გაუქმდა და მიღებულია ახალი გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
31 იანვარი 2025 წელი
№ას-742-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),ლაშა ქოჩიაშვილი (მომხსენებელი),ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
მოწინააღმდეგე მხარე _ შ.პ.ს. „კ.ე.ჯ–ი..“
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. შ.პ.ს. „კ.ე.ჯ..“-მა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“, „მიმწოდებელი“) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“, „შემსყიდველი“) მიმართ, მიწოდებული საქონლის ღირებულების აუნაზღაურებელი ნაწილის _ 12 141.25 ლარის გადახდის მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2.1. მხარეებს შორის 2021 წლის 21 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №10.02/30/153. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელისგან შეიძინა 55 ცალი ფართოეკრანიანი დაცული საველე პლანშეტი 485 650 ლარად. მიწოდების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღე.
2.2. მოსარჩელისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო საქონლის მობილიზება ვერ მოხერხდა დათქმულ ვადაში. როგორც კი მიმწოდებლისთვის ცნობილი გახდა, რომ ფერხდებოდა საქონლის მიწოდება, აღნიშნული აცნობა შემსყიდველს. შეფერხების მიზეზი იყო მაკომპლექტებელი ჩიპის დეფიციტი, რომელიც წარმოიშვა ტენდერის ჩატარების შემდეგ. სატელეფონო საუბრით შემსყიდველი მიმწოდებელს დაჰპირდა სანქციებთან დაკავშირებით შეღავათებსაც, თუმცა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ვერ შედგა შეხვედრა და მორიგება საქონლის მიწოდების ვადის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
2.3. 2021 წლის 12 ნოემბერს შესყიდული საქონელი მიეწოდა შემსყიდველს, რომელმაც მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 12 141.25 ლარის გადახდა და არასწორად მიუთითა, რომ მიწოდების ვადის გადაცილება მოხდა 25 დღით, ნაცვლად 24 დღისა. შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის უკანონო და შეუსაბამოდ მაღალი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ არ აანაზღაურა უკანონოდ დარიცხული სანქცია, მოპასუხემ საქონლის ღირებულების ანგარიშიდან გამოქვითა პირგასამტეხლო და ნაცვლად 485 650 ლარისა, მოსარჩელეს გადაუხადა 473 508.75 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა, რომლის ოდენობა შეთანხმებული იყო მხარეებს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებით. ის გარემოება, რომ საქონლის მიწოდების შეფერხება გამოიწვია მაკომპლექტებელი ჩიპის დეფიციტმა, წარმოადგენდა მიმწოდებლის რისკს და ამ საფუძვლით ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობა საპატიოდ არ უნდა მიჩნეულიყო. ამასთანავე, ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა განხორციელებულიყო წერილობით და მხარის მითითება სატელეფონო კომუნიკაციაზე ვერ იქნება განმსაზღვრელი დავის გადაწყვეტისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „კ.ე.ჯ..“-ს სასარგებლოდ დაეკისრა 9810.13 ლარის ანაზღაურება.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
7. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია დავისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შ.პ.ს. „კ.ე.ჯ..“-ს შორის 2021 წლის 21 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №10.02/30/153. ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისათვის ფართოეკრანიანი დაცული საველე პლანშეტების სახელმწიფო შესყიდვა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 485 650 ლარს, ყველა ხარჯის და გადასახადის ჩათვლით; ხელშეკრულება ძალაში იყო 2021 წლის 21 ივლისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
7.2. 2021 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით აცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მიწოდება ვერ განახორციელა მითითებულ ვადებში და დაგვიანების მიზეზი იყო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე პლანშეტური კომპიუტერის მაკომპლექტებელი ჩიპის გლობალური დეფიციტი, რაც ამ დროისთვის აღმოფხვრილი იყო და საქონლის მიწოდებას განახორციელებდა არაუგვიანეს 2021 წლის 15 ნოემბრისა. 2021 წლის 15 ნოემბერს მოსარჩელემ ასევე წერილობით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა შეხვედრა შესყიდვების სამსახურის წარმომადგენელთან.
7.3. 2021 წლის 12 ნოემბრის ორმხრივად ხელმოწერილი საქონლის მიღება-ჩაბარების შესახებ №494 აქტით დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან ჩაიბარა 55 ცალი ფართოეკრანიანი დაცული საველე პლანშეტი, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენდა 485 650 ლარს.
7.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2021 წლის 18 ნოემბრის №12-0121322514 წერილით შ.პ.ს. „კ.ე.ჯ..“-ს ეცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე (25 დღე) ხელშეკრულების ღირებულების (485650 ლარი) 0.1%-ის ოდენობით, ჯამში - 12141.25 ლარი.
7.5. 2021 წლის 26 ნოემბერს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შ.პ.ს. „კ.ე.ჯ..“-ს აუნაზღაურა 2021 წლის 12 ნოემბრის საქონლის მიღება-ჩაბარების №494 აქტით განსაზღვრული საქონლის ღირებულება 473 508.75 ლარის ოდენობით, ხოლო სადავო თანხა - 12 141.25 ლარი - დაუკავა პირგასამტეხლოს ანგარშში.
8. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სააპელაციო პალატამ მისცა შემდეგი სამართლებრივი შეფასება:
8.1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 9.1 პუნქტი ითვალისწინებს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევისათვის. ამავე ხელშეკრულების 10.1 და 10.3 პუნქტების თანახმად, ფორს-მაჟორული გარემოებების (სტიქიური მოვლენები, გაფიცვა, საბოტაჟი, ომი, ბლოკადა, მიწისძვრა, ეპიდემია და სხვა) დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყონებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ; თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობის და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან; ხელშეკრულების 10.4 და 11.2 პუნქტების თანახმად: იმ შემთხვევაში თუ ფორს- მაჟორული გარემოებების დადგომის გამო იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, ასევე ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში, ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
8.2. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილი და სარჩელზე თანდართული წერილებით დასტურდება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის მითითებულ ვადებში მიწოდების შეუძლებლობის თაობაზე მოსარჩელემ შემსყიდველს აცნობა მხოლოდ 2021 წლის 20 ოქტომბრის წერილით, ხოლო 2021 წლის 15 ნოემბრის წერილით მოითხოვა შეხვედრა შესყიდვების სამსახურის წარმომადგენელთან, მაშინ როდესაც სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №10.02/30/153 ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა ამოიწურა 2021 წლის 18 ოქტომბერს.
8.3. ზემოაღნიშნულ სახელშეკრულებო დათქმათა შინაარსის გათვალისწინებით და იმ პირობებში, როდესაც მხარეს სასამართლოსათვის არ წარუდგენია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაში შესრულების შეუძლებლობის დამადასტურებელი რაიმე კონკრეტული მტკიცებულება და არც მხარეთა წერილობითი შეთანხმება არსებობს ობიექტური მიზეზების გამო ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განსაზღვრული მიწოდების ვადის გაგრძელების თაობაზე, პალატამ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება, რომ არ არსებობდა ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულების საპატიო მიზეზი, რაც მიმწოდებელს გაათავისუფლებდა საჯარიმო სანქციების დაკისრებისაგან.
8.4. პალატამ შენიშნა, რომ 2021 წლის 21 ივლისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №10.02/30/153 ხელშეკრულების 3.1. პუნქტით დასტურდება, რომ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან (2021 წლის 21 ივლისი) არაუგვიანეს 90 კალენდარული დღით (2021 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით); უდავო გარემოებაა და საქმეში წარმოდგენილია 2021 წლის 12 ნოემბრის ორმხრივად ხელმოწერილი საქონლის მიღება-ჩაბარების №494 აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელისგან ჩაიბარა შესყიდვის ობიექტი - 55 ცალი ფართოეკრანიანი დაცული საველე პლანშეტი. შესაბამისად, ვინაიდან 2021 წლის 12 ნოემბერს შესყიდვის ობიექტი უკვე გადაეცა შემსყიდველს, აღნიშნული დღის ჩათვლა ვადის გადაცილებაში იყო უმართებულო, მაშასადამე, მოპასუხეს უფლება გააჩნდა, მოეთხოვა პირგასამტეხლო მხოლოდ 24 დღის ვადაგადაცილების გამო.
8.5. პალატამ გაიზიარა ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ხელშეკრულების ღირებულების (485650 ლარი) 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში დათქმული პირობის მიუხედავად, იყო არაგონივრული და ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს. აღნიშნულის საფუძველზე სასამართლომ დაკავებული პირგასამტეხლო შეამცირა და განსაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის - ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც 24 დღეზე გააანგარიშებით შეადგინა 2331.12 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან 9810.13 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკავება ჩაითვალა უმართებულოდ და შემსყიდველს მისი მიმწოდებლისთვის ანაზღაურება დაეკისრა.
9. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო: ხელშეკრულების მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მის ოდენობასა და გაანგარიშების წესზე. ხელშეკრულებით დადგენილი მიწოდების ვადას მიმწოდებელმა 25 კალენდარული დღით გადააცილა, რამაც შემსყიდველს წარმოუშვა ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. მიმწოდებელს, რომელმაც სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირება სთხოვა, არ დაუსაბუთებია, თუ რა გარემოებების გამო უნდა მიჩნეულიყო პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ სანქციად, თუმცა სასამართლომ მაინც შეამცირა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა იმ მასშტაბამდე, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს მიზნებს და აზრს უკარგავს მის არსებობას.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად, მიღებული იქნა არსებითად განსახილველად და დადგინდა მისი განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კასატორი სადავოდ არ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, არამედ დადგენილ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, კასატორის პრეტენზია მიემართება ვადაგადაცილებული დღეების ოდენობის განსაზღვრისა და ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხებს. ამავდროულად, მიუხედავად სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა, მოსარჩელეს არ უსარგებლია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების (და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების) გასაჩივრების შესაძლებლობით, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ წინამდებარე საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სრული მოცულობით სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა დავისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა სამართლებრივად არასწორად შეაფასა ისინი, რამაც არასწორი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
14. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია უკავშირდება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მართებულობას, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, ვლინდებოდა თუ არა სასამართლოს მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობები.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში ასახული აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს.
16. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სადავო ურთიერთობის სამართლებრივი შეფასება სასამართლოს ვალდებულებაა, მიუხედავად იმისა, ედავებიან თუ არა ამ შეფასებას მხარეები. ეს იმას ნიშნავს, რომ სარჩელში, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებში მოცემული სამართლებრივი შეფასებები მბოჭავი არ არის სასამართლოსთვის და მას ყოველთვის შეუძლია, განსხვავებულად შეაფასოს სადავო სამართალურთიერთობა.
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლებიდან გამომდინარეობს (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას).
18. საკასაციო საკასაციო სასამართლოს მრავალჯერ განუმარტავს პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის მოვალეობის წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...“ (იხ. სუსგ. №ას-1373-2018, 17.01.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; №ას-953-918-2016, 22.11.2016წ.).
19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე უფლება აქვს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის აშკარად შეუსაბამო პირგასამტეხლო საქმის გარემოებათა გათვალისწინებით დაიყვანოს თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ეს უფლებამოსილება არის ის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, ჩაერიოს მხარეთა ხელშეკრულების თავისუფლებაში და, მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პირგასამტეხლო შეამციროს. პირველ რიგში, ასეთი წინაპირობა თავად მხარის მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნაა კვალიფიციური შედავების ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვლინდება მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა. პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე მსჯელობისას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ფასდება ვალდებულების დარღვევის ხარისხი, მათ შორის, მხარეთა სახელშეკრულებო ინტერესის განმარტების კონტექსტით. კვალიფიციური შედავების გარეშე კი, შეუძლებელია, დადგინდეს, რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსის, ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა, რაც ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის მაქსიმალურობას უწყობს ხელს (შდრ. იხ. ნათია ჩიტაშვილი „პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია“, შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალი, 2/2020).
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მყარად დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე - პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. (იხ. სუსგ. №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-576-2022, 07.07.2022წ.) ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება) ან ხელშეკრულების საზღაურიდან პირგასამტეხლოს დაკავების არამართლზომიერებაზე სარჩელით. პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება მოვალეს (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-888-2020, 10.12.2020წ.).
21. სასამართლოს პრაქტიკა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება წარმოიშობა მოვალის მიერ ამგვარი მოთხოვნის სასამართლოს წინაშე გაცხადებისას, აღიარებულია იურიდიულ ლიტერატურაშიც _ „იმ შემთხვევაში, თუ მხარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას არ მოითხოვს ან მოითხოვს სამართალწარმოების იმ ეტაპზე, როდესაც ახალი მოთხოვნის წარდგენა დაუშვებელია, სასამართლო თავისი ინიციატივით, შესაბამისი პროცესუალურად ნამდვილი შეცილების უფლების გარეშე, პირგასამტეხლოს ვერ შეამცირებს, თუნდაც იგი შეუსაბამოდ მაღალი იყოს. უფრო მეტიც, მხარემ უნდა ამტკიცოს, თუ რატომ არის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი... შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“ მიჩნევას, როგორც ზემოთ აღინიშნა, შეცილება და მტკიცება სჭირდება (იხ. მესხიშვილი ქ. „პირგასამტეხლო, თეორიული ასპექტები, სასამართლო პრაქტიკა“, ჟურნალი „ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა“, III გამოცემა, 2014, გვ. 23).
22. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეს შეთანხმებული ვადის დაცვით არ მიაწოდა პროდუქცია, რის გამოც ამ უკანასკნელმა მოპასუხისგან მოითხოვა პირგასამტეხლოს სახით 12 141.25 ლარის გადახდევინება, რომლის ნებაყოფლობით გადაუხდელობის გამო, შემსყიდველმა პირგასამტეხლო გამოქვითა მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან.
23. წარმოდგენილ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ვალდებულების შესრულების ვადები დაირღვა არაბრალეულად, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის - მისაწოდებელი პლანშეტების მაკომპლექტებელი ჩიპის დეფიციტის გამო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნევდა, რომ მას პირგასამტეხლო არ უნდა დაკისრებოდა.
24. უწინარესად, საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლს, რომლის თანახმადაც, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა ) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ვალდებულების შესრულების ლეგიტიმური სახელშეკრულებო ინტერესი, სამართლებრივი დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებული სიკეთეა. ვალდებულების შესრულება ხასიათდება იმით, რომ იგი წარმოადგენს ვალდებულების შეწყვეტისაკენ მიმართულ ნებელობით ქმედებებს.
26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხსენებული პრინციპის მიუხედავად, სამოქალაქო ბრუნვისთვის უცხო არ არის გარემოებათა იმგვარი ცვლილება, რომელიც ხელშეკრულების განუხრელად შესრულებას ხდის შეუძლებელს ან აქცევს იმდენად მძიმე და არაგონივრულ ტვირთად, რომ შესრულების მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ურთიერთობის ქვაკუთხედს - კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპებს. სამოქალაქო კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. იმის მიხედვით, რამდენად არსებითია გარემოების ცვლილება ხელშეკრულების დადების შემდეგ, იურიდიული ლიტერატურა ერთმანეთისგან მიჯნავს 1) ფორს-მაჟორისა (რომანულ სამართალში - vis major) და 2) შესრულების გართულების (Hardship) კონცეფციებს თანმდევი სამართლებრივი შედეგებით (იხ. სუსგ. №ას-1063-2021, 21.12.2022წ.).
27. „ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს შეუძლებლობა და შესრულების გართულება. შეუძლებლობის შემთხვევაში შესრულების ვალდებულება კანონის ძალით ქარწყლდება, რადგან სამართლებრივი ანომალია იქნებოდა, მხარეს დააკისრო ის, რის შესრულებაც შეუძლებელია. შესრულების გართულებისას კი ვალდებულების შესრულება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მაგრამ კრედიტორის ინტერესსა და მოვალის მიერ გასაწევ დანახარჯებს შორის იმდენად აშკარა შეუსაბამობაა, რომ მისი გაუთვალისწინებლობა კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, გართულებული შესრულების ვალდებულება ძალაშია, თუკი ვალდებულების ადაპტაცია შეცვლილი გარემოებებისადმი ჯერ კიდევ შესაძლებელია“ (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2019, გვ. 639).
28. თუ ვალდებულების შესრულება შეუძლებელია, ასეთი ვალდებულება ქარწყლდება კანონის ძალით. ამისათვის მოვალემ უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულების შესრულება ობიექტურად ან სუბიექტურად შეუძლებელია. იმის მტკიცების ტვირთი, რომ მას ვადის გადაცილებაში ბრალი არ მიუძღვის, აწევს მოვალეს. ეს გამომდინარეობს ნორმის ფორმულირებიდან – „თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული“ – და იმაზე მიუთითებს, რომ მოვალის ბრალი ივარაუდება, თუკი ის საპირისპიროს არ დაამტკიცებს (იხ. სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, თბილისი, 2019, გვ. 643).
29. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს (მოვალეს) სასამართლოში მტკიცებულების წარდგენის გზით არ დაუმტკიცებია, რომ ხელშეკრულების დადების ეტაპზე მისაწოდებელი პლანშეტების მაკომპლექტებელი ნაწილები ბაზარზე ხელმისაწვდომი იყო, ხოლო ხელშეკრულების დადების შემდეგ, ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვამდე, მათზე დეფიციტი რეალურად შეიქმნა. მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტება, მართალია, სამოქალაქო პროცესში დასაშვები მტკიცებულებაა, მაგრამ სასამართლოსათვის როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ახსნა-განმარტებას, თანაბარი მტკიცებულებითი ძალა გააჩნია, შესაბამისად, როდესაც სარჩელის დასასაბუთებლად მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას უარყოფს მოპასუხე, მარტოოდენ მოსარჩელის ახსნა-განმარტება საკმარისი ვერ იქნება სადავო გარემოების დასადასტურებლად, საამისოდ მოსარჩელეს სსსკ 102-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ესაჭიროება სხვა მტკიცებულების წარდგენაც (იხ. სუსგ. №ას-1180-2022 03.05.2023წ.; №ას-1121-2022. 15.02.2023წ.).
30. პალატა იმასაც შენიშნავს, რომ ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულების შეუძლებლობაზე მიმწოდებელმა შემსყიდველს პირველი წერილობითი განმარტება მისცა 2021 წლის 20 ოქტომბერს, ესე იგი, მას შემდეგ, რაც ვალდებულების შესრულების ვადა უკვე ამოწურული იყო. შესაბამისად, ხსენებულ წერილობით კორესპონდენციას მხარის ახსნა-განმარტებისგან დამოუკიდებელი წერილობითი მტკიცებულების მნიშვნელობა ვერ მიენიჭება.
31. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომ სასამართლოთა დასკვნას ვადაგადაცილებაში მოვალის ბრალეულობის შესახებ.
32. ვადაგადაცილების ხანგრძლივობის განსაზღვრის საკითხთან მიმართებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის მიწოდების ვადა იწურებოდა 2021 წლის 21 ივლისიდან 90 კალენდარული დღის თავზე, ესე იგი, 2021 წლის 18 ოქტომბერს. ხელშეკრულებაზე თანდართული ფასების ცხრილის (დანართი №1) მიხედვით, შეკვეთა მოიცავდა 55 ერთეულ ფართოეკრანიან დაცულ საველე პლანშეტს, ერთეულის ღირებულებით 8830 ლარი, ჯამში 485 650 ლარის ღირებულებით. საქმის მასალებში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ 2021 წლის 21 ივლისის ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული საქონლის მიწოდება მოხდა ერთ ეტაპად, სახელდობრ, 55 საველე პლანშეტი შემსყიდველს მიეწოდა 2021 წლის 12 ნოემბერს, მაშასადამე, ვადაგადაცილების პერიოდი მოიცავს 2021 წლის 19 ოქტომბრიდან ამავე წლის 11 ნოემბრის ჩათვლით პერიოდს, რაც არა 25, არამედ 24 კალენდარულ დღეს შეადგენს.
33. სარჩელის თანახმად, თუკი სასამართლო ჩათვლიდა, რომ ვალდებულება დაირღვა მოვალის ბრალით, მოსარჩელე მოითხოვდა პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის სანქციის, შემცირებას გონივრულ ოდენობამდე. თუმცა განმარტებული არ არის, თუ რატომ იყო ჩათვლილიყო უმნიშვნელო დარღვევად მიწოდების ვადების უგულებელყოფა იმ მოცემულობაში, როდესაც შესრულებისთვის დათქმულ სახელშეკრულებო ვადას - 90 დღეს მიმწოდებელმა მნიშვნელოვნად - 24 დღით გადააცილა, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც დარღვევამ სრულად მოიცვა ხელშეკრულების ფარგლებში გადასაცემი საქონლის ოდენობა და არა მხოლოდ ნაწილი.
34. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების მხარე მეწარმე სუბიექტის პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.“ (იხ. №ას-189-2022, 16 სექტემბერი, 2022წ.; №ას-310-2022, 16 დეკემბერი, 2022წ; №ას-889-2022, 23 მარტი, 2023წ.; №ას-65-2024, 15 აპრილი, 2024წ.; №1519-2023, 21 ივნისი, 2024წ.; №485-2024, 28 ივნისი, 2024წ.).
35. საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს - 0.1%-ის 0.02%-მდე შემცირების დასაბუთებას არც აღძრული სარჩელი შეიცავს და სააპელაციო სასამართლოს დასკვნაც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობით შემცირებასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური ღირებულებების - მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების გათვალისწინებით, სასამართლოს არ წარმოშობია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეემცირებინა სახელშეკრულებო შეთანხმების გზით დათქმული პირგასამტეხლოს განაკვეთი. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, ამდენად, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანია, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კი, ნაწილობრივ დაუსაბუთებელი, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
36. თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, შეთანხმებული 0.1%-ის გათვალისწინებით, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა 485.65 ლარია (485650*0.1), რაც, 24-დღიანი ვადაგადაცილების კვალობაზე, შეადგენს 11 655.6 ლარს (485.65*24). აღნიშნული ოდენობის პირგასამტეხლო კი, უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი სანქციის ფუნქციის შესრულებას ისე, რომ არ გამოიწვიოს კასატორის გამდიდრება.
37. რაც შეეხება 25-ე დღისათვის (2021 წლის 12 ნოემბრისათვის) 485.65 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრებას და მისი საქონლის ღირებულებიდან გამოქვითვას, საამისო უფლებამოსილება შემსყიდველს არ გააჩნდა, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, საქონლის მიწოდების დღე ვადაგადაცილების დღეთა ოდენობას არ მიეთვლება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი კმაყოფილდება სწორედ 485.65 ლარის ფარგლებში.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
39. საკასაციო პალატა, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტებისთვის სამართლებრივი შეფასების შეცვლით, საქმის ქვემდგომ სასამართლოში დაბრუნების გარეშე, შესაძლებლად მიიჩნევს სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან, საქმე არ საჭიროებს ფაქტების ხელახლა დადგენას ან მტკიცებულებათა ხელმეორედ გამოკვლევას.
40.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის პირველი და მეორე წინადადებების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
40.2. დავის საგნის ფასი პირველი ინსტანციის სასამართლოში შეადგენდა 12141.25 ლარს, შესაბამისად, სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 364.24 ლარი (12141.25 ლარის 3%). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებულია 485.65 ლარის ნაწილში, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენს 14.57 თეთრს (485.65*3%), რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
40.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
40.4. მოცემულ შემთხვევაში აპელანტი/კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებული სუბიექტია.
40.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აპელანტს/კასატორს მხოლოდ მოპასუხე წარმოადგენდა, ხოლო სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში საჩივრის ფასი შეადგენდა 9810.13 ლარს, საიდანაც, საბოლოო ჯამში, საჩივრებმა წარმატება ჰპოვა 9324.48 ლარის ოდენობით. ამრიგად, შ.პ.ს. „კ.ე.ჯ..“ -ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 372.98 ლარი (9324.48*4%), ასევე საკასაციო სასასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 466.22 ლარი (9324.48*5%), რაც, საერთო ჯამში, 839.20 ლარს შეადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 იანვრის N 2ბ/5638-22 განჩინება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შ.პ.ს. „კ.ე.ჯ–..“ -ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „კ.ე.ჯ..“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 485 ლარის და 65 თეთრის გადახდა.
5. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შ.პ.ს. „კ.ე.ჯ..“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 14 ლარის და 57 თეთრის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. შ.პ.ს. „კ.ე.ჯ..“ -ს (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 839 ლარის და 20 თეთრის გადახდა (სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 372.98 ლარი, საკასაციო სასასამართლოში - 466.22 ლარი).
7. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე