დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ას-942-2025 28 მაისი, 2026 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,არჩილ კოჭლამაზაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „მ.რ.ე–სი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.უ–ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 10 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ს.ო.რ.ე–სსა“ და გ.უ–ს შორის 2012 წლის 25 დეკემბერს წერილობით დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულება, რომლის საგანია სესხის თანხა 3000 აშშ დოლარი, სესხი ვადა 10 წელი, წლიური სარგებელი 60%. სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი თანხის 0.5%.
2. 2012 წლის 25 დეკემბერს გ.უ–სა და შპს „ს.ო.რ.ე–სს“ შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა გ.უ–ის კუთვნილი უძრავი ქონება. იპოთეკით უზრუნველყოფილია 2012 წლის 25 დეკემბერს დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები. იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, დარჩენილ დავალიანებაზე მსესხებელი პასუხი აგებს სხვა ნებისმიერი ქონებით. მოსარჩელის იპოთეკის უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია 2012 წლის 26 დეკემბრიდან.
3. 2014 წლის 30 აპრილს შპს „ს.ო.რ.ე–სსა“ და გ.უ–ს შორის წერილობით დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საგანია სესხი 3000 აშშ დოლარი, სესხი ვადა 35 თვე. სესხის სარგებელი - წლიური 24%. სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი თანხის 0.5%. გ.უ–მა 2014 წლის 30 აპრილს მიიღო 3000 აშშ დოლარი.
4. საკრედიტო ხელშეკრულების 2.4 პუნქტის მიხედვით, კრედიტის ვადა არის 35 თვე. სარგებლობის ვადის დამთავრებისას, კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდება მხოლოდ შპს „ს.ო.რ.ე–სის“ შეხედულებისამებრ.
5. მსესხებელი სესხის დაბრუნების მიზნით თანხას იხდიდა 2023 წლის 30 სექტემბრამდე.
6. 2022 წლის 30 ნოემბრამდე სულ გადაიხადა 6184.71 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 23.89 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 8.06 აშშ დოლარი და სარგებელი - 6152.76 აშშ დოლარი.
7. 2022 წლის 30 ნოემბრის შემდეგ მსესხებელმა გადაიხადა 598.47 აშშ დოლარი, რაც გამსესხებელმა ჩაითვალა პირგასამტეხლოს ანგარიშში.
8. სესხის ხელშეკრულების ვადის გასვლის (2017 წლის 30 აპრილის) შემდეგ მოპასუხის მიერ გადახდილია 4080.79 აშშ დოლარი.
9. სასარჩელო მოთხოვნა
9.1. შპს „ს.ო.რ.ე–სმა“ სარჩელი აღძრა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე გ.უ–ის მიმართ და მოითხოვა: გ.უ–ს შპს „ს.ო.რ.ე–სის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4,861.79 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის 2972.36 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1,889.43 აშშ დოლარი; გ.უ–ს შპს მისო ,,რ.ე–ის" სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლო სესხის ნარჩენი ძირი თანხის 0.27% ; - დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკის საგნის - გ.უ–ის კუთვნილი უძრავი ქონების ქ. რუსთავი, .........., (კოდი .........) რეალიზაციის გზით. იმ შემთხვევაში თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით ამონაგები თანხა საკმარისი არ იქნება დაკისრებული თანხის სრულად დასაფარად, გადახდევინება განხორციელდეს გ.უ–ის კუთვნილი სხვა ნებისმიერი ქონებით.
9.2. შპს „ს.ო.რ.ე–სი“ სარჩელს შემდეგ გარემოებებზე აფუძნებდა: გ.უ–მა შპს „ს.ო.რ.ე–სთან“ 2012 წლის 25 დეკემბერს გააფორმა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანია სესხი 3000 აშშ დოლარი, სესხი ვადა 10 წელი, წლიური სარგებელი 60%. სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვაგადაცილებულ დღეზე დარჩენილი თანხის 0.5%. 2014 წლის 30 აპრილს მხარეებს შორის დადებულია შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საგანია სესხი 3000 აშშ დოლარი, სესხი ვადა 35 თვე. სესხის სარგებელი - წლიური 24%.
9.3. მსესხებელი სესხს იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე. გამსესხებელმა ხელშეკრულების 2.4. პუნქტის საფუძველზე სესხის ვადა გააგრძელა გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლომდე. ამასთან, მსესხებელმა გადახდა გააგრძელა 35 თვის გასვლის შემდეგ. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხა მიემართებოდა სარგებლის გადახდაზე, ხოლო სარგებელზე მეტად გადახდილი თანხით შემცირდა ძირი. მსესხებელმა ძირითადი თანხა შეამცირა 2972,36 აშშ დოლარამდე. ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელს სესხის ვადაში ყოველთვიურად უნდა გადაეხადა სარგებელი, ხოლო ძირი სრულად უნდა დაებრუნებინა ვადის ბოლოს. სესხის ვადის ამოწურვის შემდეგ (25.12.2022წ) მას თანხა სესხის ძირი არ გადაუხდია. ამ დღიდან სესხს ერიცხება პირგასამტეხლო ყოველდღიურად 14,86 აშშ დოლარი.
9.4. სარჩელი არსებითად ემყარება იმ გარემოებას, რომ მსესხებელს ხელშეკრულების ვადის, 2017 წლის 30 აპრილის დასრულების შემდეგ ძირითადი თანხა ერთდროულად უნდა დაებრუნებინა, რაც არ შეასრულა. გამომდინარე იქედან, რომ სესხის ვადაში სარგებელი სრულად იყო გადახდილი, გამსესხებელმა ხელშეკრულების 2.4. პუნქტის საფუძველზე სესხის ვადა გააგრძელა გენერალურ საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებული ვადით, რასაც კონკლუდენტურად დაეთანხმა მოვალეც, რადგან მან გააგრძელა ყოველთვიურად სარგებლის თანხის გადახდა. მოსარჩელის განმარტებით, მსესხებელი ყოველთვიურად იხდიდა სარგებელს, ხოლო სარგებელზე მეტი ოდენობით გადახდილი თანხით (23.89 აშშ დოლარი) შემცირდა ძირითადი თანხა, შესაბამისად, დავალიანება ამ კომპონენტში დღეის მდგომარეობით შეადგენს 2972,36 აშშ დოლარს.
10. მოპასუხის შესაგებელი
10.1. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: სესხის თანხა 3000 აშშ დოლარი მიიღო 2014 წლის 30 აპრილს, რის შემდეგ 2023 წლის 30 სექტემბრამდე ყოველთვიურად იხდიდა თანხას. მას გადახდილი აქვს 6000 აშშ დოლარზე მეტი და გაუგებარია, ასე მცირე თანხით რატომ არის შემცირებული ძირითადი თანხის დავალიანება.
10.2. მოპასუხე შესაგებლით არ დაეთანხმა სესხის გაგრძელების ფაქტობრივ გარემოებას და მიუთითა, რომ მას პროლონგაციის თაობაზე რაიმე დოკუმენტისათვის ხელი არ მოუწერია.
10.3. მოპასუხის განმარტებით, მისთვის არაფერი იყო ცნობილი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ და უსამართლოა ის გარემოება, რომ 3000 აშშ დოლარის ოდენობით სესხის დაფარვის მიზნით, ჯამში, გადახდილი აქვს 6184.71 აშშ დოლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხის ანგარიშში ჩათვლილია მხოლოდ 23.89 აშშ დოლარი. მოპასუხეს მიაჩნია, რომ სესხი მის მიერ სრულად არის დაფარული.
11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 02 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რ.ე–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლის წარმომადგენელმაც მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
14. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
14.1. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
14.2. კასატორი მიუთითებს, 2014 წლის 30 აპრილის ხელშეკრულების სადავო 2.4 მუხლი არ არის სტანდარტული პირობა. სტანდარტული პირობა ხასიათდება მრავალჯერადობით და არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მხარეებს შორის შეთანხმებული. 2013 წლის 25 დეკემბრის საკრედიტო პროდუქტით მომსახურების N4898 ხელშეკრულების მუხლები კი ასეთად ხასიათდება ზემოაღნიშნული პირობების დაკმაყოფილების გამო. ასევე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დანართით შეთანხმდებოდნენ საკრედიტო პირობებზე. კერძოდ, 2014 წლის 30 აპრილის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ კრედიტის პირობებზე.
14.3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მრავალჯერადი გამოყენებისთვის განკუთვნილი პირობები მხოლოდ „გენერალური ხელშეკრულებით“ გაწერილიყო, ხოლო ყოველი კონკრეტული ურთიერთობისას ეხელმძღვანელათ აღნიშნულით, ამიტომ, მხოლოდ აღნიშნულშია მითითებული სტანდარტული პირობები, ხოლო N4898-03 საკრედიტო ხელშეკრულების პირობები ერთჯერადი ხასიათისაა, არ გაწერილა წინასწარ და არ ახასიათებს ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენა, ამიტომ ხელშეკრულებით დადგენილი პირობები, მათ შორის პროლონგაციის შესახებ 2.4 მუხლის დათქმა - არ არის ხელშეკრულების სტანდარტული პირობა.
14.4. თუნდაც აღნიშნული პირობები მიჩნეული იყოს სტანდარტულად, მაშინ სასამართლოს საკითხი უნდა მოეწესრიგებინა სსკ-ის 344-ე და 346-ე მუხლებით. უჩვეულოდ ითვლება სტანდარტული პირობების ის დებულებები, რომლებიც კლიენტს მისთვის სრულად მოულოდნელად დამატებით ვალდებულებებს აკისრებს. ამ შემთხვევაშიც, მსესხებლისთვის მოულოდნელი არ ყოფილა რომ მას ჰქონდა ვალდებულების პროლონგაციის შესაძლებლობა, რაც ნათლადაა ასახული 2.4 მუხლში. ასევე, არ არსებობდა საფუძველი, რომლის მიხედვითაც მსესხებელი ივარაუდებდა, რომ თუ კი სესხს არ დააბრუნდებდა 35 თვის თავზე, ამისთვის მას რამე დამატებითი ვალდებულება არ დაეკისრებოდა და მისი ვალდებულება არ გაიზრდებოდა. ეს კი მაშინ, როდესაც ხელშეკრულებაში ვალდებულების დარღვევის შედეგად შესაძლებელია პირგასამტეხლოს მიღების უფლება.
14.5. კასატორის შეფასებით, ხელშეკრულება მოსარჩელეს ცალმხრივად არ გაუწყვიტავს, რადგან მოპასუხემ იცოდა ხელშეკრულების პირობები და ჰქონდა არჩევანი ან დაეფარა სესხი, ან ესარგებლა პროლონგაციის უფლებით. სწორედ მისი გადაწყვეტილებით გაგრძელდა სესხის ვადა, რაც უფლებრივ არათანაზომიერებას გამორიცხავს. ასევე, არ იყო შეზღუდული ვადაზე ადრე დაეფარა გაგრძელებული სესხი. ასევე, მას შეეძლო რამდენითაც სურდა იმდენივეთი შეემცირებინა ძირი თანხა. ამასთან, თუ კი მოვალე პროლონგაციის უფებას არ გამოიყენებდა, მისი ყოველთვიური ვალდებულება 60 აშშ დოლარის ნაცვლად 450 აშშ დოლარი გახდებოდა. ამიტომ, სესხის ვადის გაგრძელება მოვალისთვის უკეთეს მდგომარეობას გულისხმობდა, რისი გამოყენებითაც მან 7-ჯერ დაიცვა საკუთარი ფინანსური პასუხისმგებლობა.
14.6. სასამართლომ მართალია მიუთითა, 30.04.2014 წლის N4898-03 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ვადის გაგრძელების პირობის ბათილობაზე, თუმცა არ იმსჯელა პირგასამტეხლოს მოთხოვნაზე. ორივე ხელშეკრულებით მითითებულია, რომ ვადაგადაცილების შემთხვევაში, მოვალეს დაეკისრება პირგასამტეხლო, თუმცა 2017 წლის 30 მარტიდან 2022 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდზე სასამართლომ უსაფუძვლოდ გააუქმა პირგასამტეხლო.
14.7. მსესხებელს არ შეუსრულებია სესხის დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც ის ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს წაყენებული მოთხოვნები. სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა, რომ თითქოს სესხის დაბრუნების მიზნით მსესხებელი თანხას 2023 წლის 30 სექტემბრამდე იხდიდა. 30.04.2014 წლის 4898-03 საკრედიტო ხელშეკრულების 2.5 მუხლით, სარგებელი 24%-ით განისაზღვრა. ასევე, მსესხებელს ყოველი თვის 30 რიცხვში უნდა ეხადა მხოლოდ პროცენტი, რაც შეადგენს სესხის მიმდინარე ოდენობის 2%-ს. სესხის წლიური 24% შეადგენდა 720 აშშ დოლარს, რაც თვიურად 60 აშშ დოლარია. სწორედ ამ თანხას იხდიდა მსესხებელი, რაც დასტურდება სარჩელში.
14.8. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დაადგინა სესხის პროლონგაციის ფაქტი. სესხზე გადახდილი თანხების ამონაწერი ცხადყოფს, რომ გ.უ–მა თანხის გადახდა გააგრძელა 35 თვის გასვლის შემდეგაც. ანუ, თვიურად იხდიდა 60 აშშ დოლარს. რაც სესხის სარგებლის თანხას წარმოადგენდა. ასევე დასტურდება, რომ 35 თვის შემდეგ მსესხებელს არ გადაუხდია თანხა სრულად, რის შემდეგაც გააგრძელა ვადა.
14.9. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ თითქოს, პროლონგაცია საზიანო იქნებოდა მოვალისთვის. საქმეში არ არის მითითებული, რომ გ.უ–ს 35 თვის შემდგომ სესხის ერთიანი დაბრუნების სურვილი და შესაძლებლობა ჰქონდა. რადგან ვალდებულება არ შეასრულა, დაეკისრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის ყოველთვიურად 450 აშშ დოლარის ოდენობით ან უნდა გაეგრძელებინა 60 აშშ დოლარის სარგებლის გადახდა. კრედიტორს მოვალე არ ჩაუყენებია გამოუვალ მდგომარეობაში, მას ჰქონდა არჩევანის საშუალება და აირჩია მეორე გზა. კრედიტორს შეეძლო პროლონგაციაზე უარის თქმით გამოეთხოვა სესხის სრული თანხა, მაგრამ ასე არ მოქცეულა, არ ჩააყენა რა მოვალე რთულ ვითარებაში. აქედან გამომდინარე, არალოგიკურია, რომ პროლონგაციას ჰქონოდა სხვა ალტერნატივებთან შედარებით ყველაზე ზიანისმომტანი ეფექტი და მაინც ეს გზა ერჩია მოვალეს.
14.10. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მისი დაკისრება კანონიერია, რადგან მოვალემ შესრულებისთვის დადგენილ ვადაში ვერ შეძლო ვალდებულების სრულად შესრულება.
15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 6 აგვისტოს განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
27. საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია:
28. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
31. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო შედავების მთავარი საკითხია ის, თუ რამდენად მართლზომიერია სააპელაციო პალატის მიერ სადავო - 2014 წლის 30 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების 2.4 პუნქტის კანონშეუსაბამოდ შეფასება, რომლითაც აღნიშნული პუნქტით კრედიტორს ეძლეოდა უფლება ცალმხრივად გაეგრძელებინა ხელშეკრულების ვადა.
32. სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილი წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
33. სსკ-ის 344-ე მუხლის თანახმად, სტანდარტული პირობების ისეთი დებულებები, რომლებიც ფორმის მიხედვით იმდენად უჩვეულოა, რომ მეორე მხარეს არ შეეძლო მათი გათვალისწინება, ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად არ იქცევა. იმავეს ადგენს გერმანიის სამოქალაქო კოდექსიც, კერძოდ, სტანდარტული პირობა თუნდაც აკმაყოფილებდეს კანონმდებლის მოთხოვნებს, იგი ვერ გადაიქცევა ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილად, თუ მეორე მხარისათვის ასეთი პირობების არსებობა მოულოდნელი იყო (შდრ: Becker, in Beck OK BGB, 45.Aufl, §305c, Rn.2).
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ გარემოების შემოწმება, საერთოდ სახეზეა თუ არა სტანდარტული პირობა (სსკ-ის 342-ე მუხლი) და, ამის დადასტურების შემთხვევაში, ხდება თუ არა ის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი (სსკ-ის 343-ე მუხლი), სისტემურად წინ უსწრებს სსკ-ის 344-ე მუხლის დანაწესის შემოწმებას. სსკ-ის 344-ე მუხლის მიხედვით, კონტროლი არის „ხელშეკრულებაში ჩართვის ნეგატიური კონტროლი“ და შესაბამისად, იმ შედეგის კორექტირება, რომლის მიხედვითაც პირობა „თავისთავად“ იქნებოდა ძალაში, უჩვეულო რომ არ ყოფილიყო (იხ. სუსგ N ას-812-2022, 05.10.2022 წ.).
35. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ერთი მხრივ, სსკ-ის 344-ე და, მეორე მხრივ, 346-348-ე მუხლების (ჩართვის ნეგატიური კონტროლი) წინაპირობების შემოწმება შეიძლება მოხდეს პარალელურად, თუმცა ეს აუცილებელი არ არის. არა ყოველი პირობა, რომელიც უჩვეულოა, არის იმავდროულად ( და მხოლოდ ამის გამო) შინაარსობრივად დაუშვებელი და პირიქით. სამართლებრივი შედეგი ორივე შემთხვევაში იდენტურია: ხელშეკრულების დანარჩენი ნაწილი რჩება ძალაში და უჩვეულო თუ შინაარსობრივად დაუშვებელ პირობას ანაცვლებს კანონისმიერი დისპოზიციური დანაწესები (იხ. სუსგ-ები: N ას-812-2022, 05.10.2022 წ; N ას-372-2023, 6.10.20203წ. -).
36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უჩვეულოდ ჩაითვლება სტანდარტული პირობების ის დებულებები, რომლებიც ხელშეკრულების მეორე მხარეს, მისთვის მოულოდნელად დამატებით ვალდებულებებს აკისრებს ან შეთანხმებულ შესრულებას არსებითად ცვლის და ხელშეკრულების მხარეს მათი გათვალისწინება არ შეეძლო (შდრ: ლ.ჭანტურია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2001, მუხლი 344, გვ.190.).
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმის დასადგენად, თუ რა ჩაითვლება ხელშეკრულების უჩვეულო სტანდარტულ პირობად, აუცილებელია შედარება “ჩვეულ“ რეგულაციასთან, რაც წამოჭრის საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ ვისი თვალსაწიერიდან უნდა განისაზღვროს, რა ჩაითვლება „ჩვეულ“ წესად. ნების გამოხატვის შინაარსის დადგენისას, გადამწყვეტია არა შემთავაზებლის, არამედ მიმღების თვალსაწიერი(შდრ: Becker, in Beck OK BGB, 45.Aufl, §305c, Rn.14). მნიშვნელობა ენიჭება არა კონკრეტული მეორე მხარის სუბიექტურ დამოკიდებულებას, არამედ კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე ჩამოყალიბებულ მოლოდინს. სსკ-ის 344-ე მუხლის ამოქმედებისათვის, ხელშეკრულების სტანდარტული პირობის უჩვეულო დებულება უნდა იყოს იმავდროულად მოულოდნელი ანუ უნდა ჰქონდეს ე.წ. „მოუმზადებლად თავზე დატყდომის ეფექტი“. ასევე გასათვალისწინებელია გარემოებები, რომლებშიც იდება ცალკეული ხელშეკრულება შემთავაზებლის ქცევის ჩათვლით (შდრ: რუსიაშვილი/ალადაშვილი, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, ჭანტურია (რედ.), 2019, მუხლი 344, ველი18.).
38. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე შპს „ს.ო.რ.ე–სი“ არის საკრედიტო დაწესებულება, რომლის ძირითად საქმიანობას სარგებლიანი სესხების გაცემა წარმოადგენს, რა დროსაც მოსარჩელე ცალმხრივად, ხელშეკრულების წინასწარ შემუშავებულ სტანდარტულ პირობებს სთავაზობს მომხმარებლებს.
39. 2014 წლის 30 აპრილის ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა მხოლოდ კრედიტორის შეხედულებისამებრ უნდა გაგრძელებულიყო. საკასაციო პალატის შეფასებით, აღნიშნული სახის მოწესრიგება კლასიკური ტიპის სასესხო ურთიერთობებისთვის არადამახასიათებელი და, ამავდროულად, მხარეთა უფლებრივი თანასწორობის უგულებელმყოფი უჩვეულო პირობაა, რადგან კრედიტორი ერთპიროვნულად ხდება უფლებამოსილი განსაზღვროს ხელშეკრულების ვადა თუ კი საპროცენტო სარგებელი სრულადაა დაფარული. აღნიშნული უფლებრივი დისბალანსი განსაკუთრებით ინტენსიურია წინამდებარე საქმის მხარეთა სტატუსიდან გამომდინარე, რამდენადაც მათი, როგორც სუბიექტების სამართლებრივი ბუნება ერთგვარ არათანაბარ მდგომარეობას ქმნის - მოსარჩელე შესამაბის კომერციულ საქმიანობაში გამოცდილი იურიდიული პირია, ხოლო მოპასუხე - ფიზიკურ პირი. ამ კუთხით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის მიხედვით, ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ, საზიანოა მსგავსი პირობა ხელშეკრულების „სუსტი“ მხარისათვის, ვინაიდან სესხის დაბრუნების ვადა ხელშეკრულების არსებითი პირობაა და საკრედიტო ურთიერთობაში მას მხოლოდ სესხის დაბრუნების კონკრეტული დროის განსაზღვრის მნიშვნელობა კი არა აქვს, არამედ, სესხის ვადის მიხედვით განისაზღვრება პროცენტის ოდენობა.
40. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პირთა თანასწორობის კერძოსამართლებრივი უზოგადესი პრინციპი გარიგების სადავო პუნქტით მათ შორის ეკონომიკური გაგებითაც ირღვევა, რადგან თუ კი კრედიტორი თავის შეხედულებისამებრ გაზრდის სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების თარიღს, მოვალეს ავტომატურად ეზრდება როგორც ვალდებულების შესრულების ვადა, ისე გადასახდელი სარგებლის ოდენობა, შესაბამისად, წარმოიქმნება ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, როდესაც მოვალეს კრედიტორის ნების შესაბამისად მოუწევს გაზრდილი ოდენობით ვალდებულების დაუსაბუთებლად შესრულება.
41. კასატორი ასევე აპელირებს იმ არგუმენტზე, რომ მოვალე ინფორმირებული იყო ასეთი პირობის არსებობის შესახებ, თუმცა დადგენილია, რომ მან ვერ შეძლო აღნიშნული პოზიციის დადასტურება. კერძოდ, მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ შეასრულა ხელშეკრულების 2.4. პუნქტით განსაზღვრული უჩვეულო პირობის შესახებ მოპასუხის ინფორმირების ვალდებულება და ასევე, ის, რომ მოპასუხე გააზრებულად დათანხმდა აღნიშნულ მოწესრიგებას.
42. რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ თითქოს, რადგან ხელშეკრულების ვადის გასვლის მიუხედავად მსესხებელი ვალდებულებას ასრულებდა, ესე იგი იცოდა სადავო მოწესრიგების შესახებ, ვერ იქნება გაზიარებული, იმ მიზეზის გამო, რომ მოვალეს დარჩენილი ჰქონდა ძირითადი სესხიც გადასახდელი და მოსარჩელემ ვერ გააქარწყლა ვარაუდი, თუ რა სახის თანხას რიცხავდა მოპასუხე. კერძოდ, ეს იყო სესხის პროცენტი თუ ძირი თანხა. შესაბამისად, რადგან აღნიშნული ვერ დადგინდა, თავისთავად გამოირიცხება კასატორის მოცემული არგუმენტის წარმატებულობა.
43. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ვალდებულების არსებობა მხოლოდ დამოკიდებულია იმაზე, არსებობს თუ არა ვალდებულების მიმართ მხარეთა შორის გამოვლენილი ნების შესაბამისი შეთანხმება. თუ კი ასეთი შეთანხმება არ არსებობს/ვერ დასტურდება, წარმოიშობა კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრების რისკი. განსახილველ შემთხვევაშიც, მოვალე, მსესხებელი მხოლოდ იმ ვალდებულებაზეა პასუხისმგებელი, რაზეც მან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში პოზიტიური ნება გამოავლინა, შესაბამისად, პასუხს აგებს საკრედიტო ხელშეკრულებაზე იმ პირობებით, რაც შეთანხმებული იყო 2014 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, ანუ კრედიტი უნდა დაბრუნებულიყო 2017 წლის 30 აპრილამდე.
44. ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მსესხებელმა სრულად გადაიხადა სარგებლის თანხა, ჯამში 2103.92 აშშ დოლარი. ხელშეკრულების ვადაში სესხზე პირგასამტეხლო არ დარიცხულა. მსესხებელი, ხელშეკრულებით განსაზღვრული 35 თვის ვადის გასვლის შემდეგ, აგრძელებდა ყოველთვიურად თანხის გადახდას, რაზედაც მხარეები წერილობითი ფორმით არ შეთანხმებულან. საქმეზე უდავო გარემოებაა, რომ 35 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ მოპასუხის მიერ გადახდილია 4080.79 აშშ დოლარი. რადგან დგინდება, რომ მოვალეს არ გადაუცილებია ვალდებულების შესრულებისთვის, მისთვის სსკ-ის 403-ე მუხლით განსაზღვრული ვადაგადაცილების გამო დარიცხული პროცენტის გადახდის მართლზომიერი საფუძველი გამოირიცხება. შესაბამისად, ცხადია, რომ 35 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი 4080.79 აშშ დოლარით მოპასუხემ სრულად დაფარა სესხის ძირი თანხა, რითაც შეწყდა ხელშეკრულება შესრულების საფუძველზე.
45. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.რ.ე–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „მ.რ.ე–სს“ (ს.კ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი (საგადასახადო დავალება (მოთხოვნა) N62995875; გადახდის თარიღი: 25.07.2025) 1245,8 ლარის 70% - 872.06 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: თ. ძიმისტარაშვილი
ა. კოჭლამაზაშვილი