემოსავალი. ამ გარემოებას ვ.ქ–ვა ადასტურებს მის მიერ წარმოდგენილი ცხრილით, რომელიც, მისი განმარტებით, ნათლად ასახავს რა პროპორციულობით დაიწყო თანხების განაწილება 2005 წლიდან.

34.11. სარჩელში მხარე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ პროცენტის შემცირება განხორციელდა იმ დროს, როდესაც მოსარჩელეს გარდაეცვალა შვილი და იყო მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. ამას გარდა, ვინაიდან ქონებაზე მიმდინარეობდა სხვადასხვა სასამართლო დავები, პროცესების დასრულებას დაელოდა იგი, საკითხის კონსესუსით გადაწყვეტის იმედით, რაც ვერ შედგა.

34.12. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ დ.ქ–ვას მიერ 2009 წლის 03 იანვრიდან დღემდე შპს „რ....“-სთან იდება იჯარის ხელშეკრულება ქ. თბილისში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელის ტერიტორიაზე უძრავი ნივთიდან ვ.ქ–ვას კუთვნილ წილზე, თუმცა, მხოლოდ დაახლოებით 20%-ზე და არა 33.4%-ზე. საიჯარო ქირა სიმბოლურად განსაზღვრულია თვეში 1700 ლარად, რომელსაც შპს „რ....“ ოფიციალურად უხდის დ.ქ–ვას, ხოლო ეს უკანასკნელი იმავე 1700 ლარს უბრუნებს ვ.ქ–ვას, რაზეც შედგენილია ხელწერილი მისი თანამშრომლის ს.ც–ის მიერ. მაგალითისთვის, 2021 წელს 4 თვის თანხა დაბრუნებულია უშუალოდ დ.ქ–ვას ძმისშვილისა და მისი წარმომადგენლის თ.ქ–ას (რ.ქ–ვას შვილი) მიერ.

34.13. მოსარჩელე, გარდა მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ქრონოლოგიურად წარმოჩენისა, სარჩელს ძირითადად აფუძნებს 2021 წლის 16 ნოემბერს დ.ქ–ვას მიერ შედგენილ ხელწერილზე, რომლითაც, მოსარჩელის მოსაზრებით, მან დაადასტურა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული დავის დასრულების შემდგომ საკუთრების უფლებას გადასცემდა და დაურეგისტრირებდა ვ.ქ–ვას უსასყიდლოდ, ქ. თბილისში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელში (ს/კ ......... და ს/კ. ......) 700 კვ.მ.-დან 131 კვ.მ.-ზე და საერთო სარგებლობის ფართის 1324 კვ.მ.-დან 299,2 კვ.მ.-ზე. რამდენადაც მითითებული ფართების ოდენობა შეადგენდა მთლიანი ქონების დაახლოებით 20%-ს და სრულად არ იყო გათვალისწინებული ვ.ქ–ვას კუთვნილი 33.4% წილი, ვ.ქ–ვამ შენიშვნა გააკეთა ხელშეკრულების ტექსტზე. მიუხედავად მხარეთა შორის არაერთი კომუნიკაციისა, დ.ქ–ვა ნებაყოფლობით არ თანხმდება ვ.ქ–ვასათვის უძრავი ქონების 33.4%-ის (1/3 ნაწილი) საკუთრებაში გადაცემას და ეს არც 2019 წლის 20 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე განუხორციელებია, ანუ იმ დროს, როდესაც ქონება სრულად იყო ყადაღისგან გათავისუფლებული.

34.14. ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებით, მათ შორის მოწმეთა ახსნა-განმარტებებით, აუდიო-ჩანაწერით, იჯარის ხელშეკრულებებითა და იჯარის თანხის დაბრუნების ფაქტით, ასევე უძრავი ნივთის უსასყიდლოდ გადაცემის ხელშეკრულებით მოსარჩელე დადასტურებულად მიიჩნევს მის უფლებას სადავო უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე.

34.15. ამას გარდა, რამდენადაც მოსარჩელემ არაერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წლიდან მისი მისაღები 33.4% წილის პროპორციული მოგების ნაცვლად იღებდა 20%-ის თანხას, ვ.ქ–ვას მიერ მოწვეულ იქნა აუდიტორული კომპანია შპს „ბ.ს.ქ.გ–ი“, რომელსაც დამკვეთმა მოამზადებინა დასკვნა 2009-2021 საანგარიშო წლებისათვის. დასკვნა, მისივე განმარტებით, შეეხება ქ. თბილისში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელის ტერიტორიაზე არსებული უძრავ ქონებიდან ვ.ქ–ვას კუთვნილი წილის გაქირავებით მიღებულ და მისაღებ შემოსავალს და ირკვევა, რომ ვ.ქ–ვას რომ მისცემოდა მისი კუთვნილი ფართის სრულად გაქირავების შესაძლებლობა 2009 წლიდან, იგი დამატებით მიიღებდა 1 208 530.41 აშშ დოლარს. აღნიშნული თანხა წარმოადგენს იმ ზიანს, რაც მოსარჩელეს მიადგა მოპასუხეთა მოქმედებით.

35. მოპასუხის შესაგებელი

35.1. მოპასუხეებმა დ.ქ–ვამ, რ.ქ–ვამ და შპს „კ–მა“ არ ცნეს სარჩელი და არ დაეთანხმნენ მასში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

35.2. მოპასუხეების განცხადებით, ვ.ს არანაირი მონაწილეობა მიუღია ქონების შეძენაში. მას არანაირი შეხება არ ქონია თავად ნასყიდობის ხელშეკრულებასთან. ასე რომ ყოფილიყო, როგორც მინიმუმ მოწმედ მაინც დაიკითხებოდა ც–ის სასარჩელო დავაში. ასევე, მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადასტურდება თანხის გადახდის ფაქტი.

35.3. ასევე, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მტკიცება რომ შპს „მ–ი“ აწარმოებდა გამაგრებით სამუშაოებს. მაშინ, როდესაც 2004 წლის 25 ივნისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქონების სააგენტოს სარჩელი და დადგინდა, რომ გამაგრებითი სამუშაოები ც–მა უკვე შეასრულა.

35.4. პრივატიზაციით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა ჯერ კიდევ 2001 წელს, რაც დგინდება ქალაქ თბილისის მერიის შპს „თ–ის“ 24.12.2001 წლის #269 წერილით, რომლის თანახმად აღნიშნული თარიღისთვის გამაგრებითი სამუშაოები უკვე გახლდათ შესრულებული. 2004 წლის 17 მარტს, ქალაქ თბილისის მერიის შპს „თ–ის" მიერ მომზადდა #42 დასკვნა, რომლის თანახმად სასამართლოს 2002 წლის 17 ივნისის განჩინებით, ქალაქ თბილისის მერიის შპს „თ–ს" დაევალა ექსპერტიზის ჩატარება, ჩატარებული ექსპერტიზით კი დადგინდა განხორციელებული გამაგრებითი სამუშაოების მოქმედ ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობის ფაქტი.

35.5. დ.ქ–ვამ, იმის გათვალისწინებით რომ ვ.მ თვითონაც მოინდომა ბაზრობის გახსნა, გადაწყვიტა, ხელი შეეწყო ძმის ინიციატივისთვის და სადაო ფართის დაახლოებით 20% მიეცა იჯარით მოსარჩელისათვის. დარჩენილ ფართში ფუნქციონირებდა რ.ქ–ვას დაფუძნებული შპს „კ–ი“, რომლის საშუალებითაც ხდება დღეის მდგომარეობითაც ბაზრის მართვა.

35.6. ის ფაქტი, რომ ვ.ქ–ვას სამართლებრივად არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ბაზრობის ორგანიზების საკითხებთან 2009 წლამდე, ანუ შპს „რ....“-სთან საიჯარო ურთიერთობის დაწყებამდე, მოპასუხის მოსაზრებით დასტურდება შემდეგი გარემოებებით: - ელექტროენერგიის მიწოდების, მოხმარების და ანგარიშსწორების 2004 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულება პირველად დადებულია ინდ.მეწარმე რ.ქ–ვასა და შპს „ე–ს“ შორის (ეს უკანასკნელი აწვდიდა ელექტროენერგიას დ.ქ–ვას ბაზრობას); - მას შემდეგ, რაც რ.ქ–ვამ დააარსა შპს „კ–ი“, ელექტროენერგიის მიწოდების, მოხმარების და ანგარიშსწორების ხელშეკრულება დაიდო შპს „კ–სა“ და შპს „ე–ს“ შორის, კერძოდ 2006 წლის 29 ნოემბერს, ხოლო მას შემდგომ, რაც ვ.ქ–ვას მისცეს უფლება, რომ მასაც აეღო ფართი იჯარით, ელექტროენერგიის მიწოდების, მოხმარების და ანგარიშსწორების ხელშეკრულება მის მიერ დაფუძნებულ შპს „რ....“-სა და „ე–ს“ შორის დაიდო 2009 წლის 9 სექტემბერს.

35.7. წილის შემცირებაზე დ.ქ–ვას წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მისი მარწმუნებელი, როგორც ქონების ერთპიროვნული მესაკუთრე, თავად იღებდა გადაწყვეტილებას მის საკუთრებაში არსებული ქონებიდან მიღებული შემოსავლის განაწილებასთან დაკავშირებით. ის გარემოება, რომ მოპასუხემ იზრუნა მოსარჩელეზე, იმითაც ხდება აშკარა, რომ შპს „რ....“-ს სიმბოლურ ფასად მისცა იჯარა კუთვნილ ფართზე. იჯარის თანხის დაბრუნებაზე კი მხარემ განმარტა, რომ არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით ნამდვილად უბრუნდებოდა ვ.ქ–ვას იჯარის თანხა, თუმცა არა სრულად, არამედ საგადასახადო ვალდებულებების გამოკლებით.

35.8. მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 16 ნოემბრით დათარიღებული შეთანხმების საპირისპიროდ მოპასუხე მიუთითებს, რომ წარმოდგენილია ასლის სახით და არ წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს, ვინაიდან იგი არც საჯარო რეესტრშია დამოწმებული და არც ნოტარიულად დადასტურებული. დოკუმენტის ნამდვილობა დ.ქ–ვას წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზეც გახადა სადავო და მიუთითა, რომ მის მარწმუნებელს საერთოდ არ ახსოვს მსგავს დოკუმენტზე ხელის მოწერის ფაქტი.

35.9. სარჩელზე დართულ აუდიტორულ დასკვნასაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე და განმარტავს, რომ გარდა იმისა, რომ 33.4% წილზე არანაირი უფლება მოსარჩელე არ უდასტურდება, ასევე დასკვნა არ არის გამყარებული მასალებით, რის საფუძველზე იქნა მიღებული მასში მითითებული ასტრონომიული თანხა, მით უფრო დოლარის ვალუტაში. ამავდროულად, მოპასუხეს მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულადაც მიაჩნია, რამდენადაც გასულია მოთხოვნის 3 წლიანი ვადა. აქვე მოპასუხე მიუთითებს, რომ სასამართლომ რომც მიიჩნიოს საფუძვლიანად სარჩელი ამ ნაწილში, მოთხოვნა დაყენებული უნდა იყოს მხოლოდ შპს „კ–ის“ წინააღმდეგ.

36. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

36.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ვ.ქ–ვას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

36.2. გადაწყვეტილების თანახმად, ვ.ქ–ვამ 1999 წელს სადავო უძრავი ქონების შეძენაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა საკუთრება მხოლოდ დ.ქ–ვას სახელზე დარეგისტრირდა. შესაბამისად, მან სასამართლოში მოითხოვა საკუთრების 1/3-ის აღიარება, ამტკიცებდა რა, რომ გადაიხადა ნასყიდობის საფასურის ნაწილი. ვ.ქ–ვას წარდგენილ მტკიცებულებებს შორის იყო 2021 წელს დადებული წინარე შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დ.ქ–ვა თანხმდებოდა მისთვის 20%-იანი წილის უსასყიდლოდ გადაცემას, თუმცა მოსარჩელე ამტკიცებდა, რომ დამატებით 13%-ზეც ჰქონდა პრეტენზია გადახდილი თანხის საფუძველზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება, რაც არ იყო დადასტურებული, ამიტომ უტყუარად ვერ დადასტურდა ეს მოსაზრება. ასევე, იმავე შეთანხმებაში მითითებული „უსასყიდლო გადაცემა“ ეწინააღმდეგებოდა მოსარჩელის პოზიციას ნასყიდობის თანხის გადახდის შესახებ. საბოლოოდ, სასამართლომ დაასკვნა, რომ ვ.ქ–ვამ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები საკუთრების 1/3-ის მოპოვების დასაბუთებისთვის, რის გამოც მისი მოთხოვნა დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული და არ დაკმაყოფილდა.

37. სააპელაციო საჩივარი

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

38. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

39. საკასაციო საჩივარი

39.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

39.2. გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია. მტკიცებულებებით დასტურდება მხარეთა ნება და გარიგების შინაარსი საკუთრების გადაცემაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია სასარჩელო მოთხოვნების გასამართლებლად.

39.3. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 14.04.2022 წლის ვიდეო და ფონოსოპიური ექსპერტიზის დასკვნით დგინდება მხარეთა შორის დადებული გარიგების შინაარსი. დ.ქ–ვა ცალსახად ადასტურებს უძრავ ქონებაში წილის მესაკუთრედ ვ.ქ–ვას. წილის ოდენობაა მხოლოდ სადავო, რადგან დ. და მისი მეუღლე ადასტურებენ მხოლოდ 20%-ის ვ–ს მიერ კუთვნილებას და არა 33%-ს. რა საფუძვლითა არაა 33% ვერ ადასტურებენ. ასევე, დ.ჩანაწერში ადასტურებს, რომ 17 000 აშშ დოლარი ვ–ს გადახდილია.

39.4. მსგავსი ფაქტობრივი გარემოებები დგინდება მოწმეების გ.ა–ას, კ.ა–ას ჩვენებებით.

39.5. ასევე საქმეშია წარდგენილი 16.11.2021 წლის წინარე შეთანხმება ნასყიდობის ქონების უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, რომლითაც დ. დათანხმდა წილის გადაცემას სასამართლოს დასრულების შემთხვევაში. მართალია აღნიშნული ხელშეკრულების დედანი არაა საქმეში, თუმცა ექსპერტიზით გაშიფრულ ჩანაწერში აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსზე საუბრობენ, რაც ხელშეკრულების პირობებს ემთხვევა.

39.6. საქმეში წარმოდგენილია დ. და რ.ქ–ვების შედგენილი შემოსავლების აღრიცხვისა და განაწილების ცხრილი, რომლითაც დგინდება, რომ 2005-8 წლებში შემოსავალი სამივე ძმაზე ნაწილდებოდა თანაბრად. აღნიშნულზე სასამართლო მიუთითებს, რომ ის არ წარმოადგენს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ ნაწარმოებ ოფიციალურ ინფორმაციას პირის შემოსავლების შესახებ და ვერ იქნება მიჩნეული დადასტურებულ რელევანტურ მტკიცებულებად. ამ ნაწილში კასატორი მიუთითებს, რომ აღნიშნული ცხრილი უნდა განიმარტოს გარიგების შემადგენელ ნაწილად სსკ-ის 50-ე მუხლის შესაბამისად.

39.7. 17 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი დასტურდება 09.02.2022 წლის შეხვედრის აუდიოჩანაწერით, რაც გაიშიფრა ექსპერტიზის დასკვნით.

40. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

42. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

43. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

44. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

45. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

27. საკასაციო პალატის კვლევის საგანს წარმოადგენს ის, თუ რამდენად არსებობდა უძრავი ქონების წილის მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობისა და მოპასუხეებისთვის თანხის სოლიდარულად დაკისრების საფუძველი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველ რიგში განიხილება საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერების საკითხი, რადგან მისი დაუდასტურებლობა ავტომატურად გამოიწვევს სხვა თანმდევი მოთხოვნების უსაფუძვლობას.

28. სსკ-ის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო 183-ე მუხლის პირველი ნაწილი კი განსაზღვრავს, რომ უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

29. სსკ-ის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზედაც. შესაბამისად, უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების დადება უნდა გაფორმდეს წერილობით.

30. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა- განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

31. სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

32. საკასაციო პალატა, როგორც არაერთ გადაწყვეტილება/განჩინებაში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

33. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

34. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს, რომ 1999 წელს სადავო უძრავი ნივთი შეძენილ იქნა მისი თანამონაწილეობით, თუმცა დარეგისტრირდა მხოლოდ დ.ქ–ვას საკუთრებაში. აღნიშნულის მიუხედავად, უძრავი ქონების ნასყიდობის შემთხვევაში, აუცილებელია ფორმასავალდებულო, წერილობითი ხელშეკრულების არსებობა. აქედან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვ.ქ–ვას რელევანტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დაედასტურებინა თანხის გადახდის და შესაბამისად, ქონების 1/3 ნაწილზე საკუთრების უფლების მოპოვების ფაქტი, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოებში ვერ დადგინდა მოსარჩელის მიერ სათანადო მტკიცებულების წარუდგენლობის გამო.

35. დადგენილია, რომ ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა საინვესტიციო კონკურსი ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელში განთავსებული შენობა-ნაგებობის მარცხენა ნაწილის 700 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართობის პრივატიზების შესახებ. ხსენებულ კონკურსში გამარჯვებულად ჩაითვალა ჯ. ც–ი, რომელთანაც ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ 1998 წლის 21 აგვისტოს გაფორმებულ იქნა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და იმავე დღეს გაცემულ იქნა №23/716-კ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

36. 1999 წლის 17 მარტს ერთი მხრივ ჯ.ც–ს და მეორე მხრივ დ.ქ–ვას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ჯ.ც–ის კუთვნილ 700 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე, მდებარე ქ. თბილისი, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი. ნასყიდობის თანხად განისაზღვრა 40 000 აშშ დოლარი.

37. ჯ.ც–მა, მასთან გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების (მე-10 მუხლი) მიხედვით, იკისრა ვალდებულება, ეწარმოებინა გამაგრებითი სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს სამი თვისა, ხოლო სამშენებლო სამუშაოები უნდა დაესრულებინა მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი წლის განმავლობაში.

38. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2004 წლის 25 ივნისს გადაწყვეტილებით (სახ. ქონება ედავებოდა ც–ს ვალდებულება არ შეგისრულებია და ხელშეკრულება უნდა შეწყდესო) სარჩელი არ დააკმაყოფილა. სასამართლომ ქ. თბილისის მერიის შპს „თ–ის“ 17.03.2004წ. დასკვნაზე დაყრდნობით პრივატიზაციის ხელშეკრულების მე-10 მუხლით დადგენილი პირობა შესრულებულად მიიჩნია და არ დააკმაყოფილა სარჩელი.

39. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, სადგურის მოედნის მიწისქვეშა გასასვლელში არსებულ 1920.00 კვ.მ დაზუსტებული ფართობიდან 700.00 კვ.მ. ფართზე, ს/კ №........, საკუთრების უფლება აღირიცხა დ.ქ–ვას სახელზე. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენდა: 1999 წლის 17 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის 2003 წლის 7 აპრილის აქტი ზემოაღნიშნული ფართის რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

40. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 12 ივლისის განჩინებით (საქმე №2ბ/3512-11) არ დაკმაყოფილდა ჯ.ც–ის უფლებამონაცვლის სარჩელი და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება. სასამართლომ ამ საქმეში დაადგინა, რომ დ.ქ–ვას მიერ სრულად იქნა გადახდილი 1999 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. განჩინებაზე ჯ.ც–ის უფლებამონაცვლის მიერ წარდგენილ იქნა საკასაციო საჩივარი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინებით, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველად. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია დ.ქ–ვას მხრიდან ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის ფაქტი.

41. საქმეში წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ დ.ქ–ვას მიერ სრულად იქნა გადახდილი 1999 წლის 17 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ გამოიტანა იმ ხელწერილების საფუძველზე, რომელთა მიხედვითაც, ჯ.ც–მა ნასყიდობის თანხა მიიღო სრულად, დ.ქ–ვას წარმომადგენელ რ.ქ–ვას მეშვეობით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია, რომ თანხის გადახდის ფაქტი არ დასტურდება.

42. ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი მსჯელობის (წინამდებარე განჩინების 28-ე-31-ე აბზაცების) შესაბამისად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ უძრავი წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო წერილობით და დარეგისტრირებულიყო საჯარო რეესტრში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ვერ ადასტურებს.

43. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის/აპელანტის პოზიციას, რომ ფართის გამაგრებითი სამუშაოები, რაც ქონების პრივატიზაციის შემადგენელ პირობას წარმოადგენდა, აწარმოა შპს „მ–მა“ 2004-2005 წლებში. მოსარჩელე ამ გარემოების დასადასტურებლად მიუთითებდა კვლავ მოწმეთა ჩვენებებზე, თუმცა, საქმის მასალებზე დაყრდნობით პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის თანახმად, კომპანიას არ უფიქსირდება საგადასახადო ორგანოში 2004-2006 წლებში საგადასახადო ანგარიშფაქტურების წარდგენა. ამასთან, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის შპს „თ–ის“ 17.03.2004წ. დასკვნაზე დაყრდნობით პრივატიზაციის ხელშეკრულების მე-10 მუხლით დადგენილი პირობა შესრულებულია. შესაბამისად, ამ ფაქტს ვერ გააბათილებს მოწმე კ.ა–ას ჩვენება, რომელმაც დაზუსტებით ვერც მიუთითა, რომ შპს „მ–ი“ წარმოადგენდა სამუშაოების შემსრულებელ პირს.

44. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დ.ქ–ვას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/3 წილზე შესაძლებელი იყო ვ.ქ–ვას მესაკუთრედ ცნობა, სარჩელში მითითებული გარემოებების დადასტურების შემთხვევაში, თუმცა ვ.ქ–ვამ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, რაც გამორიცხავს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია დანარჩენი მოთხოვნებიც, რადგან მათი ნამდვილობა დამოკიდებული იყო ძირითადი სასარჩელო მოთხოვნიდან დადასტურებაზე.

45. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ქ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ვ.ქ–ვას (პ.ნ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით ი. ნ–ას (პ.ნ. .......) მიერ გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N7994; გადახდის თარიღი: 19.12.2024) 6000 ლარის 70% - 4200 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი

ა. კოჭლამაზაშვილი