დაუშვებლად იქნა ცნობილი

სამოქალაქო 08.06.2026
საქმის ნომერი
ას-336-2026
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
08.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ას-336-2026 08 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი

კასატორი – სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.ბ–მა (შემდეგში: მოსარჩელე), სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ 2022 წლის 31 ოქტომბრის N01/782 ბრძანება ი.ბ–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

სსიპ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს“ ი.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისროს სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაცია, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლებიდან, 2022 წლის 01 ნოემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიურად 548 ლარის (ხელზე ასაღები) ოდენობით.

2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით ი.ბ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 31.10.2022წ. N01/782 ბრძანება ი.ბ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ი.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა სამუშაოზე აღდგენის ნაცვლად კომპენსაციის 1200 ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) ანაზღაურება; სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ი.ბ–ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება გაცემული ერთი თვის კომპენსაციის გათვალისწინებით, 2022 წლის 01 დეკემბრიდან ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 548 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. 2022 წლის 15 იანვრამდე, ი.ბ–ი იყო სააგენტოში ბიუჯეტის დაგეგმვის, პროგრამების მართვის და ღონისძიებების უზრუნველყოფის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.

6.2. აპელანტ სააგენტოში 2021 წლის 25 ნოემბრის ბრძანებით განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე, სამსახურის გაუქმების შემდეგ, გავლილი ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ, მოსარჩელე გადაყვანილი იქნა ეკონომიკურ სამსახურში, სადაც მისი შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრებოდა 548 ლარით (ხელზე ასაღები ოდენობა).

6.3. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 სექტემბრის N02/50 ბრძანებით გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომლის მიზნად საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სისტემური მმართველობის უზრუნველყოფა, სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად განხორციელება და მართვის პროცესის გაუმჯობესება განისაზღვრა და რომელსაც შესაძლებელია, სტრუქტურული/ორგანიზაციული ცვლილებების გათვალისწინებით, თან მოჰყოლოდოა სამუშაო ძალის შემცირება/გადაადგილება, რის შესახებაც 20.09.2022წ. მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა.

6.4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 ოქტომბრის N 01/782 ბრძანებით ეკონომიკური სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან, ი.ბ–თან, 2022 წლის 01 ნოემბრიდან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება და მიეცა კომპენსაცია 1 (ერთი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

6.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.

6.6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში.

6.7. პალატამ მიუთითა, სადავო ბრძანების ნორმატიულ საფუძველზე, საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. პალატის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე იყო სამუშაო ძალის შემცირება - რეორგანიზაცია. შესაბამისად, სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რეორგანიზაციის ფარგლებში მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება რამდენად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს.

6.8. პალატამ აღნიშნა, რომ ორგანიზაციული ცვლილებების საჭიროება თვითონ მოპასუხის გადასაწყვეტია და დავის არსებობის პირობებში, დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს განხორციელებული საკადრო ცვლილებების თანმიმდევრული და სინქრონული სურათი. დასახელებული საფუძვლით დასაქმებულის გათავისუფლებისას, გარდა რეორგანიზაციის დაწყების ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისა, მოპასუხის მტკიცების ტვირთია უშუალო და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი რეორგანიზაციასა და მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გარდაუვალობასთან დაკავშირებით. ამასთან, აღნიშნა, რომ რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერი და საჭიროებისამებრ ჩატარებული, ყოველთვის არ წარმოადგენს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს.

6.9. სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებშიც კი, როცა ორგანიზაციული ცვლილებები კანონიერია, მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით და რა პროცედურების დაცვით მოხდა დასაქმებულის გათავისუფლება. ამ შემთხვევაში, დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს დასაქმებულთაგან შენარჩუნებული სამუშაო ძალის ობიექტური პრიორიტეტულობა გათავისუფლებულ სამუშაო ძალასთან მიმართებით. ცხადი და აღქმადი უნდა იყოს კონკურენციაში მყოფი დასაქმებულის თანამდებობაზე დატოვებისა და გათავისუფლების სამართლებრივი მოტივების მათლზომიერება.

6.10. პალატამ მიუთითა ქვემდგომი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2021 წლის რეორგანიზაციის პირობებში მოსარჩელემ შეინარჩუნა სამუშაო ადგილი. რაც შეეხება 2022 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად მოსარჩელის გათავისუფლების დასაბუთებულობის დამადასტურებელ გასაუბრებას, 2022 წლის 13 ოქტომბრის N4 კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, მოსარჩელე საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა, კერძოდ, „რომ იგი არის გრაფიკული დიზაინერი, დასაქმებულია სხვა სამსახურში, შესაბამისად, არ ცხადდება სააგენტოში და არ ასრულებს არანაირ ფუნქცია-მოვალეობას. მან ვერ დაასახელა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიერ შესრულებული სამუშაო და განაცხადა, რომ სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობაში არანაირი წვლილი არ შეაქვს. მისივე განმარტებით, მთელი წლის განმავლობაში ერთხელ არ ყოფილა სამსახურში და არც აპირებს სიარულს, რადგან სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არის დაკავებული. თუ სააგენტოს რამე დასჭირდება, შეუძლია გადააგზავნოს მეილზე და დისტანციურად შეეცდება დახმარებას“.

6.11. ნებისმიერი კანდიდატი, რომელსაც სამსახურის შენარჩუნება სურს, გასაუბრებას წარმათავს მისთვის სასარგებლო ტაქტიკით, რათა მაქსიმალურად მოაწონოს თავი კომიასიას და მიიღოს სამსახურში დარჩენის მეტი შანსი. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხე მოსარჩელეს ბრალს სდებს საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგო განმარტების კომისიისთვის გაცხადებაში, რასაც მოსარჩელე უარყოფს - მოპასუხე/აპელანტი იყო ვალდებული წარმოედგინა მეტად მტკიცე და ეჭვების გამაქარწყლებელი მტკიცებულება, მაგალითად, გასაუბრების ვიდეო ან აუდიოჩანაწერი. პასუხგაუცემელი დარჩა საკითხი, თუ მოსარჩელეს, ზემოხსენებული კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლებამდე უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე არ ჰქონდა არანაირი დავალება შესასრულებელი სამსახურში და იგი არ ცხადდებოდა სამუშაო ადგილზე, რატომ არ იყო გამოყენებული მის მიმართ დისციპლინარული სანქციები. ამასთან ერთად, საქმეში განთავსებული 2022 წლის 13 ოქტომბრის N4 კომისიის სხდომის ოქმი არ არის მოსარჩელის ხელმოწერით დადასტურებული, შესაბამისად, 2022 წლის 13 ოქტომბრის N4 კომისიის სხდომის ოქმი მხოლოდ დამსაქმებლის პოზიციას ასახავს.

6.12. მხარეთა ახსნა-განმარტების, საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია არგუმენტირებული და რელევანტური მტკიცებულებებით გაჯერებული მსჯელობა იმის თაობაზე, თუ რა ნიშნით, რომელი სამსახურებრივი დამსახურებისა და სამუშაო გამოცდილების შედეგად გააკეთა მან არჩევანი იმ პირების სასარგებლოდ, რომლებიც რეორგანიზაციის შედეგად დატოვა სამსახურში და რამ განაპირობა სწორედ მოსარჩელის დათხოვნა სამსახურიდან ისეთ პირობებში, როდესაც გასაუბრების შედეგად მოსარჩელის პოზიციად წარმოდგენილი განმარტების სიანამდვილესთან შესაბამისობა ეჭქვეშ იყო დაყენებული.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 13 ნოემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

8.1. კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია არგუმენტირებული და რელევანტური მტკიცებულებებით გაჯერებული მსჯელობა, თუ რა ნიშნით, რომელი სამსახურებრივი დამსახურებისა და სამუშაო გამოცდილების შედეგად გააკეთა მან არჩევანი იმ პირების სასარგებლოდ, რომლებიც რეორგანიზაციის შედეგად დატოვა სამსახურში და რამ განაპირობა სწორედ მოსარჩელის გათავისუფლება. კასატორი მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, გასაუბრების სხდომის ოქმის შინაარსი თუ შესადარებელ სუბიექტთა შორის შერჩეული, გასაუბრების კომისიის მიერ დადებითად შეფასებული თანამშრომლის საქმიანობის ამსახველი მივლინების ბრძანებები ადასტურებს სააგენტოს გადაწყვეტილების მართზომიერებას.

8.2. სასამართლო დაეთანხმა მოპასუხის მტკიცებას, რომ რეორგანიზაციას ჰქონდა ლეგიტიმური საფუძველი და ამასთან რეალურად განხორციელდა სამუშაო ძალის შემცირება. სააგენტოს საქმიანობიდან გამომდინარე კი, პრაქტიკაში ნათლად გამოჩნდა, რომ არ არსებობდა დიზაინის მიმართულებით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული სამი პირის საჭიროება. შესაბამისად, ამ მიმართულებით განისაზღვრა ერთი ადგილი, რომელიც დაიკავა თანამშრომელმა, ვინც წინარე პერიოდში აქტიურად იყო ჩართული სააგენტოს საქმიანობაში და სააგენტომ იხელმძღვანელა ასევე გასაუბრების შედეგებით.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 14 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

15. საკასაციო საჩივრით სადავოა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობა.

16. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

17. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.

18. შრომითი ურთიერთობა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ნაირსახეობაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია დაქვემდებარებული ურთიერთმიმართება დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის. აქ დასაქმებული დამსაქმებელთან შედარებით სუსტ მხარეს წარმოადგენს, რომელიც საჭიროებს დაცვას მისი ძალაუფლებისგან. შრომის სამართალი, როგორც სამართლის დამოუკიდებელი დარგი, ისტორიულად დასაქმებულთა დაცვის მიზნით ჩამოყალიბდა. სწორედ ამიტომ შრომის სამართალი აწესებს დაცვის მინიმალურ სტანდარტებს, რომლის მოდიფიცირება შეიძლება მხოლოდ ერთი მიმართულებით, დასაქმებულის სასარგებლოდ.

19. პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-48 მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შესაძლოა განიმარტოს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა. (სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.; №ას-1189-2020, 04.02.2021წ.).

20. შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (სუსგ Nას-1350-2019, 27.11.2019წ.).

21. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, არაერთ საქმეში განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; №ას-539-539-2018, 21 დეკემბერი, 2018 წელი). მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ: №ას-1304-2020, 11.06.2021; №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

18. შრომით ურთიერთობებში უფლებათა რეალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შესაძლებელია, სამართალურთიერთობა შეწყდეს როგორც ლეგიტიმურ, ისე არალეგიტიმულ საფუძველზე. შრომითი ურთიერთობის სწორი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლის არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.

19. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას.

20. რეორგანიზაციის გამო სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, უნდა შეფასდეს მოპასუხე დაწესებულებაში ჩატარებული რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელისადმი მართლზომიერების საკითხები. ვინაიდან რეორგანიზაცია დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. (სუსგ №ას-115-111-2016, 8.04.2016წ.).

21. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (სუსგ. №ას-665-636-2016, 9.12.2016)“.

22. ჩატარებული რეორგანიზაციის კანონშესაბამისობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მითითებას საკასაციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ იმ პირობებშიც კი, როცა ორგანიზაციული ცვლიბები კანონიერია, მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით და რა პროცედურების დაცვით მოხდა დასაქმებულის გათავისუფლება. ამ შემთხვევაში, დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს დასაქმებულთაგან შენარჩუნებული სამუშაო ძალის ობიექტური პრიორიტეტულობა გათავისუფლებულ სამუშაო ძალასთან მიმართებით. ცხადი და აღქმადი უნდა იყოს კონკურენციაში მყოფი დასაქმებულის თანამდებობაზე დატოვებისა და გათავისუფლების სამართლებრივი მოტივების მათლზომიერება. (უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე Nას-1482-2019, 29 მაისი 2020 წელი).

23. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ 2022 წლის 15 იანვრამდე, ი.ბ–ი იყო სააგენტოში ბიუჯეტის დაგეგმვის, პროგრამების მართვის და ღონისძიებების უზრუნველყოფის სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. სააგენტოში 2021 წლის 25 ნოემბრის ბრძანებით განხორციელებული რეორგანიზაციის საფუძველზე, სამსახურის გაუქმების შემდეგ, გავლილი ტესტირებისა და გასაუბრების შემდეგ, მოსარჩელე გადაყვანილი იქნა ეკონომიკურ სამსახურში, სადაც მისი შრომის ანაზღაურება (ხელფასი) განისაზღვრებოდა 548 ლარით (ხელზე ასაღები ოდენობა). საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 19 სექტემბრის N02/50 ბრძანებით გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომლის მიზნად საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სისტემური მმართველობის უზრუნველყოფა, სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტურად განხორციელება და მართვის პროცესის გაუმჯობესება განისაზღვრა და რომელსაც, შესაძლებელია, სტრუქტურული/ორგანიზაციული ცვლილებების გათვალისწინებით, თან მოჰყოლოდოა სამუშაო ძალის შემცირება/გადაადგილება, რის შესახებაც 20.09.2022წ. მოსარჩელე გაფრთხილებულ იქნა. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 31 ოქტომბრის N01/782 ბრძანებით ეკონომიკური სამსახურის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან, ი.ბ–თან, 2022 წლის 01 ნოემბრიდან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება და მიეცა კომპენსაცია 1 (ერთი) თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.

24. საქმეში წარმოდგენილია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეორგანიზაციის პროცესში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და გადარჩევასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები კომისიის სხდომის ოქმი, სააგენტოში დასაქმებულ თანამშრომლებთან გასაუბრების შესახებ. კრების ოქმის თანახმად, ი.ბ–მა მის საქმიანობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, რომ „არის გრაფიკული დიზაინერი, დასაქმებულია სხვა სამსახურში, შესაბამისად, არ ცხადდება სააგენტოში და არ ასრულებს არანაირ ფუნქცია-მოვალეობას. მან ვერ დაასახელა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიერ შესრულებული სამუშაო და განაცხადა, რომ სააგენტოს ყოველდღიურ საქმიანობაში არანაირი წვლილი არ შეაქვს. მისივე განმარტებით, მთელი წლის განმავლობაში ერთხელ არ ყოფილა სამსახურში და არც აპირებს სიარულს, რადგან სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით არის დაკავებული. თუ სააგენტოს რამე დასჭირდება, შეუძლია გადაეგზავნოს მეილზე და დისტანციურად შეეცდება დახმარებას“. სხდომის ოქმის სისწორე მოსარჩელემ სადავოდ გახადა.

25. შრომით დავებში მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი, რომელიც რეორგანიზაციის მართლზომიერებაზე მიუთითებს, სწორედ თავადაა ვალდებული, რეორგანიზაციისა და მისი შედეგების მოსარჩელის მიმართ მართლზომიერების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარადგინოს. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული სხდომის ოქმის სისწორეს მოსარჩელე სადავოდ ხდის, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს სათანადო და დამაჯერებელ მტკიცებულებებზე მითითებით (მაგალითად სხდომის ოქმის ვიდეო ან აუდიო ჩანაწერის წარმოდგენით) უნდა უზრუნველეყო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება, რაც მოპასუხემ ვერ განახორციელა. აღნიშნული კი, გამორიცხავს რეორგანიზაციის მოტივით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერების შესახებ, მოპასუხის პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.

26. პალატა სხდომის ოქმის შინაარსზე ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ კონტექსტში, რომ მასში მოცემული მოსარჩელის განმარტება ფაქტობრივად მთელი სამუშაო პერიოდის განმავლობაში სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობასა და დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შეუსრულებლობას ადასტურებს, რაც რეორგანიზაციამდე სხვა საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობასაც წარმოადგენდა. თუმცა, არათუ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას, მოსარჩელის მიმართ დისციპლინური ღონისძიების რაიმე სახის გამოყენებასაც კი არ ჰქონია ადგილი.

27. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, მხარეთა ახსნა-განმარტები და საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასება იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ შრომით-სამართლებრივი დავებისათვის დამახასიათებელი მტკიცების სპეციფიური სტანდარტის შესაბამისად, კასატორმა ვერ დაადასტურა რეორგანიზაციით განპირობებული სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობით მოსარჩელის გათავისუფლების კანონიერება. ამასთან, ისეთ პირობებში, როდესაც გასაუბრების შედეგად მოსარჩელის პოზიციის დასადასტურებლად წარმოდგენილი განმარტების სინამდვილესთან შესაბამისობა ეჭქვეშაა დაყენებული, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა კონკრეტულად ი.ბ–ის მიმართ გადაწყვეტილების მიღების განმაპირობებელი ისეთი გარემოებების არსებობა, რომელთა საფუძველზეც სხვა თანამშრომლებს მიენიჭათ სამუშაოზე დარჩენის/არჩევის უპირატესობა.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება უკანონოდ და მართებულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბრძანების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და კომპენსაციის დაკისრების შესახებ. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

32. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1046.40 ლარის 70% – 732.48 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (204562311) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1046.40 ლარის (საგადახდო მოთხოვნა N06684, გადახდის თარიღი 27.03.2026) 70% – 732.48 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

თეა ძიმისტარაშვილი