გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 07.05.2026
საქმის ნომერი
ას-268-2026
კატეგორია
დავის ტიპი
უზრუნველყოფა
თარიღი
07.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #ას-268-2026

7 მაისი, 2026 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნიკოლოზ მარსაგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი (მომხსენებელი)

არჩილ კოჭლამაზაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ა–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.დ–ია (მოსარჩელე)

მოპასუხე/ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე - გ.ს–ვა

მესამე პირი/მოსარჩელე - ლ.ხ–ია

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

1.1. არ დაკმაყოფილდა თავდაპირველი მოსარჩელის, დ.დ–იას სარჩელი შპს „ა–ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;

1.2. დაკმაყოფილდა გ.ს–ვას შეგებებული სარჩელი დ.დ–იას მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და შპს „ა–ის“ 33 % წილის გ.ს–ვას საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე;

1.3. ბათილად იქნა ცნობილი, დ.დ–იასა და გ.ს–ვას შორის, 2023 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული შპს „ა–ის“ 33% წილის ნასყიდობის ხელშეკრულება; დ.დ–იას საკუთრებაში რეგისტრირებული აღნიშნული წილი დაბრუნდა გ.ს–ვას საკუთრებაში; დადგენილი იქნა, გ.ს–ვა სამეწარმეო რეესტრში აღირიცხოს შპს „ა–ის“ 100% წილის მესაკუთრედ;

1.4. დაკმაყოფილდა ლ.ხ–იას სარჩელი დ.დ–იას მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და შპს „ნ–ის“ 33% წილის ლ.ხ–იას საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე;

1.5. ბათილად იქნა ცნობილი, ლ.ხ–იასა და დ.დ–იას შორის, 2023 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული შპს “ნ–ის“ 33 % წილის ნასყიდობის ხელშეკრულება; დ.დ–იას საკუთრებაში რეგისტრირებული აღნიშნული წილი დაბრუნდა ლ.ხ–იას საკუთრებაში და ლ.ხ–ია სამეწარმეო რეესტრში აღირიცხა შპს „ნ–ის“ 100% წილის მესაკუთრედ;

1.6. გაუქმდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლს 10 დეკემბრის განჩინებით (საქმე N2/ბ-1321-2024), დ.დ–იას სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც, ყადაღა დაედო მოპასუხის - შპს ,,ა–ის" საბანკო ანგარიშებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საქართველოს საბანკო დაწესებულებებში, საბანკო ანგარიშებზე არსებულ ან/და ჩარიცხული ფულადი სახსრების 50%-ს, 252 146 აშშ დოლარის ფარგლებში ისე, რომ, საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე დადებული ყადაღა არ გავრცელდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანგარიშსწორებისთვის და შრომის ანაზღაურების ვალდებულების შესრულებისათვის საჭირო გასაცემ/გადასახდელ თანხებზე (უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე ყადაღა დაედო მოპასუხის საბანკო ანგარიშებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საქართველოს საბანკო დაწესებულებებში: სს ,თ.ბ–ი" ანგარიშსწორების ანგარიშები, ლარში და უცხოურ ვალუტაში; სს ,ს.ბ–ი" ანგარიშსწორების ანგარიშები, ლარში და უცხოურ ვალუტაში; სს ,,ლ.ბ–ი" ანგარიშსწორების ანგარიშები, ლარში და უცხოურ ვალუტაში; სს ,,ბ.ბ–ი" ანგარიშსწორების ანგარიშები, ლარში და უცხოურ ვალუტაში; სს ,,ვ.ბ.ჯ–ია" ანგარიშსწორების ანგარიშები, ლარში და უცხოურ ვალუტაში; სს ,,ბ.ქ–უ" ანგარიშსწორების ანგარიშები, ლარში და უცხოურ ვალუტაში; სს ,,პ.ბ–ი" ანგარიშსწორების ანგარიშები, ლარში და უცხოურ ვალუტაში; სს ,, სრ.ბ–ი" ანგარიშსწორების ანგარიშები, ლარში და უცხოურ ვალუტაში; სს ,,ზ.ბ.ს–ო" ანგარიშსწორების ანგარიშები, ლარში და უცხოურ ვალუტაში; სს "ი.ბ.ს–ო" ანგარიშსწორების ანგარიშები, ლარში და უცხოურ ვალუტაში; სს ,,ტერაბანკი" ანგარიშსწორების ანგარიშები, ლარში და უცხოურ ვალუტაში; სს ,,ხ.ბ.ს–ო" ანგარიშსწორების ანგარიშები ლარში და უცხოურ ვალუტაში; სს ,,პ.ბ.ს–ო" ანგარიშსწორების ანგარიშები ლარში და უცხოურ ვალუტაში; სს "ფ.ბ.ს–ო" ანგარიშსწორების ანგარიშები, ლარში და უცხოურ ვალუტაში; სს "კ.ბ–ი" ანგარიშსწორების ანგარიშები, ლარში და უცხოურ ვალუტაში). ასევე, აღნიშნული აკრძალვით მოპასუხეს არ შეეზღუდა უფლება, საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით.

2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა დ.დ–იამ და მისი სრულად გაუქმება მოითხოვა. სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, 2026 წლის 16 იანვარს, განცხადებით მიმართა დ.დ–იას წარმომადგენელმა ს.მ–მა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იშუამდგომლა. კერძოდ, მოითხოვა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გ.ს–ვას, როგორც შპს ,,ა–ის“ დირექტორსა და როგორც პარტნიორს აეკრძალოს, შპს ,,ა–ის“ სახელით, პარტნიორთა საერთო კრების გარეშე ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილების მიღება და გარიგების დადება, რომელზეც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნება დ.დ–ია, ამასთან, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება ან გარიგება გამოიწვევს: 1. კომპანიის სახელით ნებისმიერი ახალი ვალდებულების ან პასუხისმგებლობის აღებას; 2. კომპანიის ქონებრივი მდგომარეობის ან ეკონომიკური ინტერესების შემცირებას, მათ შორის: - არსებული ვალდებულებების გადავადებას; -მოთხოვნის დათმობას; - ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას; -კომპანიის მიმართ აღრიცხული ვალის პატიებას; -კომპანიის სახელით დავის დაწყებას ან მასზე უარის თქმას; - ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის ქონებრივი ინტერესების შემცირება და მოსარჩელის უფლებების შელახვა. 3. აქვე გაკეთდეს დათქმა, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება, შპს “ა–ის” უკვე არსებული ვალდებულების შესრულებაზე, მათ შორის საგადასახადო-საბიუჯეტო ანგარისწორებაზე, კომუნალურ გადახდებზე, შრომით სამართლებრივ და სოციალურ სახელფასო გადახდებზე, არსებული სასესხო ვალდებულებებიდან გამომდინარე ხელშეკრულების დანართის გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურ გადასახდელებზე.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინებით დ.დ–იას განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა: დ.დ–იას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გ.ს–ვას, როგორც შპს ,,ა–ის“ დირექტორსა და როგორც პარტნიორს აეკრძალა, შპს ,,ა–ის“ სახელით პარტნიორთა საერთო კრების გარეშე, ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილების მიღება და გარიგების დადება, რომელზეც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნებოდა დ.დ–ია, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება ან გარიგება გამოიწვევდა: 1. კომპანიის სახელით ნებისმიერი ახალი ვალდებულების ან პასუხისმგებლობის აღებას; 2. კომპანიის ქონებრივი მდგომარეობის ან ეკონომიკური ინტერესების შემცირებას, მათ შორის: - არსებული ვალდებულებების გადავადებას; - მოთხოვნის დათმობას; - ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას; - კომპანიის მიმართ აღრიცხული ვალის პატიებას; - კომპანიის სახელით დავის დაწყებას ან მასზე უარის თქმას; - ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის ქონებრივი ინტერესების შემცირება და მოსარჩელის უფლებების შელახვა.3. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდა, შპს „ა–ის“ უკვე არსებული ვალდებულების შესრულებაზე, მათ შორის საგადასახადო-საბიუჯეტო ანგარიშსწორებაზე, კომუნალურ გადახდებზე, შრომით სამართლებრივ და სოციალურ სახელფასო გადახდებზე, არსებული სასესხო ვალდებულებებიდან გამომდინარე ხელშეკრულების დანართის გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურ გადასახდელებზე.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა შპს „ა–მა“ და მისი გაუქმება მოითხოვა.

5.1. საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი აკრძალვა უსაფუძვლო უზრუნველყოფის ღონისძიებაა ვინაიდან, შპს ,,ა–ის” შიდა რეგულაციებითა და წესდებით (შპს ,,ა–ის” წესდება კი სადამფუძნებლო შეთანხმება/კონსოლიდირებული წესდებაა დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის N791 ბრძანებით) დირექტორსა და პარტნიორს, უკვე აქვთ განსაზღვრული უფლებამოსილება და შეზღუდვები, ხოლო დამატებითი აკრძალვა ჭარბი შეზღუდვაა, რაც კომპანიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, გამოიწვევს კომპანიის პარალიზებას და გადახდისუუნარობას.

5.2. უნდა აღინიშნოს, რომ მენეჯმენტის ყოველდღიური საქმიანობის შეზღუდვა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის კომპანიის ოპერატიულ მართვას. მითუმეტეს, რომ შპს ,,ა–ს”, მისი ყოველდღიური საქმიანობიდან გამომდინარე აქვს მიმდინარე ვალდებულებები და ხელშეკრულებები პარტნიორებთან, რომლებთანაც შეზღუდულია ვადებში და ვადის დარღვევები კი, იწვევს შესაბამის სანქციებს, პირგასამტეხლოებს, რაც კომპანიისათვის ზიანის მომტანია.

5.3. ფაქტობრივად, სასამართლომ მიღებული განჩინებით კომპანია გაწირა ყველა ვალდებულების დარღვევისათვის, რადგან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისათვის და არსებული ვალდებულებების შესრულებისათვის მუდმივად კრების მოწვევა, რომელსაც თავისი პროცედურები გააჩნია (მინიმუმ თოთხმეტი დღით ადრე შეტყობინების გაგზავნა და ა.შ.) პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის კომპანიის საქმიანობას და იმთავითვე კომპანიის ვალდებულებების ვადის დარღვევის საფუძველი ხდება. ყოველი გადაწყვეტილების კრებაზე გატანა, რეალურად აფერხებს კომპანიის ფუნქციონირებას და აზიანებს მის ეკონომიკურ ინტერესებს.

5.4. დ.დ–იას სარჩელი მიმართულია შპს ,,ა–ისა” და გ.ს–ვას წინააღმდეგ, რომელშიც თავადვე აღნიშნავს, რომ აღნიშნული წილი ფორმალურად არის გაფორმებული მის სახელზე და, რომ გარიგების მიზანი იყო სესხის უზრუნველყოფა და არა ნასყიდობა. სწორედ, ამიტომაც არ აქვს მას გადახილი ნასყიდობის თანხა და მას, როგორც პარტნიორის კეთილსინდისიერი მზრუნველობისა და კომპანიის ინტერესების დაცვის მიზანიც არ გააჩნია. უფრო მეტიც, შეგნებულად და განზრახ მოქმედებს კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ. უკანონო მეთოდების გამოყენებით, კომპანიის ხელოვნურად გაკოტრებამდე მიყვანის გზით, იგი ცდილობს კომპანიის ხელში ჩაგდებას.

5.5. გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, არა სარჩელის აღსრულების გამარტივებას, არამედ, მოსარჩელის სასარგებლოდ კომპანიის განადგურებას ემსახურება. იგი არ არის პროპორციული და სცილდება სსსკ-ის 199-ე მუხლის მიზანს. ფაქტობრივად, პარალიზებას უკეთებს კომპანიას, რაც უტოლდება საქმეზე საბოლოო შედეგის წინასწარ გამოცხადებას.

5.6. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების პრაქტიკა პირდაპირ კრძალავს ისეთი უზრუნველყოფის გამოყენებას, რომელიც ქმნის გამოუსწორებელ ზიანს. სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით, მსგავსი ზომები არღვევს საკუთრების უფლებასა და სამართლიანი სასამართლოს პრინციპს.საბოლოოდ, უკვე გამოყენებული ღონისძიების ძალაში დატოვება, კომპანიას მიიყვანს გადახდისუუნარობასა და გაკოტრებამდე, რაც არ შეიძლება იყოს სასამართლოს მიერ დაკისრებული შედეგი დროებითი უზრუნველყოფის სახელით.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 თებერვლის განჩინებით შპს ,,ა–ის“ საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 21 იანვრის განჩინებაზე, მიჩნეული იქნა დაუსაბუთებლად და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

6.1. სსსკ-ის 1971-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნება, მხოლოდ სასამართლო განჩინება საქმის დამოწმებულ ასლებთან ან ელექტრონულ საქმის მასალებთან ერთად, ხოლო საქმის მასალების დედნები სასამართლოში დარჩება და საქმის განხილვას სასამართლო გააგრძელებს საერთო წესით.

6.2. საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის წინაპირობას წარმოადგენს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე, გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება აღსრულება ან, ამ ღონისძიების გამოყენების გარეშე, არსებობს გამოუსწორებელი და პირდაპირი ზიანის ან ისეთ ზიანის წარმოშობის ვარაუდი, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით.

6.3. სამოქალაქო ბრუნვის თავისებურებიდან გამომდინარე, კანონმდებელი გონივრულად ვარაუდობს, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შესაძლო უარყოფითი შედეგები დასაშვებია გამოვლინდეს საქმის განხილვის ამა, თუ იმ ეტაპზე. სასამართლოს, სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება ან მასში ცვლილების შეტანა გამართლებულია, თუკი გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების, თუ შეუძლებლობის, ასევე სამომავლოდ ზიანის წარმოშობის საფრთხე არ დადასტურდება.

6.4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ა–ის“ წარმომადგენელმა ვერ შეძლო იმის დადასტურება, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება მიზანშეუწონელია, და რომ მისი გაუქმება გამართლებულია, ხოლო აღნიშნულის თაობაზე მიღებული სააპელაციო სასამართლოს განჩინება - დაუსაბუთებელი.

6.5. რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას, რომ დირექტორსა და პარტნიორებს დამტკიცებული წესდებით უკვე აქვთ განსაზღვრული უფლებამოსილება და შეზღუდვები, ხოლო დამატებითი აკრძალვა ჭარბი შეზღუდვაა, რაც კომპანიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს, გამოიწვევს კომპანიის პარალიზებას და გადახდისუუნარობას - გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან, გასაჩივრებული განჩინებით, შპს ,,ა–ის“ დირექტორს შეზღუდული აქვს უფლება პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გარეშე, დავის დასრულებამდე ისეთი სახის გარიგებების დადებაზე, რაც კომპანიის ქონებრივი მდგომარეობის ან ეკონომიკური ინტერესების შემცირებას გამოიწვევს, ამასთან, შეზღუდვა არ ვრცელდება, შპს „ა–ის“ უკვე არსებული ვალდებულების შესრულებაზე, მათ შორის საგადასახადო-საბიუჯეტო ანგარიშსწორებაზე, კომუნალურ გადახდებზე, შრომით სამართლებრივ და სოციალურ სახელფასო გადახდებზე, არსებული სასესხო ვალდებულებებიდან გამომდინარე ხელშეკრულების დანართის გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურ გადასახდელებზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის საფუძვლების გამოკვლევისა და გასაჩივრებული განჩინებების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

8. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 412.2-ე მუხლის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.

9. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შეფასება.

10. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

11. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ: სუსგ №ას-587-2019, 20.02.2020წ.).

12. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (შდრ: სუსგ №ას-1586-2018, 26.10.2018წ.). საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

13. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (იხ: გ. კაჟაშვილი საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა, თბილისი, 2018წ., გვ. 60).

14. როგორც უკვე აღინიშნა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს სამომავლოდ მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს. ერთ-ერთ საქმეში ევროსასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ. განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).

15. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას იყენებს მაშინ, როდესაც დავის საგანს ესაჭიროება დაცვა. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხზე მსჯელობისას, უპირველესად, უნდა გაირკვეს განსახილველი დავის საგანი (სარჩელის მოთხოვნა), დარღვეული ან სადავო უფლება, მათი კავშირი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან და საკითხი იმის შესახებ, რამდენად უზრუნველყოფს ამ ღონისძიების გამოყენება მოსარჩელის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაცვას აღუსრულებლობის ან აღსრულების გაძნელების საფრთხისგან, ასევე, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას (იხ. სუსგ #ას-1356-2023, 13.12.2023 წ.).

16. განსახილველ შემთხვევაში, დ.დ–იას სარჩელის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის თანხის დაკისრება, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნა ფორმულირებულია შემდეგნაირად: შპს ,,ა–ისა“ და გ.ს–ვასთვის სოლიდარულად, დ.დ–იას სასარგებლოდ, 263 860 აშშ დოლარის დაკისრება; 2. შპს ,,ა–ისა“ და გ.ს–ვასთვის სოლიდარულად დ.დ–იას სასარგებლოდ სესხის ხელშკრულებიდან გამომდინარე 814 774.20 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც სესხის დარჩენილი ძირითადი თანხა - 700 000 აშშ დოლარი და 2023 წლის 29 აგვისტოდან 2025 წლის 26 მარტამდე დარიცხული პროცენტი- 114 774.20; 3. სესხის თანხის სრულად დაბრუნებამდე 2025 წლის 26 მარტიდან, ყოველდღიურად დარიცხული პროცენტის -186.51 აშშ დოლარის დაკისრება.

17. დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველსაყოფად მოსარჩელემ იშუამდგომლა, საქართველოში რეგისტრირებულ და აკრედიტებულ ყველა კომერციულ ბანკში, მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ ფულად სახსრებზე 252,146 აშშ დოლარის ფარგლებში ყადაღის დადება. ასევე, შპს ,,ა–ის’’ დირექტორის გ.ს–ვასათვის აკრძალვის დადგენა, შპს ,,ა–ის’’ ფულადი სახსრების განკარგვაზე და შპს ,,ა–ის’’ სახელით გარიგებების დადებაზე, შპს ,,ა–ის’’ 100%-იანი წილის მფლობელების თანხმობის გარეშე.

18. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

19. სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, ასევე არ დაკმაყოფილდა აღნიშნული განჩინების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი მოსარჩელის საჩივარი და საქმე გადაიგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.

20. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 10 დეკემბრის განჩინებით დ.დ–იას საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სენაკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 სექტემბრის განჩინება და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო მოპასუხის - შპს ,,ა–ის" საბანკო ანგარიშებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ საქართველოს საბანკო დაწესებულებებში, საბანკო ანგარიშებზე არსებულ ან/და ჩარიცხულ ფულადი სახსრების 50%-ს, 252 146 აშშ დოლარის ფარგლებში ისე, რომ, საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე დადებული ყადაღა არ გავრცელდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანგარიშსწორებისთვის და შრომის ანაზღაურების ვალდებულების შესრულებისათვის საჭირო გასაცემ/გადასახდელ თანხებზე (იხ. ამ განჩინების 1.6 ქვეპუნქტი). დადგენილი იქნა, აღნიშნული აკრძალვით მოპასუხეს არ შეეზღუდოს უფლება საბანკო ანგარიშებზე შეასრულოს საბანკო გადარიცხვის ოპერაცია მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების დაფარვის მიზნით.

21. სსსკ-ის 191-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილი იქნეს სარჩელი. რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, დასახელებული ნორმა განსაზღვრავს, რომ მხარემ უნდა მიუთითოს იმ სავარაუდო და მოსალოდნელ გარემოებაზე, რაც რეალურად გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებისა თუ შეუძლებლობის წინაპირობა გახდება. ამასთან, აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა, სწორედ უზრუნველყოფის ღონისძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტაა (იხ. სუსგ #ას-1543-2025, 20.01.2026 წ.).

22. სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა ჩამონათვალს, მათ შორის არის ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან („ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები). მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა; ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახეც.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დ.დ–იას სარჩელზე, სარჩელის უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახე - ფულად სახსრებზე ყადაღის დადება - გამოყენებულია (იხ. ამ განჩინების მე-20 პუნქტი).

24. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრის განჩინებით დ.დ–იას განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, დაკმაყოფილდა: დ.დ–იას სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გ.ს–ვას, როგორც შპს ,,ა–ის“ დირექტორსა და როგორც პარტნიორს აეკრძალა, შპს ,,ა–ის“ სახელით პარტნიორთა საერთო კრების გარეშე, ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილების მიღება და გარიგების დადება, რომელზეც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნებოდა დ.დ–ია, თუ აღნიშნული გადაწყვეტილება ან გარიგება გამოიწვევდა: 1. კომპანიის სახელით ნებისმიერი ახალი ვალდებულების ან პასუხისმგებლობის აღებას; 2. კომპანიის ქონებრივი მდგომარეობის ან ეკონომიკური ინტერესების შემცირებას, მათ შორის: - არსებული ვალდებულებების გადავადებას; - მოთხოვნის დათმობას; - ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვას; - კომპანიის მიმართ აღრიცხული ვალის პატიებას; - კომპანიის სახელით დავის დაწყებას ან მასზე უარის თქმას; - ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს კომპანიის ქონებრივი ინტერესების შემცირება და მოსარჩელის უფლებების შელახვა.3. აღნიშნული შეზღუდვა არ გავრცელდა, შპს „ა–ის“ უკვე არსებული ვალდებულების შესრულებაზე, მათ შორის საგადასახადო-საბიუჯეტო ანგარიშსწორებაზე, კომუნალურ გადახდებზე, შრომით სამართლებრივ და სოციალურ სახელფასო გადახდებზე, არსებული სასესხო ვალდებულებებიდან გამომდინარე ხელშეკრულების დანართის გრაფიკის მიხედვით ყოველთვიურ გადასახდელებზე.

25. როგორც უკვე აღინიშნა, სასარჩელო მოთხოვნაა შპს ,,ა–ისა“ და გ.ს–ვასთვის სოლიდარულად, დ.დ–იას სასარგებლოდ, თანხის დაკისრება. გასაჩივრებული განჩინების თანახმად, დამატებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის მიზანია კომპანიის დირექტორის და იმავდროულად მაჟორიტარი პარტნიორისათვის, საწარმოს არასწორი მართვის შედეგად, ზიანის გამომწვევი ქმედებების შეჩერება და ამ გზით კომპანიის გადახდისუუნარობის საფრთხის აცილება, რადგან მომავალში შეუძლებელი არ გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულება.

26. კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს განმცხადებელს წარმოდგენილი აქვს თუ არა ისეთი ახალი გარემოებები, რომლებიც ნიშანდობლივად ცვლიან რისკის შეფასებას, რომ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება საკმარისი აღარ არის მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

27. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ვითარებაში, გამოსაკვლევია გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, გ.ს–ვასათვის, როგორც შპს ,,ა–ის“ დირექტორისათვის და როგორც პარტნიორისათვის შპს ,,ა–ის“ სახელით პარტნიორთა საერთო კრების გარეშე, ნებისმიერი ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და გარიგების დადების, რომელზეც კანონით დადგენილი წესით მოწვეული იქნებოდა დ.დ–ია, აკრძალვა წარმოადგენს თუ არა საჭირო და პროპორციულ საპროცესო რეაგირებას (იხ. ამ განჩინების მე-4 პუნქტი). აღნიშნული ღონისძიება შესაძლოა არსებითად ზღუდავდეს მოპასუხის სამეწარმეო საქმიანობას და საფრთხეს უქმნიდეს, რომ იგი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაშინ, როდესაც სასამართლოს მიერ უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რეალურად უზრუნველყოფდეს სარჩელის/გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ინსტიტუტისთვის დამახასიათებელი მიზნის მიღწევას და მოსარჩელის სამართლებრივი ინტერესების დაცვას. თავად განმცხადებლის მითითებით, მოპასუხე კომპანია მუშაობს, რათა გაკოტრდეს.

28. საწარმოს საქმიანობა უნდა იყოს მოსარჩელის ინტერესი, რომ იმუშაოს საწარმომ, ჰქონდეს შემოსავლები და მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას არ შეეშალოს ხელი და არა - მოხდეს საქმიანობის პარალიზება, რასაც განმცხადებელი ითხოვს. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დამატებითი შეზღუდვის დაწესებამ შეიძლება გამოიწვიოს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის დარღვევა (შდრ. სუსგ #ას-1156-2025, 04.11.2025 წ.).

29. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ჩარევა სამეწარმეო სუბიექტის ფუნქციონირებაში და სარჩელის უზრუნველყოფის სახით იმგვარი უკიდურესი ღონისძიების გამოყენება, როგორიცაა მოპასუხისათვის, როგორც პარტნიორისა და როგორც დირექტორისათვის ყველა სახით გადაწყვეტილების მიღებისა და ნებისმიერი გარიგების დადების აკრძალვა, პარტნიორთა კრების თანხმობის გარეშე, მოითხოვს ამგვარი ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ მითითებას გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით, ვიდრე ეს არის ზოგადი ხასიათის აღნიშვნა გადაწყვეტილების აღუსრულებლობასა და შეუქცევად ზიანთან დაკავშირებით.

30. აღსანიშნავია, რომ კორპორაციულსამართლებრივ კონტექსტში ხელმძღვანელი (დირექტორი) საწარმოს და არა მისი აქციონერების / პარტნიორების მინდობილი პირი - მისი ფიდუციარია. აქციონერების /პარტნიორების ურთიერთობა კი განპირობებულია სწორედ „საწარმოს საუკეთესო ინტერესით“, ვინაიდან სწორედ აქციონერია /პარტნიორია საწარმოს წარმატების მთავარი მოსურნე და მისი მთავარი მოსარგებლე (ბენეფიციარი) (იხ., ჯუღელი გ., დირექტორთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე ახალი სასამართლო პრაქტიკის შედარებით სამართლებრივი მიმოხილვა. ჟურ. ქართული ბიზნეს სამართლის მიმოხილვა; აგრეთვე, იხ., Emanuel S., Emanuel L., Corporations, Aspen Publishers Online, New York, 2009, 46-78; Modern Company Law for a Competitive Economy Final Report (London: DTI, 2001), paras. 6.19-6.40, Shareholder Litigation: Common Law, 212-249).

31. საკასაციო პალატის განმარტებით მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად (მოქმედი რედაქციის 50-ე მუხლი), კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება ფიდუციური მოვალეობები და რომლებიც, სხვასთან ერთად, მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის („ზრუნვის მოვალეობა“). საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზრუნვის მოვალეობა საგადასახადო ვალდებულებების მინიმიზაციას კომპანიის დირექტორთა საქმიანობის განუყოფელ ნაწილად აქცევს. კომპანიის მენეჯმენტის ეფექტურობის შეფასების მნიშვნელოვანი კრიტერიუმია მათი მხრიდან კომპანიის ოპერაციების ისე დაგეგმვისა და განხორციელების უნარი, რომ მიღწეულ იქნას მაქსიმალური საგადასახადო ოპტიმიზაცია. საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც, თუმცა „ბიზნეს გადაწყვეტილების მართებულობის“ პრეზუმფციიდან გამომდინარე, თუ ხელმძღვანელი კეთილგონიერების ფარგლებში მოქმედებს იმ რწმენით, რომ მისი გადაწყვეტილება მიღებულია საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით და ამ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ინფორმირებული იყო იმ ზომით, რაც მას, მოცემულ ვითარებაში საკმარისად მიაჩნდა, ამ გადაწყვეტილების შედეგებისათვის კომპანიის დირექტორი დაცულია პირადი პასუხისმგებლობისაგან (იხ. სუსგ #ას-687-658-2016, 06.11.18 წ.).

32. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს დ.დ–იას განცხადების ხელახლა განხილვის მიზნებისათვის მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უნდა იკვეთებოდეს საშიშროება იმისა, რომ მოპასუხე არაკეთილსინდისიერად, საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ განახორციელებს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონითა და საზოგადოების წესდებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებსა და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რომ კანონსაწინააღმდეგო და საზოგადოებისათვის მატერიალური ზიანის მომტანი გადაწყვეტილებების მიღებით დირექტორი საწარმოს მიაყენებს მატერიალურ ზიანს. ასეთ ვითარებაში მოთხოვნილი სახით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძების გამოყენებამ შეიძლება საზოგადოება მძიმე ეკონომიკურ ვითარებამდე მიიყვანოს.

33. სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების გამოყენების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში. ამასთან, სასამართლომ უნდა განმარტოს, რატომ არ არის საკმარისი უკვე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და რატომ არის საჭირო დამატებითი ზომების მიღება.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრისა და იმავე სასამართლოს 2026 წლის 18 თებერვლის განჩინებები და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ხელახლა განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა–ის“ საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 იანვრისა და იმავე სასამართლოს 2026 წლის 18 თებერვლის განჩინებები და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების ხელახლა განსახილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნიკოლოზ მარსაგიშვილი

მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი

არჩილ კოჭლამაზაშვილი