დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 29.05.2026
საქმის ნომერი
ას-559-2026
კატეგორია
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
29.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №ას-559-2026 29 მაისი, 2026 წელი,თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ვლადიმერ კაკაბაძე, ბადრი შონია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - შპს „ს-ა”, ნ.ქ–ი, ბ.გ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმისწარმოების განახლება

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „ს.კ.ჯ.ჰ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოში სარჩელი აღძრა შპს „ს“-ის (შემდგომ – პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კერძო საჩივრის ავტორი), ნ.ქ–ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კერძო საჩივრის ავტორი) და ბ.გ–ის (შემდგომ – მესამე მოპასუხე, მესამე აპელანტი, მესამე კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 9 265.60 ლარის გადახდა დაეკისრათ.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტებს სასამართლო სხდომის თარიღისა და დროის შესახებ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, თუმცა ისინი 2026 წლის 21 იანვარს, 11:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად იქნა მიჩნეული.

6. აღნიშნული განჩინება აპელანტებმა გაასაჩივრეს კერძო საჩივრით და მოითხოვეს მისი გაუქმება, ასევე საქმის წარმოების განახლება.

7. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, მათ იცოდნენ, რომ 2026 წლის 21 იანვარს დანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო, რის გამოც სასამართლოში არ გამოცხადდნენ და აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით დამატებით წარადგენენ ინფორმაციას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:.

9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სასამართლო სხდომაზე აპელანტი მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

10. მოცემული საქმის ფარგლებში, საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორები სადავოდ არ ხდიან შემდეგ გარემოებებს:

11. 2026 წლის 21 იანვარს, 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ აპელანტები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად სატელეფონო შეტყობინების გზით იყვნენ ინფორმირებულნი, თუმცა ისინი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოსთვის უცნობი იყო აპელანტთა გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

12. კერძო საჩივრით აპელანტები სადავოდ ხდიან სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ იმ მიზეზით, რომ ჰქონდათ ინფორმაცია სასამართლო სხდომის გადადების შესახებ.

13. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები, ხოლო 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილია სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობაც, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველად.

15. ამდენად, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვოს იმ პირობებში, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით იყო მოწვეული საქმის განხილვაზე და სასამართლოში არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, ამასთან, სასამართლოსთვის არ არის ცნობილი მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ საქმეებზე: №ას-1668-2019, 28.02.2020წ.; №ას-105-2024, 29.01.2024წ. ).

16. საკასაციო პალატის განმარტებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა შეფასდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის წესების გათვალისწინებით. ამასთან, განჩინება სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ საფუძვლებზე არ არის გასაჩივრებული და არც საქმის მასალებით დგინდება მათი არსებობა. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, სხდომაზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო სასამართლო პროცესის გადადების შესახებ მიღებული ინფორმაციით, რის გამოც გასაჩივრებული განჩინების კანონიერება შეფასდება სსსკ-ის 241-ე მუხლის კონტექსტში, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს ეხება.

18. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი ობიექტური გარემოება, რომელიც მხარისგან დამოუკიდებლად შეუძლებელს ხდის პროცესზე გამოცხადებას და რომელიც შესაბამისი მტკიცებულებებით დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტთა მითითება, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია სხდომის გადადების შესახებ, არ დასტურდება საქმის მასალებით, მათ შორის არც სასამართლოს მიერ სხდომის გადადების ფაქტი და არც მხარეთა სათანადო ინფორმირება აღნიშნულის შესახებ.

19. ამასთან, მხარის სუბიექტური წარმოდგენა ან არაოფიციალური ინფორმაცია სასამართლო სხდომის გადადების შესახებ ვერ შეცვლის სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო წესრიგს და ვერ გაათავისუფლებს მხარეს პროცესზე გამოცხადების ვალდებულებისგან. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში რეგისტრირებულია 2026 წლის 23 მარტს, ხოლო საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილია 2026 წლის 28 აპრილს, რაც, საქმის გარემოებებისა და გადაწყვეტილების მიღებამდე გასული დროის გათვალისწინებით, ქმნიდა საკმარის შესაძლებლობას საჩივრის ავტორებისთვის წარმოედგინათ თავიანთი პოზიციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აღნიშნულის მიუწოდებლობის პირობებში სასამართლო ხელმძღვანელობს მხოლოდ საქმეში არსებული მასალებით, რომლებიც არ ადასტურებს აპელანტთა პოზიციას და შესაბამისად, არ იძლევა მათი არგუმენტების გაზიარების სამართლებრივ შესაძლებლობას. გასათვალისწინებელია, რომ საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე მიუთითებს, საჭიროებს სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებას.

21. პალატა განმარტავს, რომ აპელანტებმა/მოპასუხეებმა ვერ უზრუნველყვეს მათ მიერ მითითებული გარემოების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურება და შემოიფარგლნენ მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით, რაც არასაკმარისია სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის. შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

23. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს-ს“, ნ.ქ–ისა და ბ.გ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

ბადრი შონია