დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ას-531-2026 15 ივნისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
არჩილ კოჭლამაზაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მირანდა ერემაძე, თეა ძიმისტარაშვილი
კასატორები – ლ.ქ–ვა, თ.მ–ი, თ.მ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ს.კ.ს–ო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2025 წლის 18 თებერვლის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ლ.ქ–ვამ, თ.მ–მა და თ.მ–ამ (შემდეგში: მოსარჩელეები, კასატორები), სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ა(ა)იპ ს.კ.ს–ოს (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
ბათილად იქნას ცნობილი ა(ა)იპ ს.კ.ს–ოს 2024 წლის 27 დეკემბრის ბ.69.01243621 ბრძანება პრესასთან ურთიერთობის სამსახურის პრეს ოფიცრის ლ.ქ–ვას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ლ.ქ–ვა აღდგენილ იქნეს ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომონუკაციის სააგენტოში პრესასთან ურთიერთობის სამსახურის პრეს ოფიცრის პოზიციაზე. ა(ა)იპ ს.კ.ს–ოს მოსარჩელე ლ.ქ–ვას სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2025 წლის 01 იანვრიდან ა(ა)იპ ს.კ.ს–ოს 2024 წლის 27 დეკემბრის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის პრეს ოფიცრის ლ.ქ–ვას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბ.69.01243621 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის 2793 ლარის ოდენობით.
ბათილად იქნას ცნობილი ა(ა)იპ ს.კ.ს–ოს 2024 წლის 27 დეკემბრის ბ.69.01243623 ბრძანება თ.მ–ას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. თ.მ–ა აღდგენილ იქნეს ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომუნუკაციის სააგენტოში პიარ მენეჯერის პოზიციაზე. ა(ა)იპ ს.კ.ს–ოს მოსარჩელე თ.მ–ას სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2025 წლის 01 იანვრიდან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბ.69.01243623 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის 2396 ლარის ოდენობით.
ბათილად იქნას ცნობილი ა(ა)იპ ს.კ.ს–ოს 2024 წლის 27 დეკემბრის ბ.69.01243622 ბრძანება მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის თ.მ–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. თ.მ–ი აღდგენილ იქნეს ა(ა)იპ საზოგადოებასთან კომონუკაციის სააგენტოში მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციაზე. ა(ა)იპ ს.კ.ს–ოს მოსარჩელე თ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2025 წლის 01 იანვრიდან ა(ა)იპ ს.კ.ს–ოს 2024 წლის 27 დეკემბრის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის თ.მ–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბ.69.01243622 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე, ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის 4659 ლარის ოდენობით.
2. სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.ქ–ვას, თ.მ–ისა და თ.მ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 18 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1. ლ.ქ–ვა 2015 წელს დასაქმდა თბილისის მერიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის პოზიციაზე. 2018 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად აღნიშნული სამსახური ჩამოყალიბდა მოპასუხე საგენტოდ. 2018 წლის 22 თებერვალს მხარეებს შორის დაიდო წერილობითი შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ მოპასუხესთან დაიკავა პრესასთან ურთიერთობის სამსახურის პრეს ოფიცრის პოზიცია. შრომითი ხელშეკრულების ვადების ამოწურვის შემდეგ იდებოდა ახალი შრომითი ხელშეკრულებები. მხარეთა შორის ბოლო შრომითი ხელშეკრულება დაიდო 2020 წლის 31 დეკემბერს. შრომით ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებებით მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2024 წლის 31 დეკემბერი. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 2793 ლარს. მოსარჩელის სამუშაო კვირა შედგებოდა არასამუშაო დღეებისა და არასამუშაო საათებითაც. ღონისძიებების შესაბამისად შესასრულებელი დავალებების მიცემა ხდებოდა სოციალურ ქსელ ვოცსაფის ჯგუფში მიმოწერით. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროისათვის მხარეთ შორის არსებული შრომითი ურთიერთობა იყო უვადო.
6.2. თ.მ–ა 2020 წლის 01 მარტიდან დასაქმდა მოპასუხესთან წერილობითი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე პიარ მენეჯერის პოზიციაზე. მოსარჩელის შრომით ვალდებულებებს შეადგენდა სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალის შექმნა. კერძოდ, ლოგოების, ფლაერების, ბროშურების, ტურისტული რუქების, პრეზენტაციების, ბანერების, ფეისბუქ პოსტების და აშ. მოსარჩელის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 2396 ლარს. მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის იყო უვადო.
6.3. თ.მ–ი მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებული იყო 2018 წლის იანვრიდან. 2021 წლის 01 მაისს მოსარჩელე მოპასუხესთან დაინიშნა პრესსამსახურის მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერად და განაგრძო იგივე ფუნქცია-მოვალეობების შესრულება რასაც მანამდე ასრულებდა. 2021 წლის 29 აპრილს თ.მ–სა და მოპასუხეს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ა(ა)იპ ს.კ.ს–ოს მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის შტატგარეშე პოზიციაზე დაინიშნა თ.მ–ი. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 01 მაისიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. ხელშეკრულების თანახმად, მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა დარიცხულ 3500 ლარს. 2021 წლის 30 დეკემბერს თ.მ–სა და მოპასუხეს შორის დაიდო შეთანხმება, რომლითაც მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა გაგრძელდა 2022 წლის 01 იანვრამდე. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა ყოველთვიურად დარიცხული 3850 ლარით. 2022 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის კვლავ დაიდო შეთანხმება, რითაც გადაწყდა თ.მ–თან შრომითი ურთიერთობის გაგრძელება 2023 წლის 01 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მოსარჩელის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა ყოველთვიურად დარიცხული 4235 ლარის ოდენობით. ბოლო შრომითი ხელშეკრულება მოსარჩელესთან დაიდო 2023 წლის 27 დეკემბერს და განისაზღვრა 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა ყოველთვიურად დარიცხული 4659 ლარის ოდენობით. თ.მ–ის ფუნქციებში შედიოდა: ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიული ორგანოების, სტრუქტურული ერთეულების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების პიარ-მენეჯერებთან კომუნიკაცია მედიასთან ურთიერთობის საკითხებთან და რელიზებთან დაკავშირებით; მჭიდრო თანამშრომლობა მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინაციის სამსახურთან; პრესსამსახურის თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს გადამოწმება; ქ. თბილისის მერისა და მოადგილეების მიმართვების მომზადება; ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება და სხვა.
6.4. მოპასუხის 2024 წლის 27 დეკემბრის ბრძანებებით მოსარჩელეებთან 2025 წლის 01 იანვრიდან შეწყდა შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კოდექსის 47.1. მუხლის „ო“ პუნქტის საფუძველზე. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის გასაჩივრებულ ბრძანებებში შრომითი ურთიერთობის საფუძვლად მითითებულია მოსარჩელეთა ხელმძღვანელების მოხსენებითი ბარათები. კერძოდ, ლ.ქ–ვასთან მიმართებით მოპასუხის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მ.თ–ის 2024 წლის 27 დეკემბრის #69 01243623154 მოხსენებითი ბარათი. თ.მ–ასთან მიმართებაში მოპასუხის კამპანიების სამსახურის უფროსის ნ.მ–ძის 2024 წლის 27 დეკემბრის #69 01243623417 მუხსენებითი ბარათი. თ.მ–თან მიმართებით მოპასუხის პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მ.თ–ის 2024 წლის 27 დეკემბრის #69-01243623158 მოხსენებითი ბარათი.
6.5. მოსარჩელეებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ საქართველოს შრომის კოდექსის 48.2. მუხლის თანახმად ჩაერიცხათ კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
6.6. ა(ა)იპ ს.კ.ს–ომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის N24.2337.2651 განკარგულებით მიიღო თანხმობა, განესაზღვრა შრომითი ხელშკრულებებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა და მათი შრომის ანაზღაურება. დასახელებული განკარგულების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ს.კ.ს–ოს 2024 წლის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების შეთანხმების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2024 წლის 29 მაისის N24.935.1028 განკარგულება და ახალი რედაქციით დამტკიცებული დანართით მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიცია, პრესასთან ურთიერთობის სამსახურის პრეს ოფიცრის პოზიციის ერთი ერთეული, ასევე პიარ მენეჯერის პოზიცია გათვალისწინებული აღარ არის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
6.5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაუშვებელია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა სხვა საფუძვლით, გარდა პირველი ნაწილით გათვალისწინებულისა.
6.6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში.
6.7. პალატა არ დაეთანხმა აპელანტებს, რომ სასამართლოს მიერ სათანადოდ არ იქნა შეფასებული შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველი და მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ თითოეული აპელანტის გათავისუფლების საკითხის კანონიერება შეაფასა ინდივიდუალურად.
6.8. პალატამ მიუთითა, რომ ლ.ქ–ვას მსგავს ფუნქციებს სააგენტოში ასრულებდა კიდევ ორი პრეს ოფიცერი. სამუშაო დატვირთვიდან გამომდინარე, სამსახურის საქმიანობის ოპტიმიზაციისათვის, სამსახურის უფროსის მიერ შეფასდა ანალოგიურ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევები, კვალიფიკაცია, შრომის ეფექტურობა, სისწრაფე და შესრულებული სამუშაოს ხარისხი, მათ შორის, ის გარემოება, რომ ერთ-ერთ პრეს ოფიცერს მოსარჩელისაგან განხვავებით უწევდა მედიასთან კოორდინირების ფუნქციების შეთავსება, ხოლო მეორე მათგანი სისტემატურად იყო ჩართული მერის ღონისძიებებში, სადაც მონაწილეობას იღებდა მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებაში. შესაბამისად, დარჩენილი ორი პრეს ოფიცრის საქმიანობა უფრო პროდუქტიულად შეფასდა და მიჩნეულ იქნა, რომ სამსახურის საქმიანობის ეფეტურობის გასაუმჯობესებლად და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ოპტიმიზაციისთვის, ლ.ქ–ვას მიერ დაკავებული პოზიციის არსებობის საჭიროება არ არსებობდა, რაც ქმნიდა საფუძველს დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის.
6.9. თ.მ–ას სამსახურეობრივ მოვალეობას წარმოადგენდა ვიზუალური მაიდენტიფიცირებელი საშუალებების დიზაინების შემუშავება და დამზადება, რომელი ფუნქციებიც არტ დირექტორსა და დიზაინერზე მოდიოდა. შესაბამისად, სამსახურის უფროსმა შეაფასა რა აღნიშნული თანამშრომლების სამუშაო დატვირთვა და მათი როლი დაკისრებული ფუნქციების შესრულების პროცესში, სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ოპტიმიზაციისათვის მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის არსებობა საჭიროებას არ წარმოადგენდა, რაც ქმნიდა ობიექტურ საფუძველს დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის.
6.10. თ.მ–ის მსგავს ფუნქციებს სააგენტოში ასრულებდა პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. სამუშაო დატვირთვიდან გამომდინარე, სამსახურის საქმიანობის ოპტიმიზაციისთვის, სამსახურის უფროსის მიერ შეფასდა ამგვარი დამხმარე პოზიციის არსებობის საჭიროება. გასათვალისწიებელია ის გარეოებაც, რომ მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციის საჭიროება წარმოიშვებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის უფროსი სხვადასხვა გარემოებების გამო ვერ გაართმევდა თავს სხვადასხვა ფუნქციების უშუალოდ გახორციელებას და არა მხოლოდ დაქვემდებარებულ თანამშრომელთა ზედამხედველობას, თუმცა როგორც სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, დროთა განმავლობაში გამოიკვეთა, რომ პრაქტიკულად ყველა ფუნქციას ხელმძღვანელი ისედაც თავად ახორციელებდა და დამხმარე თანამშრომლის პოზიციის არსებობა ანალოგიური მიზნებისთვის გამართლებულად არ იქნა მიჩნეული. შესაბამისად, სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ოპტიმიზაციისათვის მოსარჩელის მიერ დაკავებულმა პოზიციამ სამსახურისთვის დაკარგა მნიშნელობა, რამაც შექმნა ობიექტური საფუძველი დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის.
6.11. პალატამ განმარტა, რომ საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაცია ნებისმიერი დაწესებულების ინტერესებში შედის, მიუხედავად იმისა, სამეწარმეო საქმიანობას ეწევა თუ არა სუბიექტი. თუ კი საწარმოს, დაწესებულებას ან ორგანიზაციას შეუძლია კონკრეტული მოცულობის სამუშაოს შესრულება ნაკლები თანამშრომლისთვის ხელფასის გადახდით, ის დგება შესაძლო რეორგანიზაციისა და სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობის წინაშე და ასეთი ქცევა პალატის მხრიდან ვერ შეფასდებოდა კანონშეუსაბამო ქმედებად.
6.12. პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა(ა)იპ ს.კ.ს–ომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის N24.2337.2651 განკარგულებით მიიღო თანხმობა, განესაზღვრა შრომითი ხელშკრულებებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა და მათი შრომის ანაზღაურება. ახალი რედაქციით დამტკიცებული დანართით მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიცია, პრესასთან ურთიერთობის სამსახურის პრეს ოფიცრის პოზიციის ერთი ერთეული, ასევე პიარ მენეჯერის პოზიცია გათვალისწინებული აღარ არის.
6.13. პალატამ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ პრეტენზიაზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოსარჩელეებისადმი მოპასუხის მიერ პოლიტიკური შეხედულების მოტივით დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არასათანადოდ გამოკვლევის შესახებ და აღნიშნა, რომ მოსარჩელეები მათ მიერ სარჩელში მითითებულ ფაქტებში არ აღწერდნენ კონკრეტულად რაში გამოიხატა დისკრიმინაციული მოპყრობა. სარჩელში აღწერილი არ იყო სადავო განცხადებაზე ყველა ხელმომწერ მოსარჩელეთა თანამშრომელი გათავისუფლდა თუ არა დაკავებული თანამდებობიდან, პოზიციებზე დარჩენილი თანამშრომლები იყვნენ თუ არა განცხადებაზე ხელმომწერი პირები და სხვა ფაქტები, რაც დეტალურად აღწერდა განსხვავებულად მოპყრობის შემთხვევას. არცერთი მოსარჩელე მხარე არ ასახელებდა იმ პირის სახელს და გვარს, ვინც არსებითად მათ მდგომარეობაშია, თუმცა მოსარჩელისგან განსხვავებულად უფრო ლოიალურად ან ლმობიერად მოეპყრნენ. პალატის მითითებით, დისკრიმინაციის დადგენისათვის, როგორც მინიმუმ, კომპარატორის მითითება იყო აუცილებელი, რაც მოსარჩელეებს არ მიუთითებიათ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 18 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები. მიუთითებენ, რომ მათ სამსახურიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო მათივე საჯაროდ დაფიქსირებული შეხედულება, რომელიც თანხვედრაში არ მოდიოდა თბილისის მერიის ხელმძღვანელთან. შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლება იყო უკანონო და დაუსაბუთებელი.
8.2. კასატორების მოსაზრებით, მათი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა დისკრიმინაციული მოტივით, შრომის კოდექსის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის მიუხედავად.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 07 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.
15. საკასაციო საჩივრით სადავოა დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობის საფუძვლის არსებობა.
16. საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
17. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
18. პალატა განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-48 მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შესაძლოა განიმარტოს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა. (სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.; №ას-1189-2020, 04.02.2021წ.).
19. შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (სუსგ Nას-1350-2019, 27.11.2019წ.).
20. შრომით ურთიერთობებში უფლებათა რეალიზაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან შესაძლებელია, სამართალურთიერთობა შეწყდეს როგორც ლეგიტიმურ, ისე არალეგიტიმულ საფუძველზე. შრომითი ურთიერთობის სწორი რეგულაცია წარმოადგენს შრომის უფლების დაცვის გარანტს. შესაბამისად, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის უფლებათა წონასწორობას ემსახურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლის არსებობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერ რეგულირებას აქვს შემაკავებელი ეფექტი, რომელიც ამ ურთიერთობის მონაწილეებს იცავს თვითნებობისა და სოციალური უსამართლობისაგან.
21. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი - სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
22. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს შორის, ყველაზე ზოგადი ხასიათის ფორმულირება სწორედ განსახილველ შემთხვევაში გამოყენებულ შეწყვეტის საფუძველს აქვს. შესაბამისად, კანონმდებელი რამდენადაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს დამსაქმებელს, დასახელებული ნორმის ფარგლებში შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (იმავე მუხლში ჩამოთვლილ შრომის ხელშეკრულების სხვა, უფრო კონკრეტული და ამომწურავი ხასიათის საფუძვლებთან შედარებით), ამდენადვე, მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს, მაქსიმალურად კონკრეტული, გასაგები და არაორაზროვანი იყოს ინდივიდუალურ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა დასახელებული საფუძვლით. საკასაციო სასამართლოს არაერთი განმარტებით დამსაქმებლისთვის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონით მინიჭებული უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სსკ-ის 115-ე მუხლი), (იხ. სუსგ-ები №ას-1155-1086-2015, 02.02.2016წ; №ას-1001-2018, 05.03.2021წ; №ას-1185-2022, 19.10.2022წ; №ას-523-2023, 06.07.2023წ.).
23. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-483-457-2015, 07.10.2015წ.). შესაბამისად, სწორედ დამსაქმებელს ეკისრება სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იმგვარი ობიექტური გარემოების არსებობის მტკიცების ტვირთი, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებს.
24. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებულ ბრძანებებში შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია მოსარჩელეთა ხელმძღვანელების მოხსენებითი ბარათები, რომელთა თანახმად, ლ.ქ–ვას შემთხვევაში, მსგავს ფუნქციებს სააგენტოში ასრულებდა კიდევ ორი პრეს ოფიცერი. სამუშაო დატვირთვიდან გამომდინარე, სამსახურის საქმიანობის ოპტიმიზაციისათვის, სამსახურის უფროსის მიერ შეფასდა ანალოგიურ პოზიციაზე მომუშავე თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევები, კვალიფიკაცია, შრომის ეფექტურობა, სისწრაფე და შესრულებული სამუშაოს ხარისხი, მათ შორის, ის გარემოება, რომ ერთ-ერთ პრეს ოფიცერს მოსარჩელისაგან განხვავებით უწევდა მედიასთან კოორდინირების ფუნქციების შეთავსება, ხოლო მეორე მათგანი სისტემატურად იყო ჩართული მერის ღონისძიებებში, სადაც მონაწილეობას იღებდა მედიის წარმომადგენელთა ორგანიზებაში. შესაბამისად, დარჩენილი ორი პრეს ოფიცრის საქმიანობა უფრო პროდუქტიულად შეფასდა და მიჩნეულ იქნა, რომ სამსახურის საქმიანობის ეფეტურობის გასაუმჯობესებლად და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ოპტიმიზაციისთვის, ლ.ქ–ვას მიერ დაკავებული პოზიციის არსებობის საჭიროება არ არსებობდა, რაც ქმნიდა საფუძველს დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის. თ.მ–ას სამსახურეობრივ მოვალეობას წარმოადგენდა ვიზუალური მაიდენტიფიცირებელი საშუალებების დიზაინების შემუშავება და დამზადება, რომელი ფუნქციებიც არტ დირექტორსა და დიზაინერზე მოდიოდა. შესაბამისად, შეფასდა რა აღნიშნული თანამშრომლების სამუშაო დატვირთვა და მათი როლი დაკისრებული ფუნქციების შესრულების პროცესში, სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, აგრეთვე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ოპტიმიზაციისათვის მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციის არსებობა საჭიროებას არ წარმოადგენდა, რაც ქმნიდა ობიექტურ საფუძველს დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის. თ.მ–ის მსგავს ფუნქციებს სააგენტოში ასრულებდა პრესასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი. სამუშაო დატვირთვიდან გამომდინარე, სამსახურის საქმიანობის ოპტიმიზაციისთვის, სამსახურის უფროსის მიერ შეფასდა ამგვარი დამხმარე პოზიციის არსებობის საჭიროება. გასათვალისწიებელია ის გარეოებაც, რომ მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიციის საჭიროება წარმოიშვებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის უფროსი სხვადასხვა გარემოებების გამო ვერ გაართმევდა თავს სხვადასხვა ფუნქციების უშუალოდ გახორციელებას და არა მხოლოდ დაქვემდებარებულ თანამშრომელთა ზედამხედველობას, თუმცა როგორც სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, დროთა განმავლობაში გამოიკვეთა, რომ პრაქტიკულად ყველა ფუნქციას ხელმძღვანელი ისედაც თავად ახორციელებდა და დამხმარე თანამშრომლის პოზიციის არსებობა ანალოგიური მიზნებისთვის გამართლებულად არ იქნა მიჩნეული. შესაბამისად, სამსახურის საქმიანობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ოპტიმიზაციისათვის მოსარჩელის მიერ დაკავებულმა პოზიციამ სამსახურისთვის დაკარგა მნიშნელობა, რამაც შექმნა ობიექტური საფუძველი დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის.
25. ა(ა)იპ ს.კ.ს–ომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის N24.2337.2651 განკარგულებით მიიღო თანხმობა, განესაზღვრა შრომითი ხელშკრულებებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობა და მათი შრომის ანაზღაურება. დასახელებული განკარგულების თანახმად, ძალადაკარგულად გამოცხადდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ს.კ.ს–ოს 2024 წლის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობისა და შრომის ანაზღაურების შეთანხმების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2024 წლის 29 მაისის N24.935.1028 განკარგულება და ახალი რედაქციით დამტკიცებული დანართით მედიასთან კომუნიკაციის მენეჯერის პოზიცია, პრესასთან ურთიერთობის სამსახურის პრეს ოფიცრის პოზიციის ერთიერთეული, ასევე პიარ მენეჯერის პოზიცია გათვალისწინებული აღარ არის. აღნიშნული განკარგულება, რაც უკავშირდება მოპასუხე ორგანიზაციაში რეორგანიზაციის საკითხის დაწყებაზე თანხმობის გაცემას გასაჩივრებული არ ყოფილა, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულ საკითხზე.
26. რაც შეეხება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას მოცემულ პრეტენზიაზე და თავადაც მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომლის თანახმად, „დიფერენცირებული მოპყრობისას ერთმანეთისაგან უნდა განვასხვაოთ დისკრიმინაციული დიფერენციაცია და ობიექტური გარემოებებით განპირობებული დიფერენციაცია. განსხვავებული მოპყრობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. დისკრიმინაციას ექნება ადგილი, თუ დიფერენციაციის მიზეზები აუხსნელია, მოკლებულია გონივრულ საფუძველს. მაშასადამე, დისკრიმინაცია არის მხოლოდ თვითმიზნური, გაუმართლებელი დიფერენციაცია, სამართლის დაუსაბუთებელი გამოყენება კონკრეტულ პირთა წრისადმი განსხვავებული მიდგომით. შესაბამისად, თანასწორობის უფლება კრძალავს არა დიფერენცირებულ მოპყრობას ზოგადად, არამედ მხოლოდ თვითმიზნურ და გაუმართლებელ განსხვავებას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: „ახალი მემარჯვენეები“ და „საქართველოს კონსერვატიული პარტია“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დიფერენცირების არსებობის ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში, მისი დისკრიმინაციულობის მასშტაბი იდენტური არ არის და დამოკიდებულია უთანასწორო მოპყრობის თავისებურებებზე. „ცალკეულ შემთხვევაში ის შეიძლება გულისხმობდეს ლეგიტიმური საჯარო მიზნების არსებობის დასაბუთების აუცილებლობას ... სხვა შემთხვევებში ხელშესახები უნდა იყოს შეზღუდვის საჭიროება თუ აუცილებლობა. ზოგჯერ შესაძლოა საკმარისი იყოს დიფერენციაციის მაქსიმალური რეალისტურობა“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 27 დეკემბრის №1/1/493 გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები: ახალი მემარჯვენეები და საქართველოს კონსერვატიული პარტია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-5).
27. პალატა აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციის დადგენისათვის, მინიმუმ, კომპარატორის მითითება იყო აუცილებელი. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელეები სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებში არ აღწერენ კონკრეტულად რაში გამოიხატა დისკრიმინაციული მოპყრობა. სარჩელში აღწერილი არ არის სადავო განცხადებაზე ყველა ხელმომწერ მოსარჩელეთა თანამშრომელი გათავისუფლდა თუ არა დაკავებული თანამდებობიდან, პოზიციებზე დარჩენილი თანამშრომლები იყვნენ თუ არა განცხადებაზე ხელმომწერი პირები და სხვა ფაქტები, რაც დეტალურად აღწერდა განსხვავებულად მოპყრობის შემთხვევას. ასევე არცერთი მოსარჩელე მხარე არ ასახელებს იმ პირის სახელს და გვარს, ვინც არსებითად მათ მდგომარეობაშია, თუმცა მოსარჩელისგან განსხვავებულად უფრო ლოიალურად მოეპყრნენ. ამდენად, აღნიშნულ ნაწილშიც მოსარჩელეების პოზიცია დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული.
28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მართლზომიერად და მართებულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. კასატორებს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
29. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ქ–ვას, თ.მ–ისა და თ.მ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ლ.ქ–ვას (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N7589, გადახდის თარიღი 08.04.2026) 70% – 210 ლარი;
3. თ.მ–ს (......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N8925, გადახდის თარიღი 08.04.2026) 70% – 210 ლარი;
4. თ.მ–ას (..........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (საგადახდო დავალება N8580, გადახდის თარიღი 08.04.2026) 70% – 210 ლარი;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე არჩილ კოჭლამაზაშვილი
მოსამართლეები: მირანდა ერემაძე
თეა ძიმისტარაშვილი