დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-435-2026 11 ივნისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ზ.ხ–ი (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ.ი–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მორალური ზიანის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რ.ი–ის დაზარალებულად ცნობის თაობაზე 2023 წლის 14 სექტემბრის დადგენილების თანახმად, 2023 წლის 27 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო გამოძიება, სისხლის სამართლის N008270623010 საქმეზე, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად რ.ი–ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
2. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მოპასუხემ ავტომანქანის მართვისას საჭე აიღო მარჯვნივ და გადავიდა პირველი ზოლის მარჯვენა მხარეს, რა დროსაც დაახლოებით 15 მეტრის დისტანციაზე დაინახა ქვეითი რ.ი–ი, ზ.ხ–მა დაამუხრუჭა ავტომობილი, თუმცა დროისა და მანძილის სიმცირის გამო ვერ შეძლო შეჯახების თავიდან აცილება და შეეჯახა ქვეითს ავტომობილის წინა მარჯვენა ნაწილით.
3. დაზარალებულად ცნობის დადგენილებაში მითითებული აღნიშნული ფაქტები ეფუძნება ავტოტექნიკური, ტრასოლოგიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნებს, მოწმეების რ.ი–ის, ზ.ხ–ისა და არჩილ მგალობლიშვილის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საგზაო შემთხვევის ცნობას, სქემას, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რ.ი–ის ავადმყოფობის ისტორიასა და ვიდეოჩანაწერს და სხვა.
4. დადგენილების მიხედვით, მძღოლ ზ.ხ–ის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
5. 2023 წლის 18 აგვისტოს პაციენტ რ.ი–ის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, მოკლე ანამნეზი: პაციენტი კლინიკაში მოყვანილია სსდბ 1120-ის მიერ, მისი გადამოცემით 27 ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო ტრავმა, მარცხენა წვივის მოტეხილობა, რის გამოც ჩატარებული აქვს ოპერაცია, ოპერაციის შემდგომ რამდენიმე დღეში დაეწყო ტემპერატურის მატება, რაც გახდა კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის მიზეზი, პაციენტი არის შშმ პირი. დიაგნოზი: მარცხენა წვივის ძვლების დიაფიზის მოტეხილობა კონსოლიდაციის პროცესში, არაკეროვინი ოსტეოსინთეზის შემდგომი მდგომარეობა.
6. 2023 წლის 25 ივლისს წერილობით შედგენილი „განცხადების“, თანახმად, ზ.ხ–მა და დაზარალებული რ.ი–ის კანონიერმა წარმომადგენელმა დაადასტურეს, ზემოაღნიშნული საგზაო შემთხვევით მიყენებული ზიანის თანხის 15 000 ლარის დაზარალებულის დედისათვის გადაცემა. ამასთან, ზ.ხ–მა 3000 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრა შემდეგი სამი თვის განმავლობაში 2023 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით.
7. 2023 წლის 25 ივლისიდან 2023 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით გადასახდელი 3000 ლარიდან გადახდილია 2000 ლარი.
8. 2023 წლის 25 ივლისს რ.ი–ის დედამ დააფიქსირა, რომ რ.ი–ს არანაირი პრეტენზია და სამოქალაქო სარჩელი არ გააჩნია და თანახმაა ზ.ხ–ის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
9. 2023 წლის 16 ოქტომბერს სს „ლ.ბ–სა“ და რ.ი–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N29140559.SOC, რომლის თანახმად, ბანკმა იკისრა გაეცა კრედიტი შემდეგი პირობებით: კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა 2500 ლარი, კლიენტის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: 4021.18 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა: 13/10/2027-მდე.
10. სასარჩელო მოთხოვნა
10.1. მოპასუხე ზ.ხ–ისათვის მოსარჩელე რ.ი–ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 3500 ლარისა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 30 000 ლარის გადახდის დაკისრება.
11. რ.ი–ი, ცნობილია დაზარალებულად 2023 წლის 14 სექტემბერს სისხლის სამართლის N008270623010 საქმეზე, მან 2023 წლის 27 ივნისს ავტოსაგზაო შემთხვევისას მიიღო სხეულის დაზიანებები. გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარებული ავტოტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში მძღოლი ზ.ხ–ის მოქმედება არ შეესაბამებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაში მომხდარ საგზაო სატრანსორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა.
12. რ.ი–ისათვის ავტოავარიის შედეგად მიყენებული ზიანის გამო, ზ.ხ–მა გადაიხადა 15 000 ლარი და ასევე შეპირდა რ.ი–ს, რომ გადაიხდიდა 3000 ლარს, 2023 წლის 25 ოქტომბრის ჩათვლით. შეპირებული 3000 ლარიდან მან გადაიხადა 2000 ლარი და გადასახდელად დარჩენილია 1000 ლარი.
13. ასევე მოსარჩელე იძულებული იყო აეღო კრედიტი 2500 ლარის ოდენობით და კრედიტით სარგებლობისათვის იხადოს პროცენტი.
14. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მიღებული სხეულის დაზიანებების გამო, მოსარჩელე დღემდე გადის მკურნალობას, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, საჭიროებს სარეაბილიტაციო კურსებს. ის არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მუდმივად საჭიროებს მომვლელს და მეთვალყურეს. მას აქვს კანისა და კანქვეშა ქსოვილის ლოკალური ინფექცია, დაუზუსტებელი ასევე ოპერაციის შემდგომი სხვა დაუზუსტებელი მდგომარეობები მარცხენა წვივის ძვლების დიაფაზის მოტეხილობა კონსოლიდაციის პროცესში, არაკეროვანი ოსტეოსითეზის შემდგომი მდგომარეობა. შემთხვევის დროს მიიღო ტრავმა, მარცხენა წვივის მოტეხილობა, რის გამოც ჩაუტარდა ოპერაცია, რამდენიმე დღეში დაეწყო ტემპერატურის მატება, გამოხატული იყო ტკივილი და ჰიპერემია ჭრილობის არეში, არსებული ჩივილების ინტენსივობის მატება გახდა კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის მიზეზი.
15. ავტოავარიით მიღებული ფსიქიკური ტანჯვის გამო ვერ ახერხებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულ და ეფექტიან მონაწილეობას, იძულებულია კვლავ შეინარჩუნოს მხარდაჭერა დედისაგან ი.შ–ისაგან, რაც მოქმედებს მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და ასევე მას სურდა დაოჯახება და დღემდე გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მდგომარეობის გამო უჭირს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ სახლიდან ვერ გამოდის.
16. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნები. მან განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმე დასრულებული არ არის, არ დამდგარა განაჩენი, ზ.ხ–ის მიმართ. მოპასუხემ ავტოსაგზაო შემთხვევისთანავე გადაიხადა ჯერ 15 000 ლარი, ხოლო შემდეგ კიდევ 2000 ლარი, ჯამში გადახდილი აქვს 17 000 ლარი. 2023 წლის 25 ივლისს მოპასუხემ გადაიხადა მითითებული თანხა, რაზეც ხელწერილი შედგა, გარდა ამისა, მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა, წერილობითი განცხადებით დააფიქსირა, რომ მოპასუხის მიმართ არანაირი პრეტენზია და სამოქალაქო სარჩელი არ გააჩნია. აღნიშნული დოკუმენტით დგინდება, რომ მხარეებს შორის თავიდანვე მიღწეულ იქნა შეთანხმება.
17. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით რ.ი–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხე ზ.ხ–ს მოსარჩელე რ.ი–ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 1000 ლარის გადახდა და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5000 ლარის გადახდა.
18. მოპასუხის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 23 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
20. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
20.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
20.2. კასატორისთვის დაუსაბუთებელია მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 5000 ლარის დაკისრება. სასამართლომ არ გაიზიარა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისთანავე აპელანტი ზ.ხ–ი კეთილსინდისიერად მოიქცა, აიღო ვალი და დაზარალებულს აუნაზღაურა როგორც მატერიალური ასევე მორალური ზიანი. ჯამში 17 000 ლარი, რაზედაც შედგა ხელწერილი და დამტკიცდა სანოტარო ბიუროში.
20.3. 2023 წლის 25 ივლისს რ.ი–ის დედამ დააფიქსირა, რომ რ.ი–ს არანაირი პრეტენზია და სამოქალაქო სარჩელი არ გააჩნია და თანახმაა ზ.ხ–ის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. გადაწყვეტილებაში არ არის დასაბუთებული, საიდან მოხდა დაანგარიშება. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ხდება ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, დაზარალებულის ბრალის ხარისხის და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. მორალური ზიანისათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე. ამასთან, მორალური ზიანის დადგენისას სასამართლო ითვალისწინებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხს და ა.შ.
20.4. კასატორი უთითებს, რომ გადახადა მკურნალობისათვის გაწეული მთლიანი ხარჯი და ასევე მორალური ზიანისათვის გონივრული და სამართლიანი ოდენობა. არ დგინდება მოსარჩელის მიერ ხარჯის გაღება საგზაო შემთხვევის შედეგად მიღებული სხეულის დაზიანებების აღსადგენად. შესაბამისად, არ დგინდება, მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, რაც ამ ნაწილში ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობების არსებობას გამორიცხავს.
20.5. კასატორი ასევე უთითებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არ გართულებულა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ავტოსაგზაო შემთხვევამდე, ადრეული ასაკიდანვე რ.ი–ს დაუდგინდა ცერებრალური დამბლის დიაგნოზი. სწორედ აღნიშნული ჯანმრთელობის მდგომარეობამ განაპირობა 17 000 ლარის გადახდა და არა იმან, რომ მან მატერიალური ზიანი მიიღო ამ ოდენობის.
20.6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 27 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
27. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივრები დასაშვები რომც ყოფილიყო, მათ არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურების მართლზომიერება სსკ-ის 992-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, საკასაციო შედავების საგანია სააპელაციო პალატის მიერ მორალური ზიანის სახით მოპასუხესთვის დაკისრებული თანხის ოდენობის შესაბამისობის შემოწმება.
28. სსკ-ის 992-ე მუხლის (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1. მუხლის (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება), 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში („გენერალური დელიქტი“): 1) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 2) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი( გამონაკლის შემთხვევების გარდა). მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში ბრალის არარსებობა (შდრ: სუსგ №ას-352-2022, 20 აპრილი, 2022; №ას-1243-2021, 26 იანვარი, 2022 წ; №ას-1129-2013, 26 დეკემბერი, 2023 წ; №ას-934-2023, 03 ოქტომბერი, 2023 წ.).
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს. სსკ-ის 408-ე მუხლის თანახმად, ,,პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”. ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც პირს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურად განვითარების შემთხვევაში (შდრ. გიორგი რუსიაშვილი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 408-ე, ველი 10, თბილისი, 2019).
31. ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. „გენერალური დელიქტის“ ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. თუკი ასეთი ქმედება არ არსებობს, მაშინ დელიქტის შემადგენლობის სხვა წინაპირობების შემოწმება ზედმეტია. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა მოთხოვნა მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ. მოქმედება შეიძლება, ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. თუ მოქმედება არღვევს სხვა ვალდებულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გ. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), (იხ. სუსგ №ას-332-317-2016, 2016 წლის 9 დეკემბერი). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. (სსკ-ის 412-ე მუხლი). პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს ზიანისათვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან/ზიანთან (causa principalis sine qua non).
32. სსკ-ის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: დამდგარი ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება მორალური ზიანის მიმართ, განცდების ინტენსივობა, შელახული უფლების მნიშვნელობა, ბრალის ხარისხი, დაზარალებულის ცხოვრებისეული პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ქონებრივი მდგომარეობა, მკურნალობის ხანგრძლივობა, შრომის უნარის დაკარგვა, ზიანის მიყენების შედეგად მოთხოვნილებების და როგორც შედეგი - ხარჯების გაზრდა და სხვ.. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ სულიერ მდგომარეობას, მისი მიზანია არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ტანჯვის შემსუბუქება, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსივობის შემცირება. ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. ამასთან, ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,33. „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის ანაზღაურება სამართლიანი და გონივრული ოდენობით უნდა განისაზღვროს. შეუძლებელია, თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ფასის განსაზღვრა, ამდენად, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზანი, გარკვეულწილად, განცდილი ტკივილისა და დისკომფორტის შემსუბუქებაა. კომპენსაციის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო დაზარალებულის მიერ განცდილი სულიერი, ფიზიკური ტანჯვისა და ზიანის მიმყენებლის ბრალის გათვალისწინებით, თუ ზიანის ანაზღაურების მოცემული სახე ბრალეულ მოქმედებაზეა დამოკიდებული“ (იხ., №ას-866-816-2015, 12 თებერვალი, 2016წ.; №ას-95-90-2013, 14.06.13წ.; Nას-594- 562-2015, 6.11.2015, Nას-797-940-2015, 10.09.2015წ.).
34. საკასაციო პალატის განმარტების თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ იმ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება. სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა უშედეგო მკურნალობა, ხანგრძლივი უმწეო მდგომარეობა, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რითმის შეცვლა, მკურნალობის უშედეგობის გამო ცხოვრების ხალისის დაქვეითება, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის შედეგია (იხ.,სუსგ №ას-979-940-2014, 10 სექტემბერი, 2015 წელი).
35. წინამდებარე საქმეში მხარეთა შორის სადავო არ არის სსკ-ის 992-ე მუხლით განსაზღვრული ქმედების შემადგენლობის არსებობის ფაქტები, მოპასუხეს აღიარებული და ნაწილობრივ შესრულებულიც აქვს მის მიერ გამოწვეული ზიანი. სადავო საგანი ამ შემთხვევაში გულისხმობს მორალური ზიანის სახით დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას იმ საფუძვლით, რომ მან ეს ვალდებულება სრულად შეასრულა. მისი პოზიცია ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხესა და რ.ი–ის წარმომადგენელს ი.შ–ს (დედა) შორის 2023 წლის 25 ივლისს შედგა შეთანხმება, რომლითაც დაზარალებულის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ზ.ხ–ის მიმართ რაიმე პრეტენზია, ან სამოქალაქო სარჩელი არ გააჩნია, რომ მოსარჩელისთვის გადახდილი 17 000 ლარიდან, 15 000 ლარი ემსახურებოდა მორალური ზიანის ანაზღაურებას, შესაბამისად ეს ვალდებულება მას შესრულებული აქვს.
36. დადგენილია, რომ 2025 წლის 25 ივლისს გაფორმებული ორი დოკუმენტიდან ერთში მითითებულია შემდეგი: ზ.ხ–მა 2023 წლის 27 ივნისს მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევით მიყენებული ზიანის თანხა 15 000 ლარი გადასცა რ.ი–ს და 3000 ლარს გადასცემს მომდევნო სამი თვის განმავლობაში, რასაც ადასტურებს რ.ი–ის დედა ი.შ–ი. იმავე თარიღით შედგენილი მეორე დოკუმენტი გაფორმებულია მხოლოდ ი.შ–ის მიერ, რომელიც ადასტურებს, რომ რ.ი–ს არანაირი პრეტენზია და სამოქალაქო სარჩელი ზ.ხ–ის მიმართ არ გააჩნია და თანახმაა, რომ ზ.ხ–ის მიმართ გამოყენებულ იქნეს კანონით გათვალისწინებული შეღავათები. მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ შედგენილ ხელწერილზე მითითებულია პრეტენზიის არქონის თაობაზე, კერძოდ ხელწერილის ბოლოს ი.შ–ი თანხმობას აცხადებს, რომ ზ.ხ–ის მიმართ გამოყენებულ იქნას კანონით გათვალისწინებული შეღავათები.
37. ასევე, უდავოა, რომ 2023 წლის 27 ივნისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თაობაზე ზ.ხ–ის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
38. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესაფასებელი იყო სწორედ ი.შ–ის მიერ შედგენილი ხელწერილის სამართლებრივი შედეგები. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ რადგან ხელწერილის შექმნის პერიოდისთვის მოპასუხეს კვლავ ჰქონდა ფულადი ვალდებულება შესასრულებელი (3000 ლარის გადახდის ვალდებულება), ხელწერილის დადება არ მიემართებოდა რაიმე სახის ვალდებულების გამორიცხვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშერილის ტექსტობრივი შინაარსი 3000 ლარის გადახდის ვალდებულებასაც გამორიცხავდა. რეალურად, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ხელწერილის მიზანი იყო შემსუბუქებულიყო მოპასუხის პოტენციური სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. სხვაგვარად, იმ განმარტებით, რასაც მოპასუხე მიუთითებს, ხელწერილით უნდა გამორიცხულიყო 3000 ლარის გადახდის ვალდებულებაც, მაშინ, როდესაც მისი ნაწილი (2000 ლარი) თავისივე ნებით შეასრულა მოპასუხემ, რაც ადასტურებს კიდეც საკასაციო პალატის მოსაზრებას, რომ ხელწერილის რეალური შინაარსი სამომავლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების გამორიცხვა ვერ იქნებოდა. ამ კუთხით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვით, ტექსტის ბოლოს არსებული ჩანაწერი კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენების თაობაზე, თავის მხრივ, განსაზღვრავს ხელწერილის ზემოხსენებულ მიზანს და ვერ იქნება განმარტებული მოსარჩელის ინტერესების საზიანოდ. აქედან გამომდინარეობს ის დასკვნაც, რომ დასახელებული ხელწერილი ვერ იქნება განხილული მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის უარყოფის საფუძვლად.
39. კასატორის შედავების მართლზომიერება, რომ მან უკვე გადაიხადა 15 000 ლარი, როგორც მორალური ზიანის მაკომპენსირებელი ვალდებულება, უნდა შემოწმდეს 2023 წლის 27 ივლისის ხელწერილის პირობების საფუძველზე. აღნიშნული ხელწერილი შესაძლოა არ ადგენდეს - ვალდებულების შესრულება, 15 000 ლარის გადაცემა, აკომპენსირებს მორალურ თუ მატერიალურ ზიანს, თუმცა, ეს არ გამორიცხავს პასუხისმგებლობის შეზღუდვას თუ კი სახეზე იქნება დაუკომპენსირებელი ზიანი.
40. დადგენილია, რომ მოსარჩელეს საგზაო შემთხვევამდე, ადრეული ასაკიდანვე ჰქონდა ცერებრალური დამბლის დიაგნოზი და იმყოფებოდა ნევროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. 18 წლის ასაკიდან მას დაუდგინდა უვადოდ მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირის სტატუსი. მისი ფსიქიკა კი განსაკუთრებულად ფაქიზია და მისი ამტანობა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმებთან მიმართებაში შედარებით დაბალია - თითოეულ ტრავმას განიცდის უფრო მძაფრად, ემოციურად და სრულიად შესაძლებელია ეს ყოველივე უარყოფითად ასახულიყო მისი ცხოვრების ხარისხზე, გუნება-განწყობაზე, ჯანსაღ ძილზე და ა.შ. მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ნერვიული დაძაბულობა თუ სხვა ნეგატიური განცდები, მომხდარის შედეგად, კიდევ უფრო მძაფრად აღიქმება, რაც გარდაუვალად განაპირობებდა მოსარჩელისათვის ცხოვრების ხარისხის უარყოფითად შეცვლას. შესაბამისად, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მითითება, რომ ფსიქოლოგიური ეფექტები (ემოციური სტრესი და ფსიქიკური ტანჯვა) ის გარემოებებია, რომლებიც ცალსახად იძლევა იმგვარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელემ საგზაო შემთხვევის ქმედების შედეგად განიცადა სულიერი ტანჯვა. ამიტომ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა არ გამორიცხავს მათ შორის მორალური ზიანის ანაზღაურებისთვის შესრულებულ ვალდებულებას, თუმცა მოსარჩელის დასახელებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი მორალური ზიანის რელევანტური, გონივრული ოდენობის განსაზღვრისთვის მოპასუხისთვის 5000 ლარის დაკისრება წარმოშობს მოსარჩელის დარღვეულ უფლებაში აღდგენის მართლზომიერ, დაბალანსებულ შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არ ქმნის მისი გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.
41. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.
42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ზ.ხ–ს (პ.ნ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.ჩ–ძის (პ.ნ. .........) მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N7560; გადახდის თარიღი: 20.04.2026) 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი