დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 28.05.2026
საქმის ნომერი
ას-1131-2025
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-1131-2025 28 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

განმცხადებელი – გ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.ს.ს.წ.დ.ა.ს.ქ–ნი“ (მოპასუხე)

განმცხადებლის მოთხოვნა – უსწორობის გასწორება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ჩ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შპს „ქ.ს.ს.წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა: გ.ჩ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, შპს ქ.ს.ს.წ.დ.ა.ს.ქ–ის“ მმართველის 2023 წლის 26 იანვრის #13/კ ბრძანების ბათილად ცნობა; გ.ჩ–ძის აღდგენა შპს ქ.ს.ს.წ.დ.ა.ს.ქ–ში პირვანდელ სამუშაო ადგილზე-იურისტის თანამდებობაზე“; მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის დაკისრება გათავისუფლების დღიდან, სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენამდე, თვეში 1770 ლარის ოდენობით, ასევე, ზიანის ანაზღაურების მიზნით 1 000 000 ლარის დაკისრება.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ჩ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ჩ–ძის სარჩელი შპს „ქ.ს.ს.წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ქ.ს.ს.წ.დ.ა.ს.ქ–ნს“ გ.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 36 051.90 ლარის ანაზღაურება; შპს „ქ.ს.ს.წ.დ.ა.ს.ქ–ნს“ გ.ჩ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 36 051.90 ლარის 0.07%-ის ანაზღაურება, ყოველდღიურად, 2023 წლის 26 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გ.ჩ–ძის სხვა სასარჩელო მოთხოვნები, შპს „ქ.ს.ს.წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ მიმართ, არ დაკმაყოფილდა.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა გ.ჩ–ძემ და მოითხოვა საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის განჩინებით გ.ჩ–ძის განცხადება, N2/ბ-1259-2023წ. სამოქალაქო საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მხარებმა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 16 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ.ჩ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით გ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებით შპს „ქ.ს.ს.წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო. ამავე თარიღის განჩინებით გ.ჩ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

12. 2026 წლის 21 მაისს საკასაციო პალატას მომართა გ.ჩ–ძემ და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებაში (შპს „ქ.ს.ს.წ.დ.ა.ს.ქ–ნის“ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ) დაშვებული უსწორობის გასწორება. კერძოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სამართლებრივი დასაბუთების შემდეგი არგუმენტაციის - „პალატა ბუნებრივია, დადგენილად მიიჩნევს, რომ ამგვარ ფაქტს, კერძოდ, დამსაქმებლის ინტერესების საზიანოდ მოქმედების ფაქტს, გ.ჩ–ძის მხრიდან ადგილი არ ჰქონია და მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მხრიდან ინტერესთან კონფლიქტით გამოწვეული შრომითი მოვალეობების დარღვევა არ დასტურდება“ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში ასახვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

13. საკასაციო პალატა გაეცნო გ.ჩ–ძის მომართვას და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

14. პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია წინამდებარე განცხადების ზეპირი მოსმენით განხილვა.

16. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ცვლილების შეტანა, რაც უკავშირდება დაშვებულ უსწორობას ან აშკარა არითმეტიკულ შეცდომებს.

17. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 26 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში რაიმე შეცდომა დაშვებული არ არის. შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნულ განჩინებაში უსწორობის გასწორების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

18. რაც შეეხება განმცხადებლის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასაბუთების არგუმენტაციის უზენაესი სასამართლოს განჩინებაში ასახვის შესახებ, პალატა განმცხადებელს განუმარტავს, რომ სსსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო ნორმა გადაწყვეტილებაში დაშვებული ტექნიკური ხასიათის უსწორობის გასწორებას გულისხმობს და არ მოიაზრებს უსწორობის გასწორების გზით სასამართლოს მსჯელობის ან/და სამართლებრივი შეფასების შეცვლას. მოცემულ შემთხვევაში კი, განმცხადებელი სწორედ სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებაში ცვლილების შეტანას მოითხოვს, რაც დაუშვებელია.

19. ამდენად, გ.ჩ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ჩ–ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 26 თებერვლის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლევან ნემსაძე

მიხეილ ჯინჯოლია