დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 14.05.2026
საქმის ნომერი
ას-261-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-261-2026 14 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ლევან ნემსაძე, მიხეილ ჯინჯოლია

კასატორი – ა.ბ–ვა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ბ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სარჩელის მოთხოვნა

1.1. ა.ბ–ვამ, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით უფლება მიენიჭოს ისარგებლოს ა.ბ–ძის კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე - ქალაქ თბილისში, სოფელ , ......., 441 კვ.მ. ფართით (საკადასტრო კოდი N............) შპს „ს.პ“-ს მიერ შედგენილი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ა.ბ–ვას საკუთრებაში შესასვლელი და გამოსასვლელი გზის მოწყობის შემდგომი საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის შესაბამისად, 99 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართობზე.

2. მოპასუხის შესაგებელი

2.1. მოპასუხის წარმომადგენლებმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, მოსარჩელემ საკუთარ ქონებასთან მისასვლელი გზა თვითნებურად მოისპო. ამასთან, ა.ბ–ძის კუთვნილი ქონება (ს/კ N.......) არ წარმოადგენს ა.ბ–ვას მიწის ნაკვეთთან მისასვლელ ერთადერთ საშუალებას.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

5.2. 20/02/2017წ. მდგომარეობით, 400.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, .......... (საკადასტრო კოდი N.........) საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ზ.მ.დ–ის სახელზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაიმიჯნა ორ დამოუკიდებელ მიწის ნაკვეთად და 20/08/2019წ. მდგომარეობით N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი ფართით 227.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ირიცხებოდა მ.ხ–ძის სახელზე, ხოლო, N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ფართით 173.00 კვ.მ.- ზ.მ.დ–ის სახელზე.

5.3. 27/11/2023წ.-დან N.........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, 20/11/2023წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ირიცხება ა.ბ–ვას სახელზე.

5.4. ქალაქ თბილისში, „ჩ–ი“ მდებარე 2400.00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი N..........), 18/06/2018 წლის მდგომარეობით, თანასაკუთრების უფლებით ირიცხებოდა

5.5. ზ.ქ–ის, დ.ქ–ის, ა.ტ–ძის, მ.ტ–ძის და ნ.ქ–ის სახელზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შედეგად წარმოიშვა ორი დამოუკიდებელი მიწის ნაკვეთი: 746 კვ.მ. ფართი (საკადასტრო კოდი N.........) და 1646 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N...........). 13/10/2022 წლიდან, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე არის ა.ბ–ძე.

5.6. ა.ბ–ძემ განახორციელა მის საკუთრებაში არსებული, N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაყოფა რამდენიმე მიწის ნაკვეთად:- 396.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.........),- 562.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N.........),- 560.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N........),- 556.00 (საკადასტრო კოდი N..........), 554.00 კვ.მ. (..........),- 441.00 კვ.მ. (საკადასტრო კოდი N..........) და 400 კვ.მ. 22 (საკადასტრო კოდი N..........).

5.7. 25/05/2023 წლიდან, 19/05/2023 წლის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, N...........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე არის ზ. მ–ი.

5.8. 227.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ.თბილისში, .......... (საკადასტრო კოდი N..........) საკუთრების უფლებით ირიცხება ა.ღ. ა.ს–ის სახელზე.

5.9. 402.00 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე- ქ. თბილისში, ............ (საკადასტრო კოდი N..........) საკუთრების უფლებით ირიცხება ზ.მ–ის სახელზე.

5.10. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქლაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 24/10/2023 წლის N6716058 ბრძანებით შეთანხმდა ქ.თბილისში, .........., „ჩ–ი“ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N.........) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 24 ოქტომბრიდან 2025 წლის 24 ოქტომბრის ჩათვლით. აღნიშნული ბრძანება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრებულია ა.ბ–ვას მიერ.

5.11. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქლაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 06/07/2016 წლის N2693697 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ..........., მოქ. ა. მ. ს–სა და მოქ. ზ. მ. დ. კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვ.N .........), 06.07.2016წ. N2693697 ბრძანებით შეთანხმებული ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა.

5.12. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 10/01/2017 წლის N3039768 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ........., მოქ. ა.მ.ს–სა და მოქ. ზ.მ.დ–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვ.N ..........), 06.07.2016წ. N2693697 ბრძანებით შეთანხმებული ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2017 წლის 10 იანვრიდან 2018 წლის 10 მარტის ჩათვლით.

5.13. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 10/08/2018 წლის N4113743 გადაწყვეტილებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ............, მოქ. ს.შ.ს–ეს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N..........), 10.01.2017 წ. N3039768 ბრძანებით შეთანხმებული ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 10 აგვისტოდან 2019 წლის 10 მარტის ჩათვლით.

5.14. ა.ბ–ვას დაკვეთით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა საინჟინრო ექსპერტიზა. 14/05/2024 წელს მომზადდა N003151624 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი კითხვა: „გთხოვთ, დაადგინოთ N......... საკადასტრო კოდზე მისასვლელი სავალდებულო გზა, შესაბამისი საკადასტრო კოდთა კვეთით“. ექსპერტმა დაასკვნა: „ქალაქ თბილისში, ......... მდებარე N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა ისე რომ არ გაიაროს სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები შეუძლებელია. N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა შესაძლებელია ისე, როგორც დღეის მდგომარეობით ხდება, კერძოდ, .......... ქუჩიდან N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართი N3 ლურჯი ფერის ისრის მიმართულება) სადაც მხოლოდ ფეხით გადაადგილება არის შესაძლებელი და ..........ის I ჩიხიდან N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართი N3 ყვითელი ფერის ისრის მიმართულება) სადაც შესაძლებელია გაიაროს საფეხმავლო და საავტომიბილო გზამ; ასევე შესაძლებელია მისასვლელმა გზამ გაიაროს .......... ქუჩიდან N.......... მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართი N3 წითელი ფერის ისრის მიმართულება) სადაც შესაძლებელია გაიაროს საფეხმავლო და საავტომიბილო გზამ.“

5.15. ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილით დგინდება, რომ ქალაქ თბილისში, ......... ქუჩა N15-ში მდებარე N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა შესაძლებელია ისე, როგორც დღეის მდგომარეობით ხდება. კერძოდ, ........ ის ქუჩიდან N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართი 3 ლურჯი ფერის ისრის მიმართულება), ასევე ........... ის I ჩიხიდან N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართი N3 ყვითელი ფერის ისრის მიმართულება). ასევე შესაძლებელია მისასვლელმა გზამ გაიაროს ..........ის ქუჩიდან N......... მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართი 3 წითელი ფერის ისრის მიმართულება). აღნიშნული მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებულ იქნება ადგილზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის, მოხვევის რადიუს(ებ)ის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას), ასევე მიღებულ იქნას ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურების მხრიდან (სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ საპროექტო მომსახურებას არ ანხორციელებს. შესაბამისად ხსენებული პროექტის მომზადება უნდა მოხდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე საპროექტო ორგანიზაციის მიერ). ექსპერტიზის დასკვნიდან დგინდება, რომ შეფასება განხორციელდა საკვლევი ობიექტის ადგილზე დათვალიერებით, განმცხადებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესწავლით, საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციისა და მოქმედი ტექნიკური ნორმების ურთიერთშედარების მეთოდით. აღნიშნული ასევე დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე გამოკითხულმა ექსპერტმა ნინო სვანაძემ, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ მის მიერ განხილული იქნა აუცილებელი გზის მოწყობის ყველა ოპტიმალური ვარიანტი. როგორც ექსპერტმა განმარტა, N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს უპირატესობა მიენიჭა იმიტომ, რომ ამ ნაკვეთზე მოწყობილია ჭიშკარი (ექსპერტიზის დასკვნის ფოტო N5 და ფოტო N6), რაც ამარტივებს მისასვლელი გზის მოწყობის შესაძლებლობას. N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გავლებულია ღობე, სადაც უნდა მოეწყოს ჭიშკარი, რაც დაკავშირებულია დანახარჯებთან იმის შესაბამისად, თუ როგორი ჭიშკრის მოწყობას ისურვებს მესაკუთრე. რაც შეეხება N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, ამ შემთხვევაში შესაძლებელია საფეხმავლო გზის მოწყობა, სამანქანო გზის მოწყობა კი საჭიროებს გაფართოებას, რაც გამოიწვევს არსებული ღობის დემონტაჟს და N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გადასვლას. ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ დასკვნის მომზადებისას მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N..........) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი. თუმცა, აღნიშნული გარემოება გავლენას იქონიებდა დასკვნაზე, რამდენადაც ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას.

5.16. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ა.ბ–ძის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N..........) ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა გაიცა 24/10/2023 წელს, ე.ი. ექსპერტიზის დასკვნის მომზადებამდე, თუმცა დასკვნაში მისი ასახვა არ მოხდა, ვინაიდან დამკვეთმა ექსპერტს არ მიაწოდა ინფორმაცია მითითებული ფაქტობრივი გარემოების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ საკითხი, თუ ექსპერტის მიერ განხილულ ვარიანტებს შორის რომელია ოპტიმალური, საჭიროებს პროექტის შედგენას.

5.17. მოსარჩელის მიერ წარდგენილიია შპს „ს.პ.“-ს მიერ ქ. თბილისი, ............ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N............) არსებული ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე შესასვლელ გამოსასვლელი გზის მოწყობის შემდგომ საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემა (ტ. II, ს.ფ. 40), რომელიც აუცილებელი გზის მოწყობის შესაძლებლობას ითვალისწინებს N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის გავლით. მოსარჩელის წარმომადგენელმა მოპასუხის კუთვნილი ნაკვეთისთვის უპირტაესობის მინიჭება ახსნა იმ გარემოებით, რომ შემსრულებელმა სქემის შედგენა განახორციელა წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად. თუმცა, ექსპერტის მიერ განხილულ ვარიანტებს შორის უპირატესობა რატომ მიენიჭა ა.ბ–ძის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, არც შედგენილი სქემიდან და არც მისი განმარტებითი ბარათიდან არ დგინდება. შესაბამისად, აუცილებელი გზის მოწყობის სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ განხილულ ვარიანტებს შორის მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ N...........) ოპტიმალურობა არ იკვეთება.

5.18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ა.ბ–ვა წარმოადგენს ზ.მ.დ–ის უფლებამონაცვლეს, რომელსაც უფლებები და მოვალეობები გადაეცა იმავე სახით, რა სახითაც ის ეკისრებოდა უფლებრივ წინამორბედს. 12.10.2022წ. ზ.მ.დ–ის მიერ გაცემულია თანხმობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N221393206), რომლითაც მოსარჩელის უფლებრივი წინამორბედი გამოხატავს თანხმობას, რომ 1) გააუქმებს გამოსასვლელს უძრავ ქონებაზე ს/კ .........., რომელიც გადის მიწის ნაკვეთზე ს/კ .......... და პრეტენზია რომელიც გააჩნდა მისასვლელ გზასთან დაკავშირებით არ ექნება, ხოლო, მისასვლელი გზის აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლებდა მხოლოდ გადაწყვეტილების N16-01222803454 საფუძველზე გამიჯნული მიწის ნაკვეთით, სიტუაციურ ნახაზზე დატანილი ფართობით 400 კვ.მ, სიგრძე- 33.02; სიგანე 12.11. და უარს აცხადებდა გაერთიანება და გამიჯვნის შედეგად მიღებულ სხვა მიწის ნაკვეთებზე გასასვლელი გზის მოთხოვნაზე; 2) ზ.მ.დ–ი დაეთანხმა უძრავი ქონების/ქონებების გაერთიანებას და გამიჯვნას იმ ფორმით, რომელიც შეთანხმებულია ქალაქი თბილისის ურბანულ სამსახურთან და მიღებულია თანხმობა ბრძანების N16-01222803454 და შესაბამისი რეგისტრაციის განხორციელებას საჯარო რეესტრში; 3) ასევე გამოხატა თანხმობა გაერთიანების/გაყოფის შედეგად მიღებული უძრავი ქონება, რომლის მონაცემები გაწერილია ამ თანხმობის პირველ პუნქტში (400 კვ.მ მიწის ნაკვეთი) შეესყიდა (გაეფორმებინა ნებისმიერი ფორმით) საკუთრებაში მ.ხ–ძემ (პ/ნ ..........); 4) თანხმობაში აღნიშნულია, რომ ზემოთ ხსენებული მიწის ნაკვეთების გაერთიანების და გამიჯვნის შედეგად მიღებული მიწის ნაკვეთების მიმართ არც მას და არც მის უფლებამონაცვლეს არ ჰქონდათ და არც მომავალში არანაირი პრეტენზია არ ექნებათ. მათ შორის, მშენებლობის ნებართვების გაცემასთან და სხვა ნებისმიერ არქიტექტურულ და ურბანულ საკითხებიან დაკავშირებით.

5.19. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა მოპასუხის კუთვნილი N........... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით აუცილებელი გზის მოწყობის ოპტიმალურობა.

5.20. სააპელაციო სასამართლომ აგრეთვე განმარტა, რომ მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთი (ს/კ N..........) წარმოიშვა N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შედეგად. ასევე დგინდება, რომ N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნამდე და მისგან გამოყოფილი N.......... რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მოსარჩელე ა.ბ–ვას მიერ შეძენამდე უკვე არსებობდა ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი და მშენებლობის ნებართვაც გაცემული იყო. ამასთან, საქმის მასალებით არ დადასტურდა, მოსარჩელის მითითება, რომ საცხოვრებელ სახლს ჰქონდა ორი დამოუკიდებელი შესასვლელი და რომ მას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შესასვლელი მიეცა მოპასუხის კუთვნილ სადავო მიწის ნაკვეთზე.

6. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ივნისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომლითც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

7.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 30 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო.

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელე აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენას ითხოვს, რომლის ფარგლებშიც, საკასაციო სასამართლო, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სამართლებრივად შეაფასებს, რამდენად მართლზომიერად ეთქვა მოსარჩელეს დასახელებულ მოთხოვნაზე უარი.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (სასასამართლო პრაქტიკისთვის იხ. სუსგ Nას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წ.).

14. აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება წარმოადგენს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ინსტიტუტს, რომლის მიზანია მიწის ნაკვეთის დაკავშირება საჯარო გზასთან და კომუნიკაციებთან, რაც მოიცავს სხვა ნაკვეთით შეზღუდულ სარგებლობას.

15. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია კანონით ან ხელშეკრულებით (სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). სსკ-ის 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. მეზობელი ნაკვეთის დატვირთვა ობიექტური გარემოებებით უნდა იყოს გამოწვეული, კერძოდ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანად ან ნაწილობრივ იზოლირებულია საჯარო გზებისაგან, ან საამისოდ ადრე არსებობდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია მისი ამ მიზნით გამოყენება. აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც (იხ. სუსგ 26.10.2018წ. საქმე №ას-139-131-2018).

16. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში აღნიშნა, რომ სსკ-ის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზის შესაბამისად, თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას (იხ. სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1517-2018). ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა მოცემულია ასევე №ას-1559 2018, №ას-551-526-2016, ას-70-68-2014, ას-976-937-2014 საქმეებზე.

17. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს აუცილებელი გზისა და სერვიტუტის შემთხვევები: აუცილებელი გზა ყოველთვის ნაკარნახებია უალტერნატივო აუცილებლობით და დგინდება კანონის საფუძველზე. სერვიტუტი, თავის მხრივ, ყოველთვის მხარეთა ნების საფუძველზე დგინდება, ანუ იქ, სადაც მხარეები თანხმდებიან. აუცილებელი გზის დადგენა სერვიტუტის ფორმითაც არის შესაძლებელი, ამ შემთხვევაში სახეზე უნდა იყოს მხარეთა შეთანხმება. სერვიტუტის დადგენა აუცილებლობიდან არ გამომდინარეობს, ის ნებისმიერ შემთხვევაში შესაძლებელია წარმოშვას. იქ, სადაც მხარეთა ნება გამორიცხულია, კანონი ერევა უხეშად და სამართლებრივი კონფლიქტი სწორედ კანონისმიერი უფლების დადგენის გზით გვარდება. აუცილებელი გზის კონსტრუქციით კანონმდებელმა შემოიტანა საკონტროლო მექანიზმი, რომლითაც, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში შეუძლია, ისარგებლოს იზოლირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მიწის ნაკვეთის აუცილებელ კომუნიკაციებთან კავშირის უზრუნველსაყოფად (თამარ ზარანდია, სანივთო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, მეორე შევსებული გამოცემა, 2019წ., გვ. 281). ამდენად, აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება - ესაა კანონით დადგენილი საკუთრების უფლების შეზღუდვა (ე. წ. „აუცილებელი გზის სერვიტუტი“, „servitus necessaria“) და იგი წარმოიშობა მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც არის ცალმხრივი აღმჭურველი ნების გამოვლენა (ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.180, ველი 1) (იხ. სუსგ საქმე №ას-1147-2021, 31 მარტი, 2023 წელი).

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, „ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით“. ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, „საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში. სასამართლო მტკიცება წარმოადგენს მტკიცებულებათა შეგროვების, შემოწმებისა და შეფასებისათვის სასამართლოსა და მხარეების სამართლით მოწესრიგებულ საქმიანობას, რომლის მიზანია საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების (ფაქტების) დადგენა. პირველი, რაც უნდა გააკეთოს მხარემ დამტკიცების მოვალეობის შესასრულებლად- ესაა მტკიცებულებათა წარმოდგენა სასამართლოში იმ ფაქტის დადგენის მიზნით, რომლის დამტკიცების მოვალეობაც მას ეკისრება. წარმოდგენილი მტკიცებულება ისეთ კავშირში უნდა იყოს დასადგენ გარემოებასთან, რომ შეიძლებოდეს ამ გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ უტყუარი დასკვნის გაკეთება. მხარე საქმის შედეგით დაინტერესებული პირია, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს მისი ახსნა-განმარტების სისწორესა და უტყუარობაზე. მხარის ყოველი განმარტება ფაქტების შესახებ, რომელიც გაკეთებულია მის სასარგებლოდ, მართალია მტკიცებულებაა, მაგრამ არასაკმარისია, რომელიც მოითხოვს დადასტურებას სხვა მტკიცებულების მეშვეობით.

20. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენისათვის საჭიროა, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის საჯარო გზასთან დაკავშირების ერთადერთ და ყველაზე ოპტიმალურ საშუალებას. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი, როგორც წესი მოსარჩელეს ეკისრება.

21. მოცემულ საქმეში, მოსარჩელე ა.ბ–ვას მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის 14/05/2024 წ. N003151624 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ექსპერტს გამოსაკვლევად დაესვა შემდეგი კითხვა: „გთხოვთ დაადგინოთ N......... საკადასტრო კოდზე მისასვლელი სავალდებულო გზა, შესაბამისი საკადასტრო კოდთა კვეთით“. ექსპერტმა დაასკვნა: „ქალაქ თბილისში, ........... მდებარე N .......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა ისე რომ არ გაიაროს სხვა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები შეუძლებელია. N ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში მოხვედრა შესაძლებელია ისე, როგორც დღეის მდგომარეობით ხდება, კერძოდ, ..........ის ქუჩიდან N...........საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართი N3 ლურჯი ფერის ისრის მიმართულება) სადაც მხოლოდ ფეხით გადაადგილება არის შესაძლებელი და .......... ის I ჩიხიდან N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართი N3 ყვითელი ფერის ისრის მიმართულება) სადაც შესაძლებელია გაიაროს საფეხმავლო და საავტომიბილო გზამ; ასევე შესაძლებელია მისასვლელმა გზამ გაიაროს ..........ის ქუჩიდან N......... მიწის ნაკვეთის გავლით (იხ. დანართი N3 წითელი ფერის ისრის მიმართულება) სადაც შესაძლებელია გაიაროს საფეხმავლო და საავტომიბილო გზამ.“

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა ექსპერტმა განმარტა, N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს უპირატესობა მიენიჭა იმიტომ, რომ ამ ნაკვეთზე მოწყობილია ჭიშკარი (ექსპერტიზის დასკვნის ფოტო N5 და ფოტო N6), რაც ამარტივებს მისასვლელი გზის მოწყობის შესაძლებლობას. N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე გავლებულია ღობე, სადაც უნდა მოეწყოს ჭიშკარი, რაც დაკავშირებულია დანახარჯებთან იმის შესაბამისად, თუ როგორი ჭიშკრის მოწყობას ისურვებს მესაკუთრე. ამასთან, ექსპერტმა აღნიშნა, რომ დასკვნის მომზადებისას მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N..........) მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი. თუმცა, აღნიშნული გარემოება გავლენას იქონიებდა დასკვნაზე, რამდენადაც ცვლის ფაქტობრივ მოცემულობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ექსპერტის განმარტებით, საკითხი, თუ მის მიერ განხილულ ვარიანტებს შორის რომელია ოპტიმალური, საჭიროებს პროექტის შედგენას.

23. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ იძლევა სრულყოფილ პასუხს, არის თუ არა მოპასუხის ნაკვეთი აუცილებელი გზის მოწყობის ოპტიმალური ვარიანტი, რასაც, გარდა ექსპერტიზის დასკვნის დასკვნითი ნაწილის შინაარსისა, თავად ექსპერტიც ადასტურებს, კერძოდ, განმარტავს, რომ საკითხი, თუ მის მიერ განხილულ ვარიანტებს შორის რომელია ოპტიმალური, საჭიროებს პროექტის შედგენას. ასევე, საყურადღებოა, რომ თავად ექსპერტის განმარტებებით დასკვნა სრულყოფილი ინფორმაციის ქონის პირობებში შესაძლოა სხვაგვარი ყოფილიყო.

24. საკასაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს შპს „ს.პ.“-ს მიერ შედგენილ ქ. თბილისი, .......... ქუჩა N15-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ N..........) არსებული ერთბინიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე შესასვლელ-გამოსასვლელი გზის მოწყობის შემდგომ საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემას (ტ. II, ს.ფ. 40), რომელიც აუცილებელი გზის მოწყობის შესაძლებლობას ითვალისწინებს N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის გავლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ექსპერტის მიერ განხილულ ვარიანტებს შორის უპირატესობა რატომ მიენიჭა ა.ბ–ძის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, არც შედგენილი სქემიდან და არც მისი განმარტებითი ბარათიდან არ დგინდება. ამდენად, კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის კუთვნილი N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გავლით აუცილებელი გზის მოწყობის ოპტიმალურობა.

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

26. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

29. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ბ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. ა.ბ–ვას (........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება № 45494799038, გადახდის თარიღი 20.03.2026) 150 ლარის 70% - 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: ლ. ნემსაძე

მ. ჯინჯოლია