დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 03.06.2026
საქმის ნომერი
ას-253-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
03.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

3 ივნისი, 2026 წელი,საქმე № ას-253-2026 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან მიქაბერიძე,ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ.ხ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკისა და გირავნობის საგნის რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.ბ–მა “ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბანკი) სარჩელი აღძრა გ.ხ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კერძო საჩივრის ავტორი), წინააღმდეგ თანხის დაკისრების, იპოთეკისა და გირავნობის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით.

2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა;

მოპასუხეს 2020 წლის 25 აგვისტოს N6817905 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 199,210.42 ლარის, გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ (ძირითადი თანხა - 188 712.47 ლარი, პროცენტი -10 397.95 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი);

მოპასუხეს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 2020 წლის 25 აგვისტოს N6817905 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანების, ძირითად თანხაზე - 188 712.47 ლარზე, წლიური 12.7% საპროცენტო სარგებლის გადახდა დაეკისრა ბანკის სასარგებლოდ, რაც ყოველდღიურად - 65.66 ლარია.

მოპასუხეს 2021 წლის 11 მარტის N7114278 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 13 327.65 ლარის, გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ (ძირითადი თანხა - 11 578.45 ლარი, პროცენტი - 1 049.20 ლარი, პირგასამტეხლო - 700 ლარი);

მოპასუხეს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 2021 წლის 11 მარტის N7114278 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების, ძირითად თანხაზე - 11 578.45 ლარზე, წლიური 10.5% საპროცენტო სარგებლის გადახდა დაეკისრა ბანკის სასარგებლოდ, რაც ყოველდღიურად 3.33 ლარს შეადგენს;

მოპასუხეს 2022 წლის 24 მაისის N8360660 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 21 005.74 ლარის, გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ (ძირითადი თანხა - 18 396.00 ლარი, პროცენტი - 2 109.74 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი);

მოპასუხეს დამატებით, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 2022 წლის 24 მაისის N8360660 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანების, ძირითად თანხაზე - 18 396.00 ლარზე, წლიური 14.00% საპროცენტო სარგებლის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 7.00 ლარს;

მოპასუხეს 2021 წლის 7 ივნისის N7278594 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 33 359.12 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ (ძირითადი თანხა - 31 317.23 აშშ დოლარი, პროცენტი - 1 641.89 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 400 აშშ დოლარი);

მოპასუხეს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 2021 წლის 7 ივნისის N7278594 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ ძირითად თანხაზე - 31 317.23 აშშ დოლარზე წლიური 6.1% საპროცენტო სარგებლის გადახდა დაეკისრა ბანკის სასარგებლოდ, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 5.23 აშშ დოლარს;

მოპასუხეს 2020 წლის 25 თებერვლის N6647626 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 55 545.28 ლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ (ძირითადი თანხა - 48 243.56 ლარი, პროცენტი - 6 501.72 ლარი, პირგასამტეხლო - 800 ლარი);

მოპასუხეს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 2020 წლის 25 თებერვლის N6647626 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების, ძირითად თანხაზე - 48 243.56 ლარზე, წლიური 13.00 % საპროცენტო სარგებლის გადახდა დაეკისრა ბანკის სასარგებლოდ, რაც ყოველდღიურად 17.18 ლარია.

მოპასუხეს 2020 წლის 25 თებერვლის N6647544 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 70 019.24 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ (ძირითადი თანხა - 65 762.37 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 756.87 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 500 აშშ დოლარი);

მოპასუხეს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 2020 წლის 25 თებერვლის N6647544 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებულ დავალიანების, ძირითად თანხაზე - 65 762.37 აშშ დოლარზე, წლიური 6.5% საპროცენტო სარგებლის გადახდა დაეკისრა ბანკის სასარგებლოდ, რაც ყოველდღიურად არის 11.71 აშშ დოლარი.

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის/კერძო საჩივრის ავტორის გამოუცხადებლობიდან გამომდინარე.

5. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების ფარგლებში დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით სასამართლოს მთავარი სხდომა ჩაინიშნა 2026 წლის 4 თებერვალს, 15:00 საათზე. სხდომის გამართვის თაობაზე მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

5.2. 2026 წლის 4 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი, რომელსაც სხდომის თაობაზე ეცნობა კანონის მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ, სასამართლოს მთავარი სხდომის ჩანიშვნის შესახებ უწყება, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, პირადად ჩაბარდა მოპასუხეს/აპელანტს 2025 წლის 16 დეკემბერს, თუმცა აპელანტი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა, მას არც სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე არ აღუძვრია შუამდგომლობა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის;

5.3. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.

5.4. სსსკ-ის 387-ე მუხლის გამოყენებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

5.5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 387.1, 70-ე-78-ე, 215.3-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან არ არსებობდა სასამართლო სხდომის სხვა დროისათვის გადადების სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ სასამართლო უწყება კანონის მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია (დეტალურად იხ. კერძო საჩივრი).

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 24 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.

9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, მოწინააღმდეგე მხარემ კი - იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

10. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

11. სსსკ-ის 275.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

12. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

13. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.

14. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა.

სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება, ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.

15. ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო, შეემოწმებინა არსებობდა თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონისმიერი წინაპირობები. საკასაციო პალატის განმარტებით, უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მიწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის შესახებ.

მოწვეულად მიიჩნევა მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაჰბარდა სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლომ გამოცხადებული მხარის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის) შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დატოვოს, თუ დაადგენს, რომ, აპელანტისთვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და 2026 წლის 4 თებერვალს, 15:00 საათზე მისი განხილვის მიზნით, დაინიშნა მთავარი სხდომა, რის შესახებაც აპელანტი გაფრთხილებული იყო სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; კერძოდ, სასამართლო უწყება პირადად ჩაბარდა - 2025 წლის 16 დეკემბერს, საქმეში მითითებულ მისამართზე (იხ. სასამართლო უწყება და უკუგზავნილი, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), თუმცა დანიშნულ დროს აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა, მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოსთვის. ასევე, დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარემ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება მოითხოვა.

17. საკასაციო სასამართლოს დასკვნით, რადგანაც აპელანტს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ, იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა პროცესზე და არც გამოუცხადებლობის რელევანტური მიზეზი აცნობა სასამართლოს, სააპელაციო პალატის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად (შდრ. სუსგ-ები № ას-1312-1232-2017, 24.11.2017; № ას-633-591-2017, 21.09.2017; № ას-48-44-2017, 01.03.2017; № ას-880-830-2015, 21.10.2015).

18. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება, პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს, თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია, გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. ევროსასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის.

19. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას დასაბუთებულია და ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ხ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 4 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

ბადრი შონია